იგავი ხე კეთილისა და ხე ბოროტის შესახებ - ლევან მარგიანის რწმენა და შთაგონება
Share:
ლევან მარგიანის ფერწერულ მინიატურებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. მისმა ნამუშევრებმა პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ უნიკალური იდეისა და ხელწერის, არამედ ორიგინალური ჩარჩოების გამოც, რომლებიც მხატვრისავე დიზაინით ძვირფასი მეტალისგან ჭედური ტექნიკით იქმნება.
ლევან მარგიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოცზე მეტი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. გამოფენებზე წარდგენილი ყველა ექსპონატი, როგორც წესი, იყიდება. უნახატო მხატვარი ვარო, ამბობს ლევანი.
არჩევანი
– დედა ენათმეცნიერი გახლდათ, მამა – გეოლოგი. მე ბავშვობიდან მიზიდავდა არქეოლოგია, მეექვსე-მეშვიდე კლასებიდან უკვე ექსპედიციებშიც კი დავდიოდი და ამ სფეროში ვხედავდი საკუთარ თავს, მაგრამ ხატვაც მიყვარდა. სულ ვხატავდი, გაკვეთილებზეც კი, და უკვე მეათე კლასში, როცა ისტორიის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი, რომელიღაც მომენტში მძაფრად ვიგრძენი, რომ ხატვის გარდა არაფერი მინდოდა.
მხატვარი გადაბუგული წარსულით
80-იანი წლებიდან მხატვრის სახლი 4-5 ახალგაზრდა მხატვარს დაზგური ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა და გამოფენის გამართვას სთავაზობდა. ეს კარგი ტრამპლინი იყო ახალბედა ხელოვანებისთვის. ლევანიც ემზადებოდა გამოფენისთვის, მაგრამ დაიწყო სამოქალაქო ომი და მხატვრის სახლი ნახატებიანად დაიწვა.
– სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე... ამას მოჰყვა უშუქობის, უგაზობის და უსახსრობის პერიოდი. მხატვრობისთვის აღარავის ეცალა, გადარჩენისთვის ვიბრძოდით.
USAID-ის კონტრაქტორ ორგანიზაციაში ღამის დარაჯად დავიწყე მუშაობა – უკვე სამი შვილის მამა ვიყავი და სტაბილური შემოსავალი მჭირდებოდა. მახსოვს, ერთი ამერიკელი ვიზიტორი მეუღლეს ტელეფონით ეუბნებოდა: იცი, რა ქვეყანაში მოვხვდი? ღამის დარაჯებიდან ერთი ექიმია, მეორე – არქიტექტორი და მესამე – მხატვარიო.
ოფისში ხატვის ნებართვა ვითხოვე. ვქმნიდი ნახატებს ეთნოგრაფიულ მოტივებზე – იმას, რაც უცხოელებს აინტერესებდათ – და სანაპიროზე გამქონდა გასაყიდად.
მოულოდნელი წარმატება
– მოგვიანებით, როცა რწმენის კრიზისი გადავლახე და ტაძარში მივედი, ხატწერაზე მომცეს კურთხევა, მაგრამ მკაცრ კანონიკურ ჩარჩოებში მოქცევა გამიჭირდა. იმავე პერიოდში აღმოვაჩინე მინიატურა, რომლითაც შუა საუკუნეების ქართული და ბიზანტიური სახარებები იყო ილუსტრირებული. წყლის საღებავებით შესრულებული კომპოზიციები მკაცრი დოგმატურობით არ გამოირჩეოდა და სიუჟეტური ინტერპრეტაციის მეტ საშუალებას მაძლევდა. მივხვდი, რომ ჩემს სათქმელსა და სტილს მივაგენი. თავდაპირველად სახარებისეულ სიუჟეტებს და პერსონაჟებს ვხატავდი: “მწყემსი კეთილი", "კრავი", "იგავი ხე კეთილისა და ხე ბოროტის შესახებ”... შემოვიტანე ყაჯარული ფერწერის ელემენტები, ჩინური და იაპონური მინიატურების სინთეზიც მოვსინჯე.
მინიატურები ჭედურ ჩარჩოში ჩავსვი, ვერცხლისა და თითბირის ზარდახშების კეთებაც მოვსინჯე. აღმოჩნდა, რომ ჭედურობისა და მინიატურის სინთეზი ჩემი ნოუ ჰაუ იყო.
ჩემმა ნამუშევრებმა მიიპყრო ევროკომისიის პროექტ “ტასისის” (ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც გრანტების სახით 1991 წლიდან აფინანსებს პროექტებს სხვადასხვა სფეროში) კოორდინატორის ბენედიქტ რუჟეს ყურადღება. მან პარიზში გამოფენის გამართვა შემომთავაზა. 1998 წელი იდგა და საზღვარგარეთ ნახატების გატანა სენსაციური ამბავი გახლდათ ჩემთვის:
წარმოიდგინეთ, სანაპიროს არტ-მარკეტიდან – პარიზში! გამოფენა ლუვრის მოპირდაპირე მხარეს, პატარა საგამოფენო სივრცეში გაიმართა. მახსოვს, ორგანიზატორებმა რამდენიმე ლუპა მოიტანეს. მეგონა, სახუმაროდ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამთვალიერებლების ნაწილს დეტალების გასარჩევად დასჭირდა. ყველა ექსპონატი გაიყიდა. მას შემდეგ ჩემი ნამუშევრები ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში გამოიფინა და მოთხოვნამაც უფრო და უფრო იმატა. ჩემი დიდი გულშემატკივარი გახდა USAID-ის ამიერკავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ქეროლ ჰორნინგი. რამდენიმე ნახატი მის კოლექციაშია.
დღემდე მთავაზობენ გამოფენებში მონაწილეობას, მაგრამ ნამუშევრების მოგროვებას ვერ ვასწრებ. შეკვეთებს ძლივს ავუდივარ, რადგან ტექნიკა, რომელსაც ვიყენებ, მესაათესავით ნატიფ შრომას მოითხოვს, თითოეული ნამუშევრის ბოლომდე მიყვანას ძალიან ბევრი დრო სჭირდება. მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ ოდესმე გამოფენას კიდევ მოვაწყობ.
ხელოვნების მიღმა
– ჩემი მეუღლე ნინო ერისთავიც ხელოვანია. ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გავიცანით, ბევრი საერთო ინტერესი და გატაცება გვქონდა: თხილამურებით დაწყებული (ნინო პროფესიონალურად სრიალებს), ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გულშემატკივრობით დამთავრებული. დავმეგობრდით, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და დავქორწინდით. ცხოვრების ყველა ეტაპი, თავ-თავისი სიხარულით, განსაცდელითა და სირთულეებით, ერთად გამოვიარეთ. თანდათან მივხვდი, რომ მხატვრის ცოლობა იოლი არ ყოფილა, მით უფრო – ჩემი, და
მაინც, უკვე ოცდათექვსმეტი წლის ოჯახი გვაქვს. ნინო ბატიკაზე მუშაობს. მისი ხელით მოხატული თავშალები და სხვა აქსესუარები, ჩემი სუბიექტური და სხვების ობიექტური შეფასებით, მართლაც შესანიშნავია, თუმცა ჩემდა უნებურად დავჩაგრე როგორც ხელოვანი – ექვსი შვილის დედობა დავაკისრე... ოთხი ვაჟი და ორი გოგონა გვყავს. მხატვრობა არცერთმა არ ისურვა.
შთაგონებისთვის
– იყო დრო, როცა ხატვა ფიზიკურ სიამოვნებას მანიჭებდა. ხანდახან ახლაც ვგრძნობ იმავეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო და უფრო იშვიათად.
ხანდახან მესიზმრება ხოლმე კომპოზიციები – ისეთი მკვეთრი და ნათელი ფერებით, რომ ვფიქრობ, ამას რა დამავიწყებს-მეთქი, მაგრამ კადრები მაინც იშლება მეხსიერებიდან, ამიტომ ერთი პერიოდი საწოლთან ფანქარი და ფურცელი მეწყო ჩანახატების გასაკეთებლად.
კიდევ ერთი გატაცება მაქვს – ფოტოგრაფია. პორტრეტები და შავ-თეთრი ფოტოები არ მიყვარს, უმნიშვნელო დეტალების ჩავლება უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ქალაქით და სტრესული გარემოთი რომ დავიღლები, სათევზაოდ მივდივარ და ეს ნამდვილი დღესასწაულია ჩემთვის. ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო მეტად ვაფასებ სიმშვიდეს.
თამარ ციბალაშვილი







