ნანა კვირკველია: ნევროლოგია მედიცინის მათემატიკაა
Share:
― პროფესია ყოველთვის არ არის პირადი არჩევანი ― ხშირად ის თაობათა გამოცდილებისა და ოჯახური მეხსიერების გამოძახილია, ― ამბობს ჩემი რესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა კვირკველია. მართლაც, მის პირად თუ პროფესიულ ცხოვრებას, გატაცებებსა და ინტერესებს, ცოდნის მუდმივი ძიების წყურვილს ლაიტმოტივად გასდევს ოჯახური ტრადიციები.
ბრძოლა განათლების უფლებისთვის
ქალბატონი ნანა პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეირომიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს ნერვკუნთოვან დაავადებათა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის ნევროლოგთა აკადემიისა და მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაციის წევრია.
― გავიზარდე გეოლოგების ოჯახში, რომლის ისტორია 1937 წლის რეპრესიების კვალს ატარებს. ამ მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი წინაპრების ბედი და ირიბად განსაზღვრა ჩემი მომავალიც. ბაბუაჩემი ბიოლოგიური ტექნიკუმის დირექტორი გახლდათ. გამოსაშვებ საღამოზე სტალინის შესახებ გამოთქმული კრიტიკული რეპლიკის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. ამ ამბის შემდეგ ოჯახს ხალხის მტრის იარლიყი მიეკერა. ბებია, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის კათედრის პროფესორი, სამსახურიდან გაათავისუფლეს როგორც “მავნებლის ცოლი”.
მამამ სკოლა 15 წლის ასაკში წარმატებით დაამთავრა. იმ დროს ფრიადოსნებს უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ იღებდნენ და მამა, როგორც ფრიადოსანი, ორჯერ ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ ბებიამ ორივეჯერ გამოიტანა მისი საბუთები. ზუსტი მიზეზი ჩემთვის უცნობია, რადგან ბებიას ამ თემაზე საუბარი არ უყვარდა.
საბოლოოდ მამამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე შეაჩერა არჩევანი, მიუხედავად არაერთი ბარიერისა, შეძლო ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელება და გეოლოგი გახდა. მედიცინისადმი ინტერესი კი მას მთელი სიცოცხლე გაჰყვა და მოგვიანებით ჩემს პროფესიულ არჩევანზეც აისახა.
ნევროლოგიის შესახებ
― მიმაჩნია, რომ ნევროლოგია მედიცინის მათემატიკაა ― მეცნიერება, სადაც გზების ძიება მკაცრ ლოგიკას მიჰყვება, სადაც ყოველი სიმპტომი განტოლების ცვლადია.
ექიმად ჩემს ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტმა, რომელიც დღემდე ნევროლოგთა სამჭედლოდ მიმაჩნია. ნეირომიოლოგიის მიმართულება რომ ავირჩიე, ქალბატონი ნათელა ბარათაშვილის ― ცნობილი ნევროლოგის, საქართველოში ნერვკუნთოვან დაავადებათა შესწავლის ფუძემდებლის დამსახურებაა. დღემდე მეამაყება, რომ მოვხვდი ნევროლოგიის კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც იმ დროს ლეგენდარული ნევროლოგი, ბატონი პეტრე სარაჯიშვილი ხელმძღვანელობდა.
ექიმის დილემა
― მადლიერება, რომელსაც განკურნებული ან გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მქონე პაციენტი გამოხატავს, ყველაზე გულწრფელი აღიარებაა იმ შრომისა, რომელსაც ექიმი ეწევა. ალბათ, სწორედ ეს არის ჩემი პროფესიის მთავარი ხიბლი.
თუმცა მედიცინა ყოვლისშემძლე არ არის. უმძიმესი ემოციური გამოწვევაა ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც დაავადება უკურნებელია და თანამედროვე სამედიცინო ცოდნა უძლურია მის წინაშე. ასეთ დროს დილემის წინაშე ვდგებით: როგორ მივაწოდოთ პაციენტს ინფორმაცია იმგვარად, რომ არც ცრუ იმედი მივცეთ და არც სასოწარკვეთილებაში ჩავაგდოთ.
მრავალ ქვეყანაში მიღებულია დიაგნოზის შესახებ დაუფარავი ინფორმაციის მიწოდება. პაციენტს, რომელსაც ძნელად განკურნებადი დაავადება აქვს, დეტალურად აცნობენ პროგნოზს და ურჩევენ, დარჩენილი დრო რაციონალურად გამოიყენოს ― დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები, მოაგვაროს იურიდიული საკითხები. მე ასეთი რადიკალური სიმართლის თქმა მიჭირს. მსგავს შემთხვევებში ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან საუბარს ვამჯობინებ. ინტერნეტის წყალობით ინოვაციურ მეთოდებზე ინფორმაცია დღეს საყოველთაოდ ხელმისაწვდომია და ხშირად პაციენტები თავად ითხოვენ ალტერნატიულ მკურნალობას საზღვარგარეთ. ამ დროს ვცდილობ, ვიყო ობიექტური მრჩეველი, პაციენტსა და მის ოჯახს რეალისტური მოლოდინები შევუქმნა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარო.
ჩემთვის ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის; ეს მნიშვნელოვანი მისიაა. თუ პაციენტსა და მკურნალს შორის სულიერი თანხვედრა არ შედგა, ნდობა არ გაჩნდა, მიზანი მიუღწეველი დარჩება. ამ კავშირის გარეშე მკურნალობის პროცესი ფორმალური და არაეფექტიანია.
სიმშვიდისა და ენერგიის წყარო
― განტვირთვის საუკეთესო საშუალება ჩემთვის ისევ და ისევ მუშაობა და ოჯახური გარემოა.
ვაღიარებ, რომ ბევრად უკეთესი ბებია ვარ, ვიდრე დედა. შვილის აღზრდაში დედა და დედამთილი მეხმარებოდნენ, შვილიშვილების ცხოვრებაში კი უფრო მეტად ვარ ჩართული.
ჩემს ოჯახში განათლება ყოველთვის პრიორიტეტი იყო. ალბათ, განათლების წყურვილი ჩვენი საგვარეულოს გენეტიკურ კოდში დევს.
ფუნდამენტური ღირებულებები
― მთავარ ფასეულობად ერთგულება მიმაჩნია - ოჯახის, მეგობრების, კოლეგების და, საერთოდ, გარშემო მყოფთა მიმართ. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ როგორც ყოფით, ისე პროფესიულ საქმიანობაში ბავშვობის მეგობრები დღემდე ჩემ გვერდით არიან. პროფესიული საქმიანობის მიღმა ჩემი სამყარო მუსიკითა და ლიტერატურით არის შევსებული. მჯერა, რომ ზოგადი განათლება, კულტურისა და ხელოვნების აღქმის უნარი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ნებისმიერი წარმატებული კარიერა უნდა აშენდეს.
დღეს ბევრი რამ შეიცვალა ― ცოცხალი ურთიერთობები ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა, მაგრამ პროგრესს ფეხი რომ ავუწყოთ, მრავალმხრივი განათლებაა საჭირო. მაგალითად, წიგნთან ურთიერთობა სულ სხვა შესაძლებლობებს სძენს ადამიანს. მინდა, ახალგაზრდებს ესმოდეთ: ექიმი იქნები თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ბაზისური ჰუმანიტარული განათლების გარეშე პიროვნული სრულყოფა შეუძლებელია.
თამარ ციბალაშვილი







