როგორ შევურჩიოთ ბავშვს სპორტის სახეობა
Share:
ყველას გვინდა, ბეჯითი და მიზანდასახული შვილები გვყავდეს, მაგრამ ძნელია, ზუსტად განსაზღვრო, სპორტის რომელი სახეობა განუვითარებს მას ამ თვისებებს. ზოგი ბავშვი ენერგიით სავსე და აქტიურია, ზოგი – დინჯი, მშვიდი და დაკვირვებული, ზოგს კი უბრალოდ ჯერ ვერ გაუგია, რა მოსწონს, ამიტომ არჩევანი არ უნდა ეფუძნებოდეს სპორტის სახეობის პოპულარობას ("ყველა ფეხბურთზე დადის") ან მშობლის სურვილს ("მეც მინდოდა ცურვა, შვილს მაინც ვასწავლი") – მნიშვნელოვანია ბავშვის ინდივიდუალურობის გათვალისწინება.
სპორტი ბავშვისთვის ფიზიკურ დატვირთვაზე მეტია. ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ სხეულზე, არამედ გონებასა და ემოციებზეც. კვლევების თანახმად, სპორტში ჩართულ ბავშვებს უფრო მაღალი თვითშეფასება, სტრესისადმი უკეთესი მედეგობა, ყურადღების უკეთესი კონცენტრაცია და სოციალური უნარები ახასიათებთ. რეგულარული აქტიურობა ამაგრებს გულს, ფილტვებსა და კუნთებს, ზრდის გამძლეობას, ამცირებს სიმსუქნისა თუ შაქრიანი დიაბეტის რისკს.
მაგრამ სპორტი არ უნდა ქმნიდეს ზედმეტად კონკურენტულ გარემოს. როდესაც ბავშვი მუდმივად შედეგზეა ორიენტირებული, ის კარგავს აქტივობის მთავარ მიზანს – სიამოვნებას. მშობლის ამოცანაა, შეინარჩუნოს ბალანსი: ბავშვს ისე დაეხმაროს განვითარებაში, რომ სპორტი მისთვის სტრესის წყაროდ არ იქცეს.
როგორ ავარჩიოთ სპორტის სახეობა
პირველი ნაბიჯია ბავშვის თავისებურებებსა და ინტერესებზე დაკვირვება. გასათვალისწინებელია მისი არა მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობები, არამედ ხასიათი და ემოციური ტემპერამენტიც.
მცირე ასაკში (დაახლოებით 5-დან 7 წლამდე) მიზანი ჩემპიონობა არ უნდა იყოს. ამ პერიოდში ბავშვები სწავლობენ მოძრაობას, კოორდინაციას და სხეულის კონტროლს, ამიტომ საუკეთესოა ისეთი აქტივობები, სადაც ეს ყველაფერი ლაღად, თამაშით ხდება – ცურვა, ტანვარჯიში, ბურთაობა, ცეკვა. მთავარია, ბავშვმა სიამოვნება იგრძნოს და არა წნეხი.
8-12 წლის ასაკში ბავშვი უფრო შეგნებულად უდგება საქმეს, იწყებს გუნდური თამაშისა თუ სოციალური ურთიერთობების მნიშვნელობის გააზრებას და შესაძლოა, ჩაერთოს უფრო სტრუქტურირებულ სპორტში, მაგალითად, კალათბურთში, ფეხბურთში, ჩოგბურთში. ამ ასაკში მწვრთნელი უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ ტექნიკაზე, არამედ მოტივაციაზეც. თუ ბავშვს არ უხარია ვარჯიშზე წასვლა, უნდა გაარკვიოთ, რა იწვევს დისკომფორტს – ზედმეტი კონკურენცია, ემოციური გადაღლა თუ უბრალოდ ინტერესის დაკარგვა.
13 წლიდან უკვე შეიძლება სპეციალიზაციაზე ფიქრი. მოზარდი ირჩევს კონკრეტულ სპორტს, რომელშიც სურს განვითარება. ექსპერტები ურჩევენ მშობლებს, შვილებს სპორტის რამდენიმე სახეობის მოსინჯვის საშუალება მისცენ, სანამ საბოლოოდ არ აირჩევენ მთავარ მიმართულებას. მრავალფეროვანი გამოცდილება ხელს უწყობს ფუნდამენტური უნარების განვითარებას და ამცირებს ტრავმებისა და გადაღლის რისკს.
როგორ გავაკეთოთ არჩევანი
აქტიური, ენერგიული, სოციალური ბავშვები კარგად გრძნობენ თავს სპორტის ისეთ გუნდურ სახეობებში, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი ან ხელბურთი. აქ ისინი სწავლობენ თანამშრომლობას, სხვის მოსმენას, საერთო მიზნისთვის ბრძოლას და საკუთარ წვლილზე ფიქრს.
თუ ბავშვი უფრო ჩაკეტილია, უყვარს დამოუკიდებლად მუშაობა ან ნელი ტემპით გამოირჩევა, მისთვის უფრო შესაფერისი იქნება ინდივიდუალური სპორტი, მაგალითად, ჩოგბურთი, ცურვა ან საბრძოლო ხელოვნება. ეს სახეობები მას მიაჩვევს დისციპლინას, თვითკონტროლს და პირად მიზნებზე კონცენტრაციას.
უნდა გავითვალისწინოთ სხეულის ტიპი და ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მაგალითად, ბავშვს სასუნთქი სისტემის პრობლემები აქვს, მისთვის შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს ცურვა, რადგან ეს უკანასკნელი ფილტვების მუშაობას აუმჯობესებს; თუ ძვლოვანი სისტემა აქვს სუსტი, გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, ჯობს, შეურჩიოთ ნაკლებად ინტენსიური აქტივობა, მაგალითად, იოგა.
ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაცია. მშობლის სურვილი შესაძლოა განსხვავდებოდეს ბავშვის სურვილისგან, ამიტომ ეცადეთ, გაარკვიოთ, სურს თუ არა ამ სახეობაში ვარჯიშის გაგრძელება. თუ ვარჯში მისთვის უსიამოვნო მოვალეობად იქცა, დროა, სხვა ვარიანტებზე იფიქროთ. სიამოვნება წამყვანი მოტივატორი უნდა იყოს.
ყურადღება მიაქციეთ მოწაფეებისადმი მწვრთნელის დამოკიდებულებას, კომუნიკაციას, მიდგომას. ჯანსაღი სპორტული გარემოა იქ, სადაც ბავშვი თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობს, სადაც შეცდომა დასჯის საბაბი კი არა, სწავლის შესაძლებლობაა.
რომელი სპორტი რისთვისაა კარგი
ფეხბურთი და კალათბურთი საუკეთესოდ ავითარებს რეაქციის სისწრაფეს, კოორდინაციას და გუნდურობას. ეს სპორტი იდეალურია ენერგიული, კომუნიკაბელური, სოციალური ბავშვებისთვის, რომლებსაც უყვართ სხვა ბავშვებთან ერთად თამაში.
ჩოგბურთი და ცურვა ზრდის გამძლეობას და კუნთების ტონუსს, აუმჯობესებს სხეულის ბალანსს. ეს სახეობები კარგად გამოსდით ბავშვებს, რომლებსაც მოსწონთ დამოუკიდებლად მუშაობა და საკუთარი მიზნების თავად მიღწევა.
საბრძოლო ხელოვნება (ტაეკვონდო, კარატე, ძიუდო) ასწავლის დისციპლინას, თვითკონტროლს და ოპონენტის პატივისცემას. ეს სპორტი კარგია აქტიური ბავშვებისთვის, რომლებსაც ორგანიზებულობისა და კონცენტრაციის განვითარება სჭირდებათ.
ცურვა და იოგა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მშვიდი, დაბალინტენსიური აქტივობები მოსწონს. ცურვა მთელ სხეულს აძლიერებს, ხოლო იოგა ხელს უწყობს მოქნილობასა და ემოციურ ბალანსს.
როგორ მივხვდეთ, სწორი გზა ავირჩიეთ თუ არა
რეგულარულად დააკვირდით ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. თუ ვარჯიშზე წასვლისას ხშირად ამბობს, რომ დაღლილია, ეზარება, არ უნდა, მიზეზი შესაძლოა იყოს გადატვირთვა, მწვრთნელის არასწორი მიდგომა ან ინტერესის დაკარგვა.
რეგულარულად ეკონტაქტეთ მწვრთნელს, ესაბურეთ ბავშვსაც და გაარკვიეთ, როგორ გრძნობს თავს, რამე ხომ არ აწუხებს.
მნიშვნელოვანია ფიზიკური მონიტორინგიც – ბავშვს უნდა ჰქონდეს კარგად დასვენების საშუალება, ჰყოფნიდეს ძილი და ჯანსაღად იკვებებოდეს. გახსოვდეთ, სპორტი მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როცა ბავშვს ფიზიკური და ფსიქიკური ძალების აღსადგენად საკმარისი დრო აქვს.
ლიკა ქათამაძე







