რევაზ ბაღათურია – სიკვდილთან მებრძოლი კაცი

გააზიარე:

 

– რევაზ ბაღათურიაზე ფიქრის დროს ამერიკელი მწერლის პოლ დე კრუის წიგნი – “სიგიჟესთან მებრძოლი კაცი” (Men Against Death) მახსენდება, – გვეუბნება ხუტა პაჭკორია, რომელსაც ცნობილ ნეფროლოგთან არა მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა, არამედ მეგობრობაც აკავშირებდა, – ამ წიგნში მოთხრობილია ფსიქიატრ ჯეკ ფერგიუსონის ამბავი, რომელმაც თავად გამოსცადა ფსიქიკური დაავადების სიმწარე, თავი დააღწია მას და შემდეგ პაციენტებს საკუთარი გამოცდილებით და, რაც მთავარია, დიდი სიყვარულით კურნავდა. რევაზის შემთხვევაში პირიქით მოხდა – სიცოცხლის ბოლოს რამდენიმე მძიმე სნეულება შეეყარა, ხოლო უკანასკნელი აკორდი, ბედის ირონიით, სწორედ ის დაავადება აღმოჩნდა, რომლის სამკურნალოდაც მთელი სიცოცხლე თავად მას აკითხავდნენ...

 

– რეზო 1947 წლის 15 ივლისს თბილისში დაიბადა. საუკეთესო მოწაფე იყო, ნათელი და გახსნილი გონების პატრონი. სხვათა შორის, კოსმოსისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ საკავშირო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. ჟიურის საოცრად მოეწონა მისი ნამუშევარი. ვერაფრით დაიჯერეს, რომ ეს სკოლის მოსწავლემ დაწერა.

 

კინაღამ მსახიობი

– მოხდენილი გარეგნობა ჰქონდა. რამდენიმე რეჟისორმა ფილმში გადაღებაც შესთავაზა. კინომსახიობობასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მამამისი ალექსანდრე ცნობილი სტომატოლოგი იყო. ალბათ, ამის გამოც შეაჩერა არჩევანი მედიცინაზე.

1965-ში წარჩინებით დაამთავრა თბილისის 57-ე სკოლა და კურსკის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. პირველივე წელს ისე გამოიჩინა თავი, რომ რექტორი თბილისში აღარ უშვებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადმოვიდა. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1971 წელს დაამთავრა. მაშინდელი წესის მიხედვით, სოფლის ექიმად გაანაწილეს. სამხრეთ საქართველოში, ადიგენის რაიონში სოფლების უდესა და წრეს მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მიანდეს. პაციენტებმა ძალიან შეიყვარეს ახალგაზრდა ექიმი. ბორჯომიდან, ახალციხიდან, ახალქალაქითან, აბასთუმნიდანაც კი აკითხავდენენ. დამსვენებლებიც ხშირად სარგებლობდნენ მისი კონსულტაციით. ისეთი სახელი მოიხვეჭა, 40 წლის შემდეგაც კი ჩამოდიოდნენ იქაურები თბილისში მის სანახავად. ის კი არა, ვინც მისი გარდაცვალება ვერ გაიგო, ახლაც მოდიან ხოლმე.

 

არჩევანი: ნეფროლოგია

1973 წელს მამის გარდაცვალების გამო თბილისში დაბრუნება მოუხდა. ერთხანს რუსთავისა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში მუშაობდა. როგორც კი რესპულიკური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდა (მანამდე მაშინდელი პლეხანოვის 60 ნომერში იყო), ნეფროლოგიურ განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. განყოფილების გამგეს, შესანიშნავ ექიმს ქეთევან ანჯაფარიძეს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის წამყვან ნეფროლოგებთან – აკადემიკოს ევგენი ტარეევსა და მის კლინიკასთან, ლენინგრადის ნეფროლოგიურ ინსტიტუტთან, მისსავე პროპედევტიკის კათედრასთან, სადაც პროფესორი სერგეი რიაბოვი აქტიურად იკვლევდა თირკმელების კლინიკურ ფიზიოლოგიას, მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი თერაპიული კათედრის გამგესთან გეორგ შულცევთან, ბორის შულუტკოსთან და სხვებთან. ეს კორიფეები ხშირად ჩამოდიოდნენ თბილისში, სესიებს, ლექციებს ატარებდნენ ექიმებისთვის. მათ ძალიან მოსწონდათ ახალგაზრდა, ენერგიული, ჭკვიანი ექიმი და თავისთან იწვევდნენ, კათედრის გამგეობას, პროფესორობას, სამეცნიერო საქმიანობისთვის საუკეთესო პირობებს სთავაზობდნენ, მაგრამ ვერ გადაიბირეს, სიცოცხლის ბოლომდე საქართველოსა და თავისი ხალხის ერთგული დარჩა.

 

პრაქტიკა და თეორია

– ნეფროლოგია ერთ-ერთი ურთულესი დარგია. რეზო პრაქტიკასთან ერთად სამეცნიერო მუშაობასაც ეწეოდა. ხშირად კითხულობდა მოხსენებებს მოსკოვის ნეფროლოგიურ კლინიკაში და თერაპევთტა სამეცნიერო კონფერენციებზე. 30-მდე ნაშრომი დაწერა. სხვათა შორის, საერთო ნაშრომებიც გვაქვს გამოქვეყნებული.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დროს უსწრებდა. გამჭრიახი, საღად მოაზროვნე ადამიანი იყო. მეცნიერთა უმრავლესობა პრაქტიკოს ექიმად ვერ ყალიბდებოდა, რადგან იმ დროს, რომელიც ავადმყოფის საწოლთან უნდა გაეტარებინათ, ბიბლიოთეკებსა და არქივებში ხარჯავდნენ, რეზო კი ლამის სავადმყოფოში ათენებდა და აღამებდა. რომ იკითხავდნენ, სად  არისო, თვითონვე უპასუხებდნენ: სად იქნება – ან საავადმყოფოში, ან თვითმფრინავშიო.

თვითმფრინავით კი ხშირად დაჰყავდათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მძიმე ავადმყოფების საკონსულტაციოდ. ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებდა, თავისი პროფესია ასე რომ არ ჰყვარებოდა.

ოცი წლის განმავლობაში რეზო რესპუბლიკური საავადმყოფოს წამყვანი ნეფროლოგი იყო. მაგრამ მისი კომპეტენცია თირკმლის დაავადებების ცოდნით არ შემოიფარგლებოდა: იყო კარგი კარდიოლოგი, კარგი თერაპევტი. მედიცინის სხვა დარგებში საკონსულტაციოდაც ხშირად იწვევდნენ.

მისი მორიგეობის დროს განყოფილება პაციენტებით იყო სავსე – წინასწარ გაიგებდნენ, როდის მორიგეობდა და კონსულტაციისთვის იმ საღამოს მივიდოდნენ ხოლმე.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1992 წლამდე იმუშავა. მერე რეორგანიზაციის გამო ზოგიერთი განყოფილება გაუქმდა, ექიმები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. რეზომ კერძო ბიზნესს მოჰკიდა ხელი, სააფთიაქო ქსელი დააარსა. მოგვიანებით ურონეფროლოგად მუშობდა კერძო დიაგნოსტიკურ კლინიკა “ტესტში”. იყო ასევე პატარა კერძო კლინიკის – “სამკურნალო სახლის” დირექტორი. მოკლე ხანში მოახერხა, კლინიკის გუნდი საუკეთესო სპეციალისტებით დაეკომპლექტებინა.

 

ურთიერთობის დიდოსტატი

– ურთიერთობის დიდოსტატი გახლდათ. წლების განმავლობაში უმძიმეს, დიალიზიან ავადმყოფებს მკურნალობდა და შეეძლო, ყველაზე უიმედო პაციენტისთვისაც კი იმედი ჩაესახა. ექიმს  თავის პრაქტიკაში უამრავი თავისებური ადამიანი ხვდება, ყველას თავის ენაზე უნდა დაელაპარაკოს, შინაგანი კავშირი დაამყაროს, დააიმედოს. ეს ძალიან ძნელია და რეზოს ამაში ტოლი არ ჰყავდა.

კულტურისა და სპორტის ბევრი ცნობილი მოღვაწე მასთან მკურნალობდა. ყველას იცნობდა, ყველასთვის “ჩვენი რეზო” იყო.

 

ნამდვილი მებრძოლი

– სიცოცხლის მოტრფიალე გახლდათ, მებრძოლი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამიტომაც გაუძალიანდა ამდენ ხანს უმძიმეს დაავადებებს. ჯერ გულმა შეაწუხა – ქოლესტეროლის სიჭარბე აღმოაჩნდა, ოჯახური ფორმა. ამავე პათოლოგიამ მოკლა მამამისიც 57 წლის ასაკში.

ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდა. ვარჯიშობდა, არც ეწეოდა, სწორად იკვებებოდა, მაგრამ დაავადება მემკვიდრეობით გადაეცა და ცხოვრების წესმა ვერ უშველა.

1991 წელს მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტს მიმართა, რომლის დირექტორიც ვლადიმერ ბურაკოვსკი იყო, თბილისელი კაცი. რეზოს მის კლინიკაში ერთ-ერთ პირველს ჩაუტარეს გულის აორტოკორონარული შუნტირება. მაშინ ეს ახალი მეთოდი იყო, გამოცდილებაც არ არსებობდა. საბედნიეროდ, ოპერაცია კარგად გადაიტანა, თხუთმეტი წელი გულს აღარ შეუწუხებია. ისევ რომ დაეწყო ჩივილები, ავსტრიაში მეორე ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგმა თქვა, სისხლძარღვები ისეა კალცირებული, ასეთი რთული შემთხვევა აქამდე არ შემხვედრიაო. რაკი გადასანერგავად ქვედა კიდურების ვენები ამოუღეს, კინაღამ ფეხის ამპუტაციის საკითხიც დაისვა, მაგრამ მისმა ექიმმა მეუღლემ იყოჩაღა და გადაარჩინა. სხვათა შორის, დარეჯანი ცნობილი უროლოგის დიმიტრი მურვანიძის ქალიშვილი გახლავთ.

ოთხი წლის შემდეგ ისევ შეაწუხა ჯანმრთელობამ. ორი შუნტირება დასჭირდა. ამას არითმია და კარდიომიოპათიაც დაერთო. მერე დიაბეტიც დაემართა, რომელიც თირკმელების უკმარისობით გაურთულდა. დიალიზი (ხელოვნური თირკმელი) დასჭირდა. 20 წელი დიალიზიან პაციენტებს მკურნალობდა და შესანიშნავად იცოდა, რომ ეს თირკმლელების უკმარისობის ფინალური სტადია იყო, მაგრამ ისეთი ძლიერი სულის პატრონი გახლდათ, არ ეპუებოდა. ამბობდა, მე ეს ავადმყოფობა ვერ მომერევაო. ოთხი უმძიმესი ოპერაცია, მოციმციმე არითმიის მძიმე ფორმა, დიაბეტი, დიალიზი – და მაინც, უკანასკნელ დღემდე ოპტიმიზმის განსახიერება იყო.

რევაზ ბაღათურია მშობლიურ რეპუბლიკურ საავადმყოფოში აღესრულა 2017 წლის 5 ივნისს, 70 წლის იუბილემდე ერთი თვით ადრე.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: