მიკრობიოტა ძაღლების ჯანმრთელობის სადარაჯოზე
Share:
ჩვენი საყვარელი, შინ ნაზარდი, ნაფერები ცუგა ბუნების წიაღში სასეირნოდ გაგვყავს, საბლიდან ვუშვებთ და... იწყება! სადაც გუბურას დაინახავს, უნდა ამოიგანგლოს. არც გემოს გასინჯვაზე იტყვის უარს – მონდომებით ხვრეპს ამ ყავისფერ, "სურნელოვან" სითხეს, ან ტალახში დურთავს თავს და მერე გულიანად ილოკავს ბეწვს. თუ სადმე დაობებული და ლპობაშეპარული საჭმელი იპოვა, გემრიელად ილუკმება.
ძაღლები ხშირად ჭამენ იმას, რასაც ჩვენ საკვებად უვარგისად მივიჩნევთ. მათი საკბილო შეიძლება გახდეს ლეში, ძვლები, მიწაზე დაყრილი დამპალი ან დაობებული საჭმელი, გუბეებისა და წყალსაცავების დაჭაობებული ან ტალახიანი წყალი. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როგორ ინელებენ ძაღლები ამ ყველაფერს და რა იცავს მათ იმ დაავადებებისგან, რომლებიც ადამიანს მათ ადგილას აუცილებლად დაემართებოდა?
საქმე ის არის, რომ ძაღლს აქვს ნაწლავის უნიკალური მიკრობიოტა, ადაპტირებული იმუნური სისტემა და საჭმლის მონელების სახეობისთვის დამახასიათებელი მექანიზმები.
მიკრობიოტა
მიკრობიოტა, იგივე მიკროფლორა, საერთო სახელია იმ მიკროორგანიზმებისა, რომლებიც სიმბიოზის – მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრების – პირობებში ბინადრობენ ძუძუმწოვართა ორგანიზმში. განასხვავებენ კუჭ-ნაწლავის, კანის, სასუნთქი სისტემის მიკრობიოტას. ის ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, სოკოებისა და სხვა უმარტივესებისგან შედგება.
კუჭ-ნაწლავის მიკრობიოტა მთელი ეკოსისტემაა, რომელიც, კარგად გაწვრთნილი არმიის მსგავსად, მომართულია საიმისოდ, რომ საჭიროების შემთხვევაში მავნე "მომხდურებისგან" დაიცვას ორგანიზმი. ნაწლავის მიკრობიოტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძაღლის იმუნიტეტის ფორმირებისა თუ გაძლიერება-შენარჩუნებისთვის. ის რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
- მონაწილეობს საკვების მონელებასა და რთული ნაერთების დაშლაში;
- ხელს უწყობს ვიტამინებისა და ბიოაქტიური ნივთიერებების სინთეზირებას;
- ზღუდავს მავნე პათოგენების გამრავლებას;
- აძლიერებს იმუნურ სისტემას, რათა ორგანიზმმა სწრაფად ამოიცნოს და გაანეიტრალოს უცხო მიკროოგანიზმები.
ამიტომ პატრონმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ძაღლის ორგანიზმში სასარგებლო მიკრობები ხელსაყრელ გარემოში ცხოვრობდნენ. ასეთი გარემოს შექმნას ხელს უწყობს ჯეროვანი კვება და საკმარისი ფიზიკური აქტიურობა.
არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვების შედეგად ნაწლავის მიკრობიოტა ირღვევა და ვითარდება დისბიოზი.
დისბიოზი ფართო ცნებაა და ორგანიზმში ბაქტერიებისა და ცოცხალი მიკროორგანიზმების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ნიშნავს. დისბიოზისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- შებერილობა (თუ ძაღლს აწუხებს გაზები, ბოყინი, ამოქარვება)
- დეფეკაციის ხანგრძლივი მოშლა (ყაბზობა ან დიარეა)
- ხშირი გულისრევა
- საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა და ხშირი ავადობა.
დისბიოზის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება, ანტიბიოტიკოთერაპიის რაციონალიზაცია (არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ძაღლს ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნისას კი იზრუნეთ მიკროფლორის აღმდგენ თერაპიაზეც).
როდესაც მიკრობიოტა კარგად არის ჩამოყალიბებული, იქმნება ე.წ. კოლონიზაციური რეზისტენტობა. ეს ნიშნავს, რომ კუჭ-ნაწლავის ნორმალური მიკროფლორისა და სხვა დამცველობითი ფაქტორების ერთობლიობა საუკეთესოდ იცავს ძაღლს პათოლოგიური მიკროორგანიზმების გამრავლებისგან – ბინძური საკვების მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი მავნე მიკრობები იქვე ნეიტრალდება.
სახეობისთვის დამახასიათებელი ადაპტაციური თვისებები
ევოლუციურად ძაღლი მგლის ახლო ნათესავია. მგელი მონადირე მტაცებელია. მას ერთი საინტერესო თვისება აქვს: დიდი ზომის ნანადირევს ის ანაწევრებს და რასაც არ ჭამს, სამომავლოდ ინახავს – მიწაში მარხავს, შიმშილის დადგომისას კი აკითხავს მარაგს და გემრიელად მიირთმევს.
ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს მოკლე წვრილი ნაწლავი აქვთ. საკვები მას სწრაფად გაივლის და პათოგენური მიკრობები გამრავლებას ვეღარ ასწრებს. ძაღლებს ახასიათებთ კუჭის მაღალი მჟავიანობაც: პH 1.0-2.0, მჟავა გარემოში კი მავნე ბაქტერიების უმეტესობა ნადგურდება. ამასთან, ძაღლის ნერწყვში არის ანტიბაქტერიული ფერმენტი ლიზოციმი, რომელიც ერთგვარ პირველად “განეიტრალებას” უზრუნველყოფს.
ევოლუციური ადაპტაციის ლიმიტი
ამრიგად, ძაღლების კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ევოლუციურად ადაპტირებულია და დაბინძურებული საკვები და წყალი მათთვის იშვიათად არის მომაკვდინებელი, მაგრამ პატრონებს სიფრთხილე მაინც გვმართებს, რადგან არსებობს ისეთი პათოგენებიც, რომლებიც ყველა დამცავ ბარიერს არღვევს.
მდგარ წყალსა და ბინძურ საკვებში შესაძლოა იყოს:
. ლეპტოსპირა (Leptospira). ლეპტოსპირების გვარის ბაქტერია იწვევს ლეპტოსპიროზს, რომელიც აზიანებს თირკმელებსა და ღვიძლს. დაავადების მწვავე სეზონად მიჩნეულია ზაფხული და შემოდგომა. ინფექციის წყაროებია ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევები. გამავრცელებლები არიან დაავადებული ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველები. მათი შარდით დაბინძურებული წყალი და ნიადაგი საშიშია, ამიტომ ნუ მისცემთ თქვენს ძაღლს ისეთ წყალსატევებში ბანაობის უფლებას, რომელთა სიახლოვესაც ფერმებია.
. გიარდია (Giardia), იგივე ლამბლია – უმარტივესი პარაზიტი, რომელიც დიარეას და წონის დაკარგვას იწვევს. ავადმყოფი ცხოველის ფეკალიებიდან ის ნიადაგსა და წყალში, იქიდან კი საკვებში ხვდება.
. სალმონელა (Salmonella) და ეშერიხია კოლი (Escherichia coli) – ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ გასტროენტერიტს, შარდგამომყოფი გზების ინფექციას, ღებინებას, სიცხეს. ორგანიზმის დამცავი ძალების სისუსტის შემთხვევაში შესაძლოა ლეტალური შედეგიც მივიღოთ.
რისკი განსაკუთრებით მაღალია:
- ლეკვებისთვის, რადგან იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ;
- ხანდაზმული ძაღლებისთვის, რომელთა იმუნიტეტი ასაკის გამო უკვე დასუსტებულია;
- ძაღლებისთვის, რომლებსაც აქვთ დისბიოზი – მიკროფლორის ბალანსის დარღვევა.
ჩვენი პასუხისმგებლობა
ძაღლის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა პატრონის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციამ შინაურ ძაღლს მრავალი მიკრობიოლოგიური ფაქტორის მიმართ ბუნებრივი გამძლეობა და მედეგობა შესძინა, ინფექციისა და მოწამვლის რისკი მაინც რეალურია.
იზრუნეთ იმაზე, რომ ცხოველი მაქსიმალურად იყოს დაცული პათოგენების პოტენციური წყაროებისგან: არ მიეკაროს საეჭვო წყალსატევებს, გუბეებს, ნარჩენებს და დაუმუშავებელ საკვებს, დამპალ და გახრწნილ პროდუქტებს.
საჭიროა ძაღლის ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგიც. შეისწავლეთ მისი ქცევა, ხასიათი, მადა და ფიზიკური მდგომარეობის მცირე ცვლილების შემთხვევაშიც კი მიმართეთ ვეტერინარს. დროული რეაგირება გართულებებისგან დაგიცავთ.
მიიღეთ ვეტერინარისგან კონსულტაცია ვაქცინაციის, დაბალანსებული კვებისა და პროფილაქტიკის საკითხებზე.
ძაღლის ჯანმრთელობისთვის საჭიროა:
- მაღალი ხარისხის (პრემიუმ ან სუპერპრემიუმ კატეგორიის) საკვები;
- საჭიროებისამებრ – პრობიოტიკები და პრებიოტიკები (მხოლოდ სპეციალისტის დანიშნულებით);
- ანტიბიოტიკები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში;
- ბევრი სიყვარული და სითბო;
- სათანადო ფიზიკური დატვირთვა.
ნინო ლომიძე







