კვების გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე

Share:

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ კვების რეჟიმი და საკვების ხარისხი პირდაპირ კავშირშია ჰორმონულ ბალანსთან. ზოგიერთი საკვები ნივთიერების დეფიციტი თუ სიჭარბე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაბოლურ პროცესებზე და შესაძლოა, ხელი შეუწყოს სიმსუქნის, ინსულინრეზისტენტობის, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილებების და ჰორმონული დისბალანსით გამოწვეული სხვა პათოლოგიების განვითარებას.

იმის შესახებ, რა როლი აკისრია კვებას ენდოკრინული სისტემის გამართულ ფუნქციობაში, როგორ მოქმედებს საკვები ჰორმონულ ბალანსზე და შეუძლია თუ არა, სწორად შედგენილ რაციონს, შეამციროს ენდოკრინული დარღვევების რისკი, მედიცინის დოქტორი, ამბულატორიული მომსახურების კლინიკათა ქსელ "მედკაპიტალის" ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო კაპანაძე გვესაუბრა.

– რა არის ენდოკრინული სისტემა და რა როლს ასრულებენ ჰორმონები მეტაბოლიზმისა და სხეულის მასის რეგულაციაში?

– ენდოკრინული სისტემა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ერთობლიობაა. ის, სხვებთან ერთად, მოიცავს ჰიპოთალამუსს, ჰიპოფიზს, ფარისებრ და ფარისებრახლო (პარათიროიდულ) ჯირკვლებს, თირკმელზედა ჯირკვლებს, პანკრეასს და სასქესო ჯირკვლებს.

ენდოკრინული სისტემა სხეულის ცხოველქმედების მარეგულირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია და პასუხს აგებს ჰორმონების – ბიოლოგიურად აქტიური იმ ნივთიერებების წარმოქმნასა და გამოყოფაზე, რომლებიც სისხლში ხვდება და სამიზნე ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებზე ზემოქმედებს.

ჰორმონები სხეულში მიმდინარე უამრავ მნიშვნელოვან პროცესზე ახდენს გავლენას:

მეტაბოლიზმზე (ნივთიერებათა ცვლაზე) – იმ ბიოქიმიური პროცესებზე, რომელთა საშუალებითაც ორგანიზმი საკვებიდან მიღებულ ენერგიას გარდაქმნის და სიცოცხლისთვის აუცილებელი ფუნქციების შესასრულებლად იყენებს. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები პირდაპირ განსაზღვრავს მეტაბოლურ აქტივობას – მათი ნორმალური რაოდენობა ენერგიის სწრაფ და ეფექტურ ხარჯვას უზრუნველყოფს, დეფიციტის დროს კი ნივთიერებათა ცვლა ნელდება, რაც, წესისამებრ, სხეულის მასის უმიზეზო მატებას იწვევს.

პანკრეასის მიერ გამოყოფილი ინსულინი უჯრედებს ეხმარება გლუკოზის ათვისებაში, არეგულირებს ენერგიის დაგროვებას, მათ შორის ცხიმოვანი ქსოვილის სახით. ინსულინის დისბალანსი შეიძლება გახდეს ჭარბწონიანობის ან შაქრიანი დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი.

ჰორმონები, როგორიცაა ლეპტინი და გრელინი, შიმშილისა და დანაყრების შეგრძნების რეგულაციაში მონაწილეობენ, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს კვებით ქცევასა და სხეულის მასაზე.

გარდა ამისა, ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაში, რეპროდუქციულ და სქესობრივ ფუნქციებში, ფსიქოემოციურ მდგომარეობასა და სხვა მრავალი ფიზიოლოგიური პროცესის რეგულაციაში.

ამრიგად, ენდოკრინული სისტემა წარმოადგენს ორგანიზმის ჰორმონულ საკონტროლო მექანიზმს, რომელიც მეტაბოლიზმის, ენერგეტიკული ბალანსისა და სხეულის მასის კონტროლს უზრუნველყოფს. ჰორმონების დონის მატება და კლება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს, ამიტომ სისხლში მათი ადეკვატური შემცველობა და ბალანსი აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

– რა გავლენას ახდენს კვების რაციონი ენდოკრინული სისტემის მუშაობაზე?

– ენდოკრინული ჯირკვლების გამართული მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რაციონს, რადგან ჰორმონების სინთეზი და ფუნქციობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მიღებულ ნუტრიენტებზე. მართალია, ჰორმონული ბალანსის აღსადგენად კვება ყოველთვის არ არის საკმარისი, მაგრამ სწორი კვებითი ჩვევები და ჰორმონული ბალანსის მხარდამჭერი საკვების მიღება ხელს უწყობს ენდოკრინული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას.

ჰორმონების წარმოქმნაში, მათი მოქმედების რეგულაციასა და ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებაში კომპლექსურად მონაწილეობენ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, უჯრედისი, ვიტამინები და მინერალები.

მაგალითად, იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის, ამინმჟავების დეფიციტი კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ დარღვევებს იწვევს.

მრავალი მნიშვნელოვანი ჰორმონი (მათ შორის – სასქესო ჰორმონები და კორტიზოლი) ქოლესტერონისგან წარმოიქმნება, ამიტომ რაციონში სასარგებლო ცხიმების ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰორმონული დისბალანსი, რომელიც გავლენას მოახდენს რეპროდუქციულ სისტემასა და სტრესის მართვაზე.

ადვილად შეწოვადი ნახშირწყლებით მდიდარი საკვები იწვევს ინსულინის ჭარბ გამოყოფას, რაც შესაძლოა ინსულინრეზისტენტობის, შემდეგ კი შაქრიანი დიაბეტის განვითარების მიზეზად იქცეს.

ლეპტინისა და გრელინის ანუ იმ ორი ჰორმონის ბალანსი, რომლებიც შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებას არეგულირებს, კვების რეჟიმსა და საკვების ხარისხზეა დამოკიდებული.

ამიტომ დაბალანსებული რაციონი, რომელიც საკმარისი ოდენობის მიკრო– და მაკრონუტრიენტებს შეიცავს, მნიშვნელოვანია ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებისა და ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის.

– რომელი ჰორმონებია განსაკუთრებთ მგრძნობიარე კვებითი ფაქტორების მიმართ და შესაძლებელია თუ არა, არასწორმა კვებამ ან კვებითმა ჩვევებმა ხელი შეუწყოს ენდოკრინული პათოლოგიების განვითარებას?

– როგორც უკვე ვთქვით, თითქმის ყველა ჰორმონის აქტიურობა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება კვებით ფაქტორს, მაგრამ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ის ჰორმონები, რომლებიც ენერგეტიკული ბალანსის, გლუკოზის ცვლისა და მადის რეგულაციაში მონაწილეობს.

მარტივი ნახშირწყლების ჭარბმა მოხმარებამ, ტრანსცხიმებისა და გადამუშავებული პროდუქტების ხშირმა მიღებამ, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტმა, არარეგულარულმა და ერთფეროვანმა კვებამ შესაძლოა მწყობრიდან გამოყვანოს მთელი სისტემა და სათავე დაუდოს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ინსულინრეზისტენტობა, მეტაბოლური სინდრომი, ჰაშიმატოს თიროიდიტი, ჰიპოთირეოზი, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და სხვა.

ინსულინი და გლუკოზის ცვლა

– მარტივი ნახშირწყლების (შაქარი, ტკბილეული, თეთრი ფქვილი და მისი ნაწარმი, ტკბილი სასმელები) მიღებისას, განსაკუთრებით – მათი ჭარბი მოხმარებისას, სისხლში გლუკოზის დონე მკვეთრად იმატებს, რაც პანკრეასს აიძულებს, ჩვეულებრივზე მეტი ინსულინი გამოყოს გლუკოზის უჯრედებში გადასასვლელად. როცა ასეთი რამ ხშირად მეორდება, პერიფერიული ქსოვილები ინსულინის მიმართ მგრძნობელობას თანდათან კარგავს და ამ ჰორმონზე ვეღარ რეაგირებს. ვითარდება ინსულინრეზისტენტობა.

როდესაც პანკრეასი ინსულინისადმი რეზისტენტობას ვეღარ აკომპენსირებს, სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი სტაბილურად მაღლი რჩება. ამის შედეგად ჯერ პრედიაბეტი ყალიბდება, მოგვიანებით კი შესაძლოა განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

როდესაც რაციონში ჭარბობს შაქრიანი სასმელები, ტკბილეული, გადამუშავებული საკვები, სწრაფი კვების პროდუქტები, ნაჯერი ცხიმები და ტრანსცხიმები, ხოლო ბოჭკოვანი საკვები არასაკმარისია, იმატებს ქრონიკული ანთებითი პროცესების, ჰიპერგლიკემიისა და ლიპიდური დისბალანსის რისკი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას ღამის კვება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობაც ერთვის. ყველაფერი ეს ხელს უწყობს მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბებას. მეტაბოლური სინდრომი ერთმანეთთან დაკავშირებული დარღვევების ერთობლიობაა, რომელიც მაღალ არტერიულ წნევას, დისლიპიდემიას, სიმსუქნეს დაჰიპერგლიკემიას მოიცავს.

ადვილი მისახვედრია, რომ ამ დაავადებების პრევენციასა და მართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვება.

რეკომენდებულია, რაციონში შეიტანოთ:

* ბოჭკოთი მდიდარი საკვები (ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები, მთლიანი მარცვლეული) – ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის უფრო სტაბილურ მატებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;

* ჯანსაღი ცხიმები (თევზი, ნიგოზი, ზეითუნის ზეთი, ავოკადო) – დადებითად მოქმედებს ლიპიდურ პროფილზე და ამცირებს ანთებით პროცესებს;

* ხარისხიანი ცილა (თევზი, ქათამი, პარკოსნები) – ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას და ხელს უშლის ინსულინის დონის მკვეთრ რყევას;

* დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლები (მთლიანი მარცვლეული, შვრია, ქინოა, წიწიბურა, პარკოსნები) – ნელა სწევს მაღლა სისხლში გლუკოზის დონეს.

ერიდეთ:

* მზა სოუსებს (კეტჩუპს, მაიონეზს), ტკბილ ხილიან იოგურტებს – მათ შემადგენლობაში ხშირად ბევრი შაქარია.

* ტკბილ გაზიან სასმელებს – ისინი გაჯერებულია მარტივი შაქრებით და სისხლში გლუკოზის სწრაფ მატებას იწვევს. მაქსიმალურად შეზღუდეთ ხელოვნური დამატკბობლებით დამზადებული "უშაქრო" სასმელებიც. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ხელოვნური დამატკბობლები გავლენას ახდენს მადის რეგულაციაზე, გლუკოზის ცვლასა და ინსულინის პასუხზე.

* ხილის ნატურალურ წვენებს – ეს წვენები სისხლში შაქრის დონეს თითქმის ისევე სწრაფად სწევს მაღლა, როგორც გაზიანი სასმელები. უპირატესობა მიანიჭეთ მთლიან ხილს.

* ძილის წინ კვებას – ეცადეთ, ბოლო კვება დაძინებამდე 2-3 საათით ადრე დაასრულოთ.

ასევე მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი, ულუფების ზომა, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კალორიების მიღება, და ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობა. რეგულარული მოძრაობა ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

– ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ნუტრიენტი, რომლებიც მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, მათ აქტივაციასა და უჯრედების დაცვაში. ესენია:

* იოდი – თიროქსინისა (T4) და ტრიიოდთირონინის (T3) მთავარი შემადგენელი ელემენტია. მის გარეშე ამ ჰორმონების სინთეზი შეუძლებელია. იოდის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის გადიდება (ჩიყვი) და ჰიპოთირეოზი, ხოლო მძიმე დეფიციტის შემთხვევაში – მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი შენელება.

წყარო: იოდიანი მარილი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, წყალმცენარეები.

* სელენი – მონაწილეობს იმ ფერმენტების აქტივაციაში, რომლებიც თიროქსინს (T4) უფრო აქტიურ ფორმად, ტრიიოდთირონინად (T3) გარდაქმნის. გარდა ამისა, სელენს აქვს ძლიერი ანტიოქსიციური მოქმედება – იცავს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილს ოქსიდაციური სტრესისა და ანთებითი პროცესებისგან.

წყარო: ბრაზილიური თხილი (დღეში 1-2 ცალი საკმარისია), მზესუმზირას თესლი, მთლიანი მარცვლეული, თევზი და ზღვის პროდუქტები, კვერცხი, პარკოსნები.

* თუთია – მონაწილეობს ჰორმონების, მათ შორის – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, სინთეზსა და აქტივაციაში უჯრედულ დონეზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას. თუთიის დეფიციტმა შესაძლოა შეანელოს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა და ხელი შეუწყოს ავტოიმუნური პროცესების განვითარებას.

წყარო: ძროხისა და ღორის ხორცი, კვერცხი, გოგრის თესლი, ნიგოზი, შვრია, პარკოსნები. თუთია უკეთ შეიწოვება ცილებთან ერთად მიღებისას.

* რკინა – საჭიროა ფერმენტ თიროპეროქსიდაზის (TPO) აქტივაციისთვის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზში. რკინის დეფიციტის (ანემიის) დროს იოდის ათვისება ფერხდება, მაშინაც კი, როცა საკმარის იოდს იღებთ.

წყარო: წითელი ხორცი, ისპანახი, ოსპი, მუხუდო, შვრია, წიწიბურა. რკინა უკეთ შეიწოვება ჩ ვიტამინით მდიდარ საკვებთან (მაგ., ბულგარულ წიწაკასთან, ციტრუსებთან) ერთად.

* ცილები და ამინმჟავები – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნისთვის აუცილებელია ამინმჟავა თიროზინი, რომელიც ცილებისგან მიიღება. თიროზინი წარმოადგენს იმ სტრუქტურულ საფუძველს, რომელსაც იოდი უერთდება T3 და T4 ჰორმონების წარმოქმნისას. ცილის უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰორმონული დარღვევები.

წყარო: ქათმის ხორცი, ინდაური, რძის ნაწარმი, კვერცხი, თესლეული.

* ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. განსაკუთრებით სასარგებლოა ავტოიმუნური დაავადებების, მაგალითად, ჰაშიმოტოს თირეოიდიტის დროს.

წყარო: ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი), სელის ზეთი, ჩიას თესლი, ნიგოზი.

გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების პრევენცისთვის და საერთო ჰორმონული ბალანსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ორგანიზმში A, D, B12 ვიტამინების ადეკვატური დონე.

მიუხედავად სარგებლისა, ნუტრიენტების ჭარბი მიღება, განსაკუთრებით – საკვები დანამატების სახით, საშიშია ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ჭარბმა იოდმა შესაძლოა დააზიანოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, გამოიწვიოს როგორც ჰიპოთირეოზი, ისე ჰიპერთირეოზი. ტოქსიკურია ჭარბი სელენიც: შეუძლია, გამოიწვიოს თმის ცვენა, ფრჩხილების დაზიანება და ნევროლოგიური დარღვევებიც კი. სწორედ ამიტომ საკვები დანამატები უნდა შეარჩიოს ექიმმა – ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, დიაგნოზის, კვებითი სტატუსის და მიმდინარე მკურნალობის გათვალისწინებით, რათა თავიდან აიცილოს როგორც დეფიციტი, ისე სიჭარბით გამოწვეული რისკები.

კვებითი რეკომენდაციები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს კვების რაციონი შესაძლოა მეტ-ნაკლებად შეიცვალოს. კერძოდ:

ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) დროს ნივთიერებათა ცვლა შენელებულია და ორგანიზმი ენერგიას უფრო ნელა ხარჯავს. ეს ზრდის წონის მომატების რისკს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ზომიერი კალორიულობის მქონე, დაბალანსებული კვება, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებას და წონის კონტროლს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იოდის, სელენის, თუთიის შემცველი, ცილოვანი და უჯრედისით მდიდარი საკვების ადეკვატურ მიღებას. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ბოსტნეული შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ნაწილობრივ აფერხებს იოდის შეწოვას. ასეთია უმი კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სოია, ამიტომ უმჯობესია ისინი თერმულად დამუშავებული მიიღოთ.

ჰიპერთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის) დროს ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ჩქარდება და ორგანიზმი ენერგიას სწრაფად ხარჯავს. ამის ფონზე ხშირად შეინიშნება სხეულის მასის კლება. ამ შემთხვევაში წონის მკვეთრი კლების თავიდან ასაცილებლად საჭიროა საკმარისი კალორიების მიღება.

რეკომენდებულია, რაციონი შეიცავდეს სრულფასოვან ცილას, რთულ ნახშირწყლებსა და ჯანსაღ ცხიმებს – ეს ხელს შეუწყობს ენერგიის სტაბილურ მიწოდებას.

სასურველია, შეიზღუდოს იოდით მდიდარი პროდუქტების მიღება, რადგან იოდის სიჭარბემ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლოა უფრო მეტად გააძლიეროს ჯირკვლის აქტიურობა.

ტრანსცხიმებსა და ჭარბ კოფეინსაც ერიდეთ. კოფეინმა შესაძლოა უფრო მეტად ააჩქაროს მეტაბოლიზმი და გააძლიეროს ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგალითად, გახშირებული გულისცემა.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ავტოიმუნური ანთებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი საკუთარ თავს აზიანებს (ვითარდება ავტოიმუნური რეაქცია). ამ დროს რეკომენდებულია, რაციონში ჩართოთ ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე, კერძოდ, A, ჩ და E ვიტამინების (სტაფილო, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, წითელი პაპრიკა, ციტრუსები, ავოკადო, თევზი და ზღვის პროდუქტები, თხილეული), სელენის, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების (ცხიმიანი თევზი, სელის ან ჩიას თესლი), რკინისა და D ვიტამინის შემცველი საკვები.

ერიდეთ იოდის ჭარბ მიღებას, გადამუშავებულ საკვებს, შაქარსა და შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს, თეთრი ფქვილის ნაწარმს – ყველაფერი ეს ხელს უწყობს ანთებითი პროცესების გაძლიერებას. ერიდეთ თამბაქოს კვამლსაც, რადგან ეს უკანასკნელი შეიცავს 7000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 70 მაინც არის კანცეროგენი. თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვა აზიანებს უჯრედის დნმ-ს და იწვევს ანთებით პროცესს, მოქმედებს როგორც იმუნიტეტის დამთრგუნველი აგენტი.

ენდემური ჩიყვი იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებაა. ამ დროს რეკომენდებულია იოდიანი მარილის გამოყენება, რაც იოდის დეფიციტის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა. უმჯობესია, მარილი უკვე მომზადებულ კერძს დაემატოს, რადგან თერმული დამუშავებისას მისი ნაწილი ორთქლდება. სასურველია, რაციონში რეგულარულად იყოს იოდით მდიდარი პროდუქტები: თევზი და ზღვის ნობათი, რძე და რძის ნაწარმი, კვერცხი. გარკვეული რაოდენობის იოდს შეიცავს ზოგიერთი მცენარეული საკვებიც, მაგალითად, ფეიხოა, ხურმა, ნიგოზი და ისპანახი.

კვანძოვანი ჩიყვის დროს მიდგომა უფრო ფრთხილია. თუ კვანძი ფუნქციურად აქტიურია (ჭარბად გამოყოფს ჰორმონებს), ზედმეტმა იოდმა შესაძლოა მდგომარეობა გააუარესოს.

რეკომენდებულია, რაციონში იყოს ანტიოქსიდანტებით, კერძოდ, A, C და E ვიტამინებით (კენკრა, ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული) მდიდარი საკვები, ასევე – სელენით მდიდარი პროდუქტები. ზომიერად მიიღეთ საკვები, რომელიც ხელს უშლის იოდის ათვისებას (მაგალითად, უმი კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო).

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: