რატომ გახშირდა საკეისრო კვეთა
Share:
რა საფრთხეს მალავს ბუნებრივი მშობიარობის საკეისრო კვეთით საყოველთაო ჩანაცვლება? ვინ აგებს პასუხს ამ ოპერაციის სიხშირის დრამატულ ზრდაზე? სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ხაზინადარი, მეან-გინეკოლოგი ლელა შენგელია.
– ქალბატონო ლელა, რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს ორსულობის საკეისრო კვეთით დასრულება?
– ახალს, სავარაუდოდ, არაფერს ვიტყვი; ოპერაციული ჩარევა ყოველთვის შეიცავს განსაზღვრულ რისკს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ბუნებრივი გზიდან გადახვევის საფუძვლიანი მიზეზი უნდა არსებობდეს. საჭირო დროს საკეისრო კვეთამ შესაძლოა გადაარჩინოს დედაც და შვილიც, სხვა შემთხვევაში კი მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტ საფრთხეს უქმნის. ამ საკითხის შესასწავლად მრავალი გამოკვლევაა ჩატარებული. ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ – დედათა და პერინატალური (მუცლად ყოფნის ბოლო კვირები, ახალშობილობა და სიცოცხლის პირველი კვირა) ჯანმრთელობის დაცვის გლობალურმა კვლევამ, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განახორციელა – აჩვენა, რომ სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდეგ ბუნებრივი გზით მშობიარობასთან შედარებით 3-ჯერ უფრო ხშირია მძიმე გართულებები, რომელთა გამოც საჭირო ხდება დედის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა, სისხლის გადასხმა ან საშვილოსნოს ამოკვეთა და რომლებიც ზოგჯერ დედის სიკვდილსაც კი იწვევს. ასეთივე სტატისტიკა აღირიცხება ბავშვებთან მიმართებითაც. 3-ჯერ უფრო ხშირია ნაყოფის სიკვდილი, ახალშობილთა სიკვდილიანობა სიცოცხლის პირველ კვირას, ხშირად ამ გზით დაბადებული ბავშვი 7 დღეზე მეტხანს ატარებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ ყველა პაციენტს ანტიბიოტიკებს უნიშნავენ, ამ მედიკამენტების ყოველი მიღება კი უფრო და უფრო ზრდის წამალგამძლე ბაქტერიების წარმოშობის რისკს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საკეისრო კვეთის მიზანშეუწონელი გახშირება საგრძნობლად ზრდის ჯანდაცვის ხარჯებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ ოც წელიწადზე მეტი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ საკეისრო კვეთების 10-15%-ზე მაღალ მაჩვენებელს ვერც ერთ რეგიონში ვერ ექნება გამართლება.
– რამდენად ხერხდება მსოფლიოში ამ მაჩვენებლის იდეალურთან მიახლოება და როგორია ჩვენი, ქართული სტატისტიკა?
– სხვადასხვა ქვეყანაში მდგომარეობა სხვადასხვანაირია. აფრიკის რეგიონში, მაგალითად, მშობიარობათა მხოლოდ 3.5% მთავრდება საკეისრო კვეთით (თუმცა ეს, ბუნებრივია, სპეციალისტების ნაკლებობისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის ბრალი უფროა, ვიდრე სამედიცინო პერსონალისა და მშობიარეების განსაკუთრებული მონდომებისა), ჩინეთში კი 46%-საც აღწევს; აშშ-ის ზოგიერთ შტატში ახალშობილთა მესამედი საკეისრო კვეთით იბადება, ხოლო იტალიისა და ბრაზილიის კერძო კლინიკებში – 80%-იც კი. იდეალურისგან შორს არის ქართული სტატისტიკაც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2000 წელს ოპერაცია მშობიარეთა მხოლოდ 9.3%-მა გადაიტანა, ხოლო 2010 წელს – 31.5%-მა. სხვადასხვა დაწესებულებაში მაჩვენებლები კარდინალურად განსხვავებულია: ერთ-ერთი რაიონული საავადმყოფოს სამშობიარო ბლოკში სულ 5,4%-ია, სამ დაწესებულებაში კი 50%-ზე მეტი აღრიცხული.
– ხომ არ ყოფილა მცდელობა, ახსნა ეპოვათ არსებული პრაქტიკისათვის და მისი შეცვლის გზა მოეძებნათ?
– სწორედ ამას ისახავდა მიზნად სულ ახლახან ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ჩატარებული საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის, საქართველოს მეანებისა და გინეკოლოგების ასოციაციის, ასოციაცია “ჰერა XXI-ს” ერთობლივი კვლევა, რომლის მთავარი მკვლევარი მე გახლდით. თბილისსა და 7 რეგიონში შევარჩიეთ 19 დაწესებულება საკეისრო კვეთების განსაკუთრებით მაღალი, საშუალო და დაბალი მაჩვენებლებით და შევისწავლეთ მათი სამედიცინო ჩანაწერები, გამოვკითხეთ ბებიაქალები, მეან-გინეკოლოგები, მელოგინეები, ორსულები.
– რა ტენდენციები გამოიკვეთა კვლევის შედეგად? რამდენად მართებული იყო საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება არსებულ დაწესებულებებში?
– ჩვენ არ შეგვისწავლია ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილებათა სისწორე; ჩვენი მიზანი საერთო სურათისა და ტენდენციების გამოკვეთა იყო. და მაინც, მონაცემები საკეისრო კვეთების მნიშვნელოვანი ნაწილის სამედიცინო მიზანშეწონილობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მელოგინეთა გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ასიდან 69 შემთხვევაში გადაწყვეტილება საკეისრო კვეთის თაობაზე მიღებულია ორსულობის დროს (ანუ მშობიარობის დაწყებამდე), 33,6%-ში – ორსულობის პირველ თვეებში. ეს ნიშნავს, რომ არც ერთ ამ შემთხვევაში, მათ დიდ უმრავლესობაში მაინც, სამედიცინო ჩვენება არ არსებობდა, – ყველაზე გავრცელებულ სამედიცინო ჩვენებათა (სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ჯდომით წინმდებარეობა, ნაყოფის დისტრესი) დიაგნოსტირება ხომ მხოლოდ ორსულობის გვიანდელ ეტაპზე ან მშობიარობის დროს ხდება.
ბებიაქალები და მეან-გინეკოლოგები საკეისრო კვეთის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ორსულთა დაჟინებას ასახელებენ, რასაც გამოკვლევის შედეგები არ ადასტურებს. ორსულების უმეტესობა და მელოგინეთა დიდი ნაწილი, რომლებმაც საკეისრო კვეთა გაიკეთეს, უკმაყოფილოა თავისი გადაწყვეტილებით და ამბობს, საკმარისი ინფორმაცია რომ გვქონოდა, “ნორმალურ” (ფიზიოლოგიურ) მშობიარობას ვამჯობინებდითო. გასაკვირი ის გახლდათ, რომ იმ ქალების 31%-მა, რომლებმაც საკეისრო კვეთა გადაიტანეს, არ იცოდა, რატომ გაუკეთდა ეს ოპერაცია. ისიც უნდა ითქვას, რომ ორსულთა დიდ ნაწილს საკეისრო კვეთას ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით ნაკლებმტკივნეულად მიაჩნია და ტკივილის შიში, მათი აზრით, გონივრული არგუმენტია საკეისრო კვეთის გასაკეთებლად. აშკარაა, რომ მათ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ გაუტკივარების თანამედროვე მეთოდებზე.
– იქნებ იმიტომაც, რომ რეგიონებში ნაკლებად ხელმისაწვდომია გაუტკივარების თანამედროვე მეთოდები, მაგალითად, ეპიდურალური (ხერხემლის არხში სანარკოზე ნივთიერების შეყვანით მიღწეული) ანესთეზია...
– ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ტკივილის მართვას და საკეისრო კვეთის დროს გაუტკივარებას, სავარაუდოდ, ცალკე შესწავლა დასჭირდება. საგანგაშოა, რომ საქართველოში ათიდან შვიდი საკეისრო კვეთა ენდოტრაქეული (სასულეში ჩადგმული მილით მიწოდებული) ანესთეზიით არის ჩატარებული, თანაც რეგიონებში მაჩვენებელი დედაქალაქზე გაცილებით მაღალია. ეს მაშინ, როცა არსებობს დედისა და ბავშვისთვის გაცილებით უსაფრთხო სპინალური (ხერხემლის არხიდან) გაუტკივარება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ მას უწევს რეკომენდაციას. იყო შემთხვევები, როცა სამშობიარო ტკივილების შიშს ის ქალები იმიზეზებდნენ, რომლებმაც საკეისრო კვეთა სპინალური ანესთეზიით გაიკეთა. ასე რომ, გარდა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა, ორსულებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაზეც უნდა ვიზრუნოთ.
– ორსულებზე მეთვალყურეობის საყოველთაო სისტემის პირობებში ეს რთული არ უნდა იყოს...
– ალბათ, თუ ანტენატალურ (ორსულთა) ვიზიტებს მხოლოდ სამედიცინო შემოწმებისთვის არ გამოვიყენებთ. ჩვენი რეკომენდაციით, კონსულტაციებსა და სამშობიაროებში ფართოდ უნდა დაინერგოს მშობელთა სკოლები, სადაც წყვილები და მათი მშობლები მშობიარობისა და მშობლის როლისთვის მოემზადებიან. სასურველია, რამდენიმე ვიზიტი ამ სკოლაში უფასო იყოს ან სადაზღვევო პაკეტით იყოს გათვალისწინებული. დამტკიცებულია, რომ გათვითცნობიერებული ორსულები მშობიარობამდეც და მშობიარობის დროსაც გაცილებით ნაკლებ სტრესს განიცდიან, რაც ამცირებს სამედიცინო ჩარევის საჭიროებას და, აქედან გამომდინარე, ახალშობილთან ან დედასთან დაკავშირებული არასასურველი შედეგების რისკს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ბებიაქალების კვალიფიკაციისა და უფლებამოსილების გაფართოებას ეხება, მათ შორის – მშობელთა სკოლებშიც. სამწუხაროდ, ბებიაქალის როლი ანტენატალურ პერიოდში შეზღუდულია ან პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ქალთა საკონსულტაციო ცენტრისა და ამ ცენტრში მომუშავე მეან-გინეკოლოგების კომპეტენციად იქცა. კვლევის შედეგებმა გამოავლინა ბებიაქალების ინტერესი, გაიფართოონ სამუშაოს მოცულობა ანტენატალური და პოსტნატალური მოვლის კუთხით. მათ ნაწილობრივ ის მეან-გინეკოლოგებიც უჭერენ მხარს, რომლებიც ბებიაქალების როლს უფრო ფართოდ მოიაზრებენ, მაგრამ მათი რიცხვი ჯერ მეტისმეტად მცირეა.
– ფინანსური მხარის განხილვის გარეშე საკეისრო კვეთის გახშირების შესახებ მსჯელობა ალბათ არასრული იქნებოდა...
– მართლაც. ამ საკითხს კვლევამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო. დღეს მშობიარობა საქართველოში საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. მშობიარობის საშუალო ფასი დაახლოებით 400 ლარია; საკეისრო კვეთის ღირებულება განსხვავებულია: 400-დან 1700 ლარამდე, – სწორედ ამდენი ღირს ოპერაცია ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, როცა ის მშობიარის თხოვნით ტარდება. გამოკვლევის მონაწილე ქალების უმრავლესობა არ იყო დაზღვეული: ორსულთა დაახლოებით სამი მეოთხედი, 65% ფიზიოლოგიურად ნამშობიარები და 57% საკეისროკვეთაგადატანილი. გარდა ამისა, ყველა დაზღვეული ქალი არ თავისუფლდება დამატებითი ხარჯისაგან, რადგან მათი სადაზღვევო სქემა არ ფარავს მშობიარობის მთლიან ღირებულებას. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიდი ხარჯიც იყოს მიზეზი იმისა, რომ ორსულები (20 წლის ასაკშიც კი) საკეისრო კვეთას ამჯობინებენ, რათა ამ პროცედურის დროს საშვილოსნოს მილების გადაკვანძვაც გაიკეთონ. ასეთი პრაქტიკა იმის მანიშნებელია, რომ ჯანდაცვის დაფინანსების საკითხები უშუალო გავლენას ახდენს სამედიცინო პრაქტიკაზე.
ფინანსური მხარე უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის განმსაზღვრელ ფაქტორად, თუმცა ამის დასაბუთება ძნელია, – საჩოთირო საკითხია და რესპონდენტებიც ყოყმანობდნენ ამაზე საუბრისას, – არსებული ინფორმაციის საფუძველზე კი მხოლოდ რამდენიმე შენიშვნის გაკეთება შეიძლება. ზოგიერთმა ექიმმა აღნიშნა, რომ გაუკეთებია საკეისრო კვეთა მოთხოვნის საფუძველზე, რადგან კლიენტისგან ზეწოლას განიცდა და მისი დაკარგვა არ სურდა.
– ექიმებს შეიძლება გავუგოთ; საკმაოდ ხშირად გვესმის, რომ მეანს საკეისრო კვეთის დაგვიანებისა თუ მასზე უარის თქმის გამო უჩივიან, საპირისპირო ფაქტები კი პრაქტიკულად არ არსებობს...
– მართლაც საკეისრო კვეთა მოსახლეობას იმდენად უსაფრთხოდ მიაჩნია, რომ ოპერაციის შემდგომ გართულებას ოპერაციას არც კი მიაწერს. იმავე დროს, არ არსებობს საკეისრო კვეთის ეროვნული გაიდლაინი და პროტოკოლი და ექიმს გართულების შემთხვევაში თავის დაცვის მექანიზმი არ აქვს. ფაქტია, რომ ცალკეული დაწესებულების დონეზე ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდება – რეგულაციის ეროვნული მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.
********
გადმოცემით, მუცელკვეთით პირველად იულიუს კეისარი (ცაესარ) დაბადებულა, თუმცა ისტორიკოსები ამ გადმოცემას არ ეთანხმებიან. იმიტომ კი არა, რომ ანტიკურ ეპოქაში ბავშვის ამ გზით დაბადება შეუძლებელი იყო; დაუჯერებელი ის არის, მშობიარე გადარჩენილიყო, არადა ცნობილია, რომ იულიუსის დედა აურელია კოტა შვილის დაბადებასაც მოესწრო და უკვე გაკეისრებულს რჩევებსაც აძლევდა... ძველი რომაული კანონით, მუცელს მაშინ კვეთდნენ, თუ ქალი მშობიარობისას მოკვდებოდა — ბავშვი მისი წიაღიდან აუცილებლად უნდა ამოეყვანათ. თავდაპირველად ეს ალბათ რელიგიური მოთხოვნა იყო, მოგვიანებით კი ბავშვის გადარჩენის შეგნებული მცდელობა. ერთ-ერთი რომაელი ისტორიკოსი საშოდან ამოკვეთილად კეისრის შორეულ სეხნია წინაპარს იხსენიებს, ზოგიერთი მეცნიერი კი ვარაუდობს, რომ საქმე კეისარში კი არა, ლათინურ ზმნა ცაედარე-შია, რაც “გაკვეთას” ნიშნავს.