ჯანმრთელი მუხლები
Share:
მუხლების ჯანმრთელობა აქტიური ცხოვრების აუცილებელი პირობაა. მათი პრობლემები სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
მუხლების ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა არცერთ ასაკში არ არის გამორიცხული. ზოგისთვის ეს სპორტზე უარის თქმას ნიშნავს, ზოგისთვის კი – ისეთი ჩვეულებრივი მოქმედებების გართულებას, როგორიცაა სკამიდან წამოდგომა ან სიარული, ამიტომ საჭიროა მუხლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ყოველგვარი ტკივილისა თუ დისკომფორტის დროული შეფასება სპეციალისტის მიერ.
მუხლის სახსარი სხეულის ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სახსარია. ის ერთმანეთთან აკავშირებს ბარძაყისა და დიდი წვივის ძვლებს, კვირისტავი კი იცავს და უზრუნველყოფს მის სტაბილურობას.
მუხლის სახსარი მონაწილეობს ყველა იმ მოძრაობაში, რომელიც ფეხების გამოყენებას მოითხოვს: სიარულში, სირბილში, ხტუნვაში, კიბესა თუ აღმართ-დაღმართზე ასვლა-ჩასვლაში... ამასთან, ასრულებს საყრდენის ფუნქციას და უზრუნველყოფს წონასწორობას დგომისა და მოძრაობის დროს.
სახსარი შიგნიდან ამოფენილია სინოვიური გარსით, რომელიც სახსრის საპოხ სითხეს გამოიმუშავებს. სწორედ ეს სითხე ამცირებს ხახუნს, რომ ძვლებმა თავისუფლად ისრიალოს ერთმანეთზე და უზრუნველყოფს დამატებით ამორტიზაციას მოძრაობის დროს.
მუხლის სახსარი ძირითადად ერთ ღერძზე მოძრაობს, ერთ სიბრტყეში იშლება და იხრება, თუმცა შეუძლია ოდნავ მობრუნებაც, რაც სახსრის მოქნილობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ძვლებს იცავს ხრტილი – ძლიერი, მოქნილი შემაერთებელი ქსოვილი:
- ჰიალურონის შემცველი ხრტილი ფარავს ძვლების დაბოლოებებს და აადვილებს მათ ერთმანეთზე სრიალს.
- სქელი და გამძლე ფიბროზული ხრტილი ამორტიზატორის მსგავსად ანაწილებს დატვირთვას.
მუხლის მენისკი, რომელიც სწორედ ფიბროზული ხრტილისგან შედგება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახსრის სტაბილურობაში.
მუხლის იოგები, მტკიცე ქსოვილის ზოლები, ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს. გვერდითი იოგები ზღუდავს ზედმეტ მოძრაობას გვერდზე, ხოლო ჯვარედინი იოგები წინ და უკან მოძრაობას აკონტროლებს.
მუხლის კუნთები ფეხების მოხრასა და გაშლას უზრუნველყოფს, ხოლო ნერვები – მოძრაობის კოორდინაციასა და ტკივილის აღქმას.
თუ ჩამოთვლილი სტრუქტურებიდან რომელიმე დაზიანდა, ირღვევა სახსრის ბუნებრივი ბალანსი და ფუნქციობა. თავს იჩენს ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, შემოჭილობა ან არასტაბილურობა (არამდგრადობა, როდესაც სახსარი ვერ ინარჩუნებს ნორმალურ, სტაბილურ პოზიციას მოძრაობის დროს). ამ ცვლილებებს ხშირად თან ახლავს სიარულის გაძნელება, ზოგჯერ კი – ყოველდღიური საქმიანობისაც.
მუხლის პრობლემები შესაძლოა წარმოიშვას ტრავმის, გადაძაბვის, ასაკობრივი ცვეთის ან ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების შედეგად.
როგორ ვიზრუნოთ მუხლებზე
მუხლი იმ სახსართაგანია, რომლებსაც ტკივილის, დაზიანებისა და ანთებისკენ ყველაზე ძლიერი მიდრეკილება აქვთ, თუმცა შეგვიძლია, ცხოვრების ჯანსაღი წესითა და სწორი მოძრაობით მნიშვნელოვნად შევამციროთ ამ პრობლემების წარმოშობის რისკი, ხოლო თუ მუხლის დაავადება უკვე განვითარდა – ხელი შევუშალოთ მის პროგრესირებას.
რჩევები მუხლების ჯანმრთელობისთვის
1. იმოძრავეთ. სახსრები მოძრაობისთვის არის შექმნილი. რეგულარული ფიზიკური აქტიურობა ყველა სახსრისთვის სასარგებლოა. ის:
- ამცირებს ტკივილსა და შებოჭილობას;
- ამაგრებს მუხლის ირგვლივ კუნთებს;
- ხელს უშლის ჭარბი წონის დაგროვებას;
- აუმჯობესებს წონასწორობის უნარს, ამცირებს დაცემისა და დაშავების რისკს.
აირჩიეთ მსუბუქი და უსაფრთხო აქტივობები, რომლებიც ზრდის მოქნილობასა და მოძრაობის დიაპაზონს (მაგალითად, იოგა, ფიზიოთერაპევტის მიერ დანიშნული ვარჯიშები), აძლიერებს კუნთებს (მაგალითად, ვარჯიში სიმძიმეებით ან ელასტიკური ლენტით), აძლიერებს გულს (ფეხით და ველოსიპედით სიარული, ცურვა).
2. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. ყოველი ზედმეტი კილოგრამი დამატებით ტვირთავს მუხლებს, რაც აჩქარებს ხრტილის ცვეთასა და ტკივილის განვითარებას. ოსტეოართრიტის მქონე ადამიანებს წონის მცირედი კლებაც კი შესამჩნევ შვებას ჰგვრის, ხოლო ჭარბწონიანებსა და მსუქნებს წონის მნიშვნელოვანი კლება საგრძნობლად უმსუბუქებს მდგომარეობას. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჭარბწონიან და მსუქან ზრდასრულებს, რომლებმაც სხეულის მასის 20% ან მეტი დაიკლეს, ტკივილი შეუმცირდათ, ექვსწუთიანი სიარულის ტესტის დროს კი უფრო შორს წასვლა შეძლეს, ვიდრე მათ, ვინც სხეულის წონის 5%-ზე ნაკლები დაიკლო.
გარდა სახსრის მექანიკური დატვირთვისა, ჭარბი ცხიმი გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებს ანთებას, ამიტომ ჭარბი წონა როგორც ოსტეოართრიტთან, ისე რევმატოიდულ და ფსორიაზულ ართრიტთანაც ასოცირდება.
ჯანსაღი წონის შენარჩუნება მუხლების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.
3. დაიცავით მუხლები დაზიანებისგან. ართრიტით დაავადებული მუხლის დაზიანებამ შესაძლოა დააჩქაროს დაავადების პროგრესირება, ხოლო ჯანმრთელი მუხლის დაზიანებამ – გამოიწვიოს ართრიტი.
ერიდეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს განმეორებით დარტყმებს ან იწვევს მუხლების ძლიერ დატვირთვას: ძუნძულს, ინტენსიურ აერობიკას, კალათბურთს, ფეხბურთს და სხვა.
სიმძიმეების აწევისას აამოქმედეთ უმთავრესად დიდი და ძლიერი კუნთები, დაიჭირეთ ტვირთი სხეულთან ახლოს ან აწევის ნაცვლად გადააჩოჩეთ.
ზოგჯერ შესაძლოა გამოგადგეთ მუხლების სპეციალური ფიქსატორი, თუმცა მისი ეფექტურობის მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვანი არ არის.
4. დაზიანებებს დროულად უმკურნალეთ. დაიცავით RICE (rest, ice, compression and elevation – დასვენება, ყინული, კომპრესია და აწევა) პრინციპი:
- დაასვენეთ მუხლები და ერიდეთ აქტივობებს, რომლებიც ტკივილს იწვევს.
- მტკივან მუხლზე დღეში რამდენჯერმე 20 წუთით დაიდეთ ცივი კომპრესი ან პირსახოცში გახვეული ყინული.
- მჭიდროდ შემოიხვიეთ ელასტიკური ბინტი.
- ფეხი შემოდეთ გულის დონეზე მაღლა დადებულ ბალიშზე და ამ მდგომარეობაში დაასვენეთ რაც შეიძლება ხშირად.
თუ ტკივილი ძლიერია, ვერ ხრით ან ვერ ეყრდნობით მუხლს ან რამდენიმე დღეა, ტკივილი არ იკლებს, მიმართეთ ექიმს.
5. ყურადღება მიაქციეთ ტკივილს. ის შესაძლოა მიანიშნებდეს როგორც დაზიანებაზე, ისე დაავადების გააქტიურებაზეც. ექიმის დროული კონსულტაცია დაგეხმარებათ სახსრის შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებაში.
მოძებნეთ საშუალება, რომელიც ტკივილს ეეფქტურად გიყუჩებთ: მედიკამენტი, თბილი ან ცივი საფენი, ფიქსატორი ან მსუბუქი გაჭიმვა.
6. თავი დაანებეთ მოწევას. მოწევა აძლიერებს ტკივილს და აჩქარებს სახსრების დაზიანებას როგორც ოსტეოართრიტის, ისე რევმატოიდული ართრიტის დროს. 2022 წლის კვლევის მიხედვით, ელექტრონული სიგარეტის მწეველებს 81%-ით უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ართრიტის ანთებითი ფორმები, ვიდრე არამწეველებს (რომლებიც არც ადრე ეწეოდნენ). ელექტრონული სიგარეტი (აიქოსი, ვეიპი) რისკს არ ამცირებს.
7. იკვებეთ ჯანსაღად. ხილით, ბოსტნეულით, თევზით, თხილითა და ლობიოთი მდიდარი, გადამუშავებული საკვებითა და ნაჯერი ცხიმებით ღარიბი დიეტა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა და დაბერების თანმხლები სხვა დაავადებების რისკს კი არ ამცირებს, არამედ სახსრების ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. კვლევები მოწმობს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტას შეუძლია, შეამციროს ოსტეოართრიტის განვითარების ალბათობა, შეამსუბუქოს სახსრების დამაზიანებელი ანთება და ხელი შეუშალოს დაავადების პროგრესირებას ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებთან.
8. შეინარჩუნეთ სწორი ტანდეგობა. არასწორი პოზა სახსრებს ზომაზე მეტად ტვირთავს და ხრტილის გადაჭარბებულ ცვეთას განაპირობებს. წელში გაიმართეთ, მხრები უკან გასწიეთ, თავი ხერხემლის გასწვრივ წარმოსახვით სწორ ხაზზე დაიჭირეთ, მუცელი შეზნიქეთ, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ – ასეთია დგომისას სწორი პოზა. ჯდომისას მიეყრდენით სკამის საზურგეს, ფეხები მყარად დადგით იატაკზე, მუხლებსა და სკამს შორის მცირე სივრცე დატოვეთ. ეცადეთ, მუხლები დაიკავოთ თეძოების სიმაღლეზე ან ოდნავ ქვემოთ.
9. სწორად შეარჩიეთ ფეხსაცმელი. მოუხერხებელ და ცუდად მორგებულ ფეხსაცმელს შეუძლია, არა მხოლოდ ტერფის სახსრები დააზიანოს, არამედ ტანდეგობაც შეცვალოს და მთელი სხეულის სახსრებზე მოახდინოს გავლენა. მაგალითად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დამატებით ტვირთავს მუხლებს და ზრდის ოსტეოართრიტის განვითარების რისკს. ატარეთ დაბალქუსლიანი ან უქუსლო ფეხსაცმელი კარგი ამორტიზაციით და მოქნილი ძირით, ოთხკუთხა ან მომრგვალებული ცხვირით, რომელიც თითებს მოძრაობის საშუალებას აძლევს. თუ ტერფი ან მუხლი გტკივათ, შესაძლოა, შვება მოგგვაროთ ორთოპედიულმა საფენმა. თქვენთვის შესაბამისი ვარიანტის შერჩევაში სპეციალისტი დაგეხმარებათ.
10. იზრუნეთ ძვლების ჯანმრთელობაზე. მტკიცე ძვლების გარეშე ვერც სახსრები იქნება ჯანმრთელი. მიირთვით საკვები, რომელიც მდიდარია კალციუმითა და D ვიტამინით (თინუსი, ორაგული, კვერცხის გული და სხვა). საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დანამატები ექიმის რჩევით.
ერიდეთ გაზიან სასმელებს, ყავასა და ალკოჰოლს – ისინი ხელს უწყობენ ძვლებიდან კალციუმის კარგვას.
***
მუხლის ართრიტი
ართრიტი სახსრის ანთებაა. ის ყველაზე ხშირად დიდ სახსრებში ვითარდება, რომლებზეც მთავარი დატვირთვა მოდის. ერთი მათგანია მუხლის სახსარი.
ართრიტი შეიძლება განვითარდეს როგორც ერთ, ისე ორივე მუხლში. მისი გავრცელება ასაკთან ერთად იმატებს. ართრიტის მძიმე ფორმები ადამიანს ყოველდღიურ საქმიანობასა და თვითმოვლაშიც უშლის ხელს.
ცნობილია ართრიტის 100-ზე მეტი ფორმა, თუმცა მუხლის სახსარს უმეტესად აზიანებს:
* ოსტეოართრიტი – ხრტილის თანდათანობითი, ხშირად ასაკთან დაკავშირებული დეგენერაცია;
* რევმატოიდული ართრიტი – იმუნური სისტემის არასწორი აქტივობით გამოწვეული ქრონიკული ანთება;
* იუვენილური იდიოპათიური ართრიტი – ბავშვებში განვითარებული ართრიტი, რომლის ზუსტი მიზეზი ხშირად უცნობია;
* სპონდილოართრიტი – ჯგუფი ანთებითი დაავადებებისა, რომლებიც აზიანებს ხერხემალს, მენჯ-ბარძაყის სახსრებს და ზოგჯერ მუხლებსაც;
* პოდაგრა – შარდმჟავას კრისტალების დაგროვებით გამოწვეული ძლიერი ანთება, ხშირად – ცალ მუხლში;
* პოსტტრავმული ართრიტი – მუხლის ტრავმის შემდეგ განვითარებული ანთება;
* ინფექციური ართრიტი – ბაქტერიებით, იშვიათად ვირუსებით გამოწვეული მწვავე, ხშირად პროგრესირებადი ანთება;
* რეაქტიული ართრიტი – სხეულის სხვა ნაწილის ინფექციაზე იმუნური სისტემის რეაქციის შედეგად განვითარებული ანთება.
სიმპტომები
მუხლის ართრიტი ადრეულ ეტაპზე უმეტესად ტკივილითა და შეშუპებით ვლინდება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც:
- კრეპიტაცია – სახსრის ტკაცუნი ან ჭრაჭუნი მოძრაობისას;
- სიარულის გაძნელება;
- ტკივილის გაძლიერება ამინდის შეცვლისას;
- კანის გახურება ან გაწითლება;
- მუხლის შებოჭილობა ან ჩაკეტვა;
- მუხლის სისუსტე და ჩაკეცვა.
ართრიტული ტკივილი
მუხლის ტკივილი ყოველთვის ართრიტით არ არის გამოწვეული. მუხლი შესაძლოა ძლიერმა დატვირთვამაც დააზიანოს. ამის ტიპური მაგალითია "მორბენალის მუხლი" – განმეორებითი დაჭიმვითი დაზიანება, რომელიც ერთი და იმავე მოძრაობის ხშირი გამეორების შედეგად წარმოიშობა. ასეთ შემთხვევებში კონკრეტულ აქტივობასთან ტკივილის დაკავშირება, ჩვეულებრივ, არ არის ძნელი.
ართრიტის დროს სიმპტომები უფრო ნელა და შეუმჩნევლად ვითარდება, ისე, რომ ზოგჯერ ადამიანს აღარც კი ახსოვს, პირველად როდის შეაწუხა დისკომფორტმა.
თუ დაზიანებულია მუხლის რბილი ქსოვილები ან ადამიანს სპორტული ტრავმა აქვს მიღებული, მოძრაობას ტკაცუნი და ხრაშუნი არ ახლავს თან – ასეთი შეგრძნება მაშინ წარმოიშობა, როდესაც ერთმანეთს ეხება სახსრის ძვლები, რაც ხრტილის დაზიანებისთვის არის დამახასიათებელი.
ზოგი აღნიშნავს ტკივილის კავშირს კლიმატურ პირობებთან – ტემპერატურასთან, ტენიანობასა და ატმოსფერულ წნევასთან. მართლაც, მუხლის ართრიტის დროს ტკივილი ხშირად ძლიერდება ცივ და წვიმიან დღეებში.
რა იწვევს
მუხლის სხვადასხვა ტიპის ართრიტს სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ საბოლოოდ ყველა მათგანს ერთსა და იმავე შედეგამდე მივყავართ: სახსრის ქსოვილების ანთება ტკივილს, შეშუპებას და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. როდესაც ხრტილი ზიანდება ან ცვდება, ძვლები ერთმანეთს ეხება, რაც მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს და ტკივილს აძლიერებს.
განასხვავებენ მუხლის ართრიტის დეგენერაციულ და ანთებით ტიპებს.
ოსტეოართრიტი დეგენერაციული დაავადებაა. მუხლის რეგულარული დატვირთვა ხრტილის თანდათანობით ცვეთას იწვევს. ხრტილის განლევას კი, თავის მხრივ, ანთებამდე და სახსრის სტრუქტურულ ცვლილებებამდე მივყავართ.
ანთებით (მაგალითად, რევმატოიდულ) ართრიტს საფუძვლად უდევს ავტოიმუნური პროცესი: იმუნური სისტემა შეცდომით უტევს საკუთარი სახსრის ქსოვილებს, რაც ხრტილის დაშლას და სახსრის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.
რისკფაქტორები
მუხლის ართრიტის განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ ადამიანი:
* გადაცილებულია 50 წელს – ასაკის კვალდაკვალ ხრტილი ბუნებრივად თხელდება და ცვდება;
* აქვს ჭარბი წონა ან ყოველდღიურად ატარებს მძიმე ტვირთს – ზედმეტი წონა მუხლებზე ზეწოლას ზრდის;
* ეწევა საქმიანობას, რომელიც მუხლების ინტენსიურ დატვირთვას მოითხოვს (მშენებლობა, პროფესიული სპორტი);
* გადატანილი აქვს მუხლის ძლიერი ტრავმა ან განმეორებითი დაზიანება;
* აქვს მუხლის ანატომიური თავისებურებები, რის გამოც სახსარზე დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება;
* აქვს ავტოიმუნური დაავადებების ან ართრიტის ოჯახური ისტორია.
დიაგნოსტიკა
მუხლის ართრიტის დიაგნოსტიკა გასინჯვით და პაციენტის ჩივილების დეტალური შესწავლით იწყება. ექიმი აფასებს სახსრის მოძრაობის ამპლიტუდას, ტკივილისა და შეშუპების ხარისხს, ართრიტისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს.
პირველადი შეფასების შემდეგ ინიშნება მუხლის სახსრის რენტგენოგრაფია, რომელიც აჩვენებს:
- ხრტილის საეჭვო გათხელებას;
- ძვლოვანი სტრუქტურების ცვლილებას;
- სასახსრე ნაპრალის შევიწროებას.
თუ შემთხვევა რთულია ან სავარაუდოა დამატებითი დაზიანება, ტარდება MRI ან CT.
MRI განსაკუთრებით ინფორმაციულია რბილი ქსოვილების – ხრტილის, მენისკის, იოგებისა და სინოვიური გარსის – შეფასებისას, ხოლო ჩთ უკეთ აჩვენებს რთულ ძვლოვან დაზიანებებს.
თუ ექიმმა იეჭვა, რომ ართრიტი ანთებითი ტიპისაა, დანიშნავს სისხლის ანალიზებს, რომელთა მეშვეობითაც შეაფასებს ანთების მაჩვენებლებს და იმუნური სისტემის აქტივობას.
ზოგიერთ შემთხვევაში ტარდება სინოვიური სითხის გამოკვლევა, რაც იძლევა ინფექციის, პოდაგრის და ანთების სხვა მიზეზების გამოვლენის შესაძლებლობას.
მუხლის ართრიტის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ულტრაბგერითი გამოკვლევა – ულტრასონოგრაფია. ეს უსაფრთხო და არაინვაზიური მეთოდი ექიმს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში შეაფასოს:
* სახსრის რბილი ქსოვილები;
* სითხის დაგროვება;
* სინოვური გარსის გასქელება და მისი სტრუქტურული ცვლილებები.
ულტრაბგერით კონტროლს ხშირად მიმართავენ ზუსტი პოზიციონირებისთვის ინვაზიური პროცედურების, მაგალითად, სითხის ასპირაციის ან სახსარშიდა ინექციის დროს.
მართვა და მკურნალობა
ართრიტისგან განკურნება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ სწორად შერჩეული მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს მოძრაობას და ანელებს დაავადების პროგრესირებას.
მუხლის ართრიტის მართვა მოითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც მოიცავს ცხოვრების წესის მოდიფიკაციას, მედიკამენტურ მკურნალობას და, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევას. მკურნალობის ნაწილი სპეციფიკურია ართრიტის ტიპისთვის, თუმცა მრავალი რეკომენდაცია უნივერსალურია.
ცხოვრების წესი
მსუბუქი და რეგულარული ვარჯიში. მოძრაობაზე უარის თქმა სახსრის მდგომარეობას ხშირად აუარესებს. თუ ყოველდღიური საქმიანობა ან სპორტი მუხლს ზომაზე მეტად ტვირთავს, მიზანშეწონილია მისი შეცვლა უფრო დაბალი ინტენსივობის აქტივობით, მაგალითად, სეირნობით, ცურვით, ველოსიპედით სიარულით. ზომიერი ფიზიკური აქტივობა აძლიერებს საყრდენ კუნთებს და ინარჩუნებს მოძრაობის ამპლიტუდას.
ფიზიოთერაპია. ფიზიოთერაპევტი ინდივიდუალურად არჩევს ვარჯიშებს ბარძაყისა და წვივის კუნთების გასაძლიერებლად. ძლიერი კუნთები ამცირებს მუხლის სახსის დატვირთვას, ზრდის სტაბილურობას, აუმჯობესებს ბალანსს.
წონის კონტროლი. ზედმეტი წონა მნიშვნელოვნად ზრდის მუხლებზე ზეწოლას. წონის მცირე კლებაც კი ხშირად ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას.
ორთოპედიული საშუალებები. ფეხსაცმლის სპეციალური საფენები და მუხლის ფიქსატორები ზოგავს სახსარს სიარულის დროს.
დამხმარე საშუალებები. ჯოხი და ჭოჭინა ამცირებს სახსრის დატვირთვას და უზრუნველყოფს დამატებით მხარდაჭერას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახსრის გარშემო კუნთები მოდუნებულია.
აკუპუნქტურა. ზოგიერთ პაციენტს წერტილოვანი მასაჟი ტკივილს უმსუბუქებს. მართალია, ართრიტის მკურნალობისას ამ მეთოდის ეფექტიანობა კვლევებით არ არის დადასტურებული, მაგრამ ის დაბალი რისკისაა და შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლო აღმოჩნდეს.
მედიკამენტები:
მედიკამენტები გამოიყენება ტკივილის შესამცირებლად, ანთების ჩასაცხრობად და დაავადების პროგრესის შესანელებლად. მათ ართრიტის ტიპის, სიმპტომების სიმძიმისა და პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის მიხედვით არჩევენ.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (NSAIDs). ასეთია იბუპროფენი და ნაპროქსენ ნატრიუმი. ეს წამლები ამსუბუქებს ტკივილს და ამცირებს ანთებას, თუმცა იწვევს თანმხლებ მოვლენებსაც, მაგალითად, კუჭის გაღიზიანებას. შესაძლოა, მოიმატოს გულის შეტევის ან ინსულტის რისკმაც.
COX-2 ინჰიბიტორები. ეს არის NSAIDs -ის სპეციფიკური ქვეტიპი, რომელიც ნაკლებად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე, თუმცა ტკივილსა და ანთებას არანაკლებ ეფექტურად ამცირებს.
ადგილობრივი საშუალებები. ადგილობრივი მკურნალობა მოიცავს ცხელ და ცივ თერაპიას, შინაგანად მისაღებ მცენარეულ (მაგ., არნიკის) პრეპარატებს, ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივ საშუალებებს – ლოსიონებსა და გელებს. ადგილობრივი NშAID ზოგჯერ ტაბლეტებზე უსაფრთხოა, რადგან ორგანიზმზე სისტემურად არ მოქმედებს.
პარაცეტამოლი. ეს უკანასკნელი არ ეკუთვნის ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების რიცხვს, მაგრამ პერიოდულად გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად.
კორტიზონის ინექციები (სტეროიდული ინექციები). ორალურ სტეროიდებს (კორტიკოსტეროიდებს) მუხლის ართრიტის ხანგრძლივი მკურნალობისას იშვიათად იყენებენ. სტეროიდების სახსარშიდა ინექციები დროებით ამცირებს ტკივილს, აცხრობს ანთებას და დაზიანებისგან იცავს სახსარს.
თერაპიული ინექციები. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის (PRP) ან ჰიალურონის ინექციები კორტიზონის ინექციების ალტერნატივაა. მათი მიზანია სახსრის დამატებითი დაცვა, ლუბრიკაციის გაუმჯობესება და ტკივილის შემსუბუქება.
გლუკოზამინისა და ქონდროიტინის დანამატები. გლუკოზამინი და ქონდროიტინი ხრტილის შემადგენელი ნივთიერებებია. მათი დანამატების ეფექტიანობა ყველა პაციენტთან არ არის დადასტურებული, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება.
ანტირევმატული პრეპარატები (NSAIDs) – გამოიყენება ანთებითი ტიპის (რევმატოიდული ან რეაქტიული) ართრიტის დროს, თრგუნავს იმუნური სისტემის ზედმეტ აქტივობას და ამცირებს ანთებას.
მუხლის ართრიტის შემთხვევათა დიდი ნაწილი ეფექტურად იმართება ქირურგიული ჩარევის გარეშე, მაგრამ მაშინაც კი, როცა ოპერაცია აუცილებელია, მედიკამენტური მკურნალობა რჩება თერაპიის მნიშვნელოვან ნაწილად როგორც ოპერაციამდე, ისე ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში.
ქირურგიული მკურნალობა
ოპერაციის საკითხი დაისმის მხოლოდ მაშინ, როცა ჩამოთვლილი მეთოდები აღარ შველის პაციენტს და ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ყოველდღიურ ცხოვრებაში ძლიერ დისკომფორტს უქმნის.
მუხლის ართროსკოპია. ქირურგი აკეთებს რამდენიმე პატარა ჭრილს, კამერის დახმარებით ათვალიერებს სახსარს და აშორებს დაზიანებულ ნაწილაკებს, მაგალითად, ხრტილის ნარჩენებს ან ანთებით გარსს.
მიზანი: ტკივილის შემცირება და მოძრაობის გაუმჯობესება.
მუხლის ოსტეოტომია. ოსტეოტომია ნიშნავს წვივის ან ბარძაყის ძვლის განლაგების კორექციას – ძვლის ორ ნაწილად გაკვეთას მათი სწორად შეერთების მიზნით. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა მუხლზე დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება. მიზანი: დატვირთვის სწორად გადანაწილება, სახსრის დაცვა ზედმეტი ზეწოლისგან და ტკივილის შემცირება.
მუხლის ნაწილობრივი ჩანაცვლება. მუხლის სახსარი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. თუ ართრიტმა დააზიანა მხოლოდ ერთი მათგანი, შესაძლებელია, ის პროთეზით შეიცვალოს.
მუხლის სრული ჩანაცვლება. თუ ართრიტმა უკვე მთელი მუხლი მოიცვა, სახსრის დაზიანებული ზედაპირები მეტალისა და პლასტმასის პროთეზებით იცვლება.
მიზანი: ტკივილის შემცირება და მოძრაობის აღდგენა.
პროგნოზი
მუხლის ართრიტი ქრონიკული, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარე მდგომარეობაა, მაგრამ სწორი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს, აცხრობს ანთებას და ხშირად დაავადების პროგრესირებასაც ანელებს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაზიანებული ქსოვილი აღარ აღდგება, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ჩანაცვლება. სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია ბევრ პაციენტს საგრძნობლად უმსუბუქებს ტკივილს და მნიშვნელოვნად უმაღლებს ცხოვრების ხარისხს.
რეაბილიტაცია
ქირურგიული ჩარევის შემდეგ რეაბილიტაციაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული შედეგი. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში პაციენტი ფიზიოთერაპევტის დახმარებით იწყებს სიარულს და სპეციალურ ვარჯიშებს მუხლებში მოძრაობის გასაუმჯობესებლად, კუნთების გასაძლიერებლად. რეგულარული ვარჯიში გამოჯანმრთელებას აჩქარებს.
პაციენტების უმეტესობა ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ უბრუნდება ყოველდღიურ საქმიანობას, ხოლო ფუნქციის სრული აღდგენა, წესისამებრ, 3-6 თვეში მიიღწევა. თანამედროვე პროთეზები ძლიერ გამძლეა და 15-20 წელს და მეტსაც კი ძლებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი იცავს ექიმის რეკომენდაციებს და მუხლს ზომაზე მეტად არ ტვირთავს.
ჯამში, მუხლის ართრიტის ქირურგიული მკურნალობა ხშირად ძალიან ეფექტურია – ამცირებს ქრონიკულ ტკივილს, აუმჯობესებს მოძრაობას და ადამიანს აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას უბრუნებს.
პრევენცია
ართრიტი სიბერის აუცილებელი თანამგზავრი არ არის, თუმცა წლების მატებასთან ერთად სახსრები ბუნებრივად ცვდება. განსაზღვრული სახის საქმიანობა და ცხოვრების წესი მუხლებს ზედმეტად ტვირთავს და რისკს ზრდის.
თუ განიცდით რისკფაქტორების გავლენას, სასურველია, ყურადღებით მოეკიდოთ:
- ყოველდღიურ ჩვევებს;
- ვარჯიშის ტიპს;
- სამუშაოს სპეციფიკას;
- სხეულის წონას.
მუხლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია რეგულარული აქტივობა მცირე დატვირთვით, კერძოდ:
- ფეხით სიარული;
- ველოსიპედით სიარული;
- ცურვა;
- იოგა.
ასეთი აქტივობები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შებოჭილობას და მოქნილობას უნარჩუნებს სახსრებს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუხლების გარშემო კუნთების გაძლიერებას – ძლიერი კუნთები იცავს სახსრებს ზედმეტი მექანიკური დატვირთვისგან და ამცირებს მათი დაზიანების რისკს.
***
ბურსიტი
ბურსა, იგივე სინოვიური ჩანთა, სახსარში მოთავსებული სითხით სავსე პატარა აბგაა. ის ამცირებს ხახუნს და იცავს ძვლებსა და რბილ ქსოვილებს ერთმანეთთან შეხებისას. მუხლის მიდამოში შეიძლება 11-დან 15-მდე ბურსა იყოს, თუმცა პრაქტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევა 4-6 მათგანი.
ბურსიტი ბურსის ანთებაა.
მიზეზები
ბურსიტი შესაძლოა გამოიწვიოს:
- მუხლებზე ხშირმა ზეწოლამ – მუხლისთავებზე დგომამ ან ჯდომამ, განსაკუთრებით – მყარ ზედაპირზე (ამის გამო დაავადების მაღალი რისკი აქვთ დამლაგებლებს, სანტექნიკოსებს, მებაღეებს და სხვ.).
- მუხლის გადატვირთვამ ან განმეორებითმა მოძრაობებმა;
- მუხლზე პირდაპირმა დარტყმამ;
- ინფექციამ (სისხლჩაქცევის ან ჭრილობის შემდეგ);
- სხვა დაავადებებმა – მუხლის ოსტეოართრიტმა, რევმატოიდულმა ართრიტმა, პოდაგრამ.
რისკი იმატებს, როდესაც ადამიანი მისდევს სპორტის ისეთ სახეობას, სადაც მუხლი ხშირად განიცდის დარტყმასა და დატვირთვას: ჭიდაობას, ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს. მორბენალებსაც ხშირად უვითარდებათ კვირისტავის ქვემოთ, დიდი წვივის ხორკლთან მდებარე ბურსის ანთება. ამ ტიპის ბურსიტი სიმსუქნისა და ოსტეოართრიტის მქონე ქალებთანაც გვხვდება.
სიმპტომები
სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, რომელი ბურსაა ანთებითი და რამ გამოიწვია ანთება. ყველაზე ხშირად შეინიშნება:
- შეშუპება, სითბო, ტკივილი დაზიანებულ არეში;
- ტკივილი მოძრაობისას ან მოსვენებისას;
- მოძრაობის შეზღუდვა.
სიმპტომები სწრაფად ვითარდება, როდესაც ბურსიტი პირდაპირი დარტყმის შედეგია, ნელა – როდესაც მიზეზი მუხლებზე ხანგრძლივი დგომაა.
კვირისტავის თავზე მდებარე ბურსის ინფიცირებაზე მიუთითებს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ძლიერი ტკივილი, კანის სიწითლე და მუხლის მოძრაობის გაძნელება. ასეთ დროს საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლა.
პრევენცია
ბურსიტის თავიდან აცილება და მისი რეციდივის ალბათობის შემცირება შესაძლებელია:
* მუხლის დამცავების გამოყენებით მუშაობისა თუ სპორტული დატვირთვის დროს;
* პერიოდული შესვენებებით, თუ მუშაობისას დიდხანს გიწევთ მუხლებზე დგომა;
* ჯანსაღი წონის შენარჩუნებით, რათა სახსრები ზედმეტად არ დაიტვირთოს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
გარდა გასინჯვისა, დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა ჩატარდეს:
* რენტგენორგრაფიული კვლევა ძვლოვანი ცვლილებების გამოსარიცხად;
* ექოსკოპია ბურსის სითხის შესაფასებლად;
* MRI რთული ან ატიპური შემთხვევებისთვის;
* ასპირაცია – ბურსიდან სითხის აღება ინფექციის ან პოდაგრის გამოსავლენად (ხშირად – სამკურნალოდაც).
ბურსიტი დროთა განმავლობაში უმეტესად თავისთავად ცხრება. მკურნალობა მიმართულია ტკივილის, შეშუპებისა და მოძრაობის შეზღუდვის შემცირებისკენ.
მკურნალობის მეთოდებია:
* დასვენება, ყინულის დადება, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღება;
* ფიზიოთერაპია – კუნთების გასაძლიერებლად და მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელად;
* სტეროიდების ინექცია ბურსაში (საჭიროებისამებრ);
* ანტიბიოტიკოთერაპია ინფექციის არსებობისას;
* ასპირაცია ზედმეტი სითხის მოსაშორებლად;
* იშვიათად – ბურსის ქირურგიული ამოკვეთა, თუ მდგომარეობა ქრონიკულია და მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
***
მუხლის ტრავმები
მუხლი რთული ანატომიური აგებულების სახსარია. ის ძვლებისგან, სასახსრე ხრტილისგან, იოგებისა და მყესებისგან შედგება. სწორედ მრავალფეროვანი სტრუქტურა ხდის მას მოწყვლადს ართრიტისა და ტრავმების მიმართ.
მუხლის ტრავმის დროს ხშირად ერთზე მეტი სტრუქტურა ზიანდება. ყველაზე გავრცელებული დაზიანებებია იოგების დაჭიმვა და ნაწილობრივი ან სრული გაგლეჯა, ძვლების მოტეხილობა და ამოვარდნილობა.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოზის დასასმელად ექიმი გასინჯავს პაციენტს, გამოჰკითხავს ტრავმის ისტორიას, სიმპტომებს. საჭიროებისამებრ, დაუნიშნავს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, კომპიუტერულ (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI).
მუხლის საკმაოდ ბევრი დაზიანების წარმატებით მკურნალობა შესაძლებელია მარტივი არაქირურგიული მეთოდებით, მაგალითად, სახსრის ფიქსატორებითა და სარეაბილიტაციო ვარჯიშებით. ზოგი დაზიანების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. დაზიანების ტიპის მიხედვით წყდება, ართროსკოპიული ოპერაცია ჩატარდეს მცირე განაკვეთით თუ ღია.
ეფექტურია RICE მეთოდი (rest, ice, compression and elevation – დასვენება, ყინული, კომპრესია და აწევა). შესაძლოა, ექიმმა ყავარჯნის ან`და ფიქსატორის ტარების რეკომენდაციაც გასცეს. ზოგჯერ თაბაშირის ნახვევსაც ადებს. ტკივილის შემთხვევაში გამოწერენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს (იბუპროფენი, ნაპროქსენი) ან პარაცეტამოლს. გამოიყენება ფიზიოთერაპიაც, რათა მოძრაობის დიაპაზონი აღდგეს და კუნთები გაძლიერდეს.
წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება
წინა ჯვარედინი იოგი ბარძაყის ძვალს წვივის ძვალთან აკავშირებს და ხელს უშლის მუხლის ზედმეტად მოხრას და მოტრიალებას. წინა და უკანა ჯვარედინი იოგები მუხლში X-ისებურად იკვეთება, რაც სახსრის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
წინა ჯვარედინი იოგები შესაძლოა დაზიანდეს ძლიერი მოტრიალების, უეცარი შეჩერების, მიმართულების სწრაფი შეცვლის ან უხეში დაშვების დროს. ლოგიკურია, რომ მათ დაზიანებას ყველაზე ხშირად სპორტსმენებთან (ფეხბურთელებთან, კალათბურთელებთან, ტანმოვარჯიშეებთან) ვხვდებით. დაზიანების მიზეზად შეიძლება იქცეს ავტოსაგზაო შემთხვევა და წაქცევაც.
ათიდან დაახლოებით ხუთ შემთხვევაში წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მენისკის, სასახსრე ხრტილის, სხვა იოგების – დაზიანებასთან ერთად გვხვდება.
დაზიანების სიმძიმე
წესისამებრ, ტრავმა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანმა ზუსტად იცის იოგების დაზიანების მომენტი. უმეტესად ის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ზოჯერ მხოლოდ მცირე დისკომფორტი იგრძნობა, ამიტომ თავად ნუ ეცდებით დიაგნოზის დასმას, მუხლის ნებისმიერი ტრავმის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს მით უმეტეს – თუ ტკაცუნი გაიგონეთ ან იგრძენით.
დაზიანებები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
* პირველი ხარისხი – იოგის სტრუქტურა შენარჩუნებულია, მხოლოდ დაჭიმულობაა.
* მეორე ხარისხი – იოგი ნაწილობრივ არის გახეული და მოშვებულია.
* მესამე ხარისხი, სრული გაგლეჯა – იოგი ორ ნაწილად იყოფა.
წინა ჯვარედინი იოგების გაგლეჯის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- მუხლში ტკაცუნის შეგრძნება ან ხმა ტრავმის მომენტში;
- შეშუპება;
- ტკივილი, განსაკუთრებით – მუხლის დატვირთვისას;
- არასტაბილურობა – შეგრძნება, თითქოს საყრდენი გეცლება;
- მოძრაობის დიაპაზონის შემცირება.
წინა ჯვარედინი იოგები თავისთავად არ შეხორცდება, თუმცა დაბალი ხარისხის დაზიანებისას შესაძლებელია მდგომარეობის კონსერვატიული მართვა. ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის, განსაკუთრებით – სპორტსმენებისთვის, საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რათა არასტაბილურობა მოიხსნას და განმეორებითი ტრავმები თავიდან ავიცილოთ.
უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება
უკანა ჯვარედინი იოგი იცავს წვივის ძვალს უკან გადანაცვლებისგან და უზრუნველყოფს მუხლის სტაბილურობას წინა-უკანა ღერძზე. ის მასიური და ძლიერი იოგია – დაახლოებით ადამიანის ნეკა თითის ზომისა – და შედგება ორი მონაკვეთისგან, რომლებიც ერთ იოგად იკვრება.
უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება გაცილებით იშვიათია, ვიდრე წინასი, თუმცა მისი შეფასებაც უფრო რთულია, რის გამოც ზოგჯერ უყურადღებოდ რჩება.
უკანა ჯვარედინ იოგს ხშირად აზიანებს მოხრილ მუხლზე წინიდან მოქმედი ძლიერი ძალა. ყველაზე ტიპური მიზეზებია:
* ავტოსაგზაო შემთხვევა;
* კონტაქტური სპორტი (ფეხბურთი, რაგბი, ჭიდაობა);
* მძიმედ დაშვება ან მოწყვეტით დაცემა მუხლებზე ან ცალ მუხლზე.
უკანა ჯვარედინი იოგის გაგლეჯის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
* ტკივილი და შეშუპება, რომელიც ტრავმის შემდეგ სწრაფად პროგრესირებს;
* მუხლის შებოჭილობა, რომელმაც შესაძლოა კოჭლობა გამოიწვიოს;
* სიარულის გაძნელება, განსაკუთრებით კიბეზე;
* არასტაბილურობის შეგრძნება – თითქოს ფეხს საყრდენი გამოეცლა ან მუხლი მოიბრიცა.
იზოლირებული დაზიანებისას უკანა ჯვარედინი იოგი შესაძლოა ქირურგიული ჩარევის გარეშეც შეხორცდეს, კომპლექსური ან მძიმე დაზიანების შემთხვევაში კი საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
კოლატერალური იოგების დაზიანება
კოლატერალური – მედიალური და ლატერალური — იოგები მუხლის გვერდების სტაბილურობას უზრუნველყოფს. მათი ტრავმა, წესისამებრ, გამოწვეულია მუხლის გარეთა მხრიდან დარტყმით. სპორტში ასეთი ტრავმა ხშირია, თუმცა კოლატერალური იოგის იზოლირებულ დაზიანებას შედარებით იშვიათად ვხვდებით.
კოლატერალური იოგების ტრავმის დროს მოსალოდნელია ტკივილი მუხლის გვერდითა ნაწილში (მედიალურის შემთხვევაში – შიგნით, ლატერალურის შემთხვევაში – გარეთ), შეშუპება და არასტაბილურობის შეგრძნება, თითქოს ცალ მხარეს მუხლი ყანყალებს ან საყრდენს კარგავს.
მენისკის გაგლეჯა
მენისკი ბარძაყისა და წვივის ძვლებს შორის მდებარე ნახევარმთვარისებრი ფიბროზული სტრუქტურაა, რომელიც ახდენს დატვირთვის ამორტიზაციას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუხლის სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
მენისკი შეიძლება გაიგლიჯოს როგორც მწვავე ტრავმის, ისე წლების განმავლობაში მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებების შედეგად. მისი დაზიანება მუხლის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტრავმად ითვლება. მაღალი რისკი ემუქრებათ კონტაქტური სპორტის მიმდევრებს, თუმცა მენისკის გაგლეჯა უხერხულ მოძრაობსასც შეუძლია, მაგალითად, მოტრიალებას, განსაკუთრებით – ასაკოვან პირებთან.
მენისკის გაგლეჯისას ბევრს ესმის ტკაცუნი ან გრძნობს მას.
მიუხედავად ტრავმისა, ადამიანების უმეტესობა ახერხებს სიარულს, ხოლო სპორტსმენები ხშირად თამაშსაც აგრძელებენ, მაგრამ მომდევნო ორი–სამი დღის განმავლობაში მუხლი უფრო და უფრო შუპდება, ტკივილი იმატებს და მოძრაობა იზღუდება.
მენისკის დაზიანების ტიპობრივი სიმპტომებია:
- ტკივილი;
- შებოჭილობა და შეშუპება;
- მუხლის ჩაჭედვის ან ჩაკეტვის ეპიზოდები;
- მუხლის არასტაბილურობა;
- მუხლის მოძრაობის შეზღუდვა.
როგორ მკურნალობას შეგირჩევთ ექიმი, დამოკიდებულია ფაქტორთა წყებაზე, მათ შორის – ასაკზე, სიმპტომებსა და აქტიურობის დონეზე, დაზიანების ტიპზე, ზომასა და ადგილმდებარეობაზე.
მენისკის გარეთა მესამედი მდიდარია სისხლძარღვებით. ამ ადგილას დაზიანება ხშირად თავისთავად ხორცდება, საჭიროების შემთხვევაში კი წარმატებით აღდგება ქირურგიული მკურნალობით. შიდა ორ მესამედს საკმარისი სისხლმომარაგება არ აქვს, ამიტომ ამ არეში არსებულ დაზიანებათა თავისთავად შეხორცება ფაქტობრივად შეუძლებელია – ისინი ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს.
მყესების გაგლეჯა
მყესები ბოჭკოვანი ქსოვილის ძაფისებრი სტრუქტურებია, რომლებიც კუნთებს ძვლებზე ამაგრებს. ტრავმის შედეგად ეს სტრუქტურები შესაძლოა გაიჭიმოს, გაიგლიჯოს, გაწყდეს. მყესების ტრავმა განსაკუთრებით ხშირად აღირიცხება საშუალო ასაკის ადამიანებთან, რომლებიც ფიზიკურად ინტენსიურად იტვირთებიან.
დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია დაცემა, მუხლის წინა ზედაპირზე ძლიერი დარტყმა, უხეში ან არასწორი დახტომა, მუხლზე ჩატარებული ოპერაცია, მყესების სისუსტე.
მყესების სისუსტის მიზეზად, თავის მხრივ, შესაძლოა იქცეს: ტენდინიტი (მყესის ანთება), მუხლის სახსარში კორტიკოსტეროიდების ინექციები, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მაღალი ქოლესტეროლი, ანთებითი დაავადება (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა), შაქრიანი დიაბეტი, ინფექცია, ზოგადი მეტაბოლური დარღვევები.
მყესის გაწყვეტა ან ნაწილობრივია, ან სრული. ნაწილობრივი გაწყვეტისას მხოლოდ ზოგიერთი ბოჭკოა გაწყვეტილი, მაგრამ სტრუქტურა მთლიანობას ინარჩუნებს; სრული გაწყვეტისას მყესი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და მუხლის გამართვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
შედარებით ხშირია კვირისტავის მყესის გაწყვეტა, უფრო იშვიათი – ოთხთავა კუნთის მყესისა.
კვირისტავის მყესი ხშირად წყდება კვირისტავთან მიმაგრების ადგილას და მის გაწყვეტასთან ერთად შესაძლოა ძვლის ფრაგმენტიც მოტყდეს. თუ ადამიანს ტენდინიტი (მყესის ანთება) აქვს, დასუსტებული მყესი შუა ნაწილში წყდება.
მყესის გაწყვეტის სიმპტომებია:
- გაწყვეტის ან ჩხვლეტის შეგრძნება;
- ტკივილი და შეშუპება;
- მუხლის გამართვის შეუძლებლობა ან სირთულე;
- ჩაღრმავება კვირისტავის ზედა ან ქვედა ნაწილში, მყესის მიმაგრების ადგილას;
- სისხლჩაქცევები;
- შეხებისას ტკივილი;
- კრუნჩხვები;
- კვირისტავის მოძრაობა ბარძაყისკენ ან წვივისკენ (ვინაიდან მეორე მხარეს აღარ არის მიმაგრებული);
- სიარულის გაძნელება.
უმეტესად საჭიროა ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციის შემდეგ ფუნქციის სრული აღდგენა საშუალოდ 6 თვეს მოითხოვს, თუმცა ბევრი პაციენტი აღნიშნავს, რომ მაქსიმალური ფორმის დაბრუნებას 12 თვემდე დრო დასჭირდა.
მუხლის მოტეხილობები
მუხლის სახსრის შემადგენელი ძვლებიდან ყველაზე ხშირად კვირისტავი (პატელა) ტყდება, მაგრამ არც ბარძაყის ძვლის ქვედა ბოლოს ან წვივის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხაა გამორიცხული. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად ძლიერი ტრავმაა – დიდი სიმაღალიდან დაცემა, საავტომობილო ავარიაში მოხვედრა, მუხლზე პირდაპირი დარტყმა.
კვირისტავი იცავს მუხლს და ერთმანეთთან აკავშირებს წვივის ძვალსა და ბარძაყის წინა კუნთებს. ქვემოდან ამოფენილი ხრტილი ბარძაყის ძვლის თავზე მის სრიალს უზრუნველყოფს.
კვირისტავის მოტეხილობა შეიძლება სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ფორმით განვითარდეს – ძვალი ორ ნაწილად გაიყოს ან მრავალ ფრაგმენტად დაიმსხვრეს.
სტაბილური მოტეხილობის დროს ძვლის ნაწილები ადგილს არ იცვლის – ერთმანეთს ეხება ან ერთი–ორი მილიმეტრით არის დაშორებული.
ცდომილი მოტეხილობის დროს ძვლის ნაწილები ერთმანეთისგან გაცალკევებულია.
მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობის დროს ძვალი სამ ან მეტ ნაწილად იშლება. ასეთი მოტეხილობა სტაბილურიც შეიძლება იყოს და არასტაბილურიც.
ღია მოტეხილობის დროს ძვლის ფრაგმენტები კანში გამოდის ან ჭრილობა ძვლამდე აღწევს. ამ ტიპის მოტეხილობას ხშირად ახლავს თან მიმდებარე რბილი ქსოვილების დაზიანება და მაღალია ინფექციის რისკი, ამიტომ დაუყოვნებლივ საჭიროა სამედიცინო ჩარევა.
კვირისტავის მოტეხილობის ნიშნებია:
* ძლიერი ტკივილი და სწრაფად განვითარებული შეშუპება;
* სისხლჩაქცევები;
* ფეხის მუხლში გაშლის და გამართული ფეხის აწევის შუძლებლობა;
* დგომის ან სიარულის შეუძლებლობა.
თუ ძვლის ფრაგმენტები გადაადგილებული არ არის, შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა თაბაშირის ნახვევით ან არტაშანით. თუ გადაადგილებულია, დიდი ალბათობით, საჭირო გახდება ოპერაცია, რათა კვირისტავის ანატომიური ფორმა და მისი მექანიკური ფუნქცია აღდგეს.
ბარძაყის ძვლის დისტალური, მუხლისკენა ნაწილის მოტეხილობებიც სხვადასხვანაირია: განივი, სპირალური, მრავალფრაგმენტოვანი, სახსარშიდა, დახურული და ღია.
მოტეხილობის დროს ბარძაყის წინ და უკან მდებარე კუნთები რეფლექსურად იკუმშება, ძვლის ფრაგმენტები გადაადგილდება, ამიტომ მათი იმობილიზაცია ძნელია. ბარძაყის ძვლის დისტალური მოტეხილობები ყველაზე ხშირად გვხვდება ახალგაზრდებთან (50 წლამდე) მაღალენერგიული ტრავმების გამო და ხანდაზმულებთან ძვლის სიმყიფის გამო.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
* ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისა და დატვირთვის დროს;
* შეშუპება და სისხლჩაქცევები;
* შეხებისას ტკივილი ბარძაყის ან მუხლის მიდამოში;
* მუხლის ან ფეხის სხვა ნაწილების დეფორმაცია.
სიმპტომები უმეტესად მუხლის გარშემო ვლინდება, მაგრამ შესაძლოა, მთელ ბარძაყზეც გავრცელდეს.
ბარძაყის ძვლის დისტალური მოტეხილობის სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება ჩონჩხოვანი ტრაქცია, რომელიც დაჭიმვით ანეიტრალებს კუნთების ძალას და ძვლის ფრაგმენტებს სწორ პოზიციაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ტრაქციისთვის ძვალში გატარდება სპეციალური ლითონის ღერო (პინი), რომელზეც ტვირთი მაგრდება. ამის შემდეგ შეიძლება, დაედოს თაბაშირი ან ფიქსატორი.
ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში შიდა ან გარე ფიქსაციას იყენებენ.
ბარძაყის ძვლის დისტალური მოტეხილობა მძიმე დაზიანებაა. ჩვეულ ცხოვრებასთან, ყოველდღიურ საქმიანობასთან დაბრუნებამდე ხშირად საკმაოდ ბევრი დრო გაივლის. ასაკის, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის, მოტეხილობის ტიპისა და ჩატარებული მკურნალობის მიხედვით, რეაბილიტაცია შესაძლოა ერთ წლამდე და მეტხანსაც გაგრძელდეს.
დიდი წვივის ძვლის პროქსიმული, მუხლისკენა ნაწილის მოტეხილობას რამდენიმე ფორმა აქვს. ძვალი შეიძლება ერთ ადგილას გატყდეს ან მრვალ ფრაგმენტად დაიმსხვრეს. ზოგჯერ მოტეხილობა მუხლის სახსარზეც ვრცელდება. წვივის ძვლის ზედა ბორცვი ღრუბლოვანი, შედარებით რბილი ძვლისგან შედგება, რომელსაც ცხავისებრი სტრუქტურა აქვს, ამიტომ ძლიერი ზეწოლისას ადვილად იზნიქება. როცა ბარძაყის ძვლის თავი მას დიდი ძალით აწვება, ვითარდება მოტეხილობა.
წვივის ძვლის მოტეხილობა დახურულიც შეიძლება იყოს და ღიაც. მისი მიზეზი უმეტესად ძლიერი ტრავმაა, თუმცა შესაძლოა, განვითარდეს გადაჭარბებული აქტივობის, ძვლის კიბოს, ინფექციის, ოსტეოპოროზის ფონზეც.
მოტეხილობის ნიშნებია:
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება დაზიანებული ფეხის დატვირთვისას;
- მუხლის გარშემო შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა;
- დეფორმაცია;
- ფერნაკლული, ცივი ტერფი;
- ტერფის დაბუჟება.
მოტეხილობის მკურნალობა შესაძლებელია როგორც ქირურგიული, ისე არაქირურგიული გზითაც – გააჩნია მოტეხილობის ტიპს, მდებარეობასა და სიმძიმეს.
კვირისტავის მორეციდივე ამოვარდილობა
დისლოკაცია, ამოვარდნილობა, არის მდგომარეობა, როდესაც სახსრის შემადგენელი ძვლები ერთმანეთს მთლიანად ან ნაწილობრივ არის დაცილებული. ფეხის მოხრა–გაშლის დროს კვირისტავი ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს და მის ტრაექტორიას ბარძაყის ძვლის წინა ზედაპირზე არსებული V-ს ფორმის ტროქლეარული ღარი განსაზღვრავს. თვით კვირისტავის სტაბილურობას უზრუნველყოფს იოგები, კუნთები და რბილი ქსოვილები. მათი დაზიანება ან ანატომიური ნორმისგან გადახრა ზრდის ამოვარდნილობის რისკს.
კვირისტავის ამოვარდნილობა ხშირად მოსდევს უხერხულ შემოტრიალებას, დაცემას, ძლიერ დარტყმას.
მორეციდივე ანუ განმეორებით ამოვარდნილობას ხშირად ახლავს თან ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა.
ზოგჯერ ამოვარდნილობა აზიანებს კვირისტავის შიდა და ბარძაყის ძვლის ტროქლეარულ ზედაპირს, რაც მომავალში ართროზის განვითარებას უწყობს ხელს.
თუ კვირისტავი მთლიანად ამოვარდნილია ტროქლეარული ღარიდან, აუცილებელია მისი რედუქცია – ადგილზე დაბრუნება – მსუბუქი მანიპულაციით. ზოგჯერ ის თავისთავადაც სწორდება.
პირველი ამოვარდნილობისას უმეტესად არაქირურგიული მკურნალობას მიმართავენ. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბარძაყის კუნთების გაძლიერება. ამისთვის გამოიყენება სამკურნალო ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, ზოგჯერ – ფიქსატორი. რეკომენდებულია ველოსიპედით სიარული.
განმეორებითი ამოვარდნილობების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა რბილი ქსოვილების შემაკავებელი მექანიზმების გაძლიერების, ძვალთა განლაგების კორექციის, ტროქლეარული ღარის კორექციის მიზნით.
საწყის ეტაპზე კონსერვატიული მკურნალობა უმეტესად კარგ შედეგს იძლევა და რეციდივის მაჩვენებელიც შედარებით დაბალია.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა







