გიორგი ფოცხიშვილი: სცენა ტაძარია, სადაც ადამიანი ბუნებას იცვლის
Share:
ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის ქართველი სოლისტი გიორგი ფოცხიშვილი მოცეკვავეთა საგვარეულოს წარმომადგენელია. ოჯახურ ტრადიციას გიორგის ბაბუამ – ცნობილმა ქორეოგრაფმა, ანსამბლ "მეტეხის" დამფუძნებელმა გელოდი ფოცხიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. შემდეგ გიორგის მშობლებმა, გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ, დააარსეს “ფოცხიშვილების ცეკვის აკადემია”. ამ გარემოში გაზრდილს, სხვა არჩევანი არც ჰქონია – ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მისი ცხოვრებაც სცენასთან იქნებოდა დაკავშირებული. რეპეტიციების დროს კულისებიდან აკვირდებოდა და ბეჯითად იმეორებდა მოცეკვავეთა თითოეულ მოძრაობას. დღეს ის ოჯახურ ტრადიციას დიდ სცენაზე აგრძელებს.
ცეკვა როგორც ტრადიცია
– "ფოცხიშვილების ცეკვის აკადემია" ჩემთვის ოჯახური სიწმინდე და დიდი პასუხისმგებლობაა. ეს არის ადგილი, სადაც ტრადიცია არა წარსული, არამედ აწმყოა, გენეტიკური მეხსიერების გაგრძელება. ცეკვა და ქართული ქორეოგრაფიის საფუძვლები სწორედ აქ შევისწავლე. 13 წლისა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში შემიყვანეს. ქართული საცეკვაო ხელოვნებიდან ბალეტის ჟანრში გადასვლა ფსიქოლოგიურად გამიჭირდა, რამდენიმე წელი ვაპროტესტებდი კიდეც, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება — ეს იყო შინაგანი ხმა, რომელიც ბავშვობიდანვე ცოცხლობდა ჩემში როგორც მოძრაობა და ცეკვა ერთ მთლიანობაში. მაშინ ამას, რასაკვირველია, ვერ ვაცნობიერებდი. გამიმართლა, რომ გვერდით მყავდა და მყავს ამ დარგის პროფესიონალები – მშობლები. გასაკვირი არ არის, რომ მათ დროულად შეამჩნიეს ეს ყველაფერი.
როცა მოცეკვავის კარიერას ვირჩევდი, სახელსა და დიდებაზე არ მიფიქრია. მინდოდა, ვყოფილიყავი ჩემი კულტურის ღირსეული გამზიარებელი და როცა დღეს მაყურებელი ამ გზის შედეგს ხედავს, ვგრძნობ, რომ არჩევანმა გაამართლა – არა კარიერულად, არამედ ადამიანურად. ქართული ცეკვა ჩემთვის არის არა ტექნიკა, არამედ ცნობიერება. მისმა დინამიკამ, არქიტექტურამ, მისტიკამ მომცა ისეთი სხეულის ენა, რომელიც შთამბეჭდავია ნებისმიერ ჟანრში. როგორც მაყურებლები და ბალეტის კრიტიკოსები ამბობენ, სწორედ აქედან მოდის ჩემი უნიკალურობა საერთაშორისო სივრცეში. მაგრამ მე ეს არ ვიცი, არც ვეძიებ საკუთარ თავში უნიკალურობას. მე ვიღებ როლს და ვასრულებ მას ისე, როგორც ვგრძნობ. პირველი წარმატებაც ჩემთვის იყო არა წოდება ან ჯილდო, არამედ აპლოდისმენტები, რომლებიც ქართულ სცენაზე მივიღე. ეს იყო გრძნობების აფეთქება — თითქოს ვარჯიშის წლები, შრომა, ოფლის ყოველი წვეთი ერთ წამში სიყვარულად გადაიქცა.
პროფესიული გზა
17 წლისა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექეცა: როცა საბალეტო სკოლის გამოსაშვები გამოცდისთვის ემზადებოდა, რეპეტიციის დროს გადაღებული კადრები მეგობარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამ ფოტოების წყალობით იტალიაში, ბერლუსკონის სახელობის კონკურსზე მოხვდა, საიდანაც საპატიო პრიზით დაბრუნდა, ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა ელენე გლურჯიძემ კი ლონდონში, თავის საზაფხულო სკოლაში მიიწვია.
სწავლა ამსტერდამში გააგრძელა და ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტში დაიმკვიდრა ადგილი. დიდ სცენაზე მისი დებიუტიც შთამბეჭდავი აღმოჩნდა – "რაიმონდაში" ანა ციგანკოვასთან ერთად წამყვანი პარტია შეასრულა.
– მუდმივ ძიებაში ვარ – ახალი ფორმების, ახალი იდეების ძიებაში... კომფორტს არ ვემორჩილები. ყოველ ჯერზე, როცა იმწუთიერი წარმატებით დაკმაყოფილება შემეძლო, მე მოდევნო საფეხურს ვირჩევდი. სწორედ ამ შრომამ და სიმამაცემ განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა.
სცენა
– სცენა ჩემთვის ტაძარია, სადაც ადამიანი ბუნებას იცვლის. პოპულარობა კი მხოლოდ ილუზიაა, თუ ის რეალურ შრომასა და გულწრფელობას არ ემყარება. რაც უფრო მეტი ადამიანი გიყურებს, მით უფრო დიდი ვალდებულება გაქვს, არ უღალატო და არ გაუცრუო იმედი მას, ვინც შენი გულისთვის, პირობითად, პური არ იყიდა და სპექტაკლზე დასასწრები ბილეთი შეიძინა.
დიდ წარმატებად მიმაჩნია იმ ადამიანების გულის დაპყრობა, რომლებმაც ქართული კულტურა ჩემით შეიყვარეს. ვფიქრობ, ბედნიერებაა, რომ ჩემით საქართველო ცოცხლობს სხვა ენაზე, სხვა ქვეყანაში.
საერთო სუნთქვა
– გამიმართლა: მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები და პარტნიორები, რომლებმაც დამანახეს, რომ სცენა არის საერთო სუნთქვა. ამ ადამიანებმა მხოლოდ მოძრაობა კი არა, სამყაროს ხედვა მასწავლეს. მასწავლეს, როგორ ისმინება მუსიკა სიჩუმეში და როგორ გადმოიცემა გრძნობა მხოლოდ მზერით. პირველი იყო ბაბუა, შემდეგ – დედ-მამა, შემდეგ – ქალბატონი ნინო ანანიაშვილი, ქალბატონი ვიქტორია კუზნეცოვა, უკვე ამსტერდამში – ბატონი გრიგორ ჩიჩერინი, ცნობილი ბალერინა ელენე გლურჯიძე, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს კარიერულ წინსვლაში და ანა ციგანკოვა, პრიმა-ბალერინა, რომელიც პირველი მენდო როგორც პარტნიორს.
– რისთვის შეგიძლია გადაუხადო მადლობა საკუთარ თავს?
– ალბათ, იმისთვის, რომ ემოციებს შორის ბალანსს არასდროს ვკარგავ. კიდევ იმისთვის, რომ ვიყავი თავმდაბალი წარმატების დროს და ურყევი – ჩავარდნისას.
რუტინა
– დღე სხეულის "გაღვიძებით" — მინიმუმ ორსაათიანი ვარჯიშით იწყება. ვარჯიშს რეპეტიციები მოსდევს, რეპეტიციებს – სპექტაკლი, სპექტაკლის შემდეგ კი ხდება ანალიზი – მოძრაობების და ემოციების.
ქართული სინამდვილისგან განსხვავებით, ევროპაში ყოველდღიურობა სტრუქტურირებულია, რაც დიდი დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობას მაძლევს, მაგრამ ქართული სითბო და უშუალობა მაინც სხვაა. მენატრება ურთიერთობების ეს სიმარტივე და "ემოციური ორღობე", რასაც უცხოეთში ნაკლებად შეხვდები.
მაყურებელი
– უცხოელი მაყურებელი თავშეკავებულია, ქართველი კი – უშუალო, სიფხიზლისა და ემოციის საოცარი ნაზავით. ორივეს უყვარს ხელოვნება, მაგრამ ქართველ მაყურებელს სისხლის მეხსიერება აქვს, რაც ცეკვას სხვა მასშტაბს სძენს.
ჰობი
– მიყვარს კლასიკური მუსიკაც და თანამედროვე კომპოზიტორებიც, თუმცა განტვირთვისთვის ქართულ მუსიკას ვუსმენ, უმეტესად რეტროს, მაგრამ არც თანამედროვე არტისტებს ვივიწყებ. ამ ყველაფრის ფონზე, ელექტრონული მუსიკის ფანი ვარ. როდესაც დრო მაქვს, თავადაც ვქმნი. ვკითხულობ ფილოსოფიურ ლიტერატურას, ქართულ პოეზიას, დასვენებისთვის კი სიჩუმე მყოფნის.
კრედო
– მსურს, ვიცხოვრო ისე, რომ ჩემი ცხოვრება შთაგონება იყოს სხვისთვის. ჩემი კრედოა, არ დავკარგო სიმართლე — არც მაშინ, როცა ვბრწყინავ და არც მაშინ, როცა ჩრდილში ვარ.
ჯანმრთელობის რეცეპტი
– სხეული ჩემი ინსტრუმენტია, ამიტომ ყველაფერში ზომიერების მომხრე ვარ. ჩემი ცხოვრების წესია ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული კვება, შინაგანი სიმშვიდე და, რაც მთავარია, გულწრფელობა საკუთარ თავთან, რადგან ჯანმრთელობა იწყება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაშია.
თამარ ციბალაშვილი







