როგორია ნამდვილი ევროპული შობა - შობის სურნელი და გლინტვეინის გემო
Share:
ყოველი წლის ბოლოს ევროპა ქრისტეშობისთვის მზადებას იწყებს.
ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკე ან პროტესტანტია, შობა მთავარ საეკლესიო დღესასწაულად მიიჩნევა, მაშინ როდესაც მართლმადიდებლებისთვის ის მეორეა აღდგომის შემდეგ.
კათოლიკეები და პროტესტანტები უფლის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, მართლმადიდებლები კი 7 იანვარს, თუმცა ყველა არა. მაგალითად, მართლმადიდებელი ბერძნები შობას კათოლიკეებთან ერთად ზეიმობენ. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთი ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესიების მსგავსად, გრიგორიანულ კალენდარს (ახალი სტილი) მისდევს, ზოგიერთისა კი – იულიანურს (ძველი სტილი).
დასავლეთის ქრისტიანები შობის წინ მკაცრ მარხვას არ იცავენ, თუმცა მათ აქვთ ადვენტი – წინასაშობაო პერიოდი, რომელიც, დასავლური ტრადიციისამებრ, ქრისტეშობისთვის მზადებას ეთმობა. ის შობისწინა მეოთხე კვირადღეს იწყება და სულიერი განწმენდის დროდ მიიჩნევა.
სადღესასწაულო სამზადისი ევროპაში ნოემბრის ბოლოს იწყება. მოედნებზე იდგმება ნაძვის ხეები, ეწყობა ყინულის მოედნები, ინთება სადღესასწაულო ნათურები და იხსნება საშობაო ბაზრები. ვიტრინები გირლიანდებით და შობის ამსახველი ინსტალაციებით არის მორთული, ქუჩებსა და ეკლესიებში საშობაო სცენები თამაშდება.
სადღესასწაულო პერიოდი რამდენიმე კვირას გასტანს. ზოგიერთ ქვეყანაში ის ახალი წლის დადგომისთანავე მთავრდება, ზოგან კი, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში, ნათლისღებამდე გრძელდება.
ევროპელთა უმრავლესობისთვის შობა საოჯახო დღესასწაულია და მას შინაურულ გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავენ
ევროპის რუკაზე თქვენთვის ის ადგილები მოვნიშნეთ, სადაც შობა განსაკუთრებით ატმოსფერული და შთამბეჭდავია.
სტრასბურგი, საფრანგეთი
ელზასის რეგიონის ამ ქალაქს “შობის დედაქალაქს” უწოდებენ. მთავარი საშობაო ბაზრობა, კრიშტკინდელსმერიკი, სტრასბურგის საკათედრო ტაძრის კედლებთან იდებს ბინას. მოედანზე დგამენ ასობით შალეს – პატარა სოფლურ სახლს, სადაც ტრადიციული ელზასური დელიკატესებით გაგიმასპინძლდებიან: პრეცელებით, თაფლითა და სანელებლებით შეზავებული ჯანჯაფილის კვერებით, სტოლენით (ქიშმიშიანი და თხილიანი ნამცხვრით), ცხელი ვაშლის სიდრითა და გლინტვეინით.
ქალაქი რამდენიმე თემატურ ბაზრობასაც მასპინძლობს, რომლებიც ხისა და თიხის ნაკეთობებისა და სხვა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას ეთმობა.
შენობების ფანჯრები და მაღაზიების ვიტრინები ნაძვის ტოტებითა და გვირგვინებით არის მორთული, ქუჩები კი გირლიანდებით არის განათებული. განსაკუთრებით ლამაზია “პატარა საფრანგეთად” წოდებული ძველი კვარტალი - არხებში არეკლილი უძველესი ხის სახლებით ის ნამდვილ საახალწლო დეკორაციას ჰგავს.
ბრიუგე, ბელგია
ქვით მოკირწყლული ვიწრო ქუჩები, არხებზე გადებული ქვის ხიდები და გოთური სტილის ფასადები ამ პატარა ბელგიური ქალაქის სავიზიტო ბარათია. შობის წინ ბრიუგეში განსაკუთრებით მყუდროვდება: მოედნებზე ნაძვის ხეებს დგამენ, შენობებს გირლიანდებით რთავენ, მაღაზიების ვიტრინებზე სადღესასწაულო დეკორაციებს კიდებენ.
საშობაო ბაზრობა ორ მთავარ მოედანზე იმართება. გროტე მარკტი ბრიუგეს ცენტრში მდებარეობს და დღესასწაულის გასტრონომიული ნაწილის მთავარი მასპინძელია. აქ შეგიძლიათ ბელგიური ვაფლი, ყველი, შემწვარი წაბლი, გლინტვეინი და ცხელი შოკოლადი დააგემოვნოთ, სიმონ სტევინის მოედანზე გაშლილ დახლებზე კი ადგილობრივ ოსტატთა ნახელავი სუვენირები და საშობაო დეკორაციები მოგტაცებთ მზერას.
აუცილებლად დაესწარით მთავარ სადღესასწაულო ღონისძიებას – ფესტივალ “ზამთრის ნათებას”. ის ნოემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე გრძელდება.
ლაზერული შოუ მთელ ქალაქში სადღესასწაულო განწყობას ქმნის, პარკებში და მოედნებზე ანგელოზების განათებული ფიგურებია დამონტაჟებული, ვიწრო ქუჩები მოციმციმე გვირაბებადაა ქცეული, ისტორიული შენობების ფასადებზე კი მოკლე თემატური ვიდეორგოლები ტრიალებს.
სადღესასწაულო მარშრუტის მოვლის შემდეგ ბრიუგეს კულტურული საგანძურის დათვალიერებაც შეგიძლიათ. ღვთისმშობლის ტაძარში დაცულია მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება – “მადონა ყრმით” (ის ოსტატის ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც მის სიცოცხლეშივე გაიტანეს იტალიიდან), გრუნინგეს მუზეუმში კი ჩრდილოეთის რენესანსის ნახატების კოლექციას დაათვალიერებთ.
მადრიდი, ესპანეთი
თუ ევროპული საშობაო ატმოსფეროს შეგრძნება თოვლისა და ყინვის გარეშე გსურთ, მადრიდი შესანიშნავი არჩევანია: დეკემბერში ესპანეთის დედაქალაქში და მის მიმდებარედ ტემპერატურა 10°ჩ-ზე ქვემოთ იშვიათად ჩამოდის.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, პუერტა-დელ-სოლზე, საზეიმოდ მორთული და განათებული 35-მეტრიანი საშობაო ნაძვის ხეა აღმართული, მთავარი საშობაო ბაზრობა კი ისტორიულ პლასა-მაიორზე იმართება. ხის დახლებზე მინიატურული შობის სცენები და სადღესასწაულო დეკორაციები იყიდება. აქვე შეგიძლიათ ტრადიციული ესპანური საშობაო ნუგბარი – შემწვარი წაბლი, ტურონი (ნუშის ნუგა) და პოლვორონესი (ფხვიერი ორცხობილა) – დააგემოვნოთ.
მადრიდიდან სულ რაღაც 40 კილომეტრზე, პატარა მყუდრო ქალაქ ელ-ესკორიალში, ტრადიციულად, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშობაო სცენას ამონტაჟებენ. სანახაობა შთამბეჭდავია – ბიბლიურ პერსონაჟებთან ერთად იქ იმდროინდელი ბეთლემის ჩვეულებრივ მცხოვრებლებს, ხელოსნებს, ვაჭრებს, მწყემსებსა და მუსიკოსებსაც კი ნახავთ. რაც მთავარია, ყველა ეს ფიგურა ნატურალური ზომისაა.
გირჩევთ, ესპანელი მონარქების რეზიდენციას – სან-ლორენსო-დე-ელ-ესკორიალსაც ეწვიოთ, XVI საუკუნის დიდებულ სასახლე-სამონასტრო კომპლექსს. ამჟამად იქ მუზეუმია განთავსებული, სადაც იერონიმუს ბოსხის, ტიციანის, ვერონეზეს, ვან დაიკის, ელ გრეკოსა და ველასკესის ნახატების ექსპოზიცია გელოდებათ.
ნიურნბერგი, გერმანია
ამ ბავარიულ ქალაქში, რომელიც ისტორიულ წყაროებში 1050 წლიდან იხსენიება, 1628 წლიდან იმართება საშობაო ბაზრობა – კრიშტკინდლესმარკტი. ძველი ნიურნბერგის გულში, ჰაუპტმარკეტის მოედანზე მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის გარშემო სადღესასწაულოდ უამრავ პატარა ხის შალეს დგამენ. აქ გამოფენილი მოოქროვილი ანგელოზები, ჩირისა და თხილეულისგან დამზადებული სასაცილო პატარა კაცუნები და სხვა ადგილობრივი სუვენირები ნებისმიერ საშობაო ნაძვის ხეს დაამშვენებენ.
აუცილებლად უნდა გასინჯოთ მე-16 საუკუნის რეცეპტით დამზადებული ჯანჯაფილის ნამცხვარი – ლებკუხენი. მის ცომში თაფლს, თხილსა და სანელებლებს ამატებენ, ხოლო გამომცხვარ ფენებს შაქრის ან შოკოლადის მინანქრით ფარავენ. თუ მოგშივდათ, აქვე ნაკვერჩხალზე შეგიბრაწავენ პატარა ნიურნბერგულ ძეხვებს და მდოგვიან ფუნთუშებში ჩაგიდებენ.
შეგიძლიათ, საშობაო მოგზაურობა სამხრეთ გერმანიაში, ნიურნბერგიდან 80 კილომეტრის მოშორებით მდებარე როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერში გააგრძელოთ. იქ, შობის მუზეუმში, ნაძვის ხის უძველესი დეკორაციები, მინიატურული მუსიკალური ყუთები და ბიბლიური სცენების მექანიკური კოლექციაა დაცული. თავად ქალაქიც ღია ცის ქვეშ განლაგებულ მუზეუმს ჰგავს: ვიწრო ქუჩებს რატუშის მოედნისკენ მივყავართ, მოჩუქურთმებული ჟალუზებითა და აბრებით მორთული ძველი ხის სახლები და კოშკები კი სადღესასწაულუდ არის განათებული.
ვენა, ავსტრია
ავსტრიის დედაქალაქში საშობაო ფუსფუსი ნოემბრის ბოლოს იწყება. მთავარი საშობაო ბაზრობა რატჰაუსპლაცზე იმართება, ნაძვის ხეს კი ნეოგოთური სტილის რატუშის წინ დგამენ. მის გარშემო, ასეულობით პატარა ხის სახლში, ხელნაკეთ დეკორაციებს, სანთლებსა და მოსართავ ბურთებს შეიძენთ, მერე კი ტრადიციულ ავსტრიულ ნუგბარსაც დააგემოვნებთ: შემწვარ ვაშლს, შტრუდელს, გარგარისმურაბიან დონატებს და ვენურ პუნშს. ეს სასმელი გლინტვეინისგან განსხვავდება: ღვინის გარდა, ის რომს ან ლიქიორს და ხილის წვენსაც შეიცავს, ამიტომ გლინტვეინზე არომატული, რბილი და ტკბილია.
სადღესასწაულო განწყობა სუფევს ბელვედერის სასახლეშიც, სადაც ხელოვნების მუზეუმია განთავსებული. სასახლის წინ მოედანი ძველი ალპური სოფლის სტილშია მოწყობილი.
აუცილებლად შეიარეთ ბელვედერის სამხატვრო დარბაზებში გუსტავ კლიმტის ცნობილი “კოცნისა” და ავსტრიული მოდერნის სხვა შედევრების დასათვალიერებლად.
კიდევ ერთი პოპულარული საშობაო ბაზრობა ჰაბსბურგების ყოფილ რეზიდენციაში, შონბრუნის სასახლეში იმართება. ასე რომ, იმპერატორთა დარბაზების დათვალიერებასთან ერთად საშობაო სუვენირების შეძენასაც შეძლებთ.
მუსიკა ავსტრიული შობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საღამოობით მოედნებზე სასულე ინსტრუმენტთა ორკესტრები უკრავენ. წმინდა სტეფანეს ტაძარში ქრისტეშობისადმი მიძღვნილი ქორალები – გუნდური საზეიმო საეკლესიო საგალობლები – სრულდება. ვენის სახელმწიფო ოპერა და ფილარმონია სადღესასწაულო წარმოდგენებს მასპინძლობენ
პრაღა, ჩეხეთი
დეკემბერში ჩეხეთის დედაქალაქის ისტორიული ცენტრი ერთ დიდ სადღესასწაულო არენად იქცევა: ილუმინაციით გაბრწყინებულ ქალაქის ძველ უბნებში ქუჩის მუსიკოსები უკრავენ, პრაღის ციხესიმაგრეში, ვაცლავისა და რესპუბლიკის მოედნებზე, საშობაო ბაზრობები იმართება.
მთავარი ბაზრობა ძველი ქალაქის მოედანზე, რატუშასთან, ცნობილ ასტრონომიულ საათთან ეწყობა. იქ სადღესასწაულო ტრდელნიკები (საფუარიანი ცომისგან გამომცხვარი ტკბილი ნამცხვრები), ჯანჯაფილის კვერები, კარამელიანი თხილი და არომატული გლინტვეინი იყიდება. იქვე, საგანგებოდ დადგმულ სცენაზე, საბავშვო ანსამბლები და ფოლკლორული ჯგუფები ენაცვლებიან ერთმანეთს.
კარლის ხიდი და მდინარე ვლტავის სანაპირო გირლანდებითა და ფერად-ფერადი ნათურებით არის მორთული, მაღაზიების ვიტრინებსა და პარკებში ანგელოზების, მწყემსებისა და ქურუმების მონაწილეობით შობის სცენები თამაშდება.
ქალაქის საუკეთესო ხედები პრაღის ციხის ტერასებიდან და პეტრშინის კოშკიდან იშლება. იქიდან დანახული პრაღის ისტორიული ცენტრი უზარმაზარ საშობაო მისალოც ბარათს ჰგავს.
შობის სცენების გაცოცხლების ტრადიციას ჩეხურ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მთელ ქვეყანაში უამრავი ასეთი საგამოფენო სივრცეა მოწყობილი. ერთ-ერთი ასეთი ადგილი კარლშტეინის შობის მუზეუმია. ეს მყუდრო ქალაქი პრაღიდან 40 კილომეტრზე მდებარეობს. მუზეუმში ხისგან, ცომისგან, შაქრისა თუ ქოქოსის ნაჭუჭებისგან დამზადებული ათეულობით საშობაო კომპოზიციაა წარმოდგენილი.
კიდევ ერთი საინტერესო ადგილი დედაქალაქიდან 130 კილომეტრზე მდებარე ქალაქ ტრშებეხოვიცე-პოდ-ორებემის მუზეუმია. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა შობის სცენა, რომლის შექმნასაც ოსტატმა იოზეფ პრობოშტმა თითქმის 40 წელი მოანდომა. ხის პანორამა 2000-ზე მეტი ელემენტისა და 373 ფიგურისგან შედგება და ყველა მათგანი ელექტრონული მექანიზმით არის აღჭურვილი.
კრაკოვი, პოლონეთი
კრაკოვი პოლონეთის ყოფილი დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქია. 1734 წლამდე იქ იმართებოდა პოლონეთის მეფეების კორონაცია. იქაური საშობაო ბაზრობა ნამდვილ ევროპულ კლასიკად შეიძლება ჩაითვალოს. მას 29 ნოემბრიდან 1 იანვრამდე კრაკოვის უძველესი მოედანი – ღყნეკ Gლოწნყ მასპინძლობს. ბაზრობის ისტორია XIII საუკუნიდან იწყება. ებრაული და სლავური ტრადიციების უნიკალური შერწყმის წყალობით ის დღემდე ინარჩუნებს ავთენტურობას.
თოვლით დაფარული დიდებული შუასაუკუნეობრივი არქიტექტურა დღესასწაულისთვის შეუდარებელ ისტორიულ ფონს ქმნის და თავს ზამთრის ზღაპრის გმირად გაგრძნობინებთ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახალხო თეატრის ნაირსახეობა – კრაკოვის შოპკები. შოპკა ხელით შესრულებული უნიკალური საშობაო კომპოზიციაა და ქალაქის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობათა მაკეტისა და თოჯინების თეატრის სინთეზს წარმოადგენს.
შოპკების კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში გამოცდილ ხელოსნებთან ერთად მოყვარულებიც მონაწილეობენ. ტრადიცია XIX საუკუნეში წარმოიშვა და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
კრაკოვის მთავარი ბაზრის მოედანზე და მის გარშემო ჩადგმულ ასამდე ხის დახლზე პოლონელი და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ოსტატების ნახელავი სამკაულები, კერამიკა, ხის ნაკეთობები და ტყავის ნაწარმი იყიდება. ბაზრობაზე ტრადიციულ პოლონურ კერძებს – ოსციპეკს, პიეროგს და არომატულ ძეხვეულს დააგემოვნებთ. საზეიმო ატმოსფეროს ლუდისგან მომზადებული ცხელი სასმელი გჟანეციც უხდება.
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ზამთრის სუსხში დედაქალაქის ისტორიული ცენტრის დათვალიერების შემდეგ ბუნებრივი ცხელი წყლის აბაზანას არაფერი სჯობს. სეჩენიის, გელერტისა და ლუკაჩის გეოთერმული კომპლექსები მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ. საშობაოდ განათებულ აბანოებში ეწყობა საღამოს სეანსები ცოცხალი მუსიკის თანხლებით, გარე აუზების წყლის ტემპერატურა კი 24-დან 38°C-მდე მერყეობს.
მთავარი საშობაო ბაზრობა წმინდა სტეფანეს ბაზილიკის მოედანზე იმართება. ყინულის მოედანზე მოციგურავეები დასრიალებენ, სცენაზე კი გუნდები, ორკესტრები და ფოლკლორული ჯგუფები ენაცვლებიან ერთმანეთს. ხის შალეებში უნგრული კერძები მზადდება: შემწვარი ლანგოში ნიორსა და არაჟანში, ცხელი გულიაში... ცალკე სექციებია გამოყოფილი ტკბილეულისთვის – შტრუდელებისთვის, ჯანჯაფილის კვერებისთვის, კარამელიანი თხილისთვის...
კიდევ ერთ დიდ ბაზრობას ვიოროშმარტის მოედანი მასპინძლობს. ადგილობრივი ხელოსნები კერამიკას, ჩუქურთმებიან სათამაშოებსა და სხვა ხელნაკეთ ნივთებს გამოფენენ. საღამოობით სცენიდან ცოცხალი მუსიკა ჟღერს, ჯაზით დაწყებული, უნგრული ხალხური სიმღერებით დამთავრებული.
ქუჩებში “სინათლის ტრამვაები” (Fenyvillamos) – ნათურებით მორთული ვაგონები – მოძრაობენ. ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მარშრუტი პეშტში დუნაის სანაპიროს მიუყვება, საიდანაც ჯაჭვის ხიდის, ბუდას ციხისა და პარლამენტის შენობის საზეიმოდ განათებული ხედები იშლება.
ირაკლი კარტოზია







