გაციება: რა უხდება და რა — არა

Share:

ყველამ ვიცით, რომ გაციებას ვირუსები იწვევენ. ვიცით ისიც, რომ ამ ვირუსებს წამლები ვერ ამარცხებენ. და მაინც — გაციების სამკურნალო საშუალებები ისევეა გავრცელებული, როგორც თავად გაციება.

ამ საშუალებების მთავარი ფუნქცია სიმპტომების შემსუბუქებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ყველა მათგანი არ არის ეფექტური.

რა უხდება

თუ გაცივდით, სავარაუდოდ, 1-2 კვირა ავად იქნებით. ავადმყოფობა მსუბუქად რომ გადაიტანოთ:

* მიიღეთ ბევრი სითხე. სუფთა სასმელი წყალი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ნაკლებცხიმიანი ქათმის ბულიონი, თბილი წყალი ლიმონითა და თაფლით. ეს ხელს შეუწყობს ცხვირის გახსნას და დაგვიცავს გაუწყლოებისგან. უმჯობესია, სითხეები თბილი იყოს — უფრო ადვილად შეამცირებს გაჭედილობას და დააჩქარებს ლორწოს გამოდევნას. ერიდეთ ალკოჰოლს, ყავას, კოფეინის შემცველ გაზიან სასმელებს — მათ შეუძლიათ, დაამძიმონ გაუწყლოება.

* დაისვენეთ. გამოჯანმრთელებისთვის ორგანიზმს დასვენება სჭირდება.

* მიიღეთ თაფლი. ის საკმაოდ ეფექტურია ხველის დროს. გახსოვდეთ, რომ თაფლი დასაშვებია 1 წლის ასაკიდან. მიირთვით ის თბილ ჩაისთან ან ლიმონიან წყალთან ერთად.

* დაატენიანეთ ჰაერი. დამატენიანებელი მოწყობილობით აამაღლეთ ტენიანობის დონე სახლში. ყოველდღე ცვალეთ წყალი და წმინდეთ მოწყობილობა ინსტრუქციის შესაბამისად.

ყელის ტკივილი

ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად ყელში გამოივლეთ თბილი მარილწყალი (გახსენით ნახევარ ჩაის კოვზამდე მარილი ერთ ჭიქა თბილ წყალში). შეგიძლიათ, მოწუწნოთ ყინულის ნატეხებიც, ყელის ტკივილისთვის განკუთვნილი სპეციალური ტაბლეტებიც, მაგარი კანფეტებიც, შეისხუროთ ყელის ტკივილისთვის განკუთვნილი სპრეიც

არ მისცეთ საწუწნი აბები და მაგარი კანფეტები 6 წლამდე ასაკის ბავშვებს!

ცხვირის გაჭედვა

გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარის (მარილიანი წყლის) წვეთები ან ცხვირის სპრეი. ჩვილს ცალ ნესტოში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი და შემდეგ ნაზად ამოუსუფთავეთ ასპირატორით (რეზინის ტუმბოთი). უფროსი ასაკის ბავშვებთან, შეგიძლიათ, ფიზიოლოგიური ხსნარის სპრეი გამოიყენოთ.

კუნთების ტკივილი

კუნთების ტკივილის გასაყუჩებლად მოზრდილებს შეუძლიათ მიიღონ პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ასპირინი. არ მისცეთ ასპირინი ბავშვებსა და მოზარდებს: გრიპისა და ჩუტყვავილას ფონზე მან შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში იშვიათი მდგომარეობა — რეის სინდრომი.

უსაფრთხოებისთვის

ზრდასრულებისა და 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის სიმპტომების შესამსუბუქებლად ნებადართულია ურეცეპტოდ გასაცემი დეკონგესტანტების (ცხვირის გამხსნელი საშუალებებით), ანტიჰისტამინური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენება, თუმცა ისინი ვერ შეამცირებს ავადმყოფობის ხანგრძლივობას. გარდა ამისა, უმეტესობას თანმხლები მოვლენები ახასიათებს.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ აღნიშნული პრეპარატები არ უნდა მივცეთ მცირეწლოვან ბავშვებს. მათმა ჭარბმა ან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

ნებისმიერი მედიკამენტის მიცემამდე გაიარეთ კონსულტაცია ბავშვის მკურნალ ექიმთან.

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ზოგიერთი საშუალება შერეულია (მაგალითად, დეკონგესტანტს პლუს ტკივილგამაყუჩებელი). თუ ტკივილგამაყუჩებელს ცალკეც სვამთ, მოსალოდნელია დოზის გადაჭარბება.

რა არ უხდება

იმ საშუალებების სია, რომლებსაც გაციების დროს შვება არ მოაქვს, საკმაოდ ვრცელია. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ანტიბიოტიკები. ეს პრეპარატები ებრძვის მიკროორგანიზმებს, ოღონდ მხოლოდ ბაქტერიებს და არ მოქმედებს გაციების გამომწვევ ვირუსებზე. ნუ მოითხოვთ ექიმისგან ანტიბიოტიკების გამოწერას გაციების დროს, ნურც საოჯახი აფთიაქში შემორჩენილ ძველ ანტიბიოტიკებს გამოიყენებთ — ეს არ დააჩქარებს გამოჯანმრთელებას. გარდა ამისა, ანტიბიოტიკების ზედმეტი მიღება იწვევს სერიოზულ პრობლემას — ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების წარმოშობას.

გაციებისა და ხველის საწინააღმდეგო ურეცეპტოდ ხელმისაწვდომმა საშუალებებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მცირეწლოვან ბავშვებს. 4 წლამდე ასაკში ამ საშუალებების მიცემას არ გირჩევთ! 4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი ნებისმიერი მედიკამენტის მიცემამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ პრეპარატებს ყოველთვის არ აქვს საგრძნობი ეფექტი და თანმხლები მოვლენებიც ახასიათებს.

მიმდინარე კვლევების მიუხედავად, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, ეფექტიანია თუ არა გაციების საწინააღმდეგოდ მიჩნეული ზოგიერთი საშუალება, მაგალითად, C ვიტამინი და თუთია.

აი, რას აჩვენებს კვლევები:

* C ვიტამინი — არ დასტურდება, რომ C ვიტამინის მიღება ხელს უწყობს გაციების თავიდან აცილებას, თუმცა, ზოგიერთი კვლევის თანახმად, გაციების ნიშნების გამოვლენამდე C ვიტამინის მიღებამ შესაძლოა შეამციროს ავადმყოფობის ხანგრძლივობა.

* C ვიტამინი შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც გაციების მაღალი რისკი აქვს (მაგალითად, ხშირად უწევს კონტაქტი გაციების გამომწვევ ვირუსებთან). რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, რომლებიც ზამთრის პერიოდში საბავშვო დაწესებულებებში დადიან.

* თუთია — ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ თუთიის შემცველ საწუწნ აბებსა და სიროფებს შეუძლია თავიდან აგვაცილოს გაციება ან შეამციროს სიმპტომების ხანგრძლივობა, სხვა კვლევები კი თუთიის უეფექტობაზე მეტყველებს. თუთიას მავნე თანმხლები მოვლენებიც ახასიათებს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) არ გვირჩევს თუთიის შემცველი ისეთი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც ცხვირში ჩასაწვეთებლად ან სასხურებლად არის განკუთვნილი — შესაძლოა, ყნოსვა დაგვაკარგვინოს. თუთიის მიღებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე

მიუხედავად იმისა, რომ გაციება თავისთავად გაივლის, ავადმყოფობის დღეებში უსიამოვნო თვითშეგრძნება გარდაუვალია. შეგიძლიათ, მოსინჯოთ გაციების საწინააღმდეგო უახლესი საშუალებები, მაგრამ საუკეთესო შედეგი მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ექნება: დაისვენეთ, მიიღეთ სითხე, ყურადღება მიაქციეთ ბინის ჰაერს — არ გამოგიშრეთ. არ დაგავიწყდეთ ხელების ხშირად ბანა, რომ ვირუსი სხვებს არ გადასდოთ.

მარი აშუღაშვილი

Share: