მზისგან დამცავი კრემის გამოყენების ათი წესი

Share:

მზისგან დამცავი კრემი მხოლოდ პლაჟისთვის განკუთვნილი საზაფხულო პროდუქტი არ არის, ის კანის ყოველდღიური მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ულტრაიისფერი სხივები ღრუბლების მიღმიდანაც და შენობაშიც აღწევს ჩვენამდე, იწვევს დამწვრობას, ნაადრევ დაბერებას, პიგმენტურ ლაქებს და კანის კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის.

თუმცა ყველაზე ხარისხიანი მზისგან დამცავი კრემიც კი ვერ უზრუნველყოფს სრულ დაცვას, თუ მას არასწორად გამოვიყენებთ ― დავინანებთ რაოდენობას, დაგვავიწყდება დღის განმავლობაში მისი განახლება ან უგულებელვყოფთ სხეულის ზოგიერთ ზონას.

იმისთვის, რომ კრემმა სათანადოდ დაიცვას კანი, საჭიროა რამდენიმე მარტივი წესის დაცვა.

1. გამოიყენეთ მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ზაფხულობით

ულტრაიისფერი სხივები კანზე მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, განურჩევლად სეზონისა და ამინდისა. მათი მავნე ზემოქმედებისგან ღრუბელიც კი ვერ გვიცავს ― ღრუბლიან დღეებში ულტრაიისფერი რადიაციის დაახლოებით 90% თავისუფლად აღწევს მიწამდე.

ულტრაიისფერი სხივებისგან არც ჩრდილში ვართ დაზღვეული. მაგალითად, გერმანიის რადიაციული დაცვის ფედერალური ოფისის (BFS) მონაცემებით, პლაჟის ქოლგა და ხის ტოტები მხოლოდ ნაწილობრივ ბლოკავს ულტრაიისფერ გამოსხივებას. მეტიც: საშიშროება საგრძნობლად იზრდება ისეთი ზედაპირების მახლობლად, როგორიცაა წყალი, ქვიშა და ბეტონი, რადგან ისინი ირეკლავენ ულტრაიისფერ სხივებს.

მზისგან ვერც დახურული სივრცე გვიცავს, რადგან A ტიპის ულტრაიისფერი სხივები ფანჯრის მინაშიც აღწევს. შესაბამისად, კანის დაზიანების საფრთხე არსებობს არა მხოლოდ სანაპიროზე თუ ქალაქში სეირნობის, არამედ ავტომობილის მართვისა და ფანჯრის მახლობლად დიდხანს ყოფნის დროსაც.

ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, მზისგან დამცავი საშუალებები გამოვიყენოთ ყოველთვის, როცა ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი (UV Index) 3-ს აღწევს, რადგან ამ დროს კანის დაზიანების ალბათობა საკმაოდ დიდია.

2. წაისვით საკმარისად

მზისგან დამცავი კრემის გამოყენებისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა პროდუქტის დაზოგვაა. კრემი ეფექტურად მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც კანზე საკმარისი რაოდენობით არის დატანილი. თუ მზისგან დამცავ საშუალებას ძალიან თხლად წავისვამთ, შეფუთვაზე მითითებულ დაცვის დონეს ვერ მივიღებთ, კანი ულტრაიისფერი სხივებისგან სრულფასოვნად ვერ იქნება დაცული.

გერმანიის რადიაციული დაცვის ფედერალური ოფისის მონაცემებით, ზრდასრულ ადამიანს მთელი სხეულის ეფექტურად დასაცავად დაახლოებით ოთხი სუფრის კოვზი (30-35 მლ) მზისგან დამცავი კრემი სჭირდება. რეკომენდებულზე ნაკლების წასმის შემთხვევაში კრემის ეფექტურობა საგრძნობლად იკლებს.

3. წაისვით შინიდან გასვლამდე

სასურველია, მზისგან დამცავი კრემი შინიდან გასვლამდე 15-30 წუთით ადრე წაისვათ. ეს დრო აუცილებელია იმისთვის, რომ მის შემადგენლობაში შემავალი აქროლადი ნივთიერებები აორთქლდეს და კრემმა კანის ზედაპირზე ერთიანი, სტაბილური დამცავი ფენა წარმოქმნას. ეს წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქიმიური ფილტრის შემცველი პროდუქტებისთვის, რადგან მათ კანზე დამცავი ფენის შესაქმნელად და სრული ეფექტის მისაღწევად გარკვეული დრო სჭირდებათ.

მინერალური ფილტრების შემცველი მზისგან დამცავი საშუალებები განსხვავებული პრინციპით მოქმედებს. ისინი კანის ზედაპირზე მყისიერად წარმოქმნიან დამცავ ფირს, მაშასადამე, თითქმის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფენ დაცვას, თუმცა სპეციალისტები ამ შემთხვევაშიც გვირჩევენ კრემის წინასწარ წასმას, რადგან თუ წასმისთანავე გავედით შინიდან და გავოფლიანდით, ფირი დაირღვევა და ეფექტურად ვეღარ იმოქმედებს.

4. არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ზონები

მზისგან დამცავი კრემის ეფექტურად გასანაწილებლად სპეციალისტები მის ფენებად დატანას გვირჩევენ. რაკი სრულფასოვანი დაცვისთვის შედარებით დიდი ოდენობაა საჭირო, ერთბაშად წასმა ხშირად ძნელია. უფრო პრაქტიკულია კრემის ორ ეტაპად წასმა: ჯერ ერთი ფენა წაისვით და რამდენიმე წუთი დაიცადეთ, რომ კანზე კარგად გადანაწილდეს, მერე კი მეორე ფენა გადაისვით.

მნიშვნელოვანია, კრემის წასმისას არ გამოგრჩეთ სხეულის ის უბნები, რომლებიც სახისა და მკლავების მიღმა რჩება. დერმატოლოგები განსაკუთრებულ აქცენტს სვამენ ბრმა ზონებზე, სადაც კანი თანაბრად მოწყვლადია:

  • ყურები და ყურების უკანა ნაწილი;
  • ტუჩები;
  • თავის კანი, თმის გაყოფის ხაზი;
  • საცურაო კოსტიუმის კიდეები;
  • მტევნები და ტერფები.

5. განაახლეთ რეგულარულად

მზისგან დამცავი კრემის ეფექტური გამოყენება მხოლოდ ერთხელ წასმას არ ნიშნავს ― დღის განმავლობაში მისი პერიოდული განახლებაც აუცილებელია. ოფლიანობა, ცურვა, პირსახოცით ტანის გამშრალება და კანთან მუდმივი შეხება თანდათან აშორებს კრემს კანის ზედაპირიდან, რის გამოც მისი დამცავი ეფექტი მცირდება. ეს წყალგამძლე ფორმულებსაც ეხება, რადგან არცერთ კრემს არ შეუძლია წყალში დაცვის მუდმივად შენარჩუნება (წყალგამძლე საშუალებები, როგორც წესი, ეფექტურია წყალში ჩასვლიდან მხოლოდ 40-80 წუთის განმავლობაში).

სპეციალისტები გვირჩევენ, მზისგან დამცავი კრემის ფენა, სულ მცირე, ორ საათში ერთხელ განვაახლოთ, ხოლო წყლიდან ამოსვლის, ინტენსიური ფიზიკური აქტივობისა და კანის პირსახოცით შემშრალების შემდეგ მისი აღდგენა დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ინტერვალის გარეშეა აუცილებელი.

6. შეარჩიეთ ფართო სპექტრის დაცვა

მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას მხოლოდ SPF ინდექსის შემოწმება არ არის საკმარისი. ყურადღება მიაქციეთ, რომ პროდუქტი ფართო სპექტრის დაცვას უზრუნველყოფდეს, ესე იგი იცავდეს კანს როგორც UVA, ისე UVB სხივებისგან.

UVB სხივები უმთავრესად კანის დამწვრობაზეა პასუხისმგებელი, ხოლო UVA სხივები კანის ღრმა ფენებში აღწევს და აჩქარებს ნაადრევ დაბერებას: ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენას, ელასტიკურობის დაქვეითებას. გარდა ამისა, ორივე ტიპის გამოსხივება ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

შეფუთვაზე მოყვანილი აღნიშვნები: Bროად შპეცტრუმ, UVA/UVB Pროტეცტიონ, წრეში ჩასმული UVA სიმბოლო ან PA++++ მარკირება (რაც უფრო მეტია პლუსი, მით უფრო ძლიერია დაცვა დაბერების წინააღმდეგ), ― მიუთითებს, რომ კრემი ორივე ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.

7. აირჩიეთ შესაბამისი SPF

მზისგან დამცავი კრემის ეტიკეტზე ყოველთვის არის მითითებული მზისგან დაცვის ფაქტორი ― SPF (Sun Protection Factor). ყველაზე ხშირად გვხვდება კრემი SPF 15, 30, 50 და 50+ ინდექსით. შPF ინდექსი გვიჩვენებს, რამდენად ეფექტურად იცავს პროდუქტი კანს UVB სხივებისგან, რომლებიც უმეტესად დამწვრობას იწვევს.

SPF-ის დახმარებით შესაძლებელია, თეორიულად გამოვთვალოთ, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს მზეზე ყოფნა დამწვრობის გარეშე. გამოთვლა ეფუძნება შემდეგ პრინციპს:

კანის ბუნებრივი დაცვის დრო × SPF = მზეზე ყოფნის მაქსიმალური თეორიული დრო

მაგალითად, თუ თქვენი კანი დამცავის გარეშე მზეზე 10 წუთში წითლდება (იწვება), SPF 30-ის გამოყენებისას ეს დრო 300 წუთამდე (დაახლოებით 5 საათამდე) გაიზრდება.

თუმცა რეალურ პირობებში ეს რიცხვი მხოლოდ პირობითი ორიენტირია. კანის ბუნებრივი (საკუთარი) დაცვის რესურსი ინდივიდუალურია და ფოტოტიპზეა დამოკიდებული. ძალიან ბაცი, მგრძნობიარე კანისთვის ლიმიტი შესაძლოა სულ რაღაც 10 წუთს შეადგენდეს, მუქი ფოტოტიპის კანისთვის კი გაცილებით ხანგრძლივი იყოს. გარდა ამისა, SPF-ის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს ოფლიანობა, ცურვა, პროდუქტის არასაკმარისი რაოდენობით გამოყენება, UV ინდექსი და მზეზე ყოფნის ინტენსივობა, ამიტომ კრემის განახლება არ უნდა დაგვავიწყდეს.

გერმანიის რადიაციული დაცვის ფედერალური ოფისი რეკომენდაციას უწევს, სულ მცირე, 30-ის ტოლი SPF ინდექსის მქონე საშუალებების გამოყენებას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ბაცი კანის მქონე პირებისთვის და ინტენსიური მზის პირობებში, თუმცა არსებობს გეოგრაფიული და კლიმატური ზონები, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივება მკვეთრად აგრესიულია და აუცილებელია SPF 50 ან 50+.

მაგალითად:

  • მაღალმთიანი რეგიონები;
  • თოვლიანი ლანდშაფტები;
  • წყალი;
  • ტროპიკული და ძალიან მზიანი ზონები.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ვერცერთი, თუნდაც ყველაზე მაღალი ინდექსი მზისგან ასპროცენტიან დაცვას ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული მზეზე დიდხანს ყოფნა, განსაკუთრებით ― დღის ყველაზე აქტიურ საათებში. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი კრემის რეგულარული განახლება.

8. დეკორატიული კოსმეტიკა SPF-ს ვერ ცვლის

SPF მარკირების მქონე ტონალური კრემი, BB ბაზა და პუდრი სრულფასოვნად ვერ შეცვლის ბაზისურ მზისგან დამცავს, რადგან მათ სათანადო დოზირებით ფიზიკურად ვერ გამოვიყენებთ. დეკორატიულმა კრემმა ეფექტურად რომ იმოქმედოს, ის სახეზე სქელ ფენად უნდა წავისვათ.

სრულფასოვანი დაცვისთვის რეკომენდებულია ჯერ მზისგან დამცავი კრემის წასმა, მერე კი მაკიაჟის გაკეთება.

9. ყურადღება მიაქციეთ ვარგისობას და შენახვას

ვადაგასული მზისგან დამცავი კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან დროთა განმავლობაში მისი UV ფილტრები ნაკლებად ეფექტური ხდება და კანი სრულფასოვან დაცვას ვეღარ იღებს. ვადაგასულმა პროდუქტმა შესაძლოა შეიცვალოს ტექსტურა, სუნი და სტაბილურობა, რაც კანის გაღიზიანების რისკსაც ზრდის. გარდა ამისა, რამდენიმე კვლევის მიხედვით, ვადაგასულ მზისგან დამცავ საშუალებებში შემავალი ოქტოკრილენი შესაძლოა ნაწილობრივ დაიშალოს პოტენციურად კანცეროგენული თვისებების მქონე ნივთიერებად.

ეფექტურობას სწრაფად კარგავს არასწორად შენახული, მაგალითად, მზეზე ან მაღალ ტემპერატურაზე დატოვებული კრემიც. სასურველია, მზისგან დამცავი საშუალებები ინახებოდეს გრილ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

10. SPF მზისგან დაცვის მხოლოდ ნაწილია

სრულფასოვანი დაცვისთვის SPF საკმარისი არ არის. ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად სასურველია:

  • UV ფილტრებით აღჭურვილი მზის სათვალის ტარება;
  • ფართოფარფლებიანი ქუდის ტარება სახის, ყურებისა და კისრის დასაცავად;
  • ბაცი ფერის, მაგრამ მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილის სამოსის ტარება;
  • ჩრდილში ყოფნა დღის ყველაზე აქტიურ პერიოდში ― დაახლოებით 11:00-დან 16:00 საათამდე, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება ყველაზე ინტენსიურია.

მზისგან დამცავი კრემის გამოყენებასთან ერთად ამ რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს მზით დამწვრობის, ნაადრევი დაბერებისა და კანის დაზიანების რისკს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: