მერაბ გაგილაძის ილუსტრირებული ფიქრები

Share:

“მხატვრობას არ ირჩევ, ის თავისთავად გემართება”, – ამბობს მხატვარი მერაბ გაგილაძე – ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც, უკვე დიდი ხანია, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გალერეებში და აუქციონებზე იფინება. ახლახან არტგალერეა Noblesse-მა მისი ნახატები ერთ-ერთ უძველეს აუქციონის სახლ Bonhams-ში წარადგინა. მერაბ გაგილაძის ტილოები სხვა ავტორებთან ერთად გამოიფინა ლონდონის აუქციონზე “ქართული ხელოვნება ახლა” და დიდი წარმატებაც ხვდა წილად.

– ხელოვნების მთავარი ხიბლი ის არის, რომ უნივერსალურ ენაზე ლაპარაკობს. თუ ეს ენა გესმის, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის, კულტურის, ეთნოსის წარმომადგენელი ხარ – ქართველი და ინდოელი ხომ მოცარტს ერთნაირად უსმენენ და აღიქვამენ. მხატვრობაშიც ასეა, თუმცა ქართველი დამთვალიერებელი უფრო კონსერვატორია და ნატიფი გემოვნებით გამოირჩევა, ევროპაში კი უფრო თავისუფალი ხალხია: მოეწონა, მიიღო ემოცია, იგრძნო ვიბრაცია და გადაწყვიტა ნახატის შეძენა.

უცხოეთში მერაბის ნამუშევრებით ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაინტერესდნენ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მხატვრობით თავის რჩენის პერსპექტივა ფაქტობრივად არ არსებობდა. ამერიკელმა დილერმა მისი ნახატების შეძენა დაიწყო. ასე თანდათან გაიცნეს საზღვარგარეთ. სხვა ქვეყნების საგამოფენო სივრცეებში უფრო ხშირად ნახავდით მის ნამუშევრებს, ვიდრე თბილისში.

– ერთ გამოფენას მეორე მოჰყვა, ერთ შანსს – მეორე... გულახდილად რომ გითხრათ, არც მე ვყოფილვარ დივანზე წამოწოლილი იმის მოლოდინში, როდის მომიკაკუნებდა ბედი კარზე – ვაქტიურობდი, ვცდილობდი, აუდიტორიამდე ნამუშევრების მისატანად ყველა პლატფორმა გამომეყენებინა.

პერსონაჟები, ამბები და ფერები

– ადამიანი სულ რაღაცას განიცდი, მიდიხარ, მოდიხარ, ვიღაცას ხვდები, ვიღაც გიყვარს, ვიღაც – არა, ვიღაცის, ალბათ, გშურს კიდეც. ადამიანური განცდებისა და ამბების გადმოსაცემად ჩემს ნახატებში პერსონაჟები შემომყავს.

თოიძეში კერამიკას და ფერწერას ვსწავლობდი, შემდეგ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე და ლითოგრაფია და ოფორტი შევისწავლე. მიმაჩნია, რომ ფერები სათქმელს უკეთ გადმოსცემს, თუმცა ფერწერაში ხშირად ვიყენებ გრაფიკის ელემენტებს.

ფერებს განწყობის მიხედვით ვარჩევ. ზოგჯერ მწვანე და ყვითელი გადმოსცემს ჩემს სათქმელს, ზოგჯერ კი ისეთ სიმუქეებამდე მივდივარ, რომ ფერი აღარ ჩანს. ადამიანებსაც ფერებად ვყოფ, სიმარტივისთვის კი სამ ძირითად ტონალურ კატეგორიად ვანაწილებ: ნათელ ადამიანებად, მუქებად და ნაცრისფერებად.

– ნათელი ადამიანები ხშირად გხვდებიან?

– საბედნიეროდ, კი. მნიშვნელოვანია, თავად რას ვეძებთ. როცა სინათლეზე ვართ ორიენტირებული, უმეტესად სწორედ ასეთ ადამიანებს ვამჩნევთ.

ხატვის დროს

– წინათ სამუშაო გარემოს ყურადღებას არ ვაქცევდი, თითქოს სულერთი იყო. მუშაობას ვიწყებდი და თავისთავად ვწყდებოდი გარე სამყაროს. ახლა, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო მეტად ვაფასებ სიმშვიდეს. ზოგჯერ სახელოსნოდან გასვლაც კი არ მინდა, რადგან გარეთ ენერგეტიკა სწრაფად იცვლება. რა თქმა უნდა, იდეალური გარემოს პოვნა შეუძლებელია, ამიტომ ვცდილობ, ეს სიმშვიდე საკუთარ თავში ვიპოვო. ზაფხულს არაგვის ხეობაში აგარაკზე ვატარებ. ბუნებასთან ახლოს ყოფნა, მცენარეების მოვლა, ბალახის კრეჭა მასვენებს.

რუტინა

– ერთი შეხედვით, მხატვრობა თავისუფალი პროფესიაა, მაგრამ მუდმივად მაწუხებს დროის დეფიციტი. როდესაც შენს საქმიანობას პროფესიონალურად ეკიდები და მაინცდამაინც შთაგონებას არ ელოდები, განრიგიც და სამუშაო გრაფიკიც თავისთავად ყალიბდება. მხატვრობაც ისეთივე შრომაა, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიული საქმიანობა. განსხვავება ის არის, რომ შემოქმედი ყოველთვის ცდილობს, ორგანიზაციულ და მარკეტინგულ მხარეს მაქსიმალურად აარიდოს თავი. მეც მირჩევნია, ამ რუტინას გავექცე.

ყოველი მომდევნო ორშაბათიდან დიეტას ვგეგმავ, თუმცა ყველა გეგმა გეგმადვე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დავყავდით, ძალიან არასპორტული ადამიანი ვარ. არათუ მონაწილეობა, ყურებაც კი არ მსიამოვნებს, რადგან ზედმეტად ემოციურად ვერთვები პროცესში. ამ მიზეზით თეატრში სიარულსაც კი სპექტაკლის შინ, ეკრანზე ყურება მირჩევნია.

მიყვარს მოგზაურობა. ბუნებრივია, დავდივარ გამოფენებზე და მუზეუმებში, თუმცა ქალაქის ქუჩებში ხეტიალიც ძალიან მიყვარს. შთაბეჭდილებებს ვაგროვებ. განსხვავებული გარემო გონებას გადატვირთავს, შთაგონებას აძლევს.

მეორე "მე" და განსხვავებული რაკურსი

მეუღლე, ირმა კუსიანი, მოსე თოიძის ხელოვნების სკოლაში გაიცნო. მას შემდეგ ერთად არიან. ირმაც წარმატებული მხატვარია. მისი ნამუშევრები საზღვარგარეთაც ისევე მოთხოვნადია, როგორც საქართველოში. აპრილში თურქეთში პერსონალური გამოფენა ჰქონდა.

– ორი მხატვრის ტანდემს რა პლუსები და მინუსები აქვს?

– ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში პლუსი მეტია. ერთმანეთის ნამუშევრებს პირველები ვაფასებთ, თუ საჭიროა, კრიტიკულებიც ვართ. მხატვრობა სუბიექტური პროცესია და ზოგჯერ საჭიროა, ობიექტური აზრი მოისმინო, საკუთარ თავს და ნახატს სხვა რაკურსით შეხედო. დიდი პლუსია, როცა გვერდით გყავს მეორე "მე", რომელიც ნამუშევრის განსხვავებულად აღქმის შესაძლებლობას გაძლევს.

დინოზავრები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ

– თინეიჯერები ვიყავით, როცა დავქორწინდით. ოცდაერთი წლის ასაკში მშობლები გავხდით, შეიძლება ითქვას, შვილებთან ერთად ვიზრდებოდით. თუმცა შვილები კლასიკურ მხატვრობას არ გაჰყვნენ, მომავლის პროფესიას – კომპიუტერულ გრაფიკას მიანიჭეს უპირატესობა. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ჩვენ დინოზავრები ვართ, ახალი თაობა კი სიახლეებს ირჩევს.

თავადაც პროგრესის მომხრე ვარ. ხელოვნური ინტელექტიც შესანიშნავ გამოგონებად მიმაჩნია. ბოლო დროს გამორჩეულად დამამახსოვრდა კარავაჯოს ნამუშევრები მისი შესრულებით – ალბათ, თავად ავტორს რომ ენახა, გაოცდებოდა.

ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ბუნებრივი პროცესია – ფოტოაპარატი შეიქმნა და ბევრს ეგონა, მხატვრები უფუნქციოდ დარჩებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლაც, ხელოვნური ინტელექტი თუ ძალიან შეგვეჭიდება, სხვა გზების ძიებას დავიწყებთ. ხელოვნება ხომ განცდის, აზრის სხვა ადამიანამდე მიტანაა და რაც მეტი საშუალება გვექნება ამისთვის, მით უკეთესი.

თამარ ციბალაშვილი

Share: