პარაგლაიდინგი

Share:

“ერთხელ მაინც თუ გამოცდი ფრენას, დედამიწაზე სიარულისას შენი თვალები მუდამ ცისკენ იქნება მიპყრობილი, რადგან იქ იყავი და იქ დაბრუნებას მუდამ ინატრებ”.

ამ ფრაზას აღორძინების ხანის გენიოსს - ხელოვანს, მეცნიერს, ბუნებისმეტყველსა და გამომგონებელს ლეონარდო და ვინჩის (1452-1519) მიაწერენ.

ლეონარდო ათეულობით წლის განმავლობაში შეისწავლიდა ფრინველების ანატომიასა და ფრენის დინამიკას. ფრენის იდეით შეპყრობილმა, საფრენი აპარატების - ორნითოპტერების (ornithos - ფრინველი, pteron - ფრთა) - ნახაზებიც შექმნა და მათი აქტიური კვლევით იყო დაკავებული. სიცოცხლის ბოლო წლებში ოსტატი მიხვდა, რომ ფრთების ქნევით ადამიანი ვერ გაფრინდებოდა და ჰაერის ნაკადების გამოყენებასა და ლივლივზე გადაიტანა ყურადღება. მის გვიანდელ ჩანაწერებში ჩნდება უძრავფრთებიანი ფიქსირებული აპარატები, რომლებიც თანამედროვე მოდელების პირდაპირი წინაპრები არიან.

ცაში აფრენა ადამიანის არქეტიპული იდეაა, კაცობრიობის დასაბამიდან მისი მარადიული, ამაღელვებელი ოცნება. ფრთების შესხმის სურვილი თავისუფლებისა და ფიზიკური საზღვრების გადალახვის წყურვილს გამოხატავს და ტექნოლოგიური პროგრესის მამოძრავებელი ძალაა.

სხვადასხვა რელიგიასა და მითოლოგიაში ფრთები უზენაეს ძალასთან კავშირის სიმბოლოა, ხოლო ხელოვნებაში - მიწიერი სიმძიმისგან გათავისუფლებისა.

ფრენის დაუოკებელ სურვილზე საუბრისას დედალოსისა და იკაროსის მითის გახსენებაც შეიძლება. მას ორმაგი შინაარსი აქვს: ერთი მხრივ, ეს ადამიანის გენიის ტრიუმფია (დედალოსმა შეძლო ფრთების კონსტრუირება), მეორე მხრივ კი გაფრთხილება, რომ ამპარტავნება საშიშია (მზესთან მეტისმეტად მიახლოებისას ცვილი გადნა და იკაროსი ზღვაში ჩავარდა).

მითოლოგიიდან თანამედროვე ბიომექანიკამდე კაცობრიობის მიერ განვლილი რთული და საინტერესო გზის ერთ-ერთი ეტაპია პარაპლანერიზმი.

პარაპლანერიზმი (პარაგლაიდინგი), პარაპლანით ფრენა, ექსტრემალური სპორტის შედარებით ახალი ფორმა და აქტიური დასვენების ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა. პარაპლანი მსუბუქ კარკასზე დამაგრებული ჰერმეტული ქსოვილისგან დამზადებული ფრთაა, რომლის ქვეშ გამდინარე ჰაერის მასები ობიექტის ცაში გადაადგილებას იწვევს.

თანამედროვე სახით პარაპლანერიზმი 1978 წელს საფრანგეთში დაიბადა. ზემო სავოიში, პატარა კომუნა მიუსიში, პარაშუტისტებმა ჟან-კლოდ ბეტანმა, ანდრე ბონმა და ჟერარ ბოსონმა გადაწყვიტეს, თვითმფრინავიდან გადმოხტომის ნაცვლად ფრენა მთის ფერდობიდან დაეწყოთ. მათ იმ დროისთვის ახალი ტექნოლოგიის მართვადი, ოთხკუთხა პარაშუტები გამოიყენეს.

მცდარია მოსაზრება, თითქოს პარაპლანი არაფრით განსხვავდებოდეს პარაშუტისგან. მათ შორის ფუნქციონალური განსხვავებაა: პარაშუტი სიმაღლიდან ადამიანის თავისუფალი ვარდნის შესანელებლად გამოიყენება, პარაპლანი კი სრულფასოვანი საფრენი აპარატია - მიუხედავად ძრავის უქონლობისა, ჰაერის თბილი ნაკადებისა და ქარის წყალობით პილოტს მისი მართვა, სიმაღლის აკრეფა და ათეულობით კილომეტრის გადალახვა შეუძლია. ფრთის ფორმისა და, საზოგადოდ, საფრენი აპარატის აეროდინამიკურობის გამო აფრენა, ჰაერში საათობით ყოფნა და დედამიწაზე დაშვება დაუვიწყარ განცდებს ბადებს.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ პარაპლანი და დელტაპლანი. მიუხედავად იმისა, რომ საფრენად ორივე ჰაერის ნაკადებს იყენებს, მათ შორის არსებითი განსხვავებაა.

დელტაპლანი ( ჰენგგლაიდერი )მსუბუქი საფრენი აპარატია. მისი სახელწოდება ბერძნული ასო “დელტასგან” მომდინარეობს და მოხაზულობისა და ფრთის ფორმის მსგავსების გამო იქნა არჩეული. დელტაპლანს აქვს ლითონის (ალუმინის, კარბონის) მილებისგან დამზადებული მყარი კარკასი, რომელზეც მკვრივი ქსოვილია გადაჭიმული. პილოტი სპეციალურ ჩარჩოში მუცელზე წევს და აპარატს სხეულის მასის გადანაცვლებით მართავს. დელტაპლანი უფრო სწრაფია (

ნაკლოვანებები: აპარატი 25-დან 40 კილოგრამამდე იწონის, გრძელ, 4-6 მეტრი სიგრძის მილებად იკეცება და ტრანსპორტირებისთვის მანქანა სჭირდება.

პარაპლანი მთლიანად რბილია. მისი ფრთა დამზადებულია დრეკადი ქსოვილისგან, რომელსაც ფორმას ჰაერის ნაკადი აძლევს. პილოტი კომფორტულ სავარძელში (საკიდ სისტემაში) ზის და აპარატს სპეციალური თოკებით (ზონარებით) მართავს. პარაპლანი უფრო ნელი (35-50 კმ/სთ) და ქარის მიმართ უფრო მგრძნობიარეა. მისი ტრანსპორტირება ძალიან ადვილია - 5-10 კგ-ს იწონის და მთელი აღჭურვილობა ჩვეულებრივ ზურგჩანთაში ეტევა.

აღჭურვილობაში შედის სათადარიგო პარაშუტი გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის, ჩაფხუტი და რაცია.

ფრენის სახეობები

  • ტანდემური ფრენა - გამოუცდელი პარაპლანერისტისა და გამოცდილი პილოტ-ინსტრუქტორის ერთობლივი ფრენა - საუკეთესო გზაა პარაპლანერიზმის შესასწავლად
  • სოლო ფრენა - საფრენი აპარატის დამოუკიდებლად პილოტირება, რასაც სპეციალური სწავლება და ლიცენზია სჭირდება
  • აკრო - ფრენა - ჰაერში აკრობატული ილეთების შესრულება - უმაღლესი პილოტაჟი

მზადება ფრენისთვის

პირველ ფრენას განსაკუთრებული სპორტული მომზადება არ სჭირდება, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებას ნამდვილად გირჩევთ.

ჩაცმულობა

ცაში ზაფხულშიც კი ყოველთვის უფრო გრილა, ვიდრე მიწაზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ აფრენისა და დაფრენისას აქტიური მოძრაობა მოგიწევთ. შეარჩიეთ გრძელსახელოებიანი მაისური/ჰუდი და გრძელი შარვალი (ჯინსი ან სპორტული). ასეთი სამოსი დაგიცავთ როგორც სიგრილისგან, ისე შემთხვევითი ნაკაწრებისგან მიწაზე დაშვებისას. ქარიან ამინდში შეუცვლელია მსუბუქი ქურთუკი.

ჩაიცვით დახურული, კოჭზე მჭიდროდ მომდგარი სპორტული ფეხსაცმელი. სანდლებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ფრენა აკრძალულია.

აფრენისთვის მზადებისას ინსტრუქტორი აგიხსნით, რომ რამდენიმე მეტრის სირბილით დაფარვა სრული აღჭურვილობით მოგიწევთ. სტარტის მთავარი წესია, არ შეწყვიტოთ სირბილი და არ ჩაჯდეთ სავარძელში, სანამ მიწას არ მოსწყდებით, ფინიშისა - დაფრენა უნდა მოხდეს ფეხებზე. არავითარ შემთხვევაში არ დაჯდეთ მიწაზე! მჯდომარე პოზიციაში დაშვებისას არსებობს ხერხემლის დაზიანების სერიოზული რისკი.

ფრენის წინ მსუბუქად წაიხემსეთ.

საყურადღებოა ფსიქოლოგიური მზადყოფნაც - ნერვიულობა ბუნებრივია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ გამოცდილ ინსტრუქტორთან ერთად ფრენა მაქსიმალურად უსაფრთხოა. უბრალოდ ენდეთ მას და იყავით მშვიდად.

რა წავიღოთ თან

  • მზის სათვალე - მზისა და ქარისგან თვალების დასაცავად.
  • მზისგან დამცავი კრემი - მთაში მზე საკმაოდ აგრესიულია.
  • ტელეფონი / კამერა - თუ ფოტოების გადაღება გსურთ, აპარატს უნდა ჰქონდეს სპეციალური საკიდი (ზონარი), რათა ჰაერში ხელიდან არ გაგივარდეთ. კომპანიების უმრავლესობა თავად შემოგთავაზებთ ორი კამერით გადაღებას, რაც საუკეთესო ვარიანტია.

ამინდის ფაქტორი

პარაპლანით ფრენა მთლიანად ამინდზეა დამოკიდებული: ქარის მიმართულებაზე, სიჩქარეზე, ღრუბლიანობაზე.

მაშინაც კი, როცა თქვენს ქალაქში იდეალური ამინდია, საფრენ ლოკაციაზე შესაძლოა სასურველი მეტეოროლოგიური პირობები არ დაგხვდეთ. აუცილებლად გადაამოწმეთ ამინდი ფრენის დღეს.

პარაპლანერიზმი საქართველოში

საქართველო თავისი მთიანი რელიეფით ნამდვილი სამოთხეა პარაპლანერისტებისთვის. ფრენები აქტიურად ხორციელდება გუდაურში (ყველაზე პოპულარული ლოკაცია), ყაზბეგში, სვანეთში, თბილისის ზღვაზე (საწვრთნელად).

პარაპლანით ფრენის ფასი დამოკიდებულია სეზონზე, ლოკაციასა და ხანგრძლივობაზე. სტანდარტულ ფასში თითქმის ყველგან შედის სრული აღჭურვილობა, დაზღვევა, პილოტის მომსახურება და ვიდეოგადაღება ორი კამერით.

საშუალო ფასები ასეთია:

თბილისი / რუსთავი - ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივად დასაგეგმავი ვარიანტი. ფრენები უმთავრესად თბილისის ზღვის მიმდებარედ ან რუსთავის ფერდობებზე იმართება. ღირს 200-250 ლარი, გრძელდება 7-10 წუთს.

გუდაური - აქ წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესი პანორამული ხედებით ისიამოვნებთ. სტანდარტული ფრენის ფასია 300-350 ლარი, ხანგრძლივობა - 10-15 წუთი; გრძელი, ე.წ. Cross-Country ფრენისა (მაღალი წერტილებიდან) - 500-800 ლარი / 30-50 წუთი.

ბათუმი / გონიო - ზღვისპირა ზოლში ფრენა ზაფხულობით ძალიან პოპულარულია. აფრენა მთიდან ხორციელდება, ხოლო დაფრენა - უშუალოდ პლაჟზე. ფასი - 250-350 ლარი, ხანგრძლივობა - 8-12 წუთი

კახეთი ( სიღნაღი/საგარეჯო/ყვარელი ) - ალაზნის ველისა და სიღნაღის ძველი გალავნის ხედებით ტკბობა პარაპლანიდან სულ სხვა გამოცდილებაა. ფასი - 250-350 ლარი, ხანგრძლივობა - 10-15 წუთი

სვანეთი ( მესტია/ჰაწვალი/თეთნულდი ) - ლოკაციის სპეციფიკიდან და სიმაღლიდან გამომდინარე, კავკასიონის უმაღლესი მწვერვალების ფონზე ფრენა შედარებით ძვირია. ფასი - 350-450 ლარი, ხანგრძლივობა - 15-25 წუთი.

ფრენის დაჯავშნისას წინასწარ გადაამოწმეთ, შედის თუ არა ფასში ასაფრენ წერტილამდე ტრანსპორტირება და ვიდეოგადაღება. ენდეთ მხოლოდ სერტიფიცირებულ კომპანიებს. Fფასები ცვალებადია.

ახლა კი მსოფლიოს პოპულარულ საფრენ ლოკაციებს გადავავლოთ თვალი. მშვიდობიან და შთაბეჭდილებებით სავსე ფრენას გისურვებთ!

ინტერლაკენი, შვეიცარია

შვეიცარიის ალპების გულში, ორ ულამაზეს ტბას - ტუნსა და ბრიენცს შორის, მსოფლიოს პარაპლანერიზმის დედაქალაქად წოდებული ინტერლაკენი მდებარეობს.

ორი ზურმუხტისფერი ტბით გარშემორტყმული ქალაქი და ალპების ლეგენდარული მწვერვალები - იუნგფრაუ, მონხი და ეიგერი... აქ ფრენა დაუვიწყარი შთაბეჭდილებების წყაროა. მთების განლაგება სტაბილურ საჰაერო ნაკადებს ქმნის, რის გამოც პარაგლაიდინგი წლის ნებისმიერ სეზონზე მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტულია.

10-დან 20 წუთამდე ხანგრძლივობის სტანდარტული ფრენა ფოტო- და ვიდეოგადაღებითურთ დაახლოებით 230-250 აშშ დოლარი ღირს.

კვინსტაუნი, ახალი ზელანდია

კვინსტაუნი ოფიციალურად ატარებს მსოფლიოს თავგადასავლების დედაქალაქის ტიტულს. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი კომერციულ ბანჯი-ჯამფინგს (ფეხებზე გამობმული ელასტიკური ტროსით დიდი სიმაღლიდან ხტომას) და სწორედ აქ არის პარაპლანერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლოკაცია დედამიწაზე. ინტერლაკენისგან განსხვავებით, სადაც მთაზე მანქანით ადიხართ, კვინსტაუნში მთავარი სასტარტო მოედანი პირდაპირ ქალაქის თავზე, ბობის პიკზე (Bob's Peak) მდებარეობს. აქ ფრენის მოყვარულები Skyline Gondola-ს ამოჰყავს.

ფრენისას ხელისგულზე იშლება უაკატიპუს ტბა და სამხრეთი ალპების დიდებული ქედი - The Remarkable (გასაოცარი).

10-დან 15 წუთამდე ხანგრძლივობის სტანდარტული ფრენის ფასი ფოტო- და ვიდეოგადაღებითა და საფრენ ლოკაციამდე ტრანსპორტირებითურთ 220-დან 260-მდე აშშ დოლარია.

ოლუდენიზი, თურქეთი

“ცისფერი ლაგუნითა” და ქვიშიანი ნაპირებით ცნობილი ოლუდენიზი პარაპლანერიზმის ნამდვილი მექა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფრენი ლოკაციაა.

აფრენა ლეგენდარული ბაბადაღის მთიდან ხდება, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომერციული სასტარტო წერტილია მსოფლიოში, რომელიც პირდაპირ პლაჟის თავზე მდებარეობს. აქედან გადაშლილი ხედები გულგრილს ვერავის ტოვებს. სტაბილური ამინდისა და დიდი სიმაღლის გამო ოლუდენიზი საუკეთესო ადგილია აკრობატული ილეთების შესასრულებლად. თუ ექსტრიმი გსურთ, ინსტრუქტორთან ერთად ნამდვილი საჰაერო შოუს მონაწილე გახდებით.

სიმაღლე ფრენის ხანგრძლივობასაც განაპირობებს - ის 25-დან 45 წუთამდე გრძელდება, დაშვებით კი პირდაპირ ოლუდენიზის ზღვისპირა ცენტრალურ საფეხმავლო პრომენადზე დაეშვებით.

ფრენისთვის იდეალურად მიიჩნევა მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდი. ფასი 90-დან 130 აშშ დოლარამდე მერყეობს. ამაში შედის ტრანსპორტირება, მთაზე ასვლა, აღჭურვილობა და ეროვნული პარკის გადასახადი. ფFოტო- და ვიდეოპაკეტის შესაძენად დამატებით 30-40 აშშ დოლარის გადახდა მოგიწევთ.

კეიპტაუნი, სამხრეთი აფრიკა

ულამაზესი მთიანი რელიეფი, თანამედროვე ქალაქის ცათამბჯენები და ატლანტის ოკეანის მძლავრი ტალღები კეიპტაუნს სამხრეთ აფრიკაში პარაპლანერიზმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ადგილად აქცევს. აფრენა ორი მთავარი წერტილიდან - სასიგნალო ბორცვიდან (Signal Hill) და ლომის თავიდან (Lion's Head) ხდება. ორივედან ქალაქისა და ოკეანის 360-გრადუსიანი ხედი იშლება. ოკეანიდან წამოსული ქარის ნაკადებზე ლივლივი ძალიან სასიამოვნოა.

ფრენის ხანგრძლივობა ყველაზე მეტად ქარის ძალაზეა დამოკიდებული. როცა ის სუსტია, ფრენა მოკლე ხანს გრძელდება. ძლიერი ქარის დროს ფრენები უქმდება.

დაეშვებით სანაპიროზე, ცნობილ Seapoint Promenad-ზე ან Camps Bay -ს პლაჟზე. აქვე უამრავი კაფე-ბარია განლაგებული. 7-20-წუთიანი სტანდარტული ფრენის ღირებულება ფოტო- და ვიდეოგადაღებითურთ 85-100 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ევროპულ ფასებთან შედარებით საკმაოდ ბიუჯეტურია.

ბირ ბილინგი, ინდოეთი

აზიის პარაპლანერიზმის დედაქალაქად წოდებული ბირ ბილინგი ჰიმალაის მთების კალთებზე, შტატ ჰიმაჩალ-პრადეშში მდებარეობს. 2015 წელს აქ პარაპლანერიზმის მსოფლიო თასი გათამაშდა.

ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ჰაერის თერმული ნაკადები დიდ სიმაღლეზე ასვლის, საათობით ფრენის, ჰიმალაის დათოვლილი მწვერვალებისა და ბუდისტური კულტურის ფრინველის თვალსაწიერიდან გაცნობის საშუალებას იძლევა.

აფრენა ზღვის დონიდან 2400 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ბილინგის მინდვრიდან ხორციელდება, ხოლო დაშვება - 1000 მეტრით ქვემოთ, ბუდისტურ სოფელ ბირში, რომელიც მზის ჩასვლის საყურებლად ტურისტებისა და მკვიდრი მოსახლეობის თავშეყრის მთავარი ადგილია.

სტანდარტული ფრენა 15-დან 30 წუთამდე გრძელდება, ხოლო ხანგრძლივი, ე.წ. Cross-Country, 1-2 საათს გასტანს.

ბირ ბილინგში ფრენა სხვა საერთაშორისო ლოკაციებთან შედარებით იაფია და 25-35 აშშ დოლარს შეადგენს.

საუკეთესო დროდ სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით და მარტიდან მაისის ჩათვლით პერიოდები მიიჩნევა. ივლისსა და აგვისტოში, მუსონების (ძლიერი წვიმების) სეზონზე, ფრენები წყდება.

ირაკლი კარტოზია

Share: