წამალი ბუნებისგან: კალციუმი
Share:
ეს ის ელემენტია, რომელიც ყოველდღე მილიგრამობით კი არა, გრამობით გვჭირდება (რაც მრავალი სხვა ნივთიერების დღიურ ნორმაზე გაცილებით მეტია). არც ისეთი ადამიანი გვეგულება ამქვეყნად (ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მკითხველებს შორის), მის მნიშვნელობასა და აუცილებლობაში ეჭვი რომ
ეპარებოდეს. კალციუმი კბილებისა და ძვლების აუცილებელი კომპონენტია. გულს, ნერვებსა და სისხლის შემდედებელ სისტემასაც მუშაობისთვის ეს ელემენტი სჭირდება.
ბუნებრივი მედიკამენტების მონაცემთა ბაზა თითოეული მათგანის ეფექტურობას შემდეგი შკალით აფასებს: ეფექტური – სავარაუდოდ ეფექტური – ალბათ ეფექტური – ალბათ უეფექტო – სავარაუდოდ უეფექტო – უეფექტო.ეფექტურობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის. კალციუმის შეფასება კი ასეთია:
ეფექტურია
. სისხლში კალციუმის დონის ასაწევად იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ამ მინერალის დონე დაბალი აქვთ;
. კალციუმის დონის შემცირების თავიდან ასაცილებლად;
. ინტრავენურად გადასხმული კალიუმის მაღალი დონის შესამცირებლად;
. კალციუმის კარბონატის სახით – კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად;
. თირკმლის დაავადების დროს ფოსფატების დონის შესამცირებლად;
სავარაუდოდ ეფექტურია:
. ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. ეს ის დაავადება, ძვლებს სიმტკიცეს რომ უკარგავს და მყიფეს ხდის. საერთოდ, ძვლოვანი მასა მოზარდ ასაკში ყალიბდება. ქალებში მისი სიმტკიცე 30-40 წლამდე უცვლელი რჩება, 40 წლიდან კი ძვლები ყოველწლიურად 0.5-1%-ით განილევა. მამაკაცის ორგანიზმში იგივე პროცესი რამდენიმე ათწლეულით გვიან იწყება. როდესაც ადამიანი საკვებთან ერთად კალციუმს არასათანადო რაოდენობით იღებს (თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობა კი ასეა), ძვლის განლევა უფრო ინტენსიურია. 40 წლიდან კალციუმის მედიკამენტურმა მიღებამ შეიძლება განლევის პროცესი შეანელოს. ზოგიერთმა მკვლევარმა გამოთვალა, რომ კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიღება მენოპაუზის
დაწყებიდან 30 წლის შემდეგ ძვლის ძალას 10%-ით ზრდის და მოტეხილობას 50%-ით (ანუ ორჯერ) აიშვიათებს.
. ძვლის კარგვის თავიდან ასაცილებლად საკვებთან ერთად ნორმაზე ნაკლები კალციუმის მიღებისას;
. წინარემენსტრუაციული სინდრომის (წმს) გამოხატულების შესასუსტებლად. შემჩნეულია, რომ არსებობს კავშირი საკვებთან ერთად არასათანადო რაოდენობის კალციუმის მიღებასა და წმს-ის სიმპტომების გამოხატულებას შორის. ვარაუდობენ, რომ კალციუმის ყოველდღიური მიღებასაგრძნობლად ამცირებს გუნება-განწყობის ცვლილებებს, მუცლის შებერვას, იმპულსურ ჭამასა და ტკივილს. ქალებს, რომლებიც დღეში საშუალოდ 1283 მგ კალციუმს იღებენ, 30%-ით უფრო იშვიათად აწუხებთ წმს, ვიდრე მათ, ვინც საშუალოდ 529 მგ-ს იღებს. თანაც, როგორც ჩანს, ეს ეფექტი მხოლოდ საკვებთან ერთად შეთვისებულ კალციუმს აქვს – კალციუმის შემცველი მედიკამენტები წმს-ს თავიდან ვერ აგვაცილებს.
. ნაყოფის ძვლის სიმკვრივის მოსამატებლად, როცა დედა მცირე რაოდენობით კალციუმს იღებს;
. D ვიტამინთან ერთად ძვლოვანი მასის კარგვის შესამცირებლად კორტიკოსტეროიდებით (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატებით) მკურნალობის დროს.
ალბათ ეფექტურია:
- მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შესამცირებლად;
- მაღალი წნევის დროს. კალციუმის მედიკამენტები ოდნავ (ჩვეულებრივ, 1-2 მმ ვწყ. სვ-ით) ამცირებს არტერიულ წნევას. უფრო ეფექტური უნდა იყოს იმ ადამიანებში, რომელთაც მარილის მიმართ მეტი მგრძნობელობა აქვთ და საერთოდ ძალიან ცოტა კალციუმს იღებენ. კალციუმის მედიკამენტური მიღება შესაძლოა თირკმლის მძიმე დაავადების დროს წნევის მომატებასთან ბრძოლაშიც დაგვეხმაროს.
. ორსულობის დროს მაღალი წნევის (პრეეკლამფსიის) შემთხვევაში. დღეში 1-2 გ კალციუმის მიღება, როგორც ჩანს, ამცირებს ორსულობასთან დაკავშირებულ მაღალ არტერიულ წნევას. გარდა ამისა, ეს ელემენტი ორსულობისას წნევის მომატების რისკს დაახლოებით 50%-ით უნდა ამცირებდეს.
. მომატებული ქოლესტეროლის შესამცირებლად. კალციუმს დანამატების მიღება დაბალკალორიული ან დაბალცხიმიანი დიეტის დროს შესაძლოა ზომიერად ამცირებდეს ქოლესტეროლის დონეს. მხოლოდ კალციუმის მიღება, დიეტური ცვლილებების გარეშე, სისხლის ლიპიდურ პროფილზე ასეთ გავლენას ვერ ახდენს;
- წონისა და ცხიმის ოდენობის შესამცირებლად დიეტის დროს. როდესაც მოზრდილი ან ბავშვი ნორმაზე ნაკლებ კალციუმს იღებს, როგორც ჩანს, უფრო მეტად ემუქრება ჭარბი წონა და სიმსუქნე. კვების რაციონის რძის ნაწარმით გამდიდრება, არსებული მონაცემების თანახმად, ხელს უწყობს წონის კლებასა და ცხიმის რაოდენობის შემცირებას;
- ქალებში ინსულტის თავიდან ასაცილებლად;
- ხანდაზმულებში კბილების კარგვის ალბათობის შესამცირებლად.
ალბათ უეფექტოა:
- ძუძუს კიბოს რისკის შესამცირებლად ასაკოვან (პოსტმენოპაუზური ასაკის) ქალებში;
- ტყვიის დონის შესამცირებლად მეძუძურ დედებში.
ეფექტურობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის:
- წაქცევის თავიდან ასაცილებლად. არსებობს მონაცემები, რომ კალციუმი D ვიტამინთან ერთად თავიდან გვაცილებს წაქცევის ალბათობას, რადგანაც სხეულის რხევას ამცირებს და წნევის რეგულირებასაც უწყობს ხელს. კალციუმს D ვიტამინის გარეშე ასეთი ეფექტი, როგორც ჩანს, არ უნდა ჰქონდეს. ამავე დროს კალციუმისა და D ვიტამინის ასეთი გავლენა მხოლოდ ქალებშია შემჩნეული, მამაკაცებში კი არა.
. კიბოს თავიდან ასაცილებლად. კვლევები ცხადყოფს, რომ ჯანსაღ ასაკოვან ქალებს, რომლებიც დღეში 1400-1500 მგ კალციუმსა 1100 სე ვიტამინ D3-ს იღებენ ნებისმიერი ფორმის კიბოს განვითარების ალბათობა 60%-ით ნაკლები აქვთ;
- ორსულობასთან დაკავშირებული ფეხის კრამპების (მტკივნეული შეკუმშვის) დროს
- დიაბეტის თავიდან ასაცილებლად. მონაცემები მიგვითითებს რომ საკვებიდან ან დანამატებიდან მეტი კალციუმის მიღებით შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის რისკი შევამციროთ.
- კრუნჩხვისას.
ვიმეორებთ, ამ მიმართულებით სარწმუნო დასკვნის გამოსატანად უფრო მეტი კვლევაა საჭირო.
დამატებითი ინფორმაცია
უსაფრთხოების პროფილი
რეკომენდებული დოზებით კალციუმი, სავარაუდოდ, საშიში არ არის, თუმცა, ზოგიერთი წყაროს თანახმად, დღიური 1000-1200 მგ-ის გადაჭარბებამ შესაძლოა გაზარდოს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი. ამ ეჭვის დასადასტურებლად ან გასაქარწყლებლად მეტი კვლევაა საჭირო, მანამდე კი გვირჩევენ, ზომიერებამ არ გვიღალატოს.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
კალციუმმა შეიძლება ზოგიერთი მედიკამენტის (ქინოლონებისა და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების) შეწოვა შეაფერხოს. ამგვარი ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად ეს მედიკამენტები კალციუმამდე ან 2 საათით ადრე, ან 4-6 სთ-ის შემდეგ მიიღეთ.
ურთიერთქმედება საკვებთან
კოფეინი. მისი დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას უწყობს ხელს. ასაკოვანი ქალებისთვის, განსაკუთრებით – თუ ისინი მცირე რაოდენობით იღებენ კალციუმს, დღეში 300 მგ-ზე მეტი კოფეინი (სამი-ოთხი ფინჯანი ყავა ან 6 დიდი ჭიქა კოლა) ძვლის გაძლიერებულ კარგვასა და მოტეხილობების მეტ ალბათობასთან არის დაკავშირებული.
მცენარეული ბოჭკო. ზოგიერთ საკვებში (ქატოში, ისპანახში) არსებულმა ბოჭკომ კალციუმის შეწოვას შესაძლოა ხელი შეუშალოს. უმჯობესია, ასეთი საკვების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში კალციუმის დანამატი არ მიიღოთ.
რკინა, მაგნიუმი და თუთია. კალციუმის დანამატებმა შესაძლოა საკვებიდან ამ მიკროელემენტების შეწოვას შეუშალოს ხელი, მაგრამ თუ ორგანიზმში მათი მარაგი ნორმალურია, ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ იწვევს. ადამიანებს, რომლებსაც რკინის, მაგნიუმის ან თუთიის ნაკლებობა ემუქრებათ, ურჩევენ, კალციუმის დანამატი საკვებთან ერთად კი არა, ძილის წინ მიიღონ.
ნატრიუმი. მარილიანი კერძები ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას იწვევს. თუ მენოპაუზის შემდგომ ასაკში ქალი დღეში 2000 მგ ნატრიუმს იღებს, მის ორგანიზმს ყოველდღიურად დაახლოებით 1000 მგ კალციუმი სჭირდება. ეს რიცხვი დაახლოებით 1.5-ჯერ იმატებს, თუ ნატრიუმის მოხმარება დღიურად 3000 მგ-ს უტოლდება.