ციცინო ფარულავა — 46 წელი პედიატრიაში და პატარა პაციენტების უპირობო სიყვარული

Share:

"ადამიანს, რომელიც მედიცინას ირჩევს, გააზრებული აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა პაციენტების ჯანმრთელობაზე, სიმშვიდესა და იმედზე, იქ კი, სადაც საქმე პედიატრიას ეხება, იგი არა მხოლოდ პატარა პაციენტის, არამედ მთელი ოჯახის დასაყრდენი ხდება — ასე ვხედავ ჩემს პროფესიასა და საქმეს, რომელსაც უკვე 46 წელია ვემსახურები", — ამბობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი და პედიატრი ციცინო ფარულავა.

ქალბატონი ციცი დღეს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობს და არა მხოლოდ პატარა პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, არამედ ექიმების ახალ თაობებსაც ზრდის: არის პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ხოლო კომპანია "ვიანში" პედიატრიისა და ბავშვთა გასტროენტეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამებს უძღვება. გარდა ამისა, ექიმთა პოსტდიპლომური განათლებისთვის ათზე მეტი მოკლევადიანი ტრენინგის ავტორია.

ციცი ფარულავა საქართველოს ბავშვთა გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის გამგეობის თავმჯდომარე და ისეთი წამყვანი საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებების წევრია, როგორებიცაა ESPGHAN-ი (ევროპის ბავშვთა გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის საზოგადოება) და ESPID-ი (ევროპის ბავშვთა ინფექციური დაავადებების საზოგადოება). არის 60-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და პედიატრიული დაავადებების მართვის 10 ეროვნული პროტოკოლის ავტორი, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებსა და კლინიკურ კვლევებში, რადგან მიაჩნია, რომ მედიცინაში ცოდნის განახლება უწყვეტი პროცესია.

ქალბატონი ციცი გულახდილად გვესაუბრა თავის ოჯახზე, პროფესიულ არჩევანზე, ექიმსა და პაციენტს შორის ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობასა და იმ ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე, რომლებმაც იგი წარმატებულ ექიმად აქცია:

— თბილისში დავიბადე. დედა ფარმაცევტი იყო, მამა — ინჟინერი. მყავს და, რომელმაც მუსიკალური განათლება მიიღო. დიდ, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. გარემოცული ვიყავი განათლებული, მშრომელი და მოსიყვარულე ბებია-ბაბუებით, ბიძებითა და დეიდა-მამიდებით.

სკოლა — ოქროს მედლით, ხოლო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარჩინების დიპლომით დავამთავრე. ასპირანტურის კურსის გასავლელად მოსკოვში გავემგზავრე და სადოქტორო დისერტაცია იმ დროისთვის ნაკლებად შესწავლილ თემაზე — ბავშვებში პნევმოციტურ პნევმონიებზე — დავიცავი. ამ ქალაქს უკავშირდება ჩემი საუკეთესო წლები. სწორედ მოსკოვში შემთხვევითი სატელეფონო ზარის წყალობით გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ნუკრი ხურცილავა. შევქმენით ოჯახი და შეგვეძინა ქალ-ვაჟი.

ჩემი მეუღლე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ცნობილი კარდიოქირურგი, ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა. პირველივე შეხვედრაზე მომხიბლა ამ არაორდინარულმა, განათლებულმა, უზომოდ შრომისმოყვარე და სამართლიანმა ადამიანმა. ის საბჭოთა კავშირში გულის პირველი ხელოვნური სარქვლის "ემიქსის" გამომგონებელი გახლავთ, რისთვისაც აშშ-ის პატენტი და სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ჩვენ შორის საგრძნობი ასაკობრივი სხვაობა იყო და მასში მეუღლეს, მეგობარს, მასწავლებელსა და ჩემს მთავარ დასაყრდენს ვხედავდი.

საქართველოში 1980-იანი წლების ბოლოს დავბრუნდით. სამწუხაროდ, ბოლო სამი ათწლეულის მძიმე ქარტეხილებმა არც ჩვენი ოჯახი დაინდო: ცხინვალის კონფლიქტის დროს მეუღლე კოლეგებთან ერთად ტყვედ ჩავარდა და მოგვიანებით ტყვეობისას მიღებული ტრავმების გართულებით გარდაიცვალა.

დღეს ბედნიერი ვარ ჩემი წარმატებული შვილებით. იამ მშობლების გზა აირჩია — ცნობილი პედიატრი და ბავშვთა ენდოკრინოლოგია, გიორგი კი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია. უკვე ორი შვილიშვილის ბებია ვარ.

პროფესიული არჩევანი და ბავშვთა მკურნალობის სპეციფიკა

— აღარც კი მახსოვს, ოდესმე ექიმობის გარდა სხვა პროფესიაზე თუ მიფიქრია. ბავშვობაში თოჯინებს "ვმკურნალობდი", სკოლის ასაკში კი პედაგოგობა მომინდა. საბოლოოდ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ექიმიც გავხდი და ახალგაზრდა კოლეგების მასწავლებელიც.

პედიატრია, ალბათ, იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. ისინი ინტუიციით გრძნობენ გარშემო მყოფთა განწყობას.

ბავშვი სპეციფიკური პაციენტია: ჩვილი ვერ მიგითითებს ტკივილზე, მცირეწლოვანი ზუსტად ვერ გადმოსცემს თავის შეგრძნებებს, მოზარდს კი ერიდება ან მშობლების თანდასწრებით იკეტება. აუცილებელია მოთმინება, სითბო, პაციენტის შიშისა და უნდობლობის დაძლევა, რომ მდგომარეობა სრულფასოვნად შეაფასო.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლების ნდობის მოპოვებაც: მათ დამშვიდება, მკურნალობის აუცილებლობაში დარწმუნება ან, პირიქით, ზედმეტი ჩარევისგან გადარწმუნება სჭირდებათ. პედიატრი არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მთელი ოჯახის ექიმია.

შტრიხები პორტრეტისთვის

— ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული, ჩინური კალენდრით — ძაღლის წელში, და ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება მაქვს: პასუხისმგებლობის გრძნობა, წესრიგის მძაფრი მოთხოვნილება, დეტალებისადმი ყურადღება, უზომო ერთგულება, შრომისმოყვარეობა და ადამიანებზე მუდმივი ზრუნვის სურვილი. სწორედ ეს თვისებები მიმაჩნია ჩემი პროფესიული წარმატების განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად.

რჩევები მომავალ პედიატრებსა და ახალბედა ექიმებს

— მედიცინაში რეკომენდაციები და მიდგომები ხშირად რადიკალურად იცვლება, ამიტომ უწყვეტი განათლება აუცილებელია. ამასთან, მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. ჩემს სტუდენტებსა და რეზიდენტებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ემპათია, მოთმინება, დაკვირვების უნარი და ანალიტიკური აზროვნება უნდა გამოიმუშაონ, კითხვების დასმისა არ უნდა შეეშინდეთ, საკუთარი ცოდნის გადამოწმება, შეცდომების აღიარება და მათზე სწავლა კი პროფესიული ზრდის განუყოფელი ნაწილია.

ცხოვრებისეული გაკვეთილები და გამოცდილება

— ახლა ვხვდები, რომ ყოველთვის მეტისმეტად ვენდობოდი ადამიანებს და ზედმეტ პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. მეგონა, გარშემო მყოფებიც ჩემსავით გულწრფელნი იყვნენ, რასაც არაერთი იმედგაცრუება და გულისტკივილი მოჰყვა. დავკარგე ძვირფასი ადამიანები და გარკვეული ხნით სხვა ქალაქში გადასვლაც მომიწია.

ეს ტკივილი დიდ გამოცდილებად იქცა. ცხოვრებამ მასწავლა, რომ სხვას ვერ შეცვლი, მაგრამ შეგიძლია, შეცვალო საკუთარი დამოკიდებულება. უნდა შეინარჩუნო წრფელი გული და აკეთო სიკეთე, მაგრამ სულში არავინ ჩაიძვრინო; უსამართლობაზე თვალი არ უნდა დახუჭო, მაგრამ არც წყენა ატარო. პატიება საკუთარი ინტერესების უდრტვინველად დათმობას არ ნიშნავს.

ინტერესები, ჰობი და განტვირთვა

— მიყვარს კლასიკური მუსიკა და ქართული ქალაქური სიმღერები. ახალგაზრდობაში კარგად ვუკრავდი ფორტეპიანოზე და ვმღეროდი. განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის ინოლა გურგულიას შემოქმედება.

უზომოდ მიყვარს კლასიკური ლიტერატურა. მიხარია, რომ ბოლო წლებში ქართულად ითარგმნა ლათინოამერიკული, ირანული და თურქული ლიტერატურის ბევრი კარგი ნიმუში. ამჟამად ელიფ შაფაქის შემოქმედებით ვარ გატაცებული.

ბოლო წლებში კოლეგებთან ერთად მოგზაურობასაც ვახერხებ, რაც განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. თვითმფრინავის ილუმინატორიდან დაღლილობა და პრობლემები თითქოს ღრუბლებივით იფანტება ხოლმე.

მადლიერება განგებისა და საკუთარი თავის მიმართ

— მადლიერი ვარ განგების, რომ დავიბადე ამ განუმეორებელ ქვეყანაში, მყავდა ღირსეული წინაპრები და მქონდა ლამაზი ბავშვობა; რომ მარგუნა ცოლობა, დედობა და ბებიობა; რომ, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ღირსებისა და წრფელი გულის შენარჩუნება შევძელი.

საკუთარ თავს კი მადლობას ვუხდი უზომო შრომისმოყვარეობისა და სიახლეების შეცნობის დაუოკებელი სურვილისთვის. მიხარია, რომ შრომა დამიფასდა და დღეს წარმატებული ქალი, ექიმი და პედაგოგი ვარ.

თამარ ციბალაშვილი

Share: