ნიჭიერი ბავშვების სასკოლო პრობლემები

Share:

თქვენი შვილი სვამს სიღრმისეულ კითხვებს, იმახსოვრებს უცნაურ ფაქტებს, ხსნის რთულ საკითხებს, მაგრამ როცა დავალების შესრულების დრო მოდის, თითქოს იბნევა და აზრებს თავს ვერ უყრის.

ასეთ დროს მასწავლებლებისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: “ძალიან ჭკვიანია, მაგრამ..." ეს "მაგრამ" მშობლებს თავსატეხს და საფიქრალს უჩენს.

სიმართლე კი, რომელსაც მშობლებს იშვიათად ეუბნებიან, ასეთია: ინტელექტი და აკადემიური წარმატება ერთი და იგივე არ არის. ძალიან ჭკვიან ბავშვსაც კი შეიძლება უჭირდეს სასკოლო დავალებებისთვის თავის გართმევა. სიზარმაცესთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს.

ვნახოთ, რისი ბრალია ეს და რით შეუძლია მშობელს შვილის დახმარება.

სიჭკვიანე უნარი კი არ არის, არამედ უნარების ერთობლიობა

როცა ვამბობთ, რომ ბავშვი ჭკვიანია, ვგულისხმობთ:

  • ძლიერ ვერბალურ უნარებს;
  • კარგ მეხსიერებას;
  • ცნობისმოყვარეობას;
  • პრობლემების გადაჭრის უნარს;
  • კრეატიულ აზროვნებას;
  • ემოციურ მოქნილობას.

მაგრამ სკოლა ითხოვს კონკრეტული უნარების კომბინაციას, რომლებიც ბავშვს ყოველთვის თანაბრად არ აქვს განვითარებული.

ტრადიციულ საკლასო გარემოში წარმატებისთვის ბავშვს სჭირდება:

  • ყურადღების კონცენტრაცია;
  • მუშა მეხსიერება;
  • ინფორმაციის სხარტად დამუშავების უნარი;
  • მოტორული დაგეგმვა (განსაკუთრებით – წერის დროს);
  • ემოციური თვითრეგულაცია სტრესის დროს.

ბავშვი შესაძლოა ბრწყინვალედ აზროვნებდეს, მაგრამ კონკრეტული დავალების შესრულება უჭირდეს.

ეს ორი რამ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის; ეს უბრალოდ განვითარების თავისებური ეტაპია.

სად იწყება სირთულეები

ბევრი სასკოლო პრობლემა იქ იჩენს თავს, სადაც ცოდნასა და შესრულებას შორის სივრცეა.

ბავშვს შესაძლოა კარგად ესმოდეს მათემატიკური ცნებები, მაგრამ ჩქარობდეს და შეცდომებს უშვებდეს, პასუხი იცოდეს, მაგრამ აუდიტორიის წინაშე იბნეოდეს, უამრავი იდეა ჰქონდეს, მაგრამ წერა ეზარებოდეს, ინდივიდუალურად კარგად მიჰყვებოდეს ინსტრუქციას, მაგრამ ჯგუფში ითრგუნებოდეს.

ხშირად ეს დაკავშირებულია აღმასრულებელ ფუნქციებთან – ტვინის იმ უნარებთან, რომლებიც საქმის დაგეგმვას, დაწყებას და ბოლომდე მიყვანას განაგებს.

აღმასრულებელი ფუნქციები ნელა და არათანაბრად ვითარდება, განსაკუთრებით – 5-9 წლის ასაკში.

ინფორმაციის დამუშავების სისხარტე – სირთულე, რომელზეც იშვიათად საუბრობენ

ზოგი ბავშვი იდეალურად აზროვნებს, მაგრამ ნელა. ისინი გონებრივი განვითარებით სხვებს არ ჩამორჩებიან, უბრალოდ ინფორმაციის გაანალიზებას ოდნავ უფრო მეტ დროს ანდომებენ.

სწრაფად ორგანიზებულ კლასებში ასეთ ბავშვებს ხშირად მეტი დრო სჭირდებათ პასუხის გასაცემად და აშინებთ დავალებები, რომელთა შესრულებისთვის განსაზღვრული ვადაა დადგენილი. შესაძლოა, ინსტრუქციის ნაწილი გამორჩეთ, რადგან ჯერ წინა ინფორმაციას ამუშავებენ.

დროთა განმავლობაში მათ შესაძლოა იფიქრონ, რომ სწავლა უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მასალა საფუძვლიანად ესმით, და დაიწყოს თვითშეფასების დაქვეითება.

ემოციური დატვირთვა ყველაფერს ცვლის

სკოლა მხოლოდ აკადემიური უნარების განვითარებას არ გულისხმობს, ის ემოციურ მხარეზეც დიდ გავლენას ახდენს.

ბავშვები, რომლებსაც პატარაობიდანვე აწებებენ “ჭკვიანის” იარლიყს, ადრევე აცნობიერებენ, რა ბევრს ელიან მათგან უფროსები და შეცდომის შიშიც უძლიერდებათ, შფოთვამ კი, თუნდაც მსუბუქმა და შეუმჩნეველმა, შესაძლოა მუშა მეხსიერება დაბლოკოს, კონცენტრაციას ხელი შეუშალოს და მარტივი დავალებაც კი რთულად წარმოაჩინოს.

მშობლები ხშირად ამას მოვალეობისგან თავის არიდების მცდელობად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი მიზეზი ზედმეტად დაძაბული ნერვული სისტემაა.

მთავარი დაბრკოლება – წერა

წერა ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალებაა ბავშვებისთვის. ის მოითხოვს:

  • იდეების ფორმირებას;
  • ენის ორგანიზებას;
  • წვრილ მოტორიკას;
  • მართლწერისა და გრამატიკის უნარებს;
  • ყურადღების ხანგრძლივ კონცენტრაციას.

რჩევები მშობლებს

შესაძლოა, ბავშვი ინტელექტუალურად მზად იყოს, მაგრამ სჭირდებოდეს უკეთესი სტრუქტურირება, უფრო მკაფიო ნაბიჯები, ემოციური მხარდაჭერა და ცოდნის სხვანაირად გამოხატვის შესაძლებლობა.

ასეთ დროს ბავშვებს ეხმარება:

* დავალების პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფა;

* პასუხების ჯერ ზეპირად ჩამოყალიბება, მერე კი ფურცელზე გადატანა;

* დამატებითი დროის მიცემა;

* პროგნოზირებადი რუტინა;

* კონკრეტული ინსტრუქციები.

არ ეხმარება:

* ფრაზა: "ეს ხომ უკვე იცი!"

* დამატებითი ზეწოლა;

* თანაკლასელებთან ან და-ძმებთან შედარება;

* მოტივაციის პრობლემად აღქმა.

მოტივაცია იმატებს მაშინ, როცა ბავშვი თავს ქმედობაუნარიანად გრძნობს და არა მაშინ, როცა მას წნეხის ქვეშ ამყოფებენ.

მშობლები, რომლებიც თავიანთი ჭკვიანი შვილების აკადემიურ მოსწრებაზე ზედმეტად ღელავენ, ხშირად თავად იყვნენ კარგი მოსწავლეები ან, პირიქით, თავად უჭირდათ სწავლა და გამუდმებით ესმოდათ: "უფრო მეტად უნდა მოინდომო!" შვილის სირთულეების გამო წუხილი ხშირად მათში სასკოლო გამოცდილების ტკივილს აცოცხლებს.

გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს არ სჭირდება გამოსწორება. მას ინსტრუქციების გამარტივებით უნდა დაეხმაროთ:

* ყურადღება გაამახვილეთ პროცესზე და არა შედეგზე. ჰკითხეთ, როგორ მივიდა პასუხამდე, განურჩევლად იმისა, სწორია თუ არა ის.

* აუხსენით, რომ არათანაბარი უნარები სავსებით ნორმალურია. ყოველთვის აღნიშნეთ, რომ ყველას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, ზრდასრულებსაც კი.

* მშვიდად დაუჭირეთ მხარი. ნუ მოითხოვთ მისგან, იყოს იდეალური მხოლოდ იმიტომ, რომ "ჭკვიანია“; შეუქეთ მცდელობა მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოუვა.

* გაუფრთხილდით მის თვითშეფასებას. ნუ გაკიცხავთ შეცდომებისთვის ასეთი ფრაზებით: "შენ ეს შეცდომა არ უნდა მოგსვლოდა".

* გაამახვილეთ ყურადღება პროგრესზე და არა შედეგის სრულყოფილებაზე. განვითარება არასოდეს არის სწორხაზოვანი. ძალიან მოაზროვნე და ჭკვიან ბავშვებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ სასკოლო დავალებების შესრულება და ეს ერთმნიშვნელოვნად მარცხს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის ტვინი ჯერ კიდევ ფორმირდება და ვითარდება. სწორი მხარდაჭერით, გაგებითა და მოთმინებით ასეთი ბავშვები უფრო დიდ წარმატებას აღწევენ და ეს სწორედ მათი თავისებურების დამსახურებაა.

ლიკა ქათამაძე

Share: