რა უნდა ვიცოდეთ ფილერით ტუჩის აუგმენტაციის შესახებ

Share:

წინათ ტუჩების გადიდების ერთადერთი საშუალება მაკიაჟი იყო. დღეს ამის მიღწევა ბევრი სხვა, უფრო ეფექტიანი მეთოდით არის შესაძლებელი.

რა არის ფილერი? რა უნდა ვიცოდეთ მისი გამოყენების თანმხლები რისკების შესახებ? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად დერმატოკოსმეტოლოგ თინათინ გოგოლაშვილს ვესტუმრეთ.

– რა მეთოდებით არის შესაძლებელი ტუჩების მოცულობის გაზრდა?

– ტუჩების გადიდება ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. მისი ჩატარება რამდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი. მეთოდს და ტექნიკას თითოეული პაციენტისთვის ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.

ძირითადი მეთოდებია:

* ქირურგიული კორექცია. აქვს ხანგრძლივი ან სამუდამო შედეგი, უზრუნველყოფს სტაბილურ ფორმასა და მოცულობას. შესაძლებელია როგორც მთელი ტუჩის ფორმისა და მოცულობის კორექცია, ისე ტუჩის ნაწილის ფაქიზი და დეტალური დამუშავებაც. ქირურგიულ მეთოდს ხანგრძლივი აღდგენითი პერიოდი აქვს და უფრო მაღალი რისკიც ახლავს.

* კორექცია საკუთარი ცხიმით – ტუჩების მოდელირებისთვის ცხიმს კლიენტის სხეულიდან, მაგალითად, მუცლიდან ან თეძოდან ვიღებთ და გამოყენებამდე სპეციალური წესით ვამუშავებთ. ცხიმი, ვინაიდან ბუნებრივი მასალაა, ალერგიულ რეაქციას არ იწვევს. შედეგი ხანგრძლივია, თუმცა მეთოდი კომპლექსურია: მოიცავს დამატებით პროცედურას – ლიპოსაქციას, რომელიც, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიის ფონზე ტარდება.

* კორექცია ბუნებრივი შემავსებლით ანუ ფილერით – ეს ტუჩების კორექციის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდია. პროცედურა მარტივი, უსაფრთხო და ნაკლებსარისკოა. რეაბილიტაციის პროცესი ხანმოკლეა, შედეგი კი პროცედურის დასრულებისთანავე აშკარაა.

– რომელი ბუნებრივი შემავსებლები გამოიყენება ტუჩების მოდელირებისთვის და რამდენად უსაფრთხოა ისინი?

– გამოიყენება უმთავრესად ჰიალურონის მჟავას შემცველი ფილერები. ჰიალურონის მჟავა ბუნებრივად არის ადამიანის ორგანიზმში. ის იკავშირებს წყალს და ქმნის მოცულობას. ამ უნარის გამო ჰიალურონის მჟავას მრავალი დანიშნულებით იყენებენ ესთეტიკურ მედიცინაში – სახის მოდელირებისთვის, ნაოჭების ამოსავსებად და სხვა. ვინაიდან ჰიალურონის მჟავას ადამიანის სხეული კარგად იტანს, არასასურველი თანმხლები ეფექტები ძალიან იშვიათია.

არაორგანული ფილერები, მაგალითად, სილიკონი და პოლიაკრილამიდის გელი, რომლებსაც წლების წინ იყენებდნენ ესთეტიკურ მედიცინაში, დღეს თითქმის სრულიად არის ამოღებული ხმარებიდან. ორგანიზმისთვის უცხო ეს ნივთიერებები მრავალ გართულებას იწვევდა: ხანგრძლივ შეშუპებას, ხშირ ალერგიულ რეაქციებს, ანთებით კერებს, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა. გარდა ამისა, ასეთი ფილერები არ გაიწოვება, ამიტომ ხშირი იყო მათი მიგრირება, მაგალითად, ზედა ტუჩიდან საულვაშეში, ცხვირ-ტუჩის ნაოჭიდან ნიკაპში. სილიკონის გელის გამოყენება ამერიკასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში უკვე აიკრძალა და დღეს ესთეტიკური მედიცინა მხოლოდ  მაღალი ხარისხის ჰიალურონის შემცველ ბუნებრივ შემავსებლებს იყენებს.

აქვე გეტყვით, რომ პროცედურა უნდა ჩაატაროს მხოლოდ კვალიფიციურმა ექიმმა დერმატოკოსმეტოლოგმა და აუცილებლად კლინიკაში. ეს მნიშვნელოვანია ისეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ალერგიული რეაქცია, ინფექცია, პრეპარატის მიგრაცია, იშემია, გრანულომა (მარცვლოვანი წარმონაქმნი) და სხვა. სილამაზის სალონში ან სახლში მსგავსი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება დაუშვებელია.

ჰიალურონის მჟავას უპირატესობანი

– ფილერებით შესაძლებელია ტუჩის არა მხოლოდ მოცულობის გაზრდა, არამედ ასიმეტრიის კორექცია და ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული დეფორმაციების გამოსწორებაც. გარდა ამისა, ფილერებს აქვს დამატენიანებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი, რის გამოც მათ ეფექტურად იყენებენ ტუჩების სიმშრალისა და ტონუსის დაქვეითების დროს.

შემავსებლები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც შემადგენლობით, ისე სიმკვრივითაც. მკვრივი ფილერი უმთავრესად სახის კონტურული მოდელირებისთვის გამოიყენება, მაგალითად, ყვრიმალების, ყბების ან ნიკაპის საკორექციოდ, შედარებით მოქნილი და რბილი – ტუჩების მოცულობის გასაზრდელად, გამაჯანსაღებელი მიზნით კი ნაკლებად მკვრივ ფილერებს იყენებენ, რომლებიც ჰიალურონის მჟავასთან ერთად ხშირად სხვა აქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს, მაგალითად, პეპტიდებს, ამინმჟავებსა და ანტიოქსიდანტებს. შემავსებელი ექიმმა უნდა შეარჩიოს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების, ჩვენებისა და პაციენტის სურვილის მიხედვით.

პროცედურა

– როგორ ტარდება ტუჩების კორექცია ფილერით?

– პროცედურა არ მოითხოვს ქირურგიულ მანიპულაციებს. ის მარტივია, ნაკლებად მტკივნეული და მინიმალურად ინვაზიური.

თავდაპირველად ექიმი აფასებს ტუჩის ანატომიასა და მდგომარეობას, არკვევს, საჭიროა თუ არა ასიმეტრიის კორექცია ან სხვა მიზნობრივი ჩარევა და ამის მიხედვით არჩევს ფილერის ტიპსა და ოდენობას.

პროცედურისთვის კლიენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, თუმცა წინასწარ იკრიბება მისი ანამნეზი და ფასდება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა.

პროცედურა, წესისამებრ, ტარდება ზედაპირული, აპლიკაციური ანესთეზიის ფონზე: ტუჩებზე ვუსვამთ 10%-იან ლიდოკაინის საცხს და დაახლოებით 40 წუთით ვუტოვებთ. ბევრ თანამედროვე ფილერს თვითონვე აქვს დამატებული აქვს ლიდოკაინი, რაც კიდევ უფრო ამცირებს ტკივილის შეგრძნებას.

ფილერი შეჰყავთ წვრილი ნემსით ან კანულით (გააჩნია პროცედურის მიზანს და ექიმის მიერ არჩეულ ტექნიკას) ტუჩის წითელ ნაწილში (მოცულობის გასაზრდელად) ან კიდეებზე (კონტურის გამოსაკვეთად).

შეყვანის შემდეგ ექიმი მსუბუქად ამასაჟებს ტუჩებს, რათა ფილერი თანაბრად განაწილდეს და ტუჩებმა მაქსიმალურად ბუნებრივი ფორმა მიიღოს.

პროცედურა გრძელდება დაახლოებით 20-40 წუთს, ხოლო შედეგი პირველივე დღიდან თვალსაჩინოა. რეაბილიტაციის პერიოდი განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ მოითხოვს, ამიტომ კლიენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

თანმხლები ეფექტები

– პროცედურამ შესაძლოა დატოვოს მცირე შეშუპება, სიწითლე, იშვიათად – ჰემატომები (სისხლჩაქცევა). ყველაფერი ეს 2-3 დღეში თავისთავად გაივლის. თუ პროცედურა მაღალი ხარისხის ფილერით ჩატარდა, როგორც უკვე ვთქვით, ალერგიული რეაქცია ფაქტობრივად გამორიცხულია.

თანმხლები მოვლენების რისკის შესამცირებლად და შედეგის შესანარჩუნებლად კლიენტს ეძლევა შესაბამისი რეკომენდაციები.

ტუჩების მოვლა პროცედურის შემდეგ

– აუგმენტაციის შემდეგ ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, თუმცა არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა შესრულება აუცილებელია:

* პროცედურის შემდეგ, პირველ დღეს, უნდა ვერიდოთ ალკოჰოლურ სასმელებს, ხოლო პირველი ორი დღის განმავლობაში  –ზედმეტად ცხელ საჭმელსა და სასმელს.

* ტუჩებზე წყლის შეხება ნებადართულია პროცედურიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ. მკაცრად უნდა დავიცვათ დამუშავებული ზონის ჰიგიენა. ტუჩების დაჭიმულობის ან სხვა დისკომფორტის შემთხვევაში შეიძლება ბეპანტენის მალამოს ან სამედიცინო ვაზელინის წასმა.

*პირველ დღეებში არ არის რეკომენდებული თერმული პროცედურები – გარუჯვა, სოლარიუმი, საუნა. უნდა ვერიდოთ სიცივესაც.

*აუცილებელია საკმარისი წყლის სმა.

*თუ გართულება არ შეინიშნება, მაკიაჟის გაკეთება მეორე დღიდანვე შეიძლება, ოღონდ ისე, რომ ტუჩებს ძლიერად არ დავაწვეთ.

დოზის გადაჭარბება

– ექიმი უპირველესად, რა თქმა უნდა, კლიენტის სურვილზეა ორიენტირებული, მაგრამ გემოვნებამ და ზომიერებამ არ უნდა უღალატოს. ჩარევა არ უნდა იყოს გადაჭარბებული, რომ არ დაიკარგოს ბუნებრიობის ეფექტი. ხშირად კლიენტი თვითონვე ითხოვს ჭარბ დოზას. ამ დროს ექიმი მოვალეა, აუხსნას მას, რომ ტუჩების ზომა სახის პროპორციებს უნდა შეესაბამებოდეს, რათა არ დაირღვეს გარეგნობის ჰარმონია და სახემ არაბუნებრივი შესახედაობა არ მიიღოს.

ესთეტიკურ პრობლემებთან ერთად ფილერის ჭარბ დოზას სერიოზული  სამედიცინო გართულებების გამოწვევაც შეუძლია. მაგალითად:

* დოზის გადაჭარბებისას, რა მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს ფილერი, ჩნდება ახლომდებარე ქსოვილებში, მაგალითად, საულვაშეში ან ნიკაპში, პრეპარატის მიგრირების რისკი.

*. ჭარბმა ფილერმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის ზედმეტი დაჭიმვა, დისკომფორტი, მოძრაობის შეზღუდვა და დროთა განმავლობაში ტუჩის ელასტიკურობის დაქვეითება.

* ზედმეტი ფილერი შესაძლოა არათანაბრად განაწილდეს და გრანულების (კვანძოვანი წარმონაქმნების) ჩამოყალიბება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ჭარბმა შემავსებელმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს სისხლძარღვებზე და დაარღვიოს ქსოვილების სისხლით მომარაგება, ეს კი სერიოზული სამედიცინო გართულებაა და დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ძალიან თხელ ტუჩებთან. ამ დროს ფილერი ეტაპობრივად, მცირე დოზებით უნდა იქნეს შეყვანილი; ტუჩები ყოველი პროცედურის შემდეგ დავასვენოთ, მივცეთ კანს საშუალება, გაიწელოს და ცვლილებებს მოერგოს. ეს მეთოდი უზრუნველყოფს ბუნებრივ შედეგს და ამცირებს პრეპარატის მიგრაციის რისკს. დიდი დოზის ერთდროულად შეყვანამ კი შესაძლოა  ფილერის გადაადგილება ან სხვა გართულებები გამოიწვიოს.

– რა ხდება, როცა კლიენტს შედეგი არ მოსწონს?

– ბუნებრივი შემავსებლები იმით სჯობია სინთეტიკურს, რომ გაცილებით მარტივად და უსაფრთხოდ იშლება. მაგალითად, თუ კლიენტი შედეგით უკმაყოფილო დარჩა ან თავი იჩინა გართულებამ, შესაძლებელია ფილერის დაშლა სპეციალური პრეპარატით – ჰიალურონიდაზით. ეს ფერმენტი ანეიტრალებს ჰიალურონის მჟავას და პრაქტიკულად შეყვანისთანავე იწყებს მის დაშლას. მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერ ვიზუალურ დეფექტთან გამკლავება.

კლიენტებს ხშირად აინტერესებთ, დაკარგავს თუ არა ტუჩი ფორმას ფილერის გაწოვის შემდეგ. თუ აუგმენტაცია მაღალი ხარისხის ფილერით არის ჩატარებული, რომელსაც გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს, ტუჩი დაიბრუნებს იმავე ფორმას, როგორიც ჰქონდა პროცედურამდე ან უკეთესს შეინარჩუნებს.

მაგრამ აუცილებელი არ არის, პრეპარატის ბოლომდე გაწოვას დაელოდოთ – ფილერის დამატება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ საჭიროა, რამდენჯერმეც.

ეფექტის ხანგრძლივობა

– რამდენ ხანს გრძელდება ფილერის ეფექტი?

– საშუალოდ – 6-დან 12 თვემდე. ეფექტის ხანგრძლივობა უმეტესად ინდივიდუალურია და რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული.

ფილერის გაწოვას აჩქარებს:

  • ორგანიზმის თავისებურებები, მაგალითად, სწრაფი მეტაბოლიზმი – ახალგაზრდა სხეული ეფექტს უფრო მეტხანს ინარჩუნებს, ვიდრე ხანდაზმული;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი – მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • მზეზე ან სოლარიუმში გადაჭარბებული გარუჯვა;
  • ხშირი თერმული პროცედურები, მაგალითად, საუნა;
  • არასწორად ჩატარებული პროცედურა – თუ ფილერი  შესაბამის ფენაში არ იქნა შეყვანილი და დოზაც არასწორად განისაზღვრა, ეფექტი უფრო ხანმოკლე იქნება;
  • არასწორი მოვლა, ექიმის რეკომენდაციების დაუცველობა.

– როდის არ ტარდება პროცედურა?

– მართალია, ფილერით ტუჩების გადიდება უსაფრთხო პროცედურად მიიჩნევა, მაგრამ არსებობს გარემოებები, როდესაც მისი ჩატარება რეკომენდებული არ არის. მაგალითად:

  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • მწვავე ვირუსული ინფექცია, განსაკუთრებით – მწვავე პროცესი ტუჩის მიდამოში (მაგალითად, გამწვავებული ჰერპესი);
  • ცხელება და ნებისმიერი მიმდინარე ანთებითი პროცესი;
  • მედიკამენტური მკურნალობა, მაგალითად, ავტოიმუნური დაავადების გამო და სხვა.

პროცედურისგან თავს ვიკავებთ მაშინაც, როცა პაციენტს ტუჩებში შეყვანილი აქვს სინთეტიკური ფილერი, მაგრამ ითხოვს ჰიალურონის მჟავაზე დამზადებულის დამატებას. სხვადასხვა ტიპის ფილერების ერთმანეთში არევამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულება – ინფექცია, ანთება ან შეშუპება. იშვიათად შესაძლებელია დამატება ძალიან მცირე დოზით, მაგრამ წინასწარ ყოველთვის ფასდება მოსალოდნელი შედეგი და რისკი.

საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ გირჩევთ, გამოიყენოთ ცნობილი, სანდო ბრენდების მიერ წარმოებული შემავსებლები და ჩაიტაროთ პროცედურა მხოლოდ სპეციალიზებულ კლინიკებში, სადაც ზედმიწევნით იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს და ჰიგიენის წესებს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Share: