მაინდფულნესი ― გზა შინაგანი კეთილდღეობისაკენ

Share:

თანამედროვე ცხოვრების სწრაფმა ტემპმა დღის წესრიგში დააყენა ისეთი ფსიქიკური გამოწვევები, როგორიცაა ქრონიკული სტრესი, შფოთვა, დეპრესიული განწყობა და ემოციური დისრეგულაცია. როდესაც სტრესთან გამკლავების ტრადიციული მეთოდები უეფექტო ხდება, ჩნდება საჭიროება ახალი, მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომებისა, რომლებიც საკუთარ შინაგან სამყაროსთან კონტაქტის აღდგენაში დაგვეხმარება.

რა არის მაინდფულნესი, როგორ მუშაობს ის დისტრესის დროს და რა პრაქტიკული გზები არსებობს ყოველდღიურობაში მის დასანერგად?

მაინდფულნესი (ცნობიერი ყოფნა) არის ყურადღების მიზანმიმართული, არაგანსჯითი ფოკუსირება აწმყოში მიმდინარე მოვლენებზე. ის გულისხმობს “აქ და ახლა” ყოფნას, მომენტში, სადაც ჩვენ კრიტიკის გარეშე ვაკვირდებით საკუთარ აზრებს, ემოციებს, ფიზიკურ შეგრძნებებსა და იმპულსებს.

ჩვენი გონება ხშირად ავტომატურ რეჟიმში მუშაობს, რაც ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, მაგრამ ხშირად გვაშორებს რეალობას. მაინდფულნესი არის გონებრივი ვარჯიში, რომელიც გვეხმარება, ავტომატური რეაქციების ნაცვლად სიცხადე შევიტანოთ ჩვენს ქმედებებში. ამ გზით ვითარდება თვითშემჩნევის უნარი, მიმღებლობა და თანაგრძნობა საკუთარი გამოცდილების მიმართ.

სხეულის სკანირება

მაინდფულნესის პრაქტიკა ეფუძნება კონკრეტულ ობიექტებზე ყურადღების მიზანმიმართულ ფოკუსირებას. ეს შეიძლება იყოს სუნთქვაზე, სხეულებრივ შეგრძნებებზე, გარემოს ხმებზე დაკვირვება ან საკუთარი აზრებისა და ემოციების კვლევა.

ერთ-ერთი ფუნდამენტური მეთოდია სხეულის სკანირება, რაც გულისხმობს სომატურ (ფიზიკურ) შეგრძნებებზე დაკვირვებას, მათ შესწავლას. ეს არ არის მხოლოდ გონების სავარჯიშო; ეს სიღრმისეული პროცესია, რომელიც გვეხმარება, გავაცნობიეროთ კავშირი სხეულსა და გონებას შორის.

საკუთარ სხეულზე დაკვირვებით ჩვენ ვსწავლობთ ფიქრების "დაჭერასა" და იდენტიფიცირებას:

* რა თემებზე ვხარჯავთ ყველაზე მეტ გონებრივ რესურსს?

* შეგვიძლია თუ არა, უბრალოდ შევამჩნიოთ აზრი მისი განსჯის გარეშე?

* შეგვიძლია თუ არა, დავასახელოთ და აღვწეროთ ის ემოციური ფონი, რომელიც კონკრეტულ ფიქრს ახლავს თან?

შედეგი

სხეულის სკანირება არ არის მხოლოდ რელაქსაციის მეთოდი ― ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც კომპლექსურ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ის გვეხმარება:

* ყურადღების კონცენტრირებაში;

* ფიზიკური შეგრძნებების გაცნობიერებაში;

* სხეულთან კავშირის აღდგენაში;

* თვითზრუნვაში;

* გონების “ხეტიალის” აღმოჩენაში.

სხეულის სკანირება არის პრაქტიკა, რომელსაც მაინდფულნესის ფასილიტატორი წარმართავს. ის, წესისამებრ, 30 წუთს გრძელდება და სრულდება მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციაში.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მაინდფულნესი არ ნიშნავს ემოციების დათრგუნვას, პრობლემების იგნორირებას ან მუდმივ ეიფორიულ სიმშვიდეს. პირიქით, ის გულისხმობს აწმყოს მიღებას ისეთად, როგორიც არის ― თავისი სირთულეებითა და გამოწვევებით.

ეს არის შიგნიდან გარეთ მიმართული გამოცდილება, რომელიც გვეხმარება, განვივითაროთ პრობლემებთან ყოფნის უნარი. სიმშვიდე არა გარემო პირობების გაუმჯობესების, არამედ შინაგანი სიბრძნის, თანაგრძნობისა და არაგანსჯითი დამოკიდებულების შედეგია.

გამორჩეული მეთოდები

მაინდფულნესის ერთ-ერთი გამორჩეული მეთოდია გაცნობიერებული სიარული. ეს არის მოძრაობისას შესასრულებელი მედიტაციური პრაქტიკა, რომლის დროსაც ყურადღება ფოკუსირებულია ნაბიჯების დინამიკაზე. ნელი, გაცნობიერებული ნაბიჯით გადაადგილებისას ჩვენ სრულყოფილად შევიგრძნობთ მიწასთან ტერფების შეხებას, სხეულის პოზას, სიმძიმის ცენტრის ცვლილებასა და გარემო სივრცეს.

ნაბიჯის სიჩქარე ინდივიდუალურია, მთავარია ფიზიკური შეგრძნებების დეტალური შესწავლა. მშვიდ გარემოში 10-15-წუთიანი პრაქტიკა ამცირებს სტრესს და ამაღლებს განწყობას.

გარდა ფორმალური სავარჯიშოებისა, არსებობს არაფორმალური პრაქტიკებიც, რომელთაგან აღსანიშნავია კეთილი ნების აქტი. ყოველი დღე გვაძლევს შესაძლებლობას, მცირე სიკეთე გამოვიჩინოთ გარშემო მყოფების მიმართ, მომსახურე პერსონალის ღიმილით დასაჩუქრება იქნება ეს თუ უცნობისთვის ტრანსპორტში ადგილის დათმობა.

ამ პრაქტიკის არსი უანგარობა (ქმედება სრულდება ჯილდოს ან შექების მოლოდინის გარეშე) და დაკვირვებაა (პროცესში ვაკვირდებით საკუთარ თავს: რა რეაქცია აქვს სხეულს? რა ემოციები ან ფიქრები გვიჩნდება?).

ეს პატარ-პატარა აქტები ცვლის ჩვენს პერსპექტივას, ზრდის შინაგან კმაყოფილებას, გვეხმარება, მადლიერებით შევხედოთ სამყაროს.

რისთვის გამოიყენება

მაინდფულნესის პრაქტიკა მიზნად ისახავს ცხოვრების ხარისხისა და ფსიქოემოციური მდგრადობის ამაღლებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსალური მიდგომა არ არსებობს ― პრაქტიკის შედეგები ინდივიდუალურია და მისი ეფექტიანობა პიროვნულ საჭიროებებზეა დამოკიდებული. განსაზღვრულ შემთხვევებში (მაგალითად, მწვავე ტრავმის დროს) შესაძლოა საჭირო იყოს სპეციალისტის დამატებითი ზედამხედველობა.

პრაქტიკების რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს:

* ემოციურ ბალანსს ― შფოთვის, დეპრესიული სიმპტომებისა და ყოველდღიური სტრესის შემცირებას;

* ფიზიკურ კეთილდღეობას ― ქრონიკული ტკივილისა და სხეულებრივი დაძაბულობის შემსუბუქებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას;

* გონებრივ სიცხადეს ― კონცენტრაციის, ყურადღების სტაბილურობისა და შემეცნებითი უნარების განვითარებას;

* თვითზრუნვას ― გონებისა და სხეულის კავშირის აღდგენას, რაც გადაღლილობის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.

როგორ ისწავლება

საერთაშორისო პრაქტიკაში უმთავრესად აღიარებულია ორი რვაკვირიანი პროგრამა:

* MBSR (Mindfulness-Based Stress Reduction) ― მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის შემცირება;

* MBCT-L (Mindfulness-Based Cognitive Therapy for Life) ― მაინდფულნესზე დაფუძნებული კოგნიტიური თერაპია ცხოვრებისთვის.

სესიები მოიცავს თეორიულ ნაწილს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს (მაგალითად, გაცნობიერებულ კვებას, მედიტაციას). პროგრამის დასრულების შემდეგ მის მონაწილეებს აქვთ ცოდნა და რესურსები (აუდიოგიდები), რათა პრაქტიკა დამოუკიდებლად გააგრძელონ.

სანამ მაინდფულნესის სიღრმისეულ პროგრამაში ჩაერთვებოდეთ:

* განსაზღვრეთ მოლოდინები. მაინდფულნესი არ აქრობს პრობლემებს ― ის ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მათ მიმართ. შედეგის მისაღებად საჭიროა დრო და რეგულარული მუშაობა.

* შეაფასეთ რესურსი: მზად ხართ თუ არა, დღეში 30-45 წუთი დაუთმოთ პრაქტიკას? ეს დისციპლინასა და შინაგან მზაობას მოითხოვს.

* დასვით კითხვები: საორიენტაციო შეხვედრაზე გაარკვიეთ პოტენციური რისკი და სარგებელი თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

* გააცნობიერეთ არჩევანი: ეს არის საკუთარი თავის შეცნობისკენ მიმავალი გრძელი გზა და არა ბედნიერების მომტანი სწრაფი რეცეპტი.

მარია თოქმაზიშვილი

Share: