ნატო დავითაშვილი ლიტერატურაში და ლიტერატურის მიღმა
Share:
მწერალი ნატო დავითაშვილი "იროელთა ქრონიკებით" გაიცნო მკითხველმა. სერიის პირველი წიგნი, "ამბავი ლილე იროელისა", ცხრამეტი წლის წინ დაისტამბა. ქართულ მითოსზე დაფუძნებული ფენტეზი მკითხველმა ინტერესით მიიღო.
დღეს ნატო "საბას", "ლიტერას" და "გალას" არაერთგზის ნომინანტი, ლიტერატურული პრემია "ოქროს ბუმბულის" და გოგებაშვილის პრემიის ლაურეატია. ჩვენს მკითხველს ის ლიტერატურაზე, მითოლოგიასა და მთავარ ცხოვრებისეულ ფასეულობებზე ესაუბრება.
– როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიულ რომანს?
– ფანჯრის მიღმა ორი ულამაზესი ხის – ბროწეულისა და ლეღვის – შემყურემ დავიწყე სამყაროს შეცნობა.
– რა გეძვირფასებათ თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?
– ჩემი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა მასწავლებლობაა. ორ საგანს ვასწავლი: ქართულ მითოლოგიასა და შემოქმედებით წერას, – თუმცა ამ ორ სფეროს ერთმანეთისგან არასდროს ვყოფ. წერისას შთაგონებისთვის მითებს ვიშველიებ, მითების სწავლებისას კი – შემოქმედებით აზროვნებას.
მოზარდებთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე ღირებულია. ყოველი მოზარდი ცალკე სამყაროა, სამყარო, რომელშიც ცოდნა უნდა შეიტანო, მისი გამოყენების გზა აჩვენო და ხშირად საკუთარი თავიც აღმოაჩენინო. ეს ცოცხალი, ემოციური და პასუხისმგებლობით სავსე პროცესია. მოწაფეებისგან მიღებულ ნდობასა და სიყვარულს ფასს ვერ დაადებ.
შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, ამ კითხვაზე პასუხი მასწავლებლობით რომ დავიწყე, მაშინ როდესაც ოცი წელია ვწერ. წერამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თავისუფლება შიგნიდან იწყება. შეგიძლია იყო ყოველდღიურობაში, პასუხისმგებლობებში, შეზღუდვებში და მაინც გქონდეს საკუთარი სამყარო, სადაც ფიქრი და წარმოსახვა მხოლოდ შენ გეკუთვნის.
წერამ მასწავლა, რომ სიტყვას ძალა აქვს. სიტყვით სამყაროს შექმნაც შეიძლება და დანგრევაც, ამიტომ ყველაზე ძვირფასი, რაც ამ საქმიანობამ მომცა, არის პასუხისმგებლობა: რას ვამბობ, რატომ ვამბობ და რას ვტოვებ ადამიანებში.
საბოლოოდ კი ჩემი საქმე, სწავლება იქნება ეს თუ წერა, ადამიანში შინაგანი სივრცის გაღვიძებას ემსახურება, რადგან მჯერა, რომ ნამდვილი თავისუფლება სწორედ იქ იბადება და იქიდან იწყებს სამყაროს შეცვლას.
– რა იყო თქვენი პირველი წიგნის ინსპირაცია?
– ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ძალიან მინდოდა, ჩემს შვილს ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებულ სამყაროში ემოგზაურა. პირველი წიგნი, ფაქტობრივად, მისთვის დავწერე.
— რატომ აირჩიეთ ფენტეზი და რა კავშირია თქვენ მიერ შექმნილ სამყაროსა და მითოლოგიას შორის?
– ფენტეზი ჩემთვის ფორმაა, რომელიც საშუალებას მაძლევს, რთულ და სერიოზულ თემებზე პირდაპირ ან ალეგორიულად ვისაუბრო. როცა დრაკონზე ვწერ, სინამდვილეში ადამიანზე ვწერ – მის ძალაზე, პასუხისმგებლობაზე, არჩევანზე.
მითოლოგია კი ჩემი საყრდენია. მითი ადამიანის პირველყოფილი გამოცდილებაა – იქ უკვე არსებობს არქეტიპები და სიმბოლოები, რომლებიც დღესაც მუშაობს. ჩემს შექმნილ სამყაროსა და მითს შორის კავშირი სწორედ ამ ფესვებშია – მე ახალ ამბებს ვყვები, მაგრამ ძველ სიღრმეებზე დაყრდნობით.
– მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რამაც გაგაკვირვათ აფხაზური და ქართული მითოლოგიის შეწავლისას.
– ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ დავინახე, რამდენად ახლოს დგას აფხაზური და ქართული მითოლოგია ერთმანეთთან. მითებში ერთნაირი არქეტიპები, საერთო შიშები და ღირებულებები ჩანს: გმირი, დედა, ზღვარი, სტიქია, სიწმინდის დაცვა... ეს აჩვენებს, რომ კულტურული მეხსიერება ხშირად უფრო ღრმა და ძველია, ვიდრე კონფლიქტები.
მითოლოგია მხოლოდ ზღაპრული ამბავი არ არის – ის ადამიანის სამყაროს ახსნის პირველი მცდელობაა. სტიქიები, ურჩხულები, ზებუნებრივი არსებები ხშირად შინაგან მდგომარეობებს გამოხატავენ: შიშს, ძალას, პასუხისმგებლობას.
შთამბეჭდავია, როცა ფაქტებით რწმუნდები, რომ მითი არასდროს კვდება. ის მხოლოდ ფორმას იცვლის. ჩვენ დღესაც იმავე არქეტიპებს ვყვებით, უბრალოდ სხვა ენით.
– მწერალი ღმერთივით ქმნის საკუთარ სამყაროს?
– მე მწერალს ღმერთს არ შევადარებდი. სამყაროს შექმნა ჩემთვის ძალაუფლების განცდა კი არა, პასუხისმგებლობის აღებაა. როცა ტექსტს ვწერ, ვადგენ კანონებს, მაგრამ შემდეგ თავადაც ვემორჩილები მათ. თუ ავტორი საკუთარ წესებს დაარღვევს, სამყარო ჩამოიშლება. ავტორი არ მართავს ყველაფერს – ის უსმენს. პერსონაჟებს ამ სამყაროში საკუთარი ნება აქვთ და ხშირად სწორედ ისინი მაჩვენებენ, სად გადის ზღვარი.
– რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?
– ჩემი წიგნების მთავარი თემა ადამიანის ნება და ამ ნებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობაა. მაინტერესებს, რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს ძალა ეძლევა: როგორ იყენებს მას, სად გადის ზღვარი და როდის იქცევა ის, ვინც იცავს, თავად საფრთხედ.
მეშინოდა, რომ ვერ დავასრულებდი "იროელთა ქრონიკებს". წერა მესამე წიგნიდან დავიწყე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბოლოში გავედი, ანუ მეშვიდე წიგნი დავასრულე, მივხვდი, საიდან დაიწყო ყველაფერი.
– პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.
– ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი. ვხედავ, როგორ იკარგება მათი პოტენციალი არასწორი სისტემის, უპერსპექტივობის ან უბრალოდ იმედგაცრუების გამო.
– რა არის თქვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა?
– ერთი სიტყვით უნდა ვთქვა: ცნობისმოყვარეობა. მუდმივად ვკითხულობ: “რატომ?" და “როგორ?“. ყოველდღე რაღაც ახალი მაინტერესებს, ენის ნიუანსი იქნება ეს, სისტემის ლოგიკა თუ ადამიანური ქცევის შაბლონი. მაგრამ ცნობისმოყვარეობა ჩემთვის არ არის მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება – ეს არის დიალოგი სამყაროსთან: ვსწავლობ, რომ შევქმნა; ვქმნი, რომ უკეთ გავიგო. ამიტომ ჩემთვის სწავლა და შექმნა განუყოფელია.
– რისთვის შეგიძლიათ უთხრათ მადლობა საკუთარ თავს?
– უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი: კმაყოფილი ვარ, რომ არასდროს შემშინებია ცვლილებების. როცა ვგრძნობდი, რომ რაღაც დასრულდა ან ახალი ინტერესი გაჩნდა, ყოველთვის მყოფნიდა გამბედაობა, მიმართულება შემეცვალა. რა პრობლემაც უნდა მქონოდა, მოძრაობა არასდროს შემიწყვეტია.
– რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ პასუხისმგებლობად?
– მოქალაქეობა სტატიკური მდგომარეობა არ არის. ეს არის არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. ეპოქას თავისი კორექტივები შეაქვს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაში. მაგალითად, ინფორმაციული ქაოსის ეპოქაში მოქალაქის პასუხისმგებლობაა, არ გახდეს დეზინფორმაციის გამტარი. მოქალაქეობა მთავრდება იქ, სადაც იწყება "ეს ჩემი საქმე არ არის". ამდენად, სოციალური ემპათია მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
– რა არის თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?
– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრს ვმუშაობ: ვწერ, ვასწავლი, ოჯახს ვუვლი, – მიმაჩნია, რომ ზარმაცი ვარ და ძალიან მსიამოვნებს, როცა თავს სიზარმაცის უფლებას ვაძლევ.
– გატაცება...
– ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა დაკვირვება და შემდეგ შექმნა. ვაკვირდები სამყაროს: ადამიანებს, ბუნებას, სისტემებს, – და ვცდილობ, ეს დაკვირვება რამეში გამოვიყენო: ტექსტში, პროექტში, საუბარში. ეს არის ჩემი გზა, გავიგო სამყარო და მასთან დიალოგში ვიყო. სწორედ ეს მაქცევს იმად, ვინც ვარ.
– გამორჩეული მოგონება...
– ბებიები! ჩემი სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად ტკბილი ბებია. ასე მგონია, ვისაც ბებიები ჰყოლია, ბავშვობის ყველაზე ნათელ და დასამახსოვრებელ მოგონებებად ეყოლებათ ისინი.
– რა მიგაჩნიათ თქვენს შეცდომად?
– ალბათ ის, რომ ზოგიერთ მოვლენას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა. ახლა უმეტესად ვხვდები, რა ღირს ჩემს ყურადღებად და რა – არა, უბრალოდ ხმაურია.
– მნიშვნელოვანი ფრაზა...
– "ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების".
– დაასახელეთ ცნობილი ადამიანი, რომელთანაც ისაუბრებდით.
– დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ვისაუბრებდი ურსულა ლე გუინთან. ის ჩემთვის მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება იყო საოცრად ძლიერი და იმავდროულად – საოცრად მოქნილი.
ლე გუინმა დაანგრია სტერეოტიპი, რომ ძალა მხოლოდ ბრძოლაშია. მან გვაჩვენა, რომ ნამდვილი გამარჯვება საკუთარი თავის ფლობა და სამყაროსთან ჰარმონიაა. აუცილებლად ვესაუბრებოდი შინაგანი ბოქლომებისგან გათავისუფლებაზე. ვკითხავდი: როგორ ვასწავლოთ ქალებს, რომ თავად გახდნენ საკუთარი თავის “ცეცხლი”? როგორ არ შევუშინდეთ იმ “დრაკონებს”, რომლებიც ჩვენ შიგნით ბინადრობენ და როგორ ვაქციოთ ისინი ჩვენს მთავარ მამოძრავებელ ძალად?
– პრინციპი, რომელსაც არასოდეს ღალატობთ.
– ჩემი მთავარი პრინციპი სწორედ ის არის, არასოდეს ვუღალატო საკუთარ თავს. სამყარო ხშირად გვთხოვს, ვიყოთ სხვანაირები, მოვერგოთ ჩარჩოებს, მაგრამ ნამდვილი წარმატება მაშინ მოდის, როცა შენი პრინციპი შენივე სიმართლეა. ჩემთვის ეს სიმართლე კეთილსინდისიერება და ადამიანებისადმი პატივისცემაა. სწორედ ეს მაძლევს ძალას, ვიყო მოქნილი, მაგრამ არასოდეს გადავუხვიო მთავარ გზას.
– რა არის ის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხის მიღება გინდათ?
– მინდა ვიცოდე, როგორია ის სამყარო, სადაც ადამიანებს ერთმანეთის დასამორჩილებლად ბოქლომები აღარ სჭირდებათ. მაინტერესებს, როგორ შეიცვლებოდა ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი შემოქმედება და მიზნები, თუკი შიშზე დაფუძნებულ მექანიზმებს ნამდვილი, თავისუფალი თანამშრომლობა ჩაანაცვლებდა. ვფიქრობ, სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებაა ის, რაც გვაიძულებს, ვიყოთ უფრო მოქნილები, უფრო ღიები სიახლეების მიმართ და მუდმივად ვეძებოთ გზები, რომლებიც ადამიანებს შორის ხიდებს აგებს და არა ბარიერებს.
საკუთარ თავს ვკითხავდი: რა დარჩება შენგან მაშინ, როცა ყველა შენს ტიტულს, მიღწევას თუ წარმატებას გვერდზე გადადებ? ხშირად სოციალური სტატუსი და საქმეში მოპოვებული გამარჯვებები ერთგვარ აბჯარს ჰგავს – გვიცავს, მაგრამ ზოგჯერ გვმალავს კიდეც. მინდა მახსოვდეს, რომ ჩემი მთავარი ფასეულობა შინაგანი თავისუფლება და ადამიანებთან კავშირია, რომელსაც ყოველდღიურად ვიცავ და ვაშენებ.
თამარ ციბალაშვილი







