რეზო გაგუა – თორაკალური ონკოქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში
Share:
"ჩვენი რეზო ექიმი", – ასე მოიხსენიებდნენ პაციენტები. მისი სათნო ღიმილი და მშვიდი კილო მძიმე ავადმყოფებსაც კი იმედით ავსებდა. რეზო გაგუას დიაგნოზი უტყუარიაო, ამბობდნენ ერთნი. გამორიცხულია, მისმა ჩატარებულმა ოპერაციამ არ გიშველოსო, დასძენდნენ სხვები.
ღვაწლმოსილ ქირურგზე სასაუბროდ მის მეუღლეს – რუსუდან შალამბერიძეს ვესტუმრეთ. ტექსტში, ქალბატონი რუსუდანის მონათხრობთან ერთად, გამოყენებულია მეგობრებისა და კოლეგების მოგონებებიც რეზო გაგუას ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნიდან “სიცოცხლის ქომაგი”.
სიყრმის წლები
რეზო გაგუა 1944 წლის 3 ნოემბერს დაიბადა ფოთში, ოლიფანტე გაგუასა და ბაბუცა (ბაბილინა) დოლბაიას ოჯახში. დედა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გეოგრაფიას ასწავლიდა სკოლაში. მამა ჯერ ქალაქკომის მეორე მდივანი იყო, მერე – აღმასკომის საფინანსო სამსახურის უფროსი.
1963 წელს რეზომ ოქროს მედალზე დაამთავრა ფოთის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის მე-7 საშუალო სკოლა. ექიმის პროფესია ბავშვობიდანვე იზიდავდა. ჯერ კიდევ მოზარდი, თურმე ნემსსაც კი უკეთებდა მეზობლებსა და ახლობლებს. მედიცინისადმი ინტერესმა საბოლოოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მიიყვანა. იმდროინდელი წესის თანახმად, ვინც გამოცდას ფრიადზე ჩააბარებდა, მის გვარს რადიოთი აცხადებდნენ. პირველი სიხარული სწორედ მაშინ ეწვია, როდესაც ქიმიის გამოცდის შემდეგ რადიოდან თავისი მასწავლებელის, თინა ჭოჭუას სახელი და გვარი გაიგონა – მისმა მოსწავლემ ხუთიანი მიიღოო.
სამკურნალო ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტი იყო. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ ღონისძიებებში. მეექვსე კურსზე ანკეტის შევსება დაავალეს. კითხვაზე, რა მიმართულებით აპირებდა საქმიანობას, რეზომ თითქმის გაუცნობიერებლად დაწერა, მინდა, ონკოლოგი გავხდე და კიბო დავამარცხოო. ეს სპონტანური სურვილი თანდათან მის საყვარელ საქმედ და ცხოვრების ნაწილად იქცა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. ერთი წელი ხობში იმუშავა ქირურგად, წელიწად-ნახევარი – ფოთში. ქირურგობაზე სტუდენტობისდროინდელი ოცნება ოცნებად რომ არ დარჩა, მამია ჩხეიძის დამსახურება იყო. ფოთის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგემ უდიდესი როლი შეასრულა რეზო გაგუას პროფესიულ განვითარებაში. სწორედ ჩხეიძის რჩევით ჩაირიცხა ახალგაზრდა ექიმი მოსკოვის საკავშირო კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში, რომლის ხელმძღვანელი მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი, ქირურგი, აკადემიკოსი ბორის პეტროვსკი იყო.
წარმატების გზა
1972 წელს, კლინიკური ორდინატურის დამთავრების შემდეგ, რეზო გაგუა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში სახელგანთქმული თორაკოქირურგის, აკადემიკოს მიხაილ პერელმანის ასპირანტი გახდა. მისივე ხელმძღვანელობით დაასრულა დისერტაცია, რომელიც წარმატებით დაიცვა. იმავე პერიოდში აკადემიკოსმა პეტროვსკიმ ჩაატარა შედეგიანი ოპერაცია ბაროკამერაში, რაც საბჭოთა კავშირისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო. მოხდა ისე, რომ რეზო გაგუას დისერტაციის ბანკეტი პეტროვსკისთან საზეიმო მიღებას დაემთხვა. რამდენიმე ხნის შემდეგ მიხაილ პერელმანმა აკადემიკოსს ბოდიში მოუხადა, წვეულება დატოვა და გაგუას და მის სტუმრებს შეუერთდა. მისი მხრივ ეს ახალგაზრდა ქართველი ექიმისადმი უდიდესი პატივისცემის გამომხატველი ჟესტი იყო. ქალბატონი ბაბილინასთვის კი პერელმანს უთქვამს: დიდი მადლობა ასეთი შვილის აღზრდისთვის, რეზომ მე საქართველო და ქართველები შემაყვარაო.
მართლაც, გაგუამ ინსტიტუტის მთელი გუნდი მოხიბლა. ხელმძღვანელებს მისი გაშვება აღარ უნდოდათ, მაგრამ დარჩენა თავად რეზომ არ მოისურვა – ჩემი ცოდნა ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმაროო.
1976 წელს გაგუა სამშობლოში დაბრუნდა და აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. იმავდროულად სანიტარული ავიაციის სამსახურშიც მუშაობდა, სადაც უამრავ ადამიანს გაუწია დახმარება და მრავალი სიცოცხლე იხსნა.
ერთ დღეს პერელმანის პაციენტი ესტუმრა და მისი წერილი გადასცა. წერილიდან გაირკვა, რომ პაციენტი ახალნაოპერაციები იყო და ოპერაციის შემდგომი სხივური თერაპია სჭირდებოდა. სწორედ ეს გახდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მაშინდელ დირექტორთან, პროფესორ ლუარსაბ შარაშიძესთან, შეხვედრის საბაბი. იმხანად საქართველოში ფილტვის კიბოს მკურნალობა საკმაოდ ჩამორჩებოდა თანამედროვე ტენდენციებს და ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით შემოიფარგლებოდა. აღმოჩნდა, რომ ბატონი ლუარსაბი ონკოცენტრში ფილტვების ქირურგიის განყოფილების გახსნას გეგმავდა, რეზო გაგუას კანდიდატურა კი პროფესორ პელერმანს მისთვის ტაშკენტში, ონკოლოგთა საკავშირო ყრილობაზე შეეთავაზებინა – მოსკოვში ახალგაზრდა ქირურგის მიერ ნაოპერაციებ პაციენტთა უმრავლესობა ფილტვების კიბოთი იყო ავად.
1979 წელს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში რეზო გაგუამ დააარსა ფილტვების ქირურგიის განყოფილება, რომელიც უკვე მედიცინის თანამედროვე სტანდარტებს შეესატყვისებოდა. ამით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში გულმკერდის ქირურგიულ ონკოლოგიას. ჩატარებული ოპერაციების, კლინიკური და სამეცნიერო კვლევების დონითა და მოცულობით ახლად გახსნილი განყოფილება ერთ-ერთი საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში. მას დაარსებისთანავე რეზო გაგუა ჩაუდგა სათავეში.
1987 წელს ფილტვის ქირურგიის განყოფილება გაფართოვდა – დაიწყო საყლაპავისა და კუჭის პროქსიმული ნაწილის კიბოს ქირურგიული მკურნალობის პრობლემების შესწავლა. მალე სახელიც შეეცვალა და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილება ეწოდა.
1989 წელს რეზო გაგუა დაინიშნა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, თუმცა პარალელურად თორაკალური ონკოლოგიის განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა.
განყოფილებას ფართო კონტაქტები ჰქონდა უცხოეთის კლინიკებთან. აქ მიმდინარეობდა ინტენსიური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, ტარდებოდა უნიკალური ოპერაციები. სწორედ რეზო გაგუამ ჩაატარა საქართველოში პირველი ოპერაცია ტრაქეის გულმკერდის ნაწილზე, რისი გამოცდილებაც მანამდე მხოლოდ უცხოეთის დიდ კლინიკებს ჰქონდათ.
რეზო გაგუას დამსახურებაა საქართველოში თორაკალურ ონკოქირურგთა სკოლის შექმნა, რომელმაც ქვეყანას არაერთი გამოჩენილი ექიმი აღუზარდა. მათი უმეტესობა დღეს დამოუკიდებელი და სახელმოხვეჭილი მეცნიერია.
1991 წელს მოსკოვში, ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, რეზო გაგუამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ადგილობრივად გავრცელებული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო" და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. 1995 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება მიენიჭა.
1997 წელს დაარსდა თბილისის ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი – ონკოლოგიური პროფილის უდიდესი სამეცნიერო, სამკურნალო და სასწავლო კერა საქართველოში. 1999 წელს რეზო გაგუა მის ხელმძღვანელად დაინიშნა, 2002–ში კი მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. იყო საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის დამფუძნებელი და 2011 წლიდან გარდაცვალებამდე მისი გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ცენტრი აღჭურვილი იყო თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით და ონკოლოგიური ავადმყოფების დიაგნოსტიკისა და მკურნალობასთან ერთად კოორდინაციას უწევდა ონკოლოგიური სამსახურის პროფილაქტიკურ-მეთოდურ-ორგანიზაციულ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. ონკოცენტრში, როგორც სათავო სამედიცინო დაწესებულებაში, ონკოლოგიურ ავადმყოფებს კომპლექსურ გამოკვლევასთან ერთად უტარდებოდათ ოპერაციული, სხივური და მედიკამენტური მკურნალობაც. აქ ტარდებოდა, როგორც რადიკალური, ისე ორგანოს შემანარჩუნებელი, პალიატიური და რეკონსტრუქციულ-აღდგენითი უნიკალური ოპერაციები სიმსივნის ყველა ძირითადი ლოკალიზაციის დროს. სპეციალიზებულ გამოკვლევას და მკურნალობას ყოველწლიურად 20 000 პაციენტი გადიოდა.
თეთრი ხალათით და მის გარეშე
ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელობა რეზო გაგუას საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში მოუწია: არათუ დაწესებულების, თვით დარგის ყოფნა-არყოფნაც კი სასწორზე იდო, – მაგრამ მისი ძალისხმევის წყალობით ცენტრს ერთი დღითაც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება. სამუშაო ადგილები ყველა შრომისუნარიან პროფესიონალ თანამშრომელს შეუნარჩუნდა. იმ მძიმე წლებში რეზო გაგუა იყო არა მხოლოდ ექიმი, არამედ სამეურნეო ნაწილის გამგეც, ბუღალტერიც, ადმინისტრატორიც და ზედამხედველიც. დაწესებულებაში ინტენსიური სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის გამო ონკოცენტრის თანამშრომლები ბატონ რეზოს ხუმრობით "რეზო აღმაშენებელს" ეძახდნენ.
არ დარჩენილა მედიცინაში იერარქიული საფეხური, მას რომ არ გაევლოს. პრაქტიკულმა თუ სამეცნიერო საქმიანობამ მრავალი წარმატება მოუტანა, არც ჯილდოები თუ წოდება დაჰკლებია, მაგრამ პაციენტებისა და მათი ახლობლების ბედნიერი ღიმილი ყოველგვარ ჯილდოზე მეტს ნიშნავდა მისთვის. “კიბო განაჩენი არ არის”, – ეს ფრაზა, რომელიც 21-ე საუკუნეში ონკოლოგიის მთავარ გზავნილად იქცა, რეზო გაგუას დევიზი იყო. მიაჩნდა, რომ რაც უნდა მძიმე ყოფილიყო დიაგნოზი, ბრძოლას ყოველთვის ჰქონდა აზრი. პაციენტებთან ურთიერთობისას მუდამ ახსოვდა მასწავლებლის, აკადემიკოს მიხეილ პერელმანის რჩევა: "როდესაც პაციენტს ესაუბრები, საათზე არ დაიხედო – იფიქრებს, რომ მასთან ურთიერთობისთვის დრო რეგლამენტირებული გაქვს და არ მოგენდობა". არაერთი უმძიმესი პაციენტი მიუღია, არაერთი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარებია, მაგრამ მის არცერთ პაციენტს არასდროს შექმნია შთაბეჭდილება, რომ ექიმს, რომელსაც სიცოცხლე ანდო, სადღაც ეჩქარებოდა ან ფიქრებით სხვაგან იყო.
იცოდა დროის ყადრი, სულ ჩქარობდა, უნდოდა, მეტი გაეკეთებინა, მეტი მოესწრო...
რთული და ეკლიანი გზა განვლო, უამრავ ქარტეხილს შეეჭიდა, უამრავი გამოწვევა დაძლია, მაგრამ პრინციპებისთვის არასდროს უღალატია. მიღწეულს არ სჯერდებოდა, მუდამ სიახლეებისა და სამომავლო პერსპექტივების ძიებაში იყო. ქართული ადათ-წესების შესაბამისად მოლხენის უფლებას თავს არ აძლევდა, არც ქალაქიდან გადიოდა დიდი ხნით – იცოდა, რომ საქმე, რომელსაც ემსახურებოდა, უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებდა.
ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი, ჩინებულად ერკვეოდა ლიტერატურაში, თეატრალურ და საოპერო ხელოვნებაში, მაგრამ გამორჩევით უყვარდა ფერწერა, რაზეც მისი ნახატების მრავალრიცხოვანი კოლექციაც მეტყველებს. ზეპირად იცოდა ბევრი ოპერა, შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზეც. განსაკუთრებით უყვარდა “დაისის” უვერტიურის შესრულება.
მისი ინტერესები არქიტექტურასაც სწვდებოდა. დახვეწილი გემოვნების პატრონი, სწრაფად და სრულყოფილად შეუდგენდა ხოლმე ნათესავებს თუ მეგობრებს სახლის გეგმას, აუხსნიდა, როგორი უნდა ყოფილიყო ოთახების განლაგება, როგორ უნდა მოეწყოთ ეზო... მისი კონსულტაციის შემდეგ პროფესიონალის დახმარება ხშირად აღარც კი იყო საჭირო.
კლინიკის კედლებს მიღმა სახელოვანი ონკოლოგი იყო მოსიყვარულე მეუღლე, მამა და ბაბუა, რომლისთვისაც ოჯახი პროფესიის გარეშე და პროფესია ოჯახის გარეშე არ არსებობდა. მისი მეუღლე, ქალბატონი რუსუდანი, ექიმი ნევროლოგია და წლების განმავლობაში მუშაობდა ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. უფროსმა ქალიშვილმა ირინამ მშობლების პროფესია აირჩია – ონკოქირურგიულ გინეკოლოგიაში მუშაობს. მეორე შვილი, ნინო, იურისტია.
დიდი ქირურგი სიცოცხლის ბოლომდე ისეთივე აქტიური და ენერგიული იყო, როგორიც კარიერის დასაწყისში. 72 წლისა, ჯერ კიდევ უამრავი ჩანაფიქრის ხორცშესხმას აპირებდა, ემზადებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის წოდების მისაღებად, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა – კლინიკაში, რთული ოპერაციის დასრულების შემდეგ, გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა. დატოვა ნოვატორი ქირურგის, მეცნიერის, პედაგოგისა და საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალის სახელი.
მარი მარღანია







