ალუბლისფერი ანგიომა – უწყინარი თუ საშიში
Share:
ლალისფერი წერტილები კანზე
ალბათ ბევრს შეგიმჩნევიათ პატარა ალუბლისფერი წერტილები კანზე, უმეტესად მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში. ეს წერტილები, წესისამებრ, მოულოდნელად ჩნდება და უმეტესად უმტკივნეულოა, მაგრამ ზოგიერთს მათი არსებობა მაინც აშფოთებს.
ეს ალუბლისფერი ანგიომაა – სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, რომელიც, მიუხედავად უწყინარი ბუნებისა, განსაზღვრულ შემთხვევებში დაკვირვებასა და მკურნალობას მოითხოვს.
რა აჩენს ამ წითელ წერტილებს, როდის მივმართოთ ექიმს და როგორ შეიძლება მათი მოცილება თანამედროვე მედიცინის პირობებში? ამ კითხვებით “ავერსის კლინიკის” ექიმ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგ ნინო ლომსაძეს მივმართეთ.
რა არის
– რას ნიშნავს წითელი წერტილები კანზე?
– პატარა, მკვეთრი წითელი ლაქები კანზე კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნებია, რომლებიც ვითარდება, როდესაც კაპილარების (ყველაზე პატარა ზედაპირული სისხლძარღვების) კედლები ლოკალურად ფართოვდება და სისხლძარღვოვან მარყუჟებს ქმნის. ამ ადგილებში სისხლი გროვდება და დიდხანს რჩება, რის შედეგადაც კანზე ჩნდება წითელი წერტილები. მედიცინაში მათ ალუბლისფერ ანგიომებს ან კემპბელ დე მორგანის ლაქებს უწოდებენ.
ალუბლისფერი ანგიომა კაპილარული ჰემანგიომის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის უმეტესად მუცელზე, კისერზე, გულმკერდზე, ზურგზე ჩნდება, თუმცა შესაძლოა, კიდურებზეც განვითარდეს. მას სენილურ ჰემანგიომადაც მოიხსენიებენ, რადგან წერტილების რაოდენობა ასაკთან ერთად იმატებს, თუმცა ოჯახური განწყობის შემთხვევაში შესაძლოა ადრეულ ასაკშიც იჩინოს თავი.
წითელი წერტილები, როგორც წესი, ჯგუფებად წარმოიქმნება: ერთ უბანზე – რამდენიმე ერთად. თავდაპირველად ესენი 1-4 მმ-მდე დიამეტრის ლაქებია, მერე და მერე კი, სისხლძარღვოვანი მარყუჟების გაფართოების გამო, იწყებს კანის ზედაპირზე ამობურცვას და რბილ კვანძებად იქცევა. მათი ფერი ინტენსიური წითლიდან მუქ წითლამდე მერყეობს.
წერტილოვანი ჰემანგიომის ზომა უმეტესად 4 მმ-ს არ აღემატება. იშვიათად, თუ რომელიმე მათგანმა ზრდა განაგრძო, შესაძლოა ჩამოყალიბდეს რბილი, ღრუბლისებრი ტექსტურის, გლუვი ან უსწორმასწოროზედაპირიანი სპონგური კვანძი, რომლის დიამეტრი 1 სმ-ს აღწევს.
მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები
– ალუბლისფერი ანგიომის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ შესწავლილია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც მის განვითარებას უწყობს ხელს:
* ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად სისხლძარღვების კედლები კარგავს ელასტიკურობას და კაპილარები უფრო ადვილად ფართოვდება. ამ ტიპის ჰემანგიომები, როგორც წესი, 30 წლის შემდეგ ჩნდება და ასაკთან ერთად მათი რიცხვი იმატებს.
* გენეტიკური განწყობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურულ თავისებურებებთან. თუ ოჯახის წევრებს აქვთ ამგვარი წარმონაქმნები, მათი გაჩენის ალბათობა უფრო დიდია.
* ჰორმონული ცვლილებები – ორსულობისას, მენოპაუზის პერიოდში ან ჰორმონული თერაპიის დროს შესაძლოა დაქვეითდეს სისხლძარღვთა კედლების ტონუსი, რაც ხელს შეუწყობს კაპილარების გაფართოებას.
* კანის დაზიანება და მექანიკური სტრესი – ხშირმა ხახუნმა, მცირე ტრავმებმა და კანის გაღიზიანებამ ასევე შესაძლოა ალუბლისფერი ანგიომების გაჩენას შეუწყოს ხელი.
* გარემო ფაქტორები – მზის სხივების ზემოქმედებამ, ტოქსინებთან ან ქიმიკატებთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კაპილარების კედლის სიმტკიცის დაქვეითებას.
* მეტაბოლური და სისხლძარღვოვანი ცვლილებები – ჭარბი ალკოჰოლის ხშირი მიღება, ღვიძლის დაავადებები და სხვა მეტაბოლური დარღვევები უარყოფით გავლენას ახდენს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე.
* სქესი – ჰემანგიომები ოთხჯერ უფრო ხშირად უჩნდებათ ქალებს.
* კანის ფერი – ჰემანგიომები უფრო ხშირად გვხვდება ღია ფერის კანის მქონე ადამიანებთან.
* რამდენიმე კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მათ, ვისაც სისხლში ლიპიდების დონე მომატებული აქვთ, უფრო ხშირად უჩნდებათ წითელი ლაქები.
საშიშია თუ არა
– საშიშია თუ არა ალუბლისფერი ანგიომა და როდის მივმართოთ ექიმს?
– ალუბლისფერი ანგიომა უმეტესად სრულიად უწყინარია და მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის პრობლემას წარმოადგენს. ის არ გადაიქცევა ავთვისებიან სიმსივნედ და, როგორც წესი, არც მკურნალობას მოითხოვს.
ექიმთან კონსულტაცია მიზანშეწონილია, თუ ჰემანგიომა:
- სწრაფად იზრდება ან მრავლდება;
- იცვლის ფერს, ფორმას ან სტრუქტურას;
- დაზიანდა, გამოიწვია ტკივილი და დისკომფორტი ან ძლიერი სისხლდენა – ამან შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციამდე მიგიყვანოთ;
- მის გარშემო კანი შეწითლებულია ან შეინიშნება ანთებითი პროცესი;
- მისი მდებარეობა ხელს უშლის სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებას (მაგალითად, მაშინ, როდესაც ანგიომა მდებარეობს თვალთან, ცხვირთან ან პირთან);
- თან ახლავს საეჭვო სიმპტომები, მაგალითად, ქავილი, ტკივილი.
დიაგნოსტიკა
– ალუბლისფერი ანგიომის დიაგნოსტიკა მარტივია და, როგორც წესი, დამატებით კვლევებს არ მოითხოვს.
დერმატოლოგი დიაგნოზს სვამს ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში კი ატარებს დერმატოსკოპიას. დერმატოსკოპი სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც კანის ზედაპირის გადიდებულ გამოსახულებას გვიჩვენებს. ის საშუალებას აძლევს ექიმს, დეტალურად შეისწავლოს წარმონაქმნის სტრუქტურა და დარწმუნდეს, რომ ის კეთილთვისებიანია.
თუ მაინც არსებობს ეჭვი ან წარმონაქმნი ატიპურად გამოიყურება, შესაძლოა ჩატარდეს ბიოფსია, რაც კანის ქსოვილის მცირე ნაწილის აღებას და ლაბორატორიულად შესწავლას გულისხმობს.
მოცილების მეთოდები
– შესაძლებელია თუ არა ალუბლისფერი ანგიომების მოცილება?
– ალუბლისფერი ანგიომების მოცილების რამდენიმე თანამედროვე მეთოდი არსებობს:
ლაზერული თერაპია
ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებული და ეფექტურია. ლაზერული თერაპია იყენებს სპეციალურ სხივს, რომელიც მიმართულია უშუალოდ ჰემანგიომისკენ და სისხლძარღვის დახშობას, საბოლოოდ კი გაქრობას იწვევს.
როგორ ტარდება:
* პაციენტს არ სჭირდება წინასწარ მომზადება.
* პროცედურა ტარდება სპეციალური აპარატით. ლაზერის სხივი მოქმედებს სისხლის წითელ პიგმენტზე (ჰემოგლობინზე) და ახშობს დაზიანებულ კაპილარს ისე, რომ გარშემო კანი თითქმის არ ზიანდება.
* შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი ანესთეზია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰემანგიომა დიდი ზომისაა.
* პროცედურა ხანმოკლეა, გრძელდება რამდენიმე წამს ან წუთს. ხშირად საკმარისია 1ან 2 სესია.
უკუჩვენებებია:
* რუჯი (მზეზე ან სოლარიუმში მიღებული);
* ორსულობა და ლაქტაცია;
* კანის ინფექცია;
* ფოტოდერმატოზი ან ძლიერი ფოტოსენსიტიურობა;
* ზოგიერთი მედიკამენტით (ე.წ. ფოტოსენსიბილიზატორებით) მკურნალობა;
* ონკოლოგიური დაავადება.
რეაბილიტაცია:
* შესაძლოა, 1-2 დღის განმავლობაში კანზე დარჩეს სიწითლე და მსუბუქი შეშუპება.
* შესაძლოა, ჩამოყალიბდეს პატარა ფუფხი, რომელიც თავისით მოშორდება 7-10 დღეში.
* აუცილებელია მზისგან თავის დაცვა 4-6 კვირის განმავლობაში (შPF50+).
უპირატესობა: სწრაფია, ეფექტური, თითქმის არ ტოვებს ნაწიბურს, არ აზიანებს ჰემანგიომის გარშემო არსებულ ჯანმრთელ ქსოვილს.
კრიოთერაპია
ხდება ჰემანგიომის მოყინვა თხევადი აზოტით. მოყინვის შედეგად ჰემანგიომის ქსოვილი კვდება, რამდენიმე დღეში ხმება და ცვივა, მის ადგილას კი ახალი, ჯანსაღი კანი იზრდება.
როგორ ტარდება:
* ექიმი იყენებს სპეციალურ აპლიკატორს, რომელიც შეიცავს თხევად აზოტს. მისი ტემპერატურა -196 გრადუსია.
* ექიმი აპლიკატორს რამდენიმე (ჩვეულებრივ, 5-10) წამით ადებს ჰემანგიომას. უჯრედები იყინება, რის შედეგადაც სისხლს ვეღარ იღებს და საბოლოოდ კვდება. ამ პროცესს კრიონეკროზი ეწოდება.
* ანესთეზია არ არის საჭირო, რადგან პროცედურას თან ახლავს მხოლოდ მცირე წვის ან სიცივის შეგრძნება.
* შესაძლოა, საჭირო გახდეს რამდენიმე სესია.
უკუჩვენება:
* სიცივეზე ალერგია;
* სისხლძარღვოვანი დაავადება;
* კელოიდური ნაწიბურებისკენ მიდრეკილება.
რეაბილიტაცია:
* პირველ დღეებში შესაძლოა გაჩნდეს სიწითლე და შეშუპება. ზოგჯერ წარმოიქმნება მცირე ზომის ბუშტუკებიც, რომლებიც რამდენიმე დღეში ხმება.
* ფუფხი ცვივა და 7-14 დღეში კანი თანდათან აღდგება.
* შესაძლოა, დარჩეს ბაცი ან მუქი ფერის ლაქა, იშვიათად – ნაწიბური.
უპირატესობა: სწრაფია, მარტივი, იაფი.
ელექტროკოაგულაცია
ელექტროკოაგულაცია ჰემანგიომის მაღალი სიხშირის დენით მოცილების მეთოდია. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მცირე ზომის წარმონაქმნების დროს.
როგორ ტარდება:
* პროცედურა ტარდება სპეციალური აპარატით, ექიმი ნემსისმაგვარი თავაკით წვავს ჰემანგიომის ქსოვილს.
* დამწვარი ქსოვილის ადგილას წარმოიქმნება ფუფხი, რომელიც რამდენიმე დღეში ხმება და ცვივა.
* პროცედურა უმეტესად ანესთეზიის გარეშე ტარდება, თუმცა შესაძლოა ჩატარდეს ლოკალური ანესთეზიითაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰემანგიომა დიდია.
* პროცედურა ხანმოკლეა, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება.
უკუჩვენება:
* პეისმეიკერი;
* სისხლის შედედების დარღვევა,
* ონკოლოგიური დაავადება.
რეაბილიტაცია:
* პროცედურის შემდეგ შესაძლოა დარჩეს სიწითლე და მცირე ზომის ჭრილობა.
* ფუფხი ძვრება დაახლოებით 7-10 დღეში.
* შესაძლებელია მცირე ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია.
* ნაწიბურის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ლაზერული მეთოდის გამოყენებისას,
უპირატესობა: სწრაფია, მარტივი, ხელმისაწვდომი.
ქირურგიული მეთოდი
ალუბლისფერი ანგიომის მოცილების ქირურგიულ მეთოდს მიმართავენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში: როდესაც ჰემანგიომა დიდი ზომისაა ან კანის ღრმა ფენებშია, აქვს ატოპიური სახე, ხშირად სდის სისხლი და სხვა გზით მისი მოშორება ვერ ხერხდება.
როგორ ტარდება:
* ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე დერმატოქირურგი მთლიანად ამოკვეთს წარმონაქმნს და ჭრილობას კერავს.
* ამოკვეთილი ქსოვილი ლაბორატორიაში იგზავნება ჰისტოლოგიური კვლევისთვის.
უკუჩვენება:
* ჰემანგიომის გარშემო მდებარე კანის ინფექცია;
* სისხლის შედედების მძიმე დარღვევა;
* ანტიკოაგულანტებით (სისხლის გამათხელებლებით) მკურნალობა.
რეაბილიტაცია:
* ჭრილობის შეხორცებას სჭირდება 7-14 დღე;
* ნაწიბურის წარმოქმნა თითქმის გარდაუვალია, რაც ამ მეთოდს ნაკლებმიმზიდველს ხდის.
უპირატესობა: ერთხელ და სამუდამოდ აშორებს ჰემანგიომას.
პრევენცია
– შესაძლებელია თუ არა ალუბლისფერი ანგიომის წარმოქმნის თავიდან აცილება?
– ალუბლისფერი ანგიომის პრევენცია შეუძლებელია, რადგან მისი განვითარების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. თავის დასაზღვევად ძალიან მნიშვნელოვანია კანის რეგულარული თვითგასინჯვა და კონსულტაციისთვის ექიმთან დროულად მისვლა, რათა საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა ადრევე დაიწყოს. ცხოვრების ჯანსაღი წესითა და მავნე ჩვევებზე უარის თქმით მხოლოდ ანგიომების გამრავლებას კი არ შეუშლით ხელს, არამედ, საზოგადოდ, სიკეთეს მოუტანთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ზოგადი რეკომენდაციები
* მოარიდეთ კანი მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას. მზისგან დამცავი საშუალებები ამცირებს კანის დაზიანების რისკს.
* ერიდეთ კანის ტრავმირებას. ტრავმებმა შესაძლოა წარმონაქმნის ზრდა ან იქიდან სისხლდენა გამოიწვიოს.
* მიიღეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი სურსათი: ხილი, ბოსტნეული, თხილეული, ასევე ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი საკვები (თევზი, სელის თესლი). ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, რაც თავისთავად ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას.
* მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. დაბალანსებული კვება, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, სტრესის შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის კანის პრობლემების რისკს.
* სვით საკმარისი რაოდენობის წყალი. ჰიდრატაცია კანს ტენიანობას შეუნარჩუნებს.
* ერიდეთ ჭარბ სპირტიან სასმელს და თავი დაანებეთ მოწევას. თამბაქო და ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს კანის ჯანმრთელობაზე.
* იძინეთ დღე-ღამეში 7-8 საათი. ღრმა და ხარისხიანი ძილი აუცილებელია კანის უჯრედების რეგენერაციისთვის.
* რეგულარულად ეწვიეთ ექიმს. კანის ზედაპირზე ცვლილების შემჩნევისას აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან. გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა საუკეთესო მკურნალობისა და კეთილსაიმედო შედეგის საწინდარია.
ჯილდა გაჩეჩილაძე







