როგორ დავიწყოთ სირბილი - რეკომენდაციები ახალბედებს
Share:
გსურთ, აიმაღლოთ განწყობა, დაიკლოთ წონა ან უბრალოდ გაზარდოთ თქვენი სხეულის ფიზიკური გამძლეობა? ― ჩაიცვით სპორტული ფეხსაცმელი და გადით გარეთ.
სირბილი ერთ-ერთი უნივერსალური ფიზიკური აქტივობაა, რომელიც არ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას და თითქმის ყოველგვარ გარემოში შეიძლება შესრულდეს. ის აერთიანებს აერობულ და ანაერობულ დატვირთვას და მრავალმხრივ გავლენას ახდენს ორგანიზმის სისტემათა ფუნქციობაზე.
სირბილი სწორ ტექნიკას, დატვირთვის გონივრულ განაწილებასა და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, განსაკუთრებით ― დამწყებთათვის.
ჯანმრთელობის ბენეფიტები
აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
რეგულარული სირბილი აძლიერებს გულის კუნთს და აუმჯობესებს გულის მუშაობას; ზრდის გულის გამძლეობას და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას. შესაბამისად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ― ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის, რისკს.
ააქტიურებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის კონტროლს
სირბილი ეფექტურად წვავს კალორიებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ინტენსიური სირბილის შემდეგ ორგანიზმი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში აგრძელებს კალორიების აქტიურ წვას აღდგენითი პროცესებისთვის, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის შემცირებას. გარდა ამისა, რეგულარული სირბილი აუმჯობესებს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტი ტიპი 2–ის პრევენციისთვის.
აუმჯობესებს სუნთქვას
სირბილის დროს სუნთქვა უფრო ღრმა და ინტენსიურია, ვიდრე ჩვეულებრივი სიარულის დროს, ღრმა სუნთქვა კი ზრდის ფილტვების ტევადობას და აუმჯობესებს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას, რაც სხეულის გამძლეობის მატებას უწყობს ხელს.
აძლიერებს კუნთოვან და ძვლოვან სისტემას
სირბილი აძლიერებს ქვედა კიდურების კუნთებს, დარტყმითი მოძრაობები ასტიმულირებს ძვლების რემოდელირებას, რის შედეგადაც იზრდება ძვლების სიმკვრივე და გამძლეობა.
აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას
აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც დადებითად აისახება კონცენტრაციაზე, მეხსიერებასა და კოგნიტიურ ფუნქციებზე. მიიჩნევა, რომ აერობული ვარჯიში ხელს უწყობს ახალი ნეირონების წარმოქმნას ჰიპოკამპში ― ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მეხსიერებასა და სწავლაზეა პასუხისმგებელი.
ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს კარგ ფსიქიკურ ჯანმრთელობას
სირბილი ააქტიურებს ენდორფინების ― ე.წ. ბედნიერების ჰორმონების ― გამოყოფას და ამცირებს კორტიზოლის დონეს, რაც გვეხმარება სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებთან ბრძოლაში.
ეხმარება იმუნურ სისტემას
ზომიერი ინტენსივობის სირბილი ასტიმულირებს იმუნურ პასუხს, შესაბამისად, ამცირებს ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს.
აუმჯობესებს ძილის ხარისხს
რეგულარული სირბილი ხელს უწყობს ძილის ციკლის რეგულაციას და ამაღლებს მის ხარისხს.
სირბილის ტიპები
ინტენსივობისა და მიზნის მიხედვით გამოყოფენ სირბილის რამდენიმე ტიპს. იმისთვის, რომ ვარჯიში შედეგიანი იყოს, მნიშვნელოვანია, ზუსტად განსაზღვროთ თქვენი მოტივაცია და შეარჩიოთ სათანადო დატვირთვა.
* ძუნძული ― ზომიერი ინტენსივობის სირბილი, რომლის დროსაც შესაძლებელია საუბრის ზომიერი ტემპის შენარჩუნება
მიზანი: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების გაძლიერება, ენერგეტიკული ბალანსის დიდხანს შენარჩუნება, საერთო ფიზიკური დონის გაუმჯობესება
* გამძლეობაზე ორიენტირებული სირბილი ― ხანგრძლივი სირბილი სტაბილური ტემპით
მიზანი: ფიზიკური და მენტალური გამძლეობის გაზრდა, ენერგიის ეფექტური გამოყენება, ცხიმების წვა
* ინტერვალური სირბილი ― მაღალი და დაბალი ინტენსივობის მონაკვეთების მონაცვლეობა (მაგალითად, სწრაფი სირბილი + სიარული ან ნელი სირბილი).
მიზანი: სისწრაფის, გამძლეობისა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესება
* სპრინტი ― მოკლე დისტანციაზე მაქსიმალური სისწრაფით სირბილი
მიზანი: ძალისა და სისწრაფის განვითარება, ანაერობული შესაძლებლობების გაზრდა
* აღმართზე სირბილი ― აქ მთავარია არა სიჩქარე, არამედ დატვირთვის ინტენსივობა. მოკლე აღმართებზე ვარჩევთ შედარებით სწრაფ, მაგრამ კონტროლირებად ტემპს, ხოლო გრძელზე ― სტაბილურად ნელ ტემპს ან სწრაფ სიარულს.
მიზანი: ქვედა კიდურების კუნთების გაძლიერება, ძალისა და სისწრაფის განვითარება
* ტრაილ–სირბილი (Trail running) ― ბუნებაში, არათანაბარ ზედაპირზე (ტყე, მთა, ბილიკი) კომფორტული ტემპით სირბილი.
მიზანი: კოორდინაციის გაუმჯობესება, სტაბილიზატორი კუნთების ჩართვა და ფსიქოლოგიური განტვირთვა
* სირბილი წონის დასაკლებად ― ეფექტურია როგორც ზომიერი ინტენსივობის ხანგრძლივი, ისე ინტერვალურიც
მიზანი: მეტაბოლიზმის სტიმულირება, კალორიების მაქსიმალური ხარჯვა და ცხიმოვანი მასის შემცირება
საჭიროა თუ არა ჯანმრთელობის შემოწმება სირბილის დაწყებამდე?
თუ ხართ ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ფიზიკურად უკვე აქტიური, მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის სირბილი თქვენთვის სახიფათო არ უნდა იყოს. ჯანმრთელობის შემოწმება რეკომენდებულია, თუ:
- სულ მცირე, ერთი წელია არ გივარჯიშიათ;
- გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან მათი რისკფაქტორები, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა;
- გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება;
- უჩივით ტკივილს გულმკერდის არეში, ქოშინს, თავბრუხვევას ან გულის რიტმის დარღვევას ფიზიკური დატვირთვისას;
- ხართ 40 წელს გადაცილებული და არასოდეს გივარჯიშიათ;
- გაწუხებთ სახსრების ან ძვლების პრობლემები.
შესაფერისი ეკიპირება
ვარჯიშის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც არის დამოკიდებულია. სწორად შერჩეული ეკიპირება მხოლოდ კომფორტს კი არ უზრუნველყოფს, არამედ სხეულის ტემპერატურის რეგულაციისა და ტრავმების პრევენციისთვისაც მნიშვნელოვანია.
ტანსაცმელი უნდა იყოს მსუბუქი, ელასტიკური და კარგად მორგებული. ერიდეთ ბამბას (ის სველდება და მძიმდება). არჩევანი შეაჩერეთ ისეთ ქსოვილზე, რომელიც ოფლს შთანთქავს, სწრაფად შრება და უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას (პოლიესტერი, ელასტანი, მერინოს მატყლი).
სიცივეში უმჯობესია ფენებად ჩაიცვათ, რათა გახურების შემდეგ ადვილად გაიხადოთ ზედმეტი ფენა.
კომპრესიული ლეგინსები და წინდები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კუნთების ფიქსაციას, რაც ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.
ფეხსაცმლის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ამორტიზაციაა. ის შთანთქავს და ანაწილებს დარტყმით ძალას, რომელიც ტერფის მიწაზე დადგმისას წარმოიქმნება. კარგი ამორტიზაცია საგრძნობლად ამცირებს მუხლების, თეძოებისა და ხერხემლის დატვირთვას და მინიმუმამდე დაჰყავს ტრავმის რისკი.
ფეხსაცმელი სარბენ ზედაპირსაც უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, თუ მიწაზე დარბიხართ, უმჯობესია, ფეხსაცმელს ჰქონდეს ნაკლები ამორტიზაცია და მჭიდროდ რელიეფური ძირი, ხოლო ასფალტზე ― კარგი ამორტიზაცია და ნაკლებად რელიეფური ძირი.
სარბენი ფეხსაცმელი უმჯობესია ჩვეულებრივზე ნახევარი ან ერთი ზომით დიდი იყოს.
დამატებითი დეტალები:
* ამრეკლი დეტალები უსაფრთხოებისთვის ― თუ საღამოობით დარბიხართ, კარგი იქნება, თქვენი სამოსი შორიდანვე შესამჩნევი იყოს მძღოლებისთვის;
* სპეციალური სარბენი წინდები ― ამცირებს კოჟრებისა და ბებერების გაჩენის რისკს;
* ქუდი/კეპი ― მზისგან დასაცავად.
რამდენად მნიშვნელოვანია გახურება/გაწელვა?
გახურება და გაწელვა სირბილის პროგრამის განუყოფელი ნაწილებია.
სირბილი ყოველთვის უნდა დაიწყოს 5–10–წუთიანი მსუბუქი აქტივობით ― ნელი სირბილით, მარტივი ტანვარჯიშით, დინამიკური გაჭიმვებით. მოთელვა ახურებს და დატვირთვისთვის ამზადებს კუნთებსა და სახსრებს, ზრდის კუნთების ელასტიკურობას და მნიშვნელოვნად ამცირებს ტრავმების რისკს.
სირბილის შემდეგ რეკომენდებულია სტატიკური გაჭიმვითი ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, ამცირებს დაჭიმულობასა და შებოჭილობას, ზრდის მოქნილობას, თავიდან გვაცილებს კუნთების ტკივილს.
როგორი ტემპით დავიწყოთ სირბილი?
საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია ისეთი ტემპის შერჩევა, რომელიც არ დაგღლით. კარგი ინდიკატორია ე.წ. საუბრის ტესტი: სირბილის დროს უნდა შეძლოთ თავისუფლად საუბარი და სუნთქვა, სასურველია, ცხვირით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
სიჩქარეზე კონცენტრირების ნაცვლად რეკომენდებულია სირბილისა და სიარულის მონაცვლეობა. მაგალითად, 2 წუთი ძუნძული, 1 წუთი სიარული, ისევ 2 წუთი ძუნძული და ასე შემდეგ. ინტერვალების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და მორგებულია ფიზიკურ მომზადებას.
მნიშვნელოვანია დატვირთვის ნელი, ეტაპობრივი ზრდა, რადგან ორგანიზმს, განსაკუთრებით ― მყესებს, იოგებს, კუნთებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას, გაზრდილ დატვირთვასთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.
რამდენ ხანს ვირბინოთ?
ნუ ეცდებით პირველივე დღეს რეკორდის მოხსნას. დაიწყეთ მცირე დისტანციებით. საწყის ეტაპზე ოპტიმალურია 15–20 წუთი სირბილი კვირაში 3–4-ჯერ.
დაიცავით ე.წ 10%-ის პრინციპი: ვარჯიშის ხანგრძლივობა და ინტენსივობა კვირაში დაახლოებით 10%-ით უნდა იზრდებოდეს. ეს მიდგომა ამცირებს კუნთებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადატვირთვისა და დაზიანების რისკს.
რომელი ტექნიკაა სწორი?
სირბილი ბუნებრივი მოძრაობაა და მკაცრად განსაზღვრულ ტექნიკას არ მოითხოვს, ტექნიკა ინდივიდუალურად მორგებული და კომფორტული უნდა იყოს, თუმცა სირბილის ტიპის მიხედვით იცვლება მისი ესა თუ ის ელემენტი, მაგალითად:
ზომიერი ტემპით სირბილის დროს უმეტესობა ბუნებრივად ეყრდნობა ტერფის შუა ნაწილს ან ქუსლს და მოკლე ნაბიჯებით გადაადგილდება, რაც სავსებით მისაღებია. თუ ამ დროს ტკივილს ან დისკომფორტს ვერ გრძნობთ, ესე იგი თქვენი სხეულისთვის ეს ბუნებრივი და მართებული პოზიციაა.
სწრაფი სირბილის დროს ნაბიჯი უფრო გრძელი და დინამიკური უნდა იყოს, ხოლო მაღალი ინტენსივობის დატვირთვის, მაგალითად, სპრინტის შემთხვევაში მიზანშეწონილია დაყრდნობა ტერფის წინა ნაწილზე და ხელებით აქტიური ბალანსირება.
მნიშვნელოვანია სხეულის პოზიციაც. თავი ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა იყოს ― არც წინ დახრილი და არც უკან გადაგდებული; მზერა ― წინ, დაახლოებით 10–15 მეტრზე მიმართული (ეს ხელს შეუწყობს სწორი პოზიციისა და ბალანსის შენარჩუნებას), კორპუსი ― ოდნავ წინ დახრილი (10 გრადუსზე ნაკლები კუთხით), ოღონდ არა წელიდან, არამედ კოჭებიდან. კოჭები, მუხლები და თეძოები სწორ ხაზს უნდა ქმნიდეს. კორპუსის სწორად დაკავება ამცირებს ხერხემლისა და მუხლების დატვირთვას. მხრები უნდა იყოს მოდუნებული (ნუ აზიდავთ მაღლა), ხელები ― იდაყვებში მოხრილი (დაახლოებით 90-გრადუსიანი კუთხით) და სხეულის პარალელურად მოძრაობდეს. ერიდეთ მათ მკერდთან გადაჯვარედინებას ― მალე დაიღლებით.
რაც უფრო მსუბუქად და უხმაუროდ ეხება ტერფი მიწას, მით უფრო ნაკლებია სახსრების დატვირთვა.
სუნთქვა უნდა იყოს რიტმული და ღრმა.
რამდენი დრო დავუთმოთ აღდგენას?
გახსოვდეთ ოქროს წესი: პროგრესი მიიღწევა არა სირბილის დროს, არამედ დასვენების ფაზაში, ამიტომ აღდგენისთვის გამოყოფილი დრო ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ვარჯიში.
აღდგენის ხანგრძლივობა სირბილის ინტენსივობასა და ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული.
ძუნძული ყოველდღეც შეიძლება, თუ უკვე კარგი ფიზიკური მომზადება გაქვთ. ახალბედებს ყოველდღიურ სირბილს არ ურჩევენ, რადგან ორგანიზმს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება.
ზომიერი ინტენსივობის სირბილის შემდეგ აღსადგენად დაახლოებით 24–48 საათია საჭირო. მაღალი ინტენსივობის სირბილის შემდეგ აღდგენის ხანგრძლივობა შესაძლოა 48–72 საათი და მეტიც იყოს.
10–კვირიანი სავარჯიშო გეგმა დამწყებთათვის
სირბილის გეგმა დაგეხმარებათ, ნაბიჯ-ნაბიჯ გაზარდოთ ფიზიკური დატვირთვა, უსაფრთხოდ განივითაროთ უწყვეტი სირბილის უნარი და მინიმუმამდე დაიყვანოთ ტრავმების რისკი.
|
კვირა |
სირბილის დღეები |
ტექნიკა |
დრო |
|
1 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
იარეთ სწრაფად, ხელები სხეულის პარალელურად ამოძრავეთ |
25-30 წუთი |
|
2 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
1 წუთი სირბილი 1 წუთი სიარული მონაცვლეობით (10-ჯერ) |
20 წუთი |
|
3 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
1 წუთი სირბილი 1 წუთი სიარული მონაცვლეობით (12-ჯერ) |
24 წუთი |
|
4 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
1 წუთი სირბილი 1 წუთი სიარული მონაცვლეობით (15-ჯერ) |
30 წუთი |
|
5 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
2 წუთი სირბილი 1 წუთი სიარული მონაცვლეობით (10-ჯერ) |
30 წუთი |
|
6 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
3 წუთი სირბილი 1 წუთი სიარული მონაცვლეობით (8-ჯერ) |
32 წუთი |
|
7 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
5 წუთი სირბილი 2 წუთი სიარული მონაცვლეობით (5-ჯერ) |
35 წუთი |
|
8 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
8 წუთი სირბილი 2 წუთი სიარული მონაცვლეობით (4-ჯერ) |
40 წუთი |
|
9 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
12 წუთი სირბილი 3 წუთი სიარული მონაცვლეობით (3-ჯერ) |
45 წუთი |
|
10 |
ორშ/ოთხ/შაბ. |
15 წუთი სირბილი 3 წუთი სიარული მონაცვლეობით (3-ჯერ) |
45 წუთი |
მთავარი რეკომენდაციები
* გახურება: 5–10 წუთი (სიარული ან მსუბუქი სირბილი)
* გაწელვა: სირბილის შემდეგ
* დასვენება: სულ მცირე, ერთი დღე ვარჯიშებს შორის
* დატვირთვის კონტროლი: პროგრესი უნდა იყოს ეტაპობრივი, არა სწრაფი
* თვითკონტროლი: თუ ტკივილი ან უჩვეულო დისკომფორტი იგრძენით, დაუყოვნებლივ შეამცირეთ დატვირთვა
იმისთვის, რომ უკეთ აკონტროლოთ ვარჯიშის შედეგი: რამდენ კალორიას წვავთ, რა მანძილს გადიხართ და რამდენ ხანში, ― დაიხმარეთ თანამედროვე ტექნოლოგიები. GPS-ით აღჭურვილი სარბენი საათი, კალორიების მრიცხველი და გულისცემის მონიტორი საშუალებას მოგცემთ, ზუსტად შეაფასოთ პროგრესი.
ჯილდა გაჩეჩილაძე







