როგორ მოვუაროთ დაზიანებულ თმას

Share:

გარეგანი ფაქტორების, თერმული სტაილინგის, ქიმიური პროცედურებისა თუ არასწორი მოვლის შედეგად თმა თანდათან კარგავს ბუნებრივ ტენს, შრება, უხეშდება და ადვილად იბურდება. ამასთან ერთად, ქრება მისი ბუნებრივი ბზინვარება, იმატებს ბოლოების გაყოფისა და დაზიანების რისკი. როგორ დავუბრუნოთ მას ჯანსაღი იერი?

მიზეზები

თმის დაზიანება იშვიათად არის განპირობებული ერთი მიზეზით – ის უმეტესად გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია. როცა კუტიკულის, თმის ღერის დამცავი გარსის, სტრუქტურული მთლიანობა ირღვევა, თმა ადვილად ზიანდება: კარგავს ელასტიკურობას, შრება, მტვრევადი და უსიცოცხლო ხდება.

გავრცელებული მიზეზები

 

თერმული სტაილინგი

ფენი, უთო, თმის დასახვევი და მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე სტაილინგის სხვა ხელსაწყოები თმის ერთ-ერთი მთავარი მტერია. მაღალი ტემპერატურა არღვევს თმის სტრუქტურაში შემავალი ცილების ბუნებრივ კავშირს და ხელს უწყობს ტენის სწრაფ აორთქლებას. თმა განსაკუთრებით ზიანდება სპეციალური თერმოდამცავი საშუალებების გარეშე თერმული სტაილინგის ხშირი ჩატარებისას.

ქიმიური პროცედურები

თმის სტრუქტურაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქიმიური პროცედურები: შეღებვა, გაბაცება, ქიმიური დახვევა ან გასწორება. ამ დროს ქიმიური ნივთიერებები ღრმად აღწევს თმის ღერში და ცვლის მის ბუნებრივ სტრუქტურას. განსაკუთრებით აგრესიულია თმის გაბაცება, რომელიც ძლიერ აზიანებს კუტიკულას და ასუსტებს თმის ბოჭკოს.

გარემო ფაქტორები

თმის ბუნებრივ დამცავ ფენას ასუსტებს მზის ულტრაიისფერი სხივები, ძლიერი ქარი, დაბინძურებული ჰაერი, ზღვის მარილიანი წყალი და ქლორიანი წყალი.

არასწორი მოვლა

ცხელი წყლითა და აგრესიული შამპუნით ბანა, პირსახოცით უხეში შრობა ან სველი თმის ინტენსიური ვარცხნა ასევე შეიძლება კუტიკულის დაზიანების მიზეზად იქცეს.

მექანიკური დაზიანება

ხშირი და უხეში ვარცხნა, მჭიდროდ შეკვრა და დაწვნა, უხეში სამაგრების გამოყენება თანდათან აზიანებს თმის სტრუქტურას.

შინაგანი ფაქტორები

თმის მდგომარეობაზე ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობაც ახდენს გავლენას. ცილების, ვიტამინებისა და მინერალების (მაგალითად, რკინის, თუთიის, ბიოტინის) დეფიციტს, ჰორმონულ დისბალანსსა და დეჰიდრატაციას შეუძლია, თმის სისუსტე, სიმშრალე და ცვენაც კი გამოიწვიოს, ამიტომ თმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არა მხოლოდ გარეგანი მოვლა, არამედ დაბალანსებული კვებაც აუცილებელია.

როგორ ამოვიცნოთ

თმის დაზიანება ყოველთვის ერთნაირი არ არის. ზოგჯერ ერთადერთი პრობლემა ზედაპირული სიმშრალეა, ზოგჯერ კი საფრთხე თმის ღერის სტრუქტურას ემუქრება. მოვლის სწორი სტრატეგიის შესარჩევად აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს დაზიანების ხარისხი.

მსუბუქი დაზიანება

ამ ეტაპზე თმის შიდა სტრუქტურა მთლიანია. პრობლემა ეხება მის ზედაპირულ შრეს – კუტიკულას.

მახასიათებლები:

  • თმა ოდნავ მშრალია და ნაკლებად ბზინავს;
  • იოლად იბურდება;
  • ვარცხნისას ძნელად გვემორჩილება;
  • ზოგჯერ შეიმჩნევა ბოლოების უმნიშვნელო გაყოფა.

თმა, როგორც წესი, მყისიერად რეაგირებს დამატენიანებელ საშუალებებზე: კონდიციონერზე, დამატენიანებელ ნიღბებსა და ნატურალურ ზეთებზე.

საშუალო ხარისხის დაზიანება

დაზიანება უკვე შესამჩნევია. კუტიკულა ნაწილობრივ გახსნილია, რაც თმას გარემო ფაქტორების (მზის, ქარის, ფენის) მიმართ დაუცველს ხდის.

მახასიათებლები:

  • სიმშრალე უფრო მეტად არის გამოხატული, ტექსტურა უხეშია;
  • თმა ხშირად იბურდება;
  • არ ბზინავს;
  • ბოლოების გაყოფა უფრო თვალსაჩინოა;
  • ვარცხნისას ღერები ადვილად წყდება.

საჭიროა რეგულარული აღდგენითი პროცედურები, რომლებიც შეიცავს როგორც დამატენიანებელ, ისე მკვებავ ელემენტებს.

ძლიერი დაზიანება

ძლიერ დაზიანებულ თმას შესამჩნევად აქვს დარღვეული შიდა სტრუქტურა, ანუ დაზიანებულია არა მხოლოდ კუტიკულა, არამედ თმის შიდა შრეც.

მახასიათებლები:

  • თმა მეტისმეტად მშრალია და უსიცოცხლოდ გამოიყურება;
  • ძლიერ იბურდება და ძნელად ივარცხნება;
  • იმტვრევა, ბოლოები ეყოფა;
  • ადვილად იწელება და წყდება.

ამ ეტაპზე თმას სჭირდება ინტენსიური აღდგენითი პროცედურები, სპეციალური ნიღბები და დაზიანებული ბოლოების რეგულარული შეჭრა.

მარტივი ტესტი:

* აიღეთ სველი თმის ერთი ღერი და ოდნავ გაწელეთ. ჯანმრთელი თმა ოდნავ იწელება და შემდეგ პირვანდელ ფორმას იბრუნებს, ხოლო დაზიანებული ადვილად წყდება ან საწყის მდგომარეობას აღარ უბრუნდება.

* ჯანმრთელი თმა სინათლეს კარგად ირეკლავს, ხოლო დაზიანებული უფრო მქრქალია.

* თუ თმის ღერს უხეში და უსწორმასწორო ზედაპირი აქვს, ეს კუტიკულის დაზიანებაზე მიუთითებს.

როგორ მოვუაროთ

მნიშვნელოვანია, მოვლა იყოს მიზანმიმართული და შეესაბამებოდეს დაზიანების ხარისხს. მაგალითად, მსუბუქი დაზიანებისას უმეტესად საკმარისია ჰიდრატაცია, საშუალო ხარისხის დაზიანებისას ცილოვანი და მკვებავი საშუალებებია საჭირო, მძიმე დაზიანებისას კი თმის სტრუქტურული ბმებია აღსადგენი.

მსუბუქი დაზიანების დროს

თუ თმა ოდნავ მშრალია და ელასტიკურობა შენარჩუნებული აქვს, მისი გაჯანსაღება შედარებით ადვილია. ამ შემთხვევაში მთავარი მიზანი ტენიანობის აღდგენა, დამცავი ფენის გაძლიერება და დამატებითი ზიანის პრევენციაა.

რას მივაქციოთ ყურადღება:

* გამოიყენეთ ნაზი შამპუნი, რომელიც შეიცავს ალოე ვერას, პანთენოლს, გლიცერინს ან სხვა დამატენიანებელ კომპონენტებს და არ შეიცავს აგრესიულ გამწმენდ ნივთიერებებს.

* ყოველი დაბანის შემდეგ გამოიყენეთ კონდიციონერი, რომელიც აბურდვისგან იცავს და დავარცხნას აადვილებს.

* კვირაში ერთხელ დაიდეთ მსუბუქი დამატენიანებელი ნიღაბი.

* ერიდეთ ფენისა და უთოს ხშირ გამოყენებას.

* ერიდეთ სველი თმის დავარცხნას. უკიდურეს შემთხვევაში, გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი.

* რეგულარულად შეიჭერით თმის ბოლოები.

საშუალო ხარისხის დაზიანების დროს

აუცილებელია თმის ინტენსიური დატენიანება და აღდგენითი პროცედურები, რომლებიც ხელს შეუწყობს მისი ცილოვანი სტრუქტურის ნაწილობრივ აღდგენას და შეამცირებს მტვრევადობას.

ძირითადი პრინციპები:

* გამოიყენეთ აღმდგენი და მკვებავი შამპუნები, რომლებიც შეიცავს ცილებს, მაგალითად, ჰიდროლიზებულ კერატინს, აბრეშუმის პროტეინებს ან ამინმჟავებს, ლიპიდებს.

* რეგულარულად (კვირაში 2-ჯერ) გამოიყენეთ აღმდგენი ნიღბები: ერთხელ – ცილოვანი (სტრუქტურის აღსადგენად), მეორედ – დამატენიანებელი (ელასტიკურობისთვის).

* დაბანის შემდეგ დაიდეთ Leave-ინ კონდიციონერი ან შრატი (საშუალება, რომელიც ჩამობანას არ მოითხოვს) – ის უზრუნველყოფს დამატებით დაცვას დღის განმავლობაში.

* ყურადღება მიაქციეთ მოვლის საშუალებებში შემავალ ინგრედიენტებს. მაგალითად, აბრეშუმის პროტეინები ან ამინმჟავები თმას განსაკუთრებულ სირბილესა და ბზინვარებას ანიჭებს და ტენის შენარჩუნებაში ეხმარება.

ჰიდროლიზებული აბრეშუმი (Hydrolyzed Silk) აბრეშუმის პროტეინის ყველაზე პოპულარული ფორმაა. ცილა დაშლილია პატარა მოლეკულებად, რათა თმის კუტიკულაში შეღწევა შეძლოს. Silk Amino Acids ე.წ. აბრეშუმის ამინმჟავებია. ეს მოლეკულები კიდევ უფრო პატარაა, ვიდრე ჰიდროლიზებული პროტეინი, ამიტომ ძალიან ღრმად აღწევს თმის ღერში და შიგნიდან აღადგენს მას. თუ პროდუქტს აწერია Silk Therapy ან Silk Protein, აუცილებლად გადაამოწმეთ, არის თუ არა მის შემადგენლობაში ჰიდროლიზებული აბრეშუმი. თუ ის ჩამონათვალის დასაწყისში ან შუაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი კონცენტრაცია საკმარისია რეალური ეფექტისთვის.

* თერმული სტაილინგის დროს აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდამცავი საშუალებები.

* შეძლებისდაგვარად იშვიათად ჩაიტარეთ ქიმიური პროცედურების (ღებვა, გაბაცება და სხვა).

* გამოიყენეთ რბილი დამჭერები და სარჭები, რომლებიც თმას ნაკლებად აზიანებს.

ძლიერი დაზიანების დროს

ამ შემთხვევაში მოვლის მიზანი მაქსიმალური დაცვა, ინტენსიური აღდგენა და დაზიანებული უბნების შემცირებაა.

* გამოიყენეთ აღმდგენი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტები, რომლებიც შეიცავს:

ცილებს. კერატინი (Hydrolyzed Keratin) ავსებს დეფექტებს და სიმტკიცეს მატებს თმას, ბრინჯის პროტეინი (Hydrolyzed Rice Protein) მატებს თმას ბუნებრივ ბზინვარებას და ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, სოიის პროტეინი (Hydrolyzed Soy Protein) ტექსტურას აუმჯობესებს, ხდის თმას უფრო დამყოლსა და რბილს, კოლაგენი (Hydrolyzed Collagen) მატებს ელასტიკურობას, იცავს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან და ხელს უშლის გაყოფას. აბრეშუმის პროტეინზე (Hydrolyzed Silk) უკვე ვისაუბრეთ.

კერამიდებს. ეს ნივთიერებები თმას სიგლუვეს ანიჭებს და გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

ბუნებრივ ზეთებს (არგანის ზეთი, შიის კარაქი, ქოქოსის ზეთი). ისინი თმაზე წარმოქმნიან დამცავ ფენას, რომელიც ტენის აორთქლებას აფერხებს.

* გამოიყენეთ ბონდ ბუილდერს პროდუქტები – სპეციალური ტექნოლოოგით დამზადებული საშუალებები, რომლებიც შექმნილია დაზიანებული თმის მოლეკულურ დონეზე აღსადგენად და გასაძლიერებლად.

* რეგულარულად გამოიყენეთ აღმდგენი ნიღბები. გაითვალისწინეთ: ცილების (განსაკუთრებით კერატინის) ჭარბმა მიღებამ შესაძლოა თმა ზედმეტად ხისტი გახადოს, ამიტომ, თუ ერთ ჯერზე გამოიყენებთ პროტეინებით მდიდარ ნიღაბს, მოდევნო დაბანისას აუცილებლად დაიდეთ დამატენიანებელი.

* მინიმუმამდე დაიყვანეთ ფენის, უთოსა და ცხელი ჰაერით მომუშავე სხვა ხელსაწყოების გამოყენება.

* რამდენიმე ხანს თავი შეიკავეთ ქიმიური პროცედურებისგან.

* რეგულარულად მოიჭერით დაზიანებული ბოლოები დაახლოებით 3-5 სმ-ზე, რათა დაზიანება ზემოთ არ გავრცელდეს.

* განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ თმის დავარცხნისას. გამოიყენეთ დამარბილებელი საშუალებები, რათა მექანიკური დაზიანება შემცირდეს.

გვახსოვდეს, რომ ძლიერ დაზიანებული თმის მთლიანად აღდგენა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ სწორი მოვლით შესაძლებელია მისი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და შემდგომი დაზიანების თავიდან აცილება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: