ბავშვები და სახსრები

Share:

მტკიცე ძვლები ადამიანის სხეულის ძირითად კონსტრუქციას ქმნის, სახსრები კი მოძრაობის საშუალებას გვაძლევს. ბავშვის ძვალ-სახსართა სისტემა ზრდის პროცესშია, ამიტომ რამდენადმე განსხვავდება მოზრდილის ძვალსახსროვანი სისტემისგან. სახსრებთან დაკავშირებული ჩივილები ამ ასაკში მრავალფეროვანია. ზოგი მათგანი ზრდის ბუნებრივ პროცესს უკავშირდება და სრულიად უწყინარია, ზოგი კი ყურადღებას მოითხოვს.

განასხვავებენ უძრავ (ფიქსირებულ), მცირედ მოძრავ (მაგალითად, ხერხემლის მალებს შორის) და კარგად მოძრავ (კიდურების) სახსრებს. მოძრავი სახსარი შესაძლოა მოძრაობდეს ერთი, ორი ან მეტი მიმართულებით. სხვადასხვა სახსარს მოძრაობის სხვადასხვა დიაპაზონი აქვს.

ძვლები ერთმანეთზე შემართებელი ქსოვილის მტკიცე ზოლებით — იოგებით — არის მიმაგრებული, კუნთებზე კი იმავე ქსოვილის "თოკებით" — მყესებით. ძვლებს ერთმანეთის საპირისპიროდ მდებარე კუნთების შეკუმშვა-მოდუნება ამოძრავებს. მოძრაობაში მათ სინოვიური სითხე ეხმარება.

***

მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დისპლაზია

მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი (განვითარებითი) დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ფორმირების დარღვევაა. ზოგჯერ ის ბავშვის დაბადებამდე იწყება, ზოგჯერ კი — დაბადების შემდეგ; მოიცავს ერთ (ათიდან ექვს შემთხვევაში — მარცხენა) ან ორივე (ათიდან ორ შემთხვევაში) სახსარს.

რა ხდება ამ დროს

მენჯ-ბარძაყის სახსარი ბურთისა და ფოსოს ტიპის სახსარია. ბარძაყის ძვლის სასახსრე თავი, რომელსაც ბურთის ფორმა აქვს, მენჯის ძვლის ნაწილში არსებულ ფოსოშია მოთავსებული. ეს "ბურთი" სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ ყოველთვის ფოსოში რჩება. მენჯ-ბარძაყის სახსრის აგებულება საშუალებას გვაძლევს, ფეხი წინ, უკან და გვერდებზე ვამოძრაოთ.

გარდა ამისა, მუხლებსა და კოჭებთან ერთად ამ სახსრებზე ნაწილდება სხეულის წონა, განსაკუთრებით — სიარულისა და სირბილის დროს.

დისპლაზიის დროს სახსრის ანატომიური სტრუქტურა დარღვეულია. უმეტესად ფოსოა არასათანადოდ ჩამოყალიბებული, თუმცა ბარძაყის ძვლის თავი თავის ადგილზეა. უფრო იშვიათია დისპლაზიით განპირობებული ქვეამოვარდნილობა, როცა ძვლის თავი ნაწილობრივ აცდენილია ფოსოს, მაგრამ მთლიანად არ არის ამოვარდნილი. ზოგჯერ სახსარი იმდენად არასტაბილურია, მსუბუქი მოძრაობაც კი ჰყოფნის, რომ ამოვარდეს. სრული ამოვარდნილობის დროს კი ძვლის თავი მთლიანად ფოსოს გარეთაა.

თუ დისპლაზიაზე დროულად არ ვიზრუნეთ, მენჯ-ბარძაყის სახსარი ნორმალურად ვერ განვითარდება, მისი განვითარების დარღვევამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი სიარულის დროს და მენჯ-ბარძაყის სახსრის ართრიტი ახალგაზრდა ასაკში.

როგორ ამოვიცნოთ

მენჯ-ბარძაყის განვითარებითი დისპლაზია ჩვილ ასაკში ტკივილს არ იწვევს, ამიტომ ძნელი შესამჩნევია. პათოლოგია რომ არ გამოეპაროთ, ყველა ახალშობილს უმოწმებენ მენჯ-ბარძაყის სახსრებს.

არსებობს ნიშნები, რომელთა შემჩნევა მშობლებსაც შეუძლიათ:

  • მოძრაობისას მენჯ–ბარძაყის სახსრები გამოსცემს ტკაცუნს (ისმის ან შეიგრძნობა ხელის დადებისას).
  • ბავშვს ფეხები სხვადასხვა სიგრძისა აქვს.
  • ცალი ფეხი სახსარში მეორესავით თავისუფლად ვერ მოძრაობს.
  • დუნდულების ქვეშ ან ბარძაყებზე არსებული კანის ნაოჭები ასიმეტრიულია (ერთმანეთს არ ემთხვევა).
  • ბავშვი ფეხის ადგმისთანავე კოჭლობს.

თუ ეს ნიშნები შეამჩნიეთ, ბავშვი აუცილებლად გაასინჯეთ ექიმს. დისპლაზიის ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა საგრძნობლად ზრდის სახსრების ნორმალური განვითარების შანსს.

ვის ემართება

მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზია შესაძლოა ნებისმიერ ბავშვს განუვითარდეს, თუმცა ალბათობა უფრო დიდი აქვთ:

  • გოგონებს;
  • პირველ შვილებს;
  • ბავშვებს, რომლებიც საშვილოსნოში სათანადოდ ვერ მოძრაობდნენ მცირეწყლიანობის, დიდი წონის, მენჯით წინ მდებარეობის გამო;
  • ბავშვებს, რომლებსაც გენეტიკური განწყობა აქვთ — თუ მშობლებს ან უფროს და-ძმასაც ჰქონდათ მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, რისკი საგრძნობლად იმატებს.

იშვიათად დისპლაზია დაბადების შემდეგ ვითარდება. ამიტომაც არ შეიძლება ახალშობილის მჭიდროდ შეხვევა — ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ფართოდ ამოძრაოს ფეხები.

განვითარების მექანიზმი

ორსულობის ბოლოს დედის სხეული აქტიურად გამოყოფს სპეციფიკურ ჰორმონებს (მაგალითად, რელაქსინს და ესტროგენებს). ამის მიზანია, დედის მენჯის იოგები რბილი და წელვადი გახდეს, რათა ნაყოფმა იოლად გამოიაროს ბუნებრივი სამშობიარო არხი. ეს ჰორმონები პლაცენტის გავლით ნაყოფის ორგანიზმშიც გადადის და თავად ბავშვის იოგებსაც არბილებს. როდესაც იოგები ზედმეტად მოშვებულია, ბარძაყის თავი ფოსოში მყარად ვერ ფიქსირდება და არასტაბილური ხდება. სწორედ ამიტომ აღირიცხება ეს პათოლოგია უფრო მეტად (შემთხვევათა 75-80%) გოგონებთან: მათი სხეული უფრო მგრძნობიარეა ამ ჰორმონების მიმართ და იოგებიც უფრო დრეკადი აქვთ.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველი ორსულობის დროს დედის მენჯის კუნთები, მუცლის წინა კედელი და იოგოვანი აპარატი მკვრივი და შეკუმშულია: ქალს ჯერ აქვს მშობიარობის გამოცდილება, რის შემდეგაც ქსოვილები უფრო წელვადი ხდება, — ამიტომ საშვილოსნოში ბავშვისთვის საკმარისი სივრცე არ არის. ორსულობის ბოლო კვირებში, როდესაც ნაყოფი უკვე დიდია, საშვილოსნოს კედლები აქეთ–იქიდან აწვება ემბრიონის პოზაში მყოფ ნაყოფს, რაც სახსრის გადაადგილებას ან არასწორ ფორმირებას იწვევს.

დიაგნოსტიკა

მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზია უმეტესად პედიატრიული შემოწმებისას ვლინდება. თუ ბავშვს საეჭვო ნიშნები აქვს ან რისკჯგუფს ეკუთვნის, ექიმი დაუნიშნავს:

* ულტრასონოგრაფიას (ექოსკოპია) — უტარდებათ 6 თვემდე ასაკის ჩვილებს, რადგან ამ პერიოდში მენჯ-ბარძაყის სახსრის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ რბილი ხრტილია და რენტგენზე არ ჩანს;

* რენტგენს — შეიძლება ჩაუტარდეთ 6 თვეს გადაცილებულ ბავშვებს, რომელთა ძვლები უკვე საკმარისად არის ფორმირებული რენტგენზე გამოსაჩენად.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია სასახსრე თავის ფოსოში შენარჩუნება, რათა სახსარს ნორმალური განვითარების შესაძლებლობა მიეცეს. ამას ფიქსატორით (ან თაბაშირით) უზრუნველყოფენ. ფიქსატორი ორივე მხარეს მაგრდება, თუნდაც მხოლოდ ერთი სახსარი იყოს დაზიანებული. თუ ბარძაყის თავი ამოვარდნილია, მას ჯერ ფოსოში სვამენ და შემდეგ აფიქსირებენ.

ბავშვის ასაკის მიხედვით, ირჩევენ მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტს:

1. ფიქსატორი

6 თვემდე ასაკის ჩვილებს ფიქსატორით მკურნალობენ. ყველაზე ხშირად იყენებენ პავლიკის უზანგს, რომლის თასმებიც ერთმანეთთან აკავშირებს მხრებსა და ფეხებს. ბავშვის ფეხები ისეთ მდგომარეობაში ფიქსირდება, რომ ძვლის თავი ფოსოსკენ იყოს მიმართული. პავლიკის უზანგით მკურნალობა 6–12 კვირას გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ბავშვი 1–3 კვირაში ერთხელ მოწმდება და ექიმი საჭიროებისამებრ ასწორებს უზანგს. ბავშვების უმრავლესობას სხვაგვარი მკურნალობა არ სჭირდება.

იშვიათად კი ხდება ისეც, რომ უზანგი არ აღმოჩნდება საკმარისი ძვლის თავის ფოსოში შესანარჩუნებლად და სპეციალისტი მკურნალობის სხვა გზას ეძებს.

2. დახურული რეპოზიცია და თაბაშირის დადება

თუ ბარძაყის თავი ფოსოში ფიქსატორით ვერ დაფიქსირდა ან მკურნალობა შედარებით გვიან, 6 თვის შემდეგ დაიწყო, შესაძლოა, ბავშვს დახურული რეპოზიცია დასჭირდეს. პროცედურა ანესთეზიით ტარდება: ექიმს სახსარში შეჰყავს კონტრასტული საღებავი სახსრის თავის ხრტილოვანი ნაწილის დასანახავად, ბარძაყის ძვალს ისე ატრიალებს, რომ თავი თავის ადგილას დაბრუნდეს, მერე კი 2–4 თვით ადებს თაბაშირს. საჭიროების შემთხვევაში ქირურგი საზარდულის დაჭიმულ კუნთსაც ადუნებს.

3. ღია რეპოზიცია და თაბაშირის დადება

ოპერაცია (ღია რეპოზიცია) შესაძლოა საჭირო გახდეს, თუ დახურული რეპოზიციით ბურთის ფოსოში შენარჩუნება ვერ მოხერხდა ან მკურნალობის დაწყებისას ბავშვი 18 თვეზე მეტი ხნის იყო. ანესთეზიის ფონზე ქირურგი გაჭრის კანს, გადასწევს კუნთებს, რათა მენჯ-ბარძაყის სახსარი პირდაპირ დაინახოს, ადგილზე აბრუნებს სასახსრე თავს, ხურავს ჭრილობას და 6–12 კვირით ადებს თაბაშირს.

ზოგჯერ მენჯის ძვალზეც ტარდება ქირურგიული ორთოპედიული ოპერაცია ფოსოს გასაღრმავებლად.

პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ მენჯ-ბარძაყის განვითარებითი დისპლაზიის ყველა მიზეზის თავიდან აცილება შეუძლებელია, არსებობს მარტივი და მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც მაქსიმალურად ამცირებს რისკს.

* სახსრის ჯანსაღი პოზიცია: ჩვილს ფეხები ბუნებრივად, ბაყაყის პოზაში უნდა ჰქონდეს: მუხლებში მოხრილი და აქეთ–იქით თავისუფლად გადაშლილი. ეს პოზა ხელს უწყობს სახსრის სწორ ფორმირებას. უნდა ერიდოთ ბავშვის ისე გახვევას, რომ ფეხები ერთმანეთზე მიკრული და გაჭიმული ჰქონდეს.

* უსაფრთხო გადახვევა: თუ ბავშვს ახვევთ, ფეხების თავისუფლად მოძრაობისა და მუხლებში მოხრის საშუალება უნდა დაუტოვოთ გაჭიმული ფეხების მჭიდროდ გადახვევა, როგორც უკვე ვთქვით, ზრდის დისპლაზიის რისკს. კარგი ალტერნატივაა სპეციალური ძილის ტომარა, რომელიც ფეხების თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფს.

* სწორი აქსესუარები: ე. წ. კენგურუს, მანქანის სავარძლებისა და ჩვილების მოსათავსებელი სხვა საშუალებების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვის ფეხები ჩამოკიდებული და ერთმანეთზე მიკრული არ ჰქონდეს. პატარას აუცილებლად უნდა დარჩეს საკმარისი სივრცე ფეხების აქეთ–იქით გადასაშლელად.

***

ჰიპერმობილური სახსრები

ყველა ადამიანს ერთნაირად მოქნილი ან მოუქნელი სახსრები არ აქვს. სახსრების მოქნილობა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის — გენეტიკაზე, ასაკსა და ეთნიკურ წარმომავლობაზე. ჩვილები ყველაზე მოქნილები არიან, მაგრამ რაც უფრო იმატებს ასაკი, მით უფრო მოუქნელი ხდება სახსრები.

სახსრების ჰიპერმობილობა მდგომარეობაა, როდესაც ერთ ან რამდენიმე სახსარში მოძრაობის დიაპაზონი ნორმაზე მეტია. როდესაც ეს ანომალია სახსრის დაზიანებას ან ტკივილს იწვევს, მდგომარეობას ჰიპერმობილობის სინდრომს უწოდებენ.

ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის სახსრები ბუნებრივად კარგავს მოქნილობას, დროთა განმავლობაში ჰიპერმობილობის სიმპტომები შესაძლოა შემცირდეს.

ბავშვებთან სახსრების ჰიპერმობილურობა ხშირია, უფრო გოგონებთან აღირიცხება და, წესისამებრ, მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. ჰიპერმობილური სახსრების მქონე ბავშვები ცეკვაში, ტანვარჯიშსა თუ ცურვაში ხშირად დიდ წარმატებას აღწევენ.

რა იწვევს

ჰიპერმობილობის დროს სახსრის შემაერთებელი ქსოვილი ჩვეულებრივზე უფრო ელასტიკურია. ზოგჯერ ეს მდგომარეობა გენეტიკური დაავადების, მაგალითად, ელერს-დანლოსის ან მარფანის სინდრომების, ნიშანია. ეს სინდრომები კი ცილა კოლაგენის მემკვიდრეობით ცვლილებებთან არის დაკავშირებული. კოლაგენი უზრუნველყოფს ძვალ–სახსართა სიმტკიცეს და ქმნის საყრდენს იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილებისთვის.

სიმპტომები

ჰიპერმობილური სახსრების მქონე ყველა ბავშვს არც კი აქვს რამე შესამჩნევი სიმპტომი, თუმცა ზოგიერთ მათგანს აღენიშნება:

* სახსრებისა და კუნთების ტკივილი — როგორც ფეხებზე (სიარულის, სირბილის, ვარჯიშის შემდეგ), ისე ხელებზეც (მაგალითად, ხანგრძლივი წერის დროს). ტკივილი, როგორც წესი, ჰიპერმობილური სახსრების გადატვირთვისას წარმოიშობა. ამსუბუქებს მოსვენება, ნაზი მასაჟი და სითბო.

* კუნთების დაბალი ტონუსი და სისუსტე, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც ნატიფ (მცირე კუნთების გამოყენებით), ისე მსხვილ (დიდი კუნთების გამოყენებით) მოტორულ უნარებზე.

* ხშირი ტრავმა, უმეტესად — იოგების დაჭიმულობა, სახსრების ამოვარდნილობა (ყველაზე ხშირად — იდაყვის, მხრის ან ყბის).

ჰიპერმობილობის მქონე ჩვილები შესაძლოა უფრო მოდუნებულები ან სუსტები ჩანდნენ; შესაძლოა, დაგვიანებით დასხდნენ, ჯდომისას ჰქონდეთ ძალიან მომრგვალებული ან ჭ–ს ფორმის ზურგი, გამოტოვონ ცოცვის პერიოდი და ჯდომით გადაადგილდებოდნენ; არ სიამოვნებდეთ მუცელზე წოლა.

ასეთი ჩვილები ხშირად გვიან იდგამენ ფეხს (შესაძლოა, 18–20 თვემდეც კი გაჭიანურდეს). ახალფეხადგმული პატარებისთვის რეკომენდებულია მხარდამჭერი ფეხსაცმელები (რომლებსაც აქვს რბილი, მაგრამ მტკიცე ძირი, ფართო ცხვირი, რომ თითებმა თავისუფლად იმოძრაოს) და მყარი ქუსლის დამჭერი. ზოგ ბავშვს აღენიშნება ბრტყელტერფიანობა, უჩივის ადვილად დაღლას ან თავის ტკივილს.

როდის მივმართოთ ექიმს

დაუკავშირდით პედიატრს, თუ ტკივილი ხშირი ან ძლიერია, ბავშვს სახსარი უვარდება ან უჭირს ყოველდღიური აქტივობების (მაგალითად, წერის ან სიარულის) შესრულება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჰიპერმობილობის დასადგენად, წესისამებრ, ბავშვის გასინჯვაც საკმარისია, თუმცა სიმპტომების სხვა მიზეზთა გამოსარიცხად ექიმმა შესაძლოა დამატებითი გამოკვლევაც დანიშნოს.

სახსრები უფრო სტაბილურია, როდესაც მათ ძლიერი კუნთები ამაგრებს, ამიტომ ჰიპერმობილობის მქონე ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია რეგულარული ვარჯიშით კუნთოვანი სისტემის გაძლიერება. აქტიურობისა და ძალის შენარჩუნება საგრძნობლად ამცირებს სახსრების ტკივილს.

განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა, ველოსიპედით სიარული და თამაში საბავშვო მოედანზე, სადაც პატარას ნაირ–ნიარ აქტივობაში ჩართვის საშუალება ექნება. ეს აქტივობები ზედმეტად არ გადატვირთავს სახსრებს, მაგრამ, საზოგადოდ, მიზანშეწონილია, ერიდოთ სპორტის ისეთ სახეობებს, ისეთ აქტივობებს, რომლებიც ადვილად იწვევს იოგების ან მყესების დაჭიმვასა და დაზიანებას (მაგალითად, ბალეტი, ტანვარჯიში) ან რომელთა შესრულების შემდეგ ბავშვი ხშირად უჩივის ტკივილს.

ბავშვს დიდ დახმარებას გაუწევს ფიზიოთერაპევტის მიერ შერჩეული სპეციფიკური სავარჯიშო პროგრამები, ზოგ შემთხვევაში კი — სპეციალური ფეხსაცმელი ან ორთოპედიული საფენები.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს

უმეტესად ტკივილს ამსუბუქებს სწორი დატვირთვა და სწორად წარმართული აქტივობები. კუნთების გასაძლიერებელი ვარჯიშები რეგულარულად უნდა შესრულდეს (უმჯობესია, ხანმოკლე სესიებით, მაგრამ ყოველდღიურად) — ეს მინიმუმამდე დაიყვანს ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილს.

გარსართობად შეგიძლიათ ბავშვს ცხოველებივით სიარული შესთავაზოთ — ეს მას ძალის, სტაბილურობისა და კოორდინაციის განვითარებაში დაეხმარება:

კიბორჩხალა

დაჯექით იატაკზე, ხელ–ფეხით მიწას დააყრდენით, ხოლო დუნდულები ასწიეთ. იარეთ წინ–წინ, უკან–უკან, გვერდულად.

დათვი

წინ წაიხარეთ, ტერფებითა და მტევნებით დაეყრდენით იატაკს, იდაყვებსა და მუხლებში ოდნავ მოიხარეთ და ისე იარეთ.

გველი

დაწექით მუცელზე, ხელები გვერდებზე მიიკარით. შეეცადეთ, ხელების დაუხმარებლად გადაადგილდეთ წინ: ჯერ ერთ გვერდს დაეყრდნოთ და სხეული წინ წასწიოთ, მერე — მეორეს, და ასე მონაცვლეობით.

თუ ბავშვს წვრილი მოტორიკის პრობლემები აქვს, სახატავად და საწერად მიეცით უფრო სქელი, ხელში მოხერხებულად დასაჭერი ფანქრები.

ფიზიკური კომფორტისთვის და გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ბავშვმა ატაროს თავისი ზომისა და წონის შესაბამისი, სწორი კონსტრუქციის სასკოლო ჩანთა.

სახსრების ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ:

* ცივი ან თბილი კომპრესები;

* მარტივი ტკივილგამაყუჩებელი (მაგალითად, პარაცეტამოლი), ოღონდ ექიმის რეკომენდაციით;

* ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანმოკლე კურსი — ასევე ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ.

პროგნოზი

ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ბუნებრივად კარგავს მოქნილობას, ჰიპერმობილობის სიმპტომებიც სუსტდება.

შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა ადვილად იმართება. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ჰიპერმობილობის მიზეზი გენეტიკური სინდრომია, შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს სხვა ორგანოების (მაგალითად, გულის, სისხლძარღვებისა და თვალების) შემოწმებაც.

***

ზრდის ტკივილი

ზრდის ტკივილის მიზეზი დაუზუსტებელია. მას უკავშირებენ ძვლის სიგრძესა და კუნთების ძალას შორის არსებულ დისბალანსს, რომელიც სხეულის აქტიური ზრდის პროცესში წარმოიშობა. ბალანსის აღდგენასთან ერთად ტკივილი გაივლის.

შემჩნეულია, რომ ზრდის ტკივილებს უმეტესად ის ბავშვები უჩივიან, რომელთა მშობლებს ან უფროს და–ძმას ბავშვობაში ასეთივე პრობლემა ჰქონდათ.

როგორ ვლინდება

ზრდის ტკივილს სავსებით ჯანმრთელი ბავშვებიც უჩივიან. ის 3-დან 12 წლამდე ასაკისთვის არის დამახასიათებელი. ვლინდება უმეტესად ბარძაყებისა და წვივების არეში, ასევე — მუხლების უკან.

შეშუპება, ჭარბი მგრძნობელობა, სიწითლე, კოჭლობა ზრდის ტკივილს არ ახასიათებს. თუ ტკივილს ეს სიმპტომებიც დაერთო, სხვა მიზეზია საძიებელი.

ზრდის ტკივილი უმეტესად ნაშუადღევს ან გვიან საღამოს იჩენს თავს. შესაძლოა, ღამითაც დაიწყოს და ისეთი ძლიერი იყოს, რომ მძინარე ბავშვი გააღვიძოს.

ტკივილის ეპიზოდები, წესისამებრ, იმ დღეებში აღირიცხება, როცა ბავშვი ბევრს აქტიურობს ფიზიკურად: დარბის, ხტის, ვარჯიშობს და ა.შ.

ეპიზოდები ხანმოკლეა (დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდება), მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელი. ჩვეულებისამებრ, ორივე ფეხს მოიცავს, თუმცა არ არის გამორიცხული, მხოლოდ ცალ ფეხში გამოვლინდეს. იშვიათად ხელებშიც იგრძნობა, მაგრამ მხოლოდ ხელების ტკივილი არ ახასიათებს.

ზრდის ტკივილის მქონე ბავშვების უმეტესობა დღის განმავლობაში არაფერს უჩივის და საკმაოდ აქტიურია.

ტკივილები შესაძლოა თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს, მაგრამ ყოველდღიური არ არის — ეპიზოდიდან ეპიზოდამდე დღეები, კვირები და ზოგჯერ თვეებიც კი გადის.

დაუკავშირდით ექიმს, თუ:

* ტკივილს არ შველის მასაჟი, სითბო და ტკივილგამაყუჩებლები.

* დისკომფორტი დღის განმავლობაშიც შეინიშნება.

* კუნთების ტკივილს თან ახლავს შეშუპება, სიწითლე, სახსრების ტკივილი.

* ტკივილის ეპიზოდს წინ უძღოდა ტრავმა.

* ტკივილთან ერთად აღინიშნება ცხელება, მადის დაქვეითება, წონის კლება.

* ბავშვი კოჭლობს.

დიაგნოსტიკა

თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს და დღისით ტკივილი არ აწუხებს, დამატებითი გამოკვლევები არ სჭირდება — ზრდის ტკივილის დიაგნოზს კლინიკური სურათისა და გასინჯვის საფუძველზე სვამენ, თუმცა არ არის გამორიცხული, სხვა მიზეზების სრულიად გამოსარიცხად ექიმმა ლაბორატორიული ანალიზები ან რენტგენი დანიშნოს.

ზრდის ტკივილია სავარაუდო, თუ:

* ბავშვი ჯანმრთელია და მხოლოდ ღამღამობით ფეხის ტკივილი აწუხებს, რომელიც მასაჟს, სითბოს და ურეცეპტოდ გასაცემ ტკივილგამაყუჩებლებს ემორჩილება;

* აქტიურია და დღის განმავლობაში არაფერს უჩივის;

* გასინჯვისას არავითარი პათოლოგია არ ვლინდება.

მკურნალობა და მოვლა

ზრდის ტკივილის მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს. ის არ იწვევს კუნთების, ძვლების ან სახსრების დაზიანებას და ასაკის მატებასთან ერთად თავისთავად გაივლის.

დისკომფორტის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ, ბავშვს ფეხები მსუბუქად დაუზილოთ ან გაუთბოთ (თბილი აბაზანით ან სათბურით), შეასრულებინოთ მსუბუქი გაჭიმვითი ვარჯიშები ან ექიმთან შეთანხმებით მისცეთ ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებელი (მაგალითად, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი).

ნუ შეუზღუდავთ ბავშვებს ფიზიკურ აქტივობას — მათ უნდა განაგრძონ ვარჯიში, ცეკვა და, საზოგადოდ, ყველაფერი, რისი კეთებაც უყვართ. ტკივილები კი რამდენიმე წლის შემდეგ თავისთავად გაივლის.

***

იუვენილური ართრიტი

ტერმინი "იუვენილური ართრიტი" ("პედიატრიული რევმატული დაავადება") აღწერს ანთებით და რევმატულ დაავადებებს 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ დაავადებების უმეტესობა ავტოიმუნურია. ეს ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა გამოყოფს ანთებით ნივთიერებებს, რომლებიც თავს ესხმიან ჯანსაღ უჯრედებსა და ქსოვილებს და იწვევენ სახსრების ანთებას, შეშუპებას, ტკივილს. თუმცა ზოგიერთი ტიპის იუვენილური ართრიტის დროს წამყვანია არა სახსრების, არამედ კანისა და შინაგანი ორგანოების სიმპტომები.

იუვენილური ართრიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის ვითარდება ვირუსების, ბაქტერიების ან სხვა გარეგანი ფაქტორების მიერ ზოგიერთი გენის გააქტიურების შედეგად. კვება, ტოქსინები, ალერგიები, ვიტამინების ნაკლებობა მის მიზეზებად არ მოიაზრება.

სიმპტომები

იუვენილური ართრიტის სიმპტომებია:

  • სახსრების გაწითლება, შეშუპება, შებოჭილობა, გაცხელება, ტკივილი (შესაძლოა, გაართულოს მოძრაობა და ყოველდღიური საქმიანობა; შესაძლოა, უფრო მკაფიოდ გამოიხატოს დილისთვის ან ერთ პოზიციაში დიდხანს ყოფნის შემდეგ);
  • სხვადასხვა ტიპის გამონაყარი კანზე: წითელი ქერცლი, ბაცი ვარდისფერი ლაქები, პეპლის ფორმის გამონაყარი ცხვირსა და ლოყებზე (ლუპუსი), კანის გასქელება (სკლეროდერმია);
  • თვალების სიმშრალე, ტკივილი, სიწითლე, სინათლის მიმართ ჭარბი მგრძნობელობა და მხედველობის გაუარესება უვეიტის (თვალის ქრონიკული ანთების) გამო;
  • შებერილობა, დიარეა;
  • ქოშინი;
  • ძლიერი დაღლილობა;
  • უმადობა;
  • მაღალი სიცხე.

რა და რა სახისა არსებობს

ცნობილია იუვენილური ართრიტის შემდეგი სახეები:

* იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, რომელიც მოიცავს ოლიგოართრიტს, პოლიართრიტს, სისტემურ ართრიტს, ენთეზიტთან დაკავშირებულ ართრიტს (ენთეზიტი იმ ადგილების ანთებაა, სადაც მყესები, იოგები და სასახსრე კაფსულა ძვალს უერთდება), იუვენილურ ფსორიაზულ ართრიტსა და არადიფერენცირებულ ართრიტს.

* იუვენილური მიოზიტი — ანთებითი დაავადება, რომელიც კუნთების სისუსტეს იწვევს. განასხვავებენ მის ორ ტიპს: იუვენილურ პოლიმიოზიტსა და იუვენილურ დერმატომიოზიტს, რომელიც იწვევს გამონაყარს ქუთუთოებსა და თითების სახსრებზე;

* იუვენილური ლუპუსი (სისტემური წითელი მგლურა) — ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რომელმაც შესაძლოა პროცესში ჩაითრიოს სახსრები, კანი, შინაგანი ორგანოები (გული, თირკმელები, ფილტვები) და სხეულის სხვა ნაწილები;

* იუვენილური სკლეროდერმია. ტერმინი "სკლეროდერმია", რაც მაგარ კანს ნიშნავს, აღწერს მდგომარეობათა ჯგუფს, რომლებიც კანის დაჭიმვასა და გამაგრებას იწვევს.

* ვასკულიტი. ეს დაავადება სისხლძარღვების ანთებით მიმდინარეობს და შესაძლოა, გულისმხრივ გართულებებში გადაიზარდოს. კავასაკის დაავადება და ჰენოხ-შონლაინის პურპურა ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული ფორმებია.

* ფიბრომიალგია. ეს არის ქრონიკული ტკივილის სინდრომი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების გავრცობილი ტკივილი და შებოჭილობა დაღლილობასთან, ძილის დარღვევასა და სხვა სიმპტომებთან ერთად. უფრო ხშირად აღირიცხება გოგონებთან, დიაგნოზირდება უმეტესად სქესობრივი მომწიფების შემდეგ.

დიაგნოსტიკა

ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ ტარდება ლაბორატორიული ტესტები და გამოსახვითი გამოკვლევა (რენტგენოგრამა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ანთების მარკერებს აღმოსაჩენად, სახსრების დაზიანების ნიშნების დასანახად, ტრავმისა და ინფექციის გამოსარიცხად.

მკურნალობა

იუვენილური ართრიტი არ იკურნება, მაგრამ ინტენსიური მკურნალობით შესაძლებელია მისი გადაყვანა რემისიის (მცირე აქტივობის ან სიმპტომების არარსებობის) ფაზაში.

მკურნალობის მიზნებია:

* ანთების შენელება ან შეჩერება, დაავადების პროგრესირებისთვის ხელის შეშლა;

* სიმპტომების შემსუბუქება, ტკივილის კონტროლი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;

* სახსრებისა და ორგანოების დაზიანების თავიდან აცილება;

* სახსრების ფუნქციისა და მობილობის შენარჩუნება ზრდასრულ ასაკში;

* ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი არასასურველი ეფექტების შემცირება.

მკურნლობა მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, ფიზიკურ აქტიურობას, აკუპუნქტურას, მასაჟს, გონება-სხეულის თერაპიას და ჯანსაღ კვებას.

მედიკამენტები

იუვენილური ართრიტის სამკურნალო ზოგი მედიკამენტი აჩერებს დაავადების აქტიურობას, ზოგი კი ამსუბუქებს სიმპტომებს.

კორტიკოსტეროიდები ანთების საწინააღმდეგო სწრაფად მოქმედი პრეპარატებია, მათ, წესისამებრ, იყენებენ დაავადების სამართავად მანამდე, სანამ სხვა, გვიან მოქმედი მედიკამენტები არ დაიწყებს მოქმედებას.

ანტირევმატული (მეტოტრექსატი, სულფასალაზინი) და ბიოლოგიური პრეპარატები იმუნურ სისტემას თრგუნავს და ამ გზით ამსუბუქებს ავადმყოფობის სიმპტომებს.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ამსუბუქებს ტკივილს, მაგრამ სახსრების დაზიანების შეჩერება ან დაავადების მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

ართრიტის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა სხვადასხვანაირია და დაავადების სიმძიმესა და ტიპზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ზომიერ მიდგომას არჩევენ, ზოგჯერ კი უფრო აგრესიულ ჩარევას დაავადების პროგრესირების შენელების მიზნით.

ქირურგია

ართრიტის მქონე ბავშვების უმეტესობას სასახსრის ჩანაცვლებითი ოპერაცია არასდროს დასჭირდება, მაგრამ სახსრის ჩანაცვლება შესაძლოა დაეხმაროს ბავშვებს, რომლებსაც სახსარი აქვთ დაზიანებული ან ძლიერი ტკივილი აწუხებთ.

ვარჯიში და ფიზიკური თერაპია

რეგულარული ვარჯიში სახსრების შებოჭილობისა და ტკივილის მართვის გასაღებია. საუკეთესოა აქტივობები, რომლებიც ნაკლებად ტვირთავს სხეულს და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სახსრებზე: ფეხით სიარული, ველოსიპედით სიარული, ცურვა, იოგა, — მაგრამ კარგად კონტროლირებული დაავადების მქონე ბავშვებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ თითქმის ყოველგვარ აქტივობაში, თუ ექიმის ნებართვა აქვთ. რთულ დღეებში საჭიროა მსუბუქი აქტივობისა და დასვენების დაბალანსება. დღის განმავლობაში პერიოდული დასვენება იცავს სახსრებს და ენერგიას უნარჩუნებს სხეულს.

ფიზიკური თერაპია და ოკუპაციური თერაპია ამაღლებს ბავშვის ცხოვრების ხარისხს, ასწავლის მას, როგორ დარჩეს აქტიური და როგორ შეასრულოს ყოველდღიური დავალებები ადვილად.

თვითმოვლა

მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი და დამატებითი თერაპიული მეთოდები ართრიტით გამოწვეული ტკივილისა და სტრესის სამართავად.

* ჯანსაღი კვება: ზოგიერთი საკვებით, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის დიეტის ტრადიციული კომპონენტებით (ცხიმიანი თევზით, ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, ზეითუნის ზეთით) რაციონის გამდიდრებით და უსარგებლო კალორიებზე (მაღალცხიმიან, შაქრიან და გადამუშავებული პროდუქტებზე) უარის თქმით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ანთების შემცირებას.

* თერმული ბალიშები და თბილი აბაზანები საუკეთესოა დაჭიმული სახსრებისა და დაღლილი კუნთების დასამშვიდებლად, ცივი საფენები კი კარგია მწვავე ტკივილის დროს. მას შეუძლია მტკივანი ადგილების დაბუჟება და ანთების შემცირება.

* ადგილობრივი საშუალებები — კრემები, გელები, წებოვანი პლასტირები — ამსუბუქებს სახსრებისა და კუნთების ტკივილს.

* მედიტაცია, ღრმა სუნთქვა, მუსიკის მოსმენა, კითხვა ბავშვს ტკივილის დროს მოდუნებასა და ყურადღების გადატანაში დაეხმარება.

* მასაჟი ამსუბუქებს ტკივილს და ხსნის შფოთვასა და სტრესს. ტკივილს ამსუბუქებს აკუპუნქტურაც. თუ ბავშვს ნემსებისა ეშინია, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს აკუპრესურა — თითებით ზეწოლა სპეციალურ წერტილებზე.

საკვებდანამატების ეფექტი ბავშვებში ნაკლებად არის შესწავლილი.

ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ. თერაპევტები და ფსიქოლოგები მათ რთული ემოციების დაძლევაში ეხმარებიან და პოზიტიური გამკლავების სტრატეგიებს ასწავლიან. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების ემოციური მხარდაჭერაც.

***

ჭარბი დატვირთვის ტრავმა

ბავშვებს ტრავმის მიღების უფრო დიდი ალბათობა აქვთ, ვიდრე ზრდასრულებს. სპორტით ძლიერმა გატაცებამ შესაძლოა ისეთ ტრავმებამდე მიგვიყვანოს, რომლებიც ზრდას აფერხებს და ჯანმრთელობის გრძელვადიან პრობლემებს იწვევს. ასეთი ტრავმები თავად სახსარს ყოველთვის არ აზიანებს, მაგრამ ხშირად იწვევს ტკივილს სახსრის მიდამოში.

ჭარბი დატვირთვის ტრავმა ვითარდება მაშინ, როდესაც სპორტული აქტივობა ისე ხშირად მეორდება, რომ სხეულის დაზიანებული უბნები აღდგენას ვერ ასწრებს. მაგალითად, ბეისბოლში ბურთის მიწოდებამ შესაძლოა იდაყვის ტრავმა გამოიწვიოს, ხოლო ცურვამ — მხრის.

ბავშვებს ძვლები კუნთებზე სწრაფად ეზრდებათ, ამიტომ ჭარბი დატვირთვა უფრო ადვილად აზიანებს კუნთებს, იოგებს, მყესებს, ძვლებსა და ზრდის ფირფიტებს. ბავშვის ზრდის ფირფიტები იოგებსა და მყესებზე სუსტია. განმეორებითი დატვირთვის გამო ზრდის ფირფიტის დაზიანებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ძვლის ნორმალურ ზრდას.

რა იწვევს

წინათ ბავშვების სპორტული აქტივობა წელიწადის დროების მიხედვით იცვლებოდა, დღეს კი ბავშვი მთელი წლის განმავლობაში სპორტის ერთი და იმავე სახეობით არის დაკავებული და ნორმალურად ვერ ისვენებს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი მთელი წლის განმავლობაში იყენებს კუნთების ერთსა და იმავე ჯგუფებს და მუდმივ სტრესს აყენებს სხეულის ცალკეულ უბნებს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კუნთოვანი დისბალანსი, რაც, არასაკმარის დასვენებასთან ერთად, ჭარბი დატვირთვის ტრავმის რისკს წარმოშობს.

სიმპტომები

მწვრთნელებსა და მშობლებს უნდა შეეძლოთ ჭარბი დატვირთვის ტრავმის ნიშნების ამოცნობა. ეს ნიშნებია:

* ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება მწვავე ტრავმას (მაგალითად, დაცემას), იმატებს აქტიურობისას და იკლებს დასვენებისას;

* შეშუპება;

* ბავშვის მიერ სპორტში გამოყენებული ტექნიკის შეცვლა;

* სპორტული მაჩვენებლების გაუარესება, მაგალითად, ბურთის მიწოდების სიჩქარის შემცირება;

* სპორტის არჩეული სახეობისადმი ინტერესის კლება.

ბავშვებთან განსაკუთრებით გავრცელებულია ჭარბი დატვირთვის ტრავმის რამდენიმე ნაირსახეობა:

სევერის დაავადება

სევერის დაავადება, იგივე ქუსლის ძვლის ოსტეოქონდროზი ან აპოფიზიტი, ქუსლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია და ხშირად მოზარდ ასაკში, ინტენსიური ზრდის ფაზაში ვითარდება. სირბილისა და ხტომის დროს ტერფის მიწაზე დარტყმა იწვევს ქუსლის ძვლის ზრდის ფირფიტის განმეორებად სტრესს. ვითარდება ზრდის ფირფიტის ანთება, შეშუპება, ქუსლის ტკივილი.

მკურნალობის მთავარი ელემენტია ფეხის დასვენება, სანამ ტკივილი არ გაივლის. ამის შემდეგ ბავშვს შეუძლია, დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობებს.

დამხმარე საშუალებები და მეთოდებია:

* ქუსლის ბალიშები. სპორტულ ფეხსაცმელში ჩასმულ ქუსლის ბალიშებს შეუძლია დაარტყმის შერბილება და ქუსლსა და კოჭზე სტრესის შემცირება.

* გაჭიმვის ვარჯიშები. აქილევსის მყესის (ქუსლის უკან მდებარე მკვრივი თოკისმაგვარი წარმონაქმნის) გაჭიმვამ შესაძლოა შეამციროს ქუსლის დატვირთვა. ამისთვის ზოგჯერ სპეციალურ ვარჯიშებს უნიშნავენ.

* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები. იბუპროფენი, ასპირინი, ნაპროქსენი ტკივილსა და შეშუპებას ამცირებს.

როდესაც ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ბავშვს სიარულიც კი უჭირს, შესაძლოა საჭირო გახდეს თაბაშირი ან სპეციალური ორთოპედიული ჩექმა.

აქტივობის ზრდამ შესაძლოა რეციდივი გამოიწვიოს. რეციდივის პრევენციაში სწორად შერჩეული მყარი ფეხსაცმელი დაგეხმარებათ. მას შემდეგ, რაც სხეული ზრდას დაასრულებს და ზრდის ფირფიტა ძვლად იქცევა, დაავადება აღარ გამეორდება.

ოსგუდ-შლატერის დაავადება

ოსგუდ-შლატერის დაავადება მოზარდებში მუხლის ტკივილის გავრცელებული მიზეზია. მას იწვევს წვივის ბორცვის (ზრდის ფირფიტის) ანთება. სირბილი და ხტომა აიძულებს ბარძაყის ოთხთავა კუნთს, ძლიერად გაქაჩოს კვირისტავის მყესი, რომელიც წვივის ბორცვზე მიმაგრებული. განმეორებითი დატვირთვა იწვევს ანთებას, შეშუპებას და ბორცვის თვალსაჩინო ამობურცვას.

მკურნალობა გულისხმობს:

* დასვენებას ტკივილის გაქრობამდე;

* ვარჯიშს — ბარძაყის წინა და უკანა კუნთების გაჭიმვას ტკივილის შესამსუბუქებლად;

* საჭიროებისამებრ — ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (იბუპროფენის, ნაპროქსენის) მიღებას;

* იმობილიზაციას — ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ფიქსატორის ან თაბაშირის გამოყენებას მუხლის სრული უძრაობისთვის.

ზრდის დასრულებასთან ერთად (გოგონებში — დაახლოებით 14, ხოლო ბიჭებში — 16 წლის ასაკში) ტკივილი გაივლის, თუმცა ძვლის ამობურცულობა რჩება.

გაითვალისწინეთ: დასვენების უგულებელყოფამ და მუდმივმა სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს ბორცვის მოტეხილობა, რომლის მკურნალობაც ხანგრძლივ ფიქსაციას ან ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

მხტომელის მუხლი

სინდრომი, რომელსაც მხტომელის მუხლის სახელით ვიცნობთ, კვირისტავის ქვედა ნაწილის ტკივილით გამოიხატება. მას იწვევს კვირისტავის მყესის ანთება (პატელარული ტენდინიტი) ოთხთავა კუნთის განმეორებითი შეკუმშვის შედეგად. აქტიური ზრდის პერიოდში შესაძლოა დაზიანდეს კვირისტავის ზრდის ფირფიტაც. ეს პრობლემა უმეტესად სპორტის იმ სახეობებით გატაცებულ ბავშვებთან გვხვდება, რომლებიც ხშირ ხტომას მოითხოვს (კალათბურთი, ფრენბურთი).

მკურნალობის ძირითადი პირობაა დასვენება — სპორტული აქტივობის შეწყვეტა ტკივილის გაქრობამდე.

დამატებითი ზომებია ყინულის პაკეტის დადება 2-3 საათში ერთხელ რამდენიმე დღის განმავლობაში და ექიმის დანიშნულებით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღება.

გაითვალისწინეთ: საკმარისი დასვენების გარეშე, დროზე ადრე სპორტში დაბრუნებამ შესაძლოა მოტეხილობამდე მიგვიყვანოს.

იდაყვის ტრავმა

იდაყვის ტრავმა ხშირად აღირიცხება ბავშვებთან, რომლებსაც სისტემატურად უწევთ რაღაცის ტყორცნა აწეული ხელით. მაგალითად, იმავე პიტჩერებთან (ბურთის მიმწოდებლის პოზიცია ბეისბოლში). ტყორცნისას მიღებული სტრესი აზიანებს იდაყვის ძვლის ზრდის უბნებს და გადაჭარბების შემთხვევაში იოგების, ხრტილებისა და ზრდის ფირფიტების ანთებამდე მივყავართ.

სტრესული მოტეხილობა

გადატვირთვისას ორგანიზმი ვეღარ ასწრებს ძვლის აშენებას (ეს უკანასკნელი აშენებისა და დაშლის უწყვეტ ციკლშია) და მას ბზარი — სტრესული მოტეხილობა — უჩნდება. ასეთი ტრავმა უმეტესად ფეხის ძვლებს ადგება აქტიურობის მკვეთრი ზრდისას.

შესახორცებლად 6-8 კვირაა საჭირო. ამ ხნის განმავლობაში ბავშვი უნდა მოერიდოს ტრავმის გამომწვევ აქტივობას (საჭიროებისამებრ, გამოიყენება თაბაშირი ან ფიქსატორიც). აქტივობის დროზე ადრე განახლებამ შესაძლოა უფრო მძიმე მოტეხილობამდე მიგვიყვანოს.

ზრდის ფირფიტების სტრესული რეაქცია

ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს კიდურების ზრდის ფირფიტების განმეორებითმა სტრესმა. თუ დატვირთვა გაგრძელდა, შესაძლოა, ზრდის ფირფიტა სამუდამოდ დაზიანდეს, ნაადრევად შეწყვიტოს ზრდა და დეფორმირდეს.

დაჭიმულობა, ღრძობა

გადატვირთვის შედეგად შესაძლოა დაზიანდეს კუნთები, იოგები და მყესები. ეს სპორტის თითქმის ყველა სახეობაშია მოსალოდნელი ინტენსიურმა დატვირთვის შედეგად.

პრევენცია

ბავშვებთან ჭარბი დატვირთვის ტრავმების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელია:

  • ეცადეთ, ბავშვმა არ ითამაშოს ერთზე მეტ გუნდში და მთელი წლის განმავლობაში სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში არ ივარჯიშოს.
  • რეგულარულად დაასვენეთ.
  • ტრავმის შემთხვევაში შეასრულეთ ექიმის მითითებები და არ დაუშვათ სპორტში ნაადრევი დაბრუნება.

***

სახსრების ჯანმრთელობთვის

ცნობილია, რომ ბავშვები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, დადიან სპორტზე, დაქრიან ველოსიპედებით ან უბრალოდ ეზოში თამაშობენ, უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. ისიც ვიცით, რომ ბავშვობაში ფიზიკური აქტიურობა სრულფასოვან კვებასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთელი სიცოცხლის განმავლობაში მტკიცე ძვლებისა და ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად.

რაც უფრო მეტი ძვლოვანი მასა გროვდება ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდებში, მით უფრო ნაკლებია მომავალში ოსტეოპოროზისა (მყიფე და სუსტი ძვლები) და მასთან დაკავშირებული მოტეხილობების რისკი. ნორმალური ზრდის პროცესში იმაზე მეტი ძვლოვანი ქსოვილი წარმოიქმნება, ვიდრე იშლება, რაც ჩონჩხს ზომისა და სიმკვრივის მომატების საშუალებას აძლევს. პიკური ძვლოვანი მასის თითქმის 90 პროცენტი გოგონებს — 18, ხოლო ბიჭებს 20 წლისთვის უგროვდებათ, რაც ბავშვობასა და მოზარდ ასაკს ძვლის ჯანმრთელობაში ინვესტირებისთვის საუკეთესო პერიოდად აქცევს.

სამწუხაროდ, ტექნოლოგიები, ეკრანს მიჯაჭვულობა და დატვირთული სასწავლო გრაფიკი დღევანდელ ბავშვებსა და მოზარდებს ფიზიკური აქტიურობის ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს.

სიმსუქნე და ძვლების ჯანმრთელობა

ძვლების ჯანმრთელობა სხეულის ჯანსაღ წონაზეც არის დამოკიდებული. ბავშვი, რომელსაც ჭარბი წონა აქვს, ყოველთვის ვერ იღებს D ვიტამინით, კალციუმითა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით მდიდარ საკვებს. გარდა ამისა, წონამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მას ვარჯიშსა და ძვლოვანი მასის მომატებაში. ამასთანავე, სიმსუქნე ზედმეტად ტვირთავს განვითარებად ძვალკუნთოვან სისტემას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ზრდას და ხელი შეუწყოს ისეთი პედიატრიული ორთოპედიული პათოლოგიების განვითარებას, როგორიცაა ფეხების დეფორმაცია (ბლაუნტის დაავადება) და ბარძაყის ძვლის თავის ეპიფიზის გადასრიალება (შჩFE). დაბოლოს, ჭარბი წონის მქონე ბავშვებს უფრო ხშირად ურთულდებათ მარტივი მოტეხილობები და ჭრილობები რუტინული ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ.

გადი გარეთ და იმოძრავე!

როგორ შევიტანოთ ფიზიკური აქტიურობა ოჯახის დატვირთულ ყოველდღიურობაში? ყველაზე ძნელი დაწყებაა. ფიზიკური ფორმის გაუმჯობესების საუკეთესო გზა კი ნელი და სტაბილური ნაბიჯებით სიარულია. რაც მთავარია, ვარჯიში სახალისო უნდა იყოს.

მიეცით მაგალითი

უფროსებმა აქტიური მაგალითი უნდა მისცეთ ბავშვებს: ერთად იბურთავეთ, ისეირნეთ ფეხით ან ველოსიპედით, მოაწყვეთ ლაშქრობა. წლის დასაწყისში დაგეგმეთ ახალი და სახალისო აქტივობები, რომლებშიც ბავშვი მთელი წელი იქნება ჩართული.

სპორტული მრავალფეროვნება

მიეცით ბავშვს საშუალება, მოსინჯოს ფიზიკური აქტიურობის სხვადასხვა ფორმა: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ცეკვა, ჩოგბურთი, კარატე, ბოულინგი, ციგურებით სრიალი, კედელზე ცოცვა...

ემოციური მხარდაჭერა

აქტივობის ახალი ფორმის ათვისებისას ემოციური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მისი გაწევა შეუძლიათ მწვრთნელს, მასწავლებელს, მეგობრებს, მშობლებს. ისიც შეიძლება, მოიწვიოთ ნათესავები, ოჯახისა და თავად ბავშვის მეგობრები ერთად თამაშისთვის.

მოთლვა

მოთელვა (გახურება) სხეულს ძირითადი დატვირთვისთვის ამზადებს. ვარჯიშის წინ სიარული და გაწელვა ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმის თავიდან ასაცილებლად.

ასწავლეთ ბავშვს:

  • უსმინოს საკუთარ სხეულს — თუ უჩვეულო დისკომფორტი ან ტკივილი იგრძნო, აქტივობა დროებით შეწყვიტოს.
  • ნაბიჯ-ნაბიჯ იაროს მიზნისკენ -ყოველდღიურად აკეთოს ცოტა მეტი, ვიდრე წინა დღეს.
  • გაანაწილოს დრო — სასურველია, აქტივობას დღეში, სულ მცირე, 30 წუთი დაეთმოს (უკეთესია 45 წუთი). შეგიძლიათ, ეს დრო მცირე პერიოდებად დაყოთ (მაგალითად, 15 წუთი სიარული, 15 წუთი სწრაფი სირბილი და 15 წუთი იოგა).
  • გამოიწვიოს საკუთარი თავი — მოსინჯოს ახალ-ახალი აქტივობები ან მიზნად დაისახოს, ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ კიბით ისარგებლოს. ნახოს, რამდენად შეძლებს ამ ჩანაფიქრის შესრულებას, მერე კი სხვა გამოწვევასთან გამკლავება სცადოს.
  • მოძრაობას სასარგებლო საქმიანობა შეუთავსოს — დაგავოს ეზო, გაასეირნოს მეზობლის ძაღლი, დაალაგოს სახლი. მოძრაობით და საარგებლო საქმის კეთებით გამოწვეულ კმაყოფილებას სხვისი გახარების სიამოვნებაც დაემატება.

ჯანსაღი კვება

ბავშვებსა და მოზარდებს ძვლოვანი მასის ასაშენებლად სჭირდებათ კალციუმით მდიდარი დიეტა და საკმარისი D და C ვიტამინები, რათა ორგანიზმმა კალციუმის ათვისება და ძლიერი შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნა შეძლოს. D ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს რაქიტი: ძვლების სისუსტე, ფეხების დეფორმაცია და ჩონჩხის სხვა დარღვევები, ხოლო მომავალში — მოტეხილობების მაღალი რისკი.

10-დან 20 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ყოველდღიურად სჭირდებათ, სულ მცირე, 1 300 მგ კალციუმი, რაც უდრის:

* ერთ ჭიქა კალციუმით გამდიდრებულ წვენს;

* ორ ჭიქა რძეს;

* ერთ ჭიქა მაწონს/იოგურტს.

კალციუმის ასევე შეიცავს ყველი და მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის — ისპანახი და ბროკოლი.

საკმარისი წყლის სმაც ძალიან მნიშვნელოვანია — წყალი ხელს უწყობს სახსრების რბილ მოძრაობას და აადვილებს ორგანიზმში ნივთიერებების გადაადგილებას. გაზიან ტკბილ სასმელებს ერიდეთ! ისინი ხელს უშლიან ნაწლავებში კალციუმის შეწოვას და კალორიების გარდა არაფერს შეიცავენ. მათ ნაცვლად ასვით ბავშვს წყალი, რძე ან კალციუმით გამდიდრებული წვენი.

საკვებისმიერი ალერგიის ან ლაქტოზის აუტანლობის მქონე ბავშვებისთვის, ექიმმა შესაძლოა D ვიტამინის დანამატი გირჩიოთ.

სრულფასოვანი (9-11-საათიანი) ძილი აუცილებელია კუნთებისა და სახსრების აღსადგენად. კარგი ძილისთვის სასურველია, საღამოობით ბავშვმა ნაკლები დრო გაატაროს ეკრანთან.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ორთოპედს ან პედიატრს, თუ ბავშვი უჩივის:

* მუდმივ ტკივილს ან შეშუპებას;

* კიდურის მოძრაობის შეზღუდვას ან შეუძლებლობას;

* ტკივილს, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიურ აქტივობებში (სკოლა, თამაში).

თუ ბავშვი სპორტს მისდევს და მუდმივად უჩივის ტკივილს, რამდენიმე ხნით სპორტული აქტივობისგან დაასვენეთ. თუ ტკივილმა არ გაიარა, მიმართეთ ექიმს.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

Share: