ალეკო შუღლაძე: რატომ ვატარებთ ჩვენს წილ ტკივილს ამ ქვეყანაზე

Share:

“წერას მაშინ იწყებ, როცა ტკივილი გაქვს ამოუთქმელი... როგორც ჩანს, სათქმელი მეც დამიგროვდაო”, – მითხრა მწერალმა ალეკო შუღლაძემ. მწერლობას მართლა არ აპირებდა. ჯერ საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობდა. პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე რეჟისურას დაეუფლა და კინემატოგრაფით დაინტერესდა, მაგრამ გადაღება დიდ ფინანსებს მოითხოვდა, კინო კი საქართველოში გაიყინა... ხელოვნებაში თავი რომ გამოევლინა, წერა დაიწყო, თანაც იმ დროს, როდესაც ყოველდღიური საარსებო სახსრისთვის ორხევში, საამქროში, ყინვასა და ქარში მუშაობდა. ჯერ სცენარებს წერდა, მერე მოთხრობებსა და რომანებზე გადავიდა. საბოლოოდ თავისი სათქმელი ადამიანურ ურთიერთობებზე, ძალმომრეობაზე, ტანჯვისთვის მოვლენილ ადამიანებზე, ბედნიერებაზე, რომელიც ტკივილიდან ტკივილამდე ამოსუნთქვას ჰგავს, ისევ მწერლის კალმით გადმოგვცა.

ალეკო შუღლაძე სამი რომანისა და მოთხრობათა ოთხი კრებულის ავტორია. კიდევ უფრო პოპულარულია როგორც ფეისბუქბლოგერი. წერს კონკრეტული აუდიტორიისთვის, თუმცა მიაჩნია, რომ ციფრულ ბაზარზე უმეტესად იუმორისტულ მსუბუქ, ზედაპირულ ტექსტებზეა მოთხოვნა. იუმორის განსაკუთრებული გრძნობა კი ბავშვობიდან მოჰყვება – გურიაში გატარებულმა ზაფხულებმა წარუშლელი კვალი დატოვა მის ცნობიერებაში.

ლიტერატურული კონკურსები

პირველი ჯილდო 2001 წელს მიიღო – მისმა მოთხრობამ "პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის" მერიის სპეციალური პრიზი დაიმსახურა, 2017 წელს კი რომანისთვის "გადამალვა" ლიტერატურული პრემია "საბა" მოიპოვა. მისი მოთხრობების კრებული “ლაბირინთი მანუელისთვის” “ლიტერას” 2021 წლის გამარჯვებულია.

მიაჩნია, რომ წიგნს ყველა თავისებურად გრძნობს და აღიქვამს, ლიტერატურული კონკურსის ჟიურიც ჩვეულებრივი მკითხველებისგან შედგება და, თავისთავად ცხადია, მათი შეფასებებიც სუბიექტურია. თავად შეფასების უტყუარი ინდიკატორი აქვს – ტექსტს რამდენიმე მეგობარს აკითხებს და მათი რეაქციისა და შენიშვნების მიხედვით ხვეწს დეტალებს.

წიგნისკაცი

ლიტერატურის სიყვარული წიგნისკაცობად ექცა, რაც ერთდროულად ავტორობას, მკითხველობას და წიგნის აუდიტორიის ინტერესებისა და მოთხოვნების შესწავლაში ეხმარება; როგორც მკითხველი, სხვა ავტორებს ეცნობა და ხანდახან შთაგონებასაც იღებს მათგან; როგორც ავტორი, უმეტესად პირველ პირში წერს, პირად გამოცდილებაზე გვიყვება და პერსონაჟებსაც ხშირად ანიჭებს საკუთარ თვისებებს.

– ხანდახან უბრალოდ მინდა, რაღაცას მოვყვე, თუმცა არის მომენტები, როდესაც ვცდილობ, რაღაც სიმძიმისგან – კომპლექსებისგან, სირთულეებისგან დავიცალო, ამოვთქვა და გავთავისუფლდე. ჩემს წიგნებში ბევრს ვსაუბრობ სულიერებაზე; ვცდილობ, პასუხი გავცე კითხვას: რატომ ან რისთვის ვცხოვრობთ, რატომ ან რისთვის ვატარებთ ჩვენს წილ ტკივილს ამ ქვეყანაზე; როგორ დავეხმაროთ სულს ბედნიერების განცდაში. ვცდილობ, გულწრფელი ვიყო, რადგან ხელოვნებაში, განსაკუთრებით ლიტერატურაში, გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.

მიაჩნია, რომ დროსთან ერთად მწერალი იზრდება, მდიდრდება მისი ცნობიერებაც და საკუთარი ნაწარმოების უცხო თვალით წაკითხვაც შეუძლია.

წიგნი მკითხველსაც ზრდის. მაგალითად, "სამსარაში" მთხრობელია ნეოფიტი – პერსონაჟი, რომელიც მიახლოებულია მაღალ ცნობიერებასთან, მაგრამ, როგორც მწერალი ამბობს, ფილოსოფიურ კითხვებზე პირდაპირი პასუხები მკითხველს არ უყვარს.

დეტალები მოთხრობებისთვის

– ერთბაშად, ერთი ამოსუნთქვით, წიგნი იშვიათად იწერება. ჯერ იდეა ჩნდება, ჩონჩხი, რომელსაც მერე ნელ-ნელა ვასხამ ხორცს. მაქვს ფაილი, რომელსაც "დეტალები მოთხრობებისთვის" დავარქვი, იქ ვინახავ საინტერესო სიუჟეტებს, ამბებს, ფრაზებს, იდეებს... როცა არ ვწერ, მაშინაც ვწერ გონებაში.

უნდა ვთქვა ისიც, რომ მწერალს გარკვეული პირობები სჭირდება, მით უმეტეს, როცა ოჯახი აქვს და მის მატერიალურ უზრუნველყოფაზეც უწევს ფიქრი.

აღმოსავლური სიბრძნე

– წლების წინ აღმოსავლური ფილოსოფიით, რელიგიებით და ვედური სწავლებით დავინტერესდი. შევეცადე, ჩემი გზა და ცხოვრების აზრი მეპოვა. დღეს ახიმსას პრინციპით ვცხოვრობ, რომელიც ძალადობისა და ძალმომრეობის უარყოფას გულისხმობს, ამიტომ უკვე დიდი ხანია, ვეგეტარიანელი ვარ. ცოცხალი არსების არათუ მოკვლა, მისთვის ზიანის მიყენებაც კი არ შემიძლია, თუმცა ეს გზა არ არის ადვილი... ბჰაქტი-იოგას მიმდევარი ვარ. "ბჰაქტი" სიყვარულს ნიშნავს, "იოგა" – კავშირს. ეს სულიერი სრულყოფის, უფალთან დაახლოების გზაა.

მოგზაურობა

– მოგზაურობაც მას შემდეგ დავიწყე, რაც აღმოსავლური კულტურით დავინტერესდი. პირველად ინდოეთში გავემგზავრე გურუს გასაცნობად. მას შემდეგ ხშირად ჩავდივარ და დამყავს ტურისტული ჯგუფებიც, ვცდილობ, არა მარტო მოგზაურის, არამედ პილიგრიმის თვალითაც დავანახვო ეს ქვეყანა.

დასავლეთში ჩემი მოგზაურობა უმეტესად პროექტ "ცოცხალ წიგნებს" უკავშირდება. ვიყავი იტალიაში, ისრაელში. ხშირად ჩავდიოდი გერმანიაში, წიგნის ფესტივალებზე ჩემი რომანების წარსადგენად, რომლებიც გერმანულ და ინგლისურ ენებზე ითარგმნა. ჩემთვის ევროპა უმეტესად ხელოვნებასა და ლიტერატურასთან, აღმოსავლეთი კი სულიერებასთან ასოცირდება. ინდონეზიაშიც გახლდით – ბალიზე, ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, სადაც მომხსენებელი ვიყავი თემაზე "კარმა".

მწამს, რომ კარმის შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელია – რაც განგებით გასავლელია, უცილობლად მოხდება.

შვილები

– მიხარია, რომ ჩემი შვილები არა მხოლოდ მსოფლმხედველობრივად, არამედ ხელოვნების სიყვარულითაც ჩემი თანამოაზრეები არიან – ორივემ კინო აირჩია საქმიანობის სფეროდ. ვაჟი ასტროფოტოგრაფიითაც არის გატაცებული.

მიზანი

– ჩემი მიზანია, ამქვეყნიური ცხოვრება მაქსიმალურად გააზრებულად გავატარო, რომ დაბადება-სიკვდილის ციკლში მომდევნო ცხოვრება უფრო მაღალ საფეხურზე განვვლო და საბოლოოდ გავარღვიო სამსარას წრე.

თამარ ციბალაშვილი

Share: