როგორ შევარჩიოთ ნებულაიზერი

Share:

ინჰალაციას უმეტესად სეზონური ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, თუმცა საინჰალაციო აპარატს ალერგიული ადამიანებისთვისაც არანაკლები სარგებლობის მოტანა შეუძლია. მთავარია, გვახსოვდეს, რომ პროცედურას თავისი წესები აქვს – არამიზანშეწონილმა გამოყენებამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს.

როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ აპარატი ისე, რომ მკურნალობისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?

რა არის

ინჰალაციის აპარატი, იგივე ნებულაიზერი, მოწყობილობაა, რომელიც ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს მედიკამენტს აწვდის. თხევად სამკურნალო საშუალებას ის ნისლისებურ აეროზოლად გარდაქმნის, რათა შესაძლებელი იყოს მისი შესუნთქვა და წამალმა უშუალოდ სასუნთქ სისტემაზე იმოქმედოს და არა მთელ ორგანიზმზე.

საინჰალაციო აპარატი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: კომპრესორს უერთდება რეზინის მილი, რომლის მეორე ბოლო დანაყოფებიან ჭიქაზე მაგრდება. სწორედ მასში ისხმება თხევადი მედიკამენტი და, სპეციალური გამფრქვევის საშუალებით წვრილდისპერსიულ ნისლად გარდაქმნილი, დანიშნულების ადგილამდე მიდის. ჭიქას ვახურავთ მუნდშტუკიან სახურავს, რომელსაც მილით უერთდება ნიღაბი. ნიღბის ზომა პაციენტის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს, რათა მჭიდროდ ეკვროდეს ცხვირ– ტუჩის მიდამოს.

რომელი ჯობია

დაახლოებით ათი წლის წინ ქართულ სამედიცინო ბაზარზე უმთავრესად ინჰალატორები იყო წარმოდგენილი. მათ მიერ წარმოებულ აეროზოლში ნაწილაკების ზომა, რომელიც მნიშვნელოვანია თერაპიული ეფექტის მისაღწევად, განუსაზღვრელი იყო, ანუ ზუსტად არავინ იცოდა, რა ზომის წვეთებს აფრქვევდა აპარატი, თანამედროვე ნებულაიზერები კი გამოირჩევა იმით, რომ მხოლოდ 1-დან 5 მიკრონამდე ზომის ნაწილაკებს წარმოქმნის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ამ ზომის ნაწილაკები აღწევს სასუნთქი სისტემის ბოლო დონეს – ალვეოლებს.

ნებულაიზერები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. სხვადასხვაა მათში აეროზოლის წარმოების სიჩქარე. შესაბამისად, სხვადასხვაა ფასიც.

განასხვავებენ დენის წყაროზე მომუშავე და პორტატიულ ნებულაიზერებს.

დენის წყაროზე მომუშავე აპარატები უმეტესად სადაა, საკმაოდ ბიუჯეტური. ხშირად მოჰყვება სხვადასხვა ზომის რამდენიმე ნიღაბი და ცალკე – ცხვირ-ხახის თავაკი (საოჯახო ნებულაიზერი). ჭიქაში 5-დან 7 მლ-მდე სითხე ეტევა. ძლიერი კომპრესორი გამძლეა და გამოყენებამდე დამუხტვას ან ელემენტის გამოცვლას არ მოითხოვს. ასეთი ნებულაიზერით 1 მლ წამლის გაფრქვევას 2-დან 4 წუთამდე სჭირდება. შესაბამისად, 5 მლ წამლის ინჰალაცია 10-20 წუთს გასტანს.

ამ ტიპის მოწყობილობათა ნაკლად მიიჩნევა კომპრესორის ხმაური და ვიბრაცია, რომელიც ხშირად აფრთხობს მცირეწლოვან პაციენტებს და პროცედურის ჩატარებას ართულებს.

ნანოტექნოლოგიური პორტატიული აპარატები დაახლოებით 100 გრამს იწონის და ისეთი პატარაა, რომ ხელისგულზე თავსდება. მიუხედავად მცირე ზომისა, ასეთ ნებულაიზერებში 10 მლ სითხე ეტევა. საოჯახო აპარატებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ რეზინის სადენი და არც მუშაობისას ხმაურობენ. პროცედურის დასაწყებად საკმარისია წამლის ჭიქაში ჩასხმა და ღილაკზე თითის დაჭერა. მოწყობილობა უხმოდ აფრქვევს აეროზოლს, მის მუშაობაზე კი მოციმციმე ღილაკი მიგვანიშნებს.

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები პორტატიულ ნებულაიზერს უმთავრესად სწორედ მისი ჩუმი მუშაობის გამო ამჯობინებენ, თუმცა ისეც ხდება, რომ ბავშვი მაინც ჯიუტობს და უარს ამბობს "ცივი ორთქლის" ცხვირთან მიდებაზე. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, აეროზოლური თერაპია მძინარე ბავშვს ჩაუტაროთ. დენზე მომუშავე მოდელს მძინარე ბავშვთან ვერ გამოიყენებთ, რადგან თუ კამერა 45 გრადუსზე მეტით დაიხარა, წამალი ჭიქიდან გადმოიღვრება, პორტატიულ ნებულაიზერს კი დახურული კამერა აქვს, ამიტომ სითხის გადმოღვრა გამორიცხულია.

პორტატიული აპარატების კიდევ ერთი პლუსი აეროზოლის გაფრქვევის დიდი სიჩქარეა, რაც პროცედურის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამცირებს.

ამრიგად, პორტატიული ნებულაიზერი საკმაოდ კომფორტულია, თუმცა ხარჯიანიც: ამ ტიპის მოდელების უმეტესობა ელემენტებზე მუშაობს, რომლებსაც რეგულარული განახლება სჭირდება. ზოგიერთი პორტატიული მოდელი ელექტროდენით იმუხტება. ბოლომდე დამუხტული აპარატით ათწუთიანი შვიდი პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი.

დამატებითი ფუნქციები

ბაზარზე გვხვდება დამატებითი ფუნქციებით აღჭურვილი აპარატებიც, რომლებიც განსაკუთრებით მოხერხებულია პედიატრიული პროფილის პაციენტებისთვის. მოგეხსენებათ, 6 თვემდე ბავშვი მხოლოდ რძით იკვებება. წოვის პროცესი სწორად რომ წარიმართოს, აუცილებელია, მისი ცხვირის ღრუ და ჰაერსავალი გზები სუფთა და თავისუფალი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ ამ ასაკის ბავშვებს ცხვირის ნებით მოხოცვა არ შეუძლიათ. გარდა სეზონური ვირუსებისა, ჩვილის ცხვირის ღრუში ზოგჯერ წამოქაფებული მასის მცირე ნაწილაკებიც ხვდება, რაც ჰაერსავალი გზების დახშობას იწვევს და წოვას აძნელებს. სწორედ ამის გამო ზოგიერთ ნებულაიზერს ცხვირის ასპირატორიც მოყვება. კვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბავშვს ფიზიოლოგიური ხსნარით უნდა დაუტენიანოთ ზედა სასუნთქი გზები, მერე კი ასპირატორით გამოუწმინდოთ ორივე ნესტო. პროცედურა უსაფრთხო და უმტკივნეულოა. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი ყოველდღე ჩატარება.

ალბათ გახსოვთ, რომ ზედა სასუნთქი გზებიდან ჰაერი ჯერ ორ მსხვილ ბრონქს მიეწოდება, მერე – მის სხვადასხვა დიამეტრის ტოტებს და საბოლოოდ უწვრილეს ბრონქიოლებზე ყურძნის მარცვლებივით ასხმულ ალვეოლებს აღწევს. როდესაც პაციენტს სინუსიტი ან რინიტი აქვს, ექიმები ქვედა სასუნთქი სისტემის დატენიანებას ზედმეტად მიიჩნევენ და ნაწილაკების ზომის მარეგულირებელ ნებულაიზერს გვირჩევენ. ასეთი მოდელები, საჭიროებისამებრ, აფრქვევს მსხვილ, საშუალო და წვრილ ნაწილაკებს, რომლებიც სასუნთქი გზების შესაბამის დონეზე ხვდება (მაგალითად, რაც უფრო მსხვილია ნაწილაკი, მით უფრო მაღლა რჩება ის).

კიდევ ერთი ტიპია ცხვირის ჭავლის მქონე ნებულაიზერი, რომელიც განკუთვნილია ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული თუ მწვავე დაავადებების სამკურნალოდ და პრევენციისთვის. მას ორი ფუნქცია აქვს: პირველი – ცხვირის ღრუს დატენიანება სამკურნალო მედიკამენტით ან ფიზიოლოგიური ხსნარით და მეორე – ცხვირის გამორეცხვა ჭავლით. სამ წლამდე ასაკის ბავშვებთან ამ ტიპის ნებულაიზერის გამოყენება არ არის რეკომენდებული ცხვირისა და ყურის ასაკობრივი თავისებურების გამო: ევსტაქის მილი, რომელიც შუა ყურს ცხვირ-ხახასთან აკავშირებს, ბავშვებს უფრო მოკლე და ჰორიზონტალური აქვთ, ვიდრე ზრდასრულებს, ამიტომ ბაქტერიები ცხვირ-ხახიდან შუა ყურში უფრო იოლად ხვდება და ანთებით პროცესს იწვევს.

ბავშვებისთვის განკუთვნილ ნებულაიზერებს ხშირად დამატებითი ფუნქციები აქვს: ზოგი "მღერის", ზოგი ანათებს, ზოგი სათამაშოს ჰგავს და ა.შ. მაგრამ ვიდრე დიზაინის შერჩევაზე გადახვიდოდეთ, ის უნდა შეაფასოთ, რამდენად შეესაბამება აპარატის მოდელი თქვენს სამედიცინო საჭიროებებს.

თუ ნებულაიზერი ხშირად გჭირდებათ, შეარჩიეთ მოდელი, რომელიც ინტენსიურ დატვირთვაზეა გათვლილი. პაციენტებს, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე სჭირდებათ ინჰალაციური პროცედურა, ურჩევენ მსუბუქ, პორტატიულ აპარატს, რომელიც მოგზაურობის დროსაც მოხერხებულია. პორტატიული ნებულაიზერები, როგორც წესი, ელემენტებზე მუშაობს, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ მარაგად რამდენიმე წყვილი.

გამოყენების წესები

  • პროცედურის წინ აუცილებელია ხელების საგულდაგულოდ დაბანა. ამის შემდეგ მოწყობილობის ყველა ნაწილი უნდა შეაერთოთ და ნებულაიზერის ჭიქაში ჩაასხათ საჭირო რაოდენობის სამკურნალო საშუალება. თავდაპირველად ისხმება ფიზიოლოგიური ხსნარი (თუ დანიშნულია), მერე – წამალი. სითხის შესაყვანად გამოიყენება მხოლოდ სტერილური ნემსი და შპრიცი. როდესაც ყველაფერი მზადაა, პაციენტი იკეთებს ნიღაბს და პროცედურა იწყება.
  • პროცედურა გრძელდება წამლის სრულ გახარჯვამდე. მისი დასრულების შემდეგ ნებულაიზერის ყველა ნაწილი ირეცხება ცხელი გამდინარე წყლით და ჩვეულებრივი საპნის ხსნარით სახეხის გარეშე.
  • გარეცხილი და გამშრალებული ნებულაიზერი უნდა ინახებოდეს სპეციალურ ჩანთაში.
  • აკრძალულია ინჰალატორში სუსპენზიისა და სიროფის ჩასხმა – დააზიანებს.
  • ნებულაიზერში არც ბალახის ნაყენისა თუ ნახარშის ჩასხმაა რეკომენდებული – შესაძლოა, მცენარის ნაწილაკები შეჰყვეს და ხელსაწყო გააფუჭოს.

მიუხედავად ეფექტიანობისა, ინჰალაციის ჩატარებას აქვს რამდენიმე უკუჩვენებაც (შეგახსენებთ: უკუჩვენება ის მდგომარეობაა, რომლის დროსაც მკურნალობის ცალკეული მეთოდის გამოყენება არ შეიძლება). ესენია:

  • ცხვირიდან და ფილტვებიდან სისხლდენისადმი მიდრეკილება;
  • ჩირქოვანი ანგინა;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტი, ჰიპერტონიული დაავადება, გადატანილი ინსულტი).

არსებობს რამდენიმე მითი ინჰალაციური თერაპიის შესახებ. ერთი მათგანის თანახმად, ინჰალაცია შეჩვევას იწვევს, ამიტომ ჯობია, ვერიდოთ. როგორც ზემოთ ვთქვით, საინჰალაციო მედიკამენტს ექიმი გამოწერს. ექიმივე წყვეტს, რამდენ ხანს და როგორი ინტენსივობით გაგრძელდეს მკურნალობა. ნებულაიზერი შეჩვევას არ იწვევს. მისი მეშვეობით მიღებული შედეგი საკმაოდ სწრაფი და თვალსაჩინოა.

შეცდომაა ინჰალაციური მკურნალობის პერიოდში შინიდან გასვლის აკრძალვაც. პირიქით, რაც უფრო მეტ ხანს გაატარებს პაციენტი სუფთა ჰაერზე, მით უფრო მალე გამოჯანმრთელდება.

კიდევ ერთი მოარული აზრია, თითქოს მაღალი ტემპერატურის დროს ინჰალაციის ჩატარება საშიში იყოს. სასუნთქი სისტემის მრავალ მწვავე დაავადებას ახლავს თან მაღალი სიცხე და ექიმის დანიშნული ინჰალაციური თერაპია ასეთ დროს არათუ სახიფათო არ არის, არამედ აუცილებელიცაა

მარი მარღანია

Share: