კანის ფერთამეტყველება

გააზიარე:

 

  

 

  

 

კანის ფერთამეტყველება

პიგმენტაციის დარღვევა

კანის სიწითლე

ფერნაკლული

ზღვისფერი

მზისფერი

 

ფერთა მთელი პალიტრა

გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა სამყარო ფერების გარეშე? ალბათ, სილამაზეს უდიდეს წილს დაკარგავდა. ასევეა ჩვენი სხეულიც – მის სილამაზესაც თვალის, თმისა თუ კანის ფერი განაპირობებს. მაგრამ რა განაპირობებს თავად სხეულის ფერთა სიუხვეს? რატომ და როგორ იღებს მისი ესა თუ ის ნაწილი დამახასიათებელ ფერს ან რაზე მეტყველებს ესა თუ ის ფერი?

ამჯერად სასაუბროდ კანის ფერი ავირჩიეთ.

 

როგორი კანი მოგწონს

ზოგს თეთრი კანი მოსწონს, ზოგს – შავი, ზოგი კი შუალედურ ვარიანტს ამჯობინებს. გემოვნებაზე კამათს არ ვაპირებთ – გვინდა, კანის ფერისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირზე გესაუბროთ.

 

რა აფერადებს

კანის ფერი ერთადერთ ნივთიერებაზე – პიგმენტ მელანინზეა დამოკიდებული. ის არა მარტო კანს, არამედ თმასა და თვალებსაც აძლევს დამახასიათებელ ფერს. ამ ბუნებრივი საღებავის გარეშე კანი მოთეთრო, მის ქვეშ გამავალი სისხლძარღვოვანი ქსელის გამო ალაგ-ალაგ მოვარდისფრო იქნებოდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მელანინის ყველაზე დიდი მარაგი ფერადკანიანებს აქვთ, ყველაზე მცირე კი – ქერა თეთრკანიანებს.

 

ერი და ფერი

მელანინი სპეციალურ უჯრედებში – მელანოციტებში გამომუშავდება. ყველა ადამიანს თითქმის ერთი და იმავე რაოდენობის მელანოციტი  აქვს, მაგრამ განსხვავებულია მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი: ზოგი მეტ მელანინს გამოიმუშავებს, ზოგი – ნაკლებს. ამიტომაა ზოგის კანი მუქი, ზოგისა კი ბაცი.

რამდენ მელანინს გამოიმუშავებს თქვენი ორგანიზმი, უმთავრესად გენებზეა დამოკიდებული. ასე რომ, ნაკლებსავარაუდოა, მუქკანიან მშობლებს მკრთალკანიანი შვილი ეყოლოთ, თუმცა გამორიცხული არაფერია.

გარეგან ფაქტორებს შორის, უპირველეს ყოვლისა, მზის გამოსხივება უნდა ვახსენოთ. მნათობი კანის ფერზე უდიდეს გავლენას ახდენს. მისი დამსახურებაა პირდაპირი კორელაცია გეოგრაფიულ წერტილსა და ადგილობრივი მოსახლეობის პიგმენტაციის ხარისხს შორის. მაგალითად, ეკვატორის ახლოს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა მაღალია, მკვიდრ მოსახლეობას უმეტესად მუქი კანი აქვს, ჩრდილოეთი პოლუსის ახლოს მდებარე ქვეყნების მოსახლეობა კი კანის სითეთრით გამოირჩევა.

მზის გავლენა ამით არ შემოიფარგლება. მისი სხივები იწვევს რუჯს, დამწვრობას, მზის ალერგიას. ყველა მათგანი კანისმიერი ცვლილებით გამოვლინდება. მაგრამ მათზე – ოდნავ მოგვიანებით.

 

ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მრავალფეროვნება

კანის ფერი მთელ სხეულზე ერთნაირი არ არის. ხელისგულებსა და ფეხისგულებზე მელანინი ნაკლებია. ამიტომაცაა სხეულის ეს ნაწილები შედარებით ბაცი. ძუძუსთავებთან მელანინის ჭარბი კონცენტრაციის გამო კანი საკმაოდ მუქია, ტუჩებზე კი წითელი. მოწითალო ელფერი დაჰკრავს თითის წვერებს, ცხვირსა და ყურებსაც, ვინაიდან სისხლძარღვები ამ ადგილებზე უფრო ზედაპირულადაა განლაგებული.

ეს ფიზიოლოგიური არაერთგვაროვნებაა. ზოგჯერ კი კანის ამა თუ იმ უბნის განსხვავებული ფერი დარღვევის ნიშანია. საქმე ის არის, რომ მელანოციტები კანის სხვა ზედაპირულ უჯრედებს შორის (ეპიდერმისის შრეში) არის გაბნეული. გამომუშავებული მელანინი ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ვრცელდება. წესისამებრ, პიგმენტი კანზე თანაბრად ნაწილდება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, განსაზღვრულ უბანში ჭარბად დაგროვდეს. ასე ჩნდება ლაქა – კანის ჰიპერპიგმენტირებული უბანი.

კანის პიგმენტაციის დარღვევებზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

კონკრეტული უბნის განსხვავებული შეფერილობა შესაძლოა ამ უბანში სისხლის მიწოდების ნაკლებობის ან, პირიქით, სიჭარბის შედეგი იყოს. პირველ შემთხვევაში ლოკალური სიფერმკრთალე განვითარდება, მეორეში კი ლოკალური სიწითლე – ჰიპერემია.

კანის პიგმენტაციაზე, გარდა სისხლის მიმოქცევისა, გავლენას ახდენს ქიმიური ნივთიერებები, თანმხლები დაავადებები და სხვა.

წითელი, ყვითელი, ლურჯი – კანმა შესაძლოა ნებისმიერი ფერი მიიღოს. ხშირად ამას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს და პრობლემის პირველ გამოხატულებას წარმოადგენს. კანის სხვადასხვა შეფერილობის მიზეზებსაც მომდევნო გვერდებზე გაგაცნობთ. მანამდე კი კანის ფერის იმ ცვლილებაზე ვისაუბროთ, რომელსაც ასე ეშურებიან ქალები და რომლისთვის თავის არიდებისკენაც ასე აქტიურად მოგვიწოდებენ ექიმები.

 

ნამზეური – ლამაზი და საშიში

რუჯსაც მელანინი განაპირობებს, თუმცა კანი ამ პიგმენტს სილამაზისთვის არ გამოიმუშავებს – სინამდვილეში მელანინის პროდუქციის გაზრდით ორგანიზმი ცდილობს, მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაგიცვათ.

რა ზიანი მოაქვს მზეს?

ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება კანის დამწვრობას იწვევს. მზის სხივები კანში უფრო ღრმად აღწევს და ქვედა შრეების უჯრედებს აზიანებს. ეს შესაძლოა კანის კიბოს მიზეზად იქცეს. დროთა განმავლობაში კანის ელასტიკურობაც მცირდება, რასაც, თავის მხრივ, კანის ნაადრევ დაბერებამდე მივყავართ. ყველა ამ პრობლემისგან გვიცავს მელანინი. ნამზეური სწორედ მელანოციტების საბრძოლო მზადყოფნის ნიშანია. ამიტომ არის, რომ ბაცკანიანი ადამიანები მზეზე კი არ ირუჯებიან, იწვებიან. მუქკანიანებს კი მზით დამწვრობა არ ემუქრებათ, ნაოჭების უფრო გვიან უჩნდებათ და კანის კიბოს განვითარების რისკიც გაცილებით დაბალი აქვთ.

ეს არ ნიშნავს, რომ მუქკანიანებმა სიფრთხილე დაივიწყონ და განცხრომას მიეცნენ – ავთვისებიანი დაავადების ალბათობა მათთვის ნაკლებია, თუმცა მაინც არსებობს.

 

თავის დაცვის სტრატეგია

რაც უფრო ადრე შევიმუშავებთ მზისგან თავის დაცვის სტრატეგიას, მით უკეთესი. საუკეთესო გზაა, მზეთუნახავი გახდეთ. ეს ხუმრობა არ გეგონოთ – რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებთ მზეზე, მისი პირდაპირი სხივების ქვეშ, განსაკუთრებით – შუადღისას, მით უკეთესი. თუ გარეთ გახვალთ, ეცადეთ, ჩრდილს შეაფაროთ თავი. ტანსაცმელიც შესაბამისი ჩაიცვით – გრძელი, გრძელმკლავებიანი, მჭიდრო ბუნებრივი ქსოვილისა.

უკეთესი თავდაცვისთვის ჯობს, ქუდი ფართოფარფლებიანი იყოს – სახეს და ყურებს მთლიანად ჩრდილავდეს. ტილოს ნაჭერი საუკეთესო ვარიანტია.

შინიდან გასვლამდე ყოველთვის წაისვით მზისგან დამცავი კრემი. ასეთ კრემებს მარკირება აქვს. მაგალითად, სპფ 30 ნიშნავს, რომ დამწვრობის მიღებამდე მზეზე 30-ჯერ მეტ დროს გაატარებთ, ვიდრე კრემის გარეშე. გამოიყენეთ კრემი, რომელსაც სპფ ინდექსი, სულ მცირე, მინიმუმ 15 აქვს.

კრემის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი:

* აქტიური ინგრედიენტები. ისინი დროთა განმავლობაში იშლება, ამიტომ შეამოწმეთ კრემის ვარგისობა;

* კრემის წასმის სიხშირე – წაისვით სქლად, მთელ სხეულზე, დღეში რამდენიმეჯერ;

* ოფლიანობა და წყალი.

კრემი საუკეთესოდ მოქმედებს სხვა დამცავ საშუალებებთან კომბინაციაში.

 

 

პიგმენტაციის დარღვევა

უკვე ვთქვით, რომ კანის ფერი პიგმენტზეა დამოკიდებული. მისი მომატებისას და  დაკლებისას, ბუნებრივია, კანი ფერს იცვლის. ისიც შესაძლოა, ფერის ცვლილება პიგმენტის არა რაოდენობის, არამედ განაწილების დარღვევის შედეგი იყოს.

პიგმენტაციის დარღვევა ზოგჯერ მთელ სხეულს მოიცავს, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე უბანს. განასხვავებენ მის რამდენიმე ტიპს:

* დეპიგმენტაციას – პიგმენტის სრულ არარსებობას. კანი ამ დროს თეთრია. გავრცობილი დეპიგმენტაციის მაგალითია ვიტილიგო;

* ჰიპოპიგმენტაციას – მელანინის ანომალიურად დაბალ კონცენტრაციას. კანი ამ დროს ჩვეულებრივზე ბაცია. ჰიპოპიგმენტაციის მაგალითია ალბინიზმი. ჰიპოპიგმენტაცია შესაძლოა გამოიწვიოს წყლულმა, დამწვრობამ, რომელიმე ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებამ, კანის ინფექციურმა ან ანთებითმა დაავადებამ –  ატოპიურმა დერმატიტმა, ფსორიაზმა, ასევე – ზოგიერთმა თანდაყოლილმა დაავადებამაც;

* ჰიპერპიგმენტაციას. ეს უკანასკნელი უმეტესად მელანინის პათოლოგიური სიჭარბის შედეგია, თუმცა შესაძლოა, ისეთი ნივთიერებების დაგროვებამაც გამოიწვიოს, რომლებიც ჯანსაღ კანში არ უნდა იყოს. ჰიპერპიგმენტაციის მიზეზად შეიძლება იქცეს ანთებითი დაავადება, რომელიმე მედიკამენტი, მზის სხივების ზემოქმედება.

 

მზეთუნახავების დაავადება

ალბინიზმი იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელიც მელანინის რაოდენობის შემცირებით ან მისი გაქრობით გამოიხატება. ალბინიზმით დაავადებული ადამიანი მზეზე სულ რამდენიმე წუთში შეიძლება დაიწვას, ვინაიდან სწორედ ის პიგმენტი აკლია, რომელიც მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან გვიცავს. ამავე მიზეზით მათთან ხშირია კანის კიბოც, განსაკუთრებით – ბრტყელუჯრედოვანი.

ალბინიზმი ყველა რასისა და ეროვნების ხალხში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გვხვდება.

 

როგორ ვლინდება

ალბინიზმი, ჩვეულებრივ, მოიცავს კანს, თმასა და თვალებს, თუმცა შესაძლოა, თვალებითაც შემოიფარგლოს. ამ დროს მოსალოდნელია მხედველობის დაქვეითება, სიელმე, ნისტაგმი. თვალი ამ დროს მეტისმეტად მგრძნობიარე სინათლის მიმართ, ამიტომ ალბინიზმით დაავადებულები ხშირად გაურბიან მკვეთრ განათებას.

დაავადება ადვილი ამოსაცნობია: თეთრი თმა, ფერმკრთალი კანი, მოვარდისფრო-მონაცრისფრო თვალები... დიაგნოზის დასადასტურებლად კანსა და თვალებს იკვლევენ.

 

როგორ მკურნალობენ

ალბინიზმისგან განკურნება თანამედროვე მედიცინას არ შეუძლია. მისი მართვის მთავარი პრინციპი მზისგან დაცვა და, საჭიროებისამებრ, ოფთალმოლოგიური დარღვევების კორექციაა. გართულებების თავიდან ასაცილებლად:

* თავი არიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას;

* ატარეთ მზის სათვალე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფილტრით;

* ჩაიცვით გრძელი, გრძელსახელოებიანი სამოსი;

* იხმარეთ მზისგან დამცავი კრემი 50 ან უფრო მაღალი შPF ინდექსით.

 

ვიტილიგო

ვიტილიგოს დროს ნადგურდება მელანოციტები, რაც კანზე უფერული ლაქების გაჩენას იწვევს. დაავადება მოსახლეობის 2%-თან გვხვდება. მისი მიზეზი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ეს არის კანის პიგმენტაციის დარღვევა, რომელიც მელანოციტებზე იმუნური შეტევის საპასუხო რეაქციაა. ხშირად ვიტილიგო ოჯახის რამდენიმე წევრს აქვს.

ვიტილიგო ზოგჯერ სხვა დაავადებასაც ახლავს თან, უმეტესად – გრეივსის დაავადებას, ჰაშიმოტოს თირეოიდიტს, შაქრიან დიაბეტს, ადისონის დაავადებას, პერნიციოზულ ანემიას, თუმცა მათი კავშირის მიზეზი უცნობია.

არ არის გამორიცხული, ვიტილიგო კანის ქიმიური ან მზით დამწვრობის შედეგად განვითარდეს. ზოგჯერ პათოლოგიურ ცვლილებებს ემოციური სტრესიც უდებს სათავეს.

 

როგორ ვლინდება

ზოგჯერ კანზე ერთი ან ორი მკაფიოდ შემოსაზღვრული თეთრი ლაქა ჩნდება, ზოგჯერ კი სითეთრე სხეულის დიდ ნაწილს იკავებს. ცვლილებები უფრო შესამჩნევია შავგვრემნებსა და მუქკანიანებსთან. ლაქები უმეტესად სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, იღლიებისა და ანუსის მიდამოში ჩნდება. ამ ადგილებზე თმაც თეთრია. დაზიანებული უბანი ძალზე მგრძნობიარე მზის სხივების მიმართ და ადვილად იწვება.

 

როგორ მკურნალობენ

ვიტილიგოს მართვა გულისხმობს:

* მზისგან დაცვას;

* კორტიკოსტეოიდების და კალციტრეინის შემცველი კრემების გამოიყენებას;

* ფოტოთერაპიას;

* საღი კანის გაბაცებას.

შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც.

ძლიერი კორტიკოსტეროიდული კრემის ზემოქმედების შედეგად პატარა ლაქები ზოგჯერ მუქდება. იქ, სადაც ასეთი კრემები მნიშვნელოვან გვერდით ეფექტებს იწვევს, ტაკროლიმუსის ან პიმეკროლიმუსის გამოყენებაა რეკომენდებული. განსაკუთრებით მაშნჯ, როდესაც საქმე ეხება სახესა და საზარდულის მიდომოს.  თუმცა წამლის შეწყვეტის შემდეგ დეპიგმენტაციამ შესაძლოა ხელახლა იჩინოს თავი. გაუფერულებული უბნის შესანიღბავად ზოგჯერ მაკიაჟიც საკმარისია.

ფოტოთერაპია ეფექტურია, ვინაიდან ვინაიდან ლაქის მიდამოში ცოტაოდენი მელანოციტი მაინც არის და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება შემთხვევათა ნახევარზე მეტში პიგმენტის წარმოქმნას შესამჩნევად ასტიმულირებს.

პაციენტს ჯერ ისეთ პრეპარატებს აძლევენ, რომლებიც სინათლის მიმართ მგძნობელობას ზრდის, მერე კი ფოტოთერაპიას უტარებენ.

ისიც უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი შედეგის მისაღებად ზოგჯერ ფოტოთერაპიის რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეწლიანი კურსია საჭირო, ეს კი, თავის მხრივ, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

ის უბნები, რომელიც ფოტოთერაპიაზე არ რეაგირებს, შესაძლოა სპეციალური ქირურგიული მეთოდებით დამუშავდეს. შესაძლებელია დაუზიანებელლი ადგილებიდან მელანოციტების ტრანსპლანტაციაც.

ზოგჯერ, როცა ლაქები მეტისმეტად დიდია, თანაბარი ფერის მსიაღებად კანის დანარჩენ უბნებსაც აბაცებენ. ამისთვის იყენებენ ჰიდროქსინონის ძლიერმოქმედი კრემის რამდენიმეკვირიან კურსს. კრემს გამაღიზიანებელი ეფექტიც აქვს, ამასთან, გაუფერულება შეუქცევადია. ასე რომ, მისი გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის.

 

ზედმეტი არაფერი ვარგა

უპიგმენტობა ცუდია, მაგრამ არც მისი სიჭარბე ვარგა. ჰიპერპიგმენტაცია კანის მეტისმეტი სიმუქეა, რომელსაც უმეტესად მელანინის სიჭარბე იწვევს.

მზის სხივების ზემოქმედების საპასუხოდ მელანოციტები საღებავს წარმოქმნიან. ჰიპერპიგმენტაციის დროს საჭიროზე მეტი მელანინი სინთეზირდება. ხშირად ამ დარღვევასაც ოჯახური ხასიათი აქვს. იშვიათად კანის სიმუქის მიზეზი სხვა ნივთიერებების სიჭარბეა.

ჰიპერპიგმენტაცია ლოკალურიც შეიძლება იყოს და გავრცობილიც. ლოკალურ ჰიპერპიგმენტაციას იწვევს კანის დაზიანება, ანთება, ანომალიური ზრდა, მზის სხივებზე რეაქცია. შესაბამისად, შესაძლოა, განვითარდეს ტრავმის, დამწვრობის, აკნესა თუ სისტემური წითელი მგლურათი გამოწვეული დარღვევების შედეგად, ასევე  – მელანომის დროს. ზოგჯერ დიაბეტის ნიშანიცაა.

დიფუზურ ჰიპერპიგმენტაციას იწვევს:

* ჰორმონული ცვლილებები;

* შინაგანი დაავადებები;

* მედიკამენტები, ქიმიკატები, მძიმე მეტალები.

მაგალითად, ადისონის დაავადების დროს ჰორმონული ცვლილები მელანინის გამომუშავებას აძლიერებს. იგივე ხდება ორსულობისა თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენების დროსაც. პირველად ნაღვლოვან  ქოლანგიტს (პირველად ბილიარულ ციროზს) ასევე ახასიათებს ჰიპერპიგმენტაცია.

როგორც ითქვა, ფერის ცვლილების მიზეზად შესაძლოა სხვა ნივთიერებაც იქცეს. ჰემოქრომატოზი და ჰემოსიდეროზი ორგანიზმში რკინის სიჭარბის შედეგია. ჰიპერპიგმენტაცია მათაც ახასიათებთ, თუმცა არა მელანინის, არამედ რკინის დაგროვების ხარჯზე.

ჰიპეპიგმენტაციას ასევე იწვევს:

* ამიოდარონი;

* ჰიდროქსინონი;

* მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები;

* ტეტრაციკლინი;

* ზოგიერთი ქიმიოთერაპიული საშუალება;

* ზოგიერთი ტრიციკლური ანტიდეპრესანტი;

* ტყვია, ვერცხლი ოქრო და სხვა მძიმე მეტალები.

ჩამოთვლილ შემთხვევებში ჰიპერპიგმენტაცია გავრცობილია, თუმცა შესაძლოა, რომელიმე მედიკამენტმა ცალკეული უბანი მეტად დააზიანოს. მაგალითად, ანტიბიოტიკები, ბარბიტურატები ყოველი მიღებისას კანის ერთსა და იმავე რეაქციას იწვევს საბოლოოდ ამას კანის დაზიანებული უბნის ჰიპერპიგმენტაციამდე მივყავართ.

რა ფერს იღებს კანი? ეს გამომწვევ ნივთიერებასა და მისი კონცენტრაციის ადგილზეა დამოკიდებული: იისფერს, მოლურჯო-მოშავოს, მოყვითალო-მოყავისფროს, მონაცრისფროს... ამასთან, შესაძლოა ფერი იცვალოს კბილებმა, სკლერებმა, პირის ღრუს ლორწოვანმაც. თუ ჰიპერპიგმენტაცია მედიკამენტური რეაქციის შედეგია, წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ კანს უმეტესად ჩვეული ფერი დაუბრუნდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, სამუდამოდ ჰიპერპიგმენტირებული დარჩეს.

ზოგიერთი მცენარე, მაგალითად, ოხრახუში და ნიახური, შეიცავს ნაერთს, სახელად ფსოლარენს, რომელიც კანს ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მეტად მგრძნობიარეს ხდის. ამ რეაქციას ფოტოფიტოდერმატიზმი ეწოდება.

ლენტიგო ლოკალური ჰიპერპიგმენტაციის გავრცობილი ფორმაა. ამ დროს კანზე სქელი მოყავისფრო ლაქები ჩნდება.

მზისმიერი ლენტიგო მზის სხივების ზემოქმედების შედეგია და ლენტიგოს ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. უმეტესად იმ უბნებზე გვხვდება, რომლებსაც დიდხანს ხვდება მზე: სახესა და ხელებზე. შუახნის ასაკში იჩენს თავს და თანდათან იმატებს.

არსებობს არამზისმიერი ლენტიგოც. ის თან ახლავს პეიტც-ეგერს-ტურენის სინდრომს (დამახასიათებელია ლაქები ტუჩებზე და პოლიპები კუჭსა და ნაწლავებში), ლეოპარდის სიდრომს (მრავლობითი ლენტიგო, თვალებისა და სასქესო ორგანოების პათლოგიები, ზრდის შეფერხება, სიყრუე).

 

ორსულთა პიგმენტური ნიღაბი

ორსულობისას სახეზე გაჩენილ ლაქებს მელაზმები (ქლოაზმები) ეწოდება. ეს მუქი ყავისფერი პიგმენტური ლაქები მზის სხივებისგან დაუცველ ადგილებზე, უმეტესად სახეზე ჩნდება. მელაზმები, წესისამებრ, წარმოიშობა ორსულობის დროს და ორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე, თუმცა მისგან არც სხვები არიან დაზღვეულნი.

დარღვევა უმეტესად მუქკანიანებთან გვხვდება.

მელანოდერმიის რისკი მაღალი აქვთ მათაც, ვინც მზეზე ბევრ დროს ატარებს. რისკის სხვა ფაქტორებია ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნური დაავადებები და იმ პრეპარატებით მკურნალობა, რომელთა ფონზეც იმატებს კანის მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ.

 

სიმპტომები

კანზე ჩნდება მუქი ლაქები, უმეტესად – ორმხრივად. პიგმენტაცია სახის ცენტრში, კისერზე, ზედა ტუჩსა და ცხვირზეა გამოხატული. იშვიათად მელაზმა წინამხარზეც წარმოიშობა. წესისამებრ, არ იწვევს ქავილს და ტკივილს.

 

მკურნალობა

კრემები მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ჰიპერპიგმენტაცია კანის ზედაპირულ შრეზე გავრცელდა. ამ შემთხვევაში გამოიყენება მათეთრებელი კრემი. მასთან ერთად შეიძლება კორტიკოსტეროიდული საშუალებების გამოყენებაც. მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა ჩატარდეს. 

თუ კრემები უეფექტო აღმოჩნდა, ექიმი ქიმიურ პილინგს შემოგთავაზებთ. დიდ იმედებს ამყარებენ ლაზერულ თერაპიაზე.

მკურნალობა ზრდის მზით დამწვრობისადმი კანის მიდრეკილებას, ამიტომ მკურნალობის პერიოდში და მის შემდეგ მზეს განსაკუთრებით უნდა ერიდოთ. რამდენიმე საათის მზის გულზე გატარებაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ჰიპერპიგმენტაციისთვის და კორეგირებულ უბნებზე ლაქები ხელახლა გაჩნდეს.

თუ მელაზმა ორსულობის ან კონტრაცეპტივების გამოყენების შედეგია, გამომწვევი ფაქტორის აღმოფხვრის შემდეგ ისიც ქრება.

 

 

ალაგ წითელ...

სირცხვილის, განრისხების, შფოთვისა თუ სხვა ძლიერი ემოციის დროს წამოწითლება ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა. მაგრამ სიწითლეს იწვევს ცხელება, მენოპაუზა, ზოგიერთი ავთვისებიანი დაავადება, კანის ზოგიერთი დაავადება, ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაც. როდის არის სიწითლე ფიზიოლოგიური და როდის – პათოლოგიური? ქვემოთ სიწითლის გავრცელებულ მიზეზებს განვიხილავთ.

 

წითელი ლაქები

წითელი ლაქები უმეტესად დერმატიტის ბრალია. ამ უკანასკნელს კი მწერის ნაკბენი, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება, უხეშ ან სინთეტიკურ ქსოვილთან კონტაქტი იწვევს. გამონაყარი ხან პატარაა, ხან – დიდი, ხან – კანიდან წამოწეული, ხანაც – სითხით სავსე. უსიამოვნო სანახავიცაა და თანმხლები ტკივილითა თუ ქავილით მოსვენებასაც გვიკარგავს.

რატომ იფარება კანი წითელი ლაქებით?

ხშირად გვითქვამს რომ კანი ორგანიზმის დამცავი ერთგვარი ბარიერია და არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით; ის სპეფიციკური იმუნური უჯრედებით არის სავსე. სწორედ ეს უჯრედები იცავენ ორგანიზმს ბაქტერიებისა თუ ვირუსების შემოსევისგან. როგორც კი საეჭვო ნივთიერებას შეამჩნევენ, კანში ჯაჭვური რეაქციების მთელი კასკადი იწყება, რასაც საბოლოოდ ანთებამდე მივყავართ. მედიცინის ენაზე კანის ანთებას დერმატიტი ეწოდება.

კანის იმუნური უჯრედები ზოგჯერ იმ ფაქტორზე რეაგირებენ, რომელიც უშუალოდ კანს ეხება, ზოგჯერ კი სისტემური ინფექციის ან რომელიმე სხვა ორგანოსა თუ ქსოვილის დაავადების საპასუხოდ აქტიურდებიან. ამიტომაც არის დერმატიტის მიზეზთა სია ასეთი ვრცელი.

დერმატიტის მრავალი ტიპი არსებობს. ყველა მათგანს დამახასიათებელი მიმდინარეობა და მკურნალობის წესი აქვს. სხვადასხვა ტიპის დერმატიტების სიმპტომები ხშირად ერთმანეთს ჰგავს. საჟურნალო ფორმატი ყველას სათითაოდ განხილვის საშუალებას არ გვაძლევს; მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ დერმატიტია სავარაუდო, თუ კანზე წითელ ლაქებთან ერთად გაჩნდა სხვა ტიპის გამონაყარიც, დაერთო აქერცვლა, ტკივილი, ქავილი, ნახეთქები, უსიამოვნო სუნი. დერმატიტზე ეჭვს ამძაფრებს ეგზემის ან სხვა დერმატოლოგიური დაავადების ოჯახური ისტორია, ალერგიული ფონი, ახლო წარსულში კონტაქტი გამაღიზიანებელ ნივთიერებასთან, რომელიმე მედიკამენტის ერთჯერადი ან რეგულარული მიღება.

აქვე გავიხსენოთ ექიმთან ვიზიტის ჩვენებებიც: სპეციალისტს უნდა მიმართოთ, თუ გამონაყარი ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, ძილში, რამდენიმე დღეა გრძელდება, ერთვის მეორეული ინფიცირების ნიშნები – ცხელება, დაჩირქება, ქავილი, ტკივილი.

 

წითელი კანი

კიდევ ერთი წითელი დაავადებაა ერითროდერმია (erithro – წითელი, derma – კანი). სახელიც მიუთითებს, რასთან გვაქვს ამ დროს საქმე: ერითროდერმია კანის გენერალიზებულ, გავრცობილ სიწითლეს ეწოდება. სიწითლეს შესაძლოა დაერთოს ქავილი, აქერცვლა, თმის ცვენა. ეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ წითელი კანი.

ერითროდერმია უმეტესად კანის დაავადებების, მაგალითად, ეგზემისა და ფსორიაზის, გვიანდელ სტადიებზე ვითარდება. შესაძლოა იყოს მედიკამენტზე, ქიმიურ ნივთიერებაზე ან სხვა გამაღიზიანებელზე ალერგიული რეაქციის გამოხატულება. არც ის არის გამორცხული, ერითროდერმიის უკან სისტემური დაავადება იმალებოდეს. ზოგჯერ კი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

როგორ ამოვიცნოთ ერითროდერმია?

* გავრცობილი სიწითლით, რომელიც სხეულის 80-90%–ს მოიცავს;

* კანის ქავილით და ტკივილით, რასაც არცთუ იშვიათად თან ახლავს დამახასიათებელი სუნი;

* ხელების ან ფეხების შეშუპებით;

* გულისცემის აჩქარებით;

* სითხის კარგვით, გაუწყლოებით;

* სხეულის ტემპერატურის რეგულირების დაქვეითებით.

მოსალოდნელია, თავი იჩინოს კანის მეორეული ინფექციის ნიშნებმაც.

ერითროდერმიასთან ხუმრობა არ ღირს! თუ მას ინფექცია დაერთო, შესაძლოა, განვითარდეს სეფსისი, დეჰიდრატაცია, გაუწყლოება, გულის უკმარისობაც კი. საგულისხმოა, რომ გართულებები ზოგჯერ ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ მკურნალობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს, ამისთვის კი მიზეზის დადგენაა საჭირო – სწორედ ამაზეა დამოკიდებული მკურნალობის ტაქტიკა, პროგნოზი თუ გამოსავალი. ექიმი საგულდაგულოდ დაგითვალიერებთ კანს დერმოსკოპით. ზოგჯერ ტარდება კანის ბიოფსია, ტესტირება ალერგიაზე და სხვა გამოკვლევებიც. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს თქვენი სტაციონარში მოთავსება.

 

წითელი ლოყები

ღაჟღაჟა ლოყები, ტრადიცისამებრ, ჯანმრთელობის ნიშნად მიიჩნევა. სინამდვილეში მათ მიღმა შესაძლოა დაავადება იმალებოდეს. მაგალითად, როზაცეა – ვარდისფერი ფერიმჭამელა.

როზაცეა სიწითლისადმი კანის მიდრეკილებით იწყება. ჯერ ცხვირი და ლოყები წითლდება, მერე – შუბლი და ნიკაპი. პათოლოგიური გაწითლების პროცესში თანმიმდევრობით ერთვება სახის ნაწილები. შესაძლოა, ყურები, გულმკერდი და ზურგიც კი გაწითლდეს. მდგომარეობა თანდათან მძიმდება. ანთების შედეგად კანი შუპდება, მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება. შემთხვევათა ნახევარში აღირიცხება ოფთალმოლოგიური პრობლემებიც – მხედველობის გაუარესება, ქუთუთოს ანთება. წითელი, შეშუპებული კანი დისკომფორტს იწვევს და ადამიანს საზოგადოებისგან იზოლაციისკენ უბიძგებს.

როზაცეის სიმპტომები ხან ჩნდება, ხან ქრება. ზოგჯერ კვირაობით და თვეობითაც კი გრძელდება, მერე კი ასევე დიდი ხნით ცხრება. სიწითლე თანდათან იმატებს და ბოლოს შესაძლოა მუდმივიც გახდეს.

ტრიგერების რიცხვს მიეკუთვნება ცხელი კერძები და სასმელეები, ალკოჰოლი, ექსტრემალური ტემპერატურა, მზის გამოსხივება, სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, ცხელი აბაზანა.

როზაცეის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ განსაზღვრულ როლს გენეტიკაც ასრულებს, ვინაიდან ეს დაავადება ხშირად აქვს ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს.

როზაცეისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ რისკი უმთავრესად ღია ფერის კანის პატრონებს ემუქრებათ. სიფრთხილე მართებთ მათაც, ვინც ხშირად წითლდება. დაავადება, წესისამებრ, 30-დან 60 წლამდე იჩენს თავს, ამასთან, ქალებს 3-4-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ, თუმცა მამაკაცებთან სიმპტომები უფრო მკვეთრად არის გამოხატული.

ვინაიდან როზაცეას პროგრესირების ტენდენცია ახასიათებს, მეტად მნიშვნელოვანია მისი დროული აღმოჩენა. მართვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრების წესის შეცვლას, ტრიგერების პოვნას და მათთვის თავის არიდებას.

რაც შეეხება მკურნალობას, სიწითლე და სხვა სიმპტომები შესაძლოა პერორალურმა ან ადგილობრივმა ანტიბიოტიკებმა შეამციროს, უფრო რთული შემთხვევებისთვის კი მოწოდებულია ლაზერული ქირურგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ხილული სისხლძარღვების მოცილება, სიწითლის შემცირება და სიმპტომების შემსუბუქება.

 

სიწითლე და წნევა

წამოწითლება და კითხვა: "წნევა ხომ არ გაქვს?" – ერთია. საინტერესოა, მართლა არის თუ არა სიწითლე ჰიპერტენზიის ნიშანი.

სამედიცინო ლიტერატურაში სახის სიწითლის არაერთი მიზეზია ჩამოთვლილი, მაგრამ არტერიულ ჰიპერტენზიას მათ შორის იშვიათად შეხვდებით. თუ მაინც წააწყდით, მოწინავე ადგილზე ნამდვილად არ იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის დროს სახის წამოწითლება გამორიცხულია, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ სადიაგნოზო ნიშნად არ გამოგვადგება.

საქმე ის არის, რომ არტერიული ჰიპერტენზია უმეტესად შეუმჩნევლად ვითარდება (განსაკუთრებით – საწყის ეტაპებზე). სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ დაავადებას ვერაგს და სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები, წნევა მაშინაც კი ვიკონტროლოთ, როცა არაფერს ვუჩივით. მხოლოდ ძალიან მაღალი წნევა იწვევს თავის ტკივილს და ჰაერის უკმარისობას. ასე რომ, ამ ნიშნების იმედად ყოფნა არ გამოგვადგება.

სხვა საქმეა, რომ ზოგიერთი ფაქტორი, რომლებიც წნევის მატებას უწყობს ხელს, სახის სიწითლესაც იწვევს. ასეთია, მაგალითად, ალკოჰოლი, რომელიც მიღებიდან სულ მალე წნევასაც სწევს მაღლა და სახესაც წითლად ფერავს. ერთი–ორი ჭიქა საშიშ გართულებებს არ გიქადით, მაგრამ თუ გადააჭარბეთ, თანაც ხშირად, არტერიული ჰიპერტენზიის რისკი მოიმატებს, ამ დაავადებასთან ერთად კი მისი გართულებების – ინსულტისა და ინფარქტის – რისკჯგუფშიც მოხვდებით.

იგივე შეიძლება ითქვას ვარჯიშზე. არა, რეგულარული ვარჯიში ჰიპერტენზიას არ იწვევს, პირიქით, ორგანიზმის ყოველმხრივ გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მაგრამ ფიზიკური აქტიურობის უეცარი "აფეთქებისას" მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატებაც და წამოწითლებაც.

სახეს მღელვარებისა და მრისხანების დროსაც ედება ჟოლოსფერი. იწვევს თუ არა ეს ემოციები წნევის მომატებას? მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაგვიგონია, ბრაზისა თუ ნევრიულობისგან წნევამ ამიწიაო, ამ მდგომარეობას არტერიულ ჰიპერტენზიასთან არც ისე მჭიდრო კავშირი აქვს. სტატისტიკური მონაცემებით, ჰიპერტენზიით დაავადებულთა მხოლოდ მესამედი აღნიშნავს სტრესს და დაძაბულობას, მესამედი, პირიქით, მოდუნებულია, დანარჩენი კი სადღაც მათ შორისაა.

დასკვნა ასეთია: ნუ დაელოდებით სახის წამოწითლებას წნევის გასაზომავად – ამ დროს ის შესაძლოა არც კი გქონდეთ. რეგულარულად იზომეთ წნევა და შეასრულეთ რეკომენდაცები, რომლებიც ჰიპერტენზიის განვითარების რისკს ამცირებს: ფიზიკური აქტიურობა, წონის კორექცია, მარილის შეზღუდვა, თამბაქოსთვის თავის დანებება... სახის სიწითლე კი შესაძლოა როზაცეის, ალერგიის, ანთებითი დაავადების, ცხელების, მზით დამწვრობის, რომელიმე მედიკამენტის ბრალი იყოს.

 

საშიში სიწითლე

თუ მწერის დაკბენილი ადამიანი უეცრად წამოწითლდა, სუნთქვა შეეკრა და სადაცაა გული წაუვა, როგორც ჩანს, მას ანაფილაქსიური რეაქცია აქვს. ეს ძალიან მძიმე სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც ელვის სისწრაფით ვითარდება და საფრთხეს უქადის პაციენტის სიცოცხლეს.

ანაფილაქსიის – ძლიერი ალერგიული რეაქციის – ყველაზე გავრცელებული გამომწვევებია მწერის ნაკბენი, ზოგიერთი მედიკამენტი (პენიცილინი, შრატი), ზოგიერთი საკვები (არაქისი, თევზი). ამ ალერგენებთან კონტაქტის შემდეგ მოსალოდნელია:

* კანის წამოწითლება, გამონაყარი, შეშუპება, ქავილი;

* ცხვირის გაჭედვა, გამონადენი, ცემინება;

* პირის ღრუს ქავილი, ენისა და ტუჩების შეშუპება;

* ყელის ქავილი, შეშუპება, ყლაპვის გაძნელება;

* ქოშინი, ხველა, მკერდის ტკივილი, პულსის დაქვეითება, ხრიალი;

* გულისრევა და ღებინება;

* თავბრუხვევა, გონების დაკარგვა.

ანაფილაქსიის ნიშნები ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ და მათი აღმოცენების შემთხვევაში წუთის დაუკარგავად გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

 

 

ფერნაკლული

ფერნაკლულ კანზე საუბრისას ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს დეპიგმენტაცია, რომელიც კანის პიგმენტის ნაკლებობის შედეგია და ფერმკრთალობა. უკანასკნელ შემთხვევაში კანი საკმარისი რაოდენობის მელანინს გამოიმუშავებს – სიფითრის მიზეზი სისხლის მიმოქცევისა და ჟანგბადით მომარაგების დარღვევაა.

ფერმკრთალობა მთელ ტანზე ვრცელდება, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ სახეზე, თვალებზე, თითებზე და პირის ღრუში ჩანს.

თუ კანთან ერთად ტუჩები, ენა, ხელისგულები და თვალის ამომფენი ლორწოვანი გარსიც არ გაფერმკრთალდა, ფერნაკლულობის მიღმა დარღვევა არ უნდა ვეძებოთ – ასეთი ფერმკრთალობა კანის თავისებურებაა, რომელსაც ქალები ხშირად მაკიაჟით ფარავენ. სხვა საქმეა, როცა ფერნაკლულობა ჩამოთვლილ ადგილებზეც ვრცელდება. აქ უკვე დამნაშავის ძებნა უნდა დაიწყოთ. აქვე გეტყვით, რომ ფერმკრთალობა ყოველთვის აშკარა არ არის. ის კანის ბუნებრივ ფერზე, სისქესა და მის ქვეშ გამავალი სისხლძარღვების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ფერის აღქმაზე ზოგჯერ განათებაც მოქმედებს. განსაკუთრებით ძნელი გამოსავლენია მუქკანიანი ადამიანების ფერმკრთალობა. მათთან ფერნაკლულობის შემჩნევა ხშირად მხოლოდ პირის ღრუსა და თვალის ლორწოვან გარსებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი.

 

რა იწვევს კანის გაუფერულებას?

ზოგ შემთხვევაში ფერნაკლულობა კანის ბუნებრივი თავისებურებაა. პათოლოგიურ ფერმკრთალობას ყველაზე ხშირად იწვევს:

* ანემია;

* სისხლის მიმოქცევის სისტემური დარღვევა;

* შოკი;

* ჰიპოთერმია;

* სისხლში შაქრის დონის დაქვეითება;

* ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (ინფექცია, სიმსივნე);

* ზოგიერთი მედიკამენტი;

* განსაზღვრული ვიტამინების ნაკლებობა.

 

ანემია

ანემია ყველასთვის კარგად ნაცნობი მდგომარეობაა. ამ დროს ორგანიზმს ერითროციტები და/ან ჰემოგლობინი აკლია. ვიანიდან მათი ფუნქცია უჯრედთა ჟანგბადით მომარაგებაა, ანემიის დროს ორგანიზმში სწორედ ჟანგბადის დეფიციტი წარმოიშობა, რაც, თავის მხრივ, სხვა პრობლემებს უდებს სათავეს.

ანემიის მრავალი ფორმა არსებობს. მათ ჩამონათვალში პირველ ადგილს რკინადეფიციტური ანემიაა იკავებს (სხვათა შორის, ისაა ნომერ პირველი კვებითი დეფიციტიც). ანემია ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტმა, სისხლდენამ, ჰემოლიზმა, ძვლის ტვინის პათოლოგიამ, კუჭ-ნაწლავის დაზიანებამ და სხვა. პრობლემა უმეტესად გარდატეხის ასაკში, ორსულობისას, ქრონიკული ავადმყოფობის დროს, კვების დეფიციტისა და დაუბალანსებელი კვების შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ აღმოცენდება.

ანემიაა სავარაუდო, თუ ფერმკრთალობამ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების ფონზე იჩინა თავი, თან დაერთო მოთენთილობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის გართულება, მადის დაქვეითება, ხელ-ფეხის დაბუჟება. თუმცა ეს სიმპტომები რომც არ გამოვლინდეს, ფერნაკლულობაც საკმარისია იმისთვის, რომ ექიმს მიმართოთ და ფერის წასვლის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გამორიცხოთ.

მოგვიანებით მოსალოდნელია:

* ციანოზი;

* ფრჩხილების მტვრევადობა;

* საკვებად გამოუსადეგარი ნივთიერებების ჭამის სურვილი;

* ქოშინი მცრიე დატვირთვაზე, ზოგჯერ – მოსვენების დროსაც კი;

* ენის ანთება;

* ლიბიდოს შესუსტება.

მკურნალობა, ცხადია, მიზეზზეა დამოკიდებული. თუ ანემია რომელიმე ნივთიერების დეფიციტის შედეგია, ამ ნივთიერებით ორგანიზმის შევსება პრობლემას ადვილად მოაგვარებს. შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის გადასხმა (სისხლდენის ფონზე განვითარებული ანემიის დროს), კორტიკოსტეროიდების ან სხვა იმუნოსუპრესორების გამოყენება, ერითროპოეტინის ინექცია (მედიკამენტისა, რომელიც ძვლის ტვინში ერითროციტების წარმოქმნას იწყობს ხელს) და სხვა.

ბავშვმაც კი იცის, რომ ამ ყველაფერთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბალანსირებულ კვებას – რკინით, ფოლიუმის მჟავათი და ვიტამინ B12-ით მდიდარ რაციონს. გახსოვდეთ, უკვე განვითარებულ ანემიას მხოლოდ კვებით ვერ უშველით – მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ ჯანსაღი კვებით მის შედეგს ერთიორად დააჩქარებთ და გააუმჯობესებთ, ამასთან, მსგავსი პრობლემისგან მომავალშიც დაზღვეული იქნებით.

 

საშიში სითეთრე

შოკი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელსაც სისხლით ორგანიზმის არასათანადო მომარაგება იწვევს. მთავარი მომმარაგებლის დეფიციტი ყველა ორგანოს მუშაობას უქადის საფრთხეს, ამიტომ შოკი სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს. მდგომარეობა შესაძლოა უცბად დამძიმდეს. შოკის შემთხვევათა მეხუთედი სიკვდილით სრულდება.

შოკი შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა ფაქტორმა, რომლის გამოც სისხლის ნაკადი იკლებს, მაგალითად:

* მიოკარდიუმის ინფარქტმა;

* გულის უკმარისობამ;

* სისხლდენის ან გაუწყლოების შედეგად სისხლის მოცულობის შემცირებამ;

* მძიმე ინფექციამ;

* მძიმე ალერგიულმა რეაქციამ;

* ტრავმამ;

* ისეთი მედიკამენტის მიღებამ, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს გულის ფუნქციას ან არტერიულ წნევას.

 

არ გამოგეპაროთ!

შოკის კლინიკური სურათი გამომწვევ მიზეზსა და შოკის ტიპზეა დამოკიდებული. ზოგად სიმპტომებს მიეკუთვნება:

* არტერიული წნევის კრიტიკული დაქვეითება;

* ფერმკრთალი, ცივი, სველი და ოფლიანი კანი;

* შფოთვა, აგზნება;

* ტკივილი გულმკერდის არეში;

* ცნობიერების დათრგუნვა;

* თავბრუ;

* შარდის შემცირება ან გაქრობა;

* აჩქარებული, მაგრამ სუსტი პულსი;

* ზედაპირული სუნთქვა;

* მეხსიერების დაქვეითება.

მათი შემჩნევისას დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო.

 

თოვლივით თეთრი, ყინულივით ცივი

სიფითრე შესაძლოა ჰიპოთერმიის ანუ გადაცივების ნიშანიც იყოს. ამ შემთხვევაშიც ყურადღებაა საჭირო: ერთი მხრივ, ჰიპოთერმია შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მეორე მხრივ, მძიმე გართულებებს იწვევს და სიცოცხლისთვისაც სახიფათოა.

ჰიპოთერმიის პირველი ნიშნებია:

* კანის გაცივება;

* ფერის წასვლა;

* სახის შესივება;

* მოძრაობის შენელება;

* სუნთქვისა და გულისცემის შენელება;

* ცნობიერების დაქვეითება.

ბუნებრივია, ჰიპოთერმიას იეჭვებთ, თუ ძლიერ სიცივეში დისხანს მოგიწიათ გარეთ ყოფნა, გაცვიათ სველი ტანსაცმელი, ხართ ძლიერ კონდიცირებულ შენობაში...

ტემპერატურის დაქვეითებამ სხეულის რომელიმე ნაწილი შესაძლოა მეტად დააზიანოს – მოყინოს. ესენი, წესისამებრ,  კიდურები, ცხვირი და ყურებია. მოყინულ ადგილზე იწყება ტკივილი, პულსაცია და მგრძნობელობა ქრება. ძლიერი მოყინვისას კანზე ჩნდება ბუშტუკები, ზიანდება კუნთები, ძვლები, ნერვები. არ არის გამორიცხული, განგრენაც კი განვითარდეს და დაზიანებული უბნის ამპუტაცია გახდეს საჭირო.

 

როგორ მოვიქცეთ

* შეძლებისდაგვარად სწრაფად შეიყვანეთ ადამიანი თბილ შენობაში.

* მოხსენით სამკაულები, გახადეთ სველი ტანსაცმელი.

* თუ საშუალება გაქვთ, ჯობს, მოყინული ადგილები სტერილური სახვევით გადაუხვიოთ.

* გადაიყვანეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში.

* თუ ამას ვერ ახერხებთ, თავად გაუწიეთ პირველი დახმარება:

. მოყინული ადგილები ჩააყოფინეთ თბილ (და არა ცხელ) წყალში.

. ასვით თბილი სითხეები.

. არ გაათბოთ სათბურით ან რადიატორით!

. არ დაზილოთ!

. არ დაალევინოთ ალკოჰოლიანი სასმელი, არ მოწევინოთ თამბაქო – ორივე ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას.

 

უშაქრობის ფერი

ჰიპოგლიკემია, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება, ფერნაკლულობის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია. მას იწვევს:

* გლუკოზის გაძლიერებული მოხმარება;

* გლუკოზის დაქვეითებული წარმოქმნა;

* სისხლში ინსულინის მაღალი დონე (ინსულინი, როგორც იცით, ჰორმონია, რომელიც გლუკოზის ათვისებას უწყობს ხელს).

ბუნებრივია, ჰიპოგლიკემია ყველაზე ხშირად დიაბეტით დაავადებულებთან იჩენს თავს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავარი პრობლემა სისხლში შაქრის მაღალი დონეა, მკურნალობისა და კვების რეჟიმის დარღვევა ზოგჯერ, პირიქით, გლუკოზის პათოლოგიურ კლებას იწვევს, რაც ჰიპერგლიკემიაზე არანაკლებ სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს.

შაქრიანი დიაბეტის დროს ჰიპოგლიკემია მოსალოდნელია, თუ:

* ინსულინი ან დიაბეტის სამკურნალო სხვა წამალი არასწორ დროს ან ჭარბად მიიღეთ;

* ინსულინის ან სხვა წამლის მიღების შემდეგ არასათანადო რაოდენობის საკვები მიირთვით;

* გამოტოვეთ კვება;

* წამლის მიღებიდან საკვების მიღებამდე ბევრი დრო გავიდა;

* ფიზიკურად გადაიტვირთეთ;

* არ შეიმოწმეთ სისხლში შაქრის დონე, არ მოახდინეთ ინსულინის დოზის კორექცია

ჰიპოგლიკემიისგან არც დიაბეტის არმქონე პირები არიან დაზღვეულნი. არადიაბეტიანებთან ჰიპოგლიკემია შესაძლოა გამოიწვიოს:

* ალკოჰოლის მოხმარებამ;

* ინსულინომამ – კუჭქვეშა ჯირკვლის იშვიათმა სიმსივნემ, რომლის დროსაც სისხლში ჭარბი ინსულინი გამოიყოფა;

* კორტიზოლის, ზრდის ჰორმონის ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტმა;

* გულის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობამ;

* სეფსისმა;

* ზოგიერთმა ბარიატრიულმა ოპერაციამ;

* ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა და საგულე პრეპარატმა.

 

როგორ ამოვიცნოთ

ფერმკრთალ კანთან ერთად ჰიპოგლიკემიაზე მიუთითებს:

* მხედველობის გაორება;

* გულისცემის აჩქარება;

* აგრესია ან გონების დაბინდვა;

* შფოთვა;

* თავის ტკივილი;

* შიმშილის შეგრძნება;

* კანკალი;

* ოფლიანობა;

* დაღლილობა და სისუსტე;

* ძილის პრობლემები;

* ცნობიერების დაქვეითება.

 

იყავით ფხიზლად

ჰიპოგლიკემია ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანი მანამდე ვერ ხვდება, რომ შველა სჭირდება, სანამ არ დაეცემა, გული წაუვა, კომაში არ ჩავარდება. ამიტომაც მოითხოვენ ექიმები, დიაბეტით დაავადებულებმა რეგულარულად იკონტროლონ სისხლში შაქრის დონე – ეს გართულების ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

(სამი) აბი გლუკოზა

 

ჰიპოგლიკემიის დროს მოიქეცით ასე:

* მიიღეთ საკვები, რომელიც დაახლოებით 15 გრამ გლუკოზას შეიცავს, 3 აბი გლუკოზა, 237 მლ ხილის წვენი, 1 სუფრის კოვზი ან 15 მლ წყალში გახსნილი შაქარი, 1 სუფრის კოვზი თაფლი.

* 15 წუთის შემდეგ რამე შეჭამეთ. მეტისმეტად ბევრს ნუ შეჭამთ – ეს შაქრის დონის ზომაზე მეტად აწევას გამოიწვევს.

* თუ 15 წუთში თავი უკეთ ვერ იგრძენით და შაქრის დონე დაბალი დარჩა, კიდევ 15 გრამი ნახშირწყალი მიიღეთ.

 

 

ზღვისფერი

რა ფერია სისხლი? ამ კითხვაზე დიდი თუ პატარა დაუფიქრებლად გიპასუხებთ: “წითელი”. ჩვენ კი გეტყვით: არა ყოველთვის. ჟანგბადით ღარიბი სისხლი მოლურჯო-მოიისფროა. სწორედ ასეთი სისხლი მიედინება ვენებში. იქ კი მას შემდეგ ხვდება, რაც არტერიების საშუალებით ყველა ორგანოს მოივლის და ჟანგბადს დაარიგებს.

ამის შემდეგ სისხლმა ისევ წითელი ფერი უნდა დაიბრუნოს –  ჟანგბადით გამდიდრდეს. ამისთვის ის გულის გავლით ფილტვებამდე მიდის, იქ ჟანგბადის მოლეკულებს შეიწოვს, გულს უბრუნდება და ხელახლა იწყებს ორგანიზმში მოგზაურობას.

ვენებიდან სისხლი გულის მარჯვენა ნაწილში ხვდება, ფილტვებიდან – მარცხენა ნაწილში. მაშასადამე, გულის მარჯვენა ნაწილში ვენური სისხლია, მარცხენაში – არტერიული.

ასეთია სისხლის ფიზიოლოგიური გზა. მაგრამ ზოგჯერ მოვლენები სხვა სცენარით ვითარდება. თუ სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციამ იკლო, ის მოლურჯო ფერს მიიღებს. შედეგად კანი და ლორწოვანი გარსებიც მოლურჯოდ შეიფერება. სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება ციანოზი.

ციანოზი კლინიკურად მაშინ ვლინდება, როდესაც სისხლში დეოქსიგენირებული ანუ ჟანგბადით ღარიბი ჰემოგლობინის კონცენტრაცია დეკალიტრზე 4-6 გრამს (გ/დლ) შეადგენს.

განასხვავებენ ცენტრალურ და პერიფერიულ ციანოზს. პირველი მათგანი გულისა და ფილტვების დაავადებათა შედეგია, მეორე კი ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის  მოშლის ფონზე ვითარდება. შესაძლოა, ცენტრალურ ციანოზს პერიფერიულიც დაერთოს.

 

ჰიუსტონ, ცენტრი გასაჭირშია!

ცენტრალური ტიპის ციანოზს იწვევს გულისა და ფილტვის ყველა დაავადება, რომლის დროსაც სისხლში ჟანგბადის შემცველობა იკლებს. ციანოზი მთელ სხეულს ედება. მხოლოდ ცენტრალური ციანოზის დროს ხელისა და ფეხის თითები თბილია, ცენტრალურისა და პერიფერიულის შერწყმისას – ცივი. სილურჯესთან ერთად მოსალოდნელია ქოშინი, ზედაპირული სუნთქვა და სხვა.

ცენტრალურ ციანოზს სხვადასხვა ასაკში უპირატესად სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ახალშობილებთან კანის სილურჯის გამომწვევი მთავარი ფაქტორი გულის ციანოზური დაავადებაა. ეს ტერმინი გულის რამდენიმე მანკს აერთიანებს, მათ შორის – სარქვლოვან დეფექტებს, აორტის კოარქტაციას, ფალოპის ტეტრადას, ებშტაინის ანომალიას.

თავად მანკს კი შესაძლოა საფუძვლად დაედოს:

* გენეტიკური დაავადება (დაუნის, მარფანის, ტერნერის სინდრომი);

* დედის მიერ ორსულობისას გადატანილი ინფექცია (წითელა, წითურა);

* დედის მიერ გადატანილი ორსულთა დიაბეტი;

* დედის მიერ ნარკოტიკების მოხმარება ორსულობისას.

ზოგი მანკი დაბადებისთანავე იწვევს პრობლემებს, ზოგი – მოგვიანებით. მთავარი სიმპტომი ციანოზია. ზოგიერთ შემთხვევაში ის მხოლოდ დატვირთვის დროს ვლინდება, ზოგიერთში კი მოსვენების დროსაც.

როცა ციანოზი სასუნთქი სისტემის პრობლემებითაა გამოწვეული, დიაგნოზი შეიძლება იყოს:

* სამშობიარო ტრავმა ან ასფიქსია;

* რესპირატორული დისტრესსინდრომი;

* პნევმოთორაქსი;

* ფილტვების შეშუპება;

* დიაფრაგმის თიაქარი;

* პლევრული გამონაჟონი;

* ფისტულა ტრაქეასა და საყლაპავს შორის;

* დაბრკოლება სასუნთქ გზებში.

ახალშობილს ცენტრალური ციანოზი შესაძლოა განუვითარდეს სისხლში შაქრის დონის დაწევის ან გულყრის ფონზეც, რადგან სისხლის ჟანგბადით გაჯერება ორივე შემთხვევაში იკლებს.

ზრდასრულებთან ცენტრალური ციანოზის მიზეზად შეიძლება იქცეს:

* ფილტვების შეშუპება;

* ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

* სიმაღლის დაავადება;

* მძიმე ფორმის პნევმონია;

* ასთმის მწვავე შეტევა;

* ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;

* მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი.

ციანოზიან ახალშობილებს, წესისამებრ, უჭირთ სუნთქვა. ქოშინს შესაძლოა დაერთოს სინკოპე, ტკივილი გულმკერდის არეში, თვალებისა და სახის შეშუპება, საერთო სისუსტე. ასეთი ბავშვები ადვილად იღლებიან და ოფლიანდებიან ჭამის დროს, ვერ იმატებენ წონას.

 

პერიფერიული ციანოზი

პერიფერიული ციანოზი უმთავრესად მაშინ ვითარდება, როდესაც არტერიული სისხლი პერიფერიაზე დიდხანს ყოვნდება და ბევრ ჟანგბადს კარგავს. ამ დროს სილურჯე ჩნდება კიდურებზე ან ტუჩების ირგვლივ.

ტირილის დროს ტუჩების ირგვლივ არე ბევრ ახალშობილს ულურჯდება. ეს უმეტესად პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის შედეგია. ამ დროს სისხლი ჟანგბადით ნორმალურად არის გაჯერებული და სილურჯეც მალევე გაივლის. ცენტრალური ციანოზი კი ყოველთვის ავადმყოფობის ნიშანია და მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

ხელისა და ფეხის თითების სისხლძარღვთა სპაზმის შედეგია დამოუკიდებელი პერიფერიული ციანოზიც. ის შეიძლება გამოიწვიოს:

* გულის ქრონიკულმა დაავადებამ (მის შორს წასულ შემთხვევაში ცენტრალური ციანოზი ვლინდება);

* სიცივემ;

* რეინოს დაავადებამ;

* ბეტა ბლოკატორების ხანგრძლივმა მიღებამ;

* სისხლძარღვოვანმა შოკმა.

 

“თავად ჰგავხარ ზღვას”

ცხადია, ამ სიტყვების ავტორს ციანოზიანი პაციენტი არ უგულისხმია, არადა ავადმყოფი მართლაც შეიძლება გალურჯდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

გულის უკმარისობის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, პნევმონიისა და ასთმის შეეტევის დროს ციანოზი ერთბაშად ვითარდება, პაციენტი თვალსა და ხელს შუა ლურჯდება, ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს კი ის წლების განმავლობაში იკრებს ძალას. განსხვავებულია ციანოზის გავრცელების არეალიც.

 

ვეძებთ მიზეზს

ციანოზი პრობლემის მხოლოდ ხილული მხარეა. მის უკან ყოველთვის უნდა ვეძებოთ დაავადება, რომელმაც ციანოზი გამოიწვია.

უპირველეს ყოვლისა, ექიმი დაწვრილებით გამოიკითხავს პაციენტის ისტორიას, დააზუსტებს, უეცრად განვითარდა ციანოზი თუ თანდათანობით; ლოკალურია თუ  მთელ სხეულზეა გავრცობილი; ხომ არ მოუწია პაციენტს მოკლე დროში სიმაღლეზე ასვლა; ხომ არ მოიხმარდა ნარკოტიკებს.

დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს თანმხლებ სიმპტომებსაც. მაგალითად, სუნთქვის გაძნელება ფილტვის შეშუპებას, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას და ასთმის შეტევას ახასიათებს; გულის ტკივილი ფილტვის შეშუპების, პლევრული გამონაჟონის, პულმონური ემბოლიზმის გამოხატულებაა; ტემპერატურული რეაქცია და ხველა ახასიათებს პულმონურ ემბოლიზმს და პნევმონიას; ხველა შესაძლოა გულის უკმარისობის ნიშანიც იყოს.

დეტალური გამოკითხვის შემდეგ გასინჯვის დრო დგება. ექიმი, უპირველეს ყოვლისა, გულს და სასუნთქ გზებს მოუსმენს. შესაძლოა, ამ დროს გულის შუილი ან გულის დეფექტისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები აღმოაჩინოს.

ფასდება პულსი და წნევა. თუ პულსი მეტისმეტად სუსტია, წნევა კი საგრძნობლად დაქვეითებული, იმატებს შოკის განვითარების რისკი, ამიტომ პაციენტი სასწრაფოდ უნდა დაიტვირთოს სითხეებით და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდეს გამოკვლევა.

ყველაზე ხშირად იყენებენ შემდეგ ტესტებს:

* პულსოქსიმეტრიას – სისხლის ჟანგბადით გაჯერების განსაზღვრას;

* სისხლის სრულ ანალიზს – ყურადღება ექცევა ჰემოგლობინის ან ერიტროციტების დაქვეითებულ შემცველობას (ანემიას), ლეიკოციტების სიჭარბეს (რაც ინფექციის მარკერია);

* რენტგენოლოგიურ კვლევას – ფილტვის პათოლოგიების გამოსავლენად;

* ეკგ-ს და გულის ექოსკოპიას – გულის რიტმის შესაფასებლად;

* დოპლეროგრაფიას – გულსა და დიდ სისხლძარღვებში სისხლის მიმართულების და რაოდენობის შესაფასებლად (განსაკუთრებული მნიშვენლობა აქვს მანკების დროს).

შესაძლოა, საჭირო გახდეს უფრო ნატიფი ან ინვაზიური კვლევებიც – გულის კათეტერიზაცია, პერფუზიული სკანირება, ანგიოგრაფია, ასევე – კულტურალური კვლევები და სხვა.

 

მკურნალობა

ციანოზის მკურნალობა მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს და, ცხადია, უწინარესად მიზეზზეა დამოკიდებული. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, მდგომარეობის დასასტაბილურებლად აუცილებელია ოქსიგენაცია, ამიტომ ჟანგბადის მიწოდება მკურნალობის პირველი ნაბიჯია. ზოგჯერ საჭიროა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

გულის მანკის დროს ახალშობილებს უმეტესად ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ, ზოგჯერ  – დაბადებისთანავე, ზოგჯერ კი რამდენიმე თვის შემდეგ (თუ ექიმმა დგომარეობის ყოველმხრივ შეფასების შემდეგ ლოდინის ტაქტიკა აირჩია). თუ ბავშვი ცუდად იკვებება და ცუდად იმატებს წონას, მას ინტრავენურად მიაწვდიან სითხეებს.

როცა ციანოზის მიზეზი გულის უკმარისობაა, შარდმდენებს უნიშნავენ.  შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობაში გულის სხვა წამლების, ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების ჩართვაც.

 

 

მზისფერი

კანი შესაძლოა ყვითლადაც შეიფეროს. კანთან ერთად ლორწოვანი გარსი და სკლერაც ყვითლდება. იქტერუსი ამ მდგომარეობის სამედიცინო სახელწოდებაა.

სიყვითლე ყველაზე ხშირად ახალშობილებს ემართებათ, თუმცა არც დიდები ვართ დაზღვეულნი.

იქტერუსი შესაძლოა ავადმყოფობის ნიშანი იყოს, ასე რომ, მისდამი უყურადღებობა არ შეიძლება.

მოდი, გავარკვიოთ, რა იწვევს სიყვითლეს და საშიშია თუ არა ის.

 

რა ღებავს კანს

ყველაფრის თავიდათავი ბილირუბინია. სწორედ ეს პიგმენტი აძლევს კანსა და ლორწოვანს ყვითელ ფერს. ბილირუბინი ერითროციტების შემადგენლობაში შედის ჟანგბადის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს და ერითროციტების დაშლის შედეგად ჩნდება სისხლში. თუ მისმა კონცენტრაციამ მოიმატა, კანი დამახასიათებელ ელფერს მიიღებს და ახლობლებიც აუცილებელად დაინტერესდებიან თქვენი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობით.

რა კავშირი აქვს ჰეპატობილიარულ სისტემას სიყვითლესთან? ამის გასაგებად მოკლედ აღვწერთ ბილირუბინის ცვლის პროცესს.

 

უჯრედების სასაფლაო

ყოველდღე კვდება განსაზღვრული რაოდენობის სისხლის წითელი უჯრედი და მათ ადგილს ახლები იკავებენ, მკვდარ, მწყობრიდან გამოსულ უჯრედებს კი ღვიძლი ინელებს. სწორედ ამ პროცესში წარმოიქმნება ბილირუბინი. ბუნებრივია, ორგანიზმი ნარჩენებისგან უნდა გათავისუფლდეს. ამისთვის, ერთი შეხედვით, უბრალო რამაა საჭირო – ბილირუბინი საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვდეს და მშვიდობიანად გამოვიდეს გარეთ. მთავარი სირთულე სწორედ აქ იჩენს თავს. საქმე ის არის, რომ ერითროციტების დაშლის შედეგად წარმოქმნილი ბილირუბინი ცხიმში ხსნადია და ამ ფორმით ორგანიზმიდან გამოსვლა არ შეუძლია. ასეთ ბილირუბინს თავისუფალს ან არაკონიუგირებულს უწოდებენ. სწორედ ღვიძლი გარდაქმნის მას წყალში ხსნად ნაერთად – შეკავშირებულ, კონიუგირებულ ბილირუბინად. ეს ფორმა კი სხეულს ადვილად ტოვებს – ნაღველში გადადის, ნაწლავებში ხვდება და ფეკალურ მასებთან ერთად გამოიყოფა. თავისუფალი, არაპირდაპირი ბილირუბინი ტოქსიკური ნივთიერებაა. რომ არა ღვიძლი, ის ორგანიზმშივე დარჩებოდა და ქსოვილებში ჩალაგდებოდა. ამ პროცესში ღვიძლის უდიდესი როლი, ვფიქრობთ, ნათელია.

ბილირუბინის ცვლაზე ღვიძლთან ერთად, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ყველა იმ ორგანოსა თუ ქსოვილის მდგომარეობა, რომელიც ბილირუბინის ცვლაში მონაწილეობს – სისხლისა, ნაღვლის ბუშტისა, საჭმლის მომნელებელი სისტემისა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სიყვითლე შეიძლება განვითარდეს, თუ:

* გაძლიერებულია ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური სიყვითლე);

* გადატვირთული ან დაზიანებულია ღვიძლი (პარენქიმული სიყვითლე);

* დარღვეულია ნაღვლის ტრანსპორტი (მექანიკური სიყვითლე).

სიყვითლის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

* ღვიძლისმიერი – ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, ამილოიდოზი, ღვიძლის ბაქტერიული აბსცესი, პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი ან მეტასტაზური კიბო, სარკოიდოზი;

* არაღვიძლისმიერი – სანაღვლე გზების სიმსივნე, სანაღვლე გზების შევიწროება, კენჭები, პანკრეატიტი, პანკრეასის სიმსივნე, ქოლანგიტი, ლიმფომა, ორსულობა, ტუბერკულოზი, სეფსისი.

სიყვითლეს იწვევს ზოგიერთი მედიკამენტიც:

* ანტიბიოტიკები, განსაკუთრებით – ამპიცილინი და სხვა პენიცილინები;

* ანაბოლური სტეროიდები;

* ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვ.

 

როგორ ვყვითლდებით

სიყვითლე შესაძლოა ერთბაშადაც განვითარდეს და თანდათანობითაც. მაღალი ხარისხის იქტერუსის დროს სკლერები შესაძლოა გაყავისფრდეს კიდეც. ხშირად იცვლება განავლისა და შარდის ფერი. ამ უკანასკნელს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. სხვა სიმპტომები, ცხადია, გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჰეპატიტს გულისრევა, ღებინება, სისუსტე, დაღლილობა ახასიათებს, ღვიძლისა თუ ნაღვლის ბუშტის კიბო საწყის სდატიებზე, როგორც წესი, უსიმპტომოა ან მხოლოდ დაღლილობითა და წონის კლებით იჩენს თავს.

 

როგორ განვასხვაოთ

სხვადასხვა წარმოშობის სიყვითლეს სხვადასხვანაირი გამოვლენა ახასიათებს. თანმხლებ ნიშნებს დიდი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს. მაგალითად:

* ჰემოლიზური სიყვითლის დროს, როდესაც სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის რაოდენობა იმატებს, შარდი ნარინჯისფერ-ყვითელი ხდება, განავალი კი მუქი.

* პარენქიმული სიყვითლის დროს დარღვეულია პირდაპირი ბილირუბინის ნაღველში გადასვლა და პიგმენტი სისხლში ხვდება. თუ ჰეპატოციტების დაზიანების შედეგად კონიუგაციის (შეკავშირების) პროცესიც დაირღვა, შესაძლოა, არაპირდაპირმა ბილირუბინმაც მოიმატოს. შარდი ამ დროს მუქ ლუდისფერს იღებს, განავალი კი უფერულდება.

* მექანიკური სიყვითლე ვითარდება ყველა იმ მდგომარეობის ფონზე, რომლის დროსაც ღვიძლიდან ნაღვლის დენა იბლოკება ან ნელდება. სიყვითლეს თან ახლავს თეთრი ან თიხისფერი განავალი, მუქი შარდი, ქავილი, ღებინება, გულისრევა, მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს ტკივილი.

 

ყოველთვის ავადმყოფობის ნიშანია?

რა ხდება, თუ კანი ყვითლად შეიფერა, სკლერების ფერი კი უცვლელი დარჩა?

ეს სიყვითლე არ არის. პრობლემის მიზეზი ამ დროს კვების რაციონში უნდა ვეძებოთ, ვინაიდან კანს მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობას აძლევს კაროტინი. ეს ნარინჯისფერი პიგმენტი სტაფილოსა და ზოგიერთი სხვა ბოსტნეულის შემადგენლობაში შედის, ასე რომ, თუ ბევრი მიირთვით, შესაძლოა გაყვითლდეთ.

 

როგორ სვამენ დიაგნოზს

დიაგნოზის დასმის მიზნით ჩაგიტარებენ სისხლის სხვადასხვა ანალიზს, შეაფასებენ ღვიძლის მდგომარეობას, დაათვალიერებენ მუცლის ღრუს სხვა ორგანოებს. შესაძლოა, საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია, ღვიძლის ბიოფსია.

 

გვეშინოდეს თუ არა?

პროგნოზი მიზეზზეა დამოკიდებული – თუ სიყვითლე წამლის ბრალია, ამ წამლის შეწყვეტა პრობლემას მოაგვარებს. არც ნაღველკენჭოვანი დაავადებაა განაჩენი, მით უმეტეს დღეს, როცა ნაღვლის ბუშტის ოპერირება ასე მარტივია. შეიძლება მოიძებნოს მკურნალობის მეთოდი სიმსივნის შემთხვევაშიც, – ცხადია, სტადიისა და პაციენტის საერთო მდგომარეობის შესაბამისად. ჰეპატიტების მკურნალობა კი მსოფლიოში ყველაზე ადვილი საქართველოშია. მთავარია, ექიმს მიმართოთ და მისი ყველა რეკომენდაცია შეასრულოთ.

 

ყვითელი ახალშობილი

უკვე ვთქვით, რომ სიყვითლე ყოველთვის არ არის ავადმყოფობის ნიშანი. ამის ერთ–ერთი მაგალითია ახალშობილთა სიყვითლე, რომელიც ათიდან რვა ახალშობილთან გვხვდება.

როგორ ამოვიცნოთ, დგას თუ არა ავადმყოფობა სიყვითლის მიღმა?

* თუ სიყვითლე დაბადებიდან მეორე დღეს განვითარდა და მეათე–მეთოთხმეტე დღემდე გაგრძელდა, ახალშობილის საერთო მდგომარეობა ნორმალურია, შარდისა და განავლის ფერი უცვლელია, ღვიძლი და ელენთა არ არის გადიდებული – სიყვითლე ფიზიოლოგიურად მიიჩნევა. ამ დროს სისხლში ბილირუბინი ზომიერადაა მომატებული და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

* თუ სიყვითლემ პირველი 24 საათის განმავლობაში ან 7 დღის შემდეგ იჩინა თავი, განავალმა და შარდმა ფერი იცვალა, ღვიძლი და ელენთა გადიდებულია – სიყვითლე პათოლოგიურად ფასდება და მიზეზის დასადგენად შემდგომი კვლევა იწყება.

 

რამ გააყვითლა პატარა

მაშ, რატომ ყვითლდება ბავშვი, თუ ავად არ არის?

საქმე ის გახლავთ, რომ დაბადებისას იშლება დიდი რაოდენობით ფეტალური (ნაყოფის) ერითროციტი. შედეგად სისხლში იმატებს არაპირდაპირი ბილირუბინის დონე. ჯერ კიდევ უმწიფარი ღვიძლი ჭარბ ბილირუბინს მთლიანად ვერ ამუშავებს. ამის შედეგია სიყვითლეც. იოლი მისახვედრია, რომ რაც უფრო დღენაკლულია ახალშობილი (და, მაშასადამე, უმწიფარია მისი ღვიძლი), მით უფრო დიდია სიყვითლის განვითარების ალბათობა.

სიყვითლის გავრცელებული მიზეზია რესუზშეუთავსებლობა. ამ დროს რეზუსუარყოფითი დედის ორგანიზმი რეზუსდადებითი ნაყოფის საწინააღმდეგოდ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რომლებიც ბავშვის ერითროციტებს შლის და ამგვარად ზრდის სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაციას.

სიყვითლე შესაძლოა გამოიწვიოს მშობიარობისას მიღებულმა ტრავმამ, თანდაყოლილიმა ინფექციამ, გენეტიკურმა დაავადებამ, სანაღვლე გზების პათოლოგიამ, ენოდკრინულმა დაავადებამ და სხვა.

გაგიკვირდებათ და სიყვითლის გახანგრძლივება ზოგჯერ ძუძუთი კვების ნაკლებობის ბრალია – სითხის უკმარისობა შარდვისა და დეფეკაციის შემცირებას იწვევს, რის შედეგადაც ნელდება ორგანიზმის ბილირუბინისგან გათავისუფლების პროცესი.

სიყვითლის კიდევ ერთი მიზეზი დედის რძეში ბეტა გლუკურონიდაზას სიჭარბეა. ამ შემთხვევაში სიყვითლე ძუძუთი კვების შეწყვეტიდან მეორე-მესამე დღეს გაივლის.

 

რატომ გვეშინია არაპირდაპირი ბილირუბინის?

ის, როგორც ვთქვით, ორგანიზმიდან ვერ გამოიდევნება. სამაგიეროდ, ცხიმში ხსნადი ბუნების წყალობით ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს – თავის ტვინში ხვდება და აზიანებს მას. ვითარდება მძიმე დაავადება – ბილირუბინული ენცეფალოპათია, რაც შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს, ამიტომ პათოლოგიური სიყვითლე სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.

მთავარი თემა მოამზადა გვანცა გოგოლაძემ

გააზიარე: