ტალღის ქიმზე
Share:
სერფინგი – ზღვისა და ოკეანის ზვირთებზე სპეციალური დაფით სრიალი – საქმეში ჩაუხედავ ადამიანს გართობა ჰგონია. ეს მცდარი წარმოდგენაა. სერფინგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული წყლის სპორტის სახეობაა.
ის პოლინეზიაში დაიბადა. თანამედროვე სერფინგის მამად და პოპულარიზატორად ჰავაიელი დიუკ კაჰანამოკუ მიიჩნევა.
პირველი დაფები ხისა იყო და 70 კგ-ს იწონიდა, თანამედროვეს კი პოლიურეთანის ქაფისგან ამზადებენ და სიმაგრისთვის სპეციალურ ხის ღერძს – სტრინგერს – აყოლებენ.
ამ მოხდენილი სპორტის პოპულარობის სწრაფმა ზრდამ მეტეოროლოგიის ცალკე დარგის განვითარება განაპირობა. შეიქმნა სპეციალური საიტები, სადაც დედამიწის სხვადასხვა წერტილში ტალღებისა და ქარის მიმართულების, მათი სიმძლავრისა და ხანგრძლივობის, მიქცევა-მოქცევის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. მრავალ ქვეყანაში ხელოვნური ტალღის აუზებიც კი აშენდა.
სერფინგის მოყვარულთა რაოდენობა დღითი დღე იმატებს. ის ძალზე პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ბრაზილიასა და სხვა ზღვისა თუ ოკეანისპირა ქვეყნებში.
ოკეანის ტალღებზე სრიალი მხოლოდ მომნუსხველი სანახაობა და ექსტრიმი როდია – ის ცხოვრების წესია. როგორც მისი ერთგული მიმდევრები ამბობენ, სერფინგი მანამდე იცოცხლებს, სანამ ნაპირს ეხეთქება ტალღა.
სერფერების ტერმონოლოგია
სპოტი (ინგ. spot) – სერფერების თავშეყრის ადგილი
ლონგბორდი / შორტბორდი (ინგ. longboard, shortboard) – გრძელი / მოკლე დაფა
ლაინ-აფი (ინგ. line-up) – ადგილი ნაპირზე, სადაც სერფერი სასრიალო ტალღას ელოდება
თეიქ-ოფი (ინგ. take-off) – დაფაზე დადგომა და სრიალის დაწყება
თიუბი (ინგ. tube) – ტალღა, რომელიც დაშლისას ცილინდრის ფორმას იღებს და სერფერს მასში გაძვრომა შეუძლია
ვეიფ-აუთი (ინგ. wapeout) – დაფიდან ჩამოვარდნა ან ტალღით ჩამორეცხვა
ლეფტი (ინგ. left) – მარცხენა ტალღა
რაიტი (ინგ. right) – მარჯვენა ტალღა
ეირიალი (ინგ. aerial) – წყლიდან ჰაერში ახტომა
ფადლინგი (ინგ. paddling) – ხელების ნიჩბებივით მოსმა
საჭირო აქსესუარები
ტროსი – მისი ერთი ბოლო სერფერის კოჭზე მაგრდება, მეორე კი დაფაზე, რათა ეს უკანასკნელი წყალმა არ წაიღოს.
ცვილი – კარგი მოჭიდებისთვის და ფეხის ასრიალების საწინააღმდეგოდ
დაფის ჩანთა – მისი კომფორტული ტრანსპორტირებისთვის
დაფის ფარფლები – აადვილებს წონასწორობის დაცვას, კონტროლს მოხვევისას და უზრუნველყოფს მეტ მდგრადობას
რაშგარდი – მსუბუქი მაისური, რომელიც მალე შრება და იცავს კანს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან
ყურის დამცავები – რათა ყურებში წყალი არ ჩაგივიდეთ
მზისგან დამცავი კრემი
ახლა კი შესაბამისად აღვიჭურვოთ და გადავეშვათ წყლის სტიქიაში ტალღების გასახედნად.
ბალი, ინდონეზია
სერფინგული ოდისეის პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ბალიზე ჩასვლა სწორი გადაწყვეტილებაა. კუნძული მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი სერფერებისთვისაც. აქ ყველაფერია: ქვიშიანი ფსკერი წყალქვეშა ქვებისა და მარჯნის პოლიპების გარეშე, მაღალი, მძლავრი ტალღები და გამართული ინფრასტრუქტურა, – ამიტომ მოხვდე ბალიზე და არ დადგე ბორდზე (დაფაზე), უპატიებელი შეცდომაა.
სერფინგის სკოლაში ერთი სასტარტო გაკვეთილის ფასი 65 აშშ დოლარია, მოკლე, სამგაკვეთილიანი კურსისა – 200 აშშ დოლარი. ტარდება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური გაკვეთილებიც.
ჰიკადუვა, შრი-ლანკა
თუ სერფინგის სასწავლად შრი-ლანკაზე შეაჩერებთ არჩევანს, ნამდვილად არ ინანებთ. დამრეცი ქვიშიანი ნაპირები, გამჭვირვალე წყალი, წყლის სიღრმეში მიმოფანტული რიფები, რომლებიც არავითარ დაბრკოლებასა და საფრთხეს არ უქმნიან ადამიანს, სტაბილური, სწორი სამ მეტრამდე სიმაღლის ტალღები, ინგლისურის მცოდნე სერფ-ინსტრუქტორები – ინდოეთის ტროპიკულ კუნძულზე ყველა პირობაა ტალღებზე სრიალის მოყვარულთათვის.
სასტარტო გაკვეთილის ფასი 40 აშშ დოლარიდან იწყება, 3-5-გაკვეთილიანი მოკლე კურსისა – 120 აშშ დოლარიდან.
სრიალის პროფესიონალურად შესწავლის მსურველთათვის სპეციალური სერფ-ბანაკები ფუნქციობს. აქ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ (7-20 დღე – 1000 აშშ დოლარიდან) წყალზე სრიალსა და კომფორტულ დასვენებასთან ერთად საინტერესო ექსკურსიებსაც შემოგთავაზებენ.
ავსტრალიის სანაპირო
უზარმაზარი პლაჟებით სახელგანთქმული ავსტრალია ყველა გემოვნების სერფერთა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თავის ტალღას აქ ყველა იპოვის – ახალბედაც და პროფესიონალიც.
ავსტრალიური ტალღა, კენგურუსა და კოალასთან ერთად, დიდი ხანია, ქვეყნის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. სერფინგის ხელოვნებას აქაური ბავშვები სკოლის მერხიდან ეუფლებიან.
სასრიალო ადგილს თქვენი სტილისა და გამოცდილების მიხედვით შეარჩევთ – საქვეყნოდ ცნობილი საკულტო წერტილებით დაწყებული (Bells Beach, Margaret River), მყუდრო სპოტებით დამთავრებული (Manly Beach, Bondy Beach).
ფლორიანოპოლისი, ბრაზილია
ფლორიანოპოლისი ბრაზილიის ყველაზე ცნობილი კურორტია. ის არაერთხელ დასახელებულა ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ქალაქად. სანაპიროზე 42 პლაჟია. სუბტროპიკული კლიმატითა და გამართული ინფრასტრუქტურით ის მრავალ ტურისტსა და წყლის სპორტის მოყვარულს იზიდავს. სპორტი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სერფინგის მოყვარულთა რეიტინგში ფლორიანოპოლისი რიგით მეორე ქალაქია რიო-დე-ჟანეიროს შემდეგ. აქ სამხრეთი ატლანტიკიდან და ანტარქტიკიდან მომავალი ყველაზე მაღალი ტალღები იყრის თავს. სერფინგის სეზონი მარტის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდეა. ერთი გაკვეთილის ფასი 25 აშშ დოლარიდან იწყება.
ჰავაი, ამერიკის შეერთებული შტატები
ჰავაი წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ვულკანური კუნძულია. იდეალური ტალღებისა და ულამაზესი პლაჟების გამო ის სერფერთა საკულტო ადგილად მიიჩნევა. ადგილობრივები სერფინგს სამეფო სპორტს უწოდებდნენ და სწამდათ, რომ მონარქის ძალაუფლება არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ სტიქიაზეც ვრცელდებოდა.
ახალბედები სრიალს ჭაიკიკი Bეაცჰ-სა და Fრეყგჰტს Bაყ-ზე ამჯობინებენ, ხოლო გამოცდილი რეიდერები ცნობილ Pიპელინე-ს მიაშურებენ, რომელიც მილის ფორმის მძლავრი ტალღებით არის ცნობილი, გამოცდილი და ექსტრიმის მოყვარული სერფერების არჩევანი კი ჟაწს-ია თავისი გიგანტური და არაპროგნოზირებადი ზვირთებით.
კეიპტაუნი, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა
ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებს შორის მდებარე კეიპტაუნის სანაპირო ზოლი, შეიძლება ითქვას, სუნთქავს სერფინგით. აქ ყველაფერი ამ სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება – სერფ-სკოლები, შეჯიბრებები, თემატური ბარები და ნაირ-ნაირი ღონისძიება.
ერთი გაკვეთილის ფასი დამწყებთათვის 35 აშშ დოლარია. ამ ფასში შედის საცურაო კოსტუმიც და დაფაც.
ახალბედებისთვის საუკეთესო პლაჟად მუიზენბერგი მიიჩნევა. აქ სწორი ქვიშიანი სანაპირო და გამჭვირვალე წყალია. ქარიც ზომიერი იცის.
კლასიკური სერფინგის მიმდევრებთან ერთად, კეიპტაუნში ვინდსერფინგის (იალქნიანი ფიცრით ცურვა) მოყვარულიც ბევრია.
აგადირი, მაროკო
აგადირი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, მაროკოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს. სასიამოვნო ჰავა და სტაბილური ტალღები ზამთარში აქ უამრავ ევროპელ ტურისტს იზიდავს, რადგან ევროპიდან მაროკო უფრო ახლოსაა, ვიდრე აზიური და ამერიკული სერფ-სპოტები.
დამწყებთათვის აქ ბევრი სერფ-სკოლა და ბანაკია. ბანაკში ერთკვირიანი სწავლების ფასი, რომელშიც ტრანსფერი, კვება და ექსკურსიებიც შედის, 420 ევროა, ხოლო ერთი გაკვეთილისა – 60 ევრო.
გამოცდილი სერფერები მძლავრ და სწრაფ ტალღებთან შესარკინებლად ლეგენდარულ სერფ-სპოტებზე – Aნცჰორ Pოინტ-სა და KილლერPოინტ-ზე იყრიან თავს.
მათ, ვისაც არ უყვარს სიცხე, აგადირში გამგზავრებას ზამთარში ვურჩევთ, როცა ჰაერის ტემპერატურა – 21-23, ხოლო წყლისა 18-19 გრადუსია.
კოსტა-რიკა
“მდიდარი ნაპირი” – სწორედ ასე ითარგმნება ქვეყნის სახელწოდება ესპანურიდან – კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეს შორის მდებარეობს. თბილი წყალქვეშა დინებების, მრავალფეროვანი ზვირთებისა და რბილი ჰავის დამსახურებით კოსტა-რიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს სერფინგის მოყვარულებში.
თამარინდო-სა და Pლაყა შამარა-ს სერფ-სპოტებზე არაერთ სერფერს აუდგამს ფეხი. შანტა თერესა და Pავონეს-ი კი მსოფლიოში ყველაზე გრძელი მარცხენამხრივი ტალღების ადგილებად არის ცნობილი და დედამიწის ყველა კუთხიდან იზიდავს გამოცდილ რეიდერებს.
დაფას დღეში 10 აშშ დოლარად იქირავებთ, ერთსაათიანი ინდივიდუალური გაკვეთილების ფასი კი 30 აშშ დოლარიდან იწყება.
სად წავიდეთ სასერფინგოდ ევროპაში
პორტუგალია
ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ეს ქვეყანა სერფინგის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა. დასავლეთიდან და სამხრეთიდან მას ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. სანაპირო ზოლზე უამრავი სერფ-წერტილია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული და ახალბედა სერფერებისთვის.
Amado-სა და Foz do Lizandro-ს ზომიერი ტალღებით დაწყებული და მძლავრი და სწრაფზვირთებიანი Nაზარე-თი დამთავრებული, პორტუგალიური სპოტები დაუვიწყარ, ადრენალინით გაჯერებულ სერფინგს გპირდებათ. სწორედ Nazare-შია დაფიქსირებული მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტალღები.
ესპანეთი
გალისია, ასტურია და ბასკეთი სექტემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე ამ სპორტის უამრავ მოყვარულს მასპინძლობენ. ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლზე უამრავი თანამედროვე და კომფორტული სერფ-წერტილია განლაგებული.
ახალბედები კანტაბრიასა და ტენერიფეს, Somo-სა და Playa de las Americas-ს მიაშურებენ, ხოლო მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები ბასკეთის Mundaka-ს სტუმრობენ ან ასტურიის El Quemao-ს, რომელიც, ჰავაის ანალოგიით, ევროპულ ფაიფლაინად არის ცნობილი.
საფრანგეთი
ლაჟვარდოვანი ნაპირის გარდა, ქვეყანას ატლანტის ოკეანესთანაც აქვს სანაპირო ზოლი. ბისკაიის ყურეში სერფინგის საერთაშორისო შეჯიბრების დაწყებითი ეტაპებიც კი იმართება. ინფრასტრუქტურაც შესაბამისად არის განვითარებული.
დამწყებთათვის შესაფერისია ბიარიცში მდებარე Plage de la Cote des Basques, ხოლო გამოცდილი სერფერებისთვის – Hossegor-ი ლა გრავიერში, სადაც ძლიერი მილისებრი ზვირთებია.
სეზონი – აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით.
სერფინგი უოკეანოდ
ხელოვნური ტალღის აუზი City Wave პირველად პრაგმატულმა გერმანელებმა დაამონტაჟეს ქალაქ ოსნაბრიუკის ჰიპერმოლში. იდეამ გაამართლა. რა თქმა უნდა, მოხერხებულია, როცა სასრიალო ტალღის საძებენელად შორი გზის გავლა არ გიწევს და იქვე, ქალაქის ცენტრში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია შემოახტე ბორდს. მოსამზადებლადაც საკმარისი დრო გაქვს და რისკიც მინიმალურია.
1934 წელს ლონდონში გაიხსნა უემბლის აუზი, 1966-ში კი ტოკიოს Summerland Wavepool-ში პირველად გამოიყენეს ქლორირებული წყალი. სამი წლის შემდეგ არიზონაში გაიხსნა უზარმაზარი Big Surf-ი. ამ აუზში ხელოვნური ტალღების სიგრძე 150 მეტრს აღემატებოდა.
თანამედროვე ტექნოლოგიები ამ მიმართულებით ისე განვითარდა, რომ სურვილის შემთხვევაში სერფინგს საკუთარ აგარაკზეც კი მოიწყობ, მთავარია, დაფაზე მტკიცედ დგომა შეგეძლოს. გარემოც უსაფრთხოა და ტალღებიც რეგულირებადი. დედაბუნების ჭირვეულობისგანაც დაზღვეული ხარ.
მაგრამ - იმედია, დამეთანხმებით - უკიდეგანო სტიქიაში შობილი ტალღა სულ სხვაა! ოკეანის პირას, ლაინ-აფთან, მის მოლოდინში შეიძლება ბევრი დრო გავიდეს, მაგრამ ლოდინი ამად ღირს! ვერაფერი შეედრება აზვირთებული ტალღის ქიმზე განცდილ ემოციებს! ცხოვრებაშიც ასე არ არის? – ყველას გვაქვს მიზანი, ამ მიზნამდე მიმავალი გზა კი, როგორც წესი, ჭიანურდება ხოლმე. ამიტომაც მოგვდის თავში არჩეული გზიდან გადახვევაზე ფიქრი…
გახსოვდეს, იმარჯვებს ის, ვინც მეტად მიზანსწრაფული და შეუპოვარია, ვინც საჭირო დროს სიმშვიდესა და მოთმინების უნარს ავლენს.
ცხოვრება ხომ ზღვაა, რომელიც უნდა გადაცურო.
იპოვე შენი ტალღა და გამარჯვებაც არ დააყოვნებს!
ირაკლი კარტოზია







