კატარაქტა
Share:
ბროლი გამჭვირვალე, ორმხრივამოზნექილი ბუნებრივი ლინზაა, რომელიც აუცილებელია კარგი მხედველობისთვის. ის გარდატეხს და მიმართულებას უცვლის თვალში შესულ სინათლის სხივებს. ამის შედეგად გამოსახულება ზუსტად ფოკუსირდება ბადურაზე (თვალის უკანა შრეზე), საიდანაც სიგნალი ტვინს გადაეცემა. ბროლი დრეკადია და სწორედ ამიტომ ვხედავთ მკაფიოდ როგორც ახლოს, ისე შორს მდებარე საგნებს.
კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. მისი მთავარი ნიშანია მხედველობის თანდათანობითი, უმტკივნეულო დაბინდვა. ის სიბრმავის წამყვანი მიზეზია მთელ მსოფლიოში. შეერთებულ შტატებში 65-დან 74 წლამდე ასაკის პირთა თითქმის მეხუთედს აღენიშნება კატარაქტის ისეთი ფორმა, რომელიც ხელს უშლის მხედველობას, ხოლო 75 წელს გადაცილებულებთან ეს დაავადება თითქმის ყოველ მეორეს აქვს.
ბროლის შემღვრევა უმეტესად ასაკობრივია და 55 წლიდან დიაგნოსტირდება, თუმცა მცირეწლოვან ბავშვსაც შეიძლება დაემართოს ტრავმის, ზოგიერთი მედიკამენტით მკურნალობის შედეგად ან სხვა მიზეზით. გვხვდება თანდაყოლილი ფორმებიც, რომლებიც ჩვილ ასაკშივე იჩენს თავს. თანდაყოლილი კატარაქტა მემკვიდრეობითიც შეიძლება იყოს და ორსულობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციის (მაგალითად, წითურას) შედეგიც.
კატარაქტა, წესისამებრ, ორივე თვალში ჩნდება, მაგრამ შესაძლოა, ერთში უფრო მეტად იყოს გამოხატული, ვიდრე მეორეში.
რა იწვევს
კატარაქტას უმეტესად ბროლის ასაკობრივი ცვლილებები იწვევს. ეს ცვლილებები დეგენერაციული პროცესების შედეგია და, წესისამებრ, 40 წლიდან იწყება. ცილები თანდათან იშლება და ბროლი გამჭვირვალობას კარგავს. 60 წლის ასაკისთვის ბროლის შემღვრევა უმეტესად უკვე შესამჩნევია, თუმცა მხედველობის გაუარესება შესაძლოა რამდენიმე წლით გვიან გამოვლინდეს.
კატარაქტის განვითარებას ხელს უწყობს არაერთი ფაქტორი, მათ შორის:
* შაქრიანი დიაბეტი;
* ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის:
- კორტიკოსტეროიდები;
- ქლორპრომაზინი და ფენოთიაზინის ჯგუფის სხვა პრეპარატები;
* თვალის ტრავმა – ტრავმიდან კატარაქტის განვითარებამდე ზოგჯერ წლები გადის;
* უვეიტი – თვალის შიგნითა შრის ანთება;
* ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება – საშიშია მზეზე დიდხანს ყოფნა, განსაკუთრებით – მზის სათვალის გარეშე;
* რენტგენის სხივების ხანგრძლივი ან განმეორებითი ზემოქმედება;
* ინფრაწითელი სხივები – მაღალი ტემპერატურის პირობებში (მაგალითად, მინის დამმუშავებელ და ლითონის საწარმოებში) მუშაობისას დიდია ბროლის დაზიანების ალბათობა;
* თამბაქო;
* ჭარბი ალკოჰოლი;
* კვების დეფიციტი – კვლევების ნაწილმა აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტების (ჩ ვიტამინი, E ვიტამინი, კაროტინოიდები) დონის დაქვეითება უკავშირდება კატარაქტის რისკს;
* ოჯახური ისტორია – თუ ახლო ნათესავებს ჰქონდათ კატარაქტა, მისი განვითარების ალბათობა დიდია.
კატარაქტა შესაძლოა განვითარდეს თვალის სხვა პრობლემის — მაგალითად, გლაუკომის – გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც.
მდებარეობა
ბროლის შემღვრევა მოსალოდნელია რამდენიმე ადგილას:
* ცენტრალურ ნაწილში (ბირთვული კატარაქტა);
* ბროლის კაფსულის უკანა ნაწილის ქვეშ (უკანა სუბკაფსულური კატარაქტა);
* ბროლის გვერდითა ნაწილში (კორტიკული კატარაქტა) – ეს ფორმა, წესისამებრ, ხელს არ უშლის ცენტრალურ მხედველობას;
* პოლარული (წინა ან უკანა) კატარაქტა – შემღვრევა ბროლის პოლუსის მიდამოშია.
სიმპტომები
კატარაქტა, წესისამებრ, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში იკრებს ძალას. მისი ადრეული სიმპტომებია ფერთა კონტრასტულობის დაქვეითება, ჰალო (შარავანდედი) და მოციმციმე წერტილები სინათლის წყაროს გარშემო, კარგად დანახვისთვის მეტი სინათლის საჭიროება, მუქი ლურჯისა და შავის გარჩევის სირთულე. მხედველობა უმტკივნეულოდ იკლებს. დაბინდვის ხარისხი შემღვრევის ადგილმდებარეობასა და ხარისხზეა დამოკიდებული. ორმაგი ხედვა და მოჩვენებითი გამოსახულებები იშვიათია.
ბირთვული კატარაქტის დროს შორსმხედველობა იმატებს. ადრეულ სტადიებზე, ბროლის გარდატეხის ინდექსის ცვლილების გამო, შესაძლოა იკლოს ახლომხედველობამ. პრესბიოპიის (მოხუცებულთა შორსმხედველობა) მქონე ზოგიერთი პაციენტი დროებით უსათვალოდ კითხვასაც კი ახერხებს.
უკანა სუბკაფსულური კატარაქტა არაპროპორციულად მოქმედებს მხედველობაზე, რადგან შემღვრევა შემომავალი სინათლის სხივების გადაკვეთის წერტილშია. კატარაქტის ამ ფორმის დროს მხედველობის სიმახვილე უფრო მეტად იკლებს, როდესაც გუგა ვიწროვდება (მაგალითად, კაშკაშა შუქზე, კითხვის დროს). ხშირია ფერთა კონტრასტულობის დაქვეითება, ჰალოები და მოციმციმე წერტილები სინათლის წყაროს გარშემო, განსაკუთრებით მაშინ, როცა წყარო კაშკაშაა (როგორიცაა, მაგალითად, ღამით შემხვედრი მანქანის ფარები).
იშვიათად კატარაქტა შუპდება, ფერად გარსს აწვება და მეორეულ დახურულკუთხოვან გლაუკომას და ტკივილს იწვევს.
მხედველობის რაგვარი ცვლილებებია მოსალოდნელი კატარაქტის დროს?
- მხედველობის დაბინდვა;
- ორმაგი ან მოჩვენებითი გამოსახულების დანახვა;
- სინათლის მიმართ ზემგრძნობელობა (განსაკუთრებით – ღამით მონათებული ფარების მიმართ);
- ღამით ხედვის გაუარესება ან კითხვისას მეტი სინათლის საჭიროება;
- ფერების გაცრეცა ან მოყვითალოდ აღქმა;
- მანათობელი საგნების გარშემო ფერადი რგოლების დანახვა;
- სათვალის ზომის ხშირი ცვლა.
თუ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი შეამჩნიეთ, აცნობეთ თქვენს ოფთალმოლოგს. როცა კატარაქტა მკვეთრად პროგრესირებს, ქირურგიული მკურნალობის გარეშე მნიშვნელოვნად იმატებს დაბრმავების რისკი.
დიაგნოსტიკა
უპირველეს ყოვლისა, თვალში აწვეთებენ სპეციალურ წამალს გუგების გასაფართოებლად და ატარებენ ოფთალმოსკოპიას.
ექიმი ამოწმებს რქოვანას, ფერად გარსს, ბროლს და თვალის წინა ნაწილის სხვა სტრუქტურებს, ადგენს, რომელ უბნებშია ბროლი შემღვრეული, გამორიცხავს გლაუკომას, ამოწმებს ბადურასა და მხედველობის ნერვის მდგომარეობას, აფასებს რეფრაქციას (სინათლის სხივების სწორად ფოკუსირების უნარს) და მხედველობის სიმახვილეს.
დიაგნოზის დასმის შემდეგ
* თუ 65 წელზე უფროსი ასაკის ბრძანდებით, ყოველწლიურად ჩაიტარეთ თვალის გამოკვლევა. უფრო ახალგაზრდებისთვის საკმარისია პროფილაქტიკური გამოკვლევა ორ წელიწადში ერთხელ.
* დროულად განაახლეთ სათვალის`კონტაქტური ლინზების რეცეპტი.
* დაიცავით თვალები ულტრაიისფერი სხივებისგან: ატარეთ სათვალე, რომელიც ბლოკავს, სულ მცირე, 99%-ს და ფართოფარფლებიანი ქუდი.
* მოწევა თვალების დაზიანების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია — თუ ეწევით, ეცადეთ, თავი დაანებოთ.
* კითხვისა თუ სხვა საქმიანობის დროს გამოიყენეთ უფრო კაშკაშა განათება, საჭიროების შემთხვევაში – გამადიდებელი შუშაც.
* ერიდეთ ღამით მანქანის მართვას, თუ სიბნელეში ცუდად ხედავთ ან ჰალოები და მოციმციმე წერტილები გაწუხებთ.
* ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, სათანადოდ მართეთ სხვა დაავადებები, განსაკუთრებით – დიაბეტი.
* მხედველობის კორექციისთვის ატარეთ სათვალე ან კონტაქტური ლინზები.
ეს ზომები დროებით დაგეხმარებათ, მაგრამ კატარაქტის პროგრესირებასთან ერთად მხედველობა უფრო და უფრო გაუარესდება.
მკურნალობა
კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა ქირურგიული ჩარევაა, მაგრამ თუ სიმპტომები დიდად არ გაწუხებთ, ოპერაცია აუცილებელი არ არის. ზოგჯერ საკმარისია სათვალის გამოცვლა ხედვის გასაუმჯობესებლად. ოპერაციაზე უნდა იფიქროთ მაშინ, როცა დაბინდული მხედველობა ხელს გიშლით ყოველდღიურ ან პროფესიულ საქმიანობაში.
ოფთალმოლოგთან ერთად განიხილეთ თქვენი მდგომარეობა და გადაწყვიტეთ, გჭირდებათ თუ არა ოპერაცია, მზად ხართ თუ არა ამისთვის. გაითვალისწინეთ: კატარაქტის ოპერაცია ვერ აღადგენს სხვა დაავადებებით, მაგალითად, მაკულის დეგენერაციით, გლაუკომით, დიაბეტური რეტინოპათიით, გამოწვეულ მხედველობის დაქვეითებას.
ოპერაციამდე: ქირურგი ყოველმხრივ შეამოწმებს და გაზომავს თვალს, გამოგკითხავს, რომელ მედიკამენტებს იღებთ ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. შესაძლოა გთხოვოთ, ოპერაციამდე შეწყვიტოთ ზოგიერთი მათგანის მიღება. ჩვეულებრივ, ინიშნება თვალის წვეთებიც, რომლებიც ოპერაციის დროს და მის შემდეგ ამცირებს ინფექციისა და შეშუპების რისკს.
ოპერაციის დღეს: შესაძლოა, ექიმმა გთხოვოთ, ოპერაციამდე, სულ მცირე, 6 საათის განმავლობაში არ მიირთვათ მყარი საკვები. თვალის გაუტკივარება მოხდება ადგილობრივად, სპეციალური წვეთებით ან თვალის გარშემო ინექციით. საჭიროების შემთხვევაში დამატებით მოგცემენ დამამშვიდებელ პრეპარატს.
ოპერაციის დროს: შესაძლოა, დაინახოთ სინათლე და მოძრაობა, მაგრამ ვერ დაინახავთ, რას აკეთებს ქირურგი თვალზე. ის სპეციალური მიკროსკოპის დახმარებით დანით ან ლაზერით ოდნავ გაკვეთს რქოვანას კიდეს, რომ ბროლს მიაღწიოს. შემდეგ ძალიან წვრილი ინსტრუმენტით დაანაწევრებს და ამოტუმბავს მას (ფაკოემულსიფიკაცია), მის ადგილას კი ჩასვამს კუმშვად ხელოვნურ ბროლს – ინტრაოკულარულ ანუ თვალშიგა ლინზას, რომელიც ადგილზე გაიშლება.
ჭრილობის გაკერვა, როგორც წესი, არ არის საჭირო. ოპერაციის დასრულების შემდეგ თვალს დამცავ საფენს ადებენ. პროცედურის შემდეგ 15-30 წუთს პაციენტი რეაბილიტაციის ზონაში რჩება და ამის შემდეგ მალევე ბრუნდება შინ.
რეაბილიტაციის პერიოდში
კატარაქტის ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებას რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში:
* გამოიყენეთ თვალის წვეთები. ეს წვეთები ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას და ინფექციის პრევენციას. შეასრულეთ ოფთალმოლოგის მითითებები მათი რაოდენობისა და გამოყენების ხანგრძლივობის შესახებ.
* მოერიდეთ თვალში საპნისა და წყლის მოხვედრას.
* არ მოისრისოთ თვალი. ოფთალმოლოგმა შესაძლოა გირჩიოთ დღის განმავლობაში სათვალის ან სპეციალური დამცავი ფარის ტარება, ხოლო დასაძინებლად დაწოლისას თვალის ფარის გაკეთება, რათა ძილის დროს თვალი უნებლიე შეხებით არ დაიზიანოთ.
* ექიმი გეტყვით, როდის შეგეძლებათ, უსაფრთხოდ განაახლოთ ყოველდღიური აქტივობები – ვარჯიში, მანქანის მართვა და სხვა.
ოპერაციის შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ მსუბუქი ქავილი, დისკომფორტი, დაგებინდოთ მხედველობა. ეს ყველაფერი ნორმალურია და რამდენიმე დღეში გაივლის. თუ შეამჩნიეთ ძლიერი ტკივილი, მხედველობის მოულოდნელი გაუარესება, სიწითლე ან სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს.
გართულებები
ოპერაცია შესაძლოა გართულდეს:
* თვალის ინფექციით. ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, თუმცა იშვიათი გართულებაა. ოპერაციის შემდეგ თვალის ბაქტერიით ან სოკოთი ინფიცირება იწვევს ძლიერ ანთებას, ტკივილს და მხედველობის გაუარესებას. პრევენციისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკის შემცველი თვალის წვეთები.
* თვალში სისხლდენით. ოპერაციის დროს ან მის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა თვალის წინა ნაწილში. ეს მხედველობის დაბინდვას იწვევს, მაგრამ უმეტესად თავისთავად გაივლის და დამატებით ჩარევას არ მოითხოვს;
* რქოვანას ან ბადურას შეშუპებით. რქოვანას შეშუპება იწვევს მხედველობის დროებით დაბინდვას, მაკულის (ბადურას ცენტრალური ნაწილის) შეშუპება –მხედველობის დამახინჯებას. ეს გართულება მოითხოვს მკურნალობას;
* ბადურას აშრევებით. ამ დროს ბადურა თვალის უკანა ნაწილს სცილდება. დროული ჩარევის გარეშე შესაძლოა მხედველობა სამუდამოდ დაიკარგოს;
* ტკივილით, რომელიც არ იკლებს ოპერაციის შემდეგ. მსუბუქი დისკომფორტი ნორმალურია, მაგრამ თუ ტკივილი ძლიერია და ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებლები არ შველის, ეს შესაძლოა გართულების ნიშანი იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დაკავშირება;
* თვალის სხვა სტრუქტურების დაზიანებით. ოპერაციის დროს ინსტრუმენტმა შესაძლოა შემთხვევით დააზიანოს რქოვანა, ფერადი გარსი ან სხვა შიდა სტრუქტურები;
* ჰალოების, ბრჭყვიალა წერტილებისა და ჩრდილების დანახვით. ასეთი რამ ხშირია ოპერაციის შემდეგ. დროთა განმავლობაში ეს ეფექტი მცირდება;
* მხედველობის დაქვეითებით მეორეული კატარაქტის, უკანა კაფსულის დაბინდვის გამო. ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს ოპერაციიდან კვირების, თვეების და წლების შემდეგაც კი. მკაფიო მხედველობა ადვილად აღდგება ლაზერით;
* მხედველობის დაკარგვით;
* ლინზის დისლოკაციით, პოზიციიდან ამოვარდნით, რაც მხედველობის დაბინდვას იწვევს. ამ დროს საჭიროა დამატებითი ოპერაცია ლინზის სწორ პოზიციაში დასაბრუნებლად ან შესაცვლელად.
საბედნიეროდ, ოპერაციის გართულებები იშვიათია. წარმატებული შედეგისთვის მნიშვნელოვანია:
* ექიმის მითითებების შესრულება;
* თვალის ჰიგიენის დაცვა;
* ოპერაციის შემდეგ თვალის წვეთების დანიშნულებისამებრ გამოყენება და რეგულარული ვიზიტები ექიმთან.
მარი აშუღაშვილი







