ჯანსაღი კლიმატი სახლში
Share:
სახლის მოწყობისას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ ინტერიერის დიზაინს, ავეჯის კომფორტულობას და გამძლეობას, ტექნოლოგიური მოწყობილობების ფუნქციურობასა და სანდოობას, მაგრამ გვავიწყდება ის, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია – ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ.
სახლის მიკროკლიმატი პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე, პროდუქტიულობასა და ზოგად კეთილდღეობაზე.
მოდი, გავიგოთ, როგორი უნდა იყოს ოპტიმალური საცხოვრებელი გარემო და როგორ შევქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო კლიმატი სახლში.
რა ქმნის შიდა კლიმატს
შიდა კლიმატი უმთავრესად ოთახის ტემპერატურითა და ტენიანობით განისაზღვრება, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც არანაკლებ როლს ასრულებს ჯანსაღი კლიმატის შექმნაში:
- ჰაერის შემადგენლობა;
- ვენტილაცია;
- სინათლე;
- ინტერიერში გამოყენებული მასალა.
იდეალური შიდა კლიმატის ფორმულაა: კომფორტულ ტემპერატურას + ოპტიმალური ტენიანობა + სუფთა ჰაერი.
რას აშავებს არაჯანსაღი მიკროკლიმატი
არაჯანსაღი შიდა კლიმატი ხშირად შეუმჩნეველ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ კომფორტსა და შრომისუნარიანობაზე.
მეტისმეტად დაბალი ან მეტისმეტად მაღალი ტემპერატურა, ჭარბი ტენიანობა (რაც ხელს უწყობს ობის გავრცელებას), არასათანადო ვენტილაცია, მტვერი და ჰაერში მოხვედრილი ქიმიკატების მავნე ნაწილაკები ზიანს აყენებს ჯანრთელობას და საგრძნობლად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
ასეთ პირობებში ხშირად ვითარდება:
* თავის ტკივილი. როცა ვენტილაცია ცუდია და ჰაერში მაღალია ნახშირორჟანგის დონე, ტვინი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს. არათანაბარი ტემპერატურა და დეჰიდრატაცია იწვევს კუნთების დაჭიმვას, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს თავის ტკივილს.
* სასუნთქი გზების გაღიზიანება. დაბალი ტენიანობა აშრობს ლორწოვან გარსებს და ზრდის ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ მგრძნობელობას.
* ალერგიის გამწვავება. მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს ობისა და სხვა სოკოების და მტვრის ტკიპების გამრავლებას, რაც ალერგიული რეაქციების, ასთმისა და რინიტის გამწვავების მთავარი მიზეზია.
* დაღლილობა და კონცენტრაციის დაქვეითება. ჰაერში CO₂-ის სიჭარბისას ტვინს საჭიროზე ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რაც ქრონიკულ დაღლილობას, ძილიანობას და შრომის ნაყოფიერების დაქვეითებას იწვევს.
* განწყობის ცვალებადობა. თერმული დისკომფორტი (სიცხე ან სიცივე) ზრდის გაღიზიანებადობას და არღვევს ემოციურ წონასწორობას.
*ძილის დარღვევა. ზედმეტად მაღალი ტემპერატურა ხელს უშლის სხეულის ბუნებრივ თერმორეგულაციას, ამის კვალობაზე, არღვევს ღრმა ძილის ფაზას და იწვევს უძილობას.
* ლორწოვანი გარსების გამოშრობა. დაბალი ტენიანობა იწვევს თვალების, ცხვირისა და ყელის ქრონიკულ სიმშრალესა და გაღიზიანებას.
ტემპერატურა
როგორია საცხოვრებელი სივრცისთვის იდეალური ტემპერატურა? გააჩნია ოთახის დანიშნულებას და ადამიანის თვითშეგრძნებას, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, არსებობს ჯანმრთელობისა და კომფორტის ოპტიმალური ზონა, რომლის შენარჩუნებაც რეკომენდებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ASHRAE (გამათბობლების, მაცივრებისა და კონდიციონერების მწარმოებელთა ამერიკული საზოგადოება) გვთავაზობენ შემდეგ სტანდარტებს:
ზოგადი ოპტიმალური დიაპაზონი
* ზამთრის პერიოდი (გათბობისას): 20-22 გრადუსი
• ზაფხულის პერიოდი (კონდიცირებისას): 23-26 გრადუსი (ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მინიმალური ტემპერატურაა 18 გრადუსი)
ოთახების მიხედვით
* მისაღები ოთახი – 21-22°C. კომფორტული ტემპერატურაა დასვენებისა და მინიმალური აქტივობისთვის.
* საწოლი ოთახი (ძილის დროს) – 18-20°C. ოდნავი სიგრილე აადვილებს სხეულის თერმორეგულაციას და ხელს უწყობს ღრმა, მშვიდ ძილს.
* სამუშაო ოთახი – 20-22°C. ხელს უწყობს ფსიქომოტორულ სიფხიზლეს და კონცენტრაციას.
* სამზარეულო – 19-21°C. სამზარეულოში სხვადასხვა ტექნიკის მოხმარების შედეგად ხშირად იწევს მაღლა ტემპერატურა, ამიტომ სასურველია, აქ შედარებით ზომიერი სითბო იყოს.
* საბავშვო ოთახი – 22-24°C. ბავშვებს, მით უმეტეს ახალშობილებს, თერმორეგულაცია არ აქვთ ჩამოყალიბებული, ამიტომ მათ უფრო მაღალი ტემპერატურა სჭირდებათ.
* სააბაზანო – 22-24°C, რათა ორგანიზმმა შხაპის ან აბაზანის შემდეგ მკვეთრი ტემპერატურული ცვლილება არ მიიღოს.
მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კომფორტის უზრუნველყოფაც. ოპტიმალურია ტემპერატურა, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის პერსონალურ საჭიროებებს და ესადაგება თვითშეგრძნებას. იმავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტემპერატურის სტაბილურობის შენარჩუნება – მისი მკვეთრი ცვალებადობა ორგანიზმისთვის სტრესის წყაროა.
თუ რამდენიმე დღით გადიხართ სახლიდან, რეკომენდებულია, გათბობის სისტემას სიმხურვალე დააკლოთ – ამით მხოლოდ გარემოს კი არ დაიცავთ, არამედ ენერგიის ხარჯებსაც შეამცირებთ. ოღონდ ტემპერატურა არ უნდა ჩამოვიდეს 14-16 გრადუსზე დაბლა, რომ სახლში ჭარბი ტენი არ დაგროვდეს. ტენის ხანგრძლივი სიჭარბე იდეალურ პირობებს ქმნის ობისა და სხვა სოკოების გამრავლებისთვის, ობი კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის როგორც შენობის სტრუქტურას, ისე ადამიანების ჯანმრთელობას.
ტენიანობა
ტენიანობა ჰაერისა და მასში შერეული წყლის ორთქლის თანაფარდობაა. მისი განსაზღვრისას გამოიყენება ორი ძირითადი ცნება: აბსოლუტური ტენიანობა და ფარდობითი ტენიანობა.
აბსოლუტური ტენიანობა გულისხმობს ჰაერში წყლის ორთქლის ფაქტობრივ მასას, განურჩევლად ტემპერატურისა. ის გვიჩვენებს, რამდენი გრამი წყლის ორთქლია ერთ კუბურ მეტრ ჰაერში.
თუმცა ამ მაჩვენებელს ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჰაერის მიერ წყლის ორთქლის შეკავების უნარი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტემპერატურაზე.
სწორედ ამას ასახავს ფარდობითი ტენიანობა. ეს არის ჰაერში არსებული წყლის ორთქლის რეალური რაოდენობის შეფარდება იმ მაქსიმალურ რაოდენობასთან, რაც ჰაერს შეუძლია დაიტიოს მოცემულ ტემპერატურაზე. ფარდობითი ტენიანობა პროცენტებში გამოისახება.
მაგალითად: 50% ფარდობითი ტენიანობა ნიშნავს, რომ ჰაერში არსებული ტენი წარმოადგენს იმ მაქსიმუმის ნახევარს, რასაც ჰაერი კონკრეტულ ტემპერატურაზე დაიტევდა.
თუ ოთახში აბსოლუტური ტენიანობა უცვლელია, მაგრამ ტემპერატურა იმატებს:
* ფარდობითი ტენიანობა მცირდება, რადგან თბილი ჰაერი მეტ ტენს იტევს.
თუ ტემპერატურა ეცემა:
* იმატებს ფარდობითი ტენიანობა, რადგან ცივი ჰაერი ნაკლებს ტენს იტევს.
ოპტიმალური ტენიანობა
ოპტიმალურად მიიჩნევა 50%-იანი (+/-10%) ფარდობითი ტენიანობა. სწორედ ეს დიაპაზონი უზრუნველყოფს ოპტიმალურ პირობებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე შენობის უსაფრთხოებისთვისაც. თუმცა იდეალური მაჩვენებლის შენარჩუნება ყოველთვის ადვილი არ არის. გარე კლიმატი, სეზონური ცვლილებები, სახლის ბინადართა ჩვევები და გამოყენებული სამშენებლო მასალის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დახურულ სივრცეში ტენიანობის დონეზე. შედეგად ჰაერი ხშირად ან ზედმეტად მშრალია, ან ზედმეტად ნოტიო.
ჰაერი უმთავრესად ზამთრის ცივ თვეებშია ზედმეტად მშრალი (<40%). ცივი ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა ბუნებრივად დაბალია. როდესაც ის თბება (ცენტრალური გათბობით, კონდიციონერით ან გამათბობლით), მისი ფარდობითი ტენიანობა მკვეთრად ეცემა. გაცხელებული ჰაერი აქტიურად იწოვს ტენს ყველაფრიდან, მათ შორის – ადამიანის კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.
ჰაერი უმთავრესად ზაფხულობით არის ზედმეტად ნოტიო (>60%). მაღალი ტემპერატურის პირობებში მას შეუძლია, მეტი ტენი შეიწოვოს. მაღალი ტენიანობა ზაფხულში ქმნის ნესტის შეგრძნებას და ხელს უწყობს ობის გავრცელებას.
ოთახის მიხედვით
შხაპის მიღება, მუშაობა, საჭმლის მომზადება, ძილი... სხვადასხვა აქტივობისთვის სხვადასხვა ოთახი გვაქვს. სხვადასხვა აქტივობისთვის ტენიანობის სხვადასხვა დონეა ოპტიმალური:
* მისაღებ და სამუშაო ოთახებში – 40%-დან 60%-მდე.
* საძინებლისთვის საუკეთესო მაჩვენებელი 40-60%-მდეა. თუ ფანჯრებდახურულ ოთახში გძინავთ, უმჯობესია, მაჩვენებელი ქვედა ზღვარზე იყოს, რადგან ტენიანობას სუნთქვისას გამოყოფილი ორთქლიც ზრდის. რაც უფრო მეტ ადამიანს სძინავს ოთახში და რაც უფრო პატარაა ის, მით მეტი ტენი გროვდება ჰაერში. დილაობით ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ ორთქლით დაბურული ფანჯრები – ეს იმას ნიშნავს, რომ ოთახში მაღალი ტენიანობაა.
* ბავშვების სასუნთქი სისტემა უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ აუცილებელია, საბავშვო ოთახში სტაბილური – 45-დან 60 პროცენტამდე – ტენიანობა შეინარჩუნოთ.
* წესისამებრ, ჰაერი სამზარეულოშიც ოდნავ უფრო ნოტიოა, რადგან საჭმლის მომზადებისა თუ ჭურჭლის რეცხვის პროცესშიც ბევრი ორთქლი წარმოიქმნება. ფარდობითი ტენიანობა აქ პერიოდულად 60%-ს აჭარბებს, რაც ნორმალურია, მაგრამ საჭიროა სწრაფი და ეფექტური ვენტილაცია, რათა მაჩვენებელი მალევე დაუბრუნდეს 60%-ს.
* ტენიანობა მაღალია სააბაზანოშიც, ამიტომ იქ ტემპერატურა ოდნავ მაღალი უნდა იყოს (23°ჩ-24°ჩ), რათა ჰაერმა მეტი წყალი შეიწოვოს და ტენიანობამ დიდი ხნის განმავლობაში არ გადააჭარბოს დასაშვებ ზღვარს (60%). აუცილებელია რეგულარული ვენტილაციაც, რათა წყლის ჭარბი ორთქლის წარმოქმნა თავიდან ავიცილოთ.
* სარდაფი ყველაზე მეტად არის მიდრეკილი მაღალი ტენიანობისკენ, ამიტომ იქ ხშირად გვიწევს ჭარბ ტენთან ბრძოლა. სასურველია, ტენიანობამ 65%-ს არ გადააჭარბოს.
ტენიანობა სპეციალური ხელსაწყოთი – ჰიგრომეტრით იზომება.
მეტი ბუნებრივი განათება
ნათელ და მზიან ოთახში ყოფნა ამაღლებს განწყობას და ამცირებს სტრესს. ბუნებრივი განათება აუცილებელია ადამიანის ცირკადული რიტმის (შინაგანი ბიოლოგიური საათის) რეგულირებისთვის. სინათლის ადეკვატური დოზა დღისით სტრესის ჰორმონების (კორტიზოლი) მართვაში ეხმარება ორგანიზმს, საღამოობით კი მელატონინის (ძილის ჰორმონი) გამომუშავებაში.
სწორი განათება თვალების ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია. ბუნებრივი სინათლე თვალებისთვის უფრო ჯანსაღია, ვიდრე ხელოვნური. სინათლის ოპტიმალური ინტენსივობა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვაა. ოთახის დანიშნულების მიხედვით, საცხოვრებელ სივრცეში რეკომენდებულია დაახლოებით 100-500 ლუქსი (საკითხავ ზონაში 750 ლუქსიც შეიძლება) ინტენსივობის განათება. ფერები თბილი ჯობია – თვალისთვის უფრო სასიამოვნოდ აღიქმება.
სასარგებლო რჩევები
* იდეალურ შემთხვევაში, დღეში რამდენჯერმე გაანიავეთ ოთახი მოკლე პერიოდებით (ხუთიდან ათ წუთამდე). განიავებისას უმჯობესია, დაუწიოთ გათბობას. ნუ გადმოკიდებთ ფანჯარას – სრულყოფილი განიავებისთვის ჯობია, ის ფართოდ გააღოთ. ჰაერის სწრაფი ცირკულაცისთვის, შეგიძლიათ, ერთდროულად გააღოთ რამდენიმე ფანჯარა. საჭმლის მომზადების, ჭამის, შხაპის მიღების, დაბანის შემდეგ ოთახი ყოველთვის გაანიავეთ.
* იყოლიეთ მცენარეები. ოთახის მცენარეები დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოიმუშავებენ. გარდა ამისა, ისინი ბუნებრივი დამატენიანებლები არიან, რადგან მორწყვისთვის გამოყენებული წყლის ნაწილი ჰაერში გამოიყოფა. ოთახის ზოგიერთი მცენარე ჰაერის ფილტრის ფუნქციასაც კი ასრულებს – დამაბინძურებლებს ბოჭავს. განსაკუთრებით კარგია დიდფოთლებიანი სახეობები, მაგალითად, ფიკუსი, სამზოლიანი დრაცენა (Dracaena trifasciata), თავნასკვა (Cyperus), არეკა, ხამედორეა, ალოე ვერა და სხვა. ეს უკანასკნელი, თავისუფლად შეგიძლიათ, საძინებელშიც გყავდეთ – ღამღამობით ჟანგბადს გამოყოფს, რითაც ხელს უწყობს უკეთეს ძილს. რეკომენდებულია ერთი მცენარე ყოველ 9-10 კვარდატულ მეტრზე.
* მშრალი ჰაერის დასანოტივებლად უმარტივესი ხერხია, წყალი კერამიკის კონტეინერში ჩაასხათ და რადიატორზე ჩამოკიდოთ ან მის გვერდით დადგათ, თუმცა ეს მეთოდი მცირე ეფექტს იძლევა – აჯობებს, ელექტროდამატენიანებლები გამოიყენოთ.
* გამოიყენეთ უსუნო საწმენდი საშუალებები. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივს. ნუ მოწევთ სიგარეტს ოთახში.
გახსოვდეთ: ჯანსაღი შიდა კლიმატი მხოლოდ კარგი ჰაერი არ არის. ეს არის გარემო, რომელიც აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციობას, ამცირებს სტრესისა და ავადმყოფობის რისკს, ამაღლებს ცხოვრების ხარისხს.
ჯილდა გაჩეჩილაძე







