პეტრე მერაბიშვილი – ქართველი ექიმი ეთიოპიაში
Share:
პეტრე მერაბიშვილი გამორჩეული ფიგურაა ქართული მედიცინის ისტორიაში. ეს არის ექიმი, რომლის პროფესიული გზა საქართველოს, მერე კი ევროპის საზღვრებსაც გასცდა. ის იმ ქართველ ინტელექტუალთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს.
ყრმობის წლები
პეტრე მერაბიშვილი 1876 წლის 22 სექტემბერს მესხეთში, სოფელ უდეში დაიბადა. მამამისი, პავლე მერაბიშვილი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. მასვე დაუარსებია უდეში პირველი ბიბლიოთეკა-სამკითხველო.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, მერაბიშვილების გვარი მერაბ ხურციძისგან იღებს სათავეს. სამხრეთ საქართველოში ფრანგი მისიონერების შემოსვლასთან ერთად კათოლიკურმა სარწმუნოებამაც მოიკიდა ფეხი. XVIII საუკუნის დასაწყისიდან ხურციძეების ნაწილი კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადავიდა. სწორედ ამ შტოს ეკუთვნის პეტრე მერაბიშვილიც.
პეტრეს მამა არაფერს იშურებდა, რომ მის შვილებს სწავლა-განათლება საზღვარგარეთ მიეღოთ. ოჯახში ექვსი ბავშვი იზრდებოდა. ორი მათგანი სასულიერო პირი გახდა: მღვდელი იოსებ მერაბიშვილი (პატრი მერაბი), რომელმაც სასულიერო განათლება პარიზის წმინდა ლაზარეს ეკლესიის სასწავლებელში მიიღო, შემდგომ კონსტანტინოპოლის ქართული სემინარიის რექტორი გახდა; ტერეზა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში მონაზვნად აღიკვეცა.
ივანემ (ჟან მერაბი) პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ სამშობლოში მოღვაწეობდა. პარიზში სწავლობდნენ მიხეილი და იაკობიც.
12 წლის პეტრე მერაბიშვილი კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში გაგზავნეს განათლების მისაღებად. ეს სავანე 1861 წელს ახალციხელმა აბატმა პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა. მონასტერთან იყო ქართულ-ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები, სადაც უმთავრესად სამცხე-ჯავახეთიდან ჩასული მოზარდები სწავლობდნენ. ზოგად განათლებასთან ერთად, აქ ისწავლებოდა სამედიცინო საქმე და წამლების მომზადება-გამოყენებაც. პეტრეს უფროსი ძმა იოსები იმ დროს უკვე ამ სავანეში მოღვაწეობდა.
პეტრემ ბაკალავრის წოდებით დაამთავრა ოტომანთა საიმპერატორო ლიცეუმი და 1899 წელს პარიზში გაემგზავრა.
ადრეული წლები
XIX საუკუნის ბოლო ის ეპოქაა, როცა ყალიბდება კლინიკური მედიცინის თანამედროვე პრინციპები, ვითარდება ქირურგია, ინფექციური დაავადებების კვლევის მეთოდები, ანატომია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა. პარიზი იმ დროს მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი დედაქალაქი გახლდათ და მისი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლა არა მხოლოდ პრესტიჟული, არამედ საკმაოდ რთულიც იყო.
პეტრე მერაბიშვილის სტუდენტობის წლები დაემთხვა პერიოდს, როდესაც ევროპაში უკვე აქტიურად განიხილებოდა ბაქტერიოლოგიისა და ანტისეპტიკის საკითხები, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები. პარიზმა ქართველ ექიმს ფართო სამეცნიერო ხედვა და დიდი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა. პეტრე მერაბიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დოქტორის ხარისხით დაამთავრა და უმაღლესი რანგის მედიკოსად ჩამოყალიბდა.
სწავლის დასრულების შემდეგ პეტრე ჯერ კონსტანტინოპოლში გაემგზავრა სამუშაოდ, მერე კი ეთიოპიაში, სადაც 26 წელი დაყო. წლების განმავლობაში იყო ეთიოპიის (აბისინიის) მეფის მენელიქ II-ს პირადი ექიმი. ერთმანეთი საფრანგეთში გაიცნეს. ვინაიდან ეთიოპია იმხანად საფრანგეთის დომინიონი იყო, მეფე პარიზში ხშირად ჩადიოდა. სწორედ იქ განკურნა პეტრე მერაბიშვილმა მოწამლული მენელიქ II. ამის შემდეგ მეფემ "დოქტორი მერაბი" თავის ქვეყანაში მიიწვია და ქვეყნის პირველი ექიმის თანამდებობა უბოძა.
საქართველოსთვის
XX საუკუნის დასაწყისში ეთიოპია აფრიკის იმ მცირერიცხოვან ქვეყანათაგანი იყო, რომლებმაც დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეძლეს. მონარქი აქტიურად ცდილობდა სახელმწიფოს მოდერნიზაციას და კარგად ხვდებოდა, რა დიდი როლის შესრულება შეეძლოთ ამ პროცესში უცხოელ სპეციალისტებს, მათ შორის ექიმებს. 1910 წლის პირველ დეკემბერს პეტრე მერაბიშვილმა ადის-აბებაში, თავის საცხოვრებელ სახლში, პირველი აფთიაქი გახსნა და "La Georgie" ("საქართველო") დაარქვა.
"მაქვს პატივი, ვიყო მეფე მენელიქ მეორის პირადი ექიმი და ამავე დროს პასუხისმგებელი სასახლეში არსებული დისპანსერის (სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება) სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებაზე, სადაც ყოველდღიურად ოცზე მეტ პაციენტს ვაკვირდები სხვადასხვაგვარად. გაოცებული ვარ, რა სრულყოფილი ჯანმრთელობა, ჯანსაღი გონება და სხეული აქვს ამ მამაც აბისინიელ ხალხს, რომელიც, მიუხედავად ამისა, უარყოფილია ყველა ასპექტში“, – ნათქვამია პეტრე მერაბიშვილის ნაშრომში "მედიკოსები და მედიცინა ეთიოპიაში", რომელიც ფრანგულ ენაზე 1912 წელს გამოიცა.
იმ დროს ეთიოპიაში სამედიცინო საქმიანობა უკიდურესად რთული იყო. ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიები, მძიმე კლიმატური პირობები და მწირი სამედიცინო ინფრასტრუქტურა ექიმებისგან არა მხოლოდ ფართო პროფესიულ ცოდნას, არამედ დიდ გამძლეობასაც მოითხოვდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით პეტრე მერაბიშვილმა პოლიკლინიკები პარიზსა და კონსტანტინეპოლშიც გახსნა.
"ეთიოპიაში ჩემი საქმიანობა მხოლოდ პროფესიული ვალდებულება როდია, – ვკითხულობთ მის პირად ჩანაწერებში, – ის წარმოადგენს ევროპულ მედიცინასა და აფრიკულ რეალობას შორის გადებულ კულტურულ და სამეცნიერო ხიდს. ამ პროცესებში ქართველი ექიმის მონაწილეობა ნათლად აჩვენებს, რომ ქართველ სპეციალისტებს შეუძლიათ, ყველაზე განსხვავებულ და რთულ გარემოშიც კი ღირსეულად იმუშაონ".
პირველი მსოფლიო ომის დროს "დოქტორი მერაბი“ პარიზის სამხედრო ჰოსპიტალში მოხალისედ მუშაობდა. ამავე პერიოდში, 1914–1919 წლებში, საქართველოდან ლტოლვილი ქართველებისთვის შექმნილ საქველმოქმედო საზოგადოებას აფინანსებდა. ეს საზოგადოება ეხმარებოდა თურქეთის ქართულ ეკლესია-მონასტრებთან არსებულ მშიერთა და უსახლკაროთა თავშესაფრებს. შემდეგში სწორედ ის ზრუნავდა ევროპაში გახიზნული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრებზე, რომელთა დიდი ნაწილი ულუკმაპუროდ დარჩა. საარქივო მასალა იუწყება, რომ ამ საქველმოქმედო საზოგადოების იმედად იყო დარჩენილი ცნობილი საზოგადო მოღვაწის გიორგი ყაზბეგის სტამბოლში გახიზნული ოჯახიც.
მემკვიდრეობა
1922 წლის 24 თებერვალს პარიზში პეტრე მერაბიშვილმა ჟანინ ლემიერზე იქორწინა და მასთან ერთად დაბრუნდა ადის-აბებაში. მათი თანაცხოვრება ხუთ წელს გაგრძელდა, 1927 წელს ლემიერი გარდაიცვალა. ის გულელეს კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს. 1929 წლის 16 თებერვალს პეტრე მერაბიშვილი საბოლოოდ დაბრუნდა პარიზში, სადაც ცოლის ნათესავებთან ქონების გაყოფის გამო მრავალი უსიამოვნება შეხვდა.
1930 წლის 13 ნოემბერს დოქტორი მერაბი უეცრად გარდაიცვალა თავის სამუშაო მაგიდასთან. იმ დროს ის 54 წლისა იყო. დაკრძალულია პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
პეტრე მერაბიშვილი იკვლევდა ეთიოპიის გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული, ისტორიული და ხალხური მედიცინის საკითხებს, აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს, ფრანგულ ენაზე გამოსცემდა სამედიცინო და სამეცნიერო წიგნებს. მის კალამს ეკუთვნის: "ეთიოპიის მედიკოსები და მედიცინა" (გამოქვეყნდა პარიზში 1912 წელს), "შთაბეჭდილებები ეთიოპიაზე" (მხოლოდ 3 ტომი გამოქვეყნდა პარიზში 1921-1929 წლებში). პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება პეტრე მერაბიშვილის გამოუქვეყნებელი ნაშრომების ხელნაწერები: "შთაბეჭდილებები" (V და VI ტომები), "სამედიცინო ბოტანიკა", "უცხოელი ავტორები საქართველოს შესახებ". მის ნაშრომებს აღმოაჩენთ ბერლინის, ჰამბურგის, ვარშავისა და ადის-აბებას ბიბლიოთეკებშიც.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმის უმდიდრესი სამეცნიერო და ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ პირველი ცნობა საქართველოში პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ იოსებ ნონეშვილმა ჩამოიტანა. ის 1966 წელს იმყოფებოდა ადის-აბებაში, მოინახულა აფთიაქი "La Georgie" და პეტრე მერაბიშვილის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა, რომლის ფრაგმენტს აქვე გთავაზობთ:
საუკუნეზე მეტი გასულა,
რაც მიატოვე სოფელი უდე,
მთები გადმოსჭერ, ზღვა გადმოსცურე
აბისინიის ცას შეებუდე.
შენ საფრანგეთში მკურნალი გახდი
და ყვავ-ყორნებით გულდაკაწრული,
გელოდებოდა მშობელი ხალხი,
შენი უდე და შენი აწყური.
მაგრამ დასტოვე შენი სოფელი,
თითქოს იქ ყველა გყავდა ჯანმრთელი...
ბინად დაიდე ეთიოპიის,
უდაბნოს ქვიშა, მთების კალთები.
აქ ლაზარეთი გახსენ პირველად
და აფთიაქიც გახსენ პირველი,
იდექი მაშვრალთ, სნეულთ იმედად,
შემბრალებელი და შემწირველი...
მაგრამ ვის ახსოვს შენი ამაგი,
შენი ღვაწლი და შენი სახელი...
აღარსად შეგრჩა ტოლ-ამხანაგი,
დამტირებელი და დამმარხველი.
შენი ამბავი ვერვინ მიამბო,
მოდი, შენ მაინც რამე მითხარი,
აქ “საქართველო” ისე კიაფობს,
როგორც ქარაგმა წაუკითხავი.
მარი მარღანია







