ტურეტის სინდრომი: რაზე მიგვანიშნებს ხანგრძლივი ტიკი

Share:

ტურეტის სინდრომის შესახებ მრავალი მითი არსებობს. ამ სინდრომის მთავარი გამოხატულება ტიკია – უნებლიე მოძრაობა ან ხმა, რომელიც ხშირად მძიმე სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

რა არის ტურეტის სინდრომი? როგორ ვლინდება ან რა გზით შეიძლება მისი მართვა? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს ი. ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი პაატა აბესაძე.

– ბატონო პაატა, რას გვეტყვით საქართველოში ტურეტის სინდრომის გავრცელებაზე?

– ტურეტის სინდრომი საკმაოდ იშვიათი ნევროლოგიური დარღვევაა. მთელ მსოფლიოში ის ბავშვების დაახლოებით 0.3-1%-ს აღენიშნება. საქართველოში მისი გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან სინდრომი ხშირად შეუმჩნეველი რჩება ან არასწორად ფასდება. მაგალითად, მაღალმთიან სოფლებში, სადაც ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე ყველას არ მიუწვდება ხელი, ბავშვს შესაძლოა დიაგნოზი არც კი დაუსვან. ხშირია შემთხვევები, როცა ტურეტის სინდრომისთვის დამახასიათებელი ტიკები სტრესს ან ქცევით დარღვევებს მიეწერება.

ტურეტის სინდრომი ბიჭებთან უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებთან. ყველაზე მწვავეა ადრეულ მოზარდობაში, მაგრამ დროთა განმავლობაში სუსტდება და 20 წლისთვის ხშირად მთლიანად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სიმპტომები ზრდასრულ ასაკშიც ნარჩუნდება და პერიოდულად მწვავდება.

რა არის ტიკი

– ტიკი არის უეცარი, უნებლიე, უკონტროლო სწრაფი და განმეორებადი მოძრაობები ან ხმები, რომელთა შეკავება ადამიანს, პრაქტიკულად, არ შეუძლია. მოძრაობით გამოხატულ ტიკებს მოტორული ტიკები ეწოდება, ხმებით გამოხატულს – ვოკალური. ტურეტის სინდრომის დროს ტიკები პერიოდულად ჩნდება და ქრება. შესაძლოა, შეიცვალოს მათი სიხშირე, ლოკაცია და სიმძიმე. პირველად უმეტესად 5-10 წლის ასაკში ვლინდება და თავდაპირველად ხშირად მოიცავს თავისა და კისრის არეს. მოგვიანებით შესაძლოა გავრცელდეს ტანის, ხელისა და ფეხის კუნთებზე. როგორც წესი, ჯერ მოტორული ტიკები იჩენს თავს, მერე კი ვოკალური.

როგორ ვლინდება

– განასხვავებენ მარტივ და რთულ, მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და შედარებით მძიმე ტიკებს, თუმცა შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია.

– რა განასხვავებს მარტივ და რთულ ტიკებს ერთმანეთისგან?

– მარტივ მოტორულ ტიკებად მოიხსენიება უეცარი მოკლე განმეორებადი მოძრაობები, რომლებიც კუნთების ერთ-ორ ჯგუფს მოიცავს. მარტივი ტიკი რთულზე ხშირად გვხვდება. ხშირად ის წინ უძღვის რთული ტიკის განვითარებას.

მარტივ მოტორულ ტიკებს მიეკუთვნება:

* თვალების ხამხამი, თვალების ტრიალი;

* მხრების ჩეჩვა;

* თავის ქნევა.

მარტივი ვოკალური ტიკებია:

* ჩახველება, ხმის ჩაწმენდა;

* სრუტუნი;

* ღრუტუნი;

* ყეფის მსგავსი ხმები.

რთული ტიკები უფრო კომპლექსურია და მოიცავს სხეულის სხვადასხვა ნაწილში არსებულ რამდენიმე კუნთოვან ჯგუფს. მაგალითად, შესაძლოა, ერთსა და იმავე ადამიანს ერთსა და იმავე დროს ახასიათებდეს გრიმასა, თავის ქნევა და მხრების აჩეჩვა. ზოგიერთი რთული ტიკი შესაძლოა წინასწარ განზრახულ მოძრაობებს ჰგავდეს.

რთული მოტორული ტიკებია:

* საგნის დაყნოსვა, საგნის შეხება;

* ცალ ან ორ ფეხზე ხტუნვა;

* წინ დახრა, გვერდზე გადახრა;

* ტანის მიტრიალ–მოტრიალება.

რთული ვოკალური ტიკები მოიცავს:

* საკუთარი სიტყვების ან ფრაზების გამეორებას;

* სხვისი სიტყვების ან ფრაზების გამეორებას, წამოძახილებს (ექოლალია);

* ვულგარული, უხამსი სიტყვების გამოყენებას, გინებას (კოპროლალია).

იშვიათად ტიკი ვლინდება თვითდაზიანებით, მაგალითად, სახეში ცემით.

ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანი ტიკამდე ხშირად გრძნობს მოძრაობის უკონტროლო სურვილს, ქავილს, ჩხვლეტას, კუნთების დაჭიმულობას. ტიკის გამოხატვას ამ დროს შვება მოაქვს. ზოგიერთს დროებით შეუძლია ტიკის შეკავება, მაგრამ ეს შინაგან დაძაბულობას ზრდის და ბოლოს ტიკი მაინც იფეთქებს.

ტრიგერები

– დამოკიდებულია თუ არა ტიკის გამოვლენა გარემო პირობებზე?

– ტიკი ხშირად ძლიერდება აგზნების, შფოთვის, სტრესის ფონზე, მაგალითად, გამოცდის წინ, ოჯახური კონფლიქტის დროს, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს, და სუსტდება მშვიდ გარემოში, ისეთი აქტივობების შესრულებისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს და გვსიამოვნებს (ბავშვისთვის ეს შეიძლება იყოს ხატვა, დაკვრა, სპორტული თამაში, კომპიუტერული თამაში).

განსაზღვრულ ფიზიკურ სტიმულსაც შეუძლია, პროვოცირება გაუწიოს ტიკს ან არსებული გააძლიეროს. მაგალითად, მოჭერილ საყელოს უნარი შესწევს, აღძრას კისრის ტიკი.

ზოგჯერ ტრიგერად იქცევა სხვების ქცევა: ბავშვი ხედავს, როგორ ახველებს ან ასრუტუნებს სხვა ადამიანს და ქცევის იმიტაციის უკონტროლო სურვილი უჩნდება.

დაღლილობა, ეკრანთან დიდხანს ჯდომა, ხმაურიანი გარემო, მგზავრობით გადაღლა ხშირად აძლიერებს ტიკებს, ძილის დროს კი სურათი იცვლება: მსუბუქი ძილის ფაზაში ტიკი უმეტესად შესუსტებულია, ღრმა ძილის დროს კი სრულიად ქრება.

გარეგან ფაქტორებზე რეაგირების შედეგად გაჩენილი ტიკი შესაძლოა ნებაყოფლობით ან მიზანმიმართულ ქცევად მოგეჩვენოთ. სინამდვილეში ეს უნებლიე პროცესია.

სხვა დარღვევები

– მართალია, ტურეტის სინდრომის დროს ყურადღების ცენტრში ტიკები ექცევა, მაგრამ მრავალი ბავშვისა და ზრდასრულის ცხოვრებას უფრო მეტად უშლის ხელს თანმხლები ქცევითი და ემოციური სირთულეები.

ამ სირთულეების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია.

ყველაზე ხშირად ვხვდებით ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს (ADHD). ამ სინდრომის მქონე ბავშვებს უჭირთ კონცენტრირება, შესაძლოა, იყვნენ ზედმეტად მოძრავები და იმპულსურები. ზოგჯერ ეს გაცილებით მეტად ართულებს სწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებას, ვიდრე თავად ტიკი.

შემდეგია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD). ერთმანეთს ენაცვლება ობსესიები – არასასურველი, შემაწუხებელი აზრები ან შეგრძნებები, მაგალითად, შიში, რომ დაუბანელი ხელების გამო შეიძლება ავად გავხდეთ ან თუ რაღაც არ გადავამოწმეთ, უბედურება მოხდება – და კომპულსიები, განმეორებითი ქცევები: ხელების ხშირი ბანა, ნივთების სკრუპულოზურად ლაგება, რაიმე რიტუალის შესრულება. ასეთი ქცევა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს.

ხშირია შფოთვითი პრობლემებიც – მუდმივი შფოთვა, მღელვარება, გაღიზიანება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვს რაღაც უცნობი ან გაურკვეველი ელის.

მიუხედავად იმისა, რომ ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტი აქვთ, შესაძლოა გაუჭირდეთ კითხვა, წერა, არითმეტიკა. სკოლაში ასეთ ბავშვებს ხშირად ზარმაცებად მიიჩნევენ. სინამდვილეში პრობლემა ტვინის ინფორმაციის დამუშავების პროცესშია.

ზოგიერთ ბავშვს უჭირს ემოციების რეგულირება, მაგალითად, ბრაზის კონტროლი. ახასიათებს აფეთქებები, აგრესიული ქცევა.

ხშირია ძილის პრობლემებიც: ჩაძინების გართულება და ხშირად გაღვიძება, დღის განმავლობაში მოთენთილობა და ძილიანობა.

ხანდახან შეინიშნება სოციალური უნარების დეფიციტიც – ბავშვი ვერ ახერხებს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარებას, თავს მარტოსულად გრძნობს, სოციალური სიტუაციები მისთვის სტრესულია.

ზოგჯერ ასეთი ბავშვის ტვინს უჭირს სენსორული ინფორმაციის სწორად დამუშავება. რის გამოც ბავშვისთვის შესაძლოა შემაწუხებელი იყოს ხმაური, ძლიერი სუნი ან ტანსაცმლის ტექსტურა. ასეთ დროს ყოველდღიური გარემოც კი მათთვის სენსორულად გადატვირთულია და სტრესს იწვევს.

რისკფაქტორები

– შესაძლებელია თუ არა იმის განსაზღვრა, ვის ემუქრება ტურეტის სინდრომი?

– ამის განსაზღვრის მეთოდი, სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგრამ ვიცით, რომ ტურეტი გენეტიკისა და გარემოს ერთობლივი ზემოქმედების შედეგია. მაშასადამე, შესაძლოა არსებობდეს მემკვიდრეობითი მიდრეკილება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტურეტის სინდრომი აუცილებლად განვითარდება.

ტვინის ზოგიერთი უბანი ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მაგალითად, ბაზალური განგლიები, ფრონტალური ქერქი და ქერქქვეშა ნეირონული წრეები პასუხისმგებელია მოძრაობისა და ქცევის კონტროლზე. ნეირომედიატორები (დოფამინი, სეროტონინი, ნორადრენალინი) ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალების გადაცემაში მონაწილეობს და მათმა დისბალანსმა შესაძლოა თავისი წვლილი შეიტანოს ტიკების აღმოცენებაში.

კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ცვლილებები ხდება ისეთ გენებში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული კავშირების სწორად ჩამოყალიბებაში (SLITRK1, NRXN1 da CNTN6 გენები), მაგრამ მეცნიერები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს არა ერთ, არამედ მცირე ეფექტის მქონე მრავალ გენთან, რომელთა მოქმედება ერთმანეთს ემატება. ამას ერთვის გარეგანი ფაქტორებიც: სტრესი, ინფექცია, ორსულობის პერიოდში გადატანილი მდგომარეობა, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა ნაყოფის ტვინის განვითარებაზე.

საინტერესოა, რომ ტიკები უფრო მეტად ბიჭებთან გვხვდება, ხოლო გოგონებთან უფრო ხშირად აღირიცხება ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები – შფოთვის გამომწვევი აზრებისა და ქცევის შემაწუხებელი ციკლები.

გენეტიკური კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში უკვე არის ტურეტის სინდრომის ან სხვა ნევროლოგიური დარღვევის შემთხვევა – მშობლები უკეთესად დაინახავენ, რამხელაა რისკი, ბავშვს ტურეტის სინდრომი განუვითარდეს და მოემზადებიან.

დიაგნოსტიკა

– რას ეფუძნება ტურეტის სინდრომის დიაგნოზი?

– პრაქტიკაში ამ დიაგნოზის დასმა ყოველთვის ადვილი არ არის. ის ეფუძნება არა ცალკეულ გამოკვლევას ან გამოკვლევებს, არამედ კლინიკურ დაკვირვებას და სიმპტომების შეფასებას, ამიტომ ხშირად საჭიროა დრო და სიფრთხილე, განსაკუთრებით – მსუბუქი ფორმების დროს.

არსებობს რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, რომლებსაც სპეციალისტები ეყრდნობიან:

  • უნდა აღინიშნებოდეს როგორც მოტორული, ისე ვოკალური ტიკები, რომლებიც ვლინდება დღეში რამდენჯერმე, ყოველდღიურად ან პერიოდულად და, სულ მცირე, ერთი წელია გრძელდება.
  • პირველი ტიკები გამოვლენილი უნდა იყოს 18 წლამდე.
  • უნდა გამოირიცხოს ტიკების სხვა სავარაუდო მიზეზი (მედიკამენტები, ნარკოტიკული და სხვა ნივთიერებები, სხვა სამედიცინო მდგომარეობა).

ტიპური შემთხვევების დროს ტურეტის დიაგნოზს ხშირად სვამენ ოჯახის ექიმები ან პედიატრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც სათანადო გამოცდილება აქვთ, მაგრამ როდესაც სიმპტომები პირველად მოზრდილ ასაკში იჩენს თავს ან განსხვავდება კლასიკური ნიშნებისგან, პროცესში ნევროლოგი ერთვება. ის ამოწმებს, ხომ არ აქვს საქმე რომელიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან. სისხლის ანალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია (ჩთ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MღI), ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) იშვიათად ტარდება – მხოლოდ მაშინ, როცა ექიმს სჭირდება სხვა ისეთი დაავადების გამორიცხვა, რომელმაც შესაძლოა ტიკის მსგავსსი სიმპტომებით იჩინოს თავი.

ერთ-ერთი სირთულე ის არის, რომ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტიკები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ოჯახის წევრებმა და ზოგიერთმა ექიმმაც კი, რომლებიც ტურეტის სინდრომს კარგად არ იცნობენ, შესაძლოა, ისინი უმნიშვნელოდ მიიჩნიონ. მაგალითად, თვალების ხშირი ხამხამი შესაძლოა მხედველობის პრობლემებს დაბრალდეს, ხოლო სრუტუნი – სეზონურ ალერგიას. ამ დროს მნიშვნელოვანია სიმპტომების ისტორიის დაწვრილებით შეკრება და ბავშვზე`მოზარდზე დაკვირვება.

მკურნალობა

– შესაძლებელია თუ არა ტურეტის სინდრომისგან განკურნება?

– ამჟამად ტურეტის სინდრომი უკურნებლად მიიჩნევა, თუმცა არსებობს მეთოდები, რომლებიც ხელს უწყობს სიმპტომების მართვას და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

თუ ტიკი მსუბუქია და ხელს არ უშლის ბავშვს ყოველდღიურ საქმიანობაში, შესაძლოა, მკურნალობა არც კი დასჭირდეს. თუ ტიკები დამაბრკოლებელია სწავლისა თუ სოციალური ურთიერთობებისთვის, შეიძლება როგორც მედიკამენტური, ისე არამედიკამენტური მეთოდების გამოყენება.

შესაძლოა დაინიშნოს:

  • დოფამინის ბლოკატორები (მაგალითად, ჰალოპერიდოლი და პიმოზიდი) – ყველაზე ეფექტური პრეპარატებია და ხშირად გამოიყენება როგორც ფსიქოზური, ისე არაფსიქოზური მდგომარეობების სამკურნალოდ;
  • ალფა-ადრენერგული აგონისტები (კლონიდინი და გუანფაცინი) – თავდაპირველად მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თუმცა ტიკებსაც ამსუბუქებს;
  • სტიმულატორები (მეთილფენიდატი და დექსტროამფეტამინი) – ტურეტის სინდრომის მქონე პაციენტებს ეხმარება კონცენტრაციის ამაღლებასა და ჰიპერაქტივობის შემცირებაში ტიკების გამწვავების გარეშე. კვლევები აჩვენებს, რომ მათი ხანმოკლე გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც პარალელურად აქვთ ADHD;
  • ანტიდეპრესანტები – სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (კლომიპრამინი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი) – ამცირებს დეპრესიის, შფოთვისა და ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომების ინტენსივობას.

უნდა ითქვას, რომ არცერთი მედიკამენტი არ მოქმედებს ყველა ბავშვზე ერთნაირად და ბოლომდე ვერცერთი მათგანი ვერ აღმოფხვრის ტიკებს. ამასთან, ზოგიერთ წამალს ახასიათებს თანმხლები ეფექტებიც, ამიტომ ექიმის რეკომენდაციისა და მეთვალყურეობის გარეშე მათი მიღება არ შეიძლება.

სხვა მეთოდები

– რა გზით შეუძლია ტიკების მართვა ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანს?

– მედიკამენტებთან ერთად პაციენტს შესაძლოა დაეხმაროს:

* ქცევითი თერაპია. ცნობიერების ამაღლების ტრენინგი არის ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სწავლობს ტიკამდე აღმოცენებული შეგრძნებებისა და ფიზიოლოგიური ნიშნების – მაგალითად, კუნთების დაჭიმულობის, დაძაბულობის – შემჩნევას. სხვა ტექნიკაა კონკურენტული პასუხის ტრენინგი, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია, ნებაყოფლობით შეცვალოს რეაქცია, ტიკი ჩაანაცვლოს უფრო კონტროლირებადი მოძრაობით, მაგალითად, ხმოვანი ტიკი – ნელი და ღრმა სუნთქვით, თავის ტრიალი – კისრის კუნთების მსუბუქი დაჭიმვით და სხვა.

* ფსიქოთერაპია, რადგან ტურეტის სინდრომს ხშირად ახლავს თან ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევები, ADHD. ფსიქოთერაპიის დროს ბავშვი სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს სტრესს, როგორ დაივიწყოს ან ნაკლები ყურადღება მიაქციოს ტიკს, როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები სკოლასა და სოციუმში.

სასწავლო გარემო

– სჭირდებათ თუ არა სკოლაში განსაკუთრებული ხელშეწყობა ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვებს?

– ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვები ხშირად შესანიშნავად ეწყობიან ჩვეულებრივ საკლასო გარემოს, მაგრამ თუ აქვთ რომელიმე თანმხლები მდგომარეობა, – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD), სწავლის უნარის დარღვევა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები, –მხარდაჭერა დასჭირდებათ, რომ სწავლა და სოციალური ურთიერთობები მათთვის ნაკლებ სტრესთან იყოს დაკავშირებული.

ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და თანაკლასელების სწორი დამოკიდებულება. ტიკები არ უნდა იქცეს ბულინგის ან დამცინავი კომენტარების საფუძვლად. ამისთვის საჭიროა ბავშვებისა და მასწავლებლების ინფორმირება. პედაგოგს შეუძლია, კლასში მოკლედ ახსნას, რომ ტიკები უნებლიეა, კონტროლს არ ექვემდებარება.

თავად ბავშვების მდგომარეობა გულდასმით უნდა შევაფასოთ და საჭიროების შემთხვევაში შევუქმნათ ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული საგანმანათლებლო გარემო, მაგალითად, შევთავაზოთ მცირე ჯგუფებში სწავლა, დამატებითი გაკვეთილები, უფრო წყნარი და კომფორტული სივრცე გამოცდის ჩასაბარებლად. მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მართონ საკლასო დინამიკა ისე, რომ ასეთმა ბავშვმა სირცხვილი ან გარიყულობა არ იგრძნოს.

რჩევები მშობლებს

  • არ მოსთხოვოთ ბავშვს, რომ ტიკები შეიკავოს – დაიძაბება და შედეგად ტიკები გამძაფრდება.
  • წაახალისეთ სოციალური ურთიერთობები, რათა ბავშვი საკუთარ თავში არ ჩაიკეტოს და თავი განსხვავებულად არ იგრძნოს.
  • ტიკები ხშირად მსუბუქდება და იშვიათდება, როცა ბავშვი კონცენტრირებულია საყვარელ აქტივობაზე – სპორტზე, მუსიკაზე, ხატვაზე ან სხვა შემოქმედებით საქმიანობაზე. ეს იმიტომ, რომ ასეთი აქტივობები ააქტიურებს ტვინის სხვადასხვა უბანს და სწორ მიმართულებას აძლევს ენერგიას.
  • სტრესის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაძაბულობა ხშირად ამძიმებს ტიკს. ასწავლეთ ბავშვს მარტივი, მაგრამ ეფექტური დამამშვიდებელი ტექნიკები: ღრმა სუნთქვა, სხეულის მოდუნება, პოზიტიური აზროვნება, სახალისო აქტივობები. ყველაფერი ეს არა მხოლოდ ტიკების შემცირებაში, არამედ ბავშვისთვის ბედნიერებისა და სიმშვიდის მინიჭებაშიც დაგეხმარებათ.

მარი აშუღაშვილი

Share: