გართობის აკვატორია

Share:

აკვაპარკი გასართობი კომპლექსია, რომელიც აერთიანებს სასრიალო ბილიკებს (სლაიდებს), ე. წ. “ზარმაც მდინარეებს” (lazy rivers), საცურაო აუზებს, წყლის ატრაქციონებსა და დასასვენებელ სივრცეებს. ასეთი კომპლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშ, საკურორტო ზონებშია აშენებული, თუმცა დახურული პარკებიც ხშირად გვხვდება.

წყლის გასართობი პარკების აშენების იდეა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940-1950-იან წლებში გაჩნდა. რაოდენობით, შემოსავლებითა და მრავალფეროვნებით ეს ქვეყანა დღეს ამ სფეროს უპირობო ლიდერია. აქ 1000-ზე მეტი აკვაპარკია, მათი რაოდენობის სწრაფი ზრდა კი როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმის განვითარებამ განაპირობა.

პარკის ინფრასტრუქტურა ორი ნაწილისგან შედგება:

* მშრალი ზონა. ის იზოლირებულია წყლის ზონისგან და მოიცავს ისეთ დამატებით სერვისებს, როგორიცაა საბავშვო გასართობი ოთახები, სატრენაჟორო დარბაზები, სპა, საპროცედურო და მასაჟის სალონები, გასახდელები, კაფეები და სხვა;

* სველი ზონა (აკვაზონა) – მოიცავს უშუალოდ წყლის ატრაქციონებს, ჰიდრომასაჟის აბაზანებს, გასართობ და სასწავლო აუზებს.

მთავარ ფუნქციურ ზონად სველი ზონა მიიჩნევა. ის აკვაპარკის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აქ მკაცრად არის დაცული ყველა სტანდარტი, ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, მიკროკლიმატით დამთავრებული.

აკვაპარკები, როგორც უკვე ვთქვით, ორი ტიპისა არსებობს: ღია და დახურული. ღია პარკები უმეტესად ზღვის სანაპიროზე, დიდი სასტუმროების მახლობლად არის გაშენებული. დახურული პარკები უფრო პატარა ზომისაა. იქ სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში შეიძლება.

სასრიალოები სხვადასხვა სიგრძისა, ფორმისა და დანიშნულებისაა. არსებობს სამგანზომილებიანი, მრავალზოლიანი, ჩქაროსნული, წრიული და სხვა ტიპის სლაიდები. შესაძლოა, პარკში წყლის ლაბირინთები და კატაპულტებიც იყოს დამონტაჟებული. ზოგი აკვაპარკი თერმულ წყლებზეა აშენებული. იქ გართობასთან ერთად მკურნალობენ კიდეც.

ყველაზე გრძელი, 650-მეტრიანი ბილიკი ახალ ზელანდიაში, ვაიმაუკუს აკვაპარკშია. ის 2013 წელს დაამონტაჟეს. კოსტა-რიკა 400-მეტრიანი სასრიალო ზოლით მეორე ადგილს იკავებს.

სასრიალო ბილიკები სხვადასხვა ფორმის აუზებს უერთდება. მაშველები როგორც ზემოთ – დაშვების ადგილას, ისე ქვემოთაც – აუზთან – არიან განლაგებულნი, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეძლონ დახმარება.

“ზარმაცი მდინარე” არხის ფორმის წყალსატევია, რომელშიც წყალი მდორედ მიედინება. ნელი დინება პარკის დათვალიერების საშუალებას იძლევა. მდორედ მედინ წყალს ერთგვარი დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს და ყველა ასაკის აუდიტორიას იზიდავს. ალაგ-ალაგ ტალღების გენერატორებიც არის დამონტაჟებული.

ნებისმიერ აკვაპარკში აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა, ამიტომ:

  • დაწესებულია შეზღუდვები ასაკზე, სიმაღლესა და წონაზე.
  • აკრძალულია ალკოჰოლისა და სხვა ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც გავლენას ახდენს რეაქციის სისწრაფეზე.
  • ატრაქციონების პლასტიკური დეტალების შეერთების ადგილები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ადამიანის ტრავმირება შეუძლია.
  • გაიცემა სპეციალური დამცავი და მოცურების საწინააღმდეგო ფეხსაცმელი.
  • აუცილებელია შხაპის მიღება ატრაქციონზე შესვლამდე და გამოსვლის შემდეგ.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს ბილიკზე დაშვება კატეგორიულად ეკრძალებათ!

აკვაპარკი წყლით წყალსადენიდან მარაგდება. წყლის გაწმენდა მრავალსაფეხურიანი პროცესია:

1. ბადე-ფილტრებში გატარება;

2. ოზონირება;

3. კოაგულირება;

4. მექანიკური ფილტრაცია მრავალშრიან ფილტრებში;

5. ულტრაიისფერი გამოსხივებით დამუშავება;

6. დეზინფექცია.

წყლის ინტენსიური დამუშავების წყალობით ინფექციური და სოკოვანი დაავადებების გავრცელების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი. წყლის სისუფთავის მაჩვენებლებს ყოველ 4 საათში ლაბორატორიულად ამოწმებენ. წელიწადში ერთხელ მისი სრული განახლება ხდება.

***

გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული აკვაპარკების მცირე ნაწილს.

ოკეანის პარკის წყლის სამყარო (Water World Ocean Park)

აბერდინი, ჰონკონგი

უზარმაზარი გასართობი კომპლექსი Ocean Park 1977 წელს გაიხსნა კუნძულზე. 2005 წელს მას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ხოლო 2012-ში პრესტიჟული ჯილდო Applause Award მიიღო. მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წელიწადში 5 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ის ყველა ასაკის ტურისტებზეა გათვლილი.

კომპლექსი 870 000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და რამდენიმე ზონას აერთიანებს: ოკეანარიუმს, ზოოპარკს, ატრაქციონების პარკს, თემატურ სექციებს და აკვაპარკ ჭატერ ჭორლდ-ს დიდი აუზებით, სასრიალოებითა და “ზარმაცი მდინარეებით”.

ფასი (დიდებისთვის) – 70 ევროდან

ველური უადი (Wild Wadi)

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

“ველური უადი” 49 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 30 წყლის ატრაქციონია საამიროებისთვის დამახასიათებელი მასშტაბურობითა და კომფორტით.

პროექტი 1999 წელს გაიხსნა. ის ქალაქის ელიტურ რაიონ ჯუმეირაში მდებარე ლუქს-ტიპის სასტუმროს – “ჯუმეირა ბიჩის” – კომპლექსის ნაწილია. მის მეზობლად მდებარეობს დუბაის ორი სიმბოლო, ორი პოპულარული ტურისტული ობიექტი: იალქნის ფორმის შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო “ბურჯ ალ არაბი” და არაბულ ვენეციად ცნობილი “მადინატ ჯუმეირა”. სასტუმროს ბინადრებს აკვაკომპლექსით სარგებლობის შეუზღუდავი უფლება აქვთ, დანარჩენებისთვის კი ფასი 75 ევროდან იწყება.

სიამის პარკი (Siam Park)

ტენერიფე, ესპანეთი

კანარის კუნძულების “წყლის სამეფოს” გახსნამდე მისმა მეპატრონეებმა მსოფლიოს 50-ზე მეტი გასართობი პარკი შეისწავლეს. შედეგიც სახეზეა – სიამის პარკი მსოფლიოს აკვაპარკების ტოპათეულის ერთ-ერთი ლიდერია.

ტურისტების ფავორიტები არიან 24-მეტრიანი სასრიალო შინგჰა და 28-მეტრიანი თითქმის ვერტიკალური დასაშვები მილი Tower of Power.

პარკი 2007 წელს ტაილანდის პრინცესამ გახსნა. ის სიამური (ტაილანდური) მოტივებით არის დეკორირებული, სიმწვანეში ჩაფლულ ბუდას ქანდაკებებსა და დრაკონებს თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. ტერიტორიაზე ტაილანდური და ადგილობრივი სამზარეულოს 5 რესტორანია.

ფასი (დიდებისთვის) – 42 ევრო.

მზიანი გზის ლაგუნა (Sunway Lagoon)

კუალა-ლუმპური, მალაიზია

Sunway Lagoon სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ერთ-ერთ უდიდეს გასართობ და დასასვენებელ პარკად ითვლება. ის 6 ზონისგან შედგება. ესენია: აკვაპარკი, ატრაქციონების პარკი, ექსტრიმის პარკი, საშინელებათა პარკი, ველური პარკი და საბავშვო პარკი “ნიკელოდეონი” (Nickelodeon). გასართობი კომპლექსი დიდი პოპულარობით სარგებლობს ყველა ასაკის მომხმარებლებს შორის.

სერფინგის მოყვარულთათვის სერფინგის სადგურია მოწყობილი, ტალღების სიმაღლე აქ 3 მეტრს აღწევს. არის უზარმაზარი საპლაჟო სივრცეც, რომლის შესაქმნელად 6 000 ტონა ქვიშა დაიხარჯა.

ფასი (დიდებისთვის) – 44 ევრო

დისნეის ტაიფუნის ლაგუნა (Disney's Typhoon Lagoon)

ორლანდო, აშშ

ტროპიკული ლაგუნა, რომელსაც დამანგრეველმა ქარიშხალმა გადაუარა – სწორედ ეს დიზაინერული კონცეფცია უდევს საფუძვლად გასართობი პარკის ვიზუალურ გაფორმებას. პარკში დანახულ სცენებს ადამიანის თვალი კარგა ხანს რეალობად აღიქვამს – სანაპიროზე მიმოფანტული გემებისა და ნავების ნამსხვრევები, ქვიშაში ჩარჭობილი სერფინგის დაფები, პალმებზე შემოხვეული სათევზაო ბადეები… დისნეის გავლენა აქ ყველგან იგრძნობა.

მთავარი ატრაქციონი “მაისის დღეა” (Mayday) – ხუთსართულიანი სახლის სიმაღლის გორა, საიდანაც 9-ზოლიანი წყლის სასრიალო ეშვება. “ზარმაცი მდინარე” კი ჩანჩქერებსა და ჯუნგლებში ჩაფლულ გამოქვაბულებს დაგათვალიერებინებთ. ამ დროს შეიძლება, ტროპიკულმა წვიმამაც კი მოგისწროთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაისეირნოთ ტივით, დაკავდეთ სერფინგით, ან იცუროთ აკვალანგით ზვიგენების გარემოცვაში.

ფასი (დიდებისთვის) – 70 აშშ დოლარიდან.

ტროპიკული კუნძულები (Tropical Islands)

კრაუსნიკი, გერმანია

ბერლინიდან 70 კილომეტრზე ევროპის ყველაზე დიდი დახურული აკვაპარკი მდებარეობს.

წინათ შენობა დირიჟაბლების მწარმოებელ კომპანიას ეკუთვნოდა. აკვაპარკად მისი გადაკეთება მალაიზიურმა კონცერმა Tanjong-მა განახორციელა.

ახლა ამ უზარმაზარ პავილიონებში ტროპიკული ტყე “ხარობს” და უამრავი ატრაქციონი, სპა-ცენტრი, საუნა, სოლარიუმი და რესტორანია განთავსებული, 25 მინისასტუმრო და კემპინგი კი სტუმრებს ღამის გათევისა და კომფორტული დასვენების საშუალებას აძლევს.

ფასი (დიდებისთვის) – 47 ევროდან.

იასის წყლის სამყარო (Yas Waterworld)

აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

45 (მათ შორის – 5 უანალოგო) ატრაქციონისგან შემდგარი გრანდიოზული ფუტურისტული აკვაპარკი აბუ-დაბის ცენტრიდან 24 კმ-ის მოშორებით, ხელოვნურ კუნძულ იასზეა გაშენებული. პარკში დამონტაჟებულია მსოფლიოში პირველი 238-მეტრიანი წყლის ჰიდრომაგნიტური სასრიალო ტორნადოს სიმულატორით. ბოდიბორდისა და ფლოუბორდის მოყვარულებში კი დიდი პოპულარობით სარგებლობს აუზი, სადაც სამმეტრიანი ტალღები გენერირდება. ექსტრიმი და მძაფრი შეგრძნებები არც 550-მეტრიანი “ამერიკული მთებიდან” დაშვებისას დაგაკლდებათ.

ფასი (დიდებისთვის) – 67 ევროდან

უოთერბომ ბალი (Waterbom Bali)

კუტა, ინდონეზია

ბავშვებთან ერთად დაუვიწყარი დღეების გასატარებლად ამ შესანიშნავი გასართობი კომპლექსის მონახულებას ნამდვილად გირჩევთ. აქ ნაირ-ნაირ სასრიალო ბილიკებზე რეზინის ნავით, მარტო ან გუნდურად, თავდაყირა, სპეციალური ხალიჩით, თავისუფალი ვარდნით... მოკლედ, როგორც ისურვებთ, ისე დაეშვებით.

ყოველგვარი პირობაა ექსტრიმის შემდგომი განტვირთვისთვისაც. შადრევნებიანი აუზების, პატარ-პატარა მაღაზიების, სამასაჟო სალონების, ბარების, რესტორნების, საკონდიტროების, კაფეების, გასარუჯი სივრცეებისა და შეზლონგების პოვნა აქ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

ფასი (დიდებისთვის) – 32 ევროდან.

ნოეს კიდობანი (Noah's Ark)

ვისკონსინი, აშშ

აშშ-ის უდიდესი აკვაპარკი ატრაქციონების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით ნამდვილად გაგაოცებთ, ერთ დღეში ყველა მათგანის მონახულება შეუძლებელიც კია: 400-მეტრიანი მსოფლიო რეკორდსმენი “შავი ანაკონდა”, 21 მეტრი სიღრმის “დროის ხვრელი”, “ახალი სისხლი”, “შავი ქარიშხალი”, “ბერმუდის სამკუთხედი”, “დაუბრუნებლობის წერტილი”...

ექსტრიმისა და ადრენალინის დონე აქ ჯებირებს ანგრევს! მაყურებლის სიმცირეს არც უნიკალური ოთხგანზომილებიანი წყალქვეშა კინოთეატრი უჩივის, ხოლო ორი დიდი აუზი, სადაც სამმეტრიანი ხელოვნური ტალღებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს სერფინგის მოყვარულებს შორის.

ფასი (დიდებისთვის) – 59 ევროდან

“ჩიმელონგის” აკვაპარკი

გუანჯოუ, ჩინეთი

აკვაპარკი მსოფლიო კლასის ტურისტული სამოთხის, გასართობი ცენტრის – “ჩიმელონგის” ნაწილია. ის 2007 წელს გაიხსნა და აზიის უდიდეს წყლის პარკად არის მიჩნეული. ცენტრი წელიწადში ორ მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, დღეში კი 40 000-ზე მეტი ადამიანის მიღება შეუძლია. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოში ყველაზე გრძელი, ხუთკილომეტრიანი ხელოვნური მდინარე მოედინება. 45-გრადუსიანი კუთხით დახრილი კილომეტრიანი სლაიდები, ჩანჩქერები, აუზები ხელოვნური ტალღებით, ტორნადოს მთები, განტვირთვის ზონები – “ჩიმელონგი” ტურისტებს მრავალფეროვან, მხიარულ და უსაფრთხო დასვენებას სთავაზობს.

პარკი 1 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე მუშაობს.

ფასი (დიდებისთვის) – 36 ევროდან

სანაპირო პარკი (Beach Park)

აკირასი, ბრაზილია

სწორედ აქ, პორტუ-დას-დუნასის პლაჟზე, მდებარეობს ლეგენდარული ატრაქციონი Insano, რომლის სახელიც პორტუგალიურად “გიჟს”, “გადარეულს” ნიშნავს. თუ ჯერ არ გადმომხტარხართ თოთხმეტსართულიანი სახლის სახურავიდან, სამხრეთი ამერიკის ამ გრანდიოზულ პარკში ამის საშუალება მოგეცემათ! დაახლოებით ორმოცი მეტრი სიმაღლიდან თითქმის ვერტიკალურად დაშვებული ადამიანის სხეული 4-5 წამში საათში 105 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს – მეტი ექსტრიმი და საკუთარი სხეულის შესაძლებლობების გამოცდა რა გინდა?!

პარკში, Insano-ს გარდა, კიდევ 70-მდე არანაკლებ ექსტრემალური და საინტერესო ატრაქციონია. გულისცემის აჩქარება და დაუვიწყარი ემოციები გარანტირებული გაქვთ!

ფასი (დიდებისთვის) – 62 ევროდან

მორგანის შთაგონების კუნძული (Morgan’s Inspiration Island)

სან-ანტონიო, აშშ

2010 წელს ტექსასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გაიხსნა ინკლუზიური პარკ-ატრაქციონი – “მორგანის საოცრებათა ქვეყანა” (Morgan’s Wonderland). მოგვიანებით გასართობ ცენტრს აკვაპარკი “შთაგონების კუნძული” (Inspiration Island) შეემატა.

აქ სპეციალურად მომზადებული, ტექნიკურად კარგად აღჭურვილი პერსონალი მუშაობს. პარკში შესვლისას ბავშვებს უკეთებენ ჭკვიან სამაჯურებს, რათა მშობლებს ჰქონდეთ ინფორმაცია მათი აქტივობისა და ადგილსამყოფლის შესახებ.

აკვაპარკის მშენებლობაზე 17 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.

პარკი ბავშვებს უფასოდ ემსახურება.

მაშ, მოემზადეთ გართობისთვის, ყვირილისთვის, წუწაობისა და ჰაერში ფრენისთვის!

ირაკლი კარტოზია

Share: