სპონტანური და დაგეგმილი აქტივობები
Share:
ფერადი ფურცლები, სენსორული და განმავითარებელი სათამაშოები, მუსიკის გაკვეთილები, ხელსაქმე, ფაზლი — ყველა ამ აქტივობის მიუხედავად, მშობლები ყოველთვის შფოთავენ იმაზე, საკმარისს აკეთებენ თუ არა შვილის განვითარებისთვის.
პატარები ყველაზე მეტს იმ საქმიანობის დროს სწავლობენ, რომელიც უფროსებს სრულიად უნაყოფო ეჩვენებათ — თამაშის დროს.
ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვის ცხოვრებაში დაგეგმილი აქტივობების ადგილი არ არის — მრავალი მათგანი მართლაც სახალისო, საინტერესო და სასარგებლოა, მაგრამ არ არის აუცილებელი, დღის ყოველი წუთი პატარას ისეთი აქტივობებით შევუვსოთ, რომელთა მიზანიც კონკრეტული უნარის განვითარებაა. ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი დროც, რათა გამოიკვლიოს, გამოსცადოს, წარმოიდგინოს, გაიმეოროს, შეცდეს და ზოგჯერ უბრალოდ მოიწყინოს.
სწავლა ყოველთვის სწავლას არ ჰგავს
ბავშვები პატარა მეცნიერები არიან. ისინი ამოწმებენ, რა მოხდება, თუ კოვზს ძირს დააგდებენ, წყალს ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადაასხამენ, სათამაშოს საბნის ქვეშ დამალავენ ან მანქანას დახრილ ზედაპირზე დააგორებენ.
ზრდასრულისთვის ეს ჩვეულებრივი თამაშია, განვითარებადი ტვინი კი ამ გზით უზარმაზარ ინფორმაციას იღებს.
როდესაც ბავშვი კოშკს აშენებს, მერე კი ანგრევს, ის მიზეზშედეგობრივ კავშირებს იკვლევს; როდესაც ნივთებს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ალაგებს — გეომეტრიულ ცნებებს ითვისებს; როდესაც მუყაოს ყუთს სახლად აქცევს, წარმოსახვასა და სიმბოლურ აზროვნებას ივითარებს; როდესაც ფეხსაცმლის ჩაცმას ან თასმის შეკვრას ცდილობს, კოორდინაციას და წვრილ მოტორიკას ივარჯიშებს.
მუდმივი გართობის პრობლემა
მშობლებს ჰგონიათ, რომ მათი მოვალეობაა, ბავშვის ყოველი წუთი ამა თუ იმ გასართობით შეავსონ.
მაგრამ ბავშვებს მუდმივად გართობა არ სჭირდებათ.
როდესაც პატარას მზა გასართობს არ სთავაზობენ, მას ბუნებრივად ებადება კითხვა: "რისი გაკეთება შემიძლია მე თვითონ?"
ბავშვი, რომელიც ბალიშებისგან გამოქვაბულს იშენებს, საბნისგან კარავს დგამს ან რამდენიმე წუთის განმავლობაში კენჭები ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადააქვს, ივითარებს შემოქმედებით ნიჭს და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს.
მოწყენილობა არ არის ის სიტუაცია, რომელიც მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს; ხშირად ის შემოქმედებითი გადაწყვეტილებებისკენ მიმავალი გზაა.
თავისუფალი თამაში არაფრის კეთებას არ ნიშნავს
თავისუფალი თამაში ნიშნავს, რომ ბავშვი თავად წყვეტს, რა ითამაშოს, როგორ ითამაშოს და რამდენ ხანს გააგრძელოს თამაში.
ეს შეიძლება იყოს კუბიკებისგან კოშკის აგება, "საჭმლის" მომზადება, წიგნის თვალიერება, თოჯინის დაძინება, ხატვა ან სულაც ეზოში ფოთლების შეგროვება.
მთავარია, ბავშვი მუდმივად არ ასრულებდეს უფროსის მითითებებს.
სტრუქტურირებული აქტივობის დროს მშობელმა შეიძლება უთხრას შვილს: "მოდი, წითელი წრე გამოვჭრათ და აქ დავდოთ", — თავისუფალი თამაშის დროს კი წითელი წრე შეიძლება პიცად იქცეს, მაგიდა — რესტორნად, ხოლო სათამაშო დინოზავრი — მომხმარებლად.
ორივე ტიპის თამაშებს თავ-თავისი ადგილი აქვს, თუმცა ისინი განსხვავებულ უნარებს ავითარებენ.
სტრუქტურირებული აქტივობები ბავშვს ახალი ცნებების გაცნობასა და კონკრეტული უნარების განვითარებაში ეხმარება, თავისუფალი თამაში კი მას შესაძლებლობას აძლევს, ეს უნარები დამოუკიდებლად და შემოქმედებითად გამოიყენოს.
განმავითარებელი სათამაშოები
ფაზლები, კონსტრუქტორები, წიგნები, ფერადი ფანქრები შესანიშნავი რესურსებია. უბრალოდ, შეცდომაა ფიქრი, თითქოს სათამაშო ავტომატურად განმავითარებელი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ შეფუთვაზე სიტყვა "განმავითარებელი" აწერია.
ხშირად ყველაზე მარტივი სათამაშოები ყველაზე ეფექტურია.
ხის კუბიკებისგან შეიძლება აშენდეს კოშკი, ავტოფარეხი, ხიდი, ზოოპარკი ან სასახლე, რამდენიმე სათამაშო ცხოველმა მთელი წარმოსახვითი სამყარო შექმნას, მუყაოს ყუთი კი ძვირად ღირებულ ელექტრონულ გასარYთობზე საინტერესო აღმოჩნდეს სწორედ იმიტომ, რომ ბავშვს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, რა არის ეს.
სათამაშოების არჩევისას ეცადეთ, უპირატესობა მიანიჭოთ ისეთ ნივთებს, რომლებიც ბავშვს არა მხოლოდ მზა ფუნქციის გამოყენებისკენ, არამედ შექმნისკენაც უბიძგებს.
განსაკუთრებით სასარგებლოა ღია ტიპის სათამაშოები, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვანაირად შეიძლება.
დაე, ცოტა იწვალოს
მშობლის ნერვებისთვის სერიოზული გამოცდაა იმის ყურება, როგორ წვალობს ბავშვი რაღაც ისეთის გასაკეთებლად, რისი გაკეთებაც მშობელს რამდენიმე წამში შეუძლია.
ფაზლის ერთი ელემენტი თავის ადგილას არ ჯდება, კოშკი ინგრევა, ელვა არ იკვრება... ამ დროს ჩვენი პირველი რეაქცია ასეთია: "მოდი, მოგეხმარო!" მაგრამ ნუ იჩქარებთ. მცირე იმედგაცრუება შესაძლოა სასარგებლოც კი აღმოჩნდეს ბავშვისთვის. ამიტომ მის ნაცვლად კი ნუ გააკეთებთ, ჰკითხეთ:
"ვხედავ, რომ ასე არ გამოდის. როგორ ფიქრობ, კიდევ როგორ შეგვიძლია ვცადოთ?“
ან:
"გინდა, ცოტათი დაგეხმარო თუ კიდევ ერთხელ სცდი?“
ჩვენი მიზანი ის არ არის, იმედგაცრუებული ბავშვი პრობლემის პირისპირ მარტო დავტოვოთ — ჩვენი მიზანია, მივცეთ შესაძლებლობა, თავად განიცადოს ის სასიამოვნო მომენტი, როცა რაღაც სხვის დაუხმარებლად გამოუვა.
სწორედ ასეთი გამოცდილება ავითარებს მოთმინებასა და შეუპოვრობას, გაცილებით მეტად, ვიდრე მშობლის მუდმივი დახმარება.
დამოუკიდებლად თამაში უნარია
ზოგიერთ პატარას შეუძლია, დიდხანს ითამაშოს მარტომ, ზოგს კი ყოველ წამს უფროსის გვერდით ყოფნა სჭირდება.
დამოუკიდებელი თამაში არ ნიშნავს ოთახში ბავშვის მარტო დატოვებას — შეგიძლიათ, მის გვერდით იყოთ. მთავარია, არ ჩაერიოთ.
მაგალითად:
"მე აქ დავჯდები და ყავას დავლევ, შენ კი შეგიძლია, ითამაშო".
თუ პატარამ მასთან ერთად თამაში შემოგთავაზათ, მაშინვე უარს ნუ ეტყვით, უბრალოდ, ცოტა ხნით გადადეთ, თან თამაშის გაგრძელებისკენ წაახალისეთ:
"სიამოვნებით გეთამაშები, ოღონდ ჯერ ყავის სმას დავასრულებ. მანამდე შენ შენება გააგრძელე, მერე კი მაჩვენე, რას ააშენებ".
ბავშვი თანდათან ისწავლის, რომ შეუძლია, თამაშის მთავარი შემოქმედი თვითონვე იყოს და უფროსების დახმარება არ სჭირდება.
რამდენ ხანს უნდა ითამაშოს ბავშვმა?
არავის დაუდგენია, რამდენი წუთი უნდა დაუთმოს ბავშვმა თავისუფალ თუ სტრუქტურირებულ აქტივობას. უმჯობესია, ვიფიქროთ ბალანსზე.
გარდა ამისა, წინდების დახარისხება, ბოსტნეულის გარეცხვა, სათამაშოების ალაგება, სუფრაზე ხელსახოცების დაწყობა და მცენარეების მორწყვაც შესანიშნავად უწყობს ხელს მეტყველების, მოტორული უნარების, მოთმინების, პასუხისმგებლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.
აღზრდის თანამედროვე კულტურამ შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ უსაქმოდ გატარებული ყოველი წუთი განვითარების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.
ასე არ არის.
პატარას არ სჭირდება იდეალურად დაგეგმილი დღე, სადაც ერთი საგანმანათლებლო აქტივობა მეორეს ცვლის. მას სჭირდება მზრუნველი და ყურადღებიანი უფროსები, მოძრაობისა და აღმოჩენის შესაძლებლობა, საკმარისი ძილი, წიგნები, საუბარი, მკაფიო საზღვრები და უამრავი თავისუფალი დრო.
ლიკა ქათამაძე







