ლევან ბუჯიაშვილის მინიატურული ქანდაკებები

Share:

თბილისის ქუჩებში - რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, მშრალ ხიდზე - ბრინჯაოს მინიატურული ფიგურები წლების წინ გამოჩნდა და მაშინვე ქალაქის კოლორიტად იქცა. ტურისტებს განსაკუთრებით უყვართ მათთან ფოტოების გადაღება. ეს პატარა ქანდაკებები ქართველ ხელოვანს ლევან ბუჯიაშვილს ეკუთვნის. მას უკვე 20 ათასზე მეტი ნამუშევარი აქვს, რომლებმაც სხვადასხვა ქალაქში დაიმკვიდრეს თავი. ლევანის ქანდაკებები პარიზში, ლუვრის მუზეუმის პრესტიჟულ არტ-ბაზრობაზეც არაერთხელ გამოიფინა. მოქანდაკე თავად გვიყვება, როგორ ექცა ბავშვობის გატაცება პროფესიად და რა გზას გადის თითოეული მისი ნამუშევარი ჩანაფიქრიდან კვარცხლბეკამდე.

- ძერწვა ბავშვობიდან მიტაცებდა. მოგვიანებით პიონერთა სასახლის ქანდაკების წრეზე დავიწყე სიარული, მაგრამ 9 აპრილის მოვლენების შემდეგ როგორღაც თანდათან მივანებე თავი. გულახდილად რომ გითხრათ, საკმაოდ უნებისყოფო ბავშვი ვიყავი. რაზე არ მივლია: რადიომოყვარულთა წრეზე, ტანვარჯიშზე, ძიუდოზე, - მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებდი. სკოლაშიც ცუდად ვსწავლობდი, კლასიდან კლასში ძლივს გადავდიოდი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტთან არსებობდა ნატიფი ხელოვნების სკოლა, სადაც უფროსკლასელებს უმაღლესისთვის ამზადებდნენ და დამატებით ასწავლიდნენ ფერწერას, ხატვას, გობელენს, გრაფიკას, არქიტექტურას, დიზაინს. დედის რჩევით, სწავლა სწორედ ამ სკოლაში განვაგრძე.

იქ ხეზე ჭრით დავინტერესდი. იმ დროს თითქმის ყველგან შეშის ღუმლით თბებოდნენ. ავიღე ღუმელში შესაკეთებლად გამზადებული მორი, შვიდ ლარად ვიყიდე ნახმარი იარაღები და სამგანზომილებიანი ქანდაკება გამოვთალე. ლექტორს რომ მივუტანე, გაოცებით და ეჭვით შემომხედა, თითქოს არც კი დაიჯერა, რომ ჩემი გამოთლილი იყო, მაგრამ შემაქო. მისმა გაოცებამ და ქებამ სტიმული მომცა. როდესაც მომდევნო გაკვეთილებზე ახალი ფიგურები მივუტანე, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მე თვითონ გავაკეთე... საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილმა და შეძენილმა თავდაჯერებამ თხუთმეტი წლის ასაკში საბოლოოდ გადამაწყვეტინა, პროფესიად ქანდაკება ამერჩია.

- კლასიკური სკოლა ზოგისთვის შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი ჩარჩო...

- მე არ მაქვს აკადემიური განათლება, მაგრამ მიმაჩნია, რომ კლასიკური სკოლა აუცილებელი ბაზისია. როგორც წესი, ხელოვანი ჯერ საფუძვლებს ეუფლება და ამის შემდეგ ეძებს საკუთარ სტილს, ჩემთან კი პირიქით მოხდა - ჯერ ინტუიციურად ჩამოვაყალიბე საკუთარი ხელწერა და მერეღა ვცადე კლასიკური ქანდაკებების შექმნა, თუმცა ჩემი ინდივიდუალობა მათშიც იგრძნობა. ეს ანბანის სწავლას ჰგავს. კითხვა ყველამ იცის, მაგრამ როგორ ლიტერატურას წაიკითხავ, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული.

არქიტექტურული განათლება მიადვილებს დანახვას, როგორ უნდა განთავსდეს ნამუშევარი სივრცეში, რომ თავისი ხასიათიც შეინარჩუნოს და სათანადო განწყობაც შექმნას.

- რა მასალას ანიჭებთ უპირატესობას? ახდენს თუ არა მასალა გავლენას ქანდაკების ხასიათზე?

- ყველაზე მეტად სპილენძი მიყვარს - ფაქტურული და დამყოლი, თუმცა ჩემი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში უამრავ მასალაზე მიმუშავია. თავიდან, როგორც გითხარით, ხეზე ვმუშაობდი, მერე ქვამ დამაინტერესა. მოგვიანებით თითბერი, დაჟანგული სპილენძი და ბრინჯაო მოვსინჯე. დღეს ყველაზე მეტად შერეული ტექნიკა მიზიდავს. მაგალითად, გოგონას ფიგურას ტანი და ფეხები შეიძლება ბრინჯაოსი ჰქონდეს, კაბა - სპილენძისა, სხვა დეტალები - ხისა. მასალების ეს სინთეზი ნამუშევარს მრავალფეროვნებასაც ანიჭებს და დამთვალიერებელიც მაშინვე ცნობს ჩემს ხელწერას.

სულ სხვაა ქვაზე მუშაობა. ის შეცდომებს არ პატიობს. ერთი არასწორი დარტყმა და შესაძლოა, კომპოზიცია სრულიად შეიცვალოს.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა გარემოს ნამუშევრის აღქმისთვის და რატომ ანიჭებთ უპირატესობას მცირე ზომის სკულპტურებს?

- ქანდაკება ხელოვნების ძალიან პრეტენზიული გვარია. ის, რაც გალერეაში ან სახელოსნოში იდეალურად გამოიყურება, ღია ცის ქვეშ შესაძლოა სრულიად დაიკარგოს. ზოგჯერ ლანდშაფტი ჭამს ქანდაკების მასშტაბს. ორმეტრიანი ფიგურა, რომელიც ოთახში მონუმენტური გვეჩვენება, იპოდრომზე ფაქტობრივად ქრება. სწორედ ამიტომ ყოველი დეტალი, კვარცხლბეკის სიმაღლეც კი, მათემატიკური და არქიტექტურული სიზუსტით უნდა გაითვალოს.

დღემდე ჩემს ყველაზე წარმატებულ ნამუშევრებად რუსთაველის გამზირზე განთავსებულ მინიატურულ სკულპტურებს მივიჩნევ. მონუმენტი ადამიანს თრგუნავს, სიპატარავის განცდას უჩენს, მცირე ფორმები კი, პირიქით, თითქოს ემოციურ კონტაქტს ამყარებს მნახველთან. ადამიანი მასთან ერთად ფოტოს იღებს, ხელს გადახვევს, ზოგჯერ უბრაზდება კიდეც... ცოცხალი კომუნიკაცია მყარდება. ევროპულ ქალაქებშიც სწორედ ასეთი ქანდაკებები ამახსოვრდებათ სტუმრებს.

- როგორ გარემოში გიყვართ მუშაობა? ეს დაგეგმილი, თანმიმდევრული პროცესია თუ უფრო სპონტანური, მასალითა და განწყობით ნაკარნახევი?

- მიუხედავად იმისა, რომ დასრულებული ნამუშევარი შესაძლოა მათემატიკურად ზუსტის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, თავად მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ჩარჩოებში ვერ ვთავსდები და სიზუსტეს ვერასდროს ვიცავ. ჩემს სკულპტურებს შესაძლოა ჰქონდეთ არაპროპორციულად გრძელი კისრები, ცხვირები, კიდურები, მაგრამ ცალკეულ ნაწილებს შორის ყოველთვის არის შინაგანი ჰარმონია. მთლიანობაში ცხვირი უხდება თმას, ქუდი - კისერს...

ჩემი ყოველდღიურობა ქანდაკებაზე ფიქრია. კომპოზიცია ჯერ გონებაში იბადება. შეკვეთაზე მუშაობისას, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ დამკვეთის სურვილებსაც, სივრცის სპეციფიკასაც. თავად მუშაობის პროცესშიც ბევრი რამ იცვლება.

მუშაობისას სრული იზოლაცია არ მჭირდება, ისე ღრმად შევდივარ საკუთარ სამყაროში, რომ გარეშე ხმები ხელს არ მიშლის. წინათ მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ ჩემს სახელოსნოში, შემოუსხდებოდნენ ხოლმე სუფრას და ქეიფობდნენ, მე კი ვესაუბრებოდი მათ და პარალელურად ვმუშაობდი. მაგრამ აუცილებელი პირობაა სრული სიფხიზლე. არ მესმის მათი, ვინც ამბობს, რომ მუზა თრობისას მოსდის.

- 3D პრინტერების ეპოქაში რის ხარჯზე ინარჩუნებს აქტუალობას ტრადიციული ქანდაკება?

- ტექნოლოგიებმა - ლაზერულმა დაზგებმა, 3D პრინტერებმა - გარკვეულწილად ჩაანაცვლა ადამიანის შრომა. წინათ თუ მოქანდაკეს პორტრეტის შესასრულებლად თვეები სჭირდებოდა, დღეს დაზგას შეუძლია, მარმარილოში ან ქვაში ზუსტად გამოთალოს იგივე. მაგრამ თუ სწორად მივუდგებით, შეგვიძლია, ტექნოლოგიები ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. მთავარია, ციფრულმა ინსტრუმენტმა არ დააკარგვინოს ნამუშევარს ავტორისეული ენერგია და ინდივიდუალური ხელწერა.

- რის დათმობას მოითხოვს თქვენგან ხელოვნება?

- თხუთმეტი წლიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრება უწყვეტი შრომაა. პროფესიამ მართლაც ბევრი რამ დამათმობინა: ხშირად ვაკლდები ოჯახის წევრებს, უარს ვამბობ გართობაზე, თეატრზე, კონცერტებსა თუ დაბადების დღეებზე, რადგან ვიცი, რომ სახელოსნოში საქმე მელოდება. მაგრამ ამ დანაკარგს არ ვნანობ. ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით. ჩემი დასვენება ჩემს სახელოსნოში, ჩემს ნამუშევრებთან ყოფნაა.

მეშინია, რომ როცა დავბერდები, ფიზიკურად ვეღარ შევძლებ ჩაქუჩის დარტყმას, თორემ იდეა იმდენი მაქვს, ორ სიცოცხლეს ეყოფა. არასდროს მქონია ამბიცია, დიდი ფული ან თანამდებობა მქონოდა. მხოლოდ ჩემი საქმის კეთება მინდა. განცდა, რომ ჩემი ნამუშევრები სადღაც დგას და ადამიანებს სიხარულს ანიჭებს, ჩემი სიცოცხლის გაგრძელებაა. ჩვენც ხომ სხვების შემოქმედებაზე გავიზარდეთ, მათგან მივიღეთ შთაგონება. იმედი მაქვს, ჩემი ქანდაკებებიც მისცემს სტიმულს მომავალ თაობებს, ხელოვნების ეს დარგი აირჩიონ. საბოლოოდ ხომ მთავარი მაინც შენი სფეროს მიგნებაა, რადგან მხოლოდ მაშინ იღებ უდიდეს ენერგეტიკულ უკუგებას, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ.

თამარ ციბალაშვილი

Share: