ჰაერის არომატიზატორი - როგორ შევქმნათ სახლში სასიამოვნო ატმოსფერო

Поделитесь:

ჰაერის არომატიზატორი შესანიშნავი საშუალებაა სახლში უსიამოვნო სუნის გასაქრობად და მყუდრო, სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად. რა თქმა უნდა, მზა პროდუქტის შეძენაც შეგიძლიათ, მაგრამ თუ თავად დაამზადებთ, ზუსტად გეცოდინებათ მისი შემადგენლობა და დარწმუნებული იქნებით, რომ ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს.

ბუნებრივი ეთერზეთებისა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან (სოდა, ლიმონი, სურნელოვანი ბალახი, დარიჩინი და სხვა) შეგიძლიათ შექმნათ სურნელი, რომელიც მხოლოდ სისუფთავისა და მყუდროების შეგრძნებას კი არ შემოიტანს სახლში, არამედ თქვენს განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს.

ზეთოვანი არომატიზატორი

დაგჭირდებათ:

  • მინის ვიწროყელიანი დეკორატიული ჭურჭელი;
  • 200 მლ უსუნო მცენარეული ზეთი (მზესუმზირას, ნუშის ან სხვა);
  • 5-10 ცალი ხის (მაგალითად, ბამბუკის ან რატანის) ჩხირი, ჭურჭლის სიმაღლეზე ოდნავ მეტი სიგრძისა;
  • 10-15 წვეთი ეთერზეთი თქვენი გემოვნებისამებრ.

მომზადების წესი:

• აავსეთ ბოთლი მცენარეული ზეთით.

• წვეთწვეთობით დაამატეთ ეთერზეთი. დაიწყეთ ორი-სამი წვეთით, რადგან ეთერზეთები ძალიან კონცენტრირებულია და ძლიერი სურნელი აქვს. მიიყვანეთ სასურველ ინტენსივობამდე.

• ჩაყავით ჩხირები ზეთში, კარგად მოურიეთ, რომ შეიწოვოს, მერე ამოიღეთ და მეორე მხრიდან ჩააწყვეთ. ბუნებრივი და ნაზი სურნელი მალე მთელ ოთახში გავრცელდება.

ალკოჰოლის ფუძეზე დამზადებული არომატიზატორი

შეგიძლიათ, მცენარეული ზეთის ნაცვლად გამოიყენოთ მაღალი ხარისხის ეთილის სპირტი ან არაყი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა არანაკლებ 50%-ია.

დაგჭირდებათ:

  • მინის ვიწროყელიანი ჭურჭელი
  • 80 მლ უსუნო არაყი ან სპირტი
  • 10 მლ გლიცერინი
  • 15-20 წვეთი ეთერზეთი
  • 6-8 ბამბუკის/რატანის ჩხირი

მომზადების წესი:

• სპირტში ჩაასხით გლიცერინი, კარგად აურიეთ.

• დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და რამდენჯერმე შეანჯღიეთ, ინგრედიენტები კარგად რომ შეერიოს ერთმანეთს.

• ჩააწყვეთ ჩხირები ჭურჭელში და დაელოდეთ. კარგად რომ გაიჟღინთება, ამოატრიალეთ

სპირტზე დამზადებულ არომატიზატორს უფრო ინტენსიური სურნელი აქვს, თუმცა უფრო სწრაფადაც ორთქლდება.

სურნელოვანი სპრეი

თუ ზეთოვანი არომატიზატორი არ მოგწონთ და უფრო მსუბუქი, სწრაფად განახლებადი არომატი გირჩევნიათ, მოსინჯეთ წყლის ბაზაზე დამზადებული ბუნებრივი არომატიზატორის სპრეი.

დაგჭირდებათ:

  • პულვერიზატორიანი ბოთლი (უმჯობესია, მინისა ან გამჭვირვალე პლასტმასისა);
  • 300 მლ გამოხდილი წყალი;
  • 100 მლ სპირტი ან არაყი (ეთერზეთების უკეთ შესარევად);
  • 20 გრამი საცხობი სოდა;
  • რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.

მომზადების წესი:

ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლში. ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. მიაფრქვიეთ ქსოვილებს – რბილ ავეჯს, ფარდებს. რამდენიმე წამში ოთახში სასიამოვნო, სუფთა სურნელი დატრიალდება.

რჩევა: მთელ სახლში მოფრქვევამდე არომატიზატორი მცირე ზედაპირზე მოსინჯეთ. დარწმუნდით, რომ ლაქას არ ტოვებს.

სურნელოვანი პაკეტები

დაგჭირდებათ:

  • ბამბის ან სელის ქსოვილისგან შეკერილი ქისა. შეიძლება წვრილი ბადისაც;
  • სურვილისამებრ შერჩეული გამხმარი მცენარე ან მცენარეთა ნარევი (გვირილა, ჟასმინი, ლავანდის ყვავილები, ვარდის ფურცლები, როზმარინის წიწვები, ლიმონის ქერქი და სხვა);
  • ლენტი

მომზადების წესი:

• შეავსეთ პაკეტის ორი მესამედი გამხმარი ყვავილებით ან ბალახებით, ლენტით თავი მოუკარით და სასურველ ადგილზე დადეთ.

• სურნელის გასაძლიერებლად შეგიძლიათ, ქისა დროდადრო შეანჯღრიოთ ან ორი-სამი ქისა სხვადასხვა ადგილას დააწყოთ.

რომელი რისთვის

საკუთარი ხელით დამზადებული არომატიზატორები მხოლოდ სასიამოვნო სურნელს კი არ აკმევს, არამედ შინაგან ჰარმონიასაც გვიბრუნებს. შეგიძლიათ, არომატი სასურველი ეფექტის მიხედვით შეარჩიოთ. მაგალითად:

დამამშვიდებელი და მომადუნებელი არომატები

ლავანდა, გვირილა, თეთრი სანდალოზი, ვარდის ფურცლები და ღერო, ილანგ-ილანგი, ბარამბო (მელისა), ჟასმინი - ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს სტრესს, შფოთვას, შინაგან დაძაბულობას, ხელს უწყობს მშვიდ ძილს, ამაღლებს განწყობას. იდეალურია საძინებლისა და მოსასვენებელი სივრცისთვის.

გამამხნევებელი და ენერგიის მომცემი არომატები

ციტრუსოვანი ეთერზეთები, მაგალითად, ლაიმისა, მანდარინისა, ფორთოხლისა, გრეიფრუტისა, ასევე – პიტნისა, ევკალიპტისა და როზმარინისა (მათ შორის მათი ქერქი და ფოთლები), ბუნებრივი სტიმულატორებია, რომლებიც მატებს ტონუსს, ამაღლებს განწყობას, ხსნის დაღლილობას და უზრუნველყოფს ენერგიის მატებას. იდეალურია სამუშაო სივრცეში ან სააბაზანოში, როცა დღის დასაწყებად მეტი ენერგია და მოტივაცია გჭირდებათ.

კონცენტრაციის გასაძლიერებლად

პიტნა, ევკალიპტი, როზმარინი აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს კონცენტრაციას. პიტნისა და ლიმონის ნაზავი ხელს უწყობს გონებრივ მუშაობას.

რომანტიკული, მსუბუქად აღმგზნები არომატები

ვარდი, ჟასმინი, ილანგ-ილანგი, დარიჩინი, ვანილი აღვიძებს გრძნობებს, იწვევს სასიამოვნო ემოციებს, ათბობს ატმოსფეროს.

რომანტიკული გარემოსთვის შეგიძლიათ შექმნათ არომატების ნაზავიც, მაგალითად:

• 4 წვეთი ილანგ-ილანგი

• 3 წვეთი სანდალოზი

• 2 წვეთი ვარდი

• 1 წვეთი ჟასმინი

აურიეთ ეთერზეთები გემოვნებისამებრ. მთავარია, სურნელი იყოს ჰარმონიული და არც ისე მძაფრი.

ჰაერის გამწმენდი არომატები

ევკალიპტი, ჩაის ხე, ლიმონი და სხვა ციტრუსები, პიტნა, როზმარინი, ფიჭვი, მიხაკი და დარიჩინი იდეალურია ჰაერში მიმობნეულ მიკრობებთან საბრძოლველად, აქრობს უსიამოვნო სუნს და უზრუნველყოფს სისუფთავისა და სიახლის შეგრძნებას. საუკეთესო ეფექტისთვის ხშირად ურევენ მიხაკს, ლიმონს, დარიჩინს, ევკალიპტს, როზმარინს.

მწერების მოსაგერიებელი არომატები

თუ გსურთ, მწერები ბუნებრივი გზით მოიშოროთ, სინჯეთ არომატები, რომლებიც მათ ნამდვილად არ უყვართ, მაგალითად, ლიმონის ქერქი დაფნის ფოთლებსა და მიხაკთან ერთად. მწერების მოსაგერიებლად ყველაზე ეფექტური არომატებია: ციტრონელა, ლემონგრასი, პიტნა, ლავანდა, ევკალიპტი, მიხაკი, ბეგქონდარა.

არომატების სამყაროში კომბინაციების შესაძლებლობა უსაზღვროა. შეგიძლიათ, ჩაატაროთ თამამი ექსპერიმენტები და ყოველ სეზონზე განსხვავებული განწყობა შექმნათ. მაგალითად, შობასა და ახალ წელს განსაკუთრებით უხდება დარიჩინის, ფორთოხლის, ვანილისა და ფიჭვის სურნელი, რომელსაც სახლში სითბო და სადღესასწაულო განწყობა შემოაქვს. ზაფხულში საკმარისია მსუბუქი სპრეი ციტრუსის ან პიტნის ნოტებით, რომელიც სიგრილისა და სისუფთავის სურნელს აფრქვევს, ზამთარში კი, როცა უფრო ინტენსიური სურნელი გსურთ, დიფუზორი საუკეთესო არჩევანია. ის თანაბრად და დიდხანს ავრცელებს არომატს.

დაბოლოს, თუ ხელსაქმე გიყვართ, სცადეთ სურნელოვანი სანთლის მომზადება, რომელიც ინტერიერსაც გაალამაზებს და სასიამოვნო არომატითაც აავსებს ოთახს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Поделитесь: