ორი ბავშვი, ორი სამყარო - როგორ მოვემზადოთ სკოლისთვის, როცა ოჯახში პატარა გვყავს

Share:

დედებმა, რომელთა უფროსი შვილი სკოლაში დადის, უმცროსი კი ჯერ პატარაა, კარგად იციან, რომ სასკოლო სამზადისი არ ჰგავს სარეკლამო რგოლებში ნაჩვენებ იდეალურ “ბაცკ ტო სცჰოოლ” სიუჟეტებს. როცა ერთ შვილს რვეულები, სასკოლო ფორმა, ფსიქოლოგიური მომზადება და მკაცრ დღის რეჟიმზე გადაწყობა სჭირდება, მეორე კი ჯერ კიდევ კედლებზე ხატავს და შუადღის ძილს ებრძვის, ყურადღების განაწილება და ბალანსის დაცვა ძალიან რთულია.

ორი ბავშვი, ორი სრულიად განსხვავებული რიტმი და სამყარო. როგორ ვიპოვოთ წონასწორობის წერტილი?

1. გეგმა A, გეგმა B

ნუ მიიყვანთ საქმეს ბოლო დღემდე. როდესაც ოჯახში სკოლამდელი ასაკის ბავშვია, შეიძლება, უამრავი გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს, ამიტომ უმჯობესია, გეგმა რამდენიმე კვირით ადრე ჩამოწეროთ და ნელ-ნელა მიჰყვეთ.

შეადგინეთ საჭირო ნივთებისა და აქტივობების სია: ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, ახალი ლანჩბოქსი, ახალი სასწავლო წლის გრაფიკი, დამატებითი გაკვეთილები, კლუბები, წრეები...

გაინაწილეთ მოვალეობები: ვინ ატარებს ბავშვს სკოლაში – დედა? მამა? თუ სასკოლო ავტობუსით ივლის? ვინ დახვდება შინ? თუ მშობლების სამსახურიდან დაბრუნებამდე ბებოსთან დარჩება? ამ და სხვა დეტალების წინასწარ მოგვარებით საქმეს წინ წაიგდებთ და დიდ სტრესს აიცილებთ თავიდან.

2. გაუნაწილეთ დრო და ენერგია ორივე ბავშვს

ყურადღება არც პატარას უნდა მოაკლდეს. ნაცვლად იმისა, რომ სიტუაციას გაარიდოთ ან მკაცრად უთხრათ, რომ ახლა მისთვის არ გცალიათ, უმჯობესია, ისიც ჩართოთ სამზადისში. უთხარით, რომ როცა დიდი გაიზრდება, მასაც უყიდით ლამაზ ჩანთას და მოხატულ რვეულებს, მიეცით ფურცელი და სტიკერები, რომ თავი მათი დაწებებით შეიქციოს, სანამ თქვენ უფროს შვილს დავალებას შეუმოწმებთ ან ჩანთის ჩალაგებასა და ტანსაცმლის არჩევაში დაეხმარებით. დროდადრო უმცროსსაც ჰკითხეთ აზრი, მაგალითად, რომელი მაისური ჯობია ჩაიცვას მისმა უფროსმა დაიკომ ან ძამიკომ. პროცესში ზღაპარივით მოუყევით, რა ხდება სკოლაში და რა საინტერესოა უამრავი ახალი რამის სწავლა.

3. სამეცადინო კუთხე და სათამაშო ზონა

სკოლის მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამეცადინო კუთხე, სადაც დააწყობს წიგნებს, რვეულებს და სხვა საკანცელარიო ნივთებს.

პატარებს ხშირად იზიდავთ ეს კუთხე, ერთი სული აქვთ, სკამზე აძვრნენ და ყველაფერი დაათვალიერონ. ამ დროს შეგიძლიათ, ასეთი ხრიკი მოიშველიოთ: უფროსის სამეცადინო კუთხის ახლოს უმცროს ბავშვსაც დაუდგათ პატარა მაგიდა და სკამი, დაუწყვეთ საყვარელი წიგნები, ფანქრები, საღებავები, გასაფერადებლები და სახატავი ფურცლები. როდესაც უფროსი სამეცადინოდ დაჯდება, უმცროსსაც შეეძლება, მიუჯდეს თავის მაგიდას და "იმეცადინოს". არც უფროსს შეუშლის ხელს და დამოუკიდებლად თავის გართობასაც მიეჩვევა.

4. ემოციების მართვა

ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვისთვის სტრესია. გულითადი საუბარი მას ამ სტრესის დაძლევას გაუადვილებს, ამიტომ, სკოლის მოახლოებასთან ერთად, სანამ პატარას სძინავს, აუცილებლად გამონახეთ დრო უფროსთან სასაუბროდ. ჰკითხეთ, რამე ხომ არ აწუხებს, რამის ხომ არ ეშინია, იქნებ ახალი საგნების მოლოდინი აშინებს, იქნებ რომელიმე მოსწავლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა... შესაძლოა, თავად არ გთხოვოთ ამაზე საუბარი, მაგრამ თუ მშვიდად და ძალდაუტანებლად თავად ჩამოუგდებთ სიტყვას ამ საკითხებზე, ბევრ რამეს გაიგებთ.

5. აქციეთ შოპინგი თამაშად

სასკოლო ნივთების შესაძენად სიარული უმცროსი შვილის გარეშე, რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია, მაგრამ თუ პატარას ვერავის უტოვებთ, რამდენიმე ხრიკი გამოგადგებათ.

პირველია "დაყავი და იბატონე": ერთ მშობელს უმცროსი შვილი სათამაშოების სექციაში მიჰყავს და იქ ართობს მას ან სურსათის განყოფილებაში წაყოლას სთხოვს, რომ ერთად აარჩიონ საკვები, მეორე კი უფროსს ეხმარება, საფუძვლიანად დაათვალიეროს სასკოლო ნივთები და სწორი არჩევანი გააკეთოს.

თუ მეუღლე სამსახურშია და იძულებული ხართ, უმცროსი შვილიც წაიყოლოთ სასკოლო ნივთების მარაზიაში, საქმეში ისიც ჩართეთ. ჰკითხეთ, რომელი თერმოსი მოსწონს თავისი დაიკოსთვის ან ძამიკოსთვის, აარჩევინეთ რამდენიმე რვეული, კალამი ან საშლელი, მასაც უყიდეთ ნახატებიანი წიგნი, სახატავი ან გასაფერადებელი, მაგრამ მეტი ყურადღება დაუთმეთ უფროსს, რათა იგრძნოს, რომ მისი საჭიროებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

6. დილის რუტინა

გაღვიძება, ყავა, ლანჩის მომზადება, ბავშვის გაღვიძება, საუზმე, მეორე ბავშვის გაღვიძება, საფენის გამოცვლა, ჩაცმა, საუზმე... გრაფიკისა და გეგმის გარეშე ყველაფრის მოსწრება არარეალურია.

ეცადეთ, რუტინის ნაწილი წინა დღეს მოილიოთ. მაგალითად, წინა საღამოს მოამზადოთ ლანჩი, დაეხმაროთ უფროს შვილს მეორე დღის ტანსაცმლის არჩევასა და მომზადებაში, სასკოლო ჩანთა მეცადინეობის დასრულებისთანავე ჩაალაგებინოთ.

მიაჩვიეთ ბავშვები დამოუკიდებლად ჩაცმას და ჭამას. როდესაც ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, საქმეც მარტივდება, სტრესის დონეც იკლებს და ყურადღების გადანაწილებაც უფრო ადვილია.

ლიკა ქათამაძე

Share: