კანის ქრონიკული დაავადებები

Share:

კანის დაავადებები მრავალფეროვანია, სხვადასხვა წარმოშობისა და გავრცელების, სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სიმძიმის. მათგან ყველაზე ძნელი სამართავია ქრონიკული დაავადებები, რომლებიც პერიოდულად მწვავდება და საგრძნობლად სწევს დაბლა ადამიანის ცხოვრების ხარისხს: იწვევს ქავილს, დისკომფორტს, აქვეითებს თვითშეფასებას, აუარესებს თვითშეგრძნებას და ართულებს სოციალურ ურთიერთობებს.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ დაავადებების ადრეული ამოცნობა, სწორი დიაგნოსტიკა და მართვა – ამით მხოლოდ კანის ჯანმრთელობის კი არ შევუწყობთ ხელს, არამედ ცხოვრების ხარისხსაც ავიმაღლებთ.

***

აკნე

აკნე კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა. ის უმთავრესად მოზარდებსა და ახალგაზრდებთან გვხვდება. ცხიმითა და მკვდარი უჯრედებით დახშობილ თმის ფოლიკულებში მრავლდება ბაქტერიები, რაც იწვევს ანთებას და გამონაყარს.

გამონაყარი უმთავრესად სახეზე ჩნდება, თუმცა არც ზურგზე, გულმკერდსა და მხრებზეა იშვიათი.

აკნე უმეტესად ოცდაათი წლისთვის გაივლის, მაგრამ ზოგიერთს, განსაკუთრებით ქალებს, ორმოცი-ორმოცდაათი წლის ასაკშიც აღენიშნება.

აკნეს ტიპები

თმის გადიდებულ, დახშულ ფოლიკულებს კომედონები ეწოდება. არსებობს:

* დახურული კომედონები – თეთრი წერტილები, პატარა, თეთრი ამობურცულობები კანქვეშ;

* ღია კომედონები – შავი წერტილები, კანის ზედაპირზე გახსნილი ფოლიკულები. მათი შავი ფერი გამოწვეულია ცხიმის ჰაერზე დაჟანგვით და არა ჭუჭყით;

* პაპულები – პატარა ვარდისფერი ან წითელი ამობურცულობები, რომლებიც შესაძლოა შეხებისას მტკივნეული იყოს;

* პუსტულები – პაპულები, რომლებიც ზემოდან თეთრი ან ყვითელი ჩირქით არის დაფარული, ძირში კი წითელია;

* კვანძები – ღრმად ჩამჯდარი დიდი, მტკივნეული, მყარი დაზიანებები;

* კისტოზური (კვანძოვანი) აკნე – ღრმა, მტკივნეული, ჩირქით სავსე მუწუკები.

მიზეზები

აკნეს განვითარებას განაპირობებს ერთი ან რამდენიმე ფაქტორის ერთდროული მოქმედება. ეს ფაქტორებია: ფორებში ცხიმის ჭარბი წარმოქმნა (სებორეა), კანის მკვდარი უჯრედების დაგროვება, ბაქტერიების გამრავლება.

აკნეს განვითარების რისკს ზრდის:

* ჰორმონული ცვლილებები. სქესობრივი მომწიფების პერიოდში როგორც ბიჭის, ისე გოგონას ორგანიზმში იმატებს ანდროგენების, მამაკაცის სასქესო ჰორმონების, დონე, ეს ჰორმონები კი ასტიმულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ზრდას და მეტი ცხიმის გამომუშავებას. აკნეს გამოწვევა ასევე შეუძლია ორსულობის, მენსტრუალური ციკლის ან პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს განვითარებულ ჰორმონულ ცვლილებებს.

* ოჯახური ისტორია. ადამიანს აკნეს განვითარების უფრო მეტი ალბათობა აქვს, თუ ის მის მშობლებს ან და-ძმასაც ჰქონდათ.

* მედიკამენტები. აკნეს პროვოცირებას უწევს კორტიკოსტეროიდების, სასქესო და სხვა ჰორმონების, ლითიუმის შემცველი მედიკამენტების მიღება.

* ასაკი. აკნე ნებისმიერი ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა ყველაზე ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდებთან.

აკნეს არ იწვევს, მაგრამ მისი დამძიმება შეუძლია:

*დიეტას – ზოგიერთი კვლევის თანახმად, აკნეს ამწვავებს მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები (შაქრიანი სასმელები, თეთრი პური, ტკბილეული) და რძის ნაწარმი;

* სტრესს – ორგანიზმში მომხდარი საპასუხო ჰორმონული ცვლილებების გამო;

* მჭიდრო ტანსაცმლის, ჩაფხუტის, ზურგჩანთის, სპორტული აღჭურვილობის ზეწოლას კანზე;

* გარემო ფაქტორებს – დაბინძურებულ ჰაერს, მაღალ ტენიანობას;

* კანის ზედმეტ წვალებას – ხელის ხშირ მოკიდებას, ძლიერ ხეხვას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

აკნეს დიაგნოზის დასასმელად ექიმი გასინჯავს პაციენტს, დააზუსტებს სიმპტომებს და მათ ხანგრძლივობას, გამოიკითხავს ოჯახურ ისტორიას, გოგონების შემთხვევაში – მენსტრუაციული ციკლის მიმდინარეობას, დანიშნავს ლაბორატორიულ ტესტებს.

მკურნალობის მიზანია არსებული დაზიანებების აღმოფხვრა, ახალი გამონაყარისა და ნაწიბურების გაჩენის პრევენცია.

აკნეს საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებები გამოდის გელის, კრემის, ლოსიონის, საპნის, საფენების სახით. მათი გამოყენება ზოგჯერ იწვევს კანის წვას, სიწითლეს, სიმშრალეს. კანზე წასასმელად შესაძლოა დაგინიშნონ:

ბენზოილის ზეჟანგი (ბენზოილპეროქსიდი) – ანადგურებს ბაქტერიებს, ამცირებს ცხიმიანობას;

ანტიბიოტიკები სხვა ადგილობრივ პრეპარატებთან ერთად;

რეტინოიდები – ამცირებს ანთებას, ხელს უშლის აკნეს განვითარებას და ნაწიბურების გაჩენას;

სალიცილის მჟავა – შლის კომედონებს და ამცირებს უჯრედების დაგროვებას;

გოგირდი – შლის კომედონებს.

საჭიროებისამებრ, ინიშნება შინაგანად მისაღები (დასალევი) ანტიბიოტიკებიც, განსაკუთრებით – მძიმე ფორმის აკნეს დროს, ასევე – იზოტრეტინოინი, ჰორმონები (უმთავრესად ქალებთან ანდროგენების ზემოქმედების შესასუსტებლად), კორტიკოსტეროიდები – ანთების შესამცირებლად.

დამატებით შესაძლოა დაინიშნოს ლაზერული და ფოტოთერაპია (სინათლით თერაპია), კანის დაზიანებულ ადგილებში კორტიკოსტეროიდების ინექცია, ზედაპირული ქიმიური პილინგი, ნაწიბურის კორექცია.

თავის მოვლა აკნეს დროს

* გაისუფთავეთ კანი ნაზი გამწმენდი საშუალებით დილით, საღამოს და ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ. ეცადეთ, თავი არიდოთ ძლიერი საპნების, ფორების შემკვრელი საშუალებების და უხეში სახეხის გამოყენებას. ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით.

* ხშირად იბანეთ თავი შამპუნით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ.

* გამონაყარს არ შეეხოთ. თუ მუწუკს გამოირწყავთ, შესაძლოა, ნაწიბური ან მუქი ლაქა დაგრჩეთ.

* ფრთხილად გაიპარსეთ. დარწმუნდით, რომ საპარსის პირი ბასრია, საპარსი კრემის წასმამდე თმა საპნითა და წყლით დაირბილეთ.

* რეგულარულად ისვით მზისგან დამცავი კრემი. ერიდეთ მზეზე დაწვას და გარუჯვას. გაითვალისწინეთ, რომ აკნეს სამკურნალოდ გამოყენებული ზოგი მედიკამენტი ზრდის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ.

* ფრთხილად შეარჩიეთ კოსმეტიკა. ყველა საშუალება უნდა იყოს უზეთო. აირჩიეთ ნაწარმი, რომელსაც აწერია "არაკომედოგენური" – ის არ ახშობს ფორებს, თუმცა ზოგიერთ ადამიანს აკნეს ასეთი საშუალებებიც კი უმძიმებს.

თუ აკნეს გამო უხერხულობას ან შფოთვას გრძნობთ, მიმართეთ ფსიქოთრაპევტს.

***

ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს კანის ანთებას, სიწითლეს და გაღიზიანებას. დაავადებას ძლიერი ქავილი ახასიათებს. მისი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია, რომ ატოპიური დერმატიტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენები, იმუნური სისტემა და გარემო ფაქტორები, მაგალითად, თამბაქოს კვამლი.

ვის ემართება

ატოპიური დერმატიტი საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც უმეტესად ბავშვობაშივე ვლინდება, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ზრდასრულ ასაკში მდგომარეობა ხშირად უმჯობესდება, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დაავადება მთელი სიცოცხლე გრძელდება.

ატოპიური დერმატიტის განვითარების ალბათობა უფრო დიდია, თუ ოჯახში არის ატოპიური დერმატიტის, თივის ცხელების (სეზონური ალერგიული რინიტი) ან ასთმის ისტორია. ამასთან, გოგონებსა და ზრდასრულ ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ბიჭებსა და ზრდასრულ მამაკაცებთან.

სიმპტომები

ატოპიური დერმატიტი იწვევს ძლიერ ქავილს. მოქავების შედეგად კანი წითლდება, შუპდება, სკდება, სდის სითხე, უჩნდება ქერქი და იქერცლება. დაავადებას აქვს გამწვავებებისა და რემისიის პერიოდები. ძლიერ ქავილთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს:

  • წითელი, მშრალი ლაქები კანზე;
  • გამონაყარი, რომლიდანაც შესაძლოა დიოდეს გამჭვირვალე სითხე ან სისხლი (გაკაწვრის შემთხვევაში);
  • კანის გასქელება და გამაგრება.

სიმპტომები შესაძლოა ერთდროულად განვითარდეს სხეულის რამდენიმე უბანზე, ხშირად გამეორდეს ერთსა და იმავე ადგილებზე ან გაჩნდეს ახალზე. გამონაყარის სახეობა და ლოკაცია სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა. მუქი კანის მქონე ადამიანებს ანთებად ადგილებზე ხშირად უმუქდებათ ან უბაცდებათ კანი.

ჩვილებსა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებთან ყველაზე ხშირად გვხვდება წითელი გამონაყარი, საიდანაც მოქავების შემდეგ შესაძლოა სითხე წამოვიდეს. გამონაყარი უმეტესად სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, სახსრების მომხრელ ზედაპირებზე ჩნდება.

2 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებს სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე გამონაყარი ხშირად წითელი აქვთ, კანი – გასქელებული. მოსალოდნელია სისხლდენა მოქავებისას. გამონაყარი ვითარდევა იდაყვებისა და მუხლების მომხრელ ზედაპირებზე, კისერზე, კოჭებზე.

მოზარდებსა და ზრდასრულებთან ყველაზე ხშირია ქერცლიანი გამონაყარი, რომლის ფერიც წითლიდან მუქ ყავისფრამდე ვარირებს. მოქავების შემდეგ შესაძლოა წამოვიდეს სისხლი და გაჩნდეს ქერქი. გამონაყარი უმთავრესად ლოკალიზებულია ხელებზე, კისერზე, იდაყვებისა და მუხლების მომხრელ ზედაპირებზე, თვალების ირგვლივ, კოჭებსა და ტერფებზე.

სხვა გავრცელებული ნიშნებია:

  • კანის დამატებითი ნაკეცი თვალის ქვეშ, რომელსაც დენი-მორგანის ნაკეცს უწოდებენ;
  • კანის გამუქება თვალების ქვეშ;
  • დამატებითი ნაკეცები ხელისგულებსა და ფეხისგულებზე.
  • ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ:
  • ასთმა და ალერგიის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის – საკვებისმიერი ალერგია;
  • კანის სხვა დაავადებები, მაგალითად, იქთიოზი, რომელიც იწვევს კანის სიმშრალეს და გასქელებას;
  • დეპრესია, შფოთვა;
  • ძილის უკმარისობა.

ატოპიური დერმატიტის გართულებებია:

  • კანის ბაქტერიული ინფექციები;
  • კანის ვირუსული ინფექციები (მეჭეჭები, ჰერპესული წყლულები);
  • ძილის უკმარისობა, რომელმაც ბავშვებთან შესაძლოა ქცევითი პრობლემები გამოიწვიოს;
  • მტევნის ეგზემა (ხელის დერმატიტი);
  • კონიუნქტივიტი – თვალის ამომფენი გარსის შეშუპება და სიწითლე;
  • ბლეფარიტი – ქუთუთოს ანთება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტიკა მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას დაავადების ოჯახური ისტორიის, სიმპტომებისა და ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ, გასინჯვას, ლაბორატორიულ გამოკვლევებს, საჭიროებისამებრ – ბიოფსიასაც.

ატოპიური დერმატიტის მკურნალობის მიზანია კანის ტენიანობის შენარჩუნება, ანთების შემცირება, ქავილის მართვა, შეხორცების ხელშეწყობა, ინფექციის პრევენცია და გამწვავების თავიდან აცილება.

მკურნალობა, წესისამებრ, კომბინირებულია. შესაძლოა, გამოწერონ დამატენიანებელი კრემი, კორტიკოსტეროიდული კრემი, კალცინევრინის ინჰიბიტორების შემცველი მალამო, ფოსფოდიეთერაზა-4-ის ინჰიბიტორი. დასალევი საშუალებები, მაგალითად, იანუსკინაზის ინჰიბიტორები შედარებით მძიმედ მიმდინარე ფორმის დროს ინიშნება. ბიოლოგიური მედიკამენტი ინექციით შეჰყავთ კანქვეშ.

ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია კანის დატენიანება – დამატენიანებელი კრემის დაბანისთანავე წასმა, რათა კანმა წყალი შეინარჩუნოს. ექიმი გირჩევთ, რამდენად ხშირად დაიბანოთ და რა ტიპის დამატენიანებელი გამოიყენოთ.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გირჩიონ ქლორიანი წყლის აბაზანა კვირაში ორჯერ (არ გამოიყენოთ ეს საშუალება ექიმთან კონსულტაციის გარეშე!), სველი შეხვევის თერაპია – სხეულის ნაწილის ან მთელი სხეულის შეხვევა წამლით გაჟღენთილი სახვევით კანის ტენიანობის ასამღლებლად.

თუ ატოპიური დერმატიტი მძიმეა, საკმაოდ გავრცობილია და კრემებსა და მალამოებზე არ რეაგირებს, შესაძლოა გირჩიონ ფოტოთერაპია – მკურნალობა ულტრაიისფერი A ან B სინათლის ტალღებით.

თუ ატოპიური დერმატიტის ფონზე კანის ინფექცია განვითარდა, შესაძლოა დაინიშნოს ადგილობრივი ან პერორალური (დასალევი) ანტიბიოტიკები.

მნიშვნელოვანია კანის მოვლის საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენება და ექიმის რეგულარული კონსულტაცია იმაში დასარწმუნებლად, რომ მკურნალობის გეგმა მუშაობს.

თავის მოვლა ატოპიური დერმატიტის დროს

* მიიღეთ თბილი აბაზანა – დღეში არა უმეტეს ერთი ჯერისა.

* გამოიყენეთ რბილი, უსუნო საპონი ან უსაპნო დასაბანი საშუალება.

* დაბანის შემდეგ ტანი შეიმშრალეთ და მალევე წაისვით დამატენიანებელი საშუალება.

* ერიდეთ წყლის ან ალკოჰოლის შემცველ ლოსიონებს – შესაძლოა, წვის შეგრძნება გამოიწვიოს.

* მოარიდეთ კანი გამაღიზიანებელ ნივთიერებებს და უხეშ ქსოვილებს, მაგალითად, შალს.

* ჰკითხეთ ექიმს პოტენციური საკვებისმიერი ალერგიის შესახებ.

* მართეთ სტრესი. სტრესის მართვისა და რელაქსაციის ტექნიკები გამწვავებების ალბათობის შემცირებაში დაგეხმარებათ.

* ეძებეთ მხარდაჭერა ოჯახში, მეგობრებთან, ჯანდაცვის სპეციალისტებთან და სხვა.

* მოერიდეთ ფხანას და კანის ხახუნს – ანთებასა და ქავილს გააძლიერებს. თუ დერმატიტი ბავშვს აქვს, რეგულარულად დააჭერით ფრჩხილები.

* თუ თქვენი მდგომარეობის გამო უხერხულობას ან შფოთვას გრძნობთ, მიმართეთ სპეციალისტს (ფსიქოკონსულტანტს, ფსიქოთერაპევტს).

* ოთახში შეინარჩუნეთ თანაბარი ტემპერატურა და ტენიანობა. ერიდეთ სიტუაციებს, სადაც შეიძლება გადახურდეთ.

* მოიწესრიგეთ ძილი. თუ ქავილი არ გაძნებთ, უთხარით ექიმს, რათა მისი დახმარებით დერმატიტი უკეთ აკონტროლოთ.

***

როზაცეა

როზაცეა კანის ხანგრძლივი ანთებითი მდგომარეობაა, რომელიც უმთავრესად ცხვირსა და ლოყებზე სიწითლითა და გამონაყარით ვლინდება. ამ მდგომარეობას კუპეროზსაც უწოდებენ.

ვის ემართება

როზაცეა შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა უმეტესად აღენიშნებათ შუახნისებს და ხანდაზმულებს, ქალებს, ღია ფერის კანის მქონეებს. მამაკაცებთან როზაცეა შედარებით იშვიათია, მაგრამ ხშირად უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

სიმპტომები

როზაცეა ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ხშირად ციკლურად – გამწვავებისა და რემისიის მონაცვლეობით – მიმდინარეობს. უმეტესობას როზაცეის მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი აღენიშნება.

ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

* სახის სიწითლე – თავდაპირველად შესაძლოა გამოვლინდეს წამოწითლებით, მერე და მერე კი სიწითლე ხანგრძლივი და მუდმივი გახდეს. ზოგჯერ თან ახლავს წვის შეგრძნება, კანის გაუხეშება და აქერცვლა;

* გამონაყარი – გაწითლებულ ადგილებზე ჩნდება წითელი ან ჩირქოვანი მუწუკები, რომლებიც გარეგნულად აკნეს წააგავს;

* ხილული სისხლძარღვები – წვრილი წითელი ხაზები, გაფართოებული კაპილარები ლოყებსა და ცხვირზე;

* კანის გასქელება, განსაკუთრებით – ცხვირზე , რის გამოც ცხვირი დიდდება და ბოლქვის მსგავს შესახედაობას იღებს (რინოფიმა). როზაცეის ეს ფორმა უმეტესად მამაკაცებთან გვხვდება;

* თვალის გაღიზიანება – თვალის როზაცეის დროს აღინიშნება თვალების წვა, სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა ან სიმშრალე, ზოგჯერ – ქუთუთოების შეშუპება, სიწითლე და ქერქი წამწამების ძირში, იშვიათად – უცხო სხეულის შეგრძნება თვალში. ამ სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რადგან მკურნალობის გარეშე შესაძლოა მხედველობა დაქვეითდეს.

მკურნალობის გარეშე როზაცეა პროგრესირებს, კანი სქელდება, ჩნდება მკვრივი, ამობურცული წითელი კვანძები, უმთავრესად – ცხვირზე. საზოგადოდ, როზაცეა სახის ცენტრალურ ნაწილს – ცხვირს, ლოყებს, შუბლს, ნიკაპს აზიანებს, იშვიათად ვრცელდება ყურებზე, კისერზე, თავის თმიან ნაწილსა და მკერდზე.

მიზეზები

როზაცეის ზუსტი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის რამდენიმე ფაქტორს: კანის ჭარბ მგრძნობელობას, გარემო ფაქტორებს (ულტრაიისფერ გამოსხივებას, ქარსი, სიცხეს) და კანის მიკრობიომის ცვლილებას (მათ შორის – ტკიპა Dემოდეხ-ისა და ზოგიერთი ბაქტერიის სიჭარბეს), გენეტიკურ განწყობას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

როზაცეის სადიაგნოსტიკო სპეციფიკური ტესტი არ არსებობს, ამიტომ დიაგნოზს კლინიკური ნიშნებისა და სამედიცინო ისტორიის საფუძველზე სვამენ. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება გამოკვლევა აკნეს, ალერგიული დერმატიტის, ლუპუსის და სხვა მსგავსი მდგომარეობების გამოსარიცხად.

როზაცეა არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების მართვა და მდგომარეობის გაუმჯობესება თვითმოვლის რუტინისა და მედიკამენტური მკურნალობის კომბინაციით. უკეთესობა უმეტესად 2-3 თვეში ხდება შესამჩნევი, თუმცა ზოგჯერ მეტი დრო სჭირდება. ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ შეიძლება მედიკამენტების დროებით შეწყვეტაც.

მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემცირება, გართულებების პრევენცია, ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

მედიკამენტებიდან იყენებენ:

* სიწითლისა და მსუბუქი გამონაყარის სამკურნალოდ – ადგილობრივ საშუალებებს: ანტიბიოტიკების, ანტიპარაზიტული ან ვაზოკონსტრიქტორული (სისხლძარღვების შემავიწროებელი) საშუალებების შემცველ კრემებს, გელებსა და მალამოებს;

* თვალის გაღიზიანების სამკურნალოდ – ლუბრიკანტების, ანტიბიოტიკების ან იმუნოსუპრესიული საშუალებების შემცველ თვალის წვეთებსა და მალამოებს;

* საშუალო და მძიმე გამონაყარის ან თვალებისმხრივი მძიმე სიმპტომების – დასალევ ანტიბიოტიკებს, რეტინოიდებს და სხვა პრეპარატებს;

* ლაზერულ თერაპიასა და ფოტოთერაპიას, რომლებიც ავიწროებს სისხლძარღვებს და ამცირებს სიწითლეს. ლაზერული თერაპია ასევე გამოიყენება გასქელებული კანის მოსაშორებლად, განსკუთრებით – ცხვირზე. ზოგჯერ ამავე მიზნით ტარდება ქირურგიული ჩარევა.

თავის მოვლა როზაცეის დროს

როზაცეა ყოველდღიურ ცხოვრებაში სირთულეთა მთელ წყებას იწვევს, მაგრამ სწორი მართვით შესაძლებელია მდგომარეობის კონტროლი და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება. ექიმთან რეგულარული ვიზიტების პარალელურად დისკომფორტის შემცირებასა და გამწვავებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ შემდეგი რეკომენდაციების შესრულება:

1. ეძებეთ გამწვავების ხელშემწყობი ფაქტორები

როზაცეის სიმპტომებს უმეტესად განსაზღვრული გარეგანი ან შინაგანი ფაქტორები ამწვავებს. მათი დროული ამოცნობა მნიშვნელოვანია. სასურველია, აწარმოოთ დღიური, რომელშიც ჩაიწერთ, რა პირობებში გაგიუარესდათ მდგომარეობა – ეს ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ. ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია:

  • მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა;
  • ემოციური ;
  • სიცხე და სიცივე;
  • ძლიერი ქარი;
  • ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში;
  • ალკოჰოლის მიღება;
  • ცხელი აბაზანა, საუნა;
  • ცხარე ან ძალიან ცხელი საჭმელი და სასმელი.

2. ნაზად მოუარეთ კანს

მგრძნობიარე კანი გაისუფთავეთ რბილი გამწმენდი საშუალებებით და რეგულარულად დაიტენიანეთ. ერიდეთ მექანიკურ აქერცვლას, სპირტის შემცველ მოვლის საშუალებებს და კოსმეტიკას. კანის მოვლის რუტინა უნდა იყოს სტაბილური და დამამშვიდებელი.

3. მოარიდეთ კანი მზეს

მზის სხივებთან პირდაპირი კონტაქტი გამწვავების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ყოველდღე წაისვით ფართო სპექტრის (SPF – 30 ან მეტი) მზისგან დამცავი კრემი. მზიან დღეებში სასურველია პანამისა და სათვალის ტარებაც.

4. მოუარეთ თვალებს

როზაცეა ხშირად იწვევს თვალის გაღიზიანებას. თუ უჩივით წვას, სიწითლეს, ქავილს ან ცრემლდენას, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ:

  • ქუთუთოების ნაზად გაწმენდა წყალში გაზავებული ბავშვის შამპუნით ან სპეციალური საშუალებით;
  • დღეში რამდენჯერმე თბილი (და არა ცხელი) კომპრესის დადება.

5. იზრუნეთ ემოციურ კეთილდღეობაზე

ქრონიკული დაავადება ხშირად ემოციური სტრესის, შფოთვის, დაბალი თვითშეფასების წყაროდ იქცევა. კანის შესამჩნევი ცვლილებების გამო ბევრი თავს არიდებს სოციალურ ურთიერთობებს. თუ ეს პრობლემები თქვენც გაწუხებთ, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს, შეუერთდით მხარდაჭერის ვირტუალურ ან რეალურ ჯგუფს, გაუზიარეთ განცდები ახლობლებს, რომელთა ემოციური მხარდაჭერის იმედიც გაქვთ.

***

ფსორიაზი

ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია კანის აქერცვლა, სიწითლე და ქავილი. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა უმეტესად მოზრდილებთან გვხვდება, ქალებსა და კაცებთან – თანაბარი სიხშირით.

ფორმები

ფსორიაზს რამდენიმე კლინიკური ფორმა აქვს, რომლებიც გამონაყარით, ლოკალიზაციითა და გამომწვევი ფაქტორებით განსხვავდება ერთმანეთისგან.

* ვულგარული ფსორიაზი (Plaque psoriasis) ყველაზე გავრცელებული ფორმაა. კანის ზედაპირზე ჩნდება ამობურცული წითელი ბალთები, რომლებიც დაფარულია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ქერცლით. გამონაყარი ხშირად სიმეტრიულია და ლოკალიზდება თავის არეში, ტანზე, იდაყვებსა და მუხლებზე.

* წვეთისებრი ფსორიაზი (Guttate psoriasis) უმთავრესად ბავშვებსა და ახალგაზრდებთან გვხვდება. ახასიათებს ტანზე ან კიდურებზე პატარა წითელი წერტილების გაჩენა. ხშირად ამას წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, უმეტესად – ყელის სტრეპტოკოკული ანთება.

* პუსტულარული ფსორიაზი (Pustular psoriasis) იშვიათია. მისი ტიპობრივი ნიშანია ჩირქით სავსე პუსტულები (ჩირქგროვები) გარშემო შეწითლებული კანით. უმეტესად მტევნებსა და ტერფებზე ლოკალიზდება, თუმცა ზოგჯერ მთელ სხეულზეც ვრცელდება. განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია ზოგიერთი მედიკამენტი, ინფექცია, ქიმიური ნივთირება, ძლიერი სტრესი.

* ინვერსიული (ნაოჭების) ფსორიაზი (Inverse psoriasis) – ამ ფორმის დროს გამონაყარი ჩნდება კანის ნაკეცებში: იღლიის არეში, საზარდულში, სარძევე ჯირკვლებზე. კანი გაწითლებული და გლუვია. მდგომარეობას ხშირად ამწვავებს ოფლიანობა და ხახუნი.

* ერითროდერმული ფსორიაზი (Erythrodermic psoriasis) იშვიათი, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე ფორმაა, რომელიც ვლინდება კანის მასშტაბური, თითქმის მთელ სხეულს მოდებული სიწითლით და აქერცვლით. მისი პროვოცირება შეუძლია მზით ძლიერ დამწვრობას, სტეროიდების მიღებას. ერითროდერმული ფსორიაზი ხშირად ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფსორიაზის სხვა, უკონტროლოდ მიმდინარე ფორმა.

სიმპტომები

ფსორიაზის სიმპტომები მსუბუქიდან მძიმემდე მერყეობს. დაავადება, წესისამებრ, ტალღისებურად მიმდინარეობს: პერიოდულად მწვავდება, რასაც მოსდევს რემისია, როდესაც მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება ან სიმპტომები დროებით ქრება. ფორიაზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • სქელი წითელი ბალთები კანზე, რომლებიც დაფარულია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ქერცლით. ხშირად თან ახლავს ქავილი, წვა ან ტკივილი. ბალთები ყველაზე ხშირად იდაყვებზე, მუხლებზე, თავზე, ტანზე, ხელისგულებსა და ტერფებზე ჩნდება;
  • მშრალი, დახეთქილი კანი, რომელიც ზოგჯერ მტკივნეული, მქავანა და სისხლმდენია;
  • სქელი, რელიეფური, დაკენკილი (ღრმულებიანი) ფრჩხილები.
  • ძილის დარღვევა ქავილის გამო.

ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება ფსორიაზული ართრიტი – სახსრების ქრონიკული ანთება. მას ახასიათებს ენთეზიტი, მყესებისა და იოგების ძვლებზე მიმაგრების ადგილის ანთება. ფსორიაზული ართრიტი იწვევს სახსრების შებოჭილობას (მოძრაობის შეზღუდვას), შეშუპებას ან მტკივნეულობას, კისრის ან ზურგის ტკივილს, აქილევსის მყესის ანთების შემთხვევაში – ქუსლის ტკივილს.

თუ ფსორიაზული ართრიტის სიმპტომები გაქვთ, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს, ნებაზე მიშვებულმა ართრიტმა შესაძლოა სახსრების შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს.

რას უნდა ველოდეთ

ფსორიაზი მხოლოდ კანის დაავადება არ არის, ის მთელი ორგანიზმის ფუნქციობაზე ახდენს გავლენას და ზრდის ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოვლენის რისკს. მათ შორისაა:

* ფსორიაზული ართრიტი;

* გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ინფარქტი და ინსულტი;

* ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, თვითშეფასების დაქვეითება.

ფსორიაზის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად უდასტურდებათ ზოგიერთი სახის კიბო, კრონის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე, ოსტეოპოროზი, უვეიტი (თვალის შუა, სისხლძარღვოვანი გარსის ანთება), ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები.

მიზეზები

ფსორიაზი იმუნური სისტემის გადაჭარბებული აქტიურობით გამოწვეული დაავადებაა. ამ დროს აჩქარებულია კანის განახლება – უჯრედები სწრაფად მრავლდება, რიც გამოც კანის ზედაპირი სქელი, ანთებადი, აქერცლილი უბნებით იფარება. მიზეზი ჯერ საბოლოოდ არ არის დაზუსტებული, თუმცა ცნობილია, რომ დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემო და გენეტიკური ფაქტორები: ფსორიაზით დაავადებულ ბევრ ადამიანს ჰყავს ამავე დაავადების მქონე ოჯახის წევრი; ასევე დადგენილია იმუნური სისტემის რეგულაციაზე პასუხისმგებელი ზოგიერთი გენი, რომლის არსებობაც უკავშირდება ფსორიაზის განვითარების მაღალ რისკს.

გარემო ფაქტორებიდან ფსორიაზის განვითარების ალბათობას ზრდის:

  • ინფექციები, განსაკუთრებით – სტრეპტოკოკული ინფექცია და აივი;
  • ბეტა-ბლოკერები, ლითიუმისა და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • მოწევა – არა მხოლოდ ზრდის ფსორიაზის განვითარების ალბათობას, არამედ მის მიმდინარეობასაც ამძიმებს;
  • სიმსუქნე – ჭარბ წონასთან დაკავშირებული ქრონიკული ანთება ასევე უწყობს ხელს დაავადების დამძიმებას.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ფსორიაზის დიაგნოზის დასასმელად ექიმი ათვალიერებს კანსა და ფრჩხილებს, კრებს დეტალურ ანამნეზს. შესაძლოა, აიღოს კანის მცირე ნიმუში მიკროსკოპში გამოსაკვლევად კანის სხვა დაავადებების გამორიცხვის მიზნით.

ფსორიაზი უკურნებელი დაავადება, თუმცა სწორი მართვით შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება და რემისიის გახანგრძლივება. მკურნალობის გეგმა ინდივიდუალურად დგება დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფსორიაზის დროს ხშირად ინიშნება ადგილობრივი პრეპარატები – მალამოები, კრემები, ლოსიონები, ქაფები, ხსნარები. ესენია უმთავრესად კორტიკოსტეროიდების შემცველი საშუალებები, რომლებიც ამცირებს ანთებასა და ქავილს.

მძიმე ფორმის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს მეტოტრექსატი (ტაბლეტების ან ინექციების სახით) – პრეპარატი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას და ანელებს უჯრედების გამრავლება-დაყოფას. ასევე გამოიყენება პერორალური რეტინოიდები (ვიტამინ A-ის წარმოებული ნივთიერებები), ბიოლოგიური პრეპარატები, ფოტოთერაპია – ულტრაიისფერი სხივებით კანის დასხივება, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია, როცა დაზიანებულია კანის დიდი ფართობი.

ცხოვრება ფსორიაზით

სიმპტომების სამართავად:

* შეინარჩუნეთ კანის ტენიანობა – დაიბანეთ თბილი წყლით და რბილი, ზეთის შემცველი საპნით. დაბანის შემდეგ ნოტიო კანზე წაისვით ძლიერი დამატენიანებელი კრემი.

* შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა – სიმსუქნემ შესაძლოა დაამძიმოს სიმპტომები.

* იკვებეთ ჯანსაღად – რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ფსორიაზის შემთხვევაში სასარგებლოა ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, მთელი მარცვლეულით, თევზით, ჯანსაღი ცხიმით (მაგალითად, ზეითუნის ზეთით) და ნაკლებად შეიცავს წითელ ხორცს.

* თუ ეწევით, მიატოვეთ – თამბაქოს მოხმარება ფსორიაზის დამამძიმებელი ერთ-ერთი ფაქტორია.

* ერიდეთ ალკოჰოლს – მდგომარეობის გამწვავება მასაც შეუძლია.

* ეცადეთ, თავი არიდოთ მზეს – მზის სხივები მცირე რაოდენობით სასარგებლოა, მაგრამ ძლიერმა და ხანგრძლივმა დასხივებამ შესაძლოა გამწვავება გამოიწვიოს.

* ერიდეთ გამწვავების ხელშემწყობ ფაქტორებს – სტრესს, სიცივეს, კანის ტრავმას, განსაზღვრულ მედიკამენტებს, ინფექციებს.

* ეძებეთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა – ქრონიკული დაავადება გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე. ამ დროს სასარგებლოა პირადი ან ჯგუფური ფსიქოთერაპია, მხარდაჭერის ჯგუფში ყოფნა ან უბრალოდ ახლობლებთან გულახდილი საუბარი.

 

***

პემფიგუსი

პემფიგუსი იშვიათი ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც კანზე, პირის ღრუში, ცხვირში, ყელში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკები ჩნდება. ისევე როგორც სხვა ავტოიმუნური დაავადებების დროს, იმუნური სისტემა შეცდომით უტევს საკუთარ ორგანიზმს, ამ შემთხვევაში – კანის ზედა შრის, ეპიდერმისისა და ლორწოვანი გარსის უჯრედებს.

დაავადებულის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს დესმოგლეინების, იმ ცილოვანი ნივთიერებების წინააღმდეგ, რომლებიც უჯრედებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ კავშირის დარღვევის შედეგად კანი ფაშრდება და მის ფენებს შორის ადვილად გროვდება სითხე, რაც ბუშტუკების წარმოქმნას იწვევს.

პემფიგუსის ფორმები

პემფიგუსის რამდენიმე ფორმა არსებობს, მაგრამ გამოყოფენ ორ ძირითადს:

* ვულგარულ პემფიგუსს, რომელიც აზიანებს ლორწოვან გარსებს და ხშირად კანსაც. ბუშტუკები წარმოიქმნება პირის ღრუში და სხვა ლორწოვან გარსებზე, ზოგჯერ – კანზეც. აღმოცენდება ეპიდერმისის ღრმა შრიდან. არსებობს დაავადების ქვეტიპი, ვეგეტატიური პემფიგუსი, რომლის დროსაც ბუშტუკები უმთავრესად საზარდულის არეში და იღლიების ქვეშ ან თავის კანზე ჩნდება და შესაძლოა, მუდმივი წყლულებიც დატოვოს.

* ფოთლოვან პემფიგუსს, რომელიც მხოლოდ კანს აზიანებს. ბუშტუკები ეპიდერმისის ზედა ფენებში წარმოიქმნება.

შედარებით იშვიათი ფორმებია:

* პარანეოპლაზიური პემფიგუსი, რომელიც უმთავრესად სიმსივნით დაავადებულებთან გვხვდება და ახასიათებს წყლულები პირის ღრუში, ყველაზე მეტად – ენასა და ტუჩებზე, ბუშტუკები ან ანთებითი უბნები კანსა და ლორწოვან გარსებზე. ამ ფორმის დროს შესაძლოა ფილტვების პრობლემებმაც იჩინოს თავი. სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ მდგომარეობა ზოგჯერ უმჯობესდება.

* IgA პემფიგუსი – ამ ფორმას იწვევს ანტისხეულის ტიპი, რომელსაც IგA ეწოდება. ბუშტუკები და მუწუკის მსგავსი ამობურცულობები ხშირად ჯგუფებად ან რგოლებად წარმოიქმნება კანზე.

* წამლებით გამოწვეული პემფიგუსი. ბუშტუკები და წყლულები ზოგჯერ ქრება მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ვის ემართება

პემფიგუსის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს:

* ეთნიკური წარმომავლობა და გეოგრაფიული ლოკალიზაცია – ვულგარული პემფიგუსის გავრცელება უფრო მაღალია ებრაელებს (განსაკუთრებით – აშკენაზებს), ინდოელებს, სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან გამოსულ ადამიანებს შორის, ფოთლოვანი ფორმა კი შედარებით ხშირია სამხრეთ ამერიკისა და ტუნისის მოსახლეობაში.

* სქესი და ასაკი – ქალებს ვულგარული პემფიგუსი მამაკაცებზე ოდნავ უფრო ხშირად ემართებათ, სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება 50-60 წლის ასაკში, თუმცა ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა ბავშვობაშივე იჩინოს თავი.

* გენეტიკური მიდრეკილება – მიუხედავად იმისა, რომ პემფიგუსი არ არის მემკვიდრეობითი დაავადება და პირდაპირ არ გადაეცემა მშობლისგან შვილს, გენეტიკური ფაქტორები დაავადებისადმი მგრძნობელობას ზრდის.

* მედიკამენტები – იშვიათად პემფიგუსი ვითარდება განსაზღვრული პრეპარატების მიღების ფონზე. მათ შორისაა ზოგიერთი ანტიბიოტიკი, წნევის დამწევი და თიოლის შემცველი საშუალებები.

* ონკოლოგიური დაავადებები – იშვიათად პემფიგუსი ასოცირებულია ლიმფური კვანძების, ნუშურა ჯირკვლის ან თიმუსის სიმსივნესთან.

სიმპტომები

პემფიგუსის მთავარი სიმპტომია ბუშტუკები კანზე, ზოგიერთ შემთხვევაში – ლორწოვან გარსებზეც. ეს ბუშტუკები ადვილად სკდება და ტოვებს ქერქიან წყლულებს. ზოგჯერ ერთმანეთს ერწყმის და ქმნის კანის ფართო დაზიანებულ უბნებს, რომლებიც დიდი რაოდენობით სითხეს გამოყოფს და ინფექციისკენ არის მიდრეკილი.

ვულგარული პემფიგუსი ხშირად იწყება პირის ღრუში ბუშტუკების წარმოქმნით. მოგვიანებით ასეთივე წარმონაქმნები შესაძლოა გაჩნდეს კანზეც. კანი შესაძლოა იმდენად მყიფე გახდეს, რომ თითის გასმითაც კი აიფცქვნას. ბუშტუკები ხშირად მტკივნეულია.

ფოთლოვანი პემფიგუსი მხოლოდ კანს აზიანებს. ბუშტუკები თავდაპირველად სახეზე, თავის კანზე, გულმკერდზე, ზურგის ზედა ნაწილზე ჩნდება, მაგრამ საბოლოოდ შესაძლოა კანის სხვა უბნებზეც გავრცელდეს. დაზიანებული უბნები შესაძლოა გაღიზიანდეს და ფენებად მოშორდეს ან აიქერცლოს. ბუშტუკები ზოგჯერ მქავანა ან მტკივნეულია.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პემფიგუსის დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს კანზე ან ლორწოვან გარსებზე, მაგალითად, პირის ღრუში, გაუჩნდა და დიდხანს დარჩა ბუშტუკები, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. დიაგნოსტიკა ხშირად სხვა მდგომარეობების გამორიცხვით იწყება. ექიმის გასინჯავს პაციენტს, შეისწავლის მის სამედიცინო ისტორიას, შესაძლოა, აიღოს ბუშტუკიდან გამოსაკვლევი მასალა, დანიშნოს სისხლის ანალიზი ანტისხეულების დონის დასადგენად და და ტესტები მკურნალობის შედეგის შეფასაფებლად.

პემფიგუსი არ იკურნება, თუმცა სწორად შერჩეული მკურნალობით შესაძლებელია მისი კონტროლი, ბუშტუკების შეხორცება და რეციდივის პრევენცია. ძირითადი სამკურნალო საშუალებებია:

* კორტიკოსტეროიდები – ანთების საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი პრეპარატები კრემის, მალამოს, აბების ან ინექციის სახით. ინიშნება მინიმალური ეფექტური დოზა.

* ბიოლოგიური პრეპარატები – ახშობს დაავადების გამომწვევ იმუნურ რეაქციას. ფართოდ გამოიყენება რიტუქსიმაბი, რომელიც ვენაში შეჰყავთ.

* ანტიბიოტიკები, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები – გამოიყენება მეორეული ინფექციების სამკურნალოდ ან პრევენციის მიზნით.

თუ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო ან პაციენტს უჭირს მისი ატანა, შესაძლოა გამოიყენონ იმუნოსუპრესორები, პლაზმაფერეზი, იმუნოადსორბცია, ინტრავენური იმუნოგლობულინური თერაპია.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს მედიკამენტების თანმხლები ნებისმიერი მოვლენის შესახებ.

კანზე არსებულმა წყლულებმა შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია ან ინფექცია, ხოლო პირის ღრუში არსებულმა მტკივნეულმა ბუშტუკებმა გაართულოს ჭამა. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას მიმართავენ.

ცხოვრება პემფიგუსთან ერთად

პირის ღრუში გაჩენილმა ბუშტუკებმა შესაძლოა მტკივნეული გახადოს კბილების მოვლა, ამიტომ გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან. ერიდეთ ცხარე, მჟავე, ცხელ და უხეში ტექსტურის საკვებს, რომელიც ბუშტუკებს აღიზიანებს. არ გაიხეხოთ ღრძილები დაავადების აქტიურ პერიოდში. კანის წყლულებისა და ბუშტუკების სამკურნალოდ, ექიმის რეკომენდაციით, გამოიყენეთ აბაზანები და სახვევები.

პემფიგუსმა და მისმა მკურნალობამ შესაძლოა დააუძლუროს ადამიანი, გამოიწვიოს ემოციური დაღლილობა, წონის კლება, ძილის დარღვევა. ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას და პაციენტთა მხარდამჭერ ჯგუფებთან ურთიერთობას შეუძლია, საგრძნობლად აამაღლოს ცხოვრების ხარისხი.

***

სკლეროდერმია

სკლეროდერმია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც კანისა და სხვა ორგანოების გამკვრივებას და გასქელებას იწვევს. ეს ცვლილებები დაკავშირებულია ანთებასთან, ფიბროზთან (ბოჭკოვანი ქსოვილის მატებასთან) და კოლაგენის ჭარბ დაგროვებასთან.

მიჩნეულია, რომ დაავადება იწყება იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქციით, რის შედეგადაც ზიანდება სისხლძარღვების ამომფენი უჯრედები. ეს, თავის მხრივ, ააქტიურებს ფიბრობლასტებს – უჯრედებს, რომლებიც კოლაგენსა და სხვა ცილებს წარმოქმნის. ფიბრობლასტების ჭარბი და ხანგრძლივი აქტივობა იწვევს კანსა და შინაგან ორგანოებში კოლაგენის დაგროვებას.

სკლეროდერმიის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ ქალებს, 30-დან 50 წლამდე ასაკის პირებს, აფროამერიკელებს.

გამომწვევი მიზეზები

სკლეროდერმიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მიჩნეულია, რომ მის განვითარებაში ბრალი მიუძღვის რამდენიმე ფაქტორს. ესენია:

* გენეტიკა – დაავადება გარანტირებულად არ გადაეცემა მშობლისგან შვილს, თუმცა სკლეროდერმიით დაავადებულთა პირველი რიგის ნათესავებს (მშობლებს, და-ძმას, შვილებს) ამ დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

* გარემო – მაგალითად, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების ან ტოქსინის ზემოქმედებამ შესაძლოა ბიძგი მისცეს სკლეროდერმიის განვითარებას.

* იმუნური სისტემის დარღვევები – სკლეროდერმია ავტოიმუნურ დაავადებად განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის საკუთარი ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს. ამ პროცესში ვითარდება ანთება, რაც იწვევს ფიბრობლასტების გააქტიურებას და კოლაგენის ჭარბ სინთეზს.

ზოგ შემთხვევაში სკლეროდერმია ვითარდება როგორც იმუნური სისტემის რეაქცია სიმსივნურ უჯრედებზე (პარანეოპლაზიური პროცესი).

* ჰორმონები – ქალებს სკლეროდერმია მამაკაცებზე ხშირად ემართებათ. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი სქესთა შორის ჰორმონული და იმუნოლოგიური განსხვავებებია.

სკლეროდერმიის ტიპები

არსებობს სკლეროდერმიის ორი ძირითადი ტიპი: ლოკალური და სისტემური.

ლოკალური სკლეროდერმია აზიანებს მხოლოდ კანს და მის ქვეშ მდებარე სტრუქტურებს, ხოლო შინაგან ორგანოებს არ ეხება. ეს ფორმა უმეტესად ბავშვებთან გვხვდება, მაგრამ შესაძლოა, გამოვლინდეს მოზრდილებთანაც. მისი ტიპობრივი ფორმებია:

* მორფეა – სკლეროდერმიული ლაქები, რომელთა დიამეტრი ზოგჯერ სანტიმეტრზე მეტია. ლაქები მკვრივია და სხვადასხვა შეფერილობისა;

* ხაზოვანი სკლეროდერმია – მკვრივი ზოლები კანზე;

* შერეული ფორმა – ორივე ზემოხსენებული ფორმის კომბინაცია.

სისტემური სკლეროდერმია, იგივე სისტემური სკლეროზი, აზიანებს არა მხოლოდ კანს, არამედ სისხლძარღვებსა და შინაგან ორგანოებსაც, უმთავრესად – გულს, ფილტვებს, თირკმელებს. კანის დაზიანების ფართობისა და დინამიკის მიხედვით განასხვავებენ სისტემური სკლეროდერმიის ორ ტიპს:

* კანის შემოფარგლულ სკლეროდერმიას, რომელიც თანდათანობით ვითარდება და აზიანებს სახესა და კიდურებს (იდაყვებისა და მუხლების ქვემოთ);

* კანის დიფუზურ სკლეროდერმიას, რომელიც უფრო სწრაფად მიმდინარეობს. თავდაპირველად მხოლოდ ხელისა და ფეხის თითებით შემოიფარგლება, მაგრამ შემდეგ იდაყვებისა და მუხლების ზემოთაც ვრცელდება – მხრებზე, ტანზე, ბარძაყებზე. ეს ფორმა უფრო ხშირად აზიანებს შინაგან ორგანოებს.

სიმპტომები

სკლეროდერმიის სიმპტომები დიდწილად ტიპსა და დაზიანებულ სისტემებზეა დამოკიდებული. ზოგს მხოლოდ კანის ცვლილებები აღენიშნება, ზოგს კი – შინაგანი ორგანოების დაზიანებაც.

ლოკალური სკლეროდერმია

მორფეა იწვევს კანის ლაქების გასქელებას მკვრივ, ოვალური ფორმის უბნებად. მათ შესაძლოა ჰქონდეთ ყვითელი ფერი და ცვილისებრი შესახედაობა, ხშირად – მოწითალო ან სისხლჩაქცევის მსგავსი კიდეები. ლაქები შესაძლოა გავრცელდეს კანის სხვა უბნებზეც. დროთა განმავლობაში აქტიური პროცესი შესაძლოა შენელდეს ან შეწყდეს, მაგრამ კანზე დარჩეს მუქი (ჰიპერპიგმენტირებული) უბნები. ზოგი პაციენტი უჩივის დაღლილობას და ზოგად სისუსტეს.

ხაზოვან სკლეროდერმიას ახასიათებს კანზე გასქელებული ან ფერშეცვლილი ხაზების განვითარება. უმეტესად მოიცავს ხელებს, ფეხებს, იშვიათად – შუბლს.

სისტემური სკლეროდერმია

შემოფარგლული ფორმის დროს კანის ცვლილებები თანდათანობით ვითარდება, უმთავრესად – თითებზე, მტევნებზე, წინამხრებზე, სახესა და ფეხებზე მუხლების ქვემოთ. დაავადება ხშირად იწვევს სისხლძარღვებსა და საყლაპავთან დაკავშირებულ პრობლემებს. შინაგანი ორგანოების (თირკმლის, ფილტვების) დაზიანება შედარებით იშვიათია და უფრო მსუბუქი, ვიდრე დიფუზური ფორმის დროს.

კანის დიფუზური სკლეროდერმია უეცრად ვითარდება. ხშირად იწყება ხელის ან ფეხის თითების კანის გასქელებით, მერე კი იდაყვებისა და მუხლების ზემოთაც ვრცელდება. ამ ფორმას ხშირად ახლავს თან შინაგანი ორგანოების: საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბნის, ფილტვების, თირკმელების, გულის, – მძიმე დაზიანება.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

სკლეროდერმიის დიაგნოსტიკა რთულია, რადგან დაავადება სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვანაირად ვლინდება. სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტი არ არსებობს, ექიმები დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის, გასინჯვის მონაცემებისა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტესტების შედეგების შეჯერებით.

დიაგნოსტიკის სიზუსტისთვის შეიძლება ჩატარდეს:

  • სისხლის ანალიზი, რომელიც ავტოანტისხეულებს გამოავლენს, თუმცა მათი არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს სკლეროდერმიას, რადგან იმავე ანტისხეულების დონე სხვა ავტოიმუნური დაავადებების დროსაც იმატებს;
  • კანის ბიოფსია და მიკროსკოპით დათვალიერება კოლაგენის დაგროვებისა და ანთებითი ცვლილებების გამოსავლენად;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოკარდიოგრამა, ფილტვის ფუნქციური ტესტები და სხვა კვლევები ორგანოთა მდგომარეობის შესაფასებლად.

სკლეროდერმიის მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, სიმპტომების სიმძიმესა და იმაზე, რომელი ქსოვილები და ორგანოებია დაზიანებული. სკლეროდერმია არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების მართვა, გართულებების პრევენცია და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ:

  • ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად;
  • ადგილობრივი კრემები კანის სიმშრალის, დაჭიმულობისა და ქავილის შესამცირებლად;
  • იმუნოსუპრესორები (პერორალური, ინტრავენური ან ინექციური) იმუნური სისტემის აქტივობის დასათრგუნად;
  • ვაზოდილატატორები (სისხლძარღვების გამაფართოებლები) რეინოს სინდრომისა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დროს.

რეკომენდებულია ფიზიკური ან ოკუპაციური თერაპია ტკივილის შესამსუბუქებლად, კუნთების (განსაკუთრებით – ხელის, ფეხისა და ყბის) ძალისა და მობილურობის გასაუმჯობესებლად, სპეციალური საშუალებების გამოყენება ყოველდღიური საქმიანობის გასაადვილებლად, მაგალითად, კბილების გასახეხად ან ჩასაცმელად.

მნიშვნელოვანია კბილების რეგულარული მოვლა სტომატოლოგის რეკომენდაციების მიხედვით, რადგან სკლეროდერმიამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის სიმშრალე, ღრძილების რეტრაქცია, კბილების მორყევა, პირის ღრუს შევიწროება. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

* რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმება;

* კბილების წმენდა რბილი ჯაგრისით და ძაფით;

* პირის ღრუს დატენიანება სპეციალური სავლებით ან მედიკამენტებით.

სისტემური სკლეროდერმიის მქონე თითქმის ყველა ადამიანს აღენიშნება ფილტვების ფუნქციის დაქვეითება: ფილტვის ფიბროზი (ფილტვის ქსოვილის გამკვრივება ან ნაწიბურების წარმოქმნა კოლაგენის სიჭარბის გამო) ან ფილტვისმიერი ჰიპერტენზია – მაღალი არტერიული წნევა ფილტვის არტერიაში. ფიბროზს მკურნალობენ იმუნოსუპრესანტებით და ანტიფიბროზული მედიკამენტებით, ფილტვისმიერ ჰიპერტენზიას – ვაზოდილატატორებით.

გულისმიერი გართულებების: კარდიომიოპათიის, მიოკარდიტის, არითმიის, – მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანების ტიპსა და სიმძიმეზე, მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას და, საჭიროებისამებრ, ინტერვენციურ მიდგომებს.

თირკმლის პრობლემებიდან აღსანიშნავია თირკმლის კრიზი – იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა. არტერიული წნევის საშიშ დონემდე მოულოდნელმა აწევამ შესაძლოა თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს. ეს შესაძლოა იყოს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის თანმხლები მოვლენა, ამიტომ მნიშვნელოვანია არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი, ექიმთან დაკავშირება მაღალი წნევისა და ახალი ან განსხვავებული სიმპტომების (თავის ტკივილის, ქოშინის) გამოვლენისას. AჩE ინჰიბიტორების მიღება მკვეთრად აუმჯობესებს პროგნოზს.

ცხოვრება სკლეროდერმიით

შეინარჩუნეთ სითბო. კანი სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში მონაწილეობს. ჩაიცვით ფენებად, ატარეთ ხელთათმანები და თბილი წინდები.

ერიდეთ სიცივეს და სისველეს, რომ თავი დაიზღვიოთ რეინოს ფენომენისგან.

თავი დაანებეთ მოწევას – ნიკოტინი აუარესებს სისხლის მიმოქცევას და შესაძლოა, გაამწვაოს სკლეროდერმიის სიმპტომები.

მოარიდეთ კანი ულტრაიისფერ სხივებს. შინიდან გასვლამდე წაისვით მზისგან დამცავი კრემი.

გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები, რათა შეამციროთ კანის დაჭიმულობა.

გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებლები, განსაკუთრებით – ზამთარში. გაითვალისწინეთ: დამატენიანებლები რეგულარულად უნდა გაიწმინდოს, რომ მათში ბაქტერიები არ გამრავლდეს.

ერიდეთ ცხელ აბაზანას და შხაპს – ცხელი წყალი კანს აშრობს.

ნუ გამოიყენებთ აგრესიულ დასაბან საშუალებებს და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს. თუ სხვა გზა არ გაქვთ, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები.

რეგულარულად ივარჯიშეთ. ვარჯიში, განსაკუთრებით ცურვა, ასტიმულირებს დაზიანებულ ადგილებში სისხლის მიმოქცევას.

რეგულარულად იარეთ სტომატოლოგთან. სკლეროდერმიის დროს პირის ღრუს ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დაუკავშირდით მხარდაჭერის ჯგუფებს, ესაუბრეთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.

სკლეროდერმიის ზოგიერთი ტიპი გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე (იწვევს გულძმარვას, ყაბზობას). ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ როგორც მედიკამენტები, ისე ცხოვრების წესის შეცვლა:

  • მიირთვით პატარა ულუფებით, მაგრამ ხშირად.
  • ჭამის შემდეგ დარჩით ფეხზე, სულ მცირე, 3 საათის განმავლობაში. მოერიდეთ დახრას.
  • შეარჩიეთ რბილი, სველი საკვები, კარგად დაღეჭეთ ყოველი ლუკმა.
  • თუ ყლაპვა გიჭირთ ან დარღვეული გაქვთ საკვები ნივთიერებების შეწოვა, მიმართეთ ექიმს სპეციალური დიეტის შესარჩევად.
  • შეამცირეთ ალკოჰოლისა და კოფეინის მიღება.
  • სხეული რომ არ გამოგიშრეთ, რეგულარულად სვით წყალი.
  • თუ მჟავა რეფლუქსი გაწუხებთ, ასწიეთ საწოლის თავი. საწოლის ფეხების ამაღლება უფრო ეფექტურია, ვიდრე რამდენიმე ბალიშის დადება.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

Share: