კაფსულებიანი ყავის აპარატი – რა უნდა ვიცოდეთ
Поделитесь:
დღეს, როცა ბევრი რამის კეთება წუთის მეასედებში გვიწევს, კაფსულებიანი ყავის აპარატი საგრძნობლად ამარტივებს დილის რუტინას. სულ რამდენიმე წამია საჭირო არომატული ესპრესოს, კაპუჩინოსა თუ ლატეს მოსამზადებლად.
იმის გასარკვევად, ღირს თუ არა კაფსულებიანი ყავის აპარატის შეძენა, ის რამდენიმე კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ. ესენია: მუშაობის პრინციპი, ტექნიკური მახასიათებლები, სხვადასხვა ბრენდის კაფსულებთან თავსებადობა, კაფსულების ხელმისაწვდომობა და მოვლის სიმარტივე.
როგორ მუშაობს
აპარატი ავტომატიზებული პროცესით სწრაფად და კომფორტულად ამზადებს ყავას. ამისთვის ის პლასტმასის ან ალუმინის კაფსულებს იყენებს, რომლებშიც ვაკუუმურად არის შეფუთული დოზებად დაყოფილი ყავის ფხვნილი. კაფსულას სპეციალურ განყოფილებაში ვათავსებთ, აპარატში ჩაშენებული გამათბობელი (თერმობლოკი) კი წამებში აცხელებს წყალს, რომელიც, მოდელის მიხედვით, 8-დან 19 ბარამდე წნევით მიეწოდება ყავას. მაღალი წნევის წყალობით ყავის არომატული ეთერზეთები სასმელში გადადის, ცარიელი კაფსულა კი ავტომატურად ვარდება ნარჩენების კონტეინერში ან მომხმარებელი თავად იღებს და აგდებს მას.
კაფსულებიანი აპარატი ძვირად ღირებული მთლიანად ავტომატური აპარატის იაფი და კომპაქტური ალტერნატივაა. ის განსაკუთრებით მოხერხებულია ოფისებისა და საკონფერენციო დარბაზებისთვის, რადგან, კაფსულების მრავალფეროვანი არჩევანის წყალობით, სხვადასხვა გემოვნების ადამიანების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
პლუსები
გამარტივებული პროცესი – არ არის საჭირო არც ყავის დაფქვის ხარისხის, არც ყავისა და წყლის რაოდენობის ხელით რეგულირება. საკმარისია, კაფსულა აპარატში ჩადოთ და ღილაკს თითი დააჭიროთ.
სისწრაფე და მოხერხებულობა – არომატული ყავა რამდენიმე წამში მზად არის.
სტაბილური გემო – კაფსულებში იდეალურადაა დოზირებული ყავა, რაც სასმლის სტაბილურ გემოს უზრუნველყოფს.
ყავის მრავალფეროვნება – კაფსულებში მოთავსებულ ყავას სხვადასხვა არომატი და სიმაგრე აქვს. მრავალი მოდელი აღჭურვილია რძის ინტეგრირებული ან გარე რეზერვუარით, რისი წყალობითაც შეგვიძლია, მოვამზადოთ ყავის რძიანი ვარიაციებიც.
ადვილი მოსავლელია – აპარატში არ გროვდება ნალექი, ამიტომ ის მინიმალურ მოვლას მოითხოვს.
მინუსები
სიძვირე – კაფსულები უფრო ძვირია, ვიდრე დაფქული ან მარცვლოვანი ყავა.
კაფსულების შეზღუდული არჩევანი – კაფსულების მრავალი სისტემა ერთმანეთთან შეუთავსებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც აპარატს ყიდულობთ, ავტომატურად ირჩევთ კონკრეტულ სისტემას, რომლისთვისაც სხვა სისტემის კაფსულებს უმეტესად ვერ გამოიყენებთ. ეს იმიტომ, რომ მწარმოებლები ცდილობენ, კაფსულების ბაზარზე მონოპოლია შეინარჩუნონ. თუმცა ბოლო ხანს გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატიული კაფსულების წარმოება.
ეკოლოგიური ზიანი – გარემოში მეტი ნარჩენი გროვდება, პლასტმასის და ალუმინის კაფსულები კი ძნელი გადასამუშავებელია.
კაფსულური სისტემა
ყავის კაფსულები ერთნაირი არ არის. თითოეული ბრენდი თავის უნიკალურ სისტემას ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ბრენდის აპარატები ერთმანეთის კაფსულებს ვერ იყენებენ. ამის მიზანი მოგების გაზრდაა. მომხმარებელი, რომელიც კონკრეტული ბრენდის ყავის აპარატს ყიდულობს, იძულებულია, კაფსულებიც ამავე ბრენდისა შეიძინოს. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ბრენდებს ჰქონდათ პატენტი კაფსულებისა და აპარატის დიზაინზე, რაც სხვა მწარმოებლებს არ აძლევდა უფლებას, შეექმნათ მათ აპარატებთან თავსებადი კაფსულები, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ბაზარზე კონკრეტული ბრენდების მონოპოლია.
კაფსულების ყველაზე პოპულარული სისტემებია ნესპრესო (Nespresso), ტასიმო (Tassimo), დოლჩე გუსტო (Dolce Gusto), კაფისიმო (Cafissimo).
რა განასხვავებს კაფსულების სისტემებს?
* ფორმა და ზომა – თითოეულ სისტემას აქვს განსხვავებული ზომისა და დიზაინის კაფსულები;
* მოქმედების პრინციპი – ზოგი აპარატი კაფსულაში მაღალი წნევით ატარებს წყალს (მაგალითად, ნესპრესო), ზოგი კი სპეციალური ბარკოდის ტექნოლოგიას იყენებს (ტასიმო).
* ყავის კონცენტრაცია და მომზადების მეთოდი – ზოგი სისტემა განკუთვნილია მხოლოდ ესპრესოსთვის (ნესპრესო), მაშინ როდესაც სხვები რძიანი სასმელების მოსამზადებლადაც გამოდგება (დოლჩე გუსტო).
* ტექნიკური მახასიათებლები – აპარატებს განსხვავებული წნევა, კაფსულის გახვრეტის მექანიზმი და წყლის ნაკადის სისტემა აქვს.
დღეს, როგორც გითხარით, უკვე გამოდის სხვადასხვა აპარატთან თავსებადი კაფსულები, თუმცა შეძენამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ შერჩეულ მოდელს ყველა სასურველი კაფსულა მიესადაგება.
ნესპრესო
ნესპრესო გვთავაზობს კაფსულების ორ განსხვავებულ სისტემას – Nespresso Original-ს და Nespresso Vertuo-ს. ნესპრესოს კაფსულები მთლიანად ალუმინისგან არის დამზადებული.
Nespresso Original იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს ყავის ძლიერი და ინტენსიური გემო. ეს სისტემა განკუთვნილია ყავის მხოლოდ ორი ვარიაციისთვის – კლასიკური ესპრესოსა და ლუნგოსთვის. ის 8-9 ბარი (პროფესიონალური მოდელები – 19 ბარი) წნევით აწვდის წყალს ყავას, რაც პროფესიონალური ესპრესოს აპარატების სტანდარტს შეესაბამება, რათა ყავა უფრო მაგარი და სქელი გამოვიდეს. მისი კაფსულები პატარა ზომისა და ცილინდრული ფორმისაა. ზოგიერთი მოდელი სხვა ბრენდის კაფსულებთანაც თავსებადია.
Nespresso Vertuo შედარებით ახალი სისტემაა, რომელიც განსხვავებული ტექნოლოგიით მუშაობს. Nespresso Original-ისგან განსხვავებით, ის საშუალებას გვაძლევს, მოვამზადოთ არა მხოლოდ კლასიკური, არამედ ორმაგი ესპრესოც, ასევე მოკა, ლუნგო, ამერიკანო და სხვა უფრო რბილი და მსუბუქი ტექსტურის ყავები, თანაც უფრო დიდი – 500 მლ-მდე მოცულობის ჭიქაში. კაფსულები შედარებით დიდი ზომისაა და აღჭურვილია ბარკოდით, რომელსაც აპარატი კითხულობს და ავტომატურად არეგულირებს წყლის რაოდენობას, ტემპერატურას და წნევას.
სისტემა იყენებს მხოლოდ ნესპრესოს კაფსულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კაფსულები მხოლოდ ოფიციალური მწარმოებლისგან უნდა შეიძინოთ.
ორივე სისტემაზე შეიძლება რძის ასაქაფებელი მოწყობილობის დამონტაჟება.
ტასიმო
ტასიმოს აპარატებს არა მხოლოდ ყავის – ესპრესოს, ლუნგოს, კაპუჩინოს, ლატეს, არამედ სხვა ცხელი სასმელების: ჩაის, კაკაოს, ცხელი შოკოლადის – მომზადებაც შეუძლია. ის იყენებს T DISC კაფსულებს და მუშაობს ბარკოდის ტექნოლოგიით, ანუ აპარატი ბარკოდის მიხედვით ავტომატურად არეგულირებს წყლის რაოდენობას, ტემპერატურას და მომზადების დროს, რაც სასმლის ოპტიმალურ ხარისხს უზრუნველყოფს. ტასიმოს კაფსულები თითქმის მთლიანად პლასტმასისგან არის დამზადებული, მხოლოდ ხუფი აქვს ალუმინის, და მხოლოდ ტასიმოს აპარატებისთვის გამოდგება.
დოლჩე გუსტო
დოლჩე გუსტო "ნესტლეს" მიერ შექმნილი კაფსულებიანი ყავის სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ყავისა და სხვა სასმელების სწრაფად და მარტივად მომზადებას. ეს სისტემა იყენებს მაღალი (15 ბარი) წნევით ექსტრაქციის მეთოდს, რაც ყავის ინტენსიურ არომატსა და კრემისებურ კონსისტენციას განაპირობებს. ტასიმოს მსგავსად, დოლჩე გუსტოს კაფსულებიც პლასტმასისგან მზადდება.
დოლჩე გუსტოს კაფსულებით შესაძლებელია არა მხოლოდ ცხელი სასმელების – ყავის (ესპრესოს, ლუნგოს, რისტრეტოს, კაპუჩინოს, ლატე მაკიატოს), შოკოლადის, ჩაის, არამედ ცივი ჩაის, ცივი ყავისა და სხვა ცივი სასმელების მომომზადებაც.
დოლჩე გუსტოს აპარატებისთვის სხვა ბრენდის კაფსულებს ვერ გამოიყენებთ.
კაფისიმო
კაფისიმო არის გერმანული ბრენდის "ჩიბოს" (თცჰიბო) მიერ შექმნილი კაფსულებიანი ყავის სისტემა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ყავის სხვადასახვა ვარიაცია მოამზადოთ.
სისტემა იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც ყავის თითოეული ტიპისთვის (ესპრესო, კაფე კრემა, გაფილტრული ყავა) სხვადასხვა წნევით მოქმედებს, რათა მაქსიმალურად გამოკვეთოს ყავის გემო და არომატი.
კაფისიმო, სტანდარტულ ესპრესოსა და გაფილტრულ ყავასთან ერთად, უშვებს სპეციალურ არომატიზებულ კაფსულებსაც ვანილის, კარამელისა და სხვა არომატებით.
კაფისიმოს კაფსულები 100%-ით ბიოდეგრადირებადია და ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. კაფსულები "ჩიბოს" პრემიუმ ხარისხის ყავისგან მზადდება.
დამატებითი ფუნქციები
ზოგი მოდელი მხოლოდ შავ ყავას ამზადებს, ზოგი აღჭურვილია ორთქლის საქშენით რძის ასაქაფებლად, ხოლო მაღალი კლასის აპარატებს ინტეგრირებული რძის ავზი აქვთ, რაც კაპუჩინოსა და ლატეს მომზადებას კიდევ უფრო ამარტივებს.
ზოგიერთ მოდელს აქვს ჭიქის სიმაღლის მარეგულირებელი მექანიზმი სხვადასხვა ზომის ჭიქებისთვის.
უმაღლესი კლასის აპარატები აღჭურვილია დისტანციური მართვისა და სმარტფონთან დაკავშირების ფუნქციებით. ასეთ აპარატზე ყავას მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც მოამზადებთ.
ზოგ მოდელს ყავის ტემპერატურის კონტროლის ფუნქციაც აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ სასმელი, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს გემოვნებას.
ბევრ აპარატს აქვს ავტომატური გათიშვის სისტემა – ყავის მომზადებიდან გარკვეული ხნის შემდეგ თავისთავად ითიშება, რაც ხელს უშლის ელექტროენერგიის ზედმეტ ხარჯვას.
მნიშვნელოვანი კრიტერიუმები
კაფსულების თავსებადობა: ზოგი აპარატი მხოლოდ მწარმოებლის ორიგინალურ კაფსულებს იღებს, ზოგი კი სხვა ბრენდების კაფსულებთანაც თავსებადია.
სიმძლავრე და ენერგომოხმარება: მაღალი სიმძლავრე უზრუნველყოფს წყლის უფრო სწრაფ გაცხელებას, რაც, თავისთავად, ენერგიის მეტ დანახარჯასაც ნიშნავს. დაახლოებით 900-ვატიანი მოდელები იდეალურია სახლისთვის, ხოლო 1500-ვატიანებს უფრო მეტად კვების ობიექტებში იყენებენ.
რძის სისტემა: თუ რძიან ყავას ანიჭებთ უპირატესობას, შეიძინეთ მოდელი, რომელსაც რძის ასაქაფებელი მოწყობილობა აქვს. გაცილებით მოხერხებულია აპარატი რძის მოსახსნელი კონტეინერით, რომელსაც თავისუფლად შეინახავთ მაცივარში.
დიზაინი და ზომა: ყურადღება მიაქციეთ ზომასა და დიზაინს, რომ აპარატი კარგად მოერგოს თქვენს სამზარეულოს – არ ამოვარდეს საერთო სტილიდან და არც მეტისმეტად დიდი ადგილი დაიკავოს.
ჯილდა გაჩეჩილაძე







