ფსიქონუტრიციოლოგია - რა გავლენას ახდენს ერთმანეთზე კვება და ფსიქიკა
Share:
კვებისა და ფსიქიკის ურთიერთკავშირს უხსოვარი დროიდან აკვირდებიან. ბოლო ხანს უფრო და უფრო აქტიურად ვითარდება ფსიქონუტრიციოლოგია –მეცნიერების დარგი, რომელიც ამ ორ სფეროს ერთიან ჭრილში განიხილავს. იმის შესახებ, რას ემსახურება ეს მიმართულება და როგორი კვებითი ჩვევები უწყობს ხელს მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ექიმს, ფსიქოლოგსა და ფსიქონუტრიციოლოგს, 30-წლიანი გამოცდილების მქონე სურსათის ექსპერტს, პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის წევრს, წიგნ "ფსიქონუტრიციოლოგია – მეცნიერული კვების" ავტორს თენგიზ კალანდაძეს ვესაუბრეთ.
_ ფსიქონუტრიციოლოგია კვებისა და ფსიქიკური პროცესების ურთიერთკავშირს შეისწავლის. ის აერთიანებს ნუტრიციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების, ფსიქოფიზიოლოგიისა და ქცევითი მეცნიერებების ცოდნას. ისტორიულად, კვებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებაში ცალ-ცალკე შეისწავლებოდა. თანამედროვე ფსიქონუტრიციოლოგიის უშუალო წინამორბედად შეიძლება მივიჩნიოთ nutritional psychiatry — ნუტრიციული ფსიქიატრია, რომლის კვლევითი მიმართულება, რამდენიმე ათეული წელია, განსაკუთრებით გააქტიურდა. კვლევებმა აჩვენა, რომ კვების ხარისხი დაკავშირებულია არა მხოლოდ მეტაბოლურ ჯანმრთელობასთან, არამედ განწყობასთან, კოგნიტიურ ფუნქციებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაც.
ამ მიმართულების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2010-იან წლებში ისეთი კვლევების დაწყება, რომლებიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცალკეული ნუტრიენტების, არამედ მთლიანი კვებითი მოდელებისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მათი გავლენის შესწავლას. 2017 წელს შეიქმნა International Society for Nutritional Psychiatry Research (ISNPR), რაც ამ დარგის საერთაშორისო სამეცნიერო მიმართულებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
დღეს ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაშიც. მაგალითად, Massachusetts General Hospital-ში მოქმედებს სპეციალიზებული კლინიკური მიმართულება – ნუტრიციული ფსიქიატრია, ხოლო გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საუნივერსიტეტო კლინიკებში სპეციალიზებული კლინიკური და კვლევითი სტრუქტურები იქმნება.
ჩემი წიგნი, რომელიც „ავერსის“ სპონსორობით გამოიცა, სწორედ ამ პროცესის კონტექსტში შეიქმნა. მისი მიზანია თანამედროვე ცოდნის ერთიან სისტემაში მოქცევა და ქართულ სამეცნიერო სივრცეში ფსიქონუტრიციოლოგიის როგორც ბიოფსიქოსოციალურ და ინტერდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებული მიმართულების შემოტანა. წიგნში კვებითი ქცევა განიხილება როგორც არა მხოლოდ მეტაბოლური, არამედ ემოციური, კოგნიტიური, ქცევითი და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი.
ამ ორი მიმართულების გაერთიანების მთავარი მიზეზი სწორედ ადამიანის ორგანიზმის ბიოფსიქოსოციალური ბუნებაა. ადამიანი საკვებს არ იღებს მხოლოდ შიმშილის ფიზიოლოგიური სიგნალის საფუძველზე — კვებით ქცევაზე გავლენას ახდენს ემოციური მდგომარეობა, მოტივაცია, ჩვევები, კოგნიტიური პროცესები, პიროვნული გამოცდილება, სოციალური და კულტურული გარემო.
ამიტომ ფსიქონუტრიციოლოგიის მთავარი კითხვაა არა მხოლოდ "რას ჭამს ადამიანი?“, არამედ — "რატომ ჭამს, როგორ ჭამს და რა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მექანიზმები განსაზღვრავს მის კვებით ქცევას?" სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გახდა საჭირო ნუტრიციოლოგიისა და ფსიქოლოგიის ინტეგრაცია.
კვება და ემოცია
_ როგორ აისახება კვება ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე?
_ კვებასა და ემოციურ მდგომარეობას შორის კავშირი ორმხრივია. კვებითი ფაქტორები გავლენას ახდენს თავის ტვინის ფუნქციონირებაზე, ნეიროტრანსმიტერების სინთეზზე, ნეიროენდოკრინულ რეგულაციასა და ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე. ცილებისგან მიღებული ამინმჟავები ნეიროტრანსმიტერების წინამორბედები არიან, ხოლო B ჯგუფის ვიტამინები და სხვა მიკრონუტრიენტები ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობენ.
ამავე დროს, ემოციური მდგომარეობა პირდაპირ ახდენს გავლენას კვებით ქცევაზე. სტრესმა, შფოთვამ, ემოციურმა დაძაბულობამ და სხვა ფსიქოემოციურმა ფაქტორებმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ჭამას მაშინაც კი, როდესაც ფიზიოლოგიურად ადამიანს არ შია. ამ შემთხვევაში საკვები ემოციური რეგულაციისა და ფსიქოლოგიური კომპენსაციის საშუალებაა. წიგნში ეს მექანიზმები განხილულია ჰომეოსტაზური და ჰედონისტური შიმშილის, სტრესინდუცირებული კვების, ემოციური ჭამისა და ჯილდოს სისტემის კონტექსტში.
პრობლემური კვებითი პატერნები
– ფსიქონუტრიციოლოგიაში მნიშვნელოვანია კვებითი ქცევის დარღვევების ანუ აშლილობებისა და პრობლემური კვებითი პატერნების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
პრობლემური კვებითი პატერნებია:
* ემოციური კვება — ჭამა ემოციური მდგომარეობის რეგულაციისთვის;
* ჰედონისტური კვება — ჭამა სიამოვნების, ემოციური კმაყოფილების მისაღებად;
* სტრესინდუცირებული კვება — კვებითი ქცევის შეცვლა სტრესისა და ნეიროენდოკრინული პასუხის ფონზე;
* გადაჭარბებული კვება (overeating) – ფიზიოლოგიურ ნორმაზე ან ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებაზე მეტი კალორიის მიღება, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს დროებითი, სიტუაციური (მაგალითად, სადღესასწაულო სუფრაზე) ან სტრესული ფაქტორებით;
* ორთორექსია – საკვების სისუფთავესა და ჯანსაღ კვებაზე მანიაკალური ფიქსაცია;
* სხეულის აღქმის დარღვევა (Body Image Disturbance) – საკუთარი სხეულის მტკივნეული, დამახინჯებული აღქმა, რომელიც არღვევს ადამიანის ემოციურ წონასწორობას, ანგრევს თვითშეფასებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს დარღვევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კვებითი პატერნების, ისე კვებითი აშლილობების განვითარებასა და შენარჩუნებაში.
კვებითი აშლილობები ანუ კვებითი ქცევის დარღვევებია:
* ჭარბი (კომპულსიური, თავშეუკავებელი, უკონტროლო) ჭამის აშლილობა (Binge Eating Disorder) – ადამიანს პერიოდულად ეუფლება სწრაფი, უკონტროლო, თავშეუკავებელი ჭამის მოთხოვნილება (კომპულსიური ეპიზოდები), რასაც თან ახლავს სირცხვილი და დანაშაულის ძლიერი განცდა, მაგრამ არ ერთვის კომპენსატორული ქცევები (მაგალითად, ხელოვნური ღებინება).
* ნერვული ბულიმია (Bulimia Nervosa) – კვებითი აშლილობა, რომლის დროსაც ჭამის უკონტროლო ეპიზოდი სრულდება ორგანიზმის "გაწმენდის“ კომპენსატორული ქცევით (ხელოვნურად გამოწვეული ღებინებით, საფაღარათო საშუალების მიღებით, შიმშილობით ან გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვით), რასაც თან ახლავს მუდმივი შფოთვა და სხეულის წონაზე პათოლოგიური დამოკიდებულება;
* ნერვული ანორექსია (Anorexia Nervosa) – გამოიხატება საკვების მიღების უკიდურესი შეზღუდვით, წონის მატების პათოლოგიური შიშით და მუდმივი კლების მანიაკალური სურვილით, მაშინაც კი, როცა ადამიანი კრიტიკულად გამხდარია;
* არიდებითი / შეზღუდვითი კვების აშლილობა (ARFID) – ადამიანი უარს ამბობს განსაზღვრულ საკვებზე გემოს, ტექსტურის ან სუნის, ასევე გადაცდენისა და დახრჩობის შიშის გამო;
* სხვა დაზუსტებული კვებითი აშლილობები (OSFED) – ესენია აშლილობები, რომლებიც იწვევს მძიმე ტანჯვასა და სოციალურ-ფუნქციურ დარღვევებს, თუმცა ბოლომდე არ აკმაყოფილებს ანორექსიის, ბულიმიის ან უკონტროლო ჭამის აშლილობის საკლასიფიკაციო კრიტერიუმებს.
აქ მნიშვნელოვანია ერთი პრინციპული მომენტი: ემოციური კვება თავისთავად არ არის კლინიკური დიაგნოზი, მაგრამ ის შეიძლება გადაიზარდოს კვებით აშლილობაში (მაგალითად, კომპულსიური ჭამის აშლილობაში), თუ ქცევა განმეორებადია, უკონტროლოა და კლინიკურად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ შედეგებს იწვევს.
ამრიგად, კვება და ფსიქიკა ერთმანეთისგან განცალკევებული სისტემები არ არის. კვება მოქმედებს ტვინსა და ემოციურ რეგულაციაზე, ხოლო ფსიქოემოციური მდგომარეობა, თავის მხრივ, ცვლის ადამიანის კვებით არჩევანსა და ქცევას. სწორედ ამ ორმხრივი ურთიერთობის შესწავლა წარმოადგენს ფსიქონუტრიციოლოგიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას.
ნაწლავები – “მეორე ტვინი”
– ნაწლავსა და ტვინს შორის მიმდინარეობს ორმხრივი, მრავალკომპონენტიანი ნეიროენდოკრინული, იმუნური და მეტაბოლური კომუნიკაცია, რომელსაც ნაწლავ-ტვინის ღერძს (gut-brain axis) ვუწოდებთ.
თანამედროვე ნეირომეცნიერების მიხედვით, ტვინი, ნაწლავი და მისი მიკრობიომი მუდმივ ბიოქიმიურ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან. მათი ურთიერთქმედება გავლენას ახდენს განწყობაზე, ქცევაზე, იმპულსურობაზე, ძილზე, მოტივაციასა და კვებით არჩევანზე. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია ნაწლავის მიკრობიომს — ტრილიონობით მიკროორგანიზმისგან შემდგარ ეკოსისტემას, რომელიც მეტაბოლურ, იმუნურ, ნეიროენდოკრინულ და ანთებით პროცესებში მონაწილეობს. საკვები გავლენას ახდენს მიკრობიომის შემადგენლობასა და ფუნქციურ აქტიურობაზე, ხოლო მიკროორგანიზმების მიერ წარმოქმნილი მეტაბოლიტები, მათ შორის – მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები (SCFA), ორგანიზმისთვის დამატებით ბიოლოგიურ სიგნალებს წარმოადგენს.
ამის გამო ნაწლავს ხშირად "მეორე ტვინს“ უწოდებენ, უფრო ზუსტი სამეცნიერო სახელწოდება კი ენტერალური ნერვული სისტემაა. ეს სისტემა შეიცავს ნეირონებისა და გლიური უჯრედების ფართო ქსელს და მჭიდროდ ურთიერთქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. ამ კომუნიკაციაში მონაწილეობს ნეირომედიატორული, ჰორმონული, იმუნური და მეტაბოლური სიგნალები.
მნიშვნელოვანია პრებიოტიკებისა და პრობიოტიკების როლიც. პრებიოტიკები წარმოადგენს სუბსტრატებს, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო მიკროორგანიზმების გამრავლებასა და მეტაბოლურ აქტივობას, ხოლო პრობიოტიკები — ცოცხალ მიკროორგანიზმებს, რომელთა ადეკვატური რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტი გამოიწვიოს. განიხილება მათი გამოყენება მიკრობიომის ფუნქციის მხარდასაჭერად, თუმცა პრობიოტიკური შტამების ეფექტი ინდივიდუალურია და ყველა პრეპარატი ერთნაირ შედეგს არ იძლევა.
ამრიგად, ნაწლავი მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ორგანო არ არის . იგი წარმოადგენს ნეიროიმუნური და მეტაბოლური რეგულაციის მნიშვნელოვან კომპონენტს, ხოლო მიკრობიომი ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციური რგოლია. სწორედ ამიტომ ფსიქონუტრიციოლოგიაში ნაწლავის ჯანმრთელობა და მიკრობიომის მდგომარეობა ადამიანის ფიზიკური და ფსიქოემოციური ჯანმრთელობის ერთიან კონტექსტში განიხილება.
კვება ტვინისთვის
_ როგორი კვებაა სასარგებლო ნებისმიერი ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის?
_ მენტალური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად პირველადი მნიშვნელობა აქვს მრავალფეროვან, დაბალანსებულ და ნუტრიციულად ადეკვატურ კვებას, რომელიც ორგანიზმს ენერგიით და აუცილებელი მაკრო- და მიკრონუტრიენტებით ამარაგებს. მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის ცილის, ხარისხიანი ცხიმის, რთული ნახშირწყლების, ბოჭკოს, ვიტამინებისა და მინერალების მიღება. დაბალანსებული კვება ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზაციას და ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების შენარჩუნებას.
მაგრამ ფსიქონუტრიციოლოგიაში მნიშვნელოვანია არა "სწორი საკვების არჩევა", არამედ კვების მთელი პროცესის გაცნობიერება. ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რას ჭამს, რატომ ჭამს, რა ემოციური მდგომარეობა უძღვის წინ ჭამას და როგორ მოქმედებს კონკრეტული კვებითი არჩევანი მის ფიზიკურ და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
ფსიქონუტრიციოლოგიური მიდგომაა არა დროებითი დიეტის დაწესება, არამედ ახალი კვებითი დამოკიდებულებების, აღქმებისა და ქცევითი პატერნების ჩამოყალიბება. ყოველდღიური რაციონი უნდა აღიქმებოდეს არა აკრძალული ან ნებადართული პროდუქტების სიად, არამედ ჯანმრთელობის, ენერგიისა და ფსიქოფიზიოლოგიური კეთილდღეობის მხარდაჭერის საშუალებად.
გაცნობიერების გარეშე მდგრადი შედეგის მიღება წარმოუდგენელია. როდესაც ადამიანი მხოლოდ მენიუს კი არ ცვლის, არამედ დამოკიდებულებასაც იცვლის საკვების, შიმშილის, დანაყრების, ემოციებისა და საკუთარი სხეულის მიმართ, კვების ცვლილებები დროებით დიეტურ შეზღუდვად კი აღარ რჩება, არამედ სათავეს უდებს ახალ კვებით ჩვევებს.
გავრცელებული შეცდომები
_ კვებითი ჩვევებთან დაკავშირებულ რა მითებსა და შეცდომებს ვაწყდებით ყველაზე ხშირად?
_ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა კვების მეტისმეტად გამარტივებული და კატეგორიული აღქმა — სურსათის დაყოფა „კარგ“ და „ცუდ“ პროდუქტებად და რომელიმე ერთი პროდუქტის ან ნუტრიენტის უნივერსალურ „სამკურნალო“ ან „მავნე“ ფაქტორად გამოცხადება. მეცნიერულად საკვების ეფექტი უნდა შეფასდეს მისი რაოდენობის, კვებითი შემადგენლობის, მიღების სიხშირის, საერთო რაციონისა და ინდივიდუალური ფიზიოლოგიური საჭიროებების გათვალისწინებით.
ასევე გავრცელებული მითებია:
* „დეტოქს - დიეტები“ – თითქოს სპეციალური დიეტა, წვენის კურსი ან კონკრეტული პროდუქტი ორგანიზმს დაგროვილი „ტოქსინებისგან“ წმენდს. ფიზიოლოგიურად დეტოქსიკაციის ფუნქციას ძირითადად ღვიძლი და თირკმელები ასრულებს და ჯანმრთელ ორგანიზმს ამისთვის სპეციალური „დეტოქს-დიეტა“ არ სჭირდება.
* „სუპერფუდები“ — მოსაზრება, რომ ერთ კონკრეტულ პროდუქტს აქვს განსაკუთრებული სამკურნალო ძალა და დაბალანსებული კვების ჩანაცვლება შეუძლია. სინამდვილეში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია მთლიანი კვებითი პატერნი და საკვები ნივთიერებების მრავალფეროვნება.
* ნახშირწყლებისა და შაქრის სრული დემონიზაცია — ყველა ნახშირწყლის „მავნედ“ გამოცხადება. თანამედროვე ნუტრიციოლოგიაში მნიშვნელოვანია ნახშირწყლის ტიპი, რაოდენობა და გლიკემიური დატვირთვა; შაქარი ორგანიზმის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
* „ცხიმი ყოველთვის მავნეა“ – რაციონიდან ცხიმების სრული გამორიცხვა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმს სჭირდება აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები და ცხიმები უჯრედულ და ჰორმონულ პროცესებში მონაწილეობს.
- „რაც უფრო მკაცრია დიეტა , მით უკეთესია შედეგი“ — მკაცრი შეზღუდვები ხშირად აძლიერებს საკვებზე ფსიქოლოგიურ ფიქსაციას, დანაშაულის განცდას და კონტროლის დაკარგვის ეპიზოდებს.
- „ერთი დიეტა ყველასთვის“ — კვების ეფექტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხეულის მეტაბოლურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ცხოვრების წესზე, ფსიქოლოგიურ ფაქტორებსა და სხვა ინდივიდუალურ მახასიათებლებზე.
- „ემოციური ჭამა მხოლოდ ნებისყოფის ნაკლებობის ბრალია“ — ეს მიდგომა უგულებელყოფს სტრესის, ემოციური რეგულაციის, ჯილდოს სისტემისა და ქცევითი ჩვევების ნეიროფსიქოლოგიურ მექანიზმებს.
ფსიქონუტრიციოლოგიის ამოცანაა მითების ჩანაცვლება მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნით. თერაპიული პროცესი არ უნდა ეფუძნებოდეს შიშს, აკრძალვებსა და სწრაფი შედეგის დაპირებებს. მთავარია, ადამიანმა გააცნობიეროს თავისი კვებითი ქცევა, კრიტიკულად მიუდგეს მას და ჩამოიყალიბოს ისეთი კვებითი პატერნი, რომელიც გრძელვადიან სამსახურს გაუწევს ფიზიკურ და ფსიქოემოციურ ჯანმრთელობას.
ვის გამოადგება
_ ფსიქონუტრიციოლოგიის მთავარი ღირსება ის არის, რომ არა მხოლოდ კვების რაციონის შეცვლაში, არამედ ჩვენი კვებითი ქცევის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მექანიზმების გაცნობიერებაშიც გვეხმარება.
კვებითი ქცევის უკან შესაძლოა იდგეს ხანგრძლივი სტრესი, დაძაბული ოჯახური ურთიერთობები, დაბალი თვითშეფასება, სხეულის ნეგატიური აღქმა ან ბავშვობის პერიოდში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა — ემოციური ან ფიზიკური ძალადობა, უგულებელყოფა, ბულინგი და სხვა. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებასა და კვებითი აშლილობების რისკს შორის ძლიერი კავშირია. შესაძლო მედიატორებია ემოციების რეგულირების სირთულე, შფოთვა, დეპრესია, დისოციაცია (რეალობისგან, სხეულისგან, ემოციებისგან, გარემოსგან გამოთიშვა), სხეულით უკმაყოფილება, თვითკრიტიკა და ალექსითიმია (მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციების ამოცნობა, მათთვის სახელის დარქმევა და სიტყვიერად გამოხატვა).
კვებითი ქცევის დარღვევას ასევე შესაძლოა საფუძვლად ედოს:
- წონის მართვის განმეორებითი წარუმატებელი მცდელობები;
- სხეულის ნეგატიური აღქმა;
- მკაცრი დიეტისა და ჭარბი კვების პერიოდების მონაცვლეობა;
- წარსულში საკვების ნაკლებობის გამო დანაყრების განცდა უსაფრთხოებისა და დაცულობის ინსტრუმენტად.
ამიტომ ფსიქონუტრიციოლოგი აფასებს არა მხოლოდ იმას, რას ჭამს ადამიანი, არამედ იმასაც, რა გამოცდილებამ ჩამოაყალიბა მისი დამოკიდებულება საკვების, საკუთარი სხეულის, საკუთარი თავის მიმართ. კვებითი ქცევა შესაძლოა ფსიქოლოგიური ადაპტაციის ან ემოციური რეგულაციის ერთ-ერთი საშუალება იყოს.
ამასთან, ფსიქონუტრიციოლოგია ვერ შეცვლის ფსიქიატრიულ ან ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, რომელიც საჭიროა დიაგნოსტირებული კვებითი აშლილობის ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა დიაგნოზის დროს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შესაბამის სპეციალისტებთან მულტიდისციპლინური თანამშრომლობა. კვებითი აშლილობების მკურნალობაში ფსიქოლოგიური და კვებითი ინტერვენციების ინტეგრირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფსიქონუტრიციოლოგიის საბოლოო მიზანი ადამიანისთვის „დიეტის დანიშვნა“ არ არის – მისი მიზანია, კვება აღარ იყოს სტრესთან ბრძოლის, საკუთარი თავის დასჯის ან ემოციური კომპენსაციის საშუალება და ადამიანის ფიზიკური და ფსიქოემოციური ჯანმრთელობის ნაწილი გახდეს.
თერაპიული პროცესი
_ როგორ მიმდინარეობს კლიენტთან მუშაობის პროცესი და რამდენად სწრაფად ჩანს შედეგი?
_ მე პირადად ვმართავ პერსონალურ ონლაინ ფსიქონუტრიციოლოგიურ კონსულტაციებს. პაციენტის მდგომარეობას ვაფასებ როგორც ნუტრიციოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური და ქცევითი კრიტერიუმების მიხედვით. ვაანალიზებ მის ანამნეზს, კვებით ქცევას, ცხოვრების წესს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, საჭიროებისამებრ, დამატებით ანალიზებსაც ვუნიშნავ, რათა კვებითი სტრატეგია დაეფუძნოს არა ზოგად რეკომენდაციებს, არამედ კონკრეტული ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. შემდეგ გამოვთვლი ბაზალურ მეტაბოლურ მაჩვენებელს (BMR) და საერთო დღიურ ენერგეტიკულ დანახარჯს (TDEE), ვითვალისწინებ ასაკს, კუნთისა და ცხიმის თანაფარდობას, ფიზიკური აქტიურობის დონეს, მეტაბოლურ მდგომარეობასა და დასახულ მიზანს. ამ მონაცემების საფუძველზე ვადგენ პერსონალურ კვებით გეგმას, რომელიც მორგებულია კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკულ და ნუტრიციულ საჭიროებებს.
დასასრულ, ვატარებ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, რომლის მიზანიც კვებითი ქცევის გაცნობიერებაა: ადამიანი სწავლობს შიმშილისა და დანაყრების სიგნალების ამოცნობას, ემოციური და ფიზიოლოგიური შიმშილის ერთმანეთისგან გარჩევას, კვებითი ტრიგერების იდენტიფიცირებას და იმ ფსიქოლოგიური მექანიზმების გააზრებას, რომლებიც საფუძვლად უდევს მის კვებით ქცევას.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, პაციენტმა უბრალოდ „დიეტა კი არ დაიცვას“, არამედ გაიაზროს თავისი კვებითი ქცევა და თანდათან ჩამოუყალიბდეს ახალი, ჯანსაღი ჩვევები და დამოკიდებულებები. სწორედ ეს ქმნის გრძელვადიანი შედეგის საფუძველს.
შედეგის მისაღებად სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა დროა საჭირო. ზოგიერთ ცვლილებას, მაგალითად, კვების რეჟიმის მოწესრიგებას, შიმშილისა და დანაყრების სიგნალების აღქმის გაუმჯობესებას, ენერგიის მომატებას — შედარებით ნაკლები ხანი სჭირდება, მაგრამ მდგრადი ქცევითი ცვლილებების მიღწევა ეტაპობრივი პროცესია, რომელიც დროს, განმეორებას და ახალი ჩვევების განმტკიცებას მოითხოვს. ფსიქონუტრიციოლოგიის საბოლოო მიზანია არა სწრაფი გახდომა, არამედ მდგრადი თვითრეგულაცია, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და კვების პროცესისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
მარი აშუღაშვილი







