პიკნიკი: გზამკვლევი მშობლებისთვის

Share:

კარგად დაგეგმილი პიკნიკი არაჩვეულებრივი თავგადასავალია, თუმცა მშობლებისთვის ის მხოლოდ გართობა არ არის: მოსამზადებელია საკვები, აღჭურვილობა, სათამაშოები და ტანსაცმელი, თანაც სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის – სხვადასხვა.

გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დრო, ადგილი და სხვა დეტალები, რათა პიკნიკი ოჯახის თითოეული წევრისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცეს.

რამდენ ხანს შეიძლება ბავშვის გარეთ ყოფნა?

* სუფთა ჰაერი ყველა ბავშვისთვის აუცილებელია. ახალშობილის გარეთ გაყვანა სამშობიაროდან გაწერის დღესვე შეიძლება, მაგრამ რამდენი ხნით – უმჯობესია, თქვენს პედიატრს ჰკითხოთ. ის, ამინდის, ბავშვის საერთო მდგომარეობის და სხვა პირობების გათვალისწინებით, დაწვრილებით რჩევებს მოგცემთ.

* რაც მეტ დროს გაატარებენ სუფთა ჰაერზე სკოლამდელი ასაკის პატარები, მით უკეთესი. მთავარია, ქარსა და თაკარა მზეს მოარიდოთ, ამასთან, ხშირად ასვათ წყალი, რათა ორგანიზმი არ გამოუშრეთ.

როგორია იდეალური ადგილი პიკნიკისთვის?

* ჩრდილიანი

გადახურება ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის სახიფათოა, განსაკუთრებით კი ჩვილებისთვის, ამიტომ ადგილი, სადაც პიკნიკს მოაწყობთ, ნაწილობრივ ჩრდილიანი უნდა იყოს. თუ ბუნებრივი ჩრდილი ვერ იპოვეთ, აარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც ქოლგის ან კარვის გაშლას შეძლებთ.

* ბალახიანი ან რბილმიწიანი

უპირატესობა მიანიჭეთ ბალახით დაფარულ ან რბილმიწიან ადგილს, რომ ბავშვმა თავის ნებაზე ირბინოს. ქვიანი ნიადაგი არც ბავშვისთვის იქნება უსაფრთხო და არც უფროსებისთვის კომფორტული.

* უსაფრთხო

აირჩიეთ ადგილი გზატკეცილისგან, მდინარისა და ღრმა ტბისგან მოშორებით. თუ მაინც წყლის პირას დააპირებთ პიკნიკის მოწყობას, გაითვალისწინეთ, რომ ყურადღების გაასმაგება მოგიწევთ.

* მანქანის გასაჩერებლად მოხერხებული

თუ ბავშვებთან ერთად მთელი დღით მიდიხართ პიკნიკზე, ბევრი რამის წაღება მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ, მანქანა საპიკნიკე ადგილთან ახლოს გააჩეროთ, რომ ბარგის შორს ტარება არ მოგიწიოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შესაძლოა, დაღლილ პატარებს ჩაეძინოთ და ბარგთან ერთად ისინიც ხელით გაგიხდეთ მანქანამდე მისაყვანი.

* მწერებისა და ქვეწარმავლებისგან თავისუფალი

ერიდეთ მაღალი ბალახით დაფარულ ადგილებს – ასეთ ადგილებში ხშირად ბინადრობენ ქვეწარმავლები და ტკიპები, ტბის შემოგარენში კი მრავლად არიან კოღოები, რომლებიც საღამოობით განსაკუთრებით აქტიურდებიან.

რა წავიღოთ თან?

ჰიგიენისთვის:

  • სველი ხელსახოცები, ორ წლამდე ასაკის პატარებისთვის – უსპირტო, ცოტა დიდებისთვის კი ანტიბაქტერიულის გამოყენებაც შეიძლება;
  • ანტისეპტიკური ხსნარი, განსაკუთრებით იქ, სადაც სუფთა წყალი ხელმისაწვდომი არ არის;
  • მშრალი ხელსახოცები;
  • ჩვილებისა და მცირეწლოვნებისთვის – საფენები და საფენის გამოსაცვლელი სპეციალური საგები;
  • სანაგვე პარკები.

საჭმელი და სასუსნავი

ჩვილებისთვის:

* თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზე გყავთ, საკვები ისედაც თან გექნებათ. თუ გამოწველილი რძის მიცემას აპირებთ, თან წაიღეთ სტერილური ბოთლები, საწველი, ხელსახოცები. ძალიან გამოგადგებათ მეძუძური დედის ბალიშიც. გამოწველილი რძე არ დადგათ მზის გულზე. დაიცავით დროის შუალედი, რომ არ გაგიფუჭდეთ.

* თუ პატარა ხელოვნურ კვებაზეა, წაიყოლეთ ნარევი და სტერილური ბოთლები. ბალიში ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ.

მცირეწლოვნებისთვის:

* პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხილი, დამარცვლული ყურძენი, მოცვი;

* გალეტები, პატარა სენდვიჩები ან ყველის ჩხირები;

* იოგურტი პატარა პაკეტებით (იდეალურ შემთხვევაში - თერმული კონტეინერით ან ჩანთით).

სკოლამდელებისთვის:

* სახალისო ფორმებად დაჭრილი სენდვიჩები;

* ნებისმიერი ხილი;

* დაჭრილი ბოსტნეული (შეიძლება სოუსის წაღებაც კონტეინერით).

ერიდეთ ისეთ საკვებს, რომელიც სიცხეში სწრაფად ფუჭდება, მაგალითად, მაიონეზიან სალათებს.

გართობისა და დასვენებისთვის

* რბილი პლედი წამოსაწოლად;

* ჩვილებისთვის – ჩხრიალები და რბილი ბრჭყვიალა საგნები ვიზუალური სტიმულაციისთვის;

* მცირეწლოვნებისთვის – ბურთები, ბუშტები, სათლი და ნიჩბები ქვიშაში სათამაშოდ;

* სკოლამდელებისთვის – ფრისბი, ბუმერანგი, ბურთი, სკუტერი, ველოსიპედი, ბადმინტონი, ფაზლი.

პირველი დახმარებისთვის

* პლასტირები (მცირე ჭრილობებზე დასაკრავად);

* ანტისეპტიკური ხელსახოცები ან ანტისეპტიკური სითხე და ბამბის დისკოები (გაჭრილი და გაღიზიანებული კანის გასაწმენდად);

* ცივი კომპრესი (დაჟეჟილობაზე დასადებად);

* პინცეტი (ხიჭვის ამოსაღებად);

* ანტიჰისტამინური საცხი (მწერის ნაკბენზე წასასმელად);

* ელექტროლიტების ფხვნილი (კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებისა და გაუწყლოების საწინააღმდეგოდ);

* ძლიერი ანტიჰისტამინი (ალერგიული რეაქციის შემთხვევაში მისაცემად).

უსაფრთხოების ზომები

* თუ წყალთან ახლოს იმყოფებით, ერთი წამითაც არ მოადუნოთ ყურადღება, ბავშვი განუწყვეტლივ თვალთახედვის არეში გყავდეთ.

* თან იქონიეთ მშრალი ტანსაცმელი და პირსახოცი.

* წაუსვით ბავშვებს მზისგან დამცავი საცხი (მცირეწლოვნებისთვის რეკომენდებულია შPF 30+, ახალშობილებისა და ჩვილებისთვის – ასაკის შესაფერისი).

* დაახურეთ ფართოფარფლებიანი ქუდი, ჩააცვით ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ტანსაცმელი.

* მოერიდეთ მზეს პიკის საათებში (10:00-დან 16:00-მდე).

* წაუსვით ბავშვებს ასაკის შესაფერისი რეპელენტები (მწერების საწინააღმდეგო საშუალებები).

* ჩვილის ეტლს`კალათას გადააფარეთ მწერების საწინააღმდეგო ბადე.

ლიკა ქათამაძე

Share: