გლუკოზა სისხლში - სიჭარბე და დეფიციტი

Поделитесь:

გლუკოზა ადამიანის ორგანიზმისთვის ენერგიის მთავარი წყაროა. სწორედ ის არის საკვების მონელებისა და დაშლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, ურომლისოდაც უჯრედებისა და ორგანოების მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა. განსაზღვრული ოდენობის გლუკოზა მუდმივად ცირკულირებს სისხლში და უჯრედების მყისიერ ენერგეტიკულ მოთხოვნას აკმაყოფილებს, გამოუყენებელ გლუკოზას კი ორგანიზმი ინახავს – უმთავრესად ღვიძლსა და კუნთებში გლიკოგენის სახით – და საჭიროებისას სისხლში გამოყოფს.

სისხლში გლუკოზის დონე მკაცრად რეგულირდება, რადგან ნორმიდან ნებისმიერი გადახრა – როგორც დეფიციტი (ჰიპოგლიკემია), ისე სიჭარბეც (ჰიპერგლიკემია) – სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციობასა და ჯანმრთელობას. გლუკოზის ბალანსი მჭიდროდ უკავშირდება სწორ კვებას და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღ წესს.

გლუკოზის მნიშვნელობა ორგანოთა სხვადასხვა სისტემისთვის

* ტვინი და ნერვული სისტემა – ტვინის უჯრედები ენერგეტიკულად თითქმის მთლიანად გლუკოზაზეა დამოკიდებული. გლუკოზის უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოფს ისეთი ფუნქციების შეუფერხებელ განხორციელებას, როგორიცაა ნერვული იმპულსების გადაცემა, აზროვნება, მეხსიერება და კონცენტრაცია. გლუკოზის დონის მკვეთრი დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) შესაძლოა გამოიხატოს სისუსტით, თავბრუხვევით, კოორდინაციის მოშლით, გონების დაკარგვით.

* კუნთები – ფიზიკური აქტივობისას კუნთები გლუკოზიდან იღებენ ენერგიას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი და ინტენსიური დატვირთვის დროს. გლუკოზა, როგორც უკვე ვთქვით, ცალკეულ ორგანოებსა და ქსოვილებში ინახება გლიკოგენის სახით და საჭიროებისას სწრაფად გამოთავისუფლდება, რაც კუნთებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

* სისხლის უჯრედები – ერითროციტებს (სისხლის წითელ უჯრედებს) არ გააჩნიათ მიტოქონდრიები და ენერგიას მთლიანად გლუკოზიდან იღებენ, ამიტომ მისი დეფიციტი პირდაპირ აისახება სისხლის ფუნქციობასა და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებაზე.

* ღვიძლი – ეს ორგანო საწყობის როლს ასრულებს. სწორედ აქ გროვდება გამოუყენებელი გლუკოზა გლიკოგენის სახით და საჭიროებისას ისევ სისხლში ბრუნდება, გლუკოზის დეფიციტის შემთხვევაში კი ღვიძლი მას თავად წარმოქმნის.

* იმუნური სისტემა – ინფექციისა და ანთების დროს ორგანიზმი უფრო მეტ გლუკოზას მოიხმარს, რადგან ლეიკოციტებს (თეთრ უჯრედებს) მავნე მიკროორგანიზმებთან საბრძოლველად ენერგია სჭირდებათ.

გლუკოზის ციკლი

საკვების დიდ ნაწილს ორგანიზმი გლუკოზად შლის. ეს უკანასკნელი სისხლში ხვდება. სისხლში გლუკოზის დონის მატებისას პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, გამოყოფს ინსულინს – ჰორმონს, რომელიც გლუკოზას უჯრედებში შეღწევაში ეხმარება. ინსულინი უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებზე მაგრდება და "აღებს კარს", რათა გლუკოზამ უჯრედებში შეაღწიოს.

უჯრედები გლუკოზას ენერგიის წყაროდ იყენებენ. ზედმეტი გლუკოზა გლიკოგენად გარდაიქმნება და ღვიძლსა და კუნთებში გროვდება.

როდესაც ორგანიზმს ენერგია სჭირდება (მაგალითად, კვებიდან კვებამდე შუალედში ან ძილის დროს), პანკრეასის სხვა ჰორმონი, გლუკაგონი, ღვიძლზე ზემოქმედებს. ღვიძლი, თავის მხრივ, შლის გლიკოგენს და გამოყოფს გლუკოზას, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის სტაბილური დონე ნარჩუნდება.

გლუკაგონი აქტიურდება მაშინაც, როდესაც სისხლში შაქრის დონე ეცემა. ის იწვევს

* გლიკოგენოლიზს – გლიკოგენის გლუკოზად დაშლას;

* გლუკონეოგენეზს – გლუკოზის სხვა ნივთიერებებისგან წარმოქმნას.

ინსულინს ბეტა-უჯრედები გამოიმუშავებს, ხოლო გლუკაგონს – ალფა-უჯრედები. ორივე პანკრეასის სპეციალურ უბნებში – ლანგერჰანსის კუნძულებში – მდებარეობს.

ინსულინი მცირე რაოდენობით ყოველთვის ცირკულირებს სისხლში. მისი მნიშვნელოვანი მატება ღვიძლს მიანიშნებს, რომ გლუკოზა გლიკოგენად უნდა გარდაქმნას.

რყევები

ჰიპერგლიკემია სისხლში შაქრის მაღალი დონეა. თუ ის დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანება გამოიწვიოს.

ჰიპოგლიკემია სისხლში შაქრის დაბალ დონეს ნიშნავს. მის მძიმე ფორმას სიცოცხლისთვის საშიში შედეგები მოჰყვება.

სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებასა და დაცემას განაპირობებს:

* ინსულინრეზისტენტობა – მდგომარეობა, როდესაც უჯრედები ინსულინზე აღარ რეაგირებს;

* დიაბეტი – განასხვავებენ მის ორ ტიპს. ტიპი 1 ინსულინის აბსოლუტური დეფიციტია და ავტოიმუნური წარმოშობისაა. ტიპი 2 მდგომარეობაა, როდესაც ინსულინრეზისტენტობას ემატება სისხლში ინსულინის დეფიციტი. ეს ტიპი ხშირად ცხოვრების წესს უკავშირდება;

* დაუბალანსებელი კვება.

საჭიროების შემთხვევაში გლუკოზის დონის სამართავად გამოიყენება ინსულინისა და გლუკაგონის პრეპარატები;

* ინსულინის პრეპარატები – აუცილებელია დიაბეტი ტიპი 1-ის დროს, ზოგჯერ – ტიპი 2-ის დროსაც.

* გლუკაგონი – გამოიყენება გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ჰიპოგლიკემია კრიტიკულად მძიმეა (არსებობს საინექციო ფორმა და ცხვირის სპრეი).

გასათვალისწინებელია, რომ ასაკთან ერთად ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობა მცირდება, ხოლო ღვიძლის მიერ გლუკოზის წარმოქმნა ოდნავ იმატებს, ამიტომ შესაძლოა, მომატებული იყოს უზმოზე გლუკოზის მაჩვენებელი (განსაკუთრებით – 40–50 წლიდან).

ორსულობისას პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონები ამცირებს ინსულინის ეფექტს, რათა ნაყოფმა საკმარისი ენერგია მიიღოს. ზოგიერთ ქალთან კლება გაცილებით მკვეთრია, რის გამოც ვითარდება გესტაციური დიაბეტი. ამ უკანასკნელისგან თავის დასაზღვევად აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი ორსულობის მეორე ნახევარში.

გლუკოზის შემოწმება

სისხლში შაქრის დონის სტანდარტული საზომი ერთეულია მილიგრამი დეცილიტრზე (მგ/დლ), თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში იყენებენ მილიმოლს ლიტრზე (მმოლ/ლ). გლუკოზას ზომავენ უზმოზე და ჭამიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ. გაზომვა შესაძლებელია როგორც ლაბორატორიაში (ვენურ სისხლში), ისე შინაც პორტატიული გლუკომეტრით. თანამედროვე გლუკომეტრები ისეა დაპროგრამებული, რომ შედეგი მაქსიმალურად იყოს მიახლოებული პლაზმური გლუკოზის მაჩვენებელთან.

სისხლში შაქრის იდეალური დიაპაზონია:

  • უზმოზე – 70–99 მგ/დლ;
  • ჭამიდან ორი საათის შემდეგ – 140 მგ/დლ-ზე ნაკლები.

პრედიაბეტია:

  • უზმოზე – 100–125 მგ/დლ;
  • ჭამიდან ორი საათის შემდეგ – 140–199 მგ/დლ.

დიაბეტია:

  • უზმოზე – 126 მგ/დლ-ზე მეტი;
  • ჭამიდან ორი საათის შემდეგ – 200 მგ/დლ და მეტი.

გამოიყენება გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტიც (OGTT) – გლუკოზის დონის შემოწმება ჯერ უზმოზე, შემდეგ – შაქრიანი სასმლის მიღებიდან საათში ერთხელ მომდევნო 2 ან 3 საათის განმავლობაში.

გლიკოზირებული ჰემოგლობინი A1C (HbA1c) ასახავს სისხლში გლუკოზის საშუალო დონეს ბოლო 3 თვის განმავლობაში. ამ ტესტისთვის უზმოდ ყოფნა საჭირო არ არის.

• ნორმა: <5.7%

• პრედიაბეტი: 5.7-6.4%

• დიაბეტი: ≥6.5%

დიაბეტიან პაციენტებს, წესისამებრ, HbA1c ტესტი წელიწადში ორჯერ მაინც უტარდებათ, რათა შეფასდეს, რამდენად კარგად კონტროლდება სისხლში შაქრის დონე.

გლუკოზა და ცხოვრების წესი

სისხლში გლუკოზის დონეზე დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების წესი.

კვება

გლუკოზის მატებას ყველაზე მეტად ნახშირწყლოვანი საკვები იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია ნახშირწყლების ტიპი და გლიკემიური ინდექსი (GI). ეს უკანასკნელი აჩვენებს, რამდენად სწრაფად სწევს მაღლა საკვები სისხლში გლუკოზის დონეს:

  • 55-მდე – დაბალი GI (სასარგებლოა გლუკოზის სტაბილურობის შესანარჩუნებლად);
  • 56–69 – საშუალო GI;
  • 70-იდან – მაღალი GI (იწვევს სწრაფ, ფეთქებად მატებას და შემდეგ – სწრაფ დაცემას).

დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები განსაკუთრებით რეკომენდებულია დიაბეტისა და ჰიპოგლიკემიისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებისთვის.

სწრაფი ნახშირწყლები (შაქარი, თაფლი, ტკბილი წვენები, თეთრი ფქვილის ნაწარმი) ორგანიზმში მოხვედრისას სწრაფად იშლება გლუკოზად და სწრაფად ზრდის სისხლში გლუკოზის შემცველობას. მათ მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვთ. ნელი ნახშირწყლები (ხორბლისა და ჭვავის პური, შვრია, ბოსტნეული, პარკოსნები) ნელა გარდაიქმნება გლუკოზად და სისხლში ამ ნივთიერების დონე თანდათან იმატებს, რაც სტაბილურ ენერგიას უზრუნველყოფს. მათი გლიკემიური ინდექსი დაბალი ან საშუალოა.

ფიზიკური აქტიურობა

ვარჯიშის დროს კუნთები ენერგიის წყაროდ გლუკოზასა და გლიკოგენს იყენებენ, ამიტომ სისხლში შაქრის დონე ბუნებრივად მცირდება. რეგულარული ფიზიკური აქტიურობა ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, რაც გლუკოზის უკეთ გამოყენებას უწყობს ხელს. მაღალი ინტენსივობის ან ხანგრძლივი დატვირთვის დროს მოსალოდნელია გლუკოზის მკვეთრი დაცემა (ჰიპოგლიკემია), განსაკუთრებით მათთან, ვინც იღებს ინსულინს ან სხვა ჰიპოგლიკემიურ მედიკამენტებს, ამიტომ სპორტული დატვირთვის დროს ხშირად სვამენ ნახშირწყლებით გამდიდრებულ სასმელს, რათა ენერგიის დაქვეითება თავიდან აიცილონ.

სტრესი და ჰორმონები

ევოლუციის განმავლობაში ფიზიკური და ემოციური სტრესის პასუხად ადამიანმა გამოიმუშავა "იბრძოლე ან გაიქეცი" რეაქცია. ამ დროს ჭარბად გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც, თავის მხრივ, ასტიმულირებს ღვიძლში გლიკოგენოლიზის პროცესს და სწრაფად სწევს მაღლა სისხლში გლუკოზის დონეს. კორტიზოლი, კიდევ ერთი ჰორმონი, რომელიც სტრესის დროს გამოიყოფა, უფრო ნელა მოქმედებს, მაგრამ ისიც სწევს მაღლა სისხლში გლუკოზის დონეს, ამცირებს ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობას და აძლიერებს გლუკონეოგენეზს.

ქრონიკული სტრესი და კორტიზოლის მუდმივად მაღალი დონე (მაგალითად, კუშინგის სინდრომის დროს) ხელს უწყობს ჰიპერგლიკემიის შენარჩუნებას და ინსულინრეზისტენტობის ჩამოყალიბებას.

ძილი და ბიორიტმები

დღის განმავლობაში სისხლში გლუკოზის ცვალებადობას ორგანიზმის ბუნებრივი რიტმებიც იწვევს. ადამიანის ბიოლოგიური საათი აკონტროლებს ჰორმონების, მათ შორის – ინსულინისა და კორტიზოლის, გამოყოფას. დილით, გაღვიძებისას, დაახლოებით 4-დან 8 საათამდე, აღინიშნება ე.წ. განთიადის ფენომენი – გლუკოზა ოდნავ იმატებს. მიიჩნევა, რომ ამის მიზეზია გამთენიისას კორტიზოლის, ზრდის ჰორმონის, გლუკაგონის, ადრენალინის მომატება.

ღამის ძილის დროს, განსაკუთრებით ღრმა ფაზებში, გლუკოზის მოთხოვნა მცირდება, ხოლო ინსულინის მიმართ მგრძნობელობა იზრდება. ამიტომ ძილის ნაკლებობა ან უძილობა ხელს უწყობს ინსულინრეზისტენტობის გაძლიერებას.

ალკოჰოლი და კოფეინი

მცირე რაოდენობის ალკოჰოლმა შესაძლოა ოდნავ დასწიოს სისხლში გლუკოზის დონე, დიდი დოზა კი თრგუნავს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამოყოფას და ზრდის ჰიპოგლიკემიის რისკს, განსაკუთრებით – უზმოზე ან მედიკამენტების მიღების ფონზე, ამიტომ სასურველია ალკოჰოლის მიღება მხოლოდ საკვებთან ერთად და ზომიერება.

ყავა, ჩაი, კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელები დროებით სწევს მაღლა ადრენალინის დონეს, რაც ზოგჯერ გლუკოზის მცირედ მომატებას იწვევს. ზოგიერთ დიაბეტიან პაციენტთან კოფეინმა შესაძლოა ოდნავ შეასუსტოს ინსულინის მიმართ მგრძნობელობა, თუმცა ეფექტი ინდივიდუალურია. კოფეინის ზომიერი მოხმარება უმეტესად უსაფრთხოა, მაგრამ დიდმა დოზამ შესაძლოა სტრესის ჰორმონების მომატება გამოიწვიოს.

***

ჰიპერგლიკემია – ჭარბი გლუკოზა სისხლში

ჰიპერგლიკემია მდგომარეობაა, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე მაღალია. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სიმსუქნის, ფიზიკური აქტიურობის შემცირებისა და მოსახლეობის დაბერების გამო, ჰიპერგლიკემიის შემთხვევები მკვეთრად მომრავლდა.

ჰიპერგლიკემიაზე საუბრობენ, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე 125 მგ/დლ-ზე მეტია უზმოზე და 180 მგ/დლ-ზე მეტი – ჭამიდან 2 საათის შემდეგ. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა ანუ პრედიაბეტია, როცა უზმოზე პლაზმური გლუკოზა 100 მგ/დლ-დან 125 მგ/დლ-მდეა. როცა მაჩვენებელი 200 მგ/დლ-ს აღემატება, უკვე დიაბეტის დიაგნოზს სვამენ.

ჰიპერგლიკემიის განვითარებას ხელს უწყობს მდგომარეობები, რომელთა დროსაც შემცირებულია ინსულინის სეკრეცია ან გლუკოზის გამოყენება ან მომატებულია გლუკოზის წარმოქმნა.

სისხლში შაქრის მაღალი დონე შესაძლოა დიაბეტზე ან პრედიაბეტზე მიუთითებდეს. თუ დიაბეტის დიაგნოზის მქონე ადამიანი მაჩვენებლებს ვერ აკონტროლებს, შესაძლოა, განუვითარდეს დიაბეტური კეტოაციდოზი, რომელიც მკურნალობის გარეშე საშიშ გართულებას – დიაბეტურ კომას – იწვევს.

ჰიპერგლიკემიის მთავარი რისკფაქტორებია:

  • ჭარბი – რეკომენდებულზე 120%-ით მეტი – წონა;
  • დიაბეტი ტიპი 2-ის ოჯახური ისტორია;
  • განსაზღვრული ეთნოსისადმი კუთვნილება. მაგალითად, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, ესპანურენოვანი მოსახლეობა, აზიელები, წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა, აფროამერიკელები;
  • ჰიპერლიპიდემია;
  • ჰიპერტენზია;
  • გესტაციური დიაბეტის ისტორია;
  • პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი.

დიაბეტიანებთან ჰიპერგლიკემიას იწვევს:

  • იმაზე მეტის ჭამა, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება ენერგეტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;
  • ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა;
  • სტრესული სიტუაციები სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში – ამ დროს გამოყოფილი ჰორმონები სისხლში გლუკოზის დონის აწევას განაპირობებს;
  • ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, გრიპი – ეს დაავადებები იწვევს სტრესს და, ამის კვალობაზე, სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მომატებას;
  • დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის, მაგალითად, ინსულინის, დოზის გამოტოვება.

ჰიპერგლიკემია შესაძლოა დიაბეტის არმქონე ადამიანებსაც განუვითარდეთ. მას არადიაბეტურ ჰიპერგლიკემიას უწოდებენ. მისი გამოწვევა შეუძლია:

  • ტრავმას, როდესაც ექსტრემალურ სტრესზე სხეული ჰორმონული ცვლილებებით რეაგირებს;
  • პანკრეასის დაზიანებას პანკრეატიტის, ჰემოქრომატოზის, პანკრეასის კიბოს, ცისტური ფიბროზის შედეგად;
  • ენდოკრინულ დარღვევებს, რომლებიც პერიფერიულ ინსულინრეზისტენტობას იწვევს, მაგალითად, კუშინგის სინდრომს, აკრომეგალიას, ფეოქრომოციტომას;
  • კორტიკოსტეროიდების, ფენიტოინის, ესტროგენების მოხმარებას;
  • გესტაციურ დიაბეტს, რომელიც ორსულთა 4%-ს უვითარდება და უმეტესად გამოწვეულია ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებით;
  • პარენტერალურ კვებას და დექსტროზის გადასხმებს, ძირითადად – ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

სიმპტომები

სისხლში შაქრის მაღალი დონე ადამიანმა შესაძლოა არც კი იეჭვოს, სანამ გართულებამდე არ მივა საქმე, ამიტომ უნდა ვიცნობდეთ და ყურადღებოდ არ გვრჩებოდეს ჰიპერგლიკემიის სიმპტომები:

* ხშირი შარდვა (პოლიურია);

* გადაჭარბებული წყურვილი (პოლიდიფსია);

* წონის კლება.

დროთა განმავლობაში, ჰიპერგლიკემიამ შესაძლოა გამოიწვიოს:

* შიმშილის შეგრძნების გამძაფრება;

* ჭრილობების შეხორცების შენელება;

* ქავილი, კანის სიმშრალე;

* ხშირი ინფექცია;

* თავის ტკივილი;

* დაღლილობა ან კონცენტრაციის გაძნელება;

* მხედველობის დაბინდვა.

ჰიპერგლიკემიის მკურნალობის მიზანი მასთან დაკავშირებული სიმპტომების აღმოფხვრა და გრძელვადიანი გართულებების შემცირებაა.

განთიადის ფენომენი

დიაბეტით დაავადებულებთან ხშირად ვხვდებით განთიადის ფენომენს: გამთენისას, ნაშუაღამევის 4-დან დილის 8 საათამდე, ეპინეფრინი, გლუკაგონი და კორტიზოლი ღვიძლის მიერ სისხლში გლუკოზის გამოყოფას განაპირობებს. თუმცა დილაობით სისხლში შაქრის მომატება ყოველთვის ამ ფენომენით არ არის გამოწვეული. მისი სხვა მიზეზებია:

  • ძილის წინ ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება;
  • მედიკამენტების არასწორი დოზირება;
  • საჭიროზე ნაკლები ინსულინის ინექცია;
  • სხეულის საპასუხო რეაქცია ღამის ჰიპოგლიკემიაზე (რეაქციული ჰიპერგლიკემია, იგივე სომოგის ეფექტი).

თუ ღამით გავიღვიძებთ და სისხლში შაქრის დონის გავიზომავთ, ადვილად გავარკვევთ, ეს პიკები განთიადის ფენომენით არის გამოწვეული თუ სხვა მიზეზებით.

დიაბეტური კეტოაციდოზი

დიაბეტური კეტოაციდოზი სერიოზული გართულებაა, რომელიც ყველაზე ხშირად დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ადამიანებთან გვხვდება და საფრთხეს უქადის მათ სიცოცხლეს. ის ვითარდება, როდესაც ორგანიზმს არ ჰყოფნის ინსულინი და გლუკოზა უჯრედებში ვერ ხვდება; მიუხედავად იმისა, რომ სისხლში საკმარისი შაქარია, უჯრედები ენერგიის ნაკლებობას განიცდიან და ორგანიზმი იწყებს ენერგიის გამომუშავებას ცხიმების დაშლის გზით. სწორედ ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესში წარმოიქმნება მჟავები – კეტონები, რომლებიც სისხლში გროვდება და შარდთან ერთად გამოიყოფა. კეტონების სიჭარბე სისხლის მჟავატუტოვან ბალანს მჟავიანობისკენ გადახრის, მაშასადამე, სისხლის რეაქცია აციდური ხდება. ამიტომაც ჰქვია ამ მდგომარეობას დიაბეტური კეტოაციდოზი.

მიზეზები

დიაბეტური კეტოაციდოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ინფექციური დაავადებები, მაგალითად, ფილტვების ან საშარდე გზების – ამ დროს ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონებს (კორტიზოლს, ადრენალინს), რომლებიც ინსულინის მოქმედებას ასუსტებს;
  • ინსულინთერაპიის რეჟიმის დარღვევა – ინსულინის დოზის გამოტოვება, არასწორი დოზირება ან ინსულინის ტუმბოს გაუმართაობა.

სხვა გამომწვევი ფაქტორებია:

  • ძლიერი ფიზიკური ან ემოციური სტრესი;
  • გულის შეტევა ან ინსულტი;
  • პანკრეატიტი;
  • ორსულობა;
  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
  • ნარკოტიკების (განსაკუთრებით – კოკაინის) მოხმარება;
  • ზოგიერთი მედიკამენტის (მათ შორის – კორტიკოსტეროიდების, შარდმდენების) მიღება.

რისკფაქტორები

დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების ალბათობა ყველაზე დიდი აქვთ:

* დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტებს;

* მათ, ვინც ხშირად ტოვებს ინსულინის დოზას.

შედარებით იშვიათად დიაბეტური კეტოაციდოზი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებთანაც გვხვდება.

სიმპტომები

დიაბეტური კეტოაციდოზის სიმპტომები ზოგჯერ სწრაფად, ერთბაშად ვითარდება, ზოგჯერ – ნელ-ნელა, 24 საათის განმავლობაში. ზოგისთვის ისინი შესაძლოა დიაბეტის პირველი გამოვლინება იყოს.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • ძლიერი წყურვილი და პირის სიმშრალე;
  • ხშირი შარდვა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • მუცლის ტკივილი;
  • სისუსტე ან ძლიერი დაღლილობა;
  • ქოშინი და ღრმა სუნთქვა;
  • ამონასუნთქი ჰაერის ხილისებური, მოტკბო სუნი (კეტონების გამო);
  • დაბნეულობა, გონების დაბინდვა, გონების დაკარგვაც კი.

დიაბეტური კეტოაციდოზის დადასტურება შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევით. ამ დროს:

  • სისხლში მკვეთრად არის მომატებული გლუკოზის დონე;
  • შარდში ან სისხლში მაღალია კეტონების კონცენტრაცია;
  • მომატებულია სისხლის მჟავიანობა (მეტაბოლური აციდოზი).

მიმართეთ ექიმს

თუ გაქვთ დიაბეტი და თავს ცუდად გრძნობთ, სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებით ან ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ავადმყოფობა ან ტრავმა, გირჩევთ, სისხლში გლუკოზის დონე ხშირად შეიმოწმოთ. საჭიროების შემთხვევაში შეამოწმეთ შარდშიც კეტონების დონე. ამისთვის საჭირო სწრაფ ტესტს აფთიაქში შეიძენთ.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ:

  • აგივარდათ ღებინება, ვერ იკავებთ საკვებს და სითხეს;
  • სისხლში შაქრის დონე აღემატება სამიზნე დიაპაზონს და მკურნალობის შემდეგაც არ იკლებს;
  • შარდში კეტონების დონე საშუალო ან მაღალია.

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • ერთზე მეტი ტესტის შემდეგ სისხლში შაქრის დონე 300 მგ`დლ-ზე მაღალია;
  • შარდში კეტონები გაქვთ და ექიმთან დროულად დაკავშირებას ვერ ახერხებთ;
  • გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზის სიმპტომები.

ჩამოთვლილ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოთ სამედიცინო დახმარება. დიაბეტური კეტოაციდოზი მკურნალობის გარეშე პოტენციურად მომაკვდინებელი გართულებაა.

მკურნალობა

თუ დიაბეტური კეტოაციდოზის დიაგნოზი დაგისვეს, შესაძლოა, სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაყვანა ან საავადმყოფოში მოთავსება დაგჭირდეთ.

მკურნალობა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

* სითხის მარაგის შევსებას. ხშირი შარდვის გამო ორგანიზმი ბევრ წყალს კარგავს, ამიტომ საჭიროა სითხის სმა ან ვენაში გადასხმა, რათა დეჰიდრატაცია მოიხსნას და სისხლში შაქრის დონემ დაიწიოს.

* ელექტროლიტების ინტრავენური გადასხმა. ინსულინის დეფიციტმა და სითხის დაკარგვამ შესაძლოა დასწიოს ნატრიუმის, კალიუმისა და ქლორის დონე – ელემენტებისა, რომლებიც აუცილებელია გულის, კუნთებისა და ნერვული სისტემის სათანადო მუშაობისთვის.

* ინსულინით თერაპია. ინსულინი მთავარი პრეპარატია, რომელიც აჩერებს კეტონების ჭარბწარმოქმნას და დაბლა სწევს სისხლში გლუკოზის დონეს. თავდაპირველად ინსულინს ინტრავენურად აწვდიან, ხოლო მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კანქვეშა ინექციებზე გადადიან – მას შემდეგ, რაც სისხლში შაქრის დონე დაახლოებით 200 მგ`დლ-მდე ჩამოვა და მეტაბოლური აციდოზი შესამჩნევად შემცირდება.

დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობას შეუძლია გამოიწვიოს:

* ჰიპოგლიკემია (გლუკოზის ნორმაზე დაბალი დონე). ინსულინი ხელს უწყობს სისხლში არსებული გლუკოზის უჯრედებში შეღწევას. თუ სისხლში შაქრის დონე მეტისმეტად სწრაფად დაეცა, შესაძლოა, განვითარდეს ჰიპოგლიკემია, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია.

* ჰიპოკალიემია (კალიუმის ნორმაზე დაბალი დონე). დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ გამოყენებულმა სითხეებმა და ინსულინმა შესაძლოა მკვეთრად დააქვეითოს სისხლში კალიუმის კონცენტრაცია, კალიუმის დეფიციტი კი ზიანს აყენებს გულს, კუნთებსა და ნერვულ სისტემას, ამიტომ მკურნალობის დროს სხეულში კალიუმი და სხვა მინერალებიც შეჰყავთ, რათა ეს გართულება თავიდან აიცილონ.

* ტვინის შეშუპება სისხლში შაქრის დონის მეტისმეტად სწრაფი ცვლილების გამო. ეს გართულება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებთან, განსაკუთრებით მათთან, ვისაც დიაბეტი ცოტა ხნის წინ დაუდგინეს.

ამრიგად, დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობასაც ახლავს განსაზღვრული რისკი, მაგრამ მკურნალობის გარეშე მოსალოდნელია გონების დაკარგვა, კომა და საბოლოოდ – სიკვდილი.

პრევენცია

დიაბეტური კეტოაციდოზის პრევენციისთვის საჭიროა ყოველდღიური კონტროლი და სწორი ჩვევები.

მართეთ დიაბეტი. დაიცავით კვების ჯანსაღი რეჟიმი, აქციეთ ფიზიკური აქტიურობა ცხოვრების წესად, შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები მედიკამენტებისა და ინსულინის მიღების შესახებ.

აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე. შესაძლოა, დღეში 3-4-ჯერაც კი დაგჭირდეთ გლუკოზის გაზომვა და მონაცემების ჩაწერა. უფრო ხშირად გაიზომეთ, თუ ავად ხართ ან სტრესს განიცდით. რეგულარული მონიტორინგი ერთადერთი გზაა იმაში დასარწმუნებლად, რომ გლუკოზა თქვენი სამიზნე დიაპაზონის ფარგლებშია.

საჭიროებისამებრ შეცვალეთ ინსულინის დოზა. მიიღეთ ექიმის კონსულტაცია იმის თაობაზე, როგორ მოარგოთ დოზა თქვენს მდგომარეობას სისხლში შაქრის დონის, საკვების რაოდენობისა და შემადგენლობის, ფიზიკური აქტიურობისა და მიმდინარე ავადმყოფობის მიხედვით.

შეიმოწმეთ კეტონების დონე. ავადმყოფობის ან ძლიერი სტრესის დროს ჩაიტარეთ ტესტი შარდში კეტონების დონის შესამოწმებლად. თუ ის საშუალო ან მაღალია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თუ ონავ არის მომატებული, შესაძლოა, ინსულინის დოზის გაზრდა დაგჭირდეთ.

მოემზადეთ მოქმედებისთვის. თუ სისხლში შაქრის დონე მაღალი გაქვთ და შარდშიც ბევრი კეტონია, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება.

***

ხანგრძლივი ჰიპერგლიკემიის გართულებები

როდესაც სისხლში შაქრის დონე მუდმივად მაღალია, დროთა განმავლობაში შესაძლოა თავი იჩინოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებმაც:

კანის დაავადებები

ხანგრძლივი ჰიპერგლიკემიის ფონზე ადამიანს უფრო ადვილად ხვდება კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები. ამ დროს შესაძლოა განვითარდეს:

* ფურუნკულები (ძირმაგარები) – ჩირქოვანი ანთებითი კერები თმის ფოლიკულში;

* ტერფის სოკო – სოკოვანი ინფექცია, რომელიც ყველაზე ხშირად ტერფებსა და ფეხის თითებს აზიანებს;

* საზარდულის სოკო – ქავილისა და სიწითლის გამომწვევი სოკოვანი ინფექცია საზარდულის არეში;

* ტინეა – კანის ზედა შრის, თავის კანისა და ფრჩხილების რამდენიმე სოკოვანი ინფექციის საერთო სახელწოდება; იწვევს ქავილს, სიწითლეს და რგოლისებრ გამონაყარს.

სხვა მდგომარეობები

დიაბეტური დერმოპათია – წვივის წინა ზედაპირზე და ზოგჯერ სხვა ძვლოვან უბნებზეც ჩნდება პატარა მრგვალი ბაცი ყავისფერი ან მოწითალო ლაქები. განსაკუთრებით ხშირად აღირიცხება დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულ მამაკაცებთან. გამოწვეულია წვრილი სისხლძარღვების დაზიანებით. შესაძლოა, ასოცირებული იყოს მიკროვასკულარულ გართულებებთან – ნეიროპათიასთან, ნეფროპათიასა და რეტინოპათიასთან.

შავი აკანთოზი – კანის ზოგიერთ უბანზე, უმთავრესად – კისერზე, იღლიებში, საზარდულის არეში, ჩნდება ხავერდოვანი მუქი ყავისფერი ლაქები. მათი გაჩენა ხშირად ინსულინრეზისტენტობაზე მიუთითებს, ამიტომ აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონტროლი.

ლიპოიდური ნეკრობიოზი – იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც უმეტესად ლოკალიზებულია წვივებზე, განსაკუთრებით – ქალებსა და მწეველებთან. მიიჩნევა, რომ უკავშირდება ავტოიმუნურ ფაქტორებს, რომლებიც კოლაგენის ბოჭკოებს აზიანებს. იწყება წითელი ამობურცულობებით, რომლებიც თანდათან იქცევა ბრტყელ, მოყვითალო-მოყავისფრო, ხილული ვენებისა და იისფერი საზღვრების მქონე უბნებად. ზოგიერთ შემთხვევაში ეს უბნები მტკივნეულია. ზოგჯერ შესაძლოა დაწყლულდეს კიდეც.

დიაბეტური ბუშტუკები – ჩნდება თითებზე, მტევნებზე ან ტერფებზე. ჰგავს დამწვრობის დროს გაჩენილ ბუშტებს, მაგრამ ტკივილი და ანთება არ ახლავს თან. არის ერთეული ან მრავლობითი, სხვადასხვა ზომისა – რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე. უმეტესად რამდენიმე კვირაში თავისთავად ქრება. მთავარია, არ დაინფიცირდეს.

ერუპტიული (წვრილკვანძოვანი) ქსანთომატოზი – მოულოდნელად ვითარდება. ვლინდება მრავლობითი პატარა წითელი ან ყვითელი კვანძით, რომლებიც წითელი ზოლით არის გარშემორტყმული. ხშირად უკავშირდება უკონტროლო დიაბეტსა და ჰიპერლიპიდემიას. ასევე შესაძლოა ასოცირდებოდეს ღვიძლის დაავადებასთან ან ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედებასთან. მოითხოვს დროულ სამედიცინო ჩარევას პანკრეატიტის თავიდან ასაცილებლად.

თითების სკლეროზი – ხელისა და ფეხის თითებზე კანი სქელდება და იჭიმება. შესაძლოა, შეიზღუდოს სახსრებში მოძრაობა. მკურნალობის ძირითადი გზა სისხლში შაქრის დონის რეგულირებაა.

ბეჭდისებური გრანულომა – ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომლის დროსაც ტანზე, კისერსა და კიდურებზე, ზოგჯერ – სხეულის სხვ უბნებზეც, რგოლისებრი ან რკალისებრი ლაქები და კვანძები ჩნდება. შესაძლოა, ასოცირდებოდეს შაქრიან დიაბეტთან. სხვა გამომწვევი ფაქტორებია ინფექცია, მწერის ნაკბენი, მზის სხივების ზემოქმედება.

ნერვების დაზიანება

დიაბეტური ნეიროპათია შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა. ამ დროს ზიანდება ნერვული სისტემა. სიმპტომები ნეიროპათიის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს და თანდათან პროგრესირებს. მათი ხასიათი დამოკიდებულია ნეიროპათიის ტიპზე, დაზიანების ხარისხსა და ნერვების ლოკალიზაციაზე.

პერიფერიული ნეიროპათია დიაბეტური ნეიროპათიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. აზიანებს ხელებისა და ფეხების ნერვებს. ვლინდება დაბუჟებით, ჩხვლეტის შეგრძნებით, კიდურების სისუსტით, კუნთების ტონუსის კლებით, სიცხის, სიცივის ან ტრავმის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებით, წონასწორობის დარღვევით. ტერფებზე არსებული დაზიანებები ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ამიტომ აუცილებელია ფეხების ყოველდღიური დათვალიერება ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

ავტონომიური ნეიროპათია აზიანებს ნერვებს, რომლებიც საჭმლის მონელებას, შარდვას, გულისცემას და სხვა უნებლიე ფუნქციებს აკონტროლებენ. შესაძლოა, გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

* კუჭ-ნაწლავის მხრივ – გულძმარვით, შებერილობით, გულისრევით, ყაბზობით ან დიარეით, ლაპარაკისა და ყლაპვის გაძნელებით, სწრაფი დანაყრებით, ღებინებით ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ;

* გულისა და სისხლძარღვების მხრივ – ორთოსტატიკური ჰიპოტენზიით (ადგომისას თავბრუხვევით), არანორმალურად სწრაფი გულისცემით;

* შარდსასქესო სისტემის მხრივ – შარდის ბუშტის მთლიანად დაცლის შეუძლებლობით, შარდის შეუკავებლობით, სექსუალური დისფუნქციით;

სხვა ნიშნებია: ჭარბი ოფლიანობა (სიგრილეშიც კი), მგრძნობელობის დარღვევა (დიზესთეზია), სახისა და ქუთუთოების დაწევა, კუნთების სისუსტე და უნებლიე შეკუმშვები.

პროქსიმული ნეიროპათია აზიანებს გულმკერდისა და წელის მიდამოს ნერვებს. გამოვლინდება ტანის ქვედა ნაწილის ტკივილით (ხშირად – ცალ ერთ მხარეს), ფეხების სისუსტით.

ფოკალური (კეროვანი) ნეიროპათიის დროს ზიანდება ერთი ან რამდენიმე ნერვი, მათ შორის – თავის ტვინისაც. სიმპტომები იცვლება იმის მიხედვით, რომელი ნერვია დაზიანებული. ზოგიერთ შემთხვევაში თავის ქალას ფოკალური ნეიროპათია იწვევს მხედველობის დარღვევებს, მაგალითად, ორმაგ ხედვას.

მონონეიროპათია ცალკეული ნერვის დაზიანებაა, რის შედეგადაც თავს იჩენს მხოლოდ ამ ნერვთან დაკავშირებული სიმპტომები.

თვალისმხრივი გართულებები

* დიაბეტური რეტინოპათია – ვითარდება იმის გამო, რომ მუდმივად მაღალი გლუკოზა ბადურას სისხლძარღვებს აზიანებს. ეს დაზიანება, თავის მხრივ, იწვევს სისხლის გაჟონვას, შეშუპებას ან პათოლოგიური ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, რამაც საბოლოოდ შესაძლოა მხედველობის დაქვეითებამდე ან სრულ სიბრმავემდე მიგვიყვანოს. საწყის ეტაპებზე დიაბეტური რეტინოპათია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ თვალის რეგულარული შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია.

დიაბეტის დროს იმატებს თვალის სხვა დაავადებების განვითარების რისკიც:

* გლაუკომა – თვალშიგა წნევის მატება აზიანებს მხედველობის ნერვს, რაც მხედველობის ველის თანდათანობით დავიწროებას იწვევს.

* კატარაქტა – თვალის ბროლი იმღვრევა, სინათლე მასში უფრო და უფრო ცუადდ გაივლის და მხედველობა იბინდება. დიაბეტიანებს კატარაქტა უფრო ადრე და უფრო სწრაფად უვითარდებათ.

ამრიგად, დიაბეტიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის რეგულარული პროფილაქტიკური კვლევა, სისხლში შაქრის დონისა და სხვა რისკფაქტორების (მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტეროლი) კონტროლი.

დიაბეტური ნეფროპათია

დიაბეტური ნეფროპათია ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის გართულებებია. წლების განმავლობაში ნელ-ნელა ზიანდება თირკმელების ფილტრაციის სისტემა. თავდაპირველად ვითარდება მიკროალბუმინურია (შარდში მცირე რაოდენობის ცილა), რომელიც მკურნალობის გარეშე პროგრესირებს, მაკროალბუმინურიაში გადაიზრდება და თირკმლის ფუნქციის დაქვეითებამდე მოვყავართ. დაავადების გვიანდელ ეტაპზე თირკმელები ვეღარ ახერხებენ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და ტოქსინების გამოდევნას, რაც თირკმლის ქრონიკული უკმარისობით ან თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებით (ESKD) სრულდება.

მკურნალობა ორგანოთა დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული:

* ადრეულ ეტაპზე მთავარი მიზანია გლუკოზისა და არტერიული წნევის მკაცრი კონტროლი. მკურნალობენ კვების კორექციით და მედიკამენტებით.

* მძიმე შემთხვევებში, როცა თირკმლის ფუნქცია შესამჩნევად უარესდება, ინიშნება დიალიზი ან ტარდება თირკმლის ტრანსპლანტაცია.

პირველი ნიშნების დროული აღმოჩენა (მაგ., შარდში ცილის რეგულარული შემოწმების გზით) და გლუკოზისა და წნევის სტაბილური მართვა საგრძნობლად ამცირებს თირკმლის უკმარისობის პროგრესირების რისკს.

მსხვილი სისხლძარღვების დაზიანება

დიაბეტის მსხვილსისხლძარღვოვანი ანუ მაკროვასკულარული გართულებები გულისხმობს დიდი ზომის არტერიების დაზიანებას, რაც ხანგრძლივი ჰიპერგლიკემიის, ინსულინრეზისტენტობისა და სხვა რისკფაქტორების ერთობლივი ზემოქმედების შედეგია. ეს პროცესები აჩქარებს ათეროსკლეროზს – არტერიის შიდა კედელზე ქოლესტეროლისა და ცხიმოვანი ნალექის დაგროვებას, რის შედეგადაც სისხლის ნაკადი ფერხდება ან იბლოკება.

მთავარი მაკროვასკულარული გართულებებია:

* კორონარული არტერიის დაავადება (CAD) – გულის კუნთის მომმარაგებელი სისხლძარღვების შევიწროება ან ბლოკირება, რაც ზრდის სტენოკარდიის, გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის), გულის უკმარისობის რისკს;

* ცერებროვასკულური დაავადება – ტვინის სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს გარდამავალი იშემიური შეტევით, ინსულტით, კოგნიტიური დარღვევებით;

* პერიფერიული არტერიული დაავადება (PAD) – ქვედა კიდურების სისხლძარღვების შევიწროება, რასაც თან ახლავს სიარულის დროს ტკივილი, ფეხებზე წყლულები, ხოლო მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განგრენამდეც მიგვიყვანოს.

***

ჰიპოგლიკემია – გლუკოზის დონის დაქვეითება

ჰიპოგლიკემია მდგომარეობაა, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე დაბალია. მისი სიმპტომები, დაღლილობა, კანკალი, ოფლიანობა და სხვა, თავს მაშინ იჩენს, როდესაც სისხლში შაქრის დონე 70 მგ`დლ-ზე დაბლა იწევს, თუმცა ზღვარი ინდივიდუალურია, ამიტომ სასურველია, ადამიანმა ექიმს მიმართოს იმის დასადგენად, რა არის მისთვის გლუიკოზის დაბალი დონე.

ჰიპოგლიკემია საყურადღებო მდგომარეობაა, რადგან გლუკოზის დონის ძლიერმა დაქვეითებამ შესაძლოა გონების დაკარგვა, კომა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

სიმპტომები

მსუბუქი ჰიპოგლიკემიის დროს მოსალოდნელია:

  • შიმშილის შეგრძნება;
  • დაღლილობა;
  • კანკალი;
  • ოფლიანობა;
  • გულისცემის გახშირება ან არარეგულარულობა;
  • თავბრუხვევა, სისუსტე;
  • შფოთვა, გაღიზიანება;
  • გულისრევა;

მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს -

  • დაბნეულობა, კონცენტრაციის გაძნელება;
  • კრუნჩხვა;
  • ღამის კოშმარი;
  • გონების დაკარგვა;
  • კომა.

ჰიპოგლიკემიის გართულებები

თუ სისხლში შაქრის დონის დაქვეითება დროულად არ აღმოიფხვრა, მდგომარეობამ შესაძლოა პროგრესირება განაგრძოს და სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს:

* ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის გამო გაჭირდეს საკვების ან სითხის მიღება;

* გლუკოზის მკვეთრმა დეფიციტმა გამოიწვიოს განმეორებადი კრუნჩხვა;

* მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს ტვინი ვეღარ იღებს საჭირო ენერგიას, რის გამოც ადამიანმა შესაძლოა გონება დაკარგოს;

* გლუკოზის დონის ძლიერმა დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრმა კომა, რომელიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს;

* იშვიათია, მაგრამ მკურნალობის გარეშე არ არის გამორიცხული, მძიმე ჰიპოგლიკემიას ფატალური შედეგი მოჰყვეს.

როცა ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები ხშირია, ორგანიზმი ამ მდგომარეობას ეჩვევა და ადამიანი გლუკოზის დონის დაქვეითების ნიშნებს ვეღარ ამჩნევს, რის შედეგადაც ჰიპოგლიკემია შეუმჩნევლად მძიმდება და კიდევ უფრო იმატებს სერიოზული გართულებების რისკი.

მიზეზები

საჭმლის მომნელებელი სისტემა ნახშირწყლებს შლის და წარმოქმნის გლუკოზას – სხეულის მთავარ ენერგიის წყაროს. გლუკოზის სისხლში მოხვედრისას პანკრეასი გამოყოფს ინსულინს, რომელიც უჯრედებს ეხმარება გლუკოზის ათვისებაში. უჯრედებში გლუკოზის შეღწევის შემდეგ სისხლში შაქრის დონე ეცემა.

თუ ეს რეგულაციის ციკლი ირღვევა, მაგალითად დიაბეტის მქონე პაციენტებში ინსულინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში უჯრედები ზედმეტ გლუკოზას შთანთქავენ, რამაც შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. სისხლში შაქრის რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო გზაა ჰიპოგლიკემიის დროული გამოვლენისათვის. თანამედროვე გლუკომეტრებს ხშირად აქვთ სიგნალიზაციის ფუნქცია, რომელიც ადამიანს აფრთხილებს, თუ გლუკოზა ზედმეტად დაეცემა.

გარდა ინსულინის ჭარბი დოზისა, ჰიპოგლიკემიას ყველაზე ხშრად იწვევს:

* არასაკმარისი კვება – შიმშილი, კვების გამოტოვება ან ნახშირწყლების არასაკმარისი მიღება;

* მომატებული ფიზიკური აქტიურობა, მაგალითად, ინტენსიური ან უჩვეულოდ ხანგრძლივი ვარჯიში, განსაკუთრებით – დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პირებთან;

* ზოგიერთი მედიკამენტი –

  • ქინინი (მალარიის პრევენციისთვის),
  • სალიცილატების დიდი დოზა (რევმატული დაავადების დროს),
  • პროპრანოლოლი (მაღალი წნევის სამკურნალოდ),
  • დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები იმ ადამიანებთან, რომლებსაც დიაბეტი არ აქვთ;

* ალკოჰოლის ჭარბი მიღება – ხელს უშლის ღვიძლს სისხლში შენახული გლუკოზის გამოთავისუფლებაში;

* ღვიძლის დაავადებები – მაგალითად, მედიკამენტებით გამოწვეული ჰეპატიტი არღვევს გლუკოზის რეგულაციას;

* თირკმლის დაავადება – ამ დროს ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს და ვერ გამოყოფს მედიკამენტებს, რაც შაქრის დონის დაცემას იწვევს;

* ინსულინომა – პანკრეასის სიმსივნე, რომელიც ჭარბ ინსულინს გამოიმუშავებს;

* ენდოკრინული – ჰიპოფიზის ან თირკმელზედა ჯირკვლის – დაავადებები, უფრო – ბავშვებთან;

* რეაქტიული (პოსტპრანდიალური) ჰიპოგლიკემია – მდგომარეობა, როდესაც ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში პანკრეასი გამოიმუშავებს ზედმეტ ინსულინს;

* იშვიათი სიმსივნეები – ჰიპოგლიკემიის გამოწვევა სხეულის ნებისმიერ ნაწილში განვითარებულ სიმსივნეს შეუძლია;

* მძიმე დაავადებები, მაგალითად, კიბო, რომელიც აზიანებს სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის პანკრეასს.

ჰიპოგლიკემია ბავშვებში

ბავშვებში ჰიპოგლიკემია ხშირად გვხვდება ინსულინდამოკიდებული (ტიპი 1) დიაბეტის დროს, მაგრამ შესაძლოა, განვითარდეს სხვა მიზეზითაც, მაგალითად, საკვების გამოტოვების, ზედმეტი ფიზიკური აქტივობის ან განსაზღვრული მედიკამენტების მიღების გამო. ბავშვებს მცირე ენერგეტიკული მარაგი აქვთ, ამიტომ შაქრის დონე მათ სისხლში უფრო სწრაფად ეცემა. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან სიმპტომები ხშირად ატიპურია: გაღიზიანება, ტირილი, ღებინება, ძილიანობა, ღრმა სუნთქვა, – მოზარდებს კი შესაძლოა განუვითარდეთ კლასიკური ნიშნები: შიმშილი, კანკალი, ოფლიანობა, თავბრუხვევა, მხედველობის დაბინდვა.

არსებობს ჰიპოგლიკემიის ისეთი ფორმებიც, რომლებსაც ინსულინთან კავშირი არ აქვს. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია კეტონური ჰიპოგლიკემია. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია სისხლში შაქრის დაბალი და კეტონების მაღალი დონე. როცა ბავშვს არ აქვს საკმარისი გლუკოზა ენერგიის გამოსამუშავებლად, ორგანიზმი იწყებს ცხიმების დაშლას, რასაც თან სდევს კეტონების წარმოქმნა. კეტონური ჰიპოგლიკემია, წესისამებრ, ვითარდება საკვების უკმარისობის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ღებინების ან ხანგრძლივი შიმშილის ფონზე. ზოგიერთ შემთხვევაში მას მძიმე მეტაბოლური და ჰორმონული დარღვევებიც იწვევს.

თუ შაქრის დონემ დროულად არ აიწია, შესაძლოა ბავშვმა დაეწყოს კრუნჩხვა, დაკარგოს გონება, ჩავარდეს კომაში. განმეორებითმა მძიმე ეპიზოდებმა შესაძლოა დააზიანოს ტვინი, რადგან ბავშვის ნერვული ქსოვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გლუკოზის დეფიციტის მიმართ.

ინსულინის ავტოიმუნური სინდრომი

ჰიპოგლიკემიის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია ინსულინის ავტოიმუნური სინდრომი – იშვიათი დაავადება, რომელიც ვითარდება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის ინსულინს და მას არასასურველ ნივთიერებად აღიქვამს. სიმპტომები, წესისამებრ, მოულოდნელად იჩენს თავს და ხშირად რამდენიმე თვის შემდეგ გაივლის, მაგრამ შესაძლოა დაბრუნდეს, თუ სისხლში შაქრის დონე დაეცა.

სიმპტომები და მკურნალობა ისეთივეა, როგორიც სხვა მიზეზებით გამოწვეული ჰიპოგლიკემიის დროს.

დიაგნოსტიკა

თუ ადამიანს აქვს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები და მიზეზს ვერ ხვდება, ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. დიაგნოსტიკის დროს ამოწმებენ სისხლში გლუკოზის დონეს და აკვირდებიან, გაივლის თუ არა სიმპტომები მისი ნორმალიზების შემდეგ. ექიმი ითვალისწინებს სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც: პაციენტის სამედიცინო ისტორიას, მიღებულ მედიკამენტებს, ალკოჰოლის მოხმარებას და თანმხლებ დაავადებებს.

უიპლის ტრიადა

ჰიპოგლიკემიის დიაგნოსტიკის დროს ხშირად იყენებენ უიპლის ტრიადას, რომელიც ინსულინომის – პანკრეასის სიმსივნის – სავარაუდო არსებობაზე მიუთითებს. ტრიადა მოიცავს სამ ძირითად კრიტერიუმს. ესენია:

* ჰიპოგლიკემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;

* პლაზმური გლუკოზის დონის 55 მგ`დლ-ზე დაბლა დაცემა სიმპტომების დროს;

* სიმპტომების გაქრობა გლუკოზის დონის ნორმალიზების შემდეგ.

ვინაიდან ექიმთან ვიზიტის დროს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ყოველთვის არ არის აქტიური, პაციენტს შესაძლოა სთხოვონ ღამით მშიერი დაწოლა და დილით უზმოზე მისვლა გამოკვლევისთვის. ეს მეთოდი ხელს უწყობს მდგომარეობის უფრო ზუსტ შეფასებას.

მკურნალობა მსუბუქი ჰიპოგლიკემიის დროს

წესი 15/15: ჰიპოგლიკემიის ნიშნების შემჩნევისთანავე უნდა მიიღოთ 15-20 გრამი სწრაფი ნახშირწყლები, მაგალითად:

* შაქრის ნატეხი;

* კანფეტი;

* 1 ჭიქა ხილის წვენი, -

ან გლუკოზის ტაბლეტი.

15 წუთის შემდეგ კი საჭიროა სისხლში შაქრის დონის გაზომვა. თუ კვლავ დაბალია, კიდევ ერთხელ უნდა მივიღოთ სწრაფი ნახშირწყლები იმავე დოზით. ასე გრძელდება, სანამ გლუკოზა ნორმალურ დონემდე არ აიწევს. ამის შემდეგ სასურველია, მივიღოთ რთული ნახშირწყლები (პური, ბრინჯი, ბურღულეული, ხილი), რომლებიც ნელა გამოათავისუფლებს გლუკოზას და ხელს უშლის ჰიპოგლიკემიის განვითარებას.

მკურნალობა, როგორც უკვე ვთქვით, გამომწვევი მიზეზის მართვასაც გულისხმობს. დიაბეტიანებისთვის მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა – რეგულარული კვება ერთსა და იმავე დროს, თანაბარი შუალედებით.

მკურნალობა მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს

თუ ჰიპოგლიკემია მძიმეა და ადამიანი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს მდგომარეობიდან გამოსვლას, მას უნდა გაუკეთდეს გლუკაგონის ინექცია ან ცხვირში შეასხურონ გლუკაგონის სპრეი. წამლის მიღებიდან 5–15 წუთის შემდეგ ავადმყოფს, წესისამებრ, უბრუნდება ცნობიერება, მაგრამ შესაძლოა, გულისრევა ან ღებინება დაეწყოს.

თუ ადამიანი უგონოდაა, აუცილებელია მისი გადაბრუნება და მოთავსება აღდგენით პოზაში (ვაწვენთ მარცხენა გვერდზე, მარჯვენა ფეხს მუხლში მოვახრევინებთ, მარჯვენა ხელს თავქვეშ ამოვადებინებთ). ამის შემდეგ საჭიროა გლუკაგონის ინექციის გაკეთება და სასწრაფო დახმარების (112) გამოძახება.

არ შეიძლება უგონოდ მყოფი ადამიანისთვის პირში საკვების ჩადება ან სითხის ჩასხმა – შესაძლოა, დაიხრჩოს.

დიეტა

ჰიპოგლიკემიის მქონე და დიაბეტიან პაციენტებს სთავაზობენ კვების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც, წესისამებრ, მოიცავს:

  • 3 საათში ერთხელ მცირე ულუფებით კვებას;
  • მრავალფეროვან რაციონს (ცილები, ცხიმები, ბოჭკო);
  • შაქრიანი და გადამუშავებული საკვების შეზღუდვას.

პრევენცია

ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილება მიზეზის მართვასა და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. კერძოდ, საჭიროა:

  • ექიმთან დროულად მისვლა და მკურნალობის გეგმის შესრულება;
  • სისხლში შაქრის რეგულარული კონტროლი;
  • ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა (არ შეიძლება უზმოზე და აუცილებელია დღიური ლიმიტის დაცვა);
  • ფიზიკური აქტივობის წინ ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება;
  • ავადმყოფობის (განსაკუთრებით – დიარეისა და ღებინების) დროს ენერგიის მარაგზე ზრუნვა;
  • სწრაფად მოქმედი ნახშირწყლოვანი საკვების (წვენი, კანფეტი) თან ტარება;
  • ოჯახის წევრების, მეგობრებისა და კოლეგების ინფორმირება, რათა საჭიროების შემთხვევაში პირველი დახმარება გაგიწიონ;
  • სამედიცინო სამაჯურის ან სამედიცინო ბარათის ტარება იმ შემთხვევისთვის, თუ, შინიდან გასულმა, თავი ცუდად იგრძენით – სამაჯურსა და ბარათზე დატანილი ინფორმაცია ახლოს მყოფ ადამიანებს თქვენი ცუდად ყოფნის მიზეზის სწრაფად ამოცნობასა და სათანადო დახმარების გაწევაში დაეხმარება.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

Поделитесь: