როგორ შევარჩიოთ სამგზავრო ჩემოდანი

Share:

მოგზაურობისას ჩვენი კომფორტი ხშირად ისეთ დეტალებზეა დამოკიდებული, რომლებიც ერთი შეხედვით შესაძლოა უმნიშვნელოც კი მოგვეჩვენოს. მაგალითად, სამგზავრო ჩემოდნის შეუსაბამო ზომამ, არასათანადო გამძლეობამ, მოუხერხებელმა კონსტრუქციამ შესაძლოა მოგზაურობისას არაერთი უსიამოვნო წუთი განგვაცდევინოს.

დღეს ბაზარზე ჩემოდნების ფართო არჩევანია. როგორ შევარჩიოთ მოდელი, რომელიც ზედმიწევნით მიესადაგება ჩვენს მოთხოვნებს?

ჩემოდნის ზომა

ზომის შერჩევისას წასაღები ნივთების მოცულობასთან ერთად გაითვალისწინეთ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები და ავიაკომპანიების მიერ დადგენილი ზომისა და წონის ლიმიტიც. სწორად შერჩეული ზომის ჩემოდანი ადვილი სატარებელია, გვიზოგავს დროს და, ამასთან ერთად, ამცირებს დამატებითი ხარჯების რისკსაც.

პატარა — უკეთესი მობილურობისთვის

თუ თქვენი მოგზაურობა უმეტესად 2-4 დღეს გრძელდება, საუკეთესო გადაწყვეტილებაა მცირე ზომის (შ/ჩაბინ სიზე) ჩემოდანი:

  • სიმაღლე — დაახლოებით 45-55 სმ
  • მოცულობა — დაახლოებით 30-45 ლიტრი

ამ კატეგორიის მოდელების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შეგიძლიათ, თვითმფრინავის სალონშიც აიტანოთ. გარდა იმისა, რომ დაგეზოგებათ დრო — არ მოგიწევთ ბარგის ლოდინი, თავად ბარგის დაკარგვის რისკიც ნაკლები იქნება.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ხელბარგის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 55ხ40ხ20-23 სმ-ს (ბორბლებისა და სახელურის ჩათვლით), თუმცა სხვადასხვა ავიაკომპანიას სხვადასხვა მოთხოვნები აქვს. განსაკუთრებით მკაცრია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოთხოვნები, ამიტომ ბილეთის შეძენამდე მათი გადამოწმება აუცილებელია.

ოქროს შუალედი

საშუალო ზომის (M/Medium) ჩემოდანი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური არჩევანია სტანდარტული შვებულების დროს:

  • სიგრძე — დაახლოებით 60-68 სმ;
  • მოცულობა — დაახლოებით 60-80 ლიტრი.

ამ ზომის ჩემოდანი იდეალურია ხუთ-შვიდდღიანი მოგზაურობისთვის. ის საკმარისად ტევადია ერთი ადამიანის ნივთებისთვის და, იმავდროულად, ადვილია მისით მანევრირება ტრანსპორტში თუ სასტუმროს კიბეზე.

დიდი — ხანგრძლივი და საოჯახო მოგზაურობისთვის

დიდი ჩემოდანი (L/XL) გათვლილია ხანგრძლივი ან ოჯახური მოგზაურობისთვის:

  • სიგრძე — დაახლოებით 70-80 სმ
  • მოცულობა — დაახლოებით 90-120 ლიტრი

გაითვალისწინეთ, რომ დიდი ჩემოდანი სწრაფად აღწევს წონის ლიმიტს (რომელიც, წესისამებრ, 23 კგ-ია). გარდა ამისა, მისი ტრანსპორტირება მეტ ფიზიკურ ძალას მოითხოვს.

ზოგიერთი ავიაკომპანია ბარგის ლიმიტს გარშემოწერილობის მიხედვით ადგენს. მაგალითად, თუ მითითებულია, რომ მაქსიმალური ზომა 158 სმ-ია, ეს ნიშნავს, რომ ჩემოდნის სიმაღლის, სიგანისა და სიღრმის ჯამმა ამ რიცხვს არ უნდა გადააჭარბოს.

გაზომვისას უნდა გაითვალისწინოთ ყველა დეტალი, მათ შორის — ბორბლები და სახელურიც.

გაფართოების ფუნქცია

თანამედროვე ჩემოდნების ერთ-ერთი მთავარი ღირსება გაფართოების შესაძლებლობაა: სპეციალური ელვა-შესაკრავის გახსნით შეგიძლიათ, რამდენიმე სანტიმეტრით გაზარდოთ შიდა სივრცე. ეს ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია მოგზაურობიდან შინ დაბრუნებისას, როცა თან საჩუქრები და სუვენირებიც მოგაქვთ.

რას გვირჩევენ ექსპერტები

სპეციალისტები გვირჩევენ, ავირჩიოთ ის ზომა, რომელიც ნამდვილად გვჭირდება და არა მაქსიმალური. ზომაზე დიდი ჩემოდანი ქვეცნობიერად უბიძგებს ადამიანს, “ყოველი შემთხვევისთვის” ჩაალაგოს ისეთი ნივთებიც, რომლებიც მოგზაურობისას შესაძლოა ერთხელაც არ დასჭირდეს. ბარგის წონა იზრდება, გადაადგილება რთულდება.

***

ბორბლები

სწორედ ბორბლებზეა დამოკიდებული, რამდენად მსუბუქად და დაუბრკოლებლად გადაადგილდებით აეროპორტის ტერმინალებსა თუ ქალაქის ქუჩებში.

უბორბლო ჩემოდანი

პლუსები: მსუბუქია (აკლდება ბორბლებისა და სახელურის მექანიზმის წონა). უფრო გამძლეა, ვიდრე ბორბლებიანი, რადგან არ აქვს მტვრევადი დეტალები. უფრო დიდია მისი შიდა სივრცე.

მინუსები: გიწევთ მთელი სიმძიმის ხელით ტარება, რაც ხანგრძლივი მოგზაურობისას დამღლელი და არაკომფორტულია.

ორბორბლიანი ჩემოდანი

ბორბლები კორპუსშია ჩაშენებული და მხოლოდ ერთი მიმართულებით (წინ ან უკან) მოძრაობს, ამიტომ გადაადგილებისას ჩემოდნის დახრა გიწევთ.

პლუსები: საკმაოდ გამძლეა. ბორბლები კარგად არის დაცული კორპუსით, ამიტომ სატვირთო განყოფილებაში მათი დაზიანების რისკი მინიმალურია. ადვილად გადაადგილდება უსწორმასწორო ზედაპირზე, მაგალითად, ქვაფენილზე, ხრეშზე.

მინუსები: ჩემოდნის დახრისას სიმძიმის ძალა მაჯას აწვება. ნაკლებად მოქნილია და ძნელია მისით მანევრირება, განსაკუთრებით — ვიწრო გასასვლელებში.

ოთხბორბლიანი ჩემოდანი

პლუსები: ბორბლები 360 გრადუსით ბრუნავს, რაც იდეალურია გლუვ ზედაპირზე სასიარულოდ და ხალხმრავალ აეროპორტებში მანევრირებისთვის. სიმძიმე საერთოდ არ იგრძნობა, გადაადგილებისთვის საკმარისია ძალიან მცირე ძალისხმევა.

მინუსები: ბორბლები კორპუსზე გარედან არის დამაგრებული, ამიტომ უფრო ადვილად ტყდება. უჭირს უსწორმასწორო ზედაპირზე (ქვაფენილი, გრუნტი) გადაადგილება. შესაძლოა, თავისით დაგორდეს დახრილ ზედაპირზე ან ტრანსპორტში.

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ბორბლები

საუკეთესოა რეზინისა და პოლიურეთანის ბორბლები. ისინი გამძლე და ნაკლებად ხმაურიანია. ერიდეთ ხისტ, ხმაურიან პლასტმასის ბორბლებს. ისინი სწრაფად იბზარება.

საკისარი არის მექანიზმი, რომელიც ამცირებს ხახუნს ბორბლის შიგნით, უზრუნველყოფს რბილ, უხმაურო მოძრაობას და კომფორტთან ერთად ბორბლის სიცოცხლისუნარიანობასაც ზრდის.

ოთხბორბლიანი ჩემოდნის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ წყვილბორბლიან მოდელებს — ისეთებს, რომლებსაც თითოეულ კუთხეში ორ-ორი ბორბალი აქვს. ასეთი ბორბლები ბევრად უფრო სტაბილურია და უკეთ ანაწილებს სიმძიმეს.

დააკვირდით კორპუსზე ბორბლების დამაგრებას. ხარისხიან მოდელებში ბორბლები დამაგრებულია ფოლადის ჭანჭიკებით და არა პლასტმასის მოქლონებით, დამატებით კი დაცულია სპეციალური ბუდით, რაც ამცირებს მათი დაზიანების რისკს.

მაღაზიაში აუცილებლად გაატარ-გამოატარეთ ჩემოდანი, ატრიალეთ 360 გრადუსით, სცადეთ მოხვევა და გაჩერება. ბორბლები უნდა ბრუნავდეს შეუფერხებლად და თითქმის უხმოდ.

ხარისხიან ჩემოდნებს ბორბლები ხშირად ეცვლება, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ჩემოდნით სარგებლობის ვადას.

რას გვირჩევენ ექსპერტები

თუ თქვენთვის კომფორტია მთავარი, არჩევანი ოთხბორბლიან მოდელზე შეაჩერეთ. თუ გამძლეობა უფრო მნიშვნელოვანია, თანაც ხშირად გიწევთ უსწორმასწორო ზედაპირზე, მაგალითად, ქვაფენილზე გადაადგილება, ორბორბლიანი ჩემოდანი უფრო პრაქტიკული არჩევანია.

***

შიდა სივრცე

კარგად ორგანიზებული შიდა სივრცე არა მხოლოდ კომფორტს გვჩუქნის, არამედ საიმედოდაც იცავს ნივთებს.

ჩემოდნის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ:

ფიქსაციის სისტემასა და ღვედებს. ჯვარედინი ღვედები ყველაზე გავრცელებულია, თუმცა ნივთებს უმეტესად მხოლოდ ცენტრში აკავებს, პრემიუმ კლასის ბრენდები კი ფართო, პანელური ღვედებით არის აღჭურვილი, რომლებიც უკეთ აფიქსირებს ნივთებს მთელ ზედაპირზე, მაქსიმალურად უშლის ხელს მათ გადაადგილებასა და დაჭმუჭნას. აუცილებლად შეამოწმეთ ბალთებიც — კარგად უნდა იკეტებოდეს და დაჭიმვისას არ სრიალებდეს.

გამყოფ პანელებს. შიდა გამყოფები ჩემოდნის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული დეტალია. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭუჭყიანი ტანსაცმლის განყოფილება. ის ხშირად წყალგამძლე მასალისგან არის დამზადებული, რაც ჰიგიენური გადაწყვეტილებაა ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. ბევრ მოდელს აქვს ფეხსაცმლის სპეციალური სათავსიც, რომელიც დაბინძურებისგან იცავს ტანსაცმელს.

ჯიბეებს. ხარისხიან მოდელებს სხვადასხვა ზომის დამატებითი ჯიბეები აქვს მედიკამენტების, სამკაულებისა თუ ელექტრონული აქსესუარებისთვის (მაგალითად, დამტენისთვის). ეს საგრძნობლად აადვილებს ნივთების ორგანიზებასა და პოვნას.

სარჩულის ქსოვილს. ის უნდა იყოს მტკიცე და გამძლე. ხარისხიანი ჩემოდნის სარჩულს ხშირად აქვს ელვა შესაკრავი. საჭიროების შემთხვევაში ის შეგვიძლია მოვხსნათ, რათა ადვილად გავწმინდოთ ან შევაკეთოთ შიდა კონსტრუქცია (ბორბლები, სახელურის მექანიზმი), რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთ მოდელებში, რომელთა სარჩულიც კორპუსზე პირდაპირ არის მიმაგრებული.

***

მასალა

მასალა მნიშვნელოვანია, რადგან უდიდესწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული ჩემოდნის წონა, გამძლეობა, მოქნილობა და ნივთების დაცვის ხარისხი.

თანამედროვე ბაზარზე უმთავრესად ორი ტიპის ჩემოდნები გვხვდება: მყარი და რბილი.

მყარი კორპუსი

მყარი ჩემოდანი საუკეთესოდ იცავს ნივთებს და იდეალურია წვიმიან ამინდში სატარებლად.

პოლიკარბონატი (PC/ Polycarbonate) ყველაზე პოპულარული მასალაა პრემიუმ კატეგორიის ბრენდებში. ის გამძლე და ელასტიკურია — დარტყმისას იზნიქება და მყისვე უბრუნდება პირვანდელ ფორმას, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს გატეხვის რისკი. ძალიან მსუბუქია, თუმცა ადვილად იკაწრება. შედარებით ძვირია.

პოლიპროპილენი (PP/ Polypropylene) საოცრად გამძლეა, მაგრამ უფრო ხისტია, ვიდრე პოლიკარბონატი. საუკეთესოდ უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებსა და ქიმიურ ზემოქმედებას. მისი თანამედროვე ვარიაცია, Curv (დაწნული პოლიპროპილენი), ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ და გამძლე მასალად მიიჩნევა პრემიუმ სეგმენტში.

ABS ყველაზე გავრცელებული ბიუჯეტური მასალაა. მსუბუქია, გამოირჩევა ნაკაწრებისადმი მდგრადობით, მაგრამ ნაკლებად მოქნილია და ძლიერი დარტყმისას შესაძლოა გაიბზაროს ან გატყდეს.

ალუმინი პრემიუმ კლასის მასალაა. გამოირჩევა მაქსიმალური გამძლეობით, მაგრამ ძალიან მძიმეა და თანაც ძვირი. ადვილად იკაწრება. მას უმთავრესად ძვირფასი ნივთების გადასატანად იყენებენ.

შესაძლოა, შეგხვდეთ ჰიბრიდული მოდელებიც. მაგალითად, PC/ABS პოლიკარბონატისა და ABS-ის ნარევია. ჰიბრიდული მოდელები აერთიანებს ორივე მასალის უპირატესობებს, რაც მოქნილობასა და დაცვას უზრუნველყოფს.

რბილი კორპუსი

რბილი ჩემოდნები, როგორც წესი, ნეილონისგან ან პოლიესტერისგან მზადდება. ნეილონი უფრო გამძლეა. ის ადვილად არ იხევა და უკეთ უძლებს ცვეთას. პოლიესტერი უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ ნაკლებად გამძლე.

რბილი ჩემოდანი მყარზე გაცილებით მსუბუქი და მოქნილია. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ აღჭურვილია გარე ჯიბეებით და გზაში საჭირო ნივთების საძებნელად ბარგის გახსნა აღარ გვიწევს.

რაც შეეხება ნაკლოვანებებს:

* რბილი ქსოვილი, ბუნებრივია, ისე ვერ უძლებს დიდ დატვირთვას, როგორც მყარი მასალა და უხეში მოპყრობის შედეგად ადვილად იხევა.

* ძნელად ირეცხება და დროთა განმავლობაში ზედ ლაქები და ჭუჭყი გროვდება.

* ფაქიზი ნივთები რყევისას ნაკლებად დაცულია, ვიდრე მყარი მასალის ჩემოდანში.

* წვიმაში ნაკლებად საიმედოა.

როგორ განვასხვაოთ

მხოლოდ ვიზუალური შეფასებით ჩემოდნის მასალის 100%-იანი სიზუსტით ამოცნობა ძნელია. ყველაზე სანდო გზა ეტიკეტის ან ტექნიკური პასპორტის გადამოწმებაა, სადაც, როგორც წესი, მითითებულია მასალის შემადგენლობა.

ვიზუალური ნიშნები ორიენტირებისთვის

ABS ძალიან მყარია და ხელის დაჭერისას თითქმის არ იზნიქება. აქვს წერტილოვანი ან მარცვლოვანი ფაქტურა. პრიალაა, როგორც ყოველგვარი პლასტმასა.

პოლიკარბონატის ზედაპირი გლუვი ან ოდნავ პრიალაა. თუ ჩემოდნის კუთხეს ძლიერად დააწვებით, ადვილად ჩაიზნიქება, მაგრამ მალევე დაიბრუნებს ფორმას. ხშირად უფრო მსუბუქია, ვიდრე იმავე ზომის ABS.

პოლიპროპილენს უმეტესად აქვს გლუვი, ოდნავ ცვილისმაგვარი ზედაპირი, ხაზოვანი დიზაინი. ფერები მკვეთრი და მსუყეა, რადგან პიგმენტი თავად მასალაშია შერეული და არა ზემოდან გადასმული. პოლიკარბონატზე ხისტია, მაგრამ ABS-ზე მოქნილი. შეხებისას უფრო მტკიცე და უხეშია, ვიდრე პოლიკარბონატი.

გაითვალისწინეთ, რომ ჩამოთვლილი კრიტერიუმები საორიენტაციოა — ცალკეული მოდელებისთვის ისინი შესაძლოა ოდნავ განსხვავებული იყოს.

რა არის TSA საკეტი

მოგზაურობისას ბარგის უსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს პატარა წითელი ალმასის ფორმის ლოგოტიპი ჩემოდნის საკეტზე.

TSA (Transport Security Administration) არის სპეციალური სისტემა, რომელიც შექმნილია აეროპორტების უსაფრთხოების კონტროლის გასამარტივებლად.

ციფრულ კოდთან ერთად TSA საკეტს აქვს სპეციალური გასაღების ჭრილიც. გასაღები, რომელიც ამ საკეტს აღებს, მხოლოდ აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლების განკარგულებაშია. თუ ბარგის შემოწმება გახდა საჭირო, საკეტს სწორედ ამ გასაღებით აღებენ, ამოწმებენ და შემდეგ კვლავ კეტავენ ისე, რომ არც საკეტი და არც ელვა შესაკრავი არ ზიანდება.

თუ ჩემოდანი ჩვეულებრივი საკეტით არის ჩაკეტილი და უსაფრთხოების სამსახურს ბარგში ჩახედვა დასჭირდა, მას აქვს კანონიერი უფლება, გატეხოს საკეტი ან გაჭრას ელვა შესაკრავი. შედეგად ბარგი დაუცველი რჩება, ჩემოდანი — უიმედოდ გაფუჭებული, ავიაკომპანია და აეროპორტი კი ზარალზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

თუ ჩემოდანს TSA საკეტი არ აქვს, შეგიძლიათ, ცალკე შეიძინოთ TSA ბოქლომი, რომელიც ელვა შესაკრავის თავებზე მაგრდება და იმავე პრინციპით მუშაობს.

ზოგიერთ TSA საკეტს აქვს პატარა ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს, იყო თუ არა ჩემოდანი გახსნილი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, თუმცა ეს ფუნქცია ყველა მოდელს არ გააჩნია.

TSA სტანდარტს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან აშშ-ში, კანადაში, იაპონიასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მოგზაურობისას, სადაც უსაფრთხოების კონტროლი ძალიან მკაცრია.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: