პილარული კერატოზი — რა აჩენს ხორკლს და როგორ მოვუაროთ დახორკლილ კანს
Share:
[დასპონსორებული კონტენტი]
პილარული კერატოზისთვის დამახასიათებელი გამონაყარი უმეტესად მკლავებზე, ბარძაყებზე, დუნდულებზე ჩნდება, იშვიათად — ზურგზე, გულმკერდზე ან სახეზეც. წვრილი, უხეში ხორკლი ერთი შეხედვით შესაძლოა აკნეს ან კანის სიმშრალეს ჰგავდეს, თუმცა მისი წარმოშობის მიზეზი და მექანიზმი განსხვავებულია.
პილარული კერატოზი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა დახორკლილი კანი ბევრს აწუხებს და ესთეტიკურ დისკომფორტს უქმნის.
სტატიდან შეიტყობთ, რა იწვევს პილარულ კერატოზს, რატომ გვხვდება ის ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებთან და როგორ შეიძლება სწორი მოვლით გამონაყარის შემცირება.
რა არის
პილარული კერატოზი (Keratosis pilaris) მდგომარეობაა, რომლის დროსაც ცილა კერატინი თმის ფოლიკულების შესასვლელთან გროვდება და საცობებს წარმოქმნის. კერატინი კანის დამცავი შრის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ჭარბი დაგროვებისას ფოლიკულებს ახშობს და კანზე წვრილ ხორკლს აჩენს.
ხორკლი, წესისამებრ, კანისფერი ან მოწითალოა, თუმცა შესაძლოა, უფრო მუქი შეფერილობაც ჰქონდეს. დამახასიათებელი ცვლილებების გამო პილარული კერატოზით დაზიანებულ კანს ხშირად ქათმის ან ბატის კანს ადარებენ.
რა იწვევს
პილარული კერატოზის უშუალო მიზეზი უცნობია. ვიცით, რომ მის განვითარებაში კერატინიზაციის თავისებურებები და გენეტიკური ფაქტორები მონაწილეობს. პრობლემას ხშირად ოჯახური ხასიათი აქვს, რაც მემკვიდრეობით მიდრეკილებაზე მიუთითებს. პილარული კერატოზი გადამდები არ არის.
ცვლილებები ხშირად უფრო შესამჩნევი ხდება ზამთარში, რასაც, სავარაუდოდ, სიცივისა და ჰაერის სიმშრალის გამო კანის გამოშრობა უწყობს ხელს.
სად ჩნდება
გამონაყარის ტიპური ადგილებია:
- მკლავების გარეთა მხარე;
- ბარძაყები;
- დუნდულები.
ზოგჯერ ხორკლი ზურგზე, გულმკერდზე ან სახეზეც ჩნდება. სახეზე პილარული კერატოზი ხორკლთან ერთად შესაძლოა ლოყების სიწითლითაც გამოვლინდეს.
გამონაყარი ხშირად სიმეტრიულია — სხეულის ორივე მხარეს ერთსა და იმავე უბნებზე იჩენს თავს. ზოგს წვრილი ხორკლი აქვს, ზოგ შემთხვევაში კი უხეში და მსხვილი გამონაყარი კანის შედარებით ფართო უბნებს მოიცავს.
ვის ემუქრება
პილარული კერატოზი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, თუმცა უმეტესად ბავშვობაში იწყება და მოზარდ ასაკში უფრო მკვეთრად იჩენს თავს.
ასაკის მატებასთან ერთად ხორკლი ნაკლებად შესამჩნევი ხდება, თუმცა ზოგს ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება. კერატოზის მიმდინარეობა ინდივიდუალურია — ზოგ შემთხვევაში მდგომარეობა თავისთავად უმჯობესდება, ზოგჯერ კი დიდხანს რჩება უცვლელი.
პილარული კერატოზი შედარებით ხშირად გვხვდება ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებთან და შესაძლოა, კანის სხვა მდგომარეობებიც ახლდეს თან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ატოპიური დერმატიტის ან კანის სხვა დაავადების მქონე ყველა ადამიანს აუცილებლად კერატოზიც განუვითარდება.
როგორ ამოვიცნოთ
როგორც უკვე ვთქვით, პილარული კერატოზისთვის დამახასიათებელია წვრილი ხორკლი თმის ფოლიკულების მიდამოში. ზოგჯერ მსუბუქი სიწითლე ან კანის სიმშრალეც შეინიშნება.
ზოგ შემთხვევაში კანის გაუხეშება მხოლოდ შეხებისას იგრძნობა, ზოგთან კი ხორკლი და სიწითლე ვიზუალურადაც ადვილი შესამჩნევია.
როგორ სვამენ დიაგნოზს
დიაგნოზის დასმა უმეტესად კანის დათვალიერებით შეუძლია დერმატოლოგს. ამისთვის არც სისხლის ანალიზია საჭირო და არც სხვა სპეციალური გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში ექიმი კანის დაზიანებულ უბანს დერმატოსკოპით აფასებს.
იშვიათად ტარდება კანის ბიოფსია. უმეტესად მაშინ, როდესაც დიაგნოზი საეჭვოა ან აუცილებელია სხვა დაავადების გამორიცხვა.
საჭიროა თუ არა მკურნალობა
თუ პილარული კერატოზი ადამიანს არ აწუხებს, მკურნალობა აუცილებელი არ არის. სათანადო მოვლა ხელს უწყობს კანის ტექსტურის გაუმჯობესებას და ხორკლისა თუ სხვა გარეგნული ცვლილებების შემცირებას.
პილარული კერატოზის ერთხელ და სამუდამოდ გაქრობის საშუალება არ არსებობს. როგორც ვთქვით, მდგომარეობა ასაკთან ერთად ხშირად თავისთავად უმჯობესდება, ამიტომ ჩარევის მთავარი მიზანი კერატოზის გამოვლინებათა კონტროლია: კანის დარბილება, ფოლიკულებში კერატინის დაგროვების შემცირება, ტენის შენარჩუნება, სიწითლის შემცირება, კანისთვის ერთგვაროვნებისა და სიგლუვის დაბრუნება.
როგორ მოვუაროთ პილარული კერატოზისკენ მიდრეკილ კანს
პილარული კერატოზისკენ მიდრეკილი კანის მოვლა უმთავრესად ნაზ აქერცვლასა და რეგულარულ დატენიანებას ეფუძნება.
კერატოლიზური ანუ რქოვანი შრის დამარბილებელი საშუალებები: შარდოვანა, რძემჟავა, სალიცილის მჟავა და სხვა ალფა-ჰიდროქსიმჟავები, — ხელს უწყობს კერატინის საცობების შემცირებას და კანის დარბილებას. სწორედ ამ ტიპის ადგილობრივი მოვლა მიიჩნევა პილარული კერატოზის მართვის ერთ-ერთ ძირითად ელემენტად.
მნიშვნელოვანია კანის რეგულარული დატენიანებაც. ზედმეტად გამომშრალი კანი უფრო უხეში და ხორკლიანი ხდება, კერატოლიზურთან ერთად დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება კი კანის სიმშრალის შემცირებას და მის დარბილებას უწყობს ხელს.
Noreva Kerapil — ხორკლიანი კანის ყოველდღიური მოვლისთვის
როგორც ვთქვით, პილარული კერატოზისკენ მიდრეკილი, უხეში და ხორკლიანი კანისთვის საჭიროა მოვლის ისეთი საშუალებების შერჩევა, რომლებიც კანს არბილებს, უბრუნებს სიგლუვეს და კარგად ატენიანებს.
ამ პრინციპს ეყრდნობა ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის Noreva-ს ინოვაციური დერმორეგულაციური ფორმულა — Noreva Kerapil-ი, რომელიც უხეშ, ხორკლიან კანს გლუვ და ერთგვაროვან ტექსტურას უბრუნებს. გარდა პილარული კერატოზისა, ის თმის ჩაზრდისკენ მიდრეკილი კანის მოსავლელადაც არის განკუთვნილი, განსაკუთრებით — ეპილაციისა და გაპარსვის შემდეგ.
Noreva Kerapil-ის ფორმულის ორი მთავარი აქტიური კომპონენტია ამონიუმის ლაქტატი და გლიცერინი.
ამონიუმის ლაქტატი — ნაზი ექსფოლიაცია
ამონიუმის ლაქტატი რძემჟავას მარილია და ალფა-ჰიდროქსიმჟავების ჯგუფს მიეკუთვნება. მას აქვს კანის ზედაპირის დამარბილებელი, აქერცვლის ხელშემწყობი და დამატენიანებელი მოქმედება.
ამონიუმის ლაქტატი ხელს უწყობს კანის ზედაპირზე დაგროვილი მკვდარი უჯრედების მოცილებას ზედმეტი გაღიზიანების გარეშე, არბილებს გაუხეშებულ უბნებს, ამცირებს კერატინის დაგროვებას ფოლიკულების მიდამოში და ატენიანებს კანს. Noreva Kerapil-ის ფორმულაში ეს ნივთიერება 14%-იანი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი, რისი წყალობითაც განსაკუთრებით ეფექტურად ამცირებს პილარული კერატოზის ნიშნებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
გლიცერინი — ინტენსიური დატენიანება
აქტიურ აქერცვლასთან ერთად კანს დატენიანებაც სჭირდება. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს Kerapil-ის ფორმულაში შემავალი გლიცერინი (შემცველობა — 5%).
გლიცერინი ჰუმექტანტია — ნივთიერება, რომელიც წყალს იზიდავს და კანის ზედა ფენაში მის შენარჩუნებას უწყობს ხელს. შედეგად კანი რბილდება, უფრო ელასტიკური ხდება და სიმშრალით გამოწვეული დაჭიმულობაც ნაკლებად შესამჩნევია.
როგორ გამოვიყენოთ Noreva Kerapil-ი
მწარმოებლის რეკომენდაციით, Kerapil-ი ისმება დილაობით, საღამოობით ან დილა-საღამოს შესაბამის უბანზე. მისი გამოყენება რეკომენდებულია 3 წლიდან.
Kerapil-ის გამოყენებისას მნიშვნელოვანია მზისგან კანის დაცვაც. ვინაიდან ფორმულა შეიცავს AHA-ს (ალფა-ჰიდროქსიმჟავებს), მწარმოებელი გვირჩევს, კრემის წასმის შემდეგ მოვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, ვატაროთ დახურული ტანსაცმელი და ქუდი, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საცხი.
პროდუქტი სითბოს მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს.
ვინაიდან Kerapil-ს ამქერცლავი მოქმედება აქვს, მისი გამოყენების პერიოდში სასურველია, კანი ზედმეტი გაღიზიანებისგანაც დავიცვათ. არ არის რეკომენდებული მასთან ერთად ინტენსიურად ამქერცლავი სხვა საშუალებების გამოყენება — შესაძლოა, კანის სიმშრალე, წვა ან სიწითლე გამოიწვიოს. სხვა ამქერცლავ საშუალებებთან კომბინირების შემთხვევაში ყურადღებით დააკვირდით კანის რეაქციას და გაღიზიანებისას მიმართეთ დერმატოლოგს.
რა არ უნდა გავაკეთოთ
პილარული კერატოზის დროს ხორკლის მოცილების სურვილმა შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს: კანის უხეში ხეხვა, გამონაყარის ფრჩხილებით მოძრობა აზიანებს კანს და ზრდის მისი გაღიზიანების ალბათობას.
ამიტომ:
- ნუ მოიქავებთ, ნუ ეცდებით ხორკლის ფრჩხილებით მოცილებას;
- ნუ გამოიყენებთ უხეშ სკრაბს და უხეშ ღრუბელს;
- ნუ გამოიყენებთ ერთდროულად რამდენიმე ინტენსიურად ამქერცლავ საშუალებას;
- თვითნებურად ნუ გამოიყენებთ რეტინოიდებს;
- ნუ დაელოდებით შედეგს რამდენიმე დღეში — კანის ტექსტურის გაუმჯობესებას დრო და თანმიმდევრული მოვლა სჭირდება.
ნაცვლად ამისა:
* გამოიყენეთ რბილი, თქვენი კანისთვის შესაფერისი გამწმენდი საშუალება.
* ერიდეთ ძალიან ცხელ წყალს, რომელიც კანს უფრო მეტად გამოაშრობს.
* უპირატესობა მიანიჭეთ რბილ, თავისუფალ ტანსაცმელს, რათა თავი დაიზღვიოთ იმ უბნებზე ქსოვილის ხახუნისგან, სადაც პილარული კერატოზია გამოხატული.
* ნუ გაიღიზიანებთ კანს ზედმეტი და ინტენსიური მოვლით. შედეგისთვის უფრო მნიშვნელოვანია რეგულარულობა და ისეთი საშუალებების შერჩევა, რომლებიც კანს არბილებს და ატენიანებს.
* წაისვით დამატენიანებელი საშუალება დაბანის შემდეგ, სანამ კანი ჯერ კიდევ ოდნავ ნოტიოა.
როდის არის საჭირო დამატებითი მკურნალობა
პილარული კერატოზის გამოვლინებათა შესამცირებლად უმეტესად საკმარისია კანის რეგულარული და სწორი მოვლა, მაგრამ თუ ცვლილებები მკვეთრი ან მეტისმეტად შემაწუხებელია, დერმატოლოგმა შესაძლოა განიხილოს დამატებითი მკურნალობაც, მაგალითად, რეტინოიდების შემცველი ადგილობრივი საშუალებებით ან სპეციალური პროცედურებით.
პროცედურულ მეთოდებს, მაგალითად, ლაზერულ თერაპიას, პილარული კერატოზის დროს შესაძლოა განსაზღვრული ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მათ შესახებ არსებული მონაცემები ერთგვაროვანი არ არის. ამ მეთოდების ეფექტიანობის უკეთ შესაფასებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
პროცედურული მკურნალობა ინდივიდუალურად, კანის მდგომარეობისა და არსებული ჩივილების მიხედვით უნდა შეირჩეს.
როდის მივმართოთ ექიმს
დერმატოლოგის კონსულტაცია სასურველია, როცა:
* არ ხართ დარწმუნებული, რომ კანის ცვლილებები პილარულ კერატოზს უკავშირდება;
- გამონაყარი მტკივნეული ან ძლიერ მქავანაა;
- გაჩნდა ჩირქოვანი ელემენტები;
- კანი მკვეთრად გაწითლებული ან შეშუპებულია;
- კანის ცვლილებები სწრაფად ვითარდება ან ხასიათს იცვლის;
- კანის მოვლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო;
- კანის გარეგნული ცვლილებები ძლიერ გაწუხებთ და მკურნალობის სხვა ვარიანტების მოსინჯვაც გსურთ.
დერმატოლოგი შეაფასებს კანის ცვლილებებს, დაადასტურებს დიაგნოზს და ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით მკურნალობის შესაბამის მეთოდს შეგირჩევთ.
ამრიგად, გლუვი და ერთგვაროვანი კანი თანმიმდევრული მოვლის შედეგია, ხოლო შესაბამისი პროდუქტის რეგულარული გამოყენება — ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი. პილარული კერატოზისკენ მიდრეკილი კანის მოვლისას Noreva Kerapil-ი შესაძლოა თქვენი ყოველდღიური რუტინის საიმედო ელემენტი გახდეს.







