ეპილატორი – თმის პროფესიონალური მოცილება სახლში

Share:

თმის მოცილების უამრავი მეთოდი არსებობს. ერთი მათგანია ეპილაცია. ის საკმაოდ პოპულარულია, რადგან საშუალებას გვაძლევს, თავი დავაღწიოთ ყოველდღიურ პარსვას და გლუვი კანი რამდენიმე კვირა შევინარჩუნოთ.

სწორად შერჩეული ეპილატორი, გარდა იმისა, რომ ეფექტურად აშორებს თმას, მაქსიმალურ კომფორტსაც უზრუნველყოფს.

როგორ მუშაობს

მბრუნავ ლილვაკზე დამაგრებული მრავალი პატარა პინცეტი ერთმანეთის მიყოლებით ძირიანად იღებს თმის ღერებს. მეტი კომფორტისთვის თანამედროვე ეპილატორები აღჭურვილია დამატებითი ფუნქციებით: მგრძნობიარე უბნების ეპილირების, მასაჟის, გაგრილების და სხვა, – რაც ამცირებს პროცედურის თანმხლებ დისკომფორტს.

ეპილატორით სხეულის თითქმის ყველა თმიანი უბნის ეპილაციაა შესაძლებელი. ბევრ მოდელს, უმეტესად – საშუალო და მაღალი კლასისას, დამატებითი თავაკები მოჰყვება, რომლებიც განკუთვნილია მგრძნობიარე და რთულად მისადგომი ზონებისთვის – იღლიებისთვის, ბიკინისთვის, სახისთვის. ასეთი თავაკებით თმის მოცილება ნაკლებმტკივნეულია, კანის გაღიზიანების რისკიც – უფრო დაბალი.

პლუსები

* აქვს საპარსზე გაცილებით ხანგრძლივი ეფექტი. თმის ხელახლა ამოსვლამდე ახალი ფესვი უნდა ჩამოყალიბდეს, რასაც სამი-ოთხი კვირა სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში კანი გლუვი რჩება.

* რეგულარული ეპილირების შედეგად თმის ღერები სუსტდება და თხელდება, თმა თანდათან მეჩხერდება, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს ეფექტს.

* ეპილატორის მბრუნავი პინცეტები, ცვილისგან განსხვავებით, ძალიან მოკლე ღერებსაც კი ჰკიდებს პირს და აძრობს. ღერის ოპტიმალური სიგრძე 2-5 მმ-ია.

* თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მცირეა კანის დაზიანების რისკი.

* მარტივი გამოსაყენებელია.

* შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის, რადგან ნაკლებად აღიზიანებს, ვიდრე პარსვა.

მოხერხებული და ფუნქციური დიზაინი

თანამედროვე ეპილატორები სიმარტივესა და კომფორტზეა გათვლილი. მრავალი მოდელი აღჭურვილია ერგონომიული, ხელში მოხერხებულად დასაჭერი სახელურით, რაც, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად მიმზიდველია, ასტაბილურებს ხელსაწყოს და ამაღლებს მისი უსაფრთხოების ხარისხს.

განსაკუთრებით პრაქტიკულია ის მოდელები, რომლებსაც კონტურული ხაოიანი ზედაპირი აქვს და სველი ხელებითაც კი ადვილი დასაჭერია.

დამატებითი კომფორტისთვის ზოგიერთ მოდელს აქვს თავაკებისა და აქსესუარების მარტივი და სწრაფი გამოცვლის ფუნქცია, ხოლო მართვის სისტემა ნებისმიერი მომხმარებლისთვის იოლი გასაგებია.

კვების წყარო და სიჩქარის პარამეტრები

ეპილატორის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მუშაობის რეჟიმია. ბაზარზე შეხვდებით როგორც ელემენტებზე, ისე აკუმულატორზე მომუშავე და დენის წყაროში შესაერთებელ სადენიან მოდელებს. სადენიანი მოდელები უწყვეტად მუშაობს და დამუხტვას არ მოითხოვს, მაგრამ ნაკლებმოხერხებულია გადაადგილებისას. უსადენო გაცილებით მობილურია, მაგრამ შესაძლოა, შუა პროცედურის დროს მუხტი გამოელიოს და გაგიჩერდეთ, ამიტომ ასეთი მოდელის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ბატარეის ტიპს და მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობას ერთი სრული დამუხტვით. ზოგადი რეკომენდაცია: ერთი საათის განმავლობაში მუხტვის შემდეგ მოწყობილობამ, სულ მცირე, 30 წუთი უნდა იმუშაოს. ზოგიერთ მოდელს აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია, რაც ძალიან მოხერხებულია, როდესაც ჩქარობთ. უსადენო ეპილატორების დამუხტვისთვის საჭირო დრო არ უნდა აღემატებოდეს 90 წუთს.

ეპილატორების უმეტესობას სიჩქარის ორი პარამეტრი აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ, მუშაობის რეჟიმი თქვენი კანის მგრძნობელობას მოარგოთ და თმის მოცილების ინტენსივობაც აკონტროლოთ. მაღალ სიჩქარეზე ეპილაცია უფრო წრაფი და ეფექტურია, თუმცა შესაძლოა, უფრო მტკივნეულიც იყოს, დაბალი სიჩქარე კი შესაფერისია მგრძნობიარე ზონების ნაზი ეპილაციისთვის. ზოგიერთ ეპილატორს ორზე მეტი სიჩქარეც კი აქვს.

პინცეტების რაოდენობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია პინცეტების რაოდენობა. რაც უფრო მეტი პინცეტი აქვს ეპილატორს, მით უფრო ეფექტურად და სწრაფად აშორებს თმას, რაც განსაკუთრებით მოხერხებულია დიდი უბნების ეპილაციისთვის, ოღონდ პროცესი უფრო მტკივნეულიც არის. რაც უფრო ნაკლებია პინცეტების რაოდენობა, მით უფრო ნაზი და კომფორტულია პროცესი. პინცეტების სტანდარტული რაოდენობა 30-40 ცალია. ზოგიერთ მოდელს შესაძლოა უფრო მეტიც ჰქონდეს.

პინცეტები ლითონისგან ან ჰიპოალერგენული კერამიკისგან მზადდება. ეს უკანასკნელი გამძლე და ტემპერატურისადმი მდგრადი მასალაა, რომელიც მინიმალურად აღიზიანებს კანს. გლუვი ზედაპირი და ნაკლებად იკრავს ბაქტერიებს, ამიტომ უფრო ჰიგიენურიცაა. არ იჟანგება. შექმნილია ნაზი და კომფორტული ეპილაციისთვის.

თავაკები

თავაკები სხვადასხვა ზომისაა. ფართო თავაკი ერთდროულად ბევრ თმას აცილებს, რაც იდეალურია ისეთი დიდი ზონების ეპილაციისთვის, როგორიცაა ფეხები, ვიწრო კი უფრო ზუსტად და ნაზად მუშაობს და შეეფერება მცირე და მგრძნობიარე ზონებს, მაგალითად, იღლიებს, სახეს, ბიკინის.

ეპილატორის შერჩევისას გაითვალისწინეთ, სხეულის უმთავრესად რომელი ნაწილებისთვის აპირებთ მის გამოყენებას ან შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელიც სხვადასხვა ზომის თავაკებით არის აღჭურვილი.

განათების ფუნქცია

ზოგიერთ ეპილატორს აქვს ინტეგრირებული ნათურა, რათა უწვრილესი ღერებიც კი კარგად დავინახოთ. მომხმარებელთა უმეტესობისთვის ეს მეტად მოხერხებული ფუნქციაა.

მშრალი და სველი ფუნქცია

ეპილატორების უმეტესობა მშრალად მუშაობს, მაგრამ არსებობს სველი მოდელებიც მათთვის, ვისაც თმის მოცილება შხაპის მიღებისას ურჩევნია. ბევრი ცნობილი ბრენდი, მათ შორის “ფილიპსი” და “ბრაუნი”, გვთავაზობს მოდელებს ჭეტ & Dრყ ფუნქციით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ეპილაცია შხაპის მიღებისას ჩაიტაროთ. როგორც იცით, თბილი წყალი ადუნებს და არბილებს კანს, რის შედეგადაც ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები საგრძნობლად მცირდება.

სხვა დანამატები

ზოგიერთი მოდელი, როგორც უკვე ვთქვით, აღჭურვილია სხვადასხვანაირი თავაკებით, ამიტომ გაცილებით მრავალფუნქციური და მოხერხებულია. მაგალითად, თავაკი-მასაჟორი ნაზად ამზადებს კანს ეპილაციისთვის, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს პროცედურის თანმხლებ დისკომფორტს. არსებობს ისეთი მოდელებიც, რომლებიც კომბინირებულ ფუნქციებს ითავსებს – არა მხოლოდ აძრობს, არამედ პარსავს და ჭრის კიდეც თმას.

ეპილატორს ხშირად მოჰყვება სახის ჯაგრისი მაკიაჟის მოსაშორებლად ან კანის ღრმად გასაწმენდად. ზოგიერთ მოდელს აქვს სახის მასაჟორის ფუნქციაც, რომელიც ძალიან მოხერხებულია კანის მოვლის საშუალებების, მაგალითად, დღის ან ღამის კრემის კარგად შესაზელად.

ხმაური და ვიბრაცია

ზოგიერთი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, მოწყობილობა უხმაუროდ მუშაობდეს და არ ვიბრირებდეს, განსაკუთრებით სახის ეპილაციის დროს, ამიტომ ყურადღება მიაქციით ხმაურისა და ვიბრაციის დონეს.

ბრენდი და გარანტია

ცნობილი ბრენდი (Philips, Braun, Panasonic) ნიშნავს, რომ ხარისხი გარანტირებულია, ხოლო პრობლემის შემთხვევაში იმავე გარანტიის ფარგლებში სწრაფად გაგიწევენ ტექნიკურ მომსახურებას.

გაწმენდა

ეპილატორის სწორი და რეგულარული წმენდა აუცილებელია არა მხოლოდ სისუფთავისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მოწყობილობამ დიდხანს და გამართულად იმუშაოს.

* ნუ დაიწყებთ წმენდას, თუ მოწყობილობა ჩართულია ან დამუხტვის პროცესშია.

* თანამედროვე მოდელების უმეტესობას მოსახსნელი თავაკი აქვს, რაც წმენდას ამარტივებს. ინსტრუქციაში მითითებულია, როგორ მოხსნათ თავი დაზიანების გარეშე.

* ყველა ეპილატორს მოჰყვება პატარა ჯაგრისი. კარგად მოაცილეთ პინცეტებს შორის ჩარჩენილი თმა და მტვერი, განსაკუთრებით კიდეებიდან. ნუ გამოიყენებთ ამისთვის ლითონის ნივთს – შესაძლოა, პინცეტები დააზიანოთ.

* თუ ეპილატორის ან მისი თავაკის რეცხვა ნებადართულია (Wet & Dry funqcia), უმჯობესია, თავაკი თბილი გამდინარე წყლით გარეცხოთ. ნუ გარეცხავთ ძალიან ცხელი წყალით, ნურც ქიმიური სითხით, თუ არ არსებობს ამის თაობაზე მწარმოებლის მითითება. კარგად გააშრეთ რბილი სუფთა პირსახოცით ან ქსოვილის ნაჭრით და ცოტა ხანს ჰაერზეც გააჩერეთ. ნუ გაუკეთებთ სველ თავაკს აპარატს.

* გაწმინდეთ ჯაგრისით ყოველი გამოყენების შემდეგ, რათა პინცეტებში არ დაგროვდეს თმა, ბაქტერია ან კანის ნაწილაკები.

* კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ საფუძვლიანად გარეცხეთ (თუ შესაძლებელია) გამდინარე წყლით.

* დროდადრო სასარგებლოა დეზინფექციაც, მაგალითად, სპირტიანი ხსნარით გაჟღენთილი სველი ხელსახოცით წმენდა.

სასარგებლო რჩევები

მაქსიმალური კომფორტისთვის მნიშვნელოვანია კანის სწორად მომზადება, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანი მგრძნობიარე და გაღიზიანებისკენ მიდრეკილია.

* ნუ ჩაიტარებთ პროცედურას, თუ კანი გაღიზიანებული ან დაზიანებული (გაკაწრული, გაჭრილი, დამწვარი) გაქვთ.

* კარგი იქნება, ეპილაციამდე თბილი შხაპი მიიღოთ. თბილი წყალი ხსნის ფორებს და ამცირებს პროცედურის თანმხლებ დისკომფორტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტიმური ზონისთვის, სადაც თმა უფრო უხეში და ძლიერია.

* ნაზი სკრაბით მოიცილეთ მკვდარი უჯრედები. ეს შეამცირებს თმის ჩაზრდის რისკს, კანი კი გლუვი და სრიალა გახდება.

* პროცედურამდე კანი კარგად გაიწმინდეთ ცხიმისა და ჭუჭყისგან, რომ ანთებისგან თავი დაიზღვიოთ.

* მსუბუქად დაიზილეთ კანი, რომ სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდეს. ეს გააადვილებს თმის მოცილებას და შეამცირებს ტკივილს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: