თერმოტანსაცმელი – რა უნდა ვიცოდეთ
Share:
ტექნოლოგიური პროგრესი მხოლოდ სმარტფონებსა და ელექტრომობილებს არ ეხება – ის ჩვენს გარდერობშიც შემოიჭრა. თერმოტანსაცმელი კომფორტის, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის განუყოფელ ელემენტად იქცა. სტატიიდან შეიტყობთ, რა არის თერმული ტანსაცმელი, რა თვისებები აქვს მას, როგორ მუშაობს თერმორეგულაციის მექანიზმი და რას გვირჩევენ სპეციალისტები ხარისხიანი თერმოაღჭურვილობის შესარჩევად.
რა არის
თერმოტანსაცმელი სპეციალურად შექმნილი ტანსაცმლის ტიპია, რომელსაც ორი მთავარი ფუნქცია აქვს: დაეხმაროს ორგანიზმს ტემპერატურის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაში სხვადასხვა გარემო პირობებში, მაგალითად, სიცივესა და სიცხეში, და ზედმეტი ტენის სწრაფად და ეფექტურად გამოდევნაში.
დღეს თერმოტანსაცმელი მხოლოდ სპორტსმენებისთვის ან მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნაწარმი აღარ არის. ის აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მუშაობისას, მოგზაურობისას, ბავშვებისთვის და ხანდაზმულებისთვის.
ე.წ. "ჭკვიანი" ქსოვილისგან თითქმის ყოველგვარ სამოსს ამზადებენ: გრძელ– და მოკლემკლავიან მაისურებს, ელასტიკურ შარვლებს, წინდებს, ხელთათმანებს, ჟილეტებს, ქუდებს და სხვა.
უნდა გვახსოვდეს, რომ თერმოტანსაცმელი მაქსიმალურ ეფექტს მხოლოდ მაშინ ავლენს, როცა უშუალოდ ეხება კანს. ამ შემთხვევაში ის "მეორე კანის" ფუნქციას ასრულებს და კანის მიკროკლიმატის კონტროლს უზრუნველყოფს.
როდის ჩავიცვათ
თერმული ტანსაცმელი განსაკუთრებით მოხერხებულია გარდამავალ პერიოდში (შემოდგომასა და გაზაფხულზე), როცა ჰაერის ტემპერატურა არასტაბილურია და ორგანიზმს თერმული ბალანსის შენარჩუნება უჭირს. მისი ტარება მიზანშეწონილია ცივ ამინდში, როცა არსებობს სხეულის გადაცივებისა და ტენის დაგროვების რისკი, მაგალითად, ღია ცის ქვეშ მუშაობისას, და მაშინ, როცა ხშირად გიწევთ ცივიდან თბილ გარემოში გადასვლა და პირიქით. იდეალურია სპორტული და გარე აქტივობების, მათ შორის – თხილამურებით სრიალის, სირბილის, ველოსიპედით სიარულის, ლაშქრობის დროს. არანაკლებ ეფექტურია სითბოში ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროსაც, როდესაც ოფლიანობა ძლიერია, მაგალითად, ვარჯიშისა და მუშაობისას.
გარდა ამისა, თერმოტანსაცმლის ტარება რეკომენდებულია ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობის დროსაც, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა:
- სახსრების პრობლემები (ართრიტი);
- თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მუდმივად ცივი ხელ-ფეხი).
დაავადების გამწვავების რისკის შესამცირებლად სპეციალისტები ხშირად ურჩევენ თერმოტანსაცმლის ტარებას მთელი ცივი სეზონის განმავლობაში.
თვისებები
უკვე ვთქვით, რომ თერმული ტანსაცმლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება სითბოს შენარჩუნების უნარია. ეს იმას ნიშნავს, რომ თერმოტანსაცმელი თავად კი არ წარმოქმნის სითბოს, არამედ ხელს უწყობს სხეულის მიერ გამოყოფილი სითბოს შენარჩუნებას.
თერმოტანსაცმლის ქსოვილი სპეციალური ტექნოლოგიით არის დაწნული ისე, რომ ბოჭკოებს შორის ჰაერის თხელი ფენის არსებობას უზრუნველყოფს. ვინაიდან ჰაერი სითბოს ცუდი გამტარია, ის ბუნებრივ თერმულ ბარიერს ქმნის: ხელს უშლის სხეულის მიერ გამომუშავებული სითბოს გაფანტვას და ამავე დროს შიგნით არ უშვებს სიცივეს.
ხარისხიანი თერმოტანსაცმელი ხელს უნდა უწყობდეს კანის ზედაპირზე სტაბილური მიკროკლიმატის შენარჩუნებას კანისთვის კომფორტული ტემპერატურის – 32-35°C-ის – დიაპაზონში, მიუხედავად გარემოს ტემპერატურის ცვლილებისა.
თერმული ტანსაცმლის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თვისება ტენის ეფექტური მართვაა. ეს გულისხმობს კანის ზედაპირიდან ოფლის სწრაფ ტრანსპორტირებას ქსოვილის გარეთა ფენებში და შემდეგ – აორთქლებას. როდესაც ტენი დროულად არ სცილდება კანს, ის ქმნის სისველის უსიამოვნო შეგრძნებას, რაც მკვეთრად ზრდის ენერგიის კარგვისა და სხეულის გადაცივების (ჰიპოთერმიის) რისკს (სველი კანი სითბოს დაახლოებით 25-ჯერ სწრაფად კარგავს, ვიდრე მშრალი), განსაკუთრებით – ქარიან ან ყინვიან ამინდში.
ჩვეულებრივი სამოსი (მაგალითად, ბამბის მაისური) ოფლს იწოვს, სველდება და ცივ ფენად ეკვრის კანს, რაც ხშირად გადაცივების მთავარი მიზეზია, თერმოტანსაცმელი კი სითხეს არ ისრუტავს – სპეციალური კაპილარული მექანიზმის (მიკრობოჭკოებს შორის არსებული პაწაწინა არხების) მეშვეობით ოფლი კანის ზედაპირიდან ქსოვილის გარეთა ფენებში გადადის, საიდანაც სწრაფად ორთქლდება.
თერმოტანსაცმლის კიდევ ერთი დიდი ღირსება მისი სიმსუბუქე და კომპაქტურობაა. სპაციფიკური სტრუქტურის წყალობით მას შეუძლია, ერთსა და იმავე დროს იყოს ძალიან თხელიც და წარმოუდგენლად თბილიც, რაც საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ სითბო ტანსაცმლის ზედმეტი ფენების გარეშე. იდეალურად მორგებული სამოსი კანივით ეკვრის სხეულს, რის გამოც მისი ტარება ადვილია როგორც ყოველდღიური, ისე სპორტული ტანსაცმლის ქვეშაც. ელასტიკური მასალა კი სხეულის ანატომიას იმეორებს, არ ზღუდავს მოძრაობას და უზრუნველყოფს მოქმედების სრულ თავისუფლებას. გარდა ამისა, ბევრი თანამედროვე თერმული ქსოვილი დამუშავებულია ანტიბაქტერიული ტექნოლოგიით (მაგალითად, ვერცხლის იონებით), რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და საგრძნობლად ამცირებს უსიამოვნო სუნის წარმოქმნის ალბათობას ხანგრძლივი ტარებისას.
მასალა
თერმული ტანსაცმლის დასამზადებლად გამოიყენება როგორც სინთეტიკური ბოჭკო – პოლიესტერი, პოლიამიდი და ელასტანი, ისე ბუნებრივი მასალაც – მერინოსის მატყლი (უმეტესად) და ქაშმირი.
მერინოსის მატყლის ბოჭკო, ჩვეულებრივი ცხვრის მატყლისგან განსხვავებით, იმდენად თხელია, რომ არ იწვევს კანის გაღიზიანებას (ფხაჭნას). აქვს უნიკალური თერმორეგულაციის უნარი, შეუძლია დიდი რაოდენობის ტენის შეწოვა ისე, რომ შეხებისას სისველის შეგრძნება არ წარმოიშვას, ზამთარში სითბოს ინარჩუნებს, ხოლო ზაფხულში სიგრილის ეფექტს ქმნის. კერატინის შემცველობის წყალობით მასში ბაქტერიები ძნელად მრავლდებიან, ამიტომ უსიამოვნო სუნი რამდენიმედღიანი ტარების შემდეგაც კი არ ჩნდება. თუმცა ნაკლიც აქვს: ძვირია, სინთეტიკასთან შედარებით ნელა შრება და სპეციფიკურ მოვლას მოითხოვს.
ამ თვისებების გამო მერინოსის მატყლისგან დამზადებული თერმოტანსაცმელი საუკეთესოა ზომიერი აქტივობისას, ლაშქრობისას, ასევე ყოველდღიური მოხმარებისთვის.
სინთეტიკური ბოჭკოებიდან თერმოტანსაცმლისთვის ფართოდ გამოიყენება პოლიესტერი. ის პრაქტიკულად არ იწოვს ტენს, ოფლი მყისიერად გადადის ქსოვილის გარეთა ფენებში. ბაზარზე არსებულ მასალებს შორის პოლიესტერი ყველაზე სწრაფად შრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური სპორტული დატვირთვის დროს, რათა სველმა სამოსმა სხეული არ გააცივოს. პოლიესტერი მაღალი გამძლეობით გამოირჩევა: არ იწელება, მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც ინაჩუნებს ფორმას და მდგრადია ხახუნის მიმართ (მაგალითად, ზურგჩანთის თასმების ქვეშ). პოლიესტერი მერინოსზე გაცილებით ბიუჯეტურია, რაც მას ფართო მოხმარებისთვის მიმზიდველს ხდის.
პოლიესტერის ყველაზე დიდი ნაკლი მასში ბაქტერიების სწრაფი გამრავლებაა, რის გამოც ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ სამოსს მალევე უჩნდება ოფლის სუნი, თუ სპეციალური ანტიბაქტერიული ტექნოლოგიით არ არის დამუშავებული. პასიური მოძრაობისას 100%-იანი პოლიესტერი ისე ვერ ინარჩუნებს სითბოს, როგორც მერინოსის მატყლი გარდა ამისა, ის ადვილად იმუხტება, რაც დისკომფორტს ქმნის.
პოლიესტერი საუკეთესო არჩევანია, როცა საჭიროა მნიშვნელოვანი ოდენობის ტენის სწრაფი გამოდევნა და სწრაფი გაშრობა, მაგალითად, აქტიური სპორტული დატვირთვის – სირბილის, ველოსიპედით რბოლის, ინტენსიური ვარჯიშის დროს, როცა ოფლი უხვად გამოიყოფა. არ არის რეკომენდებული ძალიან ცივ ამინდში მშვიდი სეირნობისას, არც ისეთი აქტივობისას, როცა დიდხანს გიწევთ ერთ ადგილზე დგომა.
მწარმოებლები ხშირად იყენებენ სპანდექსს ან ელასტინს სხვა მასალასთან კომბინაციაში. ეს ბოჭკოები ქსოვილს ელასტიკურობას ანიჭებს – მჭიდროდ ერგება სხეულს და არ ზღუდავს მოძრაობას.
შევაჯამოთ:
* თუ თქვენი პრიორიტეტი ოფლიანობის კარგი კონტროლია, სინთეტიკური მასალა საუკეთესო არჩევანია.
* თუ ტემპერატურის რეგულირება გსურთ, უპირატესობა მერინოსის მატყლს მიანიჭეთ.
ჰიბრიდული მოდელები
მაქსიმალური ეფექტურობისთვის მწარმოებლებმა შექმნეს ჰიბრიდული მოდელები. ასეთი ქსოვილი აერთიანებს ბუნებრივი ბოჭკოს (ძირითადად მერინოსის მატყლის) და მაღალტექნოლოგიური სინთეტიკის საუკეთესო თვისებებს: მატყლის უნარს – შეინარჩუნოს სითბო და სინთეტიკისას – სწრაფად გამოდევნოს ტენი. შედეგად, ჰიბრიდული ქსოვილი გაცილებით სწრაფად შრება, ვიდრე 100%-იანი მატყლის სამოსი და ამავე დროს სითბოს უკეთ ინარჩუნებს, ვიდრე 100%-იანი სინთეტიკისა. გარდა ამისა, უფრო გამძლეა, შესანიშნავად ინაჩუნებს ფორმას და კომფორტულად ერგება სხეულს.
თუ ეძებთ სამოსს, რომელიც ერთნაირად ეფექტური იქნება როგორც სირბილისას, ისე მშვიდი სეირნობის დროს, ჰიბრიდული მოდელები საუკეთესო არჩევანია.
რისკები
დაბალი ხარისხის სინთეტიკურმა მასალებმა და იაფფასიანმა საღებავებმა განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია, მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი.
როგორც უკვე ვთქვით, უსიამოვნო სუნის შესამცირებლად ბევრი მწარმოებელი ქსოვილს ვერცხლის იონებს ამატებს. ზოგიერთი კვლევის, მათ შორის – გერმანიის რისკების შეფასების ფედერალური ინსტიტუტის (BfR – Federal Institute for Risk Assessment), მონაცემები მიუთითებს, რომ ხანგრძლივი გამოყენების ან ხშირი რეცხვის შედეგად ვერცხლის მიკრონაწილაკები შესაძლოა გამოიყოს ქსოვილიდან და კონტაქტში შევიდეს კანთან, რაც კანის მიკროფლორაზე არასასურველ გავლენას მოახდენს.
***
სასარგებლო რჩევები
შეამოწმეთ მარკირება
სასურველია, თერმოტანსაცმელს ჰქონდეს OEKO-TEX® შტანდარდ 100-ის მარკირება, რომელიც ტექსტილის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად მიიჩნევა. OEKO-TEX® შტანდარდ 100 საერთაშორისო და დამოუკიდებელი სერტიფიკატია, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შემოწმებულია და არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს, მათ შორის – მძიმე მეტალებს, პესტიციდებს, ფორმალდეჰიდს, ალერგენებს, კანცეროგენულ საღებავებსა და სხვა ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთებს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თერმოტანსაცმლის შემთხვევაში, რადგან ის უშუალოდ კანს ეხება, სითბო და ოფლიანობა კი ზრდის ქიმიური ნივთიერებების კანში შეღწევის რისკს. სწორედ ამიტომ OEKO-TEX®-ის მიერ სერტიფიცირებული პროდუქტი განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისა და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის.
თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ OEKO-TEX® შტანდარდ 100 ავტომატურად არ ნიშნავს თერმორეგულაციის ან ტენის გამოდევნის უკეთეს ეფექტს. ეს სერტიფიკატი აფასებს ტექსტილის უსაფრთხოებას ჯანმრთელობისთვის და არა მის ტექნიკურ ან სპორტულ მახასიათებლებს.
საუკეთესო არჩევანია თერმოტანსაცმელი, რომელსაც როგორც უსაფრთხოების, ისე ფუნქციური ხარისხის დამადასტურებელი რამდენიმე სერტიფიკატი აქვს.
შეაფასეთ შეხებით
ხარისხიანი თერმოტანსაცმელი უნდა იყოს ნაზი, გლუვი და მჭიდროდ ნაქსოვი. სასურველია, იყოს უნაკერო ან ჰქონდეს ბრტყელი, რბილი ნაკერი, რათა კანი არ გააღიზიანოს.
გაითვალისწინეთ დანიშნულება
თერმოტანსაცმლის არჩევისას გაითვალისწინეთ მისი დანიშნულება. გახსოვდეთ, რომ სინთეტიკური მასალა საუკეთესოა აქტიური ვარჯიშისთვის, ხოლო მერინოსის მატყლი – ზომიერი აქტივობისთვის, მშვიდი სეირნობისა და ყოველდღიური მოხმარებისთვის.
მოუარეთ შესაბამისად
თერმოტანსაცმელი ძვირად ღირებული ინვესტიციაა, რომელიც არასწორი მოვლის შემთხვევაში ადვილად კარგავს ფუნქციურ თვისებებს. იმისთვის, რომ სამოსმა თერმორეგულაციისა და ტენის მართვის უნარი შეინარჩუნოს, გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:
* რეცხვისას ნუ გამოიყენებთ დამარბილებელს (Conditioner). ის თხელ ფენას ქმნის ბოჭკოებზე და ლუქავს ფორებს. შედეგად თერმოტანსაცმელი კარგავს სუნთქვისა და ოფლის ეფექტურად გამოდევნის უნარს.
* რეცხეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურის წყალში. მაღალი ტემპერატურა აზიანებს როგორც სინთეტიკურ ბოჭკოს, ისე მერინოსის მატყლის ბუნებრივ სტრუქტურას.
* გააშრეთ ჰაერზე და არა საშრობში. მაღალი ტემპერატურა იწვევს ბოჭკოების დეფორმაციას, ამცირებს სამოსის ელასტიკურობასა და ექსპლუატაციის ვადას.
მერინოსის მატყლი რეცხეთ მხოლოდ მატყლისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებებით, რათა არ დაზიანდეს ლანოლინი – ბუნებრივი დამცავი ფენა, რომელიც პასუხისმგებელია თერმორეგულაციასა და ანტიბაქტერიულ თვისებებზე.
ჯილდა გაჩეჩილაძე







