ჩინური კომბოსტო — კვებითი ღირებულება და ჯანმრთელობის ბენეფიტები
Share:
თუ გსურთ, მენიუში ყოველდღე გქონდეთ დაბალკალორიული და, იმავდროულად, ნუტრიენტებით მდიდარი საკვები, ჩინური კომბოსტოც განიხილეთY. ეს ნაზი, ხრაშუნა, წვნიანი ბოსტნეული დიდი ხანია გასცდა აზიური სამზარეულოს საზღვრებს და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულინარიულ პანთეონში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. ვიტამინების, მინერალების, ბოჭკოსა და ანტიოქსიდანტური ნაერთების შემცველობის წყალობით ჩინური კომბოსტო ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობას და დაბალანსებული კვების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
კვებითი პროფილი
ჩინური კომბოსტო დაბალი ენერგეტიკული ღირებულებითა და ნუტრიენტების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. 100 გ უმი ბოსტნეულის ენერგეტიკული ღირებულება 13-16 კკალ-იაა, რაც მასში წყლის მაღალი შემცველობით (დაახლოებით 95-96%) არის განპირობებული.
გაგაცნობთ 100 გრამი უმი ჩინური კომბოსტოს კვებით მაჩვენებლებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (UშDA) ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ფრჩხილებში მოცემულია ფარდობა ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულ დღიურ ოდენობასთან.
მაკრონუტრიენტები
ცილა — 1.5 გ
ნახშირწყლები — 2.2 გ
ცხიმი — 0.2 გ
საკვები ბოჭკო — 1.0 გ
ვიტამინები და მინერალები
C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) — 27-45 მგ (≈30-50%)
K ვიტამინი (ფილოქინონი) — 43-45.5 მკგ (≈36-38%)
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) — 66-79 მკგ (≈17-20%)
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) — 0,05-0.19 მგ (≈3-11%)
ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) — 16 მკგ (≈2%)
კალიუმი — 252 მგ (≈5%)
კალციუმი — 77 მგ (≈6%)
მაგნიუმი — 13 მგ (≈3%)
ფოსფორი — 29 მგ (≈2%)
რკინა — 0.31 მგ (≈2%)
მანგანუმი — 0.19 მგ (≈8%)
შესაძლოა მცირე ვარიაციები ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.
ბიოაქტიური ნაერთები
ჩინური კომბოსტო, ისევე როგორც ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და სხვა ჯვაროსნები, შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ბიოაქტიურ ნაერთებს, მათ შორის:
* გლუკოზინოლატებს — ჯვაროსანი ბოსტნეულისთვის დამახასიათებელ გოგირდშემცველ ნაერთებს. კომბოსტოს დაჭრისას, დაღეჭვისას თუ სხვა სახის მექანიკური დაზიანებისას ეს ნივთიერებები, ფერმენტ მიროზინაზის ზემოქმედებით, გარდაიქმნება ბიოაქტიურ ნაერთებად, მათ შორის იზოთიოციანატებად, რომელთა სასარგებლო გავლენას ჯანმრთელობაზე დღეს აქტიურად შეისწავლიან;
* ფლავონოიდებს (კემპფეროლი, კვერცეტინი);
* კაროტინოიდებს (ლუთეინი და ბეტა-კაროტინი).
ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური კვლევებბის საფუძველზე ამ ნაერთებს ანტიოქსიციურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს მიაწერენ. მათი შემცველობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მცენარის ჯიშზე, მოყვანის პირობებსა და თერმული დამუშავების მეთოდზე.
ჯანმრთელობის ბენეფიტები
ანტიოქსიდაციური და ანთების საწინააღმდეგო პოტენციალი
ჩინური კომბოსტო, ისევე როგორც სხვა ჯვაროსანი ბოსტნეული, როგორც უკვე ვთქვით, შეიცავს ანტიოქსიდაციური თვისებების მქონე მრავალ ბიოაქტიურ ნაერთს, მათ შორის — C ვიტამინს, კაროტინოიდებს, ფლავონოიდებსა და ფენოლურ ნაერთებს, ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, სინაპინის მჟავა. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების (არასტაბილური მოლეკულები, რომლებიც ჭარბი დაგროვების შემთხვევაში აზიანებენ უჯრედებს) ნეიტრალიზებას ორგანიზმში და ამცირებენ ოქსიდაციურ სტრესს, რომელიც მრავალი ქრონიკული სნეულების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტი ტიპი 2–ისა და ზოგიერთი ანთების განვითარების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა.
ადამიანებში ჩამოთვლილი ეფექტების დასადასტურებლად დამატებითი კლინიკური კვლევებია საჭირო.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ჩინური კომბოსტოს გარეთა ფოთლები, რომლებსაც უფრო მეტი მზის სხივი ხვდება და გარემოს სხვა ფაქტორების ზემოქმედებასაც უფრო მეტად განიცდის, ხშირად უფრო მდიდარია ფენოლური ნაერთებით, ვიდრე შიგნითა.
იმუნური სისტემის გამართული მუშაობა
100 გ ჩინური კომბოსტო C ვიტამინის დღიური მოთხოვნილების დაახლოებით ნახევარს აკმაყოფილებს.
C ვიტამინი:
* აუცილებელია ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) ნორმალური ფუნქციობისთვის;
* მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში;
* ხელს უწყობს იმუნური პასუხის ეფექტიანობას, მაგალითად, ინფექციის დროს.
გახსოვდეთ: C ვიტამინი ვერ იცავს გაციებისგან და არც მის სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა, თუმცა მისი ადეკვატური მიღება აუცილებელია იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის.
მტკიცე ძვლები
ჩინური კომბოსტო K ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. ეს ვიტამინი აუცილებელია ოსტეოკალცინის აქტივაციისთვის — ცილისა, რომელიც ძვლის მინერალიზაციის პროცესში მონაწილეობს. გარდა ამისა, K ვიტამინი სისხლის ნორმალური შედედებისთვისაც მნიშვნელოვანია.
კვლევები აჩვენებს, რომ K ვიტამინის ადეკვატური მიღება კალციუმთან, D ვიტამინსა და სხვა აუცილებელ საკვებ ნივთიერებებთან ერთად, ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა
ჩინური კომბოსტო შეიცავს საკვებ ბოჭკოს, რომელიც:
* ხელს უწყობს ნაწლავის პერისტალტიკას და რეგულარულ დეფეკაციას, რაც მნიშვნელოვანია ყაბზობის პრევენციისთვის;
* წარმოადგენს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების საკვების წყაროს და ხელს უწყობს ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნებას.
ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომი ნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ საჭმლის მონელებაში, არამედ არამედ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციობასა და მეტაბოლური ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც.
კოლაგენი და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობა
C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის. ეს ის ცილაა, რომელიც კანის, სისხლძარღვების, ხრტილების, მყესებისა და ძვლების შემადგენლობაში შედის და მათ სიმტკიცესა და სტრუქტურულ მთლიანობას უზრუნველყოფს.
C ვიტამინი დეფიციტი ხელს უშლის კოლაგენის ნორმალურ წარმოქმნას, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციაზე.
კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი
იზოთიოციანატებმა, რომლებიც გლუკოზინოლატებისგან წარმოიქმნება, ლაბორატორიულ და ცხოველებზე კვლევებში ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო და სიმსივნის განვითარების შემაფერხებელი პოტენციალი გამოავლინეს.
ადამიანებზე დაკვირვება მიუთითებს, რომ ჯვაროსანი ბოსტნეულის რეგულარული მოხმარება დაკავშირებულია ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების შედარებით დაბალ რისკთან, თუმცა ამ კავშირის დასადასტურებლად და კონკრეტული მექანიზმების უკეთ შესასწავლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
გლუკოზინოლატებისა და მათი ბიოაქტიური ნაერთების შესანარჩუნებლად რეკომენდებულია, ჩინური კომბოსტო უმი ან თერმულად მსუბუქად დამუშავებული — ორთქლში მოხარშული ან ოდნავ მოშუშული მიირთვათ.
უსიამოვნო სიმპტომები
ჩინურმა კომბოსტომ, ისევე როგორც სხვა ჯვაროსანმა ბოსტნეულმა, ზოგიერთ ადამიანთან შესაძლოა მუცლის შებერილობა, აირების დაგროვება და სხვა სახის დისკომფორტი გამოიწვიოს, შედარებით იშვიათად — დიარეაც კი.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ბოჭკოა. თუ ბოჭკოთი მდიდარ საკვებს იშვიათად მიირთმევთ, ერთბაშად და დიდი ოდენობით მისი მიღებისას შესაძლოა უსიამოვნო სიმპტომებმა შეგაწუხოთ.
დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს ფერმენტირებადი ნახშირწყლებიც (FODMAP-ები), რომლებსაც ნაწლავის ბაქტერიები შლიან და ამით აირების ჭარბ წარმოქმნას უწყობენ ხელს. თუმცა ჩინური კომბოსტო დაბალი FODMAP-ის მქონე ბოსტნეულად მიიჩნევა და ადამიანის სხეული, წესისამებრ, მას უფრო უეკთ იტანს, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობებს, ამიტომ ზომიერი ულუფებით მის მიღებას რეკომენდაციას უწევენ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა (IBშ) და გასტრიტის დროს.
უსიამოვნო სიმპტომებს ყველაზე ხშირად უჩივიან:
* გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) მქონე პირები;
* მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონე პირები;
* ისინი, ვინც ბევრ უმ ბოსტნეულს მიირთმევს.
როგორ შევამციროთ დისკომფორტის რისკი
* დაიწყეთ მცირე ულუფებით და, საჭიროებისამებრ, თანდათან გაზარდეთ.
* კარგად დაღეჭეთ საკვები.
* თუ უმი ჩინური კომბოსტო დისკომფორტს გიქმნით, მიირთვით ორთქლში მოხარშული ან ოდნავ მოშუშული.
* ბოჭკოსთან ერთად წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მის ნორმალურ გადაადგილებას.
რას მივაქციოთ ყურადღება შეძენისას
* აირჩიეთ მკვრივი და მძიმე თავი.
სიმძიმე იმის მანიშნებელია, რომ ფოთლები შიგნით მჭიდროდ არის განლაგებული. სიმკვრივე ხელით შეხებისას უნდა იგრძნობოდეს. სირბილე და სიმსუბუქე იმის მანიშნებელია, რომ ბოსტნეული დიდი ხნისაა და გამოშრა.
* შეამოწმეთ ფოთლების მდგომარეობა
ფოთლები უნდა იყოს ხრაშუნა, ელასტიკური და მწვანე. ნუ იყიდით თავს, რომელსაც დამჭკნარი, უსიცოცხლო ყვითელი ფოთლები, გამომშრალი კიდეები, ყავისფერი ლაქები ან ლორწოვანი ზედაპირი აქვს — ეს იმის ნიშანია, რომ კომბოსტო გადამწიფებულია ან ძველია და მალე გაფუჭდება.
გარდა ამისა, ფოთლები უნდა იყოს მთლიანი და საღი. დაზიანებული და დამტვრეული ფოთლები უფრო სწრაფად კარგავს ტენს. მაღალია მათში მიკროორგანიზმების გამრავლების რისკიც.
* დააკვირდით ძირს
ძირი უნდა იყოს ბაცი, მკვრივი, ულაქო. თუ გამუქებულია, დარბილებული ან ლორწოვანი, ესე იგი ძველია.
როგორ შევინახოთ
* შეინახეთ მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში. ოთახის ტემპერატურამ შესაძლოა დააჩქაროს მისი ჭკნობა და შეამციროს ზოგიერთი სასარგებლო საკვები ნივთიერების შემცველობა.
* წინასწარ ნუ გარეცხავთ მთელ თავს — გარეცხეთ მხოოლოდ ფოთლები, რომლებსაც გარეცხვისთანავე ჩააჭრით კერძში. ზედმეტი ტენი კომბოსტოს გააფუჭებს.
* თუ კომბოსტოს ფურცლებად შენახვა გირჩევნიათ, სამზარეულოს ხელსახოცში გაახვიეთ, რომელიც ზედმეტ ტენს შეიწოვს, და ისე შედეთ მაცივარში. სწორად შენახული 1-2 კვირას გაძლებს.
* დარჩენილ თავს მჭიდროდ გადააკარით საკვები ცელოფანი ან მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში, მაგრამ რამდენიმე დღეზე მეტხანს ნუ გააჩერებთ.
რჩევა: თუ გარეთა ფოთლები ოდნავ შეჭკნა, მთელი თავის გადაგდებას ნუ იჩქარებთ — შიგნითა ფოთლები შესაძლოა კვლავ საღი და ვარგისი იყოს.
შავი წერტილები
ჩინურ კომბოსტოს ღეროებზე ზოგჯერ პატარა შავი ან მუქი ყავისფერი წერტილები უჩნდება. ეს წერტილები უმეტესად ფიზიოლოგიურია და არ წარმოადგენს ბაქტერიულ ინფექციას ან ობს. შესაბამისად, არც ჯანმრთელობისთვის არის საშიში. თუ ღერო მკვრივია, არ აქვს ლორწოვანი ზედაპირი და უსიამოვნო სუნი, შეგიძლიათ, თამამად მოიხმაროთ.
სამზარეულოში
ჩინურ კომბოსტოს ნაზი გემო და ხრაშუნა ტექსტურა აქვს. საკვებად ვარგისია თითქმის მთელი მცენარე — როგორც თხელი მწვანე ფოთლები, ისე ხორციანი თეთრი ღეროები.
ჩინური კომბოსტო ფართოდ გამოიყენება როგორც ევროპულ, ისე აზიურ სამზარეულოში. ის იდეალური ბაზაა სალათებისთვის. კარგად ეხამება კიტრს, სტაფილოს, სხვადასხვა სახეობის მწვანილს, ვაშლს, ციტრუსებს, თხილეულს. ძალიან უხდება სოიის სოუსი, სეზამის ზეთი, თაფლი, ლიმონის წვენი და ჯანჯაფილი (კოჭა), ასევე — იოგურტისა თუ ზეთის ბაზაზე მომზადებული სოუსები, მოხალული სეზამის მარცვლები.
სწრაფი მოშუშვა ჩინური კომბოსტოს მომზადების ყველაზე პოპულარული მეთოდია აზიაში. მაღალ ცეცხლზე სწრაფი შეწვა ბოსტნეულს ვიტამინების უდიდეს წილსა და ხრაშუნა ტექსტურას უნარჩუნებს.
როგორ მოვამზადოთ: დაჭერით კომბოსტო შედარებით დიდ ნაჭრებად. ზეთში მოშუშეთ ნიორი, ჯანჯაფილი, დააწყვეთ იმავე ტაფაზე კომბოსტოს ფოთლები და შუშეთ სულ რაღაც 2-3 წუთი, ვიდრე ფოთლების მწვანე ნაწილი ოდნავ არ მორბილდება, თეთრი კი უმჯობესია ხრაშუნა დარჩეს. მოასხით სოიის სოუსი.
ჩინური კომბოსტო საოცარ არომატს და ტექსტურას სძენს წვნიანებს.
ოქროს წესი: ვინაიდან ეს ბოსტნეული ძალიან მალე იხარშება, უმჯობესია, წვნიანში ყველაზე ბოლოს, ქურიდან გადმოდგმამდე 1-2 წუთით ადრე ჩაამატოთ. ასე ფოთლები ფერსაც შეინარჩუნებს და ვიტამინებსაც.
ფერმენტირებული ჩინური კომბოსტო, კიმჩი, კორეული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია. მარილსა და სანელებლებთან ურთიერთქმედებისას კომბოსტო დამახასიათაბელ მჟავე გემოს იღებს. ფერმენტაციის პროცესში მრავლდებიან პრობიოტიკები — სასარგებლო მიკროორგანიზმები, რომლებიც აჯანსაღებენ ნაწლავის მიკრობიომს.
კომბოსტოს ვრაპი
ვინაიდან ჩინური კომბოსტოს ფოთლები საკმაოდ გრძელი, ელასტიკური და მკვრივია, შეგიძლიათ, ისინი ტორტილას ალტერნატივად გამოიყენოთ: მათში გაახვიოთ მოხარშული ქათმის ფილე, ბრინჯი, ბოსტნეული, მოასხათ სასურველი სოუსი და მიირთვათ.
ჯილდა გაჩეჩილაძე







