მხედველობის ლაზერული კორექცია: მკაფიოდ დანახული სამყარო
Share:
დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი მხედველობის დაქვეითებას უჩივის. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბევრს მისცა საშუალება, გვერდზე გადადოს სათვალე თუ კონტაქტური ლინზა და ცხოვრებას განახლებული მზერით შეხედოს.
მხედველობის ლაზერული კორექციის შესახებ “ავერსის კლინიკის” ოფთალმოქირურგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ნატალია მაღლაკელიძე გვესაუბრება.
რატომ იბინდება სამყარო
– მხედველობის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზი რეფრაქციული მანკია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თვალის ოპტიკური სისტემა სინათლის სხივებს ბადურაზე არასწორად აფოკუსებს. მიზეზი შეიძლება იყოს თვალის კაკლის ფორმა ან რქოვანას ზედაპირის თავისებურება.
ძირითადი დარღვევებია:
* მიოპია (ახლომხედველობა): ადამიანი ახლოს მკაფიოდ ხედავს, შორს კი – ბუნდოვნად. ახლომხედველობა, წესისამებრ, 6-დან 14 წლამდე ვლინდება და უმეტესად 18 წლამდე პროგრესირებს, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების დამსახურებით ეს პრობლემა დღეს სკოლამდელ ასაკშიც ხშირად გვხვდება.
* ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა): შორს გამოსახულება უკეთესია, ახლო მანძილზე კი ბუნდოვანი.
* ასტიგმატიზმი: რქოვანას არასწორი ფორმის გამო გამოსახულება ბუნდოვანი, გაორებული ან დამახინჯებულია როგორც შორ, ისე ახლო მანძილზე.
* პრესბიოპია: ასაკობრივი ცვლილება (45 წლიდან), როდესაც ბროლი კარგავს დრეკადობას და ახლო მანძილზე კითხვა რთულდება.
სათვალიდან ლაზერამდე
– მიუხედავად იმისა, რომ სათვალე და კონტაქტური ლინზები მხედველობის კორექციის ტრადიციული საშუალებებია, მათ გამოყენებას გარკვეული უხერხულობაც ახლავს. ლინზებს შეუძლია, გამოიწვიოს თვალის სიმშრალე, გაღიზიანება და ინფექცია. გარდა ამისა, არსებობს პროფესიული თუ ცხოვრებისეული გარემოებები, სადაც სათვალე ხელის შემშლელია.
ლაზერული მეთოდით რადიკალურად განსხვავებულ კომფორტს ვიღებთ. უახლესი თაობის აპარატურა, რომლითაც „ავერსის კლინიკაში“ ვმუშაობთ, რქოვანას მიკრონული სიზუსტით უცვლის ფორმას. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, ტარდება ადგილობრივი (წვეთოვანი) ანესთეზიით და ორივე თვალზე სულ რაღაც 10-15 წუთს გრძელდება. პაციენტი იმავე დღეს ბრუნდება შინ.
ტექნოლოგიური არჩევანი
- “ავერსის კლინიკაში” ვიყენებთ სამ წამყვან ლაზერულ ტექნოლოგიას: PRK-ს, Femto LASIK-ს და SMILE-ს. ყოველი პაციენტისთვის ოპტიმალური მეთოდი ირჩევა ინდივიდუალურად, რქოვანას სტრუქტურის, რეფრაქციული მანკის ხარისხისა და თავად პაციენტის ცხოვრების სტილის მიხედვით.
1. PRK (ფოტორეფრაქციული კერატექტომია) აპრობირებული მეთოდია თხელი და დაზიანებული ზედაპირის მქონე რქოვანას მკურნალობისას. გამოიყენება მხოლოდ ექსიმერ-ლაზერი, რომლის საშუალებითაც ხდება რქოვანას ახალი ზედაპირის ფორმირება (რეფრაქციის კორექცია) აბლაციის გზით. რეაბილიტაცია შედარებით ხანგრძლივია და თან ახლავს რამდენიმედღიანი ტკივილი, თუმცა განსაზღვრულ შემთხვევებში ეს მეთოდი შეუცვლელია.
2. Femto LASIK (ფემტოლაზერული კერატომილეზი) მეთოდი გულისხმობს რქოვანას ზედაპირზე უთხელესი ანათალის და ექსიმერ-ლაზერით რქოვანას ზედაპირის ფორმირებას, როგორც PღK-ს დროს. ანათალის არსებობა უზრუნველყოფს უსწრაფეს რეაბილიტაციას და მხედველობის მყისიერ გაუმჯობესებას ყოველგვარი ტკივილის გარეშე.
3. SMILE (ლენტიკულის ექსტრაქცია მცირე განაკვეთით) ლაზერული ქირურგიის მწვერვალია. ეს არის მინიმალურად ინვაზიური მეთოდი – არანაირი ანათალი არ კეთდება, მხოლოდ ორმილიმეტრიანი განაკვეთი, საიდანაც ლაზერით ფორმირებული ლენტიკულა ამოაქვთ. შედეგად რქოვანას კარკასი რჩება მაქსიმალურად მყარი, ხოლო მშრალი თვალის განვითარების რისკი მინიმუმამდე დადის. ეს საუკეთესო არჩევანია სპორტსმენებისა და ცხოვრების აქტიური წესის მიმდევარი ადამიანებისთვის.
გერმანული ხარისხი “ავერსის კლინიკაში”
– ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია გერმანული კომპანია ჩარლ ძეისს-ის უახლესი ფემტოლაზერული ტექნოლოგია – VisuMax 800 და ექსიმერ-ლაზერი Mel 90, რაც შემდეგ უპირატესობებს გვაძლევს:
* მიკრონული სიზუსტე: ლაზერის მოქმედება ფემტოწამებში (წამის მეკვადრილიონედი ნაწილი) უზრუნველყოფს რქოვანას ქსოვილზე უმაღლესი სიზუსტით ზემოქმედებას, რაც მეზობელი უბნების დაზიანებას გამორიცხავს.
* მინიმალური დრო: ლაზერის უშუალო ზემოქმედება მხოლოდ 9 წამს გრძელდება, რაც თავიდან გვაცილებს პაციენტის ზედმეტ დაძაბვას და ამცირებს გართულებების რისკს.
* ინდივიდუალური მიდგომა: ყოველი ოპერაცია იგეგმება თვალის უნიკალური ციფრული რუკის საფუძველზე, რაც ადამიანური შეცდომისგან გვაზღვევს.
ვისთვის არ შეიძლება
– არსებობს თუ არა ასაკობრივი ან სხვა სახის შეზღუდვები?
– ლაზერული კორექცია 18-დან 55 წლამდე პირებს უტარდებათ. მთავარია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხედველობა იყოს სტაბილური. პროცედურა არ ტარდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
თუ პაციენტს აქვს მხედველობის ძალიან მაღალი ხარისხის მანკი (მაგალითად, სჭირდება -10.0-ზე მეტი დიოპტრიის ლინზა) ან ზედმეტად თხელი რქოვანა, ვიყენებთ ალტერნატივებს: ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაციას ან კომბინირებულ მეთოდს – Bioptics-ს.
სარეაბილიტაციო პერიოდი
– რას უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტმა ოპერაციის შემდეგ?
– რეაბილიტაცია საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, პაციენტი პროცედურის დასრულებიდან მალევე ეწერება შინ, თუმცა მაქსიმალური შედეგისთვის აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:
* ოპერაციის შემდეგ შესაძლოა შეგაწუხოთ ცრემლდენამ ან თვალში უცხო სხეულის შეგრძნებამ. ეს ნორმალურია და რამდენიმე საათში გაივლის. მთავარია, თვალებზე ხელი არ მოისვათ, არ მოისრისოთ.
* პროცედურის დღეს ერიდეთ თვალში წყლის მოხვედრას.
* კითხვა და კომპიუტერთან მუშაობა ნებადართულია ოპერაციის მეორე დღიდან, მაგრამ სასურველია, ერთი კვირა დამზოგველ რეჟიმში გაატაროთ.
* პირველი რამდენიმე დღე შინიდან გასვლისას გაიკეთეთ მზის სათვალე.
* პირველი თვის განმავლობაში ერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვასა და ცურვას.
შედეგი, რომელიც სამუდამოა
– რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი?
– პაციენტების 96%-ზე მეტი იღებს სრულყოფილ მხედველობას. შედეგი სამუდამოა, რადგან ლაზერი შეუქცევადად ცვლის რქოვანას გარდამტეხ უნარს. ეს არის შესაძლებლობა, მკაფიოდ დაინახო სამყარო ყოველგვარი დამხმარე საშუალების გარეშე.







