უსარგებლო ნივთების შემგროვებლობა

გააზიარე:

არ მეგულება ადამიანი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც არ ექციოს ჰობიდ ნივთების შეგროვება. ზოგი პოსტერებს აგროვებს საყვარელი მსახიობების ან სპორტსმენების გამოსახულებით, ზოგს ძველი მონეტების შეგროვება ხიბლავს, ზოგიერთი კი სასმელების კოლექციის ამაყი მფლობელია. თუმცა არსებობს პათოლოგიური შემგროვებლობაც – ფსიქიკური აშლილობა, რომლის შესახებაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი მანანა ბოკუჩავა გვესაუბრა:

 

პათოლოგიური შემგროვებლობის სინდრომი შესაძლოა თან ახლდეს სხვა დაავადებას, მაგალითად, შიზოფრენიას ან სენილური (მოხუცებულობის) სიბინძურის სინდრომს. ეს უკანასკნელი უმეტესად სიბერის თანმხლებია, თუმცა ზოგჯერ მისგან დამოუკიდებლადაც გვხვდება.

პათოლოგიურ შემგროვებლობას ხშირად მოიხსენიებენ ტერმინებით სილოგომანია (ბერძნულად სყლლოგისმოს – დასაბუთება, მანია – ვნება, გატაცება), ჰორდინგი (ინგლისურად – შეგროვება) და პლიუშკინის სინდრომი. ეს სახელწოდება გოგოლის “მკვდარი სულების” პერსონაჟის გვარისგან მომდინარეობს. პლიუშკინი გამუდმებით ეზიდება შინ უსარგებლო ნივთებს და ფიქრობს, რომ მომავალში გამოიყენებს.

პათოლოგიური შემგროვებლობა აკვიატებული ქცევაა, რომელიც უსარგებლო ნივთების შეგროვებასა და შენახვას გულისხმობს. ეს უმეტესად საყოფაცხოვრებო ნივთებია, თუმცა შესაძლოა, ადამიანი აგროვებდეს ნებისმიერ ნივთს. აკვიატება საკმაოდ მძაფრია, მოგროვებული ნივთების რაოდენობა კი იმდენად დიდი, რომ ხშირად სახლს ავსებს და ხელს უშლის სამზარეულოს, სააბაზანოს, ხელსაბანი ნიჟარისა თუ მაგიდის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. ოჯახის წევრებს შესაძლოა ხელში დაჭერილი თეფშიდან მოუწიოთ ჭამა, პატარებს აღარ მიეცეთ იატაკზე ხოხვისა თუ თამაშის საშუალება... თუმცა თავად აკვიატებული ქცევით შეპყრობილი ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ არასწორად იქცევა, პირიქით, ეს სავსებით ნორმალურად მიაჩნია.

 

გამომწვევი მიზეზი

– პათოლოგიური შემგროვებლობის სინდრომს შესაძლოა სათავე დაუდოს სტრესულმა სიტუაციამ, მაგალითად, სამსახურის დაკარგვამ, განქორწინებამ, საყვარელი ადამიანის ავადმყოფობამ ან გარდაცვალებამ. ბევრი თავდაპირველად სწორედ გარდაცვლილის ნივთების შეგროვებას იწყებს, მერე და მერე კი სხვა უსარგებლო ნივთების შეგროვებაზეც გადადის. აკვიატებიო ქცევით შეპყრობილისთვის ყველა ეს ნივთი ღირებულია და თუ ვინმემ რომელიმე მათგანის გადაგდება მოინდომა, ძალიან განიცდის და მძაფრად რეაგირებს.~

 

სიმძიმის ხარისხი

– ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური კვლევის კომისიამ პათოლოგიური შემგროვებლობის სიმძიმის შესაფასებლად შეადგინა სპეციალური სკალა. რაც უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს შეფასება, მით უფრო მძიმედ არის გამოხატული აშლილობა.

მაგალითად, პირველი ხარისხის აშლილობის დროს პაციენტის ბინაში ჯერ კიდევ თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება, უწესრიგობა ნაკლებად შესამჩნევია, ბინა საცხოვრებლად უსაფრთხოა, რასაც ვერ ვიტყვით მეხუთე ხარისხის სინდრომზე, როდესაც აშლილობა იმდენად მძაფრად არის გამოხატული, რომ შეგროვებული ნივთების სიმრავლის გამო ზიანდება ბინის კედლები, წყალგაყვანილობა, შეუძლებელი ხდება სააბაზანოსა და სამზარეულოს გამოყენება. ოთახებში უსარგებლო ნივთების გროვები დგას. ეს მდგომარეობა თავად პაციენტისთვისაც კი შემაწუხებელია, ამიტომ ღამეს ხშირად ქუჩაში, ავტომანქანაში ან ავტოფარეხში ათევს.

იყო შემთხვევა, როდესაც შიზოფრენიით დაავადებული და შემგროვებლობის სინდრომის მქონე პაციენტის ბინიდან გამოუსადეგარი ნივთების გამოტანას სატვირთო მანქანა დასჭირდა.

 

ქვეტიპები

– პათოლოგიური შემგროვებლობის სიდრომი, წესისამებრ, ერთი და იმავე სქემით ვითარდება, თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგები განასხვავებენ მის რამდენიმე ფორმას:

* ვინტაჟიზმი – აკვიატებული ქცევით შეპყრობილი აგროვებს ძველებურ ნივთებს, მისი სახლი ხშირად მუზეუმს ემსგავსება;

* “სენტიმენტალური პლიუშკინი” – აგროვებს იმ ადამიანის ნივთებს, რომელთანაც ურთიერთობა გაწყვიტა;

* პათოლოგიური შემგროვებლობით შეპყრობილები ზოგჯერ ცხოველებს (უმთავრესად – ძაღლებს და კატებს) აგროვებენ. ხშირად მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ სახლში ჰიგიენური ნორმების დაცვა შეუძლებელი ხდება;

* წიგნების შეგროვებით გატაცებული ადამიანები კი ბიბლიოთეკად ქცეულ სახლში ცხოვრობენ. აბაზანა, ნიჟარა, მაგიდა, საწოლი სავსეა წიგნებით.

პათოლოგიური შემგროვებლობის ქვეტიპად შეიძლება გამოვყოთ ისეთი ნივთების შენახვის აკვიატებაც, რომლებიც მფლობელს აღარასოდეს გამოადგება, ოღონდ ეს არ აგვერიოს თადარიგიანობაში, როდესაც დიასახლისი ინახავს ძველ ნივთებს, რომლებიც შესაძლოა ოდესმე კიდევ გამოადგეს.

არსებობს ასეთი ცნებაც: ფსევდოშემგროვებლობა. ფსევდოშემგროვებლებს უწოდებენ მათ, ვისაც მცირე ხნით გაიტაცებს ხოლმე უსარგებლო ნივთების შეგროვება. ეს გატაცება ხანმოკლეა და მალევე ბარდება წარსულს.

 

ცხოვრების ხარისხი

– შემგროვებლობა, როგორც აღვნიშნე, ხშირად თან ახლავს ხანდაზმულ ასაკში გამოვლენილ სენილური სიბინძურის სინდრომს. მას დიოგენეს სინდრომსაც უწოდებენ. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე იყო უკიდურესი მინიმალიზმის მომხრე და პითოსში – დიდ ქვევრში – ცხოვრობდა, თუმცა ის არ აგროვებდა ნივთებს და ხალხთან ურთიერთობისკენაც ისწრაფოდა, სენილური სიბინძურის სინდრომით შეპყრობილები კი საზოგადოებისგან იზოლირებას ამჯობინებენ, არ უვლიან თავს, არ გააჩნიათ სირცხვილის გრძნობა, ამიტომ ზოგი მეცნიერი სახელწოდება “დიოგენეს სინდრომს” შეუსაბამოდ მიიჩნევს.

სენილური სიბინძურისგან დამოუკიდებელი პათოლოგიური შემგროვებლობით შეპყრობილები სოციუმთან კონტაქტს არ წყვეტენ, თუცა ხშირად თავად სოციუმი გაურბის მათ. უსარგებლო ნივთებს ისინი სამსახურშიც აგროვებენ, რაც კოლეგების უკმაყოფილებით და ხშირად აკვიატებული ქცევის მქონე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებით სრულდება.

 

ოჯახის როლი

– არცთუ სახარბიელოა პაციენტის ოჯახის წევრების ხვედრი. უპირველესად, ისინი ვეღარ ახერხებენ საკუთარ სახლში სრულფასოვნად ცხოვრებას, ოთახიდან ოთახში გადაადგილებას, სადილობას, აბაზანის მიღებას და სხვა. იმავდროულად, ისინი კარგავენ საყვარელ ადამიანს, რომელთანაც გაუთავებლად უწევთ კამათი იმის თაობაზე, რომ მათი ქცევა არ არის ნორმალური, რომ მათ სპეციალისტის დახმარება სჭირდებათ. მთავარი პრობლემა სწორედ პაციენტების სიჯიუტეა, გარშემო მყოფთა არგუმენტების უგულებელყოფა და ყოველგვარ დახმარებაზე უარის თქმა. ხშირად ოჯახის წევრები ამ ჭიდილს ვეღარ უძლებენ და საცხოვრებლად სხვაგან გადადიან.

 

როგორ დავეხმაროთ

– როგორ დავეხმაროთ პათოლოგიური შემგროვებლობით დაავადებულ ადამიანს? ამ კითხვაზე ერთი და ყოვლისმომცველი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, სასურველია, ოჯახმა მიმართოს სპეციალისტს – ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, გააცნოს ვითარების დეტალები და მისგან მიიღოს რჩევა, რადგან მიდგომა ამ დროს ინდივიდუალურია, დამოკიდებულია დაავადების სიძიმეზე, გამომწვევ მიზეზზე და სხვა. ზოგჯერ ოჯახის წევრებს და ექიმებს უწევთ იძულებითი ჩარევა, მაგალითად, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. აქვე დავაზუსტებ: ჰოსპიტალიზაციას არ მიმართავენ სენილური სიბინძურის სინდრომის დროს, რადგან საავადმყოფოში მოხვედრა ხანდაზმული პაციენტების მდგომარეობას ართულებს და შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.

 

პათოლოგიური შემგროვებლობა და შოპოჰოლიზმი

– მედიცინაში ჩაუხედავ ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში შოპოჰოლიზმი და პლიუშკინის სინდრომი. სინამდვილეში ეს ორი დაავადება ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. შოპოჰოლიკები ნივთების შესაძენად იხდიან ფულს, ხშირად – საკმაოდ ბევრსაც, მაგრამ ყოველთვის მზად არიან, სხვას გაუზიარონ შენაძენი. პათოლოგიური შემგროვებლობით შეპყრობილები კი, პირიქით, უფასოდ შოულობენ ან მიზერულ ფასად ყიდულობენ ნივთებს, მაგრამ სხვისთვის მათ გაზიარებაზე და, მით უმეტეს, გაჩუქებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: